ძებნის რეზულტატი:
გიგი უგულავა: მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა
"მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა", - ამის შესახებ განცხადება გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა და განაცხადა, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა. როგორც უგულავამ აღნიშნა, პარტიას განახლება სჭირდება...გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ. მისი თქმით, ის აპირებს იყოს უპარტიო და ისე იბრძოლოს. "დღეს მე არ ვიქნები ევროპული საქართველოს ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე . 2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია, რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ. პარტიას განახლება სჭირდება, განახლება რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ. მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზე ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ "ევროპული საქართველოს" პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ. მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, "ევროპულ საქართველოსთანაც" ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ. პ.ს. ამ თემაზე აღარ ვაპირებ საჯარო საუბარს თუ დისკუსიას. შესაბამისად, მედიას უმორჩილესად გთხოვთ, ინტერესის შემთხვევაში, ისარგებლოთ ამ განცხადებით”,- წერს უგულავა.
ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 2 ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ლევან თარხნიშვილმა პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა
"ჩემი წარმოდგენა პარტიის მომავალზე და ზოგიერთების, ერთმანეთს არ დაემთხვა. შესაბამისად ჩემი ცხოვრების ეს ფურცელი გადაიფურცლა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი, ლევან თარხნიშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, მათი ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება. „მადლობა ყველას, ვისთანაც ერთადაც ვიბრძოდით და ვაშენებდით "ევროპულ საქართველოს". გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა "ქოცების" წინააღმდეგ გრძელდება. მე ამ ბრძოლაში გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ ამ ჭირის მოსაცილებლად. მერესა მერე იყოს“, - წერს ლევან თარხნიშვილი. "ევროპული საქართველო" დატოვეს გიგი უგულავამ და დავით ბაქრაძემ. "ევროპული საქართველო" დღეს ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევს.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. პარტიის გენერალურ მდივნად წარდგენილია აკაკი ბობოხიძის კანდიდატურა, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ გიგი წერეთლის კანდიდატურა. პარტიას ასევე ეყოლება საგარეო საქმეთა პოლიტიკური მდივანი, სადაც გიორგი კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი. დღეს ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ დატოვეს. ასევე პარტია დატოვა ლევან თარხნიშვილმაც.
გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო - "ევროპული საქართველო" გიორგი გაბაშვილმაც დატოვა
"გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო", - "ევროპული საქართველოს" ყრილობის პარალელურად, პარტია დატოვა გიორგი გაბაშვილმაც დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. ევროპულ საქართველოში, ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!" - წერს გაბაშვილი.
ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელი არის და იქნება სხვაშიც - გივი თარგამაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა
ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელი არის და იქნება სხვაშიც - გივი თარგამაძემ „ევროპული საქართველო“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწერა. „ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრეფის მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ, თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია. მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმც, უკვე გარედან, უცვლელია. რაც შეეხება მომავალს – მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები. ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ, მთავარია – სამშობლო დამიბეჩავა – ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ფორმა – მოიძებნება“, - წერს გივი თარგამაძე.
მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მოსახლეობა აქციას მართავს
მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეებში მოსახლეობა აქციას მართავს როოგრც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სოფელს წლებია მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურება და ადგილობრივებს პენსიის ასაღებად, მედიკამენტების შესაძენად თუ პროდუქტის მოსამარაგებლად ქობულეთამდე რამდენიმეკილომეტრიანი გზის გავლა ფეხით უწევთ. სოფელში 300-მდე ოჯახია და მათი განცხადებით, უმრავლესობას არც ავტომობილი ჰყავს და აღარც იმის საშუალება აქვთ, რომ ტაქსი დაიქირავონ. ადგილობრივები ამბობენ, რომ დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
შარლ მიშელი: ანკარაში მომხდარი ვიზიტის შემდეგ, ძილთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ანკარაში მომხდარი ვიზიტის შემდეგ ძილთან დაკავშირებით პრობლემები დაეწყო, რადგან მომხდარ ინციდენტს ვერ ივიწყებს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემასთან Handelsblatt-თან ისაუბრა. შარლ მიშელის განცხადებით, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ანკარაში სხვაგვარად მოიქცეოდა. საქმე ეხება თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი ერთად იმყოფებოდნენ. სამ კაციან შეხვედრაზე, მასპინძელმა მხარემ მხოლოდ ორი სკამი დადგა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შეხვედრისთვის მხოლოდ ორი სკამი იყო - ერთი თურქეთის პრეზიდენტისთვის, ერთი კი - შარლ მიშელისთვის, ურსულა ვონ დერ ლეიენმა გაკვირვება გამოხატა.ევრო კომისიის ქალი პრეზიდენტი სკამის გარეშე, ფეხზე დარჩა. მოგვიანებით, მოშორებით მდგარ დივანზე ჩამოჯდა. შარლ მიშელის განცხადებით, ის უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან ევროკომისიის ქალბატონი პრეზიდენტისთვის, სკამის დროულად დათმობა ვერ შეძლო, რაზეც ძალიან სწუხს.
"არა ბეტონს იპოდრომზე" - მოსახლეობა აქციას მართავს
"არა ბეტონს იპოდრომზე" - იპოდრომზე მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი მერიისგან პარკის პროექტის შეჩერებასა და ახალი პროექტის წარდგენას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მერიამ პროექტი გაუმჭვირვალედ დაამტკიცა, აზრი კი არც მოქალაქეებს და არც სპეციალისტებს ჰკითხა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მერიის შემუშავებული პროექტში ბევრი ბეტონი და შენობაა, რაც პარკს მთლიანად უცვლის დანიშნულებას. "მოვითხოვთ შეწყვიტონ იპოდრომის ისტორიული მნიშვნელობის წაშლა. მოვითხოვთ ალტერნატიული პროექტის დამუშავებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქალაქის, უბნის და თავად იპოდრომის განაშენიანების სპეციფიკა, მოსახლეობის და იპოდრომის “მომხმარებლების” აზრი და რეალური საჭიროებები. მოვითხოვთ, პროექტი აკმაყოფილებდეს საჯარო პროექტისთვის შესაბამის ღიაობას და სიაშკარავეს" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
სმოლენსკის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან პოლონური ავიალაინერი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96 მგზავრი. მათ შორის - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე. პოლონეთის მთავრობის წევრები, სმოლენსკში, კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ. 2011 წელს ინციდენტის გამოძიებაზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისო კომისიამ დაასკვნა, რომ კატასტროფა ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია. თუმცა, პოლონეთის მოქმედი მთავრობა ამ დასკვნას არ დაეთანხმა და სმოლენსკის კატასტროფის მიზეზების დასადგენად ალტერნატიული კომისია ჩამოაყალიბა. 2020 წელს პოლონეთის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს, ტროტილი განათავსეს.
ჩრდილოეთ ირლანდიაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მორიგი შეტაკება მოხდა
ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა. მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. დაწვეს ავტომანქანები. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო ტალღა უკვე ერთი კვირაა გრძელდება. პროტესტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგად, ჩრდილოეთ ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს დანარჩენ ტერიტორიას შორის წარმოქმნილი ახალი სავაჭრო ბარიერების მიზეზით დაიწყო. სერიოზული არეულობა და შიდა დაპირისპირება, გამოწვეულია „ბრექსიტთან“ დაკავშირებული ვაჭრობის ახალი წესების გამო. რამდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ირლანდიის ხელისუფლებამ საგანგებო სხდომა მოიწვია. ჩრდილოეთ ირლანდია დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ნაწილია, რომელიც იმართება პროტესტანტულ და კათოლიკურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული მყიფე შეთანხმებით. ჩრდილოეთ ირლანდიის მოსახლეობის ერთი ნაწილი თავს მიიჩნევს ბრიტანელებად, ნაწილი - ირლანდიელებად. ახალმა სავაჭრო წესებმა და სხვა ცვლილებებმა, რაც 2020 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირიდან გასვლის („ბრექსიტის“) პროცესის დასრულების შედეგად იქნა მიღებული, კიდევ უფრო გააღრმავა ისტორიული უთანხმოება ჩრდილოეთ ირლანდიის შიგნით. 7 აპრილს ბელფასტში უმართავმა ბრბომ „მშვიდობის კედელთან“, რომელიც შენკილ როუდს ირლანდიელი ნაციონალისტების რაიონისგან ყოფს, პოლიციის თქმით, „ჩაიდინა სერიოზული დანაშაული“, რის შედეგადაც დაშავდ 55 პოლიციელი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, და ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინმა, ძალადობის მონაწილეებს კრიზისის აღკვეთისა და დიალოგისკენ მოუწოდეს.
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დასახლებული ტერიტორია დანაღმეს და კონფლიქტის ზონა დაბომბეს
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კონფლიქტის ზონა დაბომბეს და დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით, ტერიტორია დანაღმეს. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, დაბომბვის შედეგად ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. "მოწინააღმდეგემ ცეცხლი სხვადასხვა სისტემის ნაღმმტყორცნებიდან და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან გახსნა. კიევში აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების მებრძოლებმა დასახლებულ პუნქტ ზაიცევოს მიმართულებით ტერიტორია დანაღმეს", - აცხადებენ უკრაინის „გაერთიანებული ძალების ოპერაციის“ შტაბში. უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრა. საფრანგეთმა რუსეთს მოუწოდა, უკრაინის საზღვართან ჯარების გადაადგილების მიზნობრიობა ეუთო-ს საშუალებით განმარტოს. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაციები და უკრაინის დაშინება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO შეშფოთებულია უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებების გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბრისას ის დაარწმუნა, რომ უკრაინა რუსეთის აგრესიის წინაშე არასდროს დარჩება მარტო.მიისვე თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დონბასში ომის დასრულების ერთადერთი შესაძლებლობაა.
დავით ზალკალიანი: საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოთხი მოქალაქის გამო
2021 წლის 7 აპრილს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი,Twitter-ში ეხმაურება. მისი თმით, საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული ოთხი მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციით გამოწვეული შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. "ეროვნული დროშა დაშვებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლობებზე, ვინაიდან დღეს საქართველო გლოვობს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაღუპული საქართველოს 4 მოქალაქის გამო, რაც რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ადამიანის უფლებების შელახვით გამოწვეული, დამანგრეველი შედეგების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას", – წერს ზალკალიანი.
სასამართლომ "რიონის ხეობის მცველის" ლაშა ქუთათელაძის დაკავება უკანონოდ სცნო
"რიონის ხეობის მცველი“ ლაშა ქუთათელაძე, რომელიც ხეობაში გადაადგილების დროს დააკავეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. დაკავებული პოლიციის განყოფილებას სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ დატოვებს. „მოსამართლემ არ ცნო პირი სამართალდამრღვევად და შეწყვიტა სამართალწარმოება, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევას, რის საფუძველზეც იყო ოქმი შედგენილი, ეს არის პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა, რასაც ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს ლაშა ქუთათელაძის უფლებადამცველი, საია-ს იურისტი სალომე სალდაძე. ლაშა ქუთათელაძე 9 აპრილს გვიან ღამით დააკავეს, როდესაც ის სოფელ ნამოხვანში ბრუნდებოდა ქუთაისი-ალპანის გზით. პოლიციამ - რომელიც აქტივისტებს რიონის ხეობაში გადაადგილებას უზღუდავს - ქუთათელაძე, ორ თანმხლებ პირთან ერთად, გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. „კიდევ ერთხელ დასაბუთდა პოლიციის აშკარა უკანონობა, რასაც რიონის ხეობაში ადგილობრივების მიმართ ახორციელებს“, - აცხადებს საია-ს ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილიდან. სოფელ გუმათში საპოლიციო ძალები აკონტროლებენ ხეობის შესასვლელს. გზა გადაკეტილია რკინის ჯებირებით და პოლიციელები ამოწმებენ როგორც კერძო, მსუბუქ ავტომანქანებს ასევე სამგზავრო მიკროავტობუსებს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველები არ ატარებენ იმ პირებს, რომლებიც მათი მოსაზრებით შესაძლოა სოფელ ნამოხვანში კარვებში მყოფ აქტივისტებს შეუერთდნენ. 4 აპრილს რიონის ხეობაში პოლიციელებმა წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მიზეზით დააკავეს ზარათში მცხოვრები მირიან მაღლაფერიძე, რომელიც იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. მაღლაფერიძემ პოლიციელებს უთხრა, რომ მეზობელ სოფელში პურის საყიდლად სურდა წასვლა. „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოფელ ნამოხვანში 167 დღეა კარვებია გაშლილი. აქტივისტებმა ერთი კვირის წინ, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდა, კარავი გაშალეს სოფელ გუმათშიც. სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორის მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა. კომპანიამ გასული წლის ზაფხულიდან რამდენიმე ადგილზე ერთდროულად დაიწყო მშენებლობა და მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე აშენებულია 500 ადამიანზე გათვლილი დროებითი ბანაკი, დაწყებულია ბეტონის ქარხნის და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზებისა და ხიდების მშენებლობა.
თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამობრუნდა - გარდაიცვალა1 ადამიანი, 26 კი დაშავდა
თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამობრუნდა - გარდაიცვალა1 ადამიანი, 26 კი დაშავდა. ამის შესახებ თურქეტში რუსეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი . ავტობუსი, რომელიც ანტალიიდან კაბადოკიის მიმართულებით მიდიოდა, სავარაუდოდ მოყინულ გზაზე მოცურდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ავტობუსში 32 ადამიანი იმყოფებოდა.
ევროპარლამენტარი: აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება
"აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ალიანსის რამდენიმე წევრი არ დაეთანხმა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას", - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს Twitter-ზე ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს. "აუცილებელია, NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეცდომის გამოსწორება, როდესაც ალიანსის რამდენიმე წევრი არ დაეთანხმა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას. ახლა მოქმედების დროა, რადგან პუტინი იყენებს უსაფრთხოების ვაკუუმს და ატერორებს მეზობლებსა და ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოს", - წერს რასა იუკნევიჩიენე.
საპროტესტო აქციაზე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას შეუერთდნენ ბავშვთა გასართობი ცენტრის მფლობელები, ტუროპერატორები, სასტუმროებს მფლობელები. აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ. დემონსტრაციას ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ დემონსტრანტებს ორი კარავი დროებით ჩამოართვა.
ინდონეზიაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში, კუნძულ იავას აღმოსავლეთით ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესასხებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ინდონეზიის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკური სააგენტოს ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრე 6.7 მაგნიტუდას შეადგენდა.. ხელისუფლებას ცუნამის საფრთხე არ გამოუცხადებია. ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას მსხვერპლი ან ზარალი.
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიის საზღვართან მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს
თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა სირიის საზღვართან მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გვირაბი ქვეყანის არალეგალური გადაკვეთისთვის გამოიყენებოდა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გვირაბის სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია. ასევე პოლიციამ დააკავა 24-კაციანი ჯგუფი, რომელიც გვირაბით ცდილობდა თურქეთში გადასვლას.
დავით ზალკალიანი: უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა "კურიერს" დაუდასტურა, რომ 11 თვიანი პაუზის შემდეგ, კიევში ქართულ დიპლომატიურ მისიას კვლავ ეყოლება ხელმძღვანელი. მინისტრი ამ ნაბიჯის მოტივად უკრაინაში შექმნილ სამხედრო დაძაბულობას ასახელებს და აცხადებს, რომ ის, რაც დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდება, საქართველოსაც ეხება. "ახლა იმის დროს არ არის, ასეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინის გარშემო იძაბება სიტუაცია, რომ ელჩი არ გვყავდეს ადგილზე. ამიტომ, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიკურად. ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, დაზარალდა ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. მთავარი იყო, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინი გაგებით მოეკიდნენ ჩვენს ნაბიჯს. დადგა დრო, კიდევ უფრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. პროცესები ძალიან გვაღელვებს. უკრაინის ოკუპაცია პირდაპირ კავშირშია ჩვენთან მიმდინარე ოკუპაციასთან," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.