ძებნის რეზულტატი:

გია გაჩეჩილაძემ და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს

„დედაენის ბაღში" გია გაჩეჩილაძემ, იგივე "უცნობმა" და მისმა თანამოაზრეებმა „საქართველოს და ქართველი ხალხის მარადისობის დღე“ დააფუძნეს. გია გაჩეჩილაძემ შეკრებილებს მიმართა, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღის დაფუძნებაში მონაწილეობა მიეღოთ. "დედაენის ბაღში" შეკრებილებმა ხელი მოაწერეს დაფაზე, სადაც წარწერა იყო დატანილი „მოაწერე ხელი-გახდი თანადამფუძნებელი". გია გაჩეჩილაძე და თანამოაზრეები თავდაპირველად ევროპის მოედანზე შეკრიბნენ. შემდეგ მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ღონისძიება „დედაენის ბაღში" დასრულდა.

ივერთუბანში 9 აპრილს დაღუპული თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ივერთუბანში 9 აპრილს დაღუპული თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიამ მიიღო. ქუჩის გახსნას კომისიის თავმჯდომარე, დეპუტატი რიმა ბერაძე, ასევე თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

უნგრული რადიოარხი 9 აპრილის ეთერს  საქართველოს მიუძღვნის

2021 წლის 9 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, უნგრული რადიოარხი Klasszik Radio, მაყურებელს შესთავაზებს გადაცემას „საქართველო დღეს“, რომელიც მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, Klasszik Radio-ს ეთერში უკვე ისაუბრა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს და მის მნიშვნელობას, რამაც დააჩქარა არა მხოლოდ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა, არამედ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მთელი საბჭოთა იმპერიის რღვევაზე. ზაალ გოგსაძის განცხადებით, 9 აპრილი არის საქართველოს დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დაბრუნების სიმბოლო. საქართველოს ელჩის განმარტებით, უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. რადიოარხ Klasszik Radio-ს ეთერში ზაალ გოგსაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართულ-უნგრულ ურთიერთობების მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. „9 აპრილს, უნგრულ რადიოარხ Klasszik Radio-ს ეთერში, მსმენელს მთელი დღის მანძილზე, საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები და საინტერესო ინტერვიუები უნგრელ ქართველოლოგთან ჰაინალკა ბაბირაკთან, ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის ხელმძღვანელთან ბენედეკ ჟიგმონდთან, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას; ბუდაპეშტის ლისტის აკადემიისა და ნიუ იორკის ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა ქართველ პიანისტთან და კომპოზიტორთან ნიკა ნამორაძესთან, უნგრელი ფოლკლორისტისა და ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის ქალიშვილთან ესტერ იშტვანოვიჩთან; უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის შვილთაშვილთან ელისაბედ ჩიჩერი-რონაისთან და ბუდაპეშტში მოქმედი ქართული რესტორნის „არაგვის“ მეპატრონესთან ბონდო ქანთარიასთან. აღსანიშნავია, რომ რადიოარხის მსმენელებისთვის ჩატარდება ვიქტორინა საქართველოს თემაზე: „რა შეიტყვეთ საქართველოს შესახებ დღევანდელი ეთერიდან?“, სადაც გათამაშდება ქართული ღვინო და ვახშამი ორ პერსონაზე ქართულ რესტორანში „არაგვი“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, აშშ შავ ზღვაში მონტრეს კონვენციის ფარგლებში 2 სამხედრო გემს გაგზავნის

Anadoly Agency-ს ინფორმაციით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს მიაწოდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში ორ სამხედრო გემს მონტრეს კონვენციის ფარგლებში აგზავნის. მათივე ცნობით, ამერიკელი სამხედრო გემები შავ ზღვაში 4 მაისამდე დარჩებიან. დიპლომატიური წყაროების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ამის შესახებ 15 დღის წინ შეატყობინა. „ჩვენ შეგვატყობინეს, რომ აშშ ორ სამხედრო გემს აგზავნის შავ ზღვაში. ეს შეტყობინება, წესების დაცვით, გემების შემოსვლამდე 15 დღით ადრე მიიღო“, – წერს თურქული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით. შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად ვაშინგტონი შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას აპირებს. ზურაბ ბატიაშვილი: თუ თურქეთმა აშშ-ს შავი ზღვის აუზი გაუხსნა, საქართველომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა დააჩქაროს და სამხედრო დანიშნულებაც მიანიჭოს.

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახს

"საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრინცი ფილიპეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ღრმა მწუხარებით შევიტყვე ედინბურგის ჰერცოგის, მისი სამეფო უმაღლესობის, პრინცი ფილიპეს გარდაცვალების შესახებ. ამ მწუხარების ჟამს საქართველოს მთავრობისა და ჩემი სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“, - დაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Twitter-ზე. 99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

უკრაინის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შაბათს თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას Anadoly Agency ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ზელენსკი თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -9 შეხვედრის ფარგლებში ეწვევა ქვეყანას. სავარაუდოდ, საბჭოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და ტურიზმი იქნება. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კიევს ეწვია თურქეთ-უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე -8 შეხვედრის ფარგლებში.

მარინა კალიურანდი: ვწუხვარ გალის რაიონის 4 მკვიდრის გარდაცვალების გამო. ეს ტრაგედია ასახავს იმ ტკივილს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იტანს

"ღრმად დამწუხრებული ვარ გალის რაიონის ოთხი მკვიდრის გარდაცვალების გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას დაიხრჩვნენ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებსა და მეგობრებს", - ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას საქართველოს ოთხი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და გარდაცვლილთა ოჯახს სამძიმარს უცხადებს. ევროპარლამენტარი Twitter-ში განცხადებას აქვეყნებს. "ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტანჯვას, რომელსაც იტანენ ადგილობრივები, რომლებიც ადრე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ - მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში“ - აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებს თავს დაესხნენ და მათზე ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ თანამშრომლებზე თავდასხმა კრიტიკულ მედიასაშუალებაში მუშაობას უკავშირდება. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მორიგი ფაქტია და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, დროულად მოახდინონ რეაგირება და გამოიძიონ საქმე.

აშშ-ს საელჩო: ვგმობთ ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმის და ვანდალიზმის ფაქტს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. აღნიშული განცხადება საელჩომ დღეს გაავრცელა. "ამ თავდასხმას ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ტელეკომპანია ფორმულას ორი თანამშრომლის განცხადებით, ქვემო ქართლში მდებარე სოფელ გამარჯვებაში, მათ თავს დაესხნენ და მზღოლს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენეს. მათივე თქმით, თავდამსხმელებმა ტელეკომპანიის მანქანას მინები ჩაუმსხვრიეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია ფორმულას ორ თანამშრომელზე თავდასხმის ფაქტებს ეხმაურება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქავმი, გამოძიება დაწყებულია ავტომობილის დაზიანების ფაქტზე, ხოლო ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ მათ შეტყობინება არ მიუღიათ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა, რომ არის ტელეკომპანია "ფორმულას" მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მეორე ფაქტს, რომელზეც ტელეკომპანია "ფორმულა" საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა. ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს", - ვკითხულობთ განცხადებაში. ტელეკომპანია "ფორმულას" ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ

ლიეტუვა NATO-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დააჩქაროს და MAP-ი მისცეს

ლიეტუვა გეგმავს NATO-ს წევრ ქვეყნებს შესთავაზოს, უკრაინას ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მისცეს. unian.info-ს ცნობით, ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. ლანდსბერგისის თქმით, უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ძლიერი სიგნალი იქნება, რომ უკრაინა ტრანსატალნტიკურ გზას ირჩევს, რაზეც NATO-ს წევრებისგან უკუკავშირს იღებს. “ჩვენ მალე უნდა მივმართოთ კოლეგებს წერილით, რომ კიდევ ერთხელ განიხილონ უკრაინისთვის MAP-ის მიცემა. დარწმუნებული ვარ, ნატოს შეუძლია კიდევ გაიმეოროს უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის შეთავაზება და ჩვენ ახლახან დავიწყეთ საკითხის განხილვა ბალტიის ქვეყნებთან. ”ჩვენ ალბათ ყველა, დღეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმის გამო რაც წარსულში დროულად არ მოვიმოქმედეთ. უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რუსეთი ყირიმის ანექსიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ომის დაწყებას ვერ შეძლებდა. სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გზაზე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას უნდა დაეხმარონ რეფორმების განხორციელებაში, ”,- განაცხადა ლანდსბერგისმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე. უკაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. რამდენიმე კვირის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი NATO-ს ქვეყნებთან კონსულტაციას გადის და იმ ზომებს განიხილავს, რაც შესაძლოა მოსკოვის წინააღმდეგ მიიღონ. "აშშ და ევროკავშირი შეთანხმდნენ, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას“, - ამის შესახებ კი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი ბათუ ქუთელია: დღეს ისე ახლოს ვართ NATO-ში გაწევრიანებასთან, როგორც არასდროს, თუ სწორ გზას ავირჩევთ თენგიზ ფხალაძე: შეიძლება NATO-ს წევრობის „შესაძლებლობის ფანჯარა“ ახლა გაიხსნას და თუ მზად არ ვიქნებით, ისევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი

თეთრი სახლი: 2014 წლის შემდეგ რუსული ძალები უკრაინის საზღვარზე ყველაზე მეტია

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ სულ უფრო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ბოლოდროინდელი ესკალაციით, მათ შორის რუსული ჯარების უკრაინის საზღვართან გადაადგილების გამო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე თქმით, აშშ ამ საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან განიხილავს. „რუსეთს უკრაინასთან საზღვარზე უფრო მეტი ჯარი ჰყავს, ვიდრე ოდესმე ჰყავდა 2014 წლიდან. მხოლოდ მიმდინარე კვირას ხუთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ეს ყველაფერი ღრმა შეშფოთებას იწვევს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 8 აპრილს ტელეკომპანია CNN-მა პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილმა  დათა ვანიშვილი, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისთვის, სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობის გამოვლენისთვის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დავით ვანიშვილი, სიკვდილის შემდეგ, მედლით „სამოქალაო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა დათა ვანიშვილის ოჯახის წევრებს გადასცა. ორბელიანების სასახლეში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

14 აპრილს NATO-ს გენერალური მდივანი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს ლოიდ ჯეიმ ოსტინს 14 აპრილს შეხვდება. ინფორმაციას NATO-ს პრესსპიკერი ოანა ლუნგესკუ ავრცელებს. როგორც ცნობილია შეხვედრა ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში გაიმართება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება ალიანსის ვებსაიტებზე და NATO-ს სოციალური მედიის არხებზე. COVID-19 შეზღუდვის გამო, მედიის დასწრება შეზღუდული იქნება.

სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადების დრო მოვიდა

"სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადების დრო მოვიდა", - ამ ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოვიდა. "ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს შეამჩვენებს და საჭიროა ყველასთვის, ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ, მგონი დრო მოვიდა, მორატომიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ატმოსფერო და განწყობები ქვეყანაში. ჩვენ ვართ განწყობების ქვეყანა და განწყობა რომ შეიცვლება, სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ასი წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მემორიალების შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინიციატივის შესახენ უკვე გაეგზავნა წერილი მთავრობას, თბილისის მერიას და შესაბამის უეყებებს. "დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მე მინდა ორი ინიციატივა წამოვაყენო, პირველი ინიციატივაა, ასი წლის თავზე შევქმნათ ერთგვარი ერთიანი მემორიალი, ერთიანი კი არა, მრავალი მემორიალები ვაკის პარკში. იმისთვის, რომ ყველა, ვინც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მათთვის იყოს ადგილი მიკუთვნილი. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, რომ მათ პატივი მიაგოს; სადაც საშუალება გვექნება, ვასწავლოთ ახალგაზრდა თაობებს ასი წლის ბრძოლების ისტორია, სადაც უცხო სტუმრებს უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად. რაც დღეს ხდებოდა ცხრა აპრილის მემორიალთან და ხდება, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, ყოველ წელს, არის მიუღებელი - ეს არაა ფორმა, რითაც უნდა ვაგებდეთ პატივს და ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის მეორე ინიციატივა, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენაზე მორატომიუმის გამოცხადებას ეხება. "ინიციატივა, რომელიც დღევანდელ დღეს შეამჩვენებს და საჭიროა ყველასთვის, ეს არის არა ჩემი, არამედ საზოგადოების მოთხოვნა და მე მინდა ამ საშუალებით თქვენ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს აქ არ იმყოფებიან, გადავცეთ, მგონი დრო მოვიდა, მორატომიუმის გამოცხადების სიძულვილის და შეურაცხყოფის ენაზე. თავი რომ შევიკავოთ ამისგან, მე მგონი, შეიცვლება ზოგადად ატმოსფერო და განწყობები ქვეყანაში. ჩვენ ვართ განწყობების ქვეყანა და განწყობა რომ შეიცვლება, სხვანაირად შევხედავთ ერთმანეთს და მომავალს, ეს ყველას გაგვაძლიერებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

4-11 მაისი  საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი. "პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია",- ნათქვამია ინფორმაციაში.

საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც, მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება. აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დადგენილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას, რაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების მესამე ტალღას და, შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ააცილებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. პარალელურად, პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება აქტიური მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებლებსა და პარტნიორ სახელმწიფოებთან, დამატებითი დოზების რაც შეიძლება მოკლე ვადაში მობილიზების მიზნით. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი. "პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია",- ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადება ეხება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს

"უქმე დღეები ნიშნავს, რომ ის არის ყველასთვის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორისთვის", – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. „რაც შეეხება თარიღებს როგორც მოგეხსენებათ, მანამდე დღესასწაულებია, შემდგომ შაბათ-კვირა უწევს, შემდგომ ისევ დღესასწაულია 12 მაისი, შესაბამისად, ეს დღეთა რაოდენობა იქნა ამის მიხედვით განსაზღვრული“, – განაცხადა ღიბრაძემ. რაც შეეხება დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ღიბრაძის თქმით, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებული რეკომენდაცია ნიშნავს, რომ დამსაქმებელმა ამის შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს.

თამარ გაბუნია: დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ არსებული შეზღუდვები, მათ შორის "კომენდანტის საათი" შევამსუბუქოთ

"ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ არსებული შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათი“ შევამსუბუქოთ", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, იმატებს როგორც ინფიცირების შემთხვევები, ასევე დადებითობის მაჩვენებელი, "საყურადღებოა". „შემთხვევები იმატებს და ასევე იმატებს დადებითობის მაჩვენებელი. 2%-ს გადავცდით, რაც რა თქმა უნდა, საყურადღებოა და ნიშნავს, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც იყენებს ევროპის ბევრი ქვეყანა და ჩვენზე უარესი რეგულაციებია იმ ქვეყნებში დაწესებული, რადგან უკიდურესად საჭიროა. ჩვენ გვესმის მოქალაქეების წუხილი და დისკომფორტი, მაგრამ დღეს ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ომბუდსმენი: მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ "ფორმულას" თანამშრომლებზე მომხდარი თავდასხმები

სახალხო დამცველი ტელეკომპანია "ფორმულას" თანამშრომლების მიმართ თავდასხმების შესახებ ცნობებს ეხმიანება და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი. ამის შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა "9 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. მაუწყებლის ცნობით, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო მეორეს - ავტომანქანა დაუზიანეს. დაზარალებულები თავდასხმებს კრიტიკულ მედიასაშუალებაში საქმიანობას უკავშირებენ. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ეს არ არის ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის პირველი შემთხვევა. 25 თებერვალს ჟურნალისტური საქმიანობის გამო, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ვახო სანაიას. მედიის წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მიმართ ბოლო პერიოდში გახშირებული ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარის და დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების თაობაზე სახალხო დამცველი საკმაოდ ვრცლად საუბრობს თავის 2020 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშში. სახალხო დამცველი გმობს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილ ყველა სახის ძალადობას და ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმები. ამასთან, დაუსჯელობის გარემოს შექმნისა და წახალისების თავიდან აცილების მიზნით, გამოკვეთონ და დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ჟურნალისტთა და ტელეკომპანიების წარმომადგენელთა წინააღმდეგ წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ინციდენტებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას და თანამდებობის პირს, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიერ საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში.