ძებნის რეზულტატი:
კორონავირუსის გამო, საფრანგეთში კვლავ ,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა
კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთში კვლავ ,,კომენდანტის საათი" ამოქმედდა. BBC-ის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საფრანგეთში გადაადგილების შეზღუდვა უკვე მესამედ ამოქმედდა. გადაადგილება საღამოს 19:00-დან დილის 06:00 საათამდე აკრძალული იქნება. ამასთანავე, დაიხურა სკოლები და მაღაზიები. გარდა ,,კომენდანტის საათის" დროს მოქმედი აკრძალვისა, მოსახლეობას სპეციალური საშვი დასჭირდება იმ შემთხვევისთვის, თუ 10 კილომეტრზე დიდ მანძილზე გადაადგილდება. საფრანგეთში კორონავირუსი უკვე 4.74 მილიონ ადამიანს დაუდგინდა, 96 000 მეტი ინფიცირებული ვირუსს ემსხვერპლა.
ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს
გამოცემა Therecord-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვდა საქართველოდან 95 193-ზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემებიც. როგორც ცნობილია, საქმე ეხება 106 ქვეყნის მოქალაქეებს. მათ შორის არის აშშ-ის 32 მილიონი მოქალაქის, ასევე 11 მილიონი ბრიტანელი მომხმარებლისა და ინდოეთის ექვსი მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები. Facebook-ში აცხადებენ, რომ ჰაკერებმა ეს ინფორმაცია სავარაუდოდ ორი წლის წინ მოიპარეს, როდესაც სოციალურ ქსელში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აღმოაჩინეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ აქტიური წვლილის შეტანას NATO საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე შვიდ ათეულზე მეტი წლის განმავლობაში. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს აქტიურ საქმიანობას, რათა დაამტკიცოს, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრობა მტკიცედ აქვს განსაზღვრული. „1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია – ნატო. ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია. ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა – საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი – ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული. ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე – „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა. დღეს საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატო-ში დაწინაურების დრო დადგა. ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატო-საც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“,- წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 464 ადამიანს დაუდასტურდა. 454 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 649 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 002 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 647 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 464 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 283 833-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.97 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.01 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 454 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 274 599-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 811 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 464 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 57, იმერეთი - 28, ქვემო ქართლი - 16, შიდა ქართლი - 23, გურია - 28, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 49, კახეთი - 7, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 397, საიდანაც: 1 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 853, აჭარაში - 266, იმერეთში - 306. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 342 პირი, მათ შორის, თბილისში - 147, აჭარაში - 37, იმერეთში -80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 73 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 231 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 141 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 344 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 243 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 109, ხოლო აჭარაში - 13.სულ 6 ოქტომბრიდან - 3 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 979 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 110 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 098 პირი, აჭარაში - 1 182, იმერეთში - 1 000.
რიონის ხეობაში სპეცრაზმი და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული
სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფები რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში არიან მობილიზებული. დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი. მოქალაქეები ადგილზე უკვე იკრიბებიან, მათ ნაწილს ფეხით უწევს გადაადგილება. ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია და სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ. შეგახსენებთ, ჰესის მოწინააღმდეგეები გუშინ ღამით პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება
დღეს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყანაში დილიდან გაიხსნება 12 000 უბანი, რომელზე ხმის მიცემის უფლებაც 6.7 მილიონ მოქალაქეს აქვს. საპარლამენტო არჩევნებში სულ 6 985 კანდიდატია ჩართული - 22 პოლიტიკური პარტია, 8 კოალიცია და რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი. წინასწარი პროგნოზებით, ხმათა უმრავლესობას მმართველი კოალიცია მიიღებს. გამოკითხვებით, პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ და მათი პარტნიორი „დემოკრატიულ ძალთა კავშირი“ ხმების 28%-ს მიიღებენ, ხოლო მათი მთავარი კონკურენტი „სოციალისტები“ – 20%-ს. რეიტინგში მესამე ადგილზეა პარტია „არსებობს ასეთი ხალხი“ და მოძრაობა „უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“, რომელთაც ამომრჩეველთა 13 ემხრობა. როგორც ვარაუდობენ, არჩევნებში ერთი პარტია დამოუკიდებლად მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმებს ვერ მიიღებს და აუცილებელი იქნება კოალიციური მთავრობის ფორმირება. საპარლამენტო არჩევნების პირველი წინასწარი შედეგები საღამოს გახდება ცნობილი.
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს
კათოლიკე ეკლესია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება საქართველოში მოქმედ ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარდება. „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მთავრობა კათოლიკურ ეკლესიას, მრევლს და სრულიად საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო თვითონ ვატიკანშიც მისი უწმინდესობა რომის პაპიც ვერ ასრულებს, ისე როგორც საჭიროა და აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველო შეზღუდულები ვართ ასეთ ღონისძიებებში. იმედია, პანდემიას მალე დავამარცხებთ და მომავალ წელს ჩვეულებრივად აღინიშნება რელიგიური დღესასწაულები. რელიგიის სააგენტო მრევლზე ზრუნავს და ცდილობს მათ ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციოს“, -განაცხადა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ანალიტიკოსმა ზვიად ტყაბლაძემ. კათოლიკური აღდგომის დღესასწაული მრევლს წინამძღვარმაც მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. „დღეს კათოლიკური ეკლესია აღდგომას აღნიშნავს, ესაა წელიწადის განმავლობაში ყველაზე დიდი დღესასწაული. აღვნიშნავთ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ჩვენთვის იტანჯა, მოკვდა, დაიმარხა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა, ეს ის დღეა, როცა ქრისტემ სიკვდილი დაამარცხა. ყველა ქრისტიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რადგან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით გზა გაგვეხსნა ცათა სასუფევლისკენ. მინდა მივულოცო ყველა კათოლიკეს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს. გისურვებთ ყველას, გამოგეცადოთ აღმდგარი ქრისტეს ძალა“, – განაცხადა თბილისის კათოლიკური საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა მამა ზურაბ კაკაჩიშვილმა.
რომის პაპი: პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს
რომის პაპმა აღდგომის დღესასწაულის წინ გამართული ღვთისმსახურების დროს იმედი გამოთქვა, რომ „პანდემიის ბნელი დრო დასრულდება და ხალხი ყოველდღიურ ცხოვრების მადლს კვლავ აღმოაჩენს“. მან მოუწოდა მორწმუნეებს, იზრუნონ იმ ადამიანებზე, ვისაც დღეს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. „პანდემიის ამ ბნელ თვეებში მოდით, მოვუსმინოთ ღმერთს, რომელიც ყველაფრის თავიდან დაწყებას გვთავაზობს და მოგვიწოდებს, არასდროს დავკარგოთ იმედი“, – განაცხადა ქადაგების დროს პაპმა ფრანცისკემ. კათოლიკურმა აღდგომამ ვატიკანში პრაქტიკულად მრევლის გარეშე ჩაიარა. წმინდა პეტრეს ტაძარში მორწმუნეებისთვის განკუთვნილი სავარძლები ცარიელი იყო. ღვთისმსახურებას მხოლოდ სასულიერო პირები ესწრებოდნენ. პონტიფიკოსის ქადაგება შედარებით ადრე დაიწყო, რათა მოქალაქეებს რომში მოქმედი კომენდანტის საათი არ დაერღვიათ.
სახალხო დამცველი ,,ნამახვანჰესის" აქციაზე: მოვუწოდებთ შსს-ს, არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში
სახალხო დამცველი „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებს, რომ არ ჩაერიოს შეკრების მონაწილეთა კონსტიტუციური უფლების რეალიზებაში . როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ობმუდსმენი მოუწოდებს უწყებას თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე. „გუშინ, 3 აპრილს რიონის ხეობაში კომპანიის წარმომადგნელებმა, მობილიზებული საპოლიციო ძალების თანხლებით, განაახლეს „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. პოლიციამ საპროტესტო ადგილამდე მისასვლელი გზა ორივე მხრიდან გადაკეტა, რის გამოც შეუძლებელი გახდა აქციას სხვა მხარდამჭერები შეერთებოდნენ. ამასთან, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობაში აღიმართა საკომუნიკაციო სიგნალების ჩამხშობი აპარატურა, რაც ხელს უშლიდა ინფორმაციის დროულად მიღებას ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. დააკავეს აქციის 2 მონაწილე, ხოლო ის პირები, რომლებმაც ვერ მოახერხეს აქციას შეერთებოდნენ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საფუძვლით 2000-2000 ლარით დააჯარიმეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადაადგილების შეზღუდვით მოქალაქეებს პრაქტიკულად ჩამოერთვათ შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია დასაბუთებული ინფორმაცია იმ რეალური და მყისიერი საფრთხეების შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც ხდებოდა უფლებაში ჩარევა. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც წინასწარ გაცხადებული იყო მშვიდობიანი შეკრების ჩატარების შესახებ და მისი მონაწილეები არ აჟღერებდნენ ძალადობრივ ზრახვებს. ასევე შეკრების თავისუფლებაში ჩარევად უნდა შეფასდეს ამ პირების დაჯარიმება, რომელთა შეკრების და ადგილზე დარჩენის მიზანს აქციასთან შეერთება წარმოადგენდა და მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ მოახერხეს სასურველ ტერიტორიაზე შესვლა. აღნიშნული ქმნის ეჭვებს პანდემიის გავრცელების აღკვეთის მიზნით დაწესებული შეზღუდვის მოქალაქეთა პროტესტის საწინააღმდეგოდ გამოყენების შესახებ, რაც მიუღებელ პრაქტიკას წარმოადგენს. ასევე, სიგნალის ჩამხშობი აპარატის გამოყენება გახდა გამოხატვისა და ინფორმაციის გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორი და ამ გზით მოხდა ხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გზა კვლავ გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და დგას წყლის ჭავლის მანქანა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი დღესაც დააკვირდება დაანონსებული აქციის მიმდინარეობას. აპარატი აგრძელებს საკითხის შესწავლას. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან, უზრუნველყოს გადაადგილების აღდგენა სოფელ ნამახვანის მიმართულებით, არ გამოიყენოს სიგნალის ჩამხშობი აპარატურა ან სხვა საშუალებები, რაც ხელს შეუშლის მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე მოვლენების თაობაზე, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები აწარმოოს აქციების მონაწილეებთან და არ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, კონსენსუსის მიღწევამდე წარმართონ საჯარო, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული დიალოგი, მათ შორის, მედიასაშუალებებში, ადგილობრივ მცხოვრებლებთან, პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. საქართველოს მთავრობას, კონსენსუსის მიღწევამდე უზრუნველყოს მიმდინარე სამშენებლო/მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება“,- აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფები რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში არიან მობილიზებული. დღეს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქცია აქვთ დაგეგმილი.
ამირან გამყრელიძე: შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში ე.წ. კლასტერული გავრცელებაა დაწყებული. კლასტერები გამოკვეთილია სამეგრელოში, გურიაში, შიდა ქართლში. ,,დაიწყო ე.წ კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში,"- განაცხადა გამყრელიძემ.
მიტროპოლიტმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას წაიკითხა ბრძანება, რომლის მიხედვითაც მან რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება აუკრძალა. „ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას ( იბრაგიმოვი ), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს მისთვის მღვედმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე“,- განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანე კალიჯიშვილმა.
გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარავი გაშალეს
გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნა ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ.კომენდანტის საათის დროს დარჩნენ. ადგილზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ რაოდენობის ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ. მისი თქმით, როგორც კი საფრთხე მოიხსნება, გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება. ადგილზე, მოქალაქეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, იქვე არის სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გამოეხმაურა კომპანიის მიმართვას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და შეისწავლიან პროცესს, რის შემდეგაც ანგარიში გამოქვეყნდება.
ენტონი ბლინკენი NATO-ზე: ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის
ამერიკის შერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ NATO-ს როლი ფასდაუდებელია. ,,72 წელია კვლავაც ძლიერია. ფასდაუდებელია ალიანსი, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოსა და წარმატებულს ხდის. ბედნიერ იუბილეს გისურვებთ", - წერს ბლინკენი Tweeter-ზე.
აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთთან კლიმატის ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად თანამშრომლობას შეძლებს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში ჯონ კერი იმედოვნებს, რომ კლიმატის ცვლილების საკითხის მოსაგვარებლად ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ,,ჩვენი იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ჩინეთთან ამ საკითხის გამკლავებას ”, - განუცხადა კერიმ ჟურნალისტებს არაბთა გაერთიანებული საემიროებში ვიზიტის დროს. კერი მონაწილეობას მიიღებს შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კლიმატის დიალოგში, რომელსაც აბუ დაბიში უმასპინძლებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განაცხადეს, რომ დიალოგი ფოკუსირებული იქნება ეროვნულ და რეგიონალურ მზადებაზე, გაეროს კლიმატის სამიტის წინ, რომელიც ნოემბერში გლაზგოში ჩატარდება. კერიმ თქვა, რომ ნოემბრის კონფერენციის წინ ქვეყნები განიხილავენ თუ როგორ უნდა შეამცირონ ქვანახშირის დამოკიდებულება. ჩინეთმა პირობა დადო, რომ 2060 წლისთვის ნახშირბადი ნეიტრალური გახდება, ხოლო 22 აპრილს გლობალური კლიმატის სამიტზე აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გამოაცხადებს ემისიების შემცირების ახალ მიზანს.
შსს ,,ნამახვანჰესის" აქციაზე: მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნამახვანჰესთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე მეორე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულნი. მათივე ცნობით, ადგილზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ინფრასტრუქტურაც. „კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა. რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, უზრუნველყოფს, თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ჰაკერებმა Facebook-ის მომხმარებლებთან ერთად, მარკ ცუკენბერგის პირადი მონაცემებიც გაასაჯაროვეს
The Sun-ის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკენბერგი მოხვდა იმ 500 მილიონზე მეტ ადამიანში, რომლის პირადი მონაცემები ჰაკერებმა გაასაჯაროვეს. ბრიტანული გამოცემის ცნობით, პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი, ჰაკერების ფორუმზე 106 ქვეყნიდან 533 მილიონი ადამიანის პირადი მონაცემები გაასაჯაროვეს - მათ შორის არიან ქართველი მომხმარებლებიც. ცნობისთვის, დღეს ჰაკერებმა Facebook-ის 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპარეს და ინტერნეტში გაავრცელეს.
,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი"
სვიმონ ჯანგულაშვილის სიტყვა, მთაწმინდაზე, დიდ ანზორ ერქომაიშვილის დაკრძალვაზე წარმოთქმული: ,,ჩვენ ვიმყოფებით საკრალურ ადგილზე. სვეტიცხოველთან, დიდგორთან, გელათთან, ჭყონდიდთან თუ ოშკთან ერთად, ეს ერთერთი ყველაზე წმინდა ადგილია საქართველოში და დედამიწაზე. და ამ ადგილის მნიშვნელობა ჩვენი ეროვნული თვითშეგნებისათვის, ჩვენი კულტურისათვის, განუზომლად გაზარდა ღვთაებრივმა ილია მართალმა, როდესაც ეს ადგილი აირჩია ეროვნულ პანთეონად და აქ დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი დაკრძალა. და აი, აქ, ამ ადგილზე, სადაც განისვენებენ დიდი ილია, ვაჟა, გალაკტიონი, აკაკი, სხვა დიდი მამულიშვილნი, ჩვენ დღეს ამოვიყვანეთ ადამიანი, რომელსაც დღეს ყველანი ვუწოდებთ და ათწლეულების წინ საქართველოს ტანჯულმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ უწოდა ქართული მუსიკის ექვთიმე თაყაიშვილი... და დღეს ექვთიმე თაყაიშვილთან და ამ დიდ მამულიშვილებთან ჩვენ ამოვიყვანეთ ბატონი ანზორი. ეს საღვთო განგებულებაა და ეს ქართველი ერის ნებაა! მთელი საქართველო ერთსულოვანია ამ გადაწყვეტილებაში! და თავისი სიკვიდილითაც მან, ჩვენმა დიდმა მასწავლებელმა, გენიალურმა მუსიკოსმა, ეპოქალურმა მოღვაწემ, თავისი სიკვიდილითაც მან მარადისობის თანაზიარნი გაგვხადა, რადგანაც, დიახაც, ეს წამები, ეს წუთები, არის მარადისობასთან შეხვედრა - ქართველ მოღვაწეთა, მსოფლიო მნიშვნელობის მოღვაწეთა დიდ თანავარსკვლავედს უერთდება დიდი მუსიკოსი, მუშაკი, არაერთი თაობის აღმზრდელი და მის, საქართველოსთვის დაღლილ და მაინც დაუღლელ სხეულს ჩვენ ვაბარებთ ამ წმინდა მიწას. მის ღვაწლზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება და არც არის ეხლა საჭირო დაწვრილებით მოყოლა და თქმა, თუ ვინ იყო იგი, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვათ, რომ ანზორ ერქომაიშვილმა ჩვენ, ქართველებს დაგვიბრუნა ჩვენი ეროვნული მუსიკალური იდენტობა - ქართველთა სიმრავლეს მთელ ერს! ის, რასაც ჩვენ განვიცდით ამ ღვთიური ჰანგების სმენისას, ის რასაც ჩვენ ვგრძნობთ, თუნდაც უბრალოდ სიტყვების - "ჩაკრულო", "ხასანბეგურა", "შენ ხარ ვენახი" ან "წინწყარო" გახსენებისას, აი ეს გრძნობა სწორედ ანზორ ერქომაიშვილის დამსახურებაა. მან, როგორც იაკობ გოგებაშვილის იმ საოცარ თხზულებაშია, მან თითქოს გაგვახსენა ჩვენი იავნანა, მან დაგვაბრუნა ზეციურ მშობელთან, მან დაგვაბრუნა ღვთაებრივთან, მან დაგვაბრუნა მარადიულ მუსიკასთან! და ამ მარადიული ჰარმონიით, ამ მარადიული მშვენიერებით, აბსოლუტური მშვენიერებით, რასაც ქრისტიანულად, რელიგიურად ღმერთს ვუწოდებთ, იყო ანთებული და გაჟღენთილი მისი ყველა სიტყვა, მისი ყველა საქმე, მისი პიროვნება, მისი სახე, მისი ღიმილი... საოცარი სითბოთი და სიკეთით აღსავსე მისი ღიმილი... და ჩვენ გვაქვს დიდი ტკივილი, იმიტომ, რომ ამ ღიმილს ვეღარასდროს ვეღარ ვნახავთ. ჩვენ გვაქვს დიდი გლოვა, იმიტომ, რომ ვგრძნობთ, რომ მას კიდევ შეეძლო, რომ არა ეს ვერაგი სენი, კიდევ ბევრი დიდი საქმე ეკეთებინა. მაგრამ საღვთო განგებულება იყო ასეთი, ღმერთმა ასე ინება, რომ დღეს ჩვენგან წაეყვანა ეს დიდი ადამიანი. ჩვენ ტკივილით აღსავე გული გგაქვს, მაგრამ ეს ტკივილი ჩვენთან დარჩება და ჩვენთან ერთად წავა მარადისობაში ასევე. ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი. ის არაფერს არ აკეთებდა მხოლოდ იმ წუთისთვის ან მხოლოდ რაღაცა ვიწრო მიზნებისთვის. მისი ყველა საქმე დაუსრულებლობაზე, მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი "რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომლზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! და ჩვენ ამას ყველანი ვგრძნობდით. - ის ყველას გვაჩვენებდა სიყვარულს, ვინც ვიცნობდით და ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონდა, და მთელი საქართველო, მთელი დედამიწა მას იცნობდა თავისი მუსიკალური შემოქმედებით. ჩვენ ყველანი ვგრძნობდით, რომ მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა, რასაც მისგან ვიღებდით და ადამიანობისა, ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. ის, დროთა მიღმიდან მოსული ქართულ ჰარმონიასავით, ქართულ მუსიკასავით, დროთა სიღრმიდან, დროთა მიღმა რეალობიდან ჩვენთან მოსული ღმერთის შვილი იყო, რომელიც ღმერთმა თავისთან წაიყვანა და მისი საქმეები და მისი მარადისობა დაგვიტოვა. და დღეს, აი ამ მარადიული წამის წინაშე მდგარნი, ამ ისტორიული წამის წინაშე მდგარნი, როდესაც ილიასთან, ექვთიმესთან და სხვებთან დარჩება მისი ნეშტი, ამ სევდით აღვსილებს და ამ დარდით აღვსილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მომავლის ქართველები, როდესაც აქ ამოვლენ, ისინი დაინახავენ რომ ქართველებმა ანზორ ერქომაიშვილთან ერთად აქ აღვამაღლეთ ჩვენი მუსიკა, აქ აღვამაღლეთ ჩვენი გალობა, ჩვენი სიმღერა, აქ აღვამაღლეთ პატივისცემა უფროსი თაობების და მასწავლებლების მიმართ.. და ამიტომ ამ მწუხარების ჟამს, მე, უბრალოდ, ერთი მინდა ვთქვა: გიხაროდეს საქართველო, რადგანაც შენ გყავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ არ დაგიკარგავს ანზორ ერქომაიშვილი! შენ გყავს ეს დიდი მოღვაწე და მისი ლოცვა, მისი საქმეები და მისი შემოქმედება მარად იქნება",
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოების ვაქცინების განაწილებისკენ მოუწოდებს
რომის პაპი ტრადიციული სააღდგომო მიმართვით „ურბი ეთ ორბი“ წარდგა. რომის პაპმა Covid19-ის პანდემიასა და მის სავალალო შედეგებზე ისაუბრა. მათ შორის ვაქცინების ღარიბ ქვეყნებში გადანაწილებაზე, უმუშევრობაზე, სიღატაკესა და ახალგაზრდებზე, რომელთაც შეუწყდათ საგანმანათლებლო პროცესი და მოწყვეტილი არიან მეგობრებს. მან ასევე ისაუბრა ეთიოპიაში, ლიბანში, სირიასა და იემენში დაუსრულებელ კონფლიქტებზე. აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ ძალადობასა და ტერორიზმზე. მიმართვაში პაპი ასევე შეეხო აღმოსავლეთ უკრაინისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტების შედეგად ტყვედჩავარდნილთა სახლებში მშვიდობიანად დაბრუნების საკითხს. „ვაქცინები ამ ბრძოლაში აუცილებელი ინსტრუმენტია. მე მოვუწოდებ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, გლობალური პასუხისმგებლობის სულისკვეთებით, აიღონ ვალდებულება ვაქცინების განაწილების შეფერხებებთან დაკავშირებით და ხელი შეუწყონ მათ განაწილებას, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში“, – განაცხადა პაპმა.
ნათია თურნავა: არ არსებობს რაიმე საფუძველი, რომ „ნამახვანჰესი“ საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პროცესი, რომელიც წამოწყებულია „ნამახვანიჰესის“ უსაფრთხოებისადმი ნდობის გასაზრდელად და კვლევების გადასამოწმებლად, საჭიროებს მშვიდ და საქმიან გარემოს. „ჩვენ წამოვიწყეთ პროცესი „უკეთესი ნამახვანისთვის,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ჩატარებულია კომპანიის მხრიდან და გადამოწმებულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის თუ ექსპერტისთვის და ამ თვეების განმავლობაში, ვიდრე კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია, მოხდება პროექტის სიღრმისეული გადამოწმება. ჩვენს გვსურს ყველა, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდეს იმაში, რომ მთავარი წუხილი, რაც უკავშირდებოდა კაშხლის და ზოგადად ჰესის უსაფრთხოებას, მოხსნილია და არ არსებობს რაიმე საფუძველი იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ საფრთხეს შეგვიქმნის და დაგვაზარალებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მეუფე შიო: სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, გრძელდება ჯვარცმა, გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან
დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. „ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელ კვირას ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა, იმიტომ რომ ყველგან, ტაძრებში, გამობრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც შეხსენება ჩვენთვის სულიერი მიზნისა ამ დიდ მარხვაში. მოგეხსენებათ, დიდი მარხვის დასასრული – ეს არის ვნების კვირა, რომლის დროსაც ვიხსენებთ უფლის ჯვარცმას და აღდგომას. და აი, დღეს წმინდა ჯვარი გამობრძანებულია, როგორც შეხსენება ამ მიზნისა, როგორც სიმბოლო ჩვენი სარწმუნოებისა, უფალ იესო ქრისტეს გამარჯვებისა. გარდა ამისა, როგორც გამხნევება მარხვის პერიოდში, რადგან ძველად ჩვენი წინაპრები, ჩვენგან განსხვავებით, ძალიან მკაცრად მარხულობდნენ და უჭირდათ, შუა მარხვა მათთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მძიმე იყო. ამიტომ ასეთი წესი არსებობდა და დღესაც დარჩა, რომ წმინდა ჯვარი გამობრძანდება ტაძარში და ჩვენ მას ვემთხვევით. გარდა ამისა, ჯვარი გვაჩვენებს, თუ რა არის, როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული – სიყვარული ადამიანისა, სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი. ამით იზომება, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს, გაიღოს თავისი სიცოცხლე და ყველაფერი, რაც მას აქვს, რაც გააკეთა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ – მან დადო თავისი სიცოცხლე, ეს არის ნამდვილი სიყვარული, ქრისტიანული გაგებით. რა თქმა უნდა, სხვა სიყვარულიც არსებობს. ასე პირუტყვებსაც უყვართ თავიანთი შვილები, მაგრამ ჩვენ სხვა სიყვარულზე ვსაუბრობთ, ეს არის თავგანწირული სიყვარული; და აი, ჯვარი ამას წარმოაჩენს და გვაჩვენებს. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი, ამ სიყვარულმა, რომელმაც სიცოცხლე დასდო – თავად უფალმა იესო ქრისტემ, რომელიც ქადაგებდა მხოლოდ სიყვარულს და ამ სიყვარულისთვის თავგანწირვას, სანაცვლოდ იმჟამინდელი ერისგან, ხალხისგან ისეთი წინააღმდეგობა მიიღო, რომ იგი მოკლეს, ჯვარს აცვეს. მთელი ისტორიის განმავლობაში ისმის ასეთი შეკითხვა: რატომ ხდება ასე, რომ სიკეთე, სიწმინდე, რაც არის ღვთისნიერი, ყოველთვის აწყდება წინააღმდეგობას, სიძულვილს, ტანჯვასაც და ხშირად ჯვარცმასაც, მკველობასაც?! ამაზე რომ ვფიქრობთ, ხშირად გვგონია, თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ამავე დროს დავინახავთ, ვინ იყვნენ უფლის ჯვარმცმელები. თითქოს ისინი განსაკუთრებულად არაფრით გამოირჩეოდნენ, იყვნენ სხვების მსგავსნი და ყველას შეიძლება რაღაც „გამართლება“ ჰქონოდა. მაგალითად, პონტოელ პილატეს. ჩვენ გვახსოვს, რომ იგი ცდილობდა უფალ იესო ქრისტეს გამართლებას, ამბობდა, რომ „მასთან ბრალი ვერ ნახა“ და ხალხსაც ეუბნებოდა ამას, მაგრამ ბოლოს ხელები დაიბანა იმის ნიშნად, რომ იგი არ ეთანხმება, არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილებაში. თუმცა სახარებიდან კარგად ჩანს, რომ იგი, ფაქტობრივად, დაეთანხმა ამ განაჩენს, შეეშინდა კარიერის დაკარგვისა და ამის გამო სინდისთან ასეთ კომპრომისზე წავიდა. ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს: ჩვენშიც ხომ არ ბუდობს ეს პილატე? განა ჩვენ ამის მიღმა ვართ? იქ რომ ვყოფილიყავით, როგორ მოვიქცეოდით? ხშირად ვამბობთ, რომ „არა, მე ამას არ ვიზამდი, ამაში არ მივიღებდი მონაწილეობას“, მაგრამ გულის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, იქნება კი ეს დადებითი პასუხი? ზუსტად ვიცით, რომ ამას არ ვიზამდით? იმიტომ, რომ ხშირად, როცა დგება ჟამი და, მართლაც, დამდგარა ჩვენს პირად თუ ჩვენი ერის ცხოვრებაში ისეთი ჟამი, როდესაც მტკიცე უარი უნდა ეთქვას უსამართლობას, ბოროტებას, განა ჩვენ ვუძლებთ ხოლმე ამ ცდუნებას, რომ დავთმოთ და ჩვენი სინდისის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ? ყოველთვის შეგვიძლია ეს? გარდა ამისა, პილატესთან ერთად იყვნენ ის მეომრებიც, მხედრებიც, რომელთაც ჯვარს აცვეს უფალი. მათ რა შეეძლოთ ეთქვათ თავის გასამართლებლად? ის, რომ მათ შეასრულეს ბრძანება, ისინი მეომრები არიან, მათ უბრძანეს, უთხრეს, რომ ეს ადამიანი ბოროტმოქმედი იყო, რომელიც უნდა შეეპყროთ, ჯვარს ეცვათ და სიკვდილით დაესაჯათ. ასევე ხალხი, რომელიც „ოსანას“ უგალობდა უფალ იესო ქროსტეს, რამდენიმე დღის შემდეგ გაჰყვიროდა: „ჯვარს აცვი!“ – მაგრამ თითქოს მათაც შეიძლება გამართლება მოეძებნოს, შეიძლება, თქვან, რომ ერის ლიდერებმა, სინედრიონმა, ხელმძღვანელობამ დაარწმუნა ისინი, რომ იესო ქრისტე დამნაშავე იყო და სიკვდილით უნდა დასჯილიყო. აი, თითქოს ყველას „რაღაც გამართება“ მოეძებნა საკუთარი თავისთვის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მათ დასაჯეს და მოკლეს ის, ვისზეც სახარებაში ნათქვამია, რომ „არარაი ბოროტი უქმნიეს“, ე.ი. არაფერი ცუდი გაუკეთებია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. აი, ამ ყველაფერზე ვფიქრობთ და ვხედავთ, რომ დღესაც გრძელდება ეს; სიწმინდე დღესაც შეურაცხყოფილია, დღესაც გრძელდება ჯვარცმა, დღესაც გრძელდება ბრძოლა სიწმინდესთან, ბრძოლა სულიერებასთან და, როგორც წესი, ეს ყოველთვის შეფუთულია სიკეთის, ადამიანებზე ზრუნვის სარჩულით. ინერგება ისეთი ღირებულებები, ისეთი ბოროტება, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ბოროტებად მიიჩნეოდა, მას კი ხშირად სარჩულად ედება ადამიანებზე ზრუნვა, ხშირად ადამიანების გამოხატვის უფლების, ასე ვთქვათ, დაცვა და ა.შ. ასე რომ, დღეს ასევე ვფიქრობთ ქრისტეს ჯვარზე, როგორც არჩევანზე. ეს არჩევანი ჰქონდა პილატესაც, დაებანა ხელი და გადაეცა ქრისტეს ჯვარცმისთვის თუ არა; ეს არჩევანი ჰქონდათ იმ მეომრებსაც, ჯვარს ეცვათ თუ არ უფალი იესო ქრისტე და ჩვენც ეს არჩევანი გვიდგას ყოველთვის. ეს არის მთავარი. ამაზეა დამოკიდებული ერისა და ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, თუ რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ. უფალი იესო ქრისტე ამბობს, რომ „მე მოვედი ამქვეყნად განსასჯელად და არა – დასასჯელად“. იგი მოვიდა, რათა განსაჯოს და არა – დასაჯოს. და აი, ასეთ სამსჯავროზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჯვარცმული სიყვარულის, ჯვარცმული სიკეთის, ჯვარცმული სიმართლის სამსჯავროზე ვდგავართ ყველა ყოველ წამს ჩვენს სინდისთან და ყოველდღე ჩვენს ცხოვრებაში და ამაზეა დამოკიდებული, რა არჩევანს გავაკეთებთ. უფალმა ინებოს, რომ გავაკეთოთ ის არჩევანი, რომელსაც ყოველთვის ირჩევდნენ ჩვენი წინაპრები, რომ ვიყოთ ჯვარცმული სიყვარულის მხარეს, უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნისამდე, ამინ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.