ძებნის რეზულტატი:

რუსთავის საკრებულოს წევრი დაჭრეს

რუსთავში საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი მღებრიშვილი საკუთარ ეზოში დაჭრეს. მას ჭრილობა ბასრი საგნით ფეხის არეში აქვს მიყენებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იორდანიის პრინცი ჰამზან ბენ ჰუსეინი შინაპატიმრობაშია

The Washington Post-ის ინფორმაციით, იორდანიის პრინცი ჰამზან ბენ ჰუსეინი შინაპატიმრობაშია. გამოცემის ინფორმაციით, იორდანიაში მეფე აბდალა მეორეს წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შეთქმულებაში მეფის ნათესავები, იორდანული ტომების ლიდერები და ქვეყნის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დაკავებულთან შორის სამეფო ოჯახის წევრი შერიფ ჰასან ბენ ზაიდი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ბასემ ავადალა არიან. იორდანიის სამხედრო ძალებმა დაპატიმრების ფაქტები დაადასტურეს. ამასთან, შინაპატიმრობაში იმყოფება პრინცი და მეფის ძმა ჰამზა ბენ ჰუსეინი. მან ადვოკატის დახმარებით BBC News-ს ვიდეო გადასცა, რომელშიც აზუსტებს, რომ მას სახლიდან გასვლა და სხვებთან ურთიერთობა აუკრძალეს, შეუზღუდეს ტელეფონითა და ინტერნეტით სარგებლობა და დაცვა მოუხსნეს. BBC-ში აცხადებენ, რომ შინაპატიმრობაში მისი დედა და იორდანიის ყოფილი დედოფალი ნურიც იმყოფება.

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. მწერალს სამშაბათს, 6 აპრილს დაასაფლავებენ. დოჩანაშვილს, მისივე სურვილით, შვილის, ირაკლი დოჩანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. ცნობისთვის, გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში 3 აპრილს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მწერალი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. „ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე. ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება. მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით“,- აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში. ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩიკვაიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. „აღნიშნული მონაკვეთი იქნება დაკეტილი. კლდოვანი მასის მცირე ნაწილი, როგორც ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, ჩამოდის ისევ, ამიტომ ამის დასრულების შემდეგ დაიწყება სრული გაწმენდითი სამუშაოები. იქამდე პოლიცია უზრუნველყოფს მიმართულებით გადართვას შიდა სასოფლო გრუნტოვან გზაზე. სოფლები ამ წამს მოწყვეტილი არც ერთი არაა. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი მეტ-ნაკლებად შეჩერდება, დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. თუმცა ნაწილობრივ მობილიზებულია ტექნიკა და, რა თქმა უნდა, ახლაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, ამას ალბათ გეოლოგების ჯგუფი დაადგენს. მასა არაა ისეთი დიდი რაოდენობით, რომ ძნელი იყოს მისი გაწმენდა. პრობლემა ისაა.,რომ ჯერ მცირე ნაწილის ჩამოშლა ისევ მიმდინარეობს. ჩვენი ვარაუდით, სრულფასოვნად გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება“,- განაცხადა ონის მერმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

იან კელი: NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო, მთავრობა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ეჩი იან კელი მიჩნევს, რომ NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა. ,,NATO-ს სჭირდება საქართველო – საქართველო, რომელსაც ჰყავს პლურალისტული პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ამ ორის წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინ ამის მისაღწევად მუშაობს". – წერს იან კელი Tweeter-ზე.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები ჩაერთვებიან

დღეიდან კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი თანდათან ფართოვდება და ასევე იზრდება გეოგრაფიული მასშტაბიც. „ორშაბათიდან ემატება რამდენიმე ჰოსპიტალი თბილისში, კიდევ დამატებით ხუთი ჰოსპიტალი. შაბათს ჩამოვიდა 100 000 დოზა დოზა ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“, რომელიც წარმატებით გამოიყენება დაახლოებით 40-მდე ქვეყანაში. ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას და ამიტომ ის დასაწყობდა დაავადებათა კონტროლის საწყობში. მას შემდეგ, რაც აპრილის შუა რიცხვებში ის მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას, ქვეყანაში დაიწყება ამ ვაქცინითაც აცრები დღეიდან ასევე იქმნება პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფები, რომლებიც ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. იმუნიზაციის საკოორდინაციო საბჭომ ჩათვალა, რომ რადგან პოლიციელებს ყველაზე მეტი კონტაქტი აქვთ მოსახლეობასთან, ისინი იყვნენ სარეზერვო ჯგუფში და როდესაც ამა თუ იმ კლინიკაში ვერ ხორციელდება სულ მცირე ათი ადამიანის აცრა და დანაკარგის ალბათობაა, ამ სარეზერვო ჯგუფებიდან მოვიწვიოთ პოლიციელები, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რაც შეეხება ჯარს, იქ სხვა მხრივ განიხილება ეს საკითხი. მოგეხსენებათ, საქართველოს ჯარის გარკვეული ნაწილები მონაწილეობენ უცხოეთის სხვადასხვა მისიაში და ეს ჯარისკაცები იქნებიან აცრილები. ჯარი სარეზერვო ჯგუფში არ განიხილება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

რუსთავის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრის ფაქტზე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი, 34 წლის მამაკაცი დააკავა. დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა დაპირისპირება, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა საკრებულოს წევრს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა და მიიმალა. მღებრიშვილი ფეხის არეში დაიჭრა. დაშავებულს ფეხზე ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.ინციდენტი რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაპირისპირება კორუპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით წარმოქმნილ უთანხმოებას მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობის" მტკიცებით კი დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო. რასაც კატეგორიულად უარყოფენ რუსთავის საკრებულოში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს

ჟოზეპ ბორელი: შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი შეშფოთებას გამოთქვას, რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო, უკრაინის გარშემო. ბორელის თქმით, მან დონბასსა და ყირიმში რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას განიხილა. „უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ვესაუბრე. სერიოზული შეშფოთებით ვაკვირდებით რუსეთის სამხედრო ქმედებებს უკრაინის გარშემო. ევროკავშირი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ურყევ მხარდაჭერას უცხადებს“, - წერს ბორელი Tweeter-ზე.

ეკატერინე ტიკარაძე: ჩინური წარმოების SINOPHARM-ის ავტორიზაციასთან დაკავშირებით, საქართველო  ჯანმო-ს გადაწყვეტილებას ელოდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. ჯანმო-მ SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს. მინისტრის თქმით, SINOPHARM-ის ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდობაზე კითხვები არ ისმის. "შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი ტვირთი მივიღეთ, რომელსაც ყველა ძალიან ველოდით.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რის შედეგადაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ვაქცინაცია ჩინური ვაქცინით საქართველოში შესაძლებელი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უნგრეთის სახელმწიფოს, ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ამ ქვეყნის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა „სინოფარმი“ აღიარებული და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის საქართველოშიც შემოგვეტანა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩინეთის საელჩოსა და ჩინეთის სახელმწიფოს გაწეული თანამშრომლობისთვის. ასევე, მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენს ელჩებს. დიდია შრომა, რომელიც საქართველოს ჩინური ვაქცინის მისაღებად დასჭირდა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. საქართველომ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, SINOPHARM-ს 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს:

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 228 ადამიანს დაუდასტურდა. 425 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 211 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 121 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 090 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 228 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 284 061-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.85 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.10 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 425 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 275 024-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 822 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 228 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 111 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 19, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 17, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 20, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 189, საიდანაც: 1 876 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 879, აჭარაში - 293, იმერეთში - 303. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 364 პირი, მათ შორის, თბილისში - 165, აჭარაში - 45, იმერეთში -77. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 69 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში - 3, იმერეთში - 6. 218 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 128 - თბილისში, 85 - აჭარაში. 3 095 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 219 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 98, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 4 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 003 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 688 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 125 პირი, აჭარაში - 1 226, იმერეთში - 1 012.

ჩინეთი საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. "ჩინეთის მთავრობა საქართველოს, ასევე გადასცემს უსასყიდლოდ SINOVAC-ის ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. მხედველობაში მაქვს თურქეთში დაახლოებით 15 მილიონი დოზა. დაახლოებით ნახევარი მილიონი დოზაა აზერბაიჯანში. წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, რომელსაც დიდი ალბათობით მიიღებს აპრილის შუა რიცხვებში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოში, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვიდა. როგორც დღეს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. მინისტრის თქმით, SINOPHARM-ის ვაქცინით უკვე 40 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი და მის სანდობაზე კითხვები არ ისმის.

ეკატერინე ტიკარაძე სააღდგომოდ შეზღუდვების დაწესებაზე: დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გვექნება ზუსტი ინფორმაცია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვები აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამის შესახებ საზოგადოებას დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე ეცნობება. როგორც მინისტრმა განაცხადა, ამ ეტაპისთვის სამინისტროს აქვს რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე ჩაკეტვებზე არ ისაუბროს. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული შრომითი ინსპექციის მუშაობა. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა წესის აღსრულებაში, რათა არ გავხდეთ იძულებული, ინფექციის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვების დაწესებაზე [ვიფიქროთ;]. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ ლოკალურად ღონისძიებების გააქტიურებით მიღებული მაღალი შედეგიდან გამომდინარე არ ვისაუბროთ ჩაკეტვებზე. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ტიკარაძემ ამასთან, მინისტრმა შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის საბჭოს შეზღუდვებზე არ უმსჯელია. „ამ ეტაპისთვის საბჭოს არ უმსჯელია შეზღუდვებთან დაკავშირებით, თუმცა, იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ და გავაკონტროლოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიმჩნევა. ადრე არის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა იქნება სააღდგომოდ, ვინაიდან ამ ეტაპისთვის ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, თუმცა, ინფექციის ზრდა ფიქსირდება. დაახლოებით, აღდგომის პერიოდამდე ერთი კვირით ადრე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა დღესასწაულებთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩინეთის ელჩი: მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში ჩინური ვაქცინების 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო SINOPHARM-ის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული და მას ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები აქვს. ელჩის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინების 100 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული და მის გამოყენებას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია. "ეს ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით, ამიტომ, მას აქვს ძალიან ცოტა გვერდითი მოვლენა. დაახლოებით 100 მილიონზე მეტი დოზაა ამ ვაქცინის გამოყენებული და სერიოზული გვერდითი ეფექტები არ მოჰყოლია ვაქცინაციას. ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ძალიან ბევრი ქვეყნის მიერაა აღიარებული. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალია, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია, ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინეთის მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა. როგორც იტყვიან, მეგობარი გასაჭირში იცნობაო.ჩინური მხარე ჩინურ-ქართულ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს,"-განაცხადა ლი იენმა. ჩინეთის ელჩის განცხადებით, ჩინეთში წარმოებული ვაქცინის ექსპორტი 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მილიონზე მეტი დოზა. ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდ არის აღიარებული. "ჩინური მხარე იმდოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქართველი ხალხის სოცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე, ჩინეთი მზად არის, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერაშორისო თამამშრომლობა. მათ შორის ვაქცინების მიმართულებით, რათა ერთად შევუწყოთ ხელი საერთო ჯანდაცვის მქონე თანამეგობრობის ჩამოყალიბებას. ვიმედოვნებ, ჩინური ვაქცინა საქართველოს „კოვიდ-19“-ის სწრაფად დამარცხებაში და სოციალური-ეკონომიკური კეთილდღეობის, განვითარებისა და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, – განაცხადა ლი იენიმ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საქართველოში, ჩინური წარმოების SINOPHARM-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა შემოვიდა. საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს SINOVAC-ის ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად ეკონტაქტება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ელოდება, თუ როდის გაივლის SINOPHARM-ის ვაქცინა ავტორიზაციას, რის შემდეგაც, საქართველო მის გამოყენებას დაიწყებს. ჯანმო-მ SINOPHARM-ის ვაქცინა აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაარეგისტრიროს.

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი კოვიდვაქცინირებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში 658 000 000 მილიონი ადამიანი არის ვაქცინირებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი იცრება. გამყრელიძემ ბრიფინგზე დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციის გზაზე მოწინავე პოზიციებს იკავებენ: 1. ამერიკის შეერთებული შტატები 165 000 000 ვაქცინირებული; 2. ჩინეთი 136 000 000 ვაქცინირებული; 3. ევროკავშირი 79 000 000 ვაქცინირებული; 4. ინდოეთი 75 000 000 ვაქცინირებული; 5. გაერთიანებული სამეფო 37 000 000 ვაქცინირებული;

ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი განახლდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიანიმ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესები განახლდა. ინფორმაციას The Time Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ნეთანიაჰუ სასამართლოს წინაშე უკვე მესამედ წარდგა. 2020 წლის 28 იანვარს ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა იერუსალიმის სასამართლოს წარუდგინა. ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდებები დაკავშირებულია მექრთამეობასთან, თაღლითობასა და ნდობის ბოროტად გამოყენებასთან. ისრაელის პრემიერი საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

7 აპრილს ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება. როგორც Public Radio Of Armenia ფაშინიანის პრესმდივნის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება, იქამდე კი სომხეთის პრემიერი თვითიზოლაციაშია. ,,7 აპრილს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრის გამო, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 2 აპრილიდან თვითიზოლაციიდან იმუშავებს”, - განაცხადა პრესმდივანმა.

თამარ გაბუნია: წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება იქნება. „წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება ყველგან, სადაც ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. დღეს ასეთი საჭიროება არის გურიაში და სამეგრელოში. შიდა ქართლში რამდენიმე ასეთი ადგილია იდენტიფიცირებული. ბოლო 1 კვირაა ზოგიერთ სოფელში შემთხვევების მატებაა, ამ სოფლებში გააქტიურებული ტესტირება მიმდინარეობს, ეს აქტიური პრევენციული ღონისძიებაა, სხვა შეზღუდვაზე ამ ეტაპზე, ამ ლოკაციებზე საუბარი არ არის. ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია საკმაოდ ეფექტურია, მთავარია აღსრულების გამკაცრება და მონიტორინგი",-აცხადება გაბუნია.

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი დააკავეს

თურქეთში 10 გადამდგარი ადმირალი მთავრობის კრიტიკის გამო დააპატიმრეს. ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც 4 აპრილს გადამდგარმა ადმირალებმა წერილი გაავრცელეს, რომელშიც შეშფოთება გამოთქვეს თურქეთის მონტრეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. გადამდგარმა ადმირალებმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „შეშფოთებით აკვირდებიან „სტამბოლის“ არხის შექმნის საკითხის განხილვას საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების იურისდიქციის კონტექსტში“. მათ მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტონ მონტრეს კონვენციიდან თურქეთის გასვლის შესაძლებლობის განხილვა. სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ საჭიროა ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციის შენარჩუნება.

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის 11 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს. ,,საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის, საქართველოს 10 და ისრაელის 1 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ევროჯასტთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მასშტაბური საერთაშორისო სქემა გამოავლინეს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2019 წლის გაზაფხულზე, ისრაელის მოქალაქე ჯ.ჰ.-მ, თანამზრახველებთან - გ.გ.-სთან და გ.ლ.-სთან ერთად, ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც დროის ხანგრძლივ პერიოდში ახორციელებდა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და ჯგუფი წევრებს შორის განაწილებას. უკანონო საქმიანობაში ორგანიზატორებმა ეტაპობრივად ჩართეს არაერთი უცხო ენების მცოდნე პირი, მათ შორის კ.კ., გ.მ., მ.თ., ვ.ნ., ა.მ., ა.გ., ქ.ი. და გ.ბ.. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უკანონოდ მოიპოვებდნენ რა კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს, ქ.თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატიურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. დაინტერესების შემთხვევაში ზემოხსენებული პირები მათ დისტანციურად არეგისტრირებდნენ შესაბამის ვებგვერდზე, რის შემდგომაც მათივე სახელით ახორციელებდნენ კრიპტოვალუტის შეძენას, რა დროსაც უზრუნველყოფდნენ გადახდილი თანხის შესაბამისი ელ.ვალუტის არა დაზარალებულის, არამედ ორგანიზებული ჯგუფისათვის ხელმისაწვდომ ანგარიშებზე ასახვას. ზემოაღწერილი ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ უცხო ქვეყნის არაერთი მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს. ევროჯასტთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებულია ევროკავშირის ათეულობით დაზარალებული მოქალაქე, ამ ეტაპისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა კი შეადგენს 620 000 ევროს. ჩატარებული გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ნაწილმა მოახდინა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კერძოდ კი შეიძინეს ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებები და უძრავი ქონებები, რაც დაყადაღებულია პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გამცემი სასამართლოს განჩინებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად ასევე მოძიებულ იქნა და ყადაღა დაედო ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელის - ჯ.ჰ.-ს საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებულ 2 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის თანხასაც. პროკურატურამ ჯ.ჰ.-ს, გ.ლ.-ს, ა.მ.-სა და გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, გ.გ.-ს, ვ.ნ.-ს, კ.კ.-ს, ქ.ი.-ს, გ.ბ.-ს, მ.თ.-სა და ა.გ.-ს კი სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“, მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებითა და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. საქმეზე გრძელდება გამოძიება. საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ კი ევროჯასტის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობს სხვა დაზარალებული მოქალაქეებისა და მათთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობის იდენტიფიცირება", - აღნიშნულია განცხადებაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლებისთვის, პერსონალური მონაცემების ხელყოფისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრს ბრალდება წარუდგინა.

ზურაბ ბატიაშვილი: თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დააჩქაროს და სამხედრო დანიშნულებაც მიანიჭოს

ანალიტიკოსის, ზურა ბატიაშვილის განცხადებით, ერდოღანის ხელისუფლებამ, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, შესაძლოა გადახედოს მონტროს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელ-ფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე. როგორც Europetime-თან საუბრისას ანილიტიკოსმა აღნიშნა, თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველოს შეუძლია NATO-ს და აშშ-ს თავისი პორტები შესთავაზოს. მისი თქმით, ამ პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ანაკლიის პორტის პროექტი. ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება უნდა დაჩქარდეს და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულება მიენიჭოს „ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდება. მონტროს ხელშეკრულება, შავ ზღვაზე, შავი ზღვის აუზის ქვეყნების გემების მიმოსვლის გარდა, უცხო გემების მიმოსვლას არეგულირებს და ზღუდავს, როგორც ტონაჟში, ასევე მათი ყოფნის ვადას. დღევანდელი პირობებით, 21 დღეზე მეტს ვერ გაჩერდებიან. სამხედრო გემებს ეხება, სატვირთო და სამოქალაქო გემებზე საუბარი არ არის. თურქეთში ამ თემაზე სერიოზული კამათი მიდის და ნომერ პირველ საკითხად განიხილება. რაც ჩვენს უსაფრთხოებასაც ეხება. შავ ზღვის უსაფრთხოება და ამ აუზში მოკავშირე ამერიკელების ყოფნა, საქართველოს უსაფრთხოებასთან პირდაპირ კავშირშია. თუ თურქეთმა აღნიშნული ხელშეკრულება და არსებული პირობები შეცვალა, საქართველოსაც აქვს თავისი რესურსი, შავ ზღვაზე, რომელიც შეიძლება აშშ-ს და NATO-ს შესთავაზოს. იგივე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენი პორტები, რომ შესაძლებელი გახდეს NATO-ს ან აშშ-ს სამხედრო გემების მუდმივი ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია ანაკლიის პროექტი ხელახლა გამოვაცოცხლოთ და სავაჭრო ფუნქციის გარდა, სამხედრო დანიშნულებაც მივანიჭოთ. ბევრი რამ შეიძლება გავაკეთოთ, უბრალოდ ამისთვის საჭიროა, ჩვენი ორღობიდან გარეთ გავიხედოთ და ამ ორღობის მიღმა დავინახოთ“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხებზე - მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე. „სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ, თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილები) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან. დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები - 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს ხელშეკრულებიდან გასვლის გზას. ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. Europetim-თან საუბრისას, ზურაბ ბატიაშვილი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კუთხით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა, სირაქლემას პოზიციას ჰგავს. „რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“, უსაფრთხოების გარემოს რეალურად გაუმჯობესებას ხელს არ უწყობს. ეს სირაქლემის პოზაში ჩადგომაა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ მხეცი მიდის და ჭამს ამ სირაქლემას. ასე რომ რუსეთის „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი. თუ გადარჩენა გსურს, უნდა იბრძოლო. ჩვენს გარშემო მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, თამაშგარე მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, პირველ რიგში არ უნდა გადავუხვიოთ პროდასავლურ პოლიტიკას, რასაც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თვალნათლივ ვხედავთ. რაზეც ბოლო დროს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად გვაფრთხილებენ. ევროკავშირისგან და აშშ-დან, არის მკაფიო სიგნალები იმისა, რომ საქართველოს დასავლური ორიენტაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საჭიროა ქვეყანა დაუბრუნდეს არჩეულ გზას, რომელიც დასავლეთთან ურთიერთობების ინტესიფიკაციას გულისხმობს“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი. ზურაბ ბატიაშვილი: ანაკლიის პორტს ინვესტიციების მოზიდვის პრობლემა არასდროს ჰქონია, მხოლოდ მთავრობის პოლიტიკური ნების პრობლემა აფერხებს ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: ეჭვიც არ მეპარება, დასავლეთის დაზვერვამ, საქართველოში რუსეთის ფარული აქტივობები შეამჩნია და ასე აქტიურად ამიტომ ჩაერთო ანაკლიის პროექტი გვჭირდება არამხოლოდ როგორც საპორტო პროექტი, არამედ - გეოპოლიტიკური დერეფანი - ბათუ ქუთელია ექსპერტი: მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეცდომებს ასწორებს