ძებნის რეზულტატი:
საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორის შეხვდა. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილიდან იწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე გაივლის. ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება ერთი წლით შეეძლებათ. დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. როგორც საქართველოში ისრაელის ელჩმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში 1 000-მდე საქართველოსმოქალაქეს ისრაელში ლეგალურად დასაქმება შეეძლება „დღეს პატივი მქონდა, შევხვედროდი მინისტრის მოადგილეს, ორმხრივი შეთანხმების განხორციელების ფაზაში გადასვლის მიზნით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა 1 000-მდე ქართველისთვის ჩამოვიდეს და იმუშაოს ისრაელში. აღნიშნული წარმოადგენს ისრაელში საქმიანობის შედარებით ახალ მიმართულებას და ჩვენ განსაკუთრებულად დიდი სიფრთხილით მივუდექით იმ საკითხს, თუ რომელი ქვეყნებისთვის, რომელი მთავრობებისთვის მიგვემართა. ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო“, – განაცხადა ელჩმა რან გიდორმა.
სტრასბურგის სასამართლო: სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება
სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ჩეხეთის მოქალაქის მიერ შეტანილ საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებების შესახებ კანონს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოქალაქისთვის დავალდებულება შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებებში აუცილებელი იყოს. გაჩინების თანახმად, ჩეხეთის ჯანდაცვის ხელისუფლების მიერ სავალდებულო ვაქცინაციის განხორციელება „ბავშვების საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაშია. „აღნიშნული ზომები უნდა შეფასდეს როგორც აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მიზანი უნდა იყოს თითოეული ბავშვის დაცვა სერიოზული დაავადებებისგან ვაქცინაციის ან კოლექტიური იმუნიტეტის გზით“, - აღნიშნულია სასამართლოს დასკვნაში. ჩეხეთის კანონმდებლობით, ბავშვების ვაქცინაცია ცხრა დაავადების, მათ შორის წითელას, ტეტანუსის, დიფტერიის, ყივანახველას და B ჰეპატიტისა წინააღმდეგ სავალდებულოა. სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი იმ ოჯახებმა შეიტანეს, რომლებთა შვილებიც საბავშო ბაღებში აუცრელობის გამო არ მიიღეს და დააჯარიმეს კიდეც, რადგან კანონით გათვალისწინებული სავალდებულო აცრები გაკეთებული არ ჰქონდათ Deutsche Welle-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილება უშუალოდ COVID-19 ვაქცინებს არ ეხებოდა, ექსპერტები თვლიან, რომ მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერჯერობით უარს ამბობდა აცრაზე. „ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას კოვიდ 19- ის ეპიდემიის პირობებში“, - აცხადებს ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ნიკოლას ჰერვიუ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის დიქტატორად მოხსენიების გამო, იტალიის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის მიერ თურქეთის პრეზიდენტის დიქტატორად მოხსენიების გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას Anadoly Agency ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მარიო დრაგიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროკომისიის პრეზიდენტის მიღების დროს მომხდარი პროტოკოლური ინციდენტის გამო გააკრიტიკა და თურქეთის ლიდერს დიქტატორი უწოდა. „მე აბსოლუტურად არ ვეთანხმები თურქეთის პრეზიდენტის საქციელს. ძალიან ვწუხვარ იმ დამცირებისთვის, რომლის გადატანაც მოუწია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს“, - აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა. მარიო დრაგის თქმით, ისეთ დიქტატორებთან როგორიც ერდოღანია საჭიროა გულწრფელი საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ხედვები აქვს ევროკავშირს, თუმცა ამავდროულად თანამშრომლობაც საჭიროა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი განცხადებები პროტოკოლის არცოდნითაა განპირობებული და თურქეთის სტუმართმოყვარეობას ეჭვქვეშ ვერავინ დააყენებს. ცნობისთვის, 6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს.
კელი დეგნანი: 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი
,,1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი. ბერლინის კედლის დაცემიდან ტიანანმენის მოედანზე გმირულ გამოსვლამდე, მსოფლიო უყურებდა, როგორ დადგნენ მოქალაქეები დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად; ბალტიის ქვეყნებში ორმა მილიონმა ადამიანმა სოლიდარობის ნიშნად ხელი ხელს ჩაკიდა; უნგრეთში გახსნეს საზღვარი ავსტრიასთან პიკნიკის მოსაწყობად, ხოლო აქ, საქართველოში, 9 აპრილს 21-მა ადამიანმა უმაღლესი საფასური გადაიხადა, ასობით ადამიანი კი დაშავდა საბჭოთა არმიის ხელით თავისუფლებისთვის მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს. დღეს პატივს მივაგებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რათა უფრო თავისუფალი და წარმატებული მომავალი გვქონოდა. მოდით, ვიყუროთ ასევე წინ სიამაყით, რადგან ჩვენ ამერიკელები და ქართველები ვზეიმობთ დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა დეგნანმა.
პრეზიდენტი: არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია
"არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია", - ასე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლა. პეზიდენტის თქმით, პარლამენტში წლიური მოხსენების წარსადგენად, ეს დღე შეგნებულად აირჩია, რადგან 9 აპრილი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან. "დღეს ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტში, სადაც 30 წლის წინ ხელი მოეწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. 9 აპრილი უფრო ხშირად გაიგივებულია 1989 წლის ტრაგედიასთან და გლოვასთან. თუმცა, 1991 წლის 9 აპრილმა დაძლია ეს ტრაგედია და გადააქცია გამარჯვების სიმბოლოდ. სახელმწიფოსთვის ეს დღე სამმაგი გამარჯვების დღეა! პირველი იმიტომ, რომ 9 აპრილის მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ ტანკებს არ შეუშინდნენ და ხელიდან არ გაუშვეს სამფეროვანი დროშა, არიან გამარჯვების წინამორბედები. ამიტომ, ჩვენ მათ პატივს უნდა ვცემდეთ არა როგორც მსხვერპლს, არამედ როგორც გამარჯვებულებს. მათი გამარჯვებაა, ის რომ 30 წლის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა! მეორე იმიტომ, რომ 9 აპრილი მოჰყვება 31 მარტს, ანუ რეფერენდუმის უდიდეს გამარჯვებას, რომლითაც საქართველომ თავისი ერთსულოვანი ნება გამოხატა. მაშინ არც დამკვირვებლები გვჭირდებოდა, არც გადათვლები, და ვერავინ დააყენებდა ეჭვქვეშ ჩვენს ერთობლივ გადაწყვეტილებას - ქვეყანა გამოცახდებულიყო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ეს იყო გამარჯვება - 70 წლიან საბჭოთა იდეოლოგიასა და ტოტალიტარულ სისტემაზე. სისტემაზე, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა (დღესაც ვიმკით ამის ზოგ შედეგს) დაექუცმაცებინა, დაეშალა საქართველო და ერთმანეთთან დაეპირისპირებინა საქართველოს მოქალაქეები. მესამე იმიტომ, რომ 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი ნიშნავს, რომ ყველამ ერთად გაიმარჯვა - 1921 წლის იუნკერებმა, 1923 წელს დახვრეტილმა ოფიცრებმა და საქართველოს პატრიარქმა ამბროსიმ, 1922, 1923, 1924 წლების აჯანყებულებმა და ცხადია, 9 აპრილის გმირებმა და ზვიად გამსახურდიამ, გაიმარჯვეს ბევრად უფრო ღონიერ მტერზე (შეგნებულად არ ვამბობ „ძლიერ“) და აღდგა საუკუნოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო. 9 აპრილის გამარჯვება იმაშიც ვლინდება, რომ სწორედ 1918 წლის სახელმწიფოს სამართარლმემკვიდრედ აღდგა საქართველო, ანუ - (და ამას ხაზ გასმა სჭირდება) - ჩვენი სამართლებრივი ისტორიიდან მონობის და გაუცხოების 70 წელი ამოიშალა. ჩვენს მიერ განვლილი 30 წელი იყო რთული წლები - კონფლიქტების, ომის, ძმათა დაპირისპირების, ტერიტორიების ოკუპაციის, მსხვერპლის - მაგრამ შეუფერხებელი წინსვლის, განვითარების და საკუთარ - ეროვნულ და ევროპულ - გზაზე დაბრუნების! არ შეიძლება დღეს და აქ წარმოთქმული ჩემი სიტყვა იყოს წარსულის მიმოხილვა. ჩვენი წარსული იმდენად ღირებულია, იმდენად უნდა ვიცოდეთ და გვაინტერესებდეს, რამდენადაც ის ქმნის ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი დღის ნიადაგს: ის ან ერთმანეთს გვაშორებს და გვასუსტებს, ან, პირიქით, გვაერთიანებს და გვაძლიერებს! სწორედ ამიტომ არ შეიძლება აღვნიშნავდეთ 9 აპრილს და ამავდროულად არ გვესმოდეს, რომ ჩვენი ერთადერთი ძალა მხოლოდ ერთად დგომაშია. ერთიანობა ვერ მოიპოვება დაძალებით, ვერც სხვისი მონობით. ეს გზა განვლილი გვაქვს და აღარ დავუბრუნდებით. მაშასადამე, მრავალფეროვნება, მრავალაზროვნება, ასევე, მრავალპარტიულობა, ამ ერთიანობის განუყოფელი ნაწილია და ამას თავისუფლება ჰქვია. ეს თავისთავად იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ დათმობაც, სხვისი აზრის გათვალისწინება თუ არა, სულ ცოტა, გაგება მაინც, და ქვეყნის ინტერესების ჩვენს პირად, პარტიულ თუ სხვა ინტერესებზე მაღლა მუდამ დაყენება! ჩვენმა წარსულმა გვასწავლა, რომ ვიმარჯვებთ მაშინ, როცა ერთად ვართ, და არა პირიქით - როცა ორ ბანაკად ვართ გაყოფილი და არც ერთ მხარეს არ სურს მოისმინოს მეორის მოსაზრებები. 9 აპრილი ამის დასტურია. დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს", - აღნიშნა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტი: ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ეხლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის
" მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე", - ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის არდგენისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვლის, თქმით, დღეს, როცა ქვეყანა ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, საკუთარ ისტორულ გამოცდილებას უნდა ენდოს და ერთობის გზა მონახოს. "ამიტომ მინდა შევეხო ყველა იმ თემას, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აღელვებს, რომლის მიმართ ხშირად ვართ გაყოფილი თუ დაპირისპირებული და რომლის გადაწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ერთობაზე გადის. უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ჯანდაცვა, ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ვხდებოდეთ, რომ ეხლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის, ან ერთად გადავრჩებით ან ვერა. აქ საჭიროა პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. ასეთ დროს კი, სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა თუ თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებეს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როცა ქვეყნის შიგნით ცნობილი ადამიანები, სოციალურ ქსელების მეშვეობით, ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან. ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა - ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების, ან პარტიის გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით. ასეთი მიდგომის მაგალითი გვაჩვენა ისრაელმა, ამ პატარა ქვეყანამ, რომელმაც მთლიანობაში კარგად გაიაზრა, რომ სოლიდარობა და ერთიანობა განაპირობებს ეკონომიკის გადარჩენასა და თითოეული ოჯახის ხვალინდელ კეთილდღეობას. მიმაჩნია, რომ ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა. ყველგან - ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში, წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ჰყოფნის, თითოეული მოქალაქეს შეგნებაზე, პირბადეს ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი. ერთიანი მიდგომისა და სოლიდარობის განცდის გარეშე ვერც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობას დავიცავთ და ვერც ეკონომიკას გავხსნით და გადავარჩენთ", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
აფგან მუხთარლი პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. როგორც გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტმა განაცხადა, პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, თუმცა მას სურს. „გუშინ პროკურატურამ მოიყვანა ორი მთარგმნელი, თუმცა მათ იცოდნენ მხოლოდ თურქული ენა, არ იცოდნენ აზერბაიჯანული და ამ ენებს შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ გამოკითხვაზე უარი განვაცხადეთ. გუშინდელ პროცესზე რაიმე სერიოზული კითხვები არ ყოფილა. გამოკითხვა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა, მკითხეს, სად მომიპარეს და როგორ დამესხნენ თავს საღამოს. პროკურატურიდან დაგვირეკეს, რომ ახალი მთარგმენლი იპოვეს, ჩვენც ჩვენი მხრიდან ვიპოვეთ და მოვიყვანეთ მთარგმნელი. მე მანამდეც ბერლინში მივეცი ჩვენება, სადაც დავასახელე ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, გამშვები პუნქტის უფროსი თუ სხვა. დღესაც მექნება მსგავსი ჩვენება. პროკურატურას არ სურს ამ საქმის გამოძიება, მაგრამ მე მსურს ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო, პროკურატურამაც და ყველამ იცის მე ვინც მომიპარა, ეს გააკეთა ხელისუფლებამ. გიორგი კვირიკაშვილს ასეთი რაღაცის გაკეთება არ შეეძლო, ის უბრალოდ ფიგურაა, ქვეყანას მართავს ივანიშვილი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძანება”, - აღნიშნა აფგან მუხთარლიმ. მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ გამოკითხვის ეტაპზე მისი დაცვის ქვეშმყოფი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება. ამასთან, ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღოს მონაწილეობა. ადვოკატის განცხადებით, ის ფაქტი, რომ გამოძიება ოთხი წელია მიმდინარეობს, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. „როგორც დღეს შეგვატყობინეს, უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. ამასთან, ჩვენც მოგვეცა საშუალება, რომ ჩვენი მხრიდან ყოფილიყო თარჯიმანი. ეს ტექნიკური პრობლემა დღეს აღარ იქნება და შესაძლებელი იქნება გამოკითხვის დასრულება. გამოკითხვის ეტაპზე აფგანი პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც პროკურატურის მხრიდან იქნება დასმული და აქვს ინფორმაცია. ასევე, აფგანი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო ექსპერიმენტში, მიუთითოს იმ ადგილზე, სადაც მოხდა დანაშაული. ის, რომ ოთხი წელია მიმდინარეობს გამოძიება, არ არის ჩვეულებრივი ამბავი და სწორედ ამიტომ არის ამხელა რეაქცია, ინტერესი და ამიტომ ვართ დღეს აქ“, - აღნიშნა არჩილ ჩოფიკაშვილმა. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა. აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს.
პრეზიდენტი: ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო, ქვეყნის სტაბილურობა და ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“
„ხელისუფლებას გამბედაობა არ ეყო იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“.იმედი მაქვს რომ ეს მოხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, არნახული რამ მოხდა იმის დასტურად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, მისი დემოკრატიულობა და მისი სტაბილურობა, ევროპისთვის და რაოდენ უკვე დაახლოვებული ვართ. „ევროკავშირიდან მივიღეთ ყველაზე დიდი მხარდაჭერა, და ვფიქრობ საკმარისად ვერ გავიაზრეთ და ვერც დავაფასებთ. არა მხოლოდ ფინანსური თუ მატერიალური, არამედ პოლიტიკური და მორალური, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირის პერსონალური ჩართულობა, რათა გადალახულიყო პოლარიზაცია და პოლიტიკური ჩიხი და ქუჩაში გადატანილი პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. ასეთი ჟესტი საქართველოს არ ახსოვს, თუ არ ჩავთვლით ომის პერიოდს. მინდა აქ საჯაროდ და მთელი საზოგადოების სახელით, რომელიც პოლიტიკურ ელიტაზე უკეთ აცნობიერებს თუ რამდენად ამ ქვეყანას სჭირდება თავისი მეგობრების გვერდში დგომა, მინდა მადლობა მოვახსენო ევროპელ და ამერიკელ ფაცილიტატორებს და ვარწმუნო ისინი, იმაში რომ მათი ძალისხმევა ტყუილად არ ჩაივლის. ვწუხვარ, რომ აქამდე ვერ შევძელით და ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. ორივე მხარე დათმობაზე უნდა წასულიყო, როგორც გვკარნახობდა ევროკავშირის წარმომადგენელი. სამწუხაროდ , არც ერთ მხარეს არ ეყო კომპრომისის გზაზე გამბედაობა და, ვიტყოდი, ვაჟკაცობა. ხელისუფლებას არ ეყო გამბედაობა იმისთვის, რომ ქვეყნის სატბილურობა და დემოკრატიული პროგრესი, ევროპის აქტიური მოკავშირეობა, უფრო მაღლა დაეყენებინა, ვიდრე ცალკეული „დეტალები“, ოპოზიციას კი - იმისათვის, რომ განთავისუფლებულიყო გარედან შანტაჟისა და წნეხისგან, საკუთარი ამომრჩევლისთვის პატივი ეცა და აერჩია პოლიტიკური გზა მრავალპარტიულ პარლამენტში დაბრუნებით. პარლამენტში, სადაც იხსნება ოპოზიციური საქმიანობის არნახული შესაძლებლობები მათთვის, ვისაც რეალური პოლიტიკური მოღვაწეობა სურს. ორივე მხარე, ალბათ, ფიქრობს, რომ გამარჯვებული გამოვიდა ამ პროცესიდან - იმით იმხნევებს თავს, რომ არ „დათმო“ პრინციპები... თუმცა ორი კატეგორიის პრინციპი არსებობს: ის, რომელიც საკუთარი ქმედებების გამართლებას ემსახურება, და ის, რომელიც გამოგვიჩენს ჭეშმარიტ გზას. ასეთი პრაგმატული და დაბალანესბული კომპრომისის საშუალებას იძლეოდა კვლავ იძლევა შეთავაზებული ტექსტი, რომელსაც სრულად ვუჭერ მხარს. და დღეს 9 აპრილის მაგალითზე დაყრდნობით, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო, მივიდნენ ქვეყნისთვის უალტერნატივო გადაწყვეტილებამდე. მჯერა, რომ დავფიქრდებით და მივხდებით: ჩვენი საერთო მომავალი სასწორზე დევს, არავის მარცხი არავის გამარჯვება არ იქნება, ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთი გზა დაგვრჩა - შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის! არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. Top of FormBottom of Form
აშშ-მა 7 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა
BBC-ის ინფორმაციით, შვიდი ჩინური კომპანია ამერიკის შეერთებულმა შტატება ე.წ. შავ სიაში შეიყვანა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ კომპანიებს სამხედროებისთვის სუპერკომპიუტერების შექმნაში ადანაშაულებენ. ვაშინგტონის განკარგულებით, ამერიკულ კომპანიებს ამ ჯგუფებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა, სათანადო ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ. აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები ჩართული იყვნენ „სუპერ კომპიუტერების“ შექმნის პროცესში, რომელიც ჩინელი სამხედროებისთვის არის განკუთვნილი და ხელს უწყობენ მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებს. შავ სიაში მოხვედრილი კომპანიები მუშაობენ პეკინის გეგმაზე, რომელიც უცხოეთში წარმოებულ პროცესორებზე ჩინეთის დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტი: სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში
"აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღდეგ სოლიდარობა გამოუცხადა. "არ მინდა, რომ არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს ამ სოლიდარობის ნიშნად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში", -განაცხადა ზურაბიშვილმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი უკრაინიდან კ2020 წლის მაისში ონსულტაციისთვის გამოიძახა. ამის მიზეზი გახდა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა. უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო მანევრების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, ოფიციალურ კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება. რუსმა სამხედროებმა და დონბასელმა სეპარატისტებმა დონბასში არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ბოლო კვირების განმავლობაში, ცეცხლის გახსნის შედეგად, 6 უკრაინელი ჯარისკაცი დაღუპა, სამი კი დაშავდა.
დიეგო კოლასი: საქართველოს მთელი ენერგია გამოწვევების გადალახვისკენ იყოს მიმართული, რათა პოლიტიკური კრიზისის მოგვარდეს
საქართველოში საფრანგეთის ელჩის დიეგო კოლასის განცხადებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, მთელი ენერგია მიმართული იყოს ამ გამოწვევების გადალახვისკენ, რათა პოლიტიკური კრიზისის მოგვარდეს. მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა გამოსავლის მოსაძებნად კონსტრუქციულად იმუშაონ. „მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი გაგრძელდეს არსებული სიტუაციის მოგვარებამდე. ჩვენი დიდი სურვილია, ვიხილოთ მოლაპარაკებების წარმატება. დღეს საქართველოს წინაშე ძალიან ბევრი სერიოზული გამოწვევაა – ჯანდაცვის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, სამხრეთ კავკასიაში გაურკვეველი სიტუაცია. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთელი ენერგია მიმართული იყოს ამ გამოწვევების გადალახვისკენ, რათა ეს პოლიტიკური კრიზისის მოგვარდეს. კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი შეთავაზება კარგი შეთავაზებაა და მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა იმუშაონ კონსტრუქციულად გამოსავლის მოსაძებნად“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი Covid19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს
ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა. Reuters-ის ინფორმაციით, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ორგანიზებისთვის, რომელსაც პრემიერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, ერნა სოლბერგს 20 000 ნორვეგიული კრონის ( 2 352 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევს. პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღის წვეულება ოჯახის 13 წევრის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები. გასულ თვეს ერნა სოლბერგმა რეგულაციის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.
პრეზიდენტი: სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას მივიღებდით და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში
"სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედანაც მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. უმწვავესი საკითხების გადაწყვეტა მოითხოვს ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების მონაწილეობას, მათი პოზიციების დაფიქსირებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ პოპულიზმითა და მოკლევადიანი პოლიტიკური ლოზუნგებით კი არა, შეჯერებული პოზიციებით და გონივრული კომპრომისებით გადაწყდეს ქვეყნის სამომავლო პრიორიტეტები. ამ საკითხებისადმი მიდგომა წარმოაჩენს პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებელობას ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი გარდაიცვალა
ბიზნესმენისა და ტელეკომპანია ,,იმედის" დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის დედა, ნათელა პატარკაციშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ბოლო პერიოდში კლინიკაში იმყოფებოდა. “წავიდა ჩვენი უსაყვარლესი ქალბატონი, ნათელა პატარკაციშვილი აღარ გვყავს”, - დაწერა ოჯახის ახლობელმა, ყოფილმა პარლამენტარმა მარინა მოლოდინმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტი: 2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული
"2024 წლისთვის ევროკავშირში ჩვენი კანდიდატურის წარდგენის თემა, არათუ ოპოზიციასთან, ქვეყნის პრეზიდენტთანაც კი არ ყოფილა განხილული. თუ ასეთ მომავალს ერთად არ შევქმნით, ვერც ოკუპაციის დაძლევას შევძლებთ და ვერც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს. "ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია - არის გამოწვევა, რომელიც შეუთავსებელია ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩასთან. ყველამ, თეორიულად მაინც, ვიცით, რომ დაუშვებელია ამ თემაზე ჩვენს შორის აზრთა ნებისმიერი სხვადასხვაობა, რამეთუ ეს მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს. 1918 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფ ქართველებსაც ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და დაპირისპირებაც ხშირი იყო. თუმცა გაერთიანებულები იყვნენ ერთი მიზნის ირგვლივ - საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკრალური მიზნის ირგვლივ. მიუღებელია, დღეს, როცა ქვეყანაში, სადაც დეოკუპაციას, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, რომელიმე პოლიტიკური ძალა ცდილობდეს დასავლურობაზე მონოპოლია მოიპოვოს და სხვებს, ყველას, პრორუსული უწოდოს, ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ერთსულოვნება ოკუპაციისა და სტრატეგიული ორიენტირების საკითხებში და ამით გაამართლოს თავისი ამბიციები. ვერ წარმომიდგენია, რომ ქვეყნიდან, რომელიც ოკუპაციას ებრძვის, რომლის მტკიცე პარტნიორები ევროპა და ამერიკა არიან, მისივე მოქალაქეებისგან სწორედ ამ ქვეყნებში მიმდინარეობდეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო სრულიად უღირსი კამპანია, დისკრედიტაცია და ლობირება თუნდაც სანქციების დაწესების მიმართულებით. ვიღაც შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ამით ასუსტებს პოლიტიკურ კონკურენტს და აძლიერებს საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს. მაგრამ, ვინც იცნობს ევროპას და ამერიკას, კარგად ესმის, რომ ეს ასე არ არის და რეალურად ზარალდება ქვეყანა, მისი სამომავლო პერსპექტივა, მისდამი დღევანდელი მხარდაჭერა ოკუპაციასთან ბრძოლის, ეკონომიკური გაძლიერების თუ რეალური ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. ამიტომ ოპოზიციას მოეთხოვება, გამოიჩინოს მეტი შეგნება. მოეთხოვება უარის თქმა განწყობაზე: ჩემს შემდეგ ან ჩემს გარეშე, რაც გინდა მომხდარა. თუმცა, არანაკლებ საჭიროა ხელისუფლების მხრიდან იმის გაგება, რომ რაღაც საკითხებში, ბოლომდე შეთანხმება თუ არა, სულ ცოტა, წინასწარ გაფრთხილება და კონსენსუსის მიღწევის მცდელობა მაინც უნდა იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა
99 წლის ასაკში ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, პრინც ფილიპ მაუნტბატენი 1921 წლის 10 ივნისს საბერძნეთში დაიბადა. ის იყო საბერძნეთის მეფის გეორგ I-ის შვილიშვილი. 1947 წელს მან ელისაბედ მეორეზე იქორწინა და მართლმადიდებლობა ანგლიკანური ეკლესიით შეცვალა.
გიორგი კვირიკაშვილი: აფგან მუხთარლის ბრალდება არის სრული აბსურდი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მისი სიტყვების არ სჯერა. ,,პირველი, აფგან მუხთარლის ბრალდება არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე რაც მინდა ვთქვა ეს არის , რომ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ვიცი, რომ ეს არის აბსურდი, ამიტომ არვიცი, რატომ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. მესამე, მე მგონია, რომ საერთოდ, ვიღაც არის დაინტერესებული, რომ ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს, ალბათ ამას დრო გამოაჩენს და გარკვეული დროის მერე, როცა ეს გამოჩნდება ალბათ, მერე შემეძლება უფრო მეტი კომენტარის გაკეთება. დღეს ის შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებები აბსურდია, გამომდინარე იქიდან, რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ეს აბსურდია, ამიტომ მე მისი სხვა არცერთი სიტყვის არ მჯერა", - განუცხადა კვირიკაშვილმა ,,მთავარ არხს". ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. მას ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით ჰქონდა წაყენებული. 2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა. აფგან მუხთარლი 7 აპრილს თბილისში დაბრუნდა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში დაბრუნდა განაცხადა, რომ მის გატაცებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობამ, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
"უცნობის" ორგანიზებით თბილისში, "ევროპის მოედანზე" აქციას მიმდინარეობს
გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" ორგანიზებით თბილისში, "ევროპის მოედანზე" აქციას მიმდინარეობს. აქციზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. „დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა „ღმერთი სიყვარულია“, ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება“, - ასე მიმართა გია გაჩეჩილაძემ აქციაზე შეკრებილებს. გაჩეჩილაძე თავის აქციას საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე უკავშირებს. ის ამბობდა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს პატრიარქს გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, რასაც "საერთოდ ითმენს ეს ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში". სწორედ მის მიმართ "მადლობით" დაიწყო მან თავისი აქცია. მისივე განცხადებით, აქციაზე პოლიტიკოსები არ იქნებიან.
ლიეტუვის ელჩი: ენგურის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების დაღუპვის ფონზე, ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა
სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან, - ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. ელჩი ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას მოქალაქეების დაღუპვას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის ოკუპაციის აგრესიულ ხასიათს. „სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიულ ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარის გადმოკვეთის დროს მოქალაქეების ტრაგიკულად დაღუპვის ფონზე. საქართველო დღეს აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს", - წერს ელჩი. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა.
სალომე ზურაბიშვილი: ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ
"ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ",- საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპეს გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას დედოფალს, სამეფო ოჯახს, დიდი ბრიტანეთისა და თანამეგობრობის ხალხს, რომლებმაც დღეს არაჩვეულებრივი მსახური დაკარგეს. ედინბურგის ჰერცოგის გარდაცვალებამ დიდი მწუხარება გამოიწვია საქართველოში. დღეს სოლიდარობას გიცხადებთ“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა Twitter-ზე. 99 წლის ასაკში პრინცი ფილიპი გარდაიცვალა