ძებნის რეზულტატი:

აშშ-ს თავდაცვის 2022 წლის ბიუჯეტში, პრიორიტეტად, ჩინეთის და რუსეთის შეკავება ჩაიწერა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს 2022 წლის ბიუჯეტი გაუგზვანა განსახილველად. როგორც Reuters-ი იუწყება, 2022 წლის, აშშ-ს ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის 715 მილიარდი დოლარის გამოყოფა იგეგმება. თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პრიორიტეტებს შორის მითითებულია "რუსეთის და ჩინეთის შეკავება“. ჩინეთის მხრიდან მუქარებისთვის წინ აღდგომა დოკუმენტში დასახელებულია აშშ-ის „მთავარ გამოწვევად“. დოკუმენტში ასეცე ლაპარაკია რუსეთის მხრიდან „დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქცევის“ შეკავების აუცილებლობაზე. რუსეთი და ჩინეთი პროექტში „ავტორიტარულ სახელმწიფოებად“ მოიხსენიებიან. მასში ნათქვამია, რომ გამოიყოფა დამატებითი სახსრები მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ხელის შესაწყობად, ასევე კორუფციასთან საბრძოლველად აშშ-ის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად. პრეზიდენტის პროექტში სახსრები არ არის დეტალურად გაწერილი. სავარაუდოდ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესი მიიღებს მიცემული პარამეტრების ფარგლებში. ამასთან, კონგრესს შეუძლია შეცვალოს ეს პარამეტრები და საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტს მოწინააღდეგები ჰყავთ, რომლებიც თავდაცვის ხარჯების გაზრდას არ იწონებენ და პრიორიტეტად სოციალურ საკითხებს მიიჩნევენ.

ჰაკერებმა linkedin-ის 500 მილიონი მომხმარებლის გვერდი გატეხეს და პერსონალური მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გაყიდეს

სოციალური ქსელის linkedin-ის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია 6 აპრილს პოპულარულ ჰაკერულ ფორუმზე გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას "კიბერნიუსი" ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ჰაკერულ ფორუმზე არა მარტოს საჯარო პროფილები, არამედ პერსონალური მონაცემები გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაცია 9 აპრილს პროფესიულმა სოციალურმა ქსელმა "ლინკდინმაც" დაადასტურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა. გაჟონილი მონაცემები მოიცავს ელქტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონის ნომრებს, ინფორმაციას სამუშაო ადგილის შესახებ, სრული სახელები, ანგარიშის პირადობის მოწმობები და ა.შ. "ლინკდინი" მაიკროსოფტის შვილობილი კომპანიაა და ის ერთგვარი პროფესიული სოციალური ქსელია, სადაც მომხმარებლები საკუთარი სამუშაო გამოცდილების შესახებ წერენ, ეძებენ და პოულობენ სამსახურებს და საუბრობენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე. "ლინკდინს" მილიონობით მომხმარებელი ჰყვავს და მას არამარტო კერძო, არამედ იურიდიული პირებიც იყენებენ სხვადასხვა სერვისისთვის. სოციალური ქსელი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკუთარ პროფესიულ წრეში თავი გამოიჩინოს, შეავსოს ვაკანსია და მიიღოს სასურველი თანამდებობა.

ბენ ჰოჯესი: ვიმედოვნებ, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს, საქართველო MAP-ის გარეშე გახდეს ნატოს წევრი

"ვიმედოვნებს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, საქართველო NATO-ს წევრი, მაპის გარეშე გახდეს", - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილმა მეთაურმა, CEPA– ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგემ ბენ ჰოჯესმა განაცხადა. ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი, "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. "საქართველო, რა თქმა უნდა, უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი. ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო. ვიმედოვნებ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, მხარს დაუჭერს, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი, მაპის გარეშე. ჩემი აზრით, ეს ეტაპი უკვე გავლილია. საჭიროა, ფიქრი სტრატეგიაზე, რომელიც დაგვეხმარება დავაჩქაროთ საქართველოსა და უკრაინის შესვლა ნატოში. გულწრფელად რომ ვთქვათ, რამდენიმე ევროპული ქვეყნა ამის მომხრე ჯერ კიდევ არ არის. ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა იმუშაოს საკმაოდ ინტენსიურად მათ დასარწმუნებლად. უკრაინასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, ვისურვებდი, რომ აშშ-მ შესთავაზოს კიევს ნატოს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც გაზრდის ინფორმაციის გაზიარების მოცულობას, აღჭურვილობას, ეს იქნება ძალიან კარგი ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. ახლა რისი გაკეთებაც შეუძლია ოფიციალურ ვაშინგტონს, არის ის, რომ ხმამაღლა გაუსვას ხაზი საკითხს, რომ უკრაინის სუვერენტიტეტი აშშ-სთვის პრიორიტეტია. მეორე, მოძებნოს გზები ეკონომიკური, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერისთვის. მესამე: გერმანიამ და საფრანგეთმა უფრო მეტი რამ უნდა გააკეთონ. კრემლს ახლა არ სჯერა, რომ ევროკავშირში ვინმე რამეს აკეთებს, და ამიტომაც არღვევს და უგულვებელყოფს ყველაფერს. უკრაინასა და საქართველოს ბევრი საერთო ინტერესი აქვს, როგორც საერთო საშიში მეზობელი. მათ შეუძლიათ ერთად გააკეთონ ბევრი რამ: გააუმჯობესონ თანამშრომლობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, ყველა შესაძლო გზა ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, იქნება ძალიან კარგი. მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა დიპლომატიის, ეკონომიკისა და ინფორმაციის სფეროში. თუმცა, არ ვიცი, ნატოს წევრობისთვის ერთობლივი პაკეტი იქნება თუ არა საუკეთესო გზა, იმიტომ რომ მართალია გაქვთ მსგავსებები, მაგრამ ასევე გაქვთ განსხვავებული ვითარება. ბაიდენის ადმინისტრაციას სჭირდება ჰქონდეს სტრატეგია რეგიონთან დაკავშირებით. საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, ასევე საჭიროა, ეკონომიკურ სფეროშიც კონკურენცია. ვაშინგტონმა საქართველოს უნდა შეხედოს, როგორც დერეფანს ევროპასა და აზიას შორის, ასევე უნდა მოახდინოს ინვესტირება საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რათა ბიზნესებს მოუნდეთ იქ ჩასვლა და ინვესტიციის ჩადება. ჩემთვის ეს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობას გააუმჯობესებს , არამედ რუმინეთის და ასევე უკრაინის. სამწუხაროდ, ეს ყველაზე ნაკლებად უნდა კრემლს. მოსკოვი ყოველთვის ცდილობს მსგავსი პროექტები გააჩეროს, მაგალითად როგორიცაა: პორტი ანაკლია თუ ტელეკომუნიკაციების ქსელი საქართველოს გავლით. საქართველოს თავის მხრივ, დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ გადაჭრას შიდა პოლიტიკური კრიზისი. ეს ქვეყნის პასუხისმგებლობაა. თქვენი ქვეყნის ყველა მეგობარს სურს, ნახოს საქართველო, რომელიც განაგრძობს საკუთარ გზას დემოკრატიისკენ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, ყველა მხარემ უნდა დაიბრუნოს მოსახლეობის ნდობა," - აცხადებს ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.

შსს-მ დმანისის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და განზრახ უკანონოდ დაკავების ბრალდებით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე შ.ზ. დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

თურქეთის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა

"ჩვენი მთავარი მიზანია, შავი ზღვა იყოს მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან, ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია, ყირიმის არ აღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, კვლავ მტკიცედ უცვლელია. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა მხარეებს მოუწოდებს, უკრაინაში არსებული კრიზისი მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოაგვარონ. ვლადიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ერდოღანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთს არ აქვს ფუფუნება ზურგი შეაქციოს არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს თურქული მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში მონტრეს კონვენციის ფარგლებში 2 სამხედრო გემს გაგზავნის

17 აპრილს, პრინც ფილიპის დაკრძალვას, მეგან მარკლი არ დაესწრება

ედინბურის ჰერცოგის, პრინც ფილიპის დაკრძალვა 17 აპრილს, უინძორების სასახლეში, ოჯახურ გარემოში გაიმართება. ექიმის რეკომენდაციით, პროცესიაში მონაწილეობას არ მიიღებს საქსესის ჰერცოგინია, მეგან მარკლი, რომელიც მეორე შვილს ელოდება. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენლების განცხადებით, ცერემონია Covid-19-ის რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და პანაშვიდზე დამსწრე პირთა წრე შეიზღუდება, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, სამეფო ოჯახის წევრები, ნიღბებს ატარებენ თუ არა. სამეფო ოჯახის ინფორმაციით, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი თავად მონაწილეობდა დაკრძალვის დაგეგმვაში და ყველაფერი მისი სურვილის შესაბამისად გაიმართება. 99 წლის ჰერცოგი პარასკევს გარდაიცვალა.

თბილისში, ვარკეთილში სუპერმარკეტი დაიწვა

თბილისში, ვარკეთილში ხანძარი იყო. ცეცხლი ხომლელის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტს გაუჩნდა და მთელს მაღაზიას სწრაფად მოედო. ადგილზე 7 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად 60-მდე კვ.მ. ფართი დაიწვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში საძიებო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და მობილიზებულია დამატებითი ძალები. „პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს ექვსი მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს რვა ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით. შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში. ცნობისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე მდინარეში შევიდა და სავარაუდოდ, გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. სამართალდამცველებმა საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.

თენგიზ ცერცვაძე:  COVID19-ის მესამე ტალღა არ უნდა დავუშვათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის თვალსაზრისით, საქართველოსთვის ყველაზე კრიტიკული დღეებია. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ატარებენ პირბადეს, უარს იტყვიან ხალხმრავალ შეკრებებსა და ყველანი ვაქცინაციას ჩაიტარებენ, ამით ქვეყანა მესამე ტალღას გადაურჩება. „არ უნდა დავუშვათ მესამე ტალღა, იმიტომ რომ მას დიდი უხერხულობები მოჰყვება. მათ შორის კლინიკურ სექტორის გადაძაბვა, ახალი შეზღუდვები, რასაც ქვეყანა და ეკონომიკა მძიმედ გადაიტანს. ფაქტობრივად არჩევანი არ გვაქვს, ან დღესვე ვიწყებთ პირბადეების გამოყენებას, უარს ვამბობთ ხალხმრავალ ადგილებზე და ყველანი მივაშურებთ ვაქცინაციისაკენ და ამით ჩვენ მესამე ტალღას გადავრჩებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუთავი 2"-ის ეთერში.

ვაზიანის პოლიგონზე 43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. შემაჯამებელ წვრთნებში ტაქტიკური მარში, თავმოყრის რაიონის დაკავება, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, ცეცხლით მხარდაჭერა, დაშავებულის ევაკუაცია და ჩასაფრება განხორციელდა. საბრძოლო სროლებში მონაწილეობა 43-ე ბატალიონის ალფა ასეულმა, სატანკო ოცეულმა, 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულმა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ჯგუფებმა მიიღეს.ორკვირიანი წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გვიან ღამით, აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ერთი სამხედრო დაიღუპა. როგორც გამოცემა იუწყება, გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ცნობით, 6 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 10-ჯერ დაარღვიეს. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეს დილის 07:00 საათის მონაცემებით, სროლის ხმა აღარ ისმის. უკრაინელი სამხედროები რაიონში სიტუაციას აკონტროლებენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 707 ადამიანს დაუდასტურდა, 592 გამოჯანმრთელდა, ხოლო 8 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 396-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.85 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.26%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.50 %.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 277 303-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 877 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 707 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 408 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 26, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 190, საიდანაც: 2 298 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 115, აჭარაში - 352, იმერეთში - 338. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში - 191, აჭარაში - 42, იმერეთში -65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში - 48, აჭარაში - 5, იმერეთში - 6. 309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 - თბილისში, 121 - აჭარაში. 4 583 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 88, ხოლო აჭარაში - 7.სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 163 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 463 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 137 პირი, აჭარაში - 1 958, იმერეთში - 935.

განათლების სამინისტრო: ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასი იმყოფება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში სკოლებში ინფიცირების მაჩვენებელი მცირედით გაზრდილია, თუმცა შიდა გავრცელება კვლავ არ ფიქსირდება. ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა და 174 კლასია. როგორც უწყებაში აცხადებენ, 5-დან 10 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,2%-ს და მოსწავლეთა 0,4%-ს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში, ქვეყნის მასშტაბით, 98 პედაგოგია. „ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ როგორც მოსწავლეები, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები სკოლებში სრულად დაცულები იყვნენ. იმ სკოლებში კი, სადაც ვირუსი ფიქსირდება, სკოლები პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ და სკოლის ადმინისტრაციის მიერ მყისიერად ხდება შენობის სრული დეზინფექცია“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ბორის ჯონსონი პრინც ფილიპის დაკრძალვას არ დაესწრება

კორონავირუსის პანდემიის გამო, პრინც ფილიპის დაკრძალვას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ დაესწრება. ინფორმაციას Sky News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პანდემიის შედეგად შემოღებული შეზღუდვების გამო, პრინცი ფილიპის დაკრძალვას მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება. „ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დაკრძალვაზე არ მივა, რადგან სურს, რომ პრინც ფილიპს სამეფო ოჯახის რაც შეიძლება მეტი წევრი დაემშვიდობოს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გამოცემა ეყრდნობა. ცნობისთვის, პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი ისრაელში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმ ოსტინი ისრაელში ჩავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, ეს ოსტინის პირველი ვიზიტია ისრაელში ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტი ისრაელის მიერ ირანის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. ორდღიანი ვიზიტის დროს ოსტინი უნდა შეხვდეს პრემიერ ნეთანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, მოიცავს ისრაელისთვის აშშ-ს იარაღის მიწოდების საკითხის განხილვას. აღსანიშნავია, რომ ისრაელი დიდი ხანია აკრიტიკებს გარიგების საკითხს, რომლის მიხედვითაც ირანის ბირთვული შესაძლებლობების დროებითი შეზღუდვა ხდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თეირანს ბომბების წარმოების გზას გაუხსნის. ბოლო კვირების განმავლობაში ისრაელმა და ირანმა განაცხადეს ზღვაში მათი გემების საბოტაჟის შესახებ. სირიამ ისრაელი დაადანაშაულა მის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებში. ისრაელი აცხადებს, რომ ის ცდილობს შეაჩეროს ირანის ძალების მომატება სირიის სიახლოვეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, კი ოსტინი ისრაელს "მჭიდრო კონსულტაციების გასაგრძელებლად" ეწვევა. ცნობისთვის, შტატების წარმომადგენელი ასევე გეგმავს, რომ გერმანიაში შეხვედრები გამართოს გერმანიის თავდაცვის მინისტრთან და კანცლერის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩეველთან, რათა "გააძლიერონ შეერთებული შტატების მნიშვნელობა ორმხრივ თავდაცვით ურთიერთობებში". ოსტინის მარშრუტი ასევე მოიცავს ვიზიტს ბელგიაში, სადაც დაგეგმილია NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილავენ თუ როგორ უმკლავდება NATO რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის ქცევას, ჩინეთის განვითარებას, ტერორიზმსა და ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა COVID-19 და კლიმატის ცვლილება. და ბოლოს, ოსტინი დიდ ბრიტანეთში შეხვდება ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს თავდაცვის საკითხებში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 16 694 ადამიანი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 16 694 ადამიანია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. მათივე მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1457 ადამიანია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა Pfizer ვაქცინით და რამდენი Astrazeneca-თი.

დონალდ ტრამპის განცხადებით, 2022 წელს ,,რესპუბლიკურ პარტიას" არჩევნების მოგებაში დაეხმარება

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დადო პირობა, რომ 2022 წლის არჩევნებში ,,რესპუბლიკურ პარტიას" კონგრესში ადგილების მოპოვებაში დაეხმარება. Reuters-ის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წლის არჩევნების შემდეგ, 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ,,რეპუბლიკური პარტიის" კანდიდატი გაიმარჯვებს. მიუხედავად დადებული პირობისა, ტრამპმა შაბათს მკაცრად გააკრიტიკა სენატის უმცირესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. ,,მე თქვენს წინაშე ვდგავარ ამ საღამოს დარწმუნებული, რომ 2022 წელს ჩვენ ვაპირებთ უკან დავიბრუნოთ წარმომადგელთა პალატა და სენატი. 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა უნდა მოიგოს არჩევნები ”, - თქვა ტრამპმა პარტიის წარმომადგენლების შეკრებაზე.

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეარჩია პირველი არაბი ქალი, რომელიც ასტრონავტობისთვის ემზადება

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა შეარჩია პირველი არაბი ქალი, რომელიც ასტრონავტობისთვის ემზადება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, პირველი არაბი ქალი ემირატის მოქალაქე 27 წლის ნორა ალ-მატროოშია, რომელიც მანქანათმშენებლობის კურსდამთავრებულია. ის ამჟამად მუშაობს აბუ დაბის ნავთობის სამშენებლო კომპანიაში. დუბაის კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნორა ალ-მატროოში იყო 4 300 განმცხადებელს შორის ერთ-ერთი, რომელიც სამეცნიერო შესაძლებლობების, განათლების, პრაქტიკული გამოცდილების მიხედვით შეაფასეს. ამასთანავე, შეფასების კრიტერიუმს მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომზადებაც დაემატა. NASA-ს გუნდს 2021 წელს საემიროებიდან სულ 4 ადამიანი შეუერთდა. Reuters-ი ცნობით, არაბთა გაერთიანებული საემიროები იყენებს თავის კოსმოსურ პროგრამას, რათა განავითაროს სამეცნიერო და ტექნოლოგიური შესაძლებლობები და შეამციროს ნავთობზე დამოკიდებულება.

Reuters: ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა

Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. გამოცემის ცნობით, ოფიციალური თეირანი ამბობს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ბირთვული დაბინძურება მომხდარა. სავარაუდოდ, ხარვეზი ელექტრომამარაგების სისტემაში მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.