ძებნის რეზულტატი:

ამირან გამყრელიძის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეხვედრა იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომის შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან შეხვედრა გაიმართება. " ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა მართვადი. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა როგორც შარშან, ჩვენ მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ აღდგომის დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება,"-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ანდრიუს კუბილიუსი: მოვიდა დრო პასუხისმგებლობის აღებისა და მკაფიოდ თქმის, ხელს აწერენ შეთანხმებას თუ არა

"მოვიდა დრო პასუხისმგებლობის აღებისა და მკაფიოდ თქმის, ხელს აწერენ შეთანხმებას თუ არა" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა. "მმართველ პარტიას აქვს უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციის მხრებზეცაა. თუ ევროკომისია ჩვენი შეთავაზებით გადაწყვეტს, რომ მიკროფინანსური დახმარების გაცემაზე პირობითობა გაიზარდოს და დამოკიდებული იყოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაზე, მაშინ ეს იქნება მტკივნეული, მაგრამ იქნება გაკვეთილი, თუ რას ნიშნავს ასოცირების ხელშეკრულება, კრიზისის დასაძლევად ევროპული ძალისხმევა, ევროპიდან განსაკუთრებული ყურადღება და რას ნიშნავს, როდესაც პოლიტიკურ ძალებს არ შეუძლიათ კრიზისის გადაჭრა. არ ვიცი, რას გააკეთებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსებმა დანიელსონის მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს ხელი არ მოაწერეს. ჩემთვის უფრო მარტივია ვთქვა, რისი გაკეთება შეუძლიათ ახლა ქართველ პოლიტიკოსებს. მე მათ ადგილზე კრისტიან დანიელსონის ინიციატივებს ხელს მაშინვე მოვაწერდი. მართლა ვერ ვიგებ, თუ რატომ არ მოაწერეს ხელი დოკუმენტს მოლაპარაკებების მონაწილეებმა. ჩვენ ველოდებით შეთანხმებას. რა თქმა უნდა, თუ მმართველი გუნდი იტყვის, რომ ხელმოწერისთვის მზად არიან, მაშინ ოპოზიციიდანაც მკაფიო პოზიცია და გადაწყვეტილება უნდა იყოს, მზად არიან თუ არა. დღეს ვხედავთ, რომ ისინი ერთმანეთს აბრალებენ. მოვიდა დრო პასუხისმგებლობის აღებისა და მკაფიოდ თქმის, ხელს აწერენ შეთანხმებას თუ არა. ჩემი აზრით, სწორედ ამას ელოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ეგვიპტეში 3 000 წლის „დაკარგული ოქროს ქალაქი“ აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, ქალაქ ლუქსორთან ახლოს, 3 000 წლის "დაკარგული ოქროს ქალაქი" აღმოაჩინეს. ამის შესხებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. "დაკარგული ოქროს ქალაქის" აღმოჩენა, ტუტანხამონის საფლავის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება. "ქალაქი" ძველი ფარაონების ცხოვრებას ასახავს. ცნობილმა ეგვიპტოლოგმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა, რომ აღმოჩენილია ქვიშაში დამალული ეგვიპტის უდიდესი ანტიკური ქალაქი, სახელად ათენი. ქალაქი თარიღდება ეგვიპტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფარაონის, ამენჰოტეპ III-ს მეფობის ხანით, რომელიც ქვეყანას ძვ.წ. 1391-1353 წლებში მართავდა. ქალაქში ასევე მეფობდა ფარაონი ტუტანხამონი, რომლის თითქმის ხელუხლებელი აკლდამა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს, მეფეთა ველზე აღმოაჩინა. "ამ დაკარგული ქალაქის აღმოჩენა მეორე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენაა ტუტანხამონის საფლავის შემდეგ", - თქვა ბალტიმორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის პროფესორმა ბეტსი ბრაიანმა.

დიმიტრი პესკოვი: კრემლში შიშობენ, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები განახლდება, რაც რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის

კრემლი შიშობს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება, რაც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "კრემლი შიშობს, რომ უკრაინაში სამოქალაქო ომი განახლდება. და თუ სამოქალაქო ომი და სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება ჩვენს საზღვრებთან, ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას. არსებული მდგომარეობის განვითარების დინამიკა და მთლიანად უკრაინული მხარის ქცევის დინამიკა ქმნის სრულფასოვანი საომარი მოქმედებების განახლების საშიშროებას", - განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა აღნიშნა, რომ ამჟამად, დონბასში უკიდურესად არასტაბილური სიტუაციაა.

აფგან მუხთარლი: სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე

"სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე", - გენერალურ პროკურატურაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თითქმის თერთმეტსაათიანი გამოკითხვა დასრულდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გენერალურ პროკურატურაში უფლებადამცველთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად დილის 11 საათიდან იმყოფებოდა. მისი თქმით, უკანონოდ გაიტაცეს, ბრძანების გამცემი კი, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი იყო. ბრძანების გამცემთა შორის იყო ბიძინა ივანიშვილიც. „სრული ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას, მათ შორის, ვარაუდები მომხდარ დანაშაულზე. ახლა გამოძიებამ უნდა გადაამოწმოს და გაარკვიოს ეს ვერსიები. მაქსიმალურად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან. დანარჩენი გამოძიებაზეა. დიდი დროა გასული, მაგრამ ვფიქრობ, მაინც შესაძლებელია, გაიხსნას ეს დანაშაული. დავასახელე ის გვარები, ვისთანაც მქონდა პირადად შეხება და ვისგანაც მივიღე ინფორმაცია. ვერსიებს გადამოწმება უკვე დამოკიდებულია გამოძიებაზე; იმაზე, რამდენად იქნება გამოძიება მონდომებული. ეს არ არის იმ კატეგორიის დანაშაული, რომ მისი გახსნა რთული იყოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აფგან მუხთარლიმ.

"უცნობი" საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის სახელწოდებაც იქნება "აი ია"

მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს, რომლის სახელწოდებაც იქნება „აი ია“. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცახდა. გია გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საზოგადოებრივი მოძრაობა, შემდგომში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. „ის, რომ საზოგადოება ჩავრთოთ ამ პროცესებში, პირველ რიგში უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა „აი ია“. ეს მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება. შემდეგ, ამ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა. ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახავთ, ამას რამდენად შევძლებთ. ეს ძალიან ძნელია ამ მოცემულობაში, ერთი პატარა სტუდიიდან, ამ ტელევიზიიდან, რომელსაც არც ფინანსები გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა, ვინაიდან იცით, პოლიტიკას როგორი რესურსები სჭირდება ყველა მხრიდან, მაგრამ რავიცი... მე მგონი, ქვეყანა იმ დღეშია, რომ თავზე ზემოთ უნდა ავხტეთ, რომ რაღაცნაირად შევცვალოთ ის მოცემულობა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია - ვერანაირ მომავალს ვხედავთ და ქვეყანა ერთ ადგილას არის გაყინული. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას“, - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობამ და საქართველოს დელეგაციის წევრებმა, საქართველო-NATO-ს საპარლამენტო საბჭოს (GNIC) ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ აღნიშნულია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, რეგიონში განვითარებული მოვლენები და NATO-სთან და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე განიხილეს საქართველოს აქტიური წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია, რომ აღნიშნული საპარლამენტო დალოგი მოკავშირე და ქართველ კანონმდებლებს შორის გაიმართა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, მას შემდეგ რაც შუამავლობის კიდევ ერთი მცდელობა ჩაიშალა. როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჯერალდ კონოლიმ განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ღრმა შეშფოთების მიზეზად რჩება. "ამ კრიზისის განმავლობაში, ჩვენი ასამბლეა მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას იმოქმედოს თავშეკავებულად, ხოლო ოპოზიციამ პატივი სცეს კანონის უზენაესობას. ჩვენ მოვუწოდებთ უმრავლესობასა და ოპოზიციას, იმოქმედონ კონსტრუქციული სულისკვეთებით და კეთილსინდისიერად, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, რომელსაც შეუძლია ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზა განაგრძოს", - განაცხადა კონოლიმ. როგორც კონოლიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დემოკრატიული ღირებულებების დაცვა, როგორც NATO-ში გაწევრიანების ძირითადი პირობა. კონოლიმ დაადასტურა ასამბლეის მუდმივი მზადყოფნა "ევროატლანტიკურ და დემოკრატიულ გზაზე მხარი დაუჭიროს საქართველოს". რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ჯერალდ კონოლიმ "წინდაუხედავი და უპასუხისმგებლო" ქმედებები უწოდა. მან ასევე, დაგმო რუსეთის მიმდინარე აგრესია და დაადასტურა ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე",- ნათქვამიაგანცხადებაში. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

გლოვის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მთავრობის განკარგულებით, 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.

საქართველოში გლოვის დღეა

10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს 2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.

საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

ლიეტუვას რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მარგირის აბუკევიჩიუსმა მოაწერეს ხელი. "დოკუმენტი ყოველწლიურია და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. 2021 წლის გეგმაში სხვადასხვა დონისა და შინაარსის ღონისძიებებია განსაზღვრული, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის ხელმოწერამდე მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც დოკუმენტით განსაზღვრული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ლიეტუვას თავდაცვის უწყებები წლებია წარმატებით თანამშრომლობენ და სტრატეგიული პარტნიორობა ყოველწლიურად კიდევ უფრო ნაყოფიერი და ინტენსიური ხდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში - EBRD-ის რეკომენდაციები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კავკასიაში EBRD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ინტერვიუ გამოქევყნა, რომელიც არსებულ კრიზისულ ვითარებაში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეფორმებსა და ამოცანებზე საუბრობს. ჰანსენი აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის აღდგენაზე მუშაობა, სასამართლო რეფორმის გატარება, FDI-ის აღდგენაზე მუშაობა და სხვა პირველი რიგის ამოცანების გადაჭრა. "რომელ გამოწვევებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი საქართველოს მთავრობამ უახლოეს მომავალში? არსებული კრიზისი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას, რომელიც მოიზიდავს უფრო ძლიერ უცხოურ ინვესტიციებს და გაზრდიდა პროდუქტიულობას და ეკონომიკურ დივერსიფიკაციას. ამგვარად, მნიშვნელოვანია შემდეგი სფეროები: 1. სტუმარმასპინძლობის და ტურიზმის სექტორის აღდგენა 2. განახლებადი ენერგიის სექტორების დივერსიფიკაცია - საერთაშორისო კონკურენციის სახელშეკრულებო ჩარჩოების გათვალისწინებით 3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 4. გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა 5. სასამართლო რეფორმა 6. განათლების სისტემის რეფორმა სამუშაო ძალის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს 7. ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების შესაბამისად 8. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გაგრძელება საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის გამოსაყენებლად 9. კაპიტალის ბაზრების განვითარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე წვდომის დივერსიფიცირებისთვის 10. სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირების პოტენციალის შემდგომი ზრდა რეფორმების წახალისების გზით,"- აცხადებს კატარინა ბიორლინ ჰანსენი.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 506 ადამიანს დაუდასტურდა, 285 გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 751 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 769 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 982 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 9 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.96 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.49 %. ინფიცირების 506 ახალი შემთხვევიდან 240 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 76, იმერეთი - 43, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 13, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 66, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 7 083, საიდანაც: 2 190 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 074, აჭარაში - 331, იმერეთში - 334. მძიმე პაციენტია: 370, მათ შორის, თბილისში - 186, აჭარაში - 38, იმერეთში -68. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 76, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 179 - თბილისში, 117 - აჭარაში. 4 592 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 86, ხოლო აჭარაში - 36.სულ 6 ოქტომბრიდან - 9 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 141 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 900 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 581 პირი, აჭარაში - 1 865, იმერეთში - 967.

კარლ ჰარცელი: დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ

"ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას", - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მდინარე ენგურში საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. "დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა." - ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გალში, ენგურის გადმოცურვის მცდელობისას დაღუპული 4 ადამიანის ხსოვნის საპატივსაცემოდ დროშა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთანაც დაუშვეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.

დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე

"დღეს გაიმართება პარტია "ევროპული საქართველოს" ყრილობა, რომელზეც აირჩევენ პარტიის ახალ ხელმძღვანელობას. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო მიზეზი, რის გამოც არ ვესწრები ყრილობას, უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ აპირებს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, თუმცა რჩება პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში. "მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან 2020 საპარლამენტო არჩევნების უხეში და დაუფარავი გაყალბებისა, "ევროპული საქართველოს" მიერ ნაჩვენები შედეგი ძალიან შორს იდგა სასურველისგან - წინა არჩევნებთან შედარებით მიღებული ხმების მნიშვნელოვანი კლება და დიდ ქალაქებში (პირველ რიგში, თბილისში) ნაჩვენები უკიდურესად ცუდი შედეგი მკაფიო ნიშანია, რომ პარტია საჭიროებს ფუნდამენტურ სიახლეებსა და რეფორმებს, მათ შორის, ლიდერების გუნდის მთლიან განახლებას, ახალი სახეების წინ წამოწევასა და სხვა პარტიებთან ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციებში ჩართვას. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, აღარ დავრჩენილიყავი თავმჯდომარის თანამდებობაზე და ამით გზა გამეხსნა პარტიაში ახალი ლიდერების დამკვიდრებისთვის. ანალოგიური პოზიცია აქვთ გიგი უგულავას და ლიდერების გუნდის მნიშვნელოვან ნაწილსაც. განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა გიგა ბოკერიას, რომელმაც ჩათვალა, რომ მიზანშეწონილი იყო მისი დარჩენა პარტიულ თანამდებობაზე. პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს - დღეს ყრილობაზე წარდგენილი ლიდერების შემადგენლობით ძალიან რთული იქნება, პარტიამ მოახერხოს ამომრჩევლისა და პოტენციური კოალიციური პარტნიორების დარწმუნება განახლებაში, ახალ ხედვებსა და შესაბამისად, უკეთეს სამომავლო პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ, რადგან არ ხდება პარტიის ფუნდამენტურად განახლება, რაშიც მზად ვიყავი, თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, უკვე რიგითი წევრის სტატუსით დავხმარებოდი პარტიას, მივიღე გადაწყვეტილება, თავმჯდომარეობასთან ერთად უარი ვთქვა პარტიის წევრობაზეც. ცხადია, ეს არის ადამიანურად ძალიან რთული გადაწყვეტილება - დამოუკიდებლად პოლიტიკური პროცესებისგან, "ევროპული საქართველო" ყოველთვის დარჩება ჩემთვის ძვირფასი და ღირებული ადამიანების გუნდად, ვისთან ერთადაც ბევრი სირთულე გავიარეთ და ღირსეულად ვიბრძოლეთ. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობას ვეუბნები ყველას - ლიდერებს, ოფისის თანამშრომლებს, რეგიონულ ორგანიზაციებს, საპარლამენტო გუნდს. უკეთესი საქართველოსთვის ჩვენი საერთო ბრძოლა გრძელდება და, პარტიით თუ უპარტიოდ, ყველას ვუსურვებ წარმატებას. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამ ეტაპზე არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას და "ევროპული საქართველოდან" წასვლის შემდეგ ვიღებ პარტიულ პაუზას. მაგრამ ვრჩები პოლიტიკურ და საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ეკონომიკურად წელში გამართული, თავისუფალი, ერთიანი და ევროპული სახელმწიფო", - წერს დავით ბაქრაძე.

ჩინეთის ხელისუფლებამ კომპანია Alibaba რეკორდული თანხით, 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა

ჩინეთის ხელისუფლებამ, ანტიმონოპოლიური წესების დარღვევის ბრალდებით, კომპანია Alibaba რეკორდული თანხით, 2.75 მილიარდი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინოფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მარეგულირებლები კომპანიას დომინანტური საბაზრო პოზიციის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს. ჯარიმა Alibaba-ს 2019 წლის შემოსავლების ოთხ პროცენტს უტოლდება. Alibaba-ს ბიზნეს იმპერია განსაკუთრებით მწვავე ყურადღების ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს, კომპანიის დამფუძნებელმა ჯეკ მამ ჩინეთის მარეგულირებელი სისტემა გააკრიტიკა. ერთი თვის შემდეგ კი, ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ კომპანიაში ანტიმონოპოლური გამოძიება დაიწყო. ჩინეთის ელექტრონული კომერციის გიგანტმა განაცხადა, რომ ორშაბათს კონფერენციას გამართავს და საჯარიმო გადაწყვეტილებას განიხილავს.

მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება. მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება. სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ტარდება. სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე

"დღეს მე არ ვიქნები "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს. გიგი უგულავა: დღეს მე არ ვიქნები "ევროპული საქართველოს" ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე როგორც გიგი უგულავა აღნიშნავს, პარტიას განახლება სჭირდება. „2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ. პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ. მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ "ევროპული საქართველოს" პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, "ევროპულ საქართველოსთანაც" ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ. პ.ს. ამ თემაზე აღარ ვაპირებ საჯარო საუბარს თუ დისკუსიას. შესაბამისად, მედიას უმორჩილესად გთხოვთ, ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოთ ამ განცხადებით”,- წერს უგულავა.