ძებნის რეზულტატი:

გიორგი ვაშაძე: შეთანხმება აუცილებლად შედგება, შესაძლოა, მომავალ კვირას მესამე რაუნდის თარიღი დასახელდეს

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში ფასილიტატორებთან გამართული მოლაპარაკებების საფუძველზე, მომავალი კვირისთვის მოვლენები სამ ვარიანტით შეიძლება განვითარდეს - შეიძლება დასახელდეს მესამე რაუნდის დაწყების გარკვეული თარიღი, შეიძლება დაიდოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, ან პირდაპირ მოლაპარაკება დაინიშნოს მომავალ კვირას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსს" განუცხადა. მისი თქმით, თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, აუცილებლად შეთანხმებით დასრულდება. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ახალ დოკუმენტში, რომელიც მედიატორების მხრიდან მომავალ კვირას შეიძლება დაიდოს, შარლ მიშელის მიერ განსაზღვრული 5-ვე საკითხი შევა. „მე მქონდა ბოლო ორი დღის განმავლობაში ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ჩვენი ფასილიტაციის მხარეებთან და შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას უნდა ველოდოთ სიახლეებს. სიახლეებს იმიტომ, რომ რაღაც წერტილი უნდა დაესვას ამ პროცესს. შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, უნდა შედგეს საბოლოო დოკუმენტი და ვნახოთ, ვინ აწერს ხელს ამ შეთანხმებას და ვინ არ აწერს. მომდევნო კვირაში შეიძლება ეს იყოს გარკვეული თარიღი, როცა მესამე რაუნდი იქნება, შეიძლება ეს იყოს დოკუმენტის ახალი შინაარსი, რომელიც დაიდება, შეიძლება ეს იყოს პირდაპირ უკვე მოლაპარაკება დანიშნული მომავალ კვირაში, სამივე ვარიანტს ველოდები, იმიტომ, რომ მაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას ბოლო დღეებში ჩემი კონტაქტები ჩვენს პარტნიორებთან, რომელთაც მე ჩემი ხედვა გავუზიარე. მე ვფიქრობ, მესამე რაუნდი შედეგს მოიტანს, აგერ ნახეთ, აუცილებლად შეთანხმება იქნება! მე 90%-ით დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს მოხდება. თუ მესამე რაუნდი ჩაინიშნა, ის შეთანხმებით დამთავრდება. შემიძლია უკვე მეტი ალბათობით გითხრათ ჩემი განწყობა ამ კუთხით, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ვესაუბრე და ძალიან მაღლა არის აწეული უკვე საქართველოს საკითხი,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „რამდენი ხანი უნდა გაიწელოს ეს პროცესი?! წერტილი უნდა დავსვათ ამ საკითხში. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან მარტივი სტრატეგია ამ მოლაპარაკებებში და მედიატორებს არა მარტო ვთხოვ, არამედ გარკვეული ვალდებულებაა მათიც, რომ ეს როლი შესრულდეს. შარლ მიშეელი რომ იყო ჩამოსული, 5 პუნქტი დაიწერა, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი და რიგგარეშე არჩევნების საკითხებიც და 5-ვე ამ საკითხზე გადაწყვეტა უნდა დაიდოს. შემიძლია გითხრათ, რომ 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება დოკუმენტი. მე გეტყვით პრონციპებს და არა შინაარსს. პრინციპებია: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი, როგორ მივდივართ რიგგარეშე არჩევნებამდე, რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარანტირებულად იქნება რიგგარეშე არჩევნები, არამედ ნიშნავს იმას, რომ ხალხი გადაწყვეტს, უნდა იყოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ჩემთვის ყველაზე სწორი ასეთი ვერსია არის პლებისციტი,“ - განაცხადა ვაშაძემ. რაც შეეხება იმას, რას იზამს „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუ ახალ დოკუმენტს, რომელიც შესაძლოა მომავალ კვირას მედიატორების მხრიდან დაიდოს, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ ექნება, ვაშაძის თქმით, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებს. „ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ოპოზიციური ერთობით შევუერთდეთ ამ დოკუმენტს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ თუ დავინახავ რომ სწორი დოკუმენტია, ყველა მონაწილე მხარე ამაში დავითანხმო. თუ ამას ვერ დავინახავ და მაინც იქნება რაღაც დესტრუქცია, რადიკალურად განსხვავებული აზრი და მე სხვა აზრი მექნება, არ გამიჭირდება ვთქვა, რომ შემიძლია ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერო“,- განაცხადა ვაშაძემ.

პროკურატურა: მუხთარლიმ აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანზე თქვა, რომ თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ

საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანული ენის 2 თარჯიმანი გაესაუბრა, მან კი ორივეზე თქვა, რომ ისინი მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს ვერ უზრუნველყოფდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „მიმდინარე წლის 7 აპრილს, გენერალური პროკურატურის მიერ გამოკითხვაზე დაბარებული იყო ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. მეორე დღეს, 12:00 საათზე მოწმე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, მის დამცველ ადვოკატთან ერთად. გამოკითხვის დაწყებამდე, მუხთარლი საგამოძიებო ორგანოს მიერ კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან მოწვეულ თარჯიმანს გაესაუბრა, რის შემდეგაც განმარტა, რომ ხსენებული თარჯიმანი ვერ უზრუნველყოფდა მისთვის გასაგებ ენაზე თარგმანს. საგამოძიებო უწყების მიერ, გონივრულ დროში, მოიწვიეს ასევე კონტრაქტორი სათარჯიმნო ბიუროდან კი ახალი თარჯიმანი, რომლის მონაწილეობითაც აფგან მუხთარლის გამოკითხვა დაიწყო. დაახლოებით 3-საათიანი გამოკითხვის შემდეგ, აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მოწვეული, რიგით მეორე თარჯიმანი, კვლავ ვერ უზრუნველყოფდა სათანადო თარგმნას მისთვის გასაგებ ენაზე. საგამოძიებო ორგანოს მიერ, ა.მუხთარლის კვლავ შეეთავაზა, რომ გამოცხადდებოდა შესვენება და მოწვეული იქნებოდა ახალი თარჯიმანი, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და საგამოძიებო უწყება დატოვა. ა.მუხთარლისთან შეთანხმებით, სავარაუდოდ მისი გამოკითხვა გაგრძელდება მიმდინარე წლის 9 აპრილს“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, გამოკითხვა ვერ შედგა

ჯორჯ კენტი: როდესაც სამხრეთ კავკასიაში NATO-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა საქართველოს მისწრაფებებია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ NATO-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. ამის შესხებ კენტიმ ,,Turkish Heritage Organization"-ის მიერ გამართულ დისკუსიისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას. „როდესაც ვსაუბრობთ NATO-ზე სამხრეთ კავკასიაში, მაშინ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე. საქართველო მონაწილეობს NATO-ს მისიაში ავღანეთში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ამ მისიაში. ის არის სიდიდით მეოთხე კონტრიბუტორი და ნომერ პირველი კონტრიბუტორი NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო წლების განმავლობაში შეეცადა, ეჩვენებინა, რომ ისინი მხოლოდ უსაფრთხოებას არ ითხოვენ NATO-სგან, არამედ ისინი მზად არიან, წვლილი შეიტანონ კოლექტიურ უსაფრთხოებაში. საქართველოს 30-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთის მისიაში და ასობით დაიჭრა. საქართველოს მუდმივად სურს, რომ NATO იყოს წარმოდგენილი საქართველოში. ასე რომ, როდესაც სამხრეთ კავკასიაში NATO-ზე ვსაუბრობთ, დისკუსიის მთავარი თემა არის საქართველოს მისწრაფებები. თუმცა, მე არაერთხელ მითქვამს საქართველოს ოფიციალურ პირებთან – გამოწვევას წარმოადგენს ისიც, რომ იმის ჩვენება, რომ მზად ხარ და შეგიძლია, იბრძოლო NATO-ს სამხედროებთან ერთად, არ არის საკმარისი ალიანსში გაწევრიანებისთვის. NATO არის საერთო ღირებულებების მქონე მოკავშირეების ალიანსი. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არსებული პოლიტიკური დრამა აჩვენებს, რომ მსგავსი საკითხები აბრკოლებს საქართველოს NATO-სკენ მისწრაფებების წინ წაწევას. ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული სიტუაცია, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ჯორჯ კენტი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის ჯორჯ კენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს დემოკრატიული, განვითარებული, მშვიდობიანი და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერას. ამის შესხებ კენტიმ ,,Turkish Heritage Organization"-ის მიერ გამართულ დისკუსიისას განაცხადა. „ასეთი გახლდათ აშშ-ის პოზიცია საბჭოთა კავშირის დაშლიდან და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე. ეს არის სამი შედარებით ახალი სახელმწიფო. ისინი იბრძოდნენ საკუთარი იდენტობისთვის სამ იმპერიას შორის. იქნება ეს მოსკოვის, სპარსეთისა და ოსმალეთის იმპერია, თუ რუსეთი, საბჭოთა კავშირი, ირანი და თურქეთი. სახელები იცვლება, მაგრამ ტრადიციული გარე გავლენების სამკუთხედი რჩება უცვლელი. ეს გეოგრაფია განსაზღვრავს ზოგიერთ არჩევანსა და შესაძლებლობას სამივე ქვეყნისთვის. ამიტომ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ინფრასტრუქტურული დერეფნის ხელშეწყობა მუდმივად იყო აშშ-ის სტრატეგიული ამოცანა, რათა დავხმარებოდით ამ ქვეყნებს წარმატების მიღწევაში. ვგულისხმობ რკინიგზას, ნავთობსადენებს თუ ბუნებრივი აირის მილსადენებს, ტრანსპორტს, ღრმაწყლოვან პორტებს. ამ ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა, ერთი მხრივ, არის რეგიონული თანამშრომლობა და მეორე მხრივ, შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნებმა თავი დააღწიონ ისტორიულ ბედისწერას, რომელიც მუდამ დაკავშირებული იყოს დიდ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა. შტატების წარმომადგენელმა ასევე გააკრიტიკა რუსეთისა და თურქეთის მიერ ინიცირებული რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა და განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონულ კონფლიქტებს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მათ გადაჭრას არ ცდილობს. „ჩვენ ისევ ვუბრუნდებით თურქეთისა და რუსეთის მიერ შემოთავაზებულ თანამშრომლობის პლატფორმას, „3+3“-ს, რომლის კონცეფციის მიხედვითაც, ამ პლატფორმაში მონაწილეობს რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი. ამავე დროს რუსეთი ეწინააღმდეგება და არ ასრულებს 2008 წელს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ სრულ ჰუმანიტარულ წვდომას, რაც მოსკოვს არ გაუკეთებია. ასევე, მოსკოვი არ ასრულებს ამავე შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, რომ რუსეთი გაიყვანს ძალებს 2008 წლის ომამდელ პოზიციებზე. ეს ნათლად აჩვენებს რუსეთის მხრიდან მომავალ გამოწვევებს. რაც შეეხება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ამისთვის არსებობს მექანიზმი და ის დაკავშირებულია ეუთო-სთან. ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლის 44 რაუნდის შედეგად, ეს მოლაპარაკებები არის მცდელობა, დაარწმუნონ რუსეთი, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. ეს ძალიან ჰგავს იმ დისკუსიებს, რომელიც 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა დნესტრისპირეთის საკითხზე. 1999 წელს პრეზიდენტმა ელცინმა სტამბოლის სამიტზე დადო პირობა, რომ რუსეთის სამხედროები დატოვებენ დნესტრისპირეთს, ასევე ექვსი წლის წინ რუსეთმა დადო პირობა, რომ გავა უკრაინიდან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რა კოლექტიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როდესაც ვცდილობთ, რეგიონში მშვიდობიანი კეთილდღეობა უზრუნველვყოთ და მთავარი ხელისშემშლელი არის რუსეთი. ასე რომ, თუ ვისაუბრებთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე, ჩვენ ყველა მივესალმებით, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მე ვვარაუდობ, რომ უახლოეს ხუთ წელიწადში აზერბაიჯანის ხელისუფლების უკმაყოფილება გაიზრდება, რადგან გამოჩნდება, რომ რუსი სამხედროები უფრო დიდი ხნით აპირებენ დარჩენას მთიან ყარაბაღში და როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ თქვა გასულ ნოემბერში – ის, რაც ყარაბაღში ხდება, არის ის, სადაც საქართველო იყო 1998 წელს. ცოტა ხანში აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ჩვენ აღმოვჩნდით 2008 წელს და შემდეგ აზერბაიჯანი იქნება იქ, სადაც ახლა ჩვენ ვართ. ეს ცოტა პესიმისტურია, მაგრამ რეალისტურია და აჩვენებს, თუ როგორ მანიპულირებს რუსეთი კონფლიქტებით და მათ საკუთარი სარგებლისთვის იყენებს, ისე, რომ რეალურად მათ გადაჭრას არ ცდილობს“, – აღნიშნა ჯორჯ კენტმა. დისკუსიაზე ამერიკელმა დიპლომატმა ისაუბრა მთიან ყარაბაღში ომის შემდეგ რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზეც. „ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რეგიონში გეოპოლიტიკა იცვლება. ჩვენ ვხედავთ ტრადიციულ ძალებს, მათ შორის თურქეთსა და რუსეთს, რომლებიც გამოდიან იდეით, რომელსაც მიესალმა ირანიც. საუბარია „3+3“-ის ჩარჩოზე. ეს გახლავთ განსხვავებული ხედვა იმისგან, რის წინ წაწევასაც უკვე 30 წელია, ცდილობს დასავლეთი და აშშ-ი. ეს ასევე ცვლის ჩარჩო მიდგომას რეგიონული საკითხებისადმი. ჩვენ და ყველა ეს ქვეყანა, ირანის გარდა, ვართ ეუთო-ს წევრები, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიულ განვითარებას. სწორედ ეს იყო სამხრეთ კავკასიაში არსებულ საკითხებზე სამუშაო ჩარჩო. ე.წ. 3+3 წინადადება წარმოადგენს ძალიან განსხვავებულ ხედვას. ის თამაშგარე მდგომაროებაში ჩააყენებს აშშ-სა და სხვა დასავლელ პარტნიორებს. ამ შემთხვევაში ხშირად განმსაზღვრელი იქნება რეგიონის დიდი სახელმწიფოების ინტერესები და მათი სარგებელი“, – განაცხადა დიპლომატმა.

აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა. როგორც განცხადებიდან ირკვევა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზია მიანმარელი ხალხის ნების უგულვებელყოფა, რომელსაც სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოსული რეჟიმი არ ითვალისწინებს. შტატების ე.წ. შავ სიაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვების საწარმო მოხვდა. ,,ამ ორგანიზაციისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესებით, ჩვენ სამხედროებს მკაფიო სიგნალს ვუგზავნით, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ზეწოლას რეჟიმის შემოსავლებზე, სანამ არ შეწყვეტს ძალადობას, გაათავისუფლებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს, მოხსნის საომარ მდგომარეობას და ქვეყნის მთელ შტატს. საგანგებო სიტუაცია, მოხსნის ტელეკომუნიკაციების შეზღუდვებს და აღადგენს ბირმას დემოკრატიის გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

NASA "პერსევერანსის“ გამოგზავნილ ახალი ფოტოებ აქვეყნებს - ცისარტყელა მარსზე

მარსმა­ვა­ლი "პერ­სე­ვე­რან­სი“ წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბას აგ­რძე­ლებს და დე­და­მი­წა­ზე საინ­ტე­რე­სო ფო­ტო­ებს აგზავ­ნის. მის მიერ გადაღებული ფოტოებით წარდმოგდენა გვექმნება როგორ გამოიყურება პლანეტა მარსი. მარსმავალის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ერთ-ერთი ბოლო ფოტო კი გან­სა­კუთ­რე­ბით შთამბეჭდავი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­ი­დან მას­ზე ცი­სარ­ტყე­ლა ჩანს. სა­ზო­გა­დო­ე­ბაში ფოტოებმა კითხვის ნიშნები გააჩინა, თუ რამდენად რეალური იყო, რომ მარსზე ცისარტყელა გაჩენა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იმასაც წერ­დნენ, რომ NASA-მ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა რომ ფო­ტო­ე­ბი რე­ა­ლუ­რი არ იყო. ამე­რი­კის კოს­მო­სურ­მა სა­ა­გენ­ტომ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და გან­მარ­ტა, თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, რომ მარსზე ცი­სარ­ტყე­ლა წარ­მო­იქ­მნას. “ბევ­რმა იკი­თხა: არის ცი­სარ­ტყე­ლა მარსზე? არა, ცი­სარ­ტყე­ლას წარ­მოქ­მნა იქ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ცი­სარ­ტყე­ლა წარ­მო­იქ­მნე­ბა წყლის წვე­თე­ბი­დან არეკ­ლი­ლი შუ­ქით, მაგ­რამ მარსზე არ არის საკ­მა­რი­სი წყა­ლი კონ­დენ­სა­ცი­ის­თვის და იქ თხე­ვა­დი სა­ხით წყლის არ­სე­ბო­ბის­თვის ძა­ლი­ან ცივა", - გან­მარ­ტა­ვენ ნა­სა­ში და აცხა­დე­ბენ, რომ ფო­ტო­ზე ასე­თი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა მა­შინ ჩნდე­ბა, რო­დე­საც კა­მე­რის ობი­ექ­ტივს ხვდე­ბა სი­ნათ­ლე კონ­კრე­ტუ­ლი კუ­თხით. ნა­სას რო­ბო­ტი, მარსმა­ვა­ლი "პერ­სე­ვე­რან­სი“, 18 თე­ბერ­ვლი­დან "წი­თელ პლა­ნე­ტა­ზე“ იმ­ყო­ფე­ბა და გეგ­მის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­სის ზე­და­პი­რის ნა­წილს მო­ივ­ლის. რო­ბოტ­მა უკვე გა­მოგ­ზავ­ნა არა­ერ­თი ფოტო.

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მშვიდობა სჭირდება და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. „როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს, მსურს, მძიმე დროს დონბასში ვიყო ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად. ესკალაციის ადგილებს ვეწვევი. მარადიული ხსოვნა 23 წლის სამხედროს, რომელიც წუხელ მოკლეს. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - წერს ზელენსკი Tweeter-ზე. ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი დონბასში ჩავიდა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.

სახალხო დამცველი ,,ნამახვანჰესზე": პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ,,ნამახვანჰესის“ პროცესს აკლია დიალოგი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ნამახვანჰესის“ კასკადის მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მან „რიონის ხეობის მცველებისგან“ ლეგიტიმური შეკითხვები მოისმინა, როგორც უშუალოდ ხელშეკრულებასთან, ასევე გარემოზე ზემოქმედების ანგარიშთან დაკავშირებით. „დღეს სახეზე გვაქვს გარკვეული დაპირისპირების მცდელობები, თუ ინციდენტები, ამიტომ ვითარებას გამოიყვანს იმ ფორმატების შექმნა, სადაც საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს ამომწურავი პასუხები იმ ლეგიტიმურ კითხვებზე, რაც გააჩნიათ. რადიკალური განცხადებები ამ ადამიანებს ჩემთან საუბრის დროს არ გაუკეთებიათ, ისინი ითხოვენ დიალოგს და მათი პროტესტის მიზანი არის დიალოგი, იმიტომაც არ გადადიან რადიკალურ ფორმებზე, რომ მათ სურთ ხელისუფლებას დაუსვან ეს შეკითხვები და მიიღონ პასუხები. ძალიან სამწუხაროა, რომ იყო გაცხადებული პროცესში მინისტრის ჩართვის თაობაზე, თუმცა ეს ფორმატი არ შედგა. ეს ადამიანები მზად არიან უწყებების წარმომადგენლებთან შესახვედრად და ამ კითხვებზე პასუხებია მისაღებად. შეკითხვები აქვთ პრემიერ-მინისტრთან, რადგან სწორედ პრემიერი იყო ინიციატორი იმისა, რომ მინისტრს დაეწყო დიალოგი საზოგადოებასთან“, – განაცხადა ლომჯარიამ.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ტელეკომპანია Fox News-ზე ანალიტიკას გაუძღვება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ტელეკომპანია Fox News-ზე ანალიტიკას გაუძღვება. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. „მაიკ პომპეო, რომელიც დიპლომატი, სახელმწიფო მოხელე და იურისტია, Fox News Media-ს პლატფორმებზე ანალიტიკით იქნება დაკავებული, მათ შორის Fox News-სა და Fox Business-ის გადაცემებში“, - ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში. თავად ყოფილი სახელმწიფო მდივანი კი აცხდებს, რომ მზად არის, ტელემაყურებლებს სამართლიანი და აწონილი მოსაზრება შესთავაზოს გეოპოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე.

ამერიკის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. „აშშ-ის საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას, ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია, ყველას გვახსენებს, რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, სოფელ შამგონასთან მაშველებმა მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის ცხედარი გუშინ იპოვეს. მოქალაქეები ოკუპირებული სოფელ თაგილონიდან შამგონაში მდინარე ენგურის გავლით გადმოსვლას ცდილობდნენ.

ჯო ბაიდენი მოუწოდებს სენატს დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ახლა მოქმედების დროა და სენატმა დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს. ბაიდენის თქმითვე, მისი ადმინისტრაცია არ ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებას, რომელიც მოქალაქეების მიერ იარაღის შენახვისა და ტარების უფლებას უზრუნველყოფს. CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყანაში იარაღით ძალადობა ეპიდემიად და საერთაშორისო სირცხვილად იქცა. „დღეს ნაბიჯებს ვდგამთ, რათა დავუპირისპირდეთ არა მხოლოდ იარაღის გამოყენებით გამოწვეულ კრიზისს, არამედ იმასაც, რაც რეალურად ჯანდაცვის სფეროს კრიზისია. ჩემი ადმინისტრაციის შეთავაზება არანაირ გავლენას არ მოახდენს მეორე შესწორებაზე. კმარა ლოცვა! ახლა მოქმედების დრო დადგა. სენატმა დაუყოვნებლივ უნდა დაამტკიცოს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული სამი კანონპროექტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას შემოწმების პროცედურას ამკაცრებს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

CNN: აშშ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე შავ ზღვაში სამხედრო გემების გაგზავნას განიხილავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად შავ ზღვაში სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს. როგორც მედიასაშუალება იტყობინება, უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერების ფონზე, სამხედრო ხომალდების განთავსება რუსეთისთვის განსაკუთრებული მესიჯი იქნება, რომ აშშ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება. პენტაგონის წყარომ აღნიშნა, რომ ამჟამად აშშ რუსეთის ძალების გაძლიერებას არ განიხილავს, როგორც მომზადებას შეტევითი მოქმედებისთვის, თუმცა, პენტაგონში მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია შეიცვლება, აშშ მზად იქნება საპასუხო ქმედებებისთვის. 1936 წლის ხელშეკრულების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს შავ ზღვაში შესვლის განზრახვის შესახებ, რომელიც თურქეთს ზღვაში შესასვლელ სრუტეებზე კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. გაუგებარია, გაგზავნილია თუ არა შეტყობინება. CNN-ის ცნობით, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ საზღვაო ძალები აგრძელებს დაზვერვის თვითმფრინავების ფრენას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შავი ზღვის სანაპიროზე, რათა დააკვირდეს რუსეთის საზღვაო მოძრაობის საქმიანობას და ყირიმში ნებისმიერი ჯარის მოძრაობას. დაძაბულობის გაზრდის გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, გაერთიანებული მეთაურების თავმჯდომარემ მარკ მილიმ და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა უკრაინელ კოლეგებთან ისაუბრეს.

ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ

ბათუმში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და აქტივისტები ქუჩებში მსვლელობას მართავენ. როგორც მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ყოველწლიურად მართავენ მსვლელობას 9 აპრილთან შესახვედრად და ისინი ამ ფორმით პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

1989 წლის 9 აპრილიდან 32 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კონსტანტინ კოჩეტოვი. 7 აპრილს, 21 საათზე საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. 8 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ეგორ ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით. პოლიტბიუროს სხდომას არ ესწრებოდნენ ლონდონიდან ახალდაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ გორბაჩოვი. შემდგომში გორბაჩოვი ამტკიცებდა, რომ არაფერი იცოდა პოლიტბიუროს გადაწყვეტილების შესახებ. გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ოპერაციის ხელმძღვანელებად დაინიშნენ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი გენერალ-პოლკოვნიკი იგორ როდიონოვი და კონსტანტინ კოჩეტოვი. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრ იაზოვისგან მიიღო, ხოლო სკკპ ცკ-ის გადაწყვეტილებით, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან. 8 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. როდიონოვმა, კოჩეტოვმა და პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგის დაშლის ზოგადი გეგმა. 8 აპრილს ჩატარებულ პარტიულ სხდომაზე პატიაშვილმა უარყო კომპარტიის ზოგიერთი წევრის მოწოდებები მომიტინგეებთან მოლაპარაკებისკენ, ასევე უარი ტქვა მოსკოვიდან შევარდნაძისა და გიორგი რაზუმოვსკის, რომელიც პარტიულ კადრებს განაგებდა, თბილისში ჩასვლაზე. 8 აპრილს გაიმართა საქართველოს სსრ-ის თავდაცვის საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ როდიონოვი და კოჩეტოვი. სხდომის ჩანაწერი არ არსებობს. შეტევის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შედგა სატელეფონო საუბარი პატიაშვილსა და როდიონოვს შორის, სადაც როდიონოვმა დაარწმუნა პატიაშვილი, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. 9 აპრილს გამთენიისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიმართა რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, გააფრთხილა ისინი მოსალოდნელი ძალადობის შესახებ და დაშლისკენ მოუწოდა. მომიტინგეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. დილის 4 საათზე დაიწყო მიტინგის დარბევა. რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ლენინის მოედანიდან და ძერჟინსკის ქუჩიდან დაძრულმა ჯავშანტრანსპორტიორებმა და ტანკებმა. ჯარისკაცები შეიარაღებულნი იყვნენ სასანგრე ბარებით, ხელკეტებით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ქიმიური საშუალებებით. ქლოროპიკრინის ბაზაზე დამზადებული აირის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია მრავალი სასიკვდილო შედეგი. საქართველოს უზენაესი საბჭოს საგამოძიებო კომისიამ ძალის გამოყენება უკანონოდ მიიჩნია და პასუხისმგებლობა დააკისრა თავდაცვის მინისტრს, გენერალ იაზოვს, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის უფროს ვიქტორ ჩებრიკოვს და პარტიის ცკ-ში სოფლის მეურნეობის მდივანს ეგორ ლიგაჩოვს, ასევე საქართველოს სსრ-ის პარტიულ ხელმძღვანელობას. კომისიის დაკსვნით ოპერაცია იყო სადამსჯელო, რადგან არსებობდა ალტერნატიული ზომების გამოყენების შესაძლებლობა. 9 აპრილის მოვლენების შესასწავლად კომისია იყო შექმნილი ასევე სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა კრების მიერ ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით. სობჩაკის კომისიის მოხსენებასა და საბჭოთა სამხედრო პროკურატურის ანგარიშებში არ იყო პასუხი გაცემული ბევრ კითხვაზე, არ იყო ნახსენები გორბაჩოვის როლი და არ იყო გამოკვეთილი პასუხისმგებელი პირები. საბჭოთა პრესა „კრასნაია ზვეზდა“ და „ლენინსკოე ზნამია“ დამახინჯებით აშუქებდა მომხდარს. არავინ მიცემულა პასუხისგებაში. 15 აპრილს ჩატარდა მსხვერპლთა მასობრივი დაკრძალვა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა. მთავრობის სახლის წინ კიბეები გადაიქცა თაყვანისცემის ადგილას, სადაც აღიმართა დროებითი მემორიალი. 9 აპრილი უკვდავყოფილ იქნა ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. 32 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: აზა ადამია – 22 წლის; ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტრეველი – 45 წლის; მამუკა ნოზაძე – 21 წლის; ნანა სამარგულიანი – 41 წლის; შალვა ქვასროლიაშვილი – 35 წლის; მარინა ჭყონია-სამარგულიანი – 31 წლის; ელისო ჭიპაშვილი – 25 წლის; თამარ ჭოველიძე – 16 წლის; ნოდარ ჯანგირაშვილი – 40 წლის; მზია ჯინჭარაძე – 43 წლის; მანანა მელქაძე – 26 წლის და გია ქარსელაძე – 25 წლის.

მთავრობის განკარგულებით, 10 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვება. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

კელი დეგნანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმყოფებოდა. მან მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთნ მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც ღამეს კარვებში ათენებენ. ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

კარლ ჰარცელი: 9 აპრილს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! 1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, – აცხადებს კარლ ჰარცელი. ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას დღეს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღეს პარლამენტში მოუსმენენ. სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს. ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში. სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში მოსმენასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათი ინფორმაციით, პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 12:00 საათზე წარდგება. „პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად წარუდგენს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ამასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლას დეპუტატების მხრიდან საპასუხო გამოსვლები არ იქნება. პანდემიიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რიგგარეშე სხდომაზე საქართველოში აკრედიტებული კორპუსის წარმომადგენლებს არ მიიწვევენ. სხდომას მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, ის სხდომას არ დაესწრება. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

ირაკლი ღარიბაშვილი: 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ

დღეს ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, 1989 წლის 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ხმამაღლა განაცხადა ურყევი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხალხის ნებისადმი უხეში დაპირისპირება - საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა იქცა გარდამტეხ მომენტად, რომელმაც განსაზღვრა დამოუკიდებლობის იდეის გამარჯვება და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. „9 აპრილი მუდამ სამშობლოსათვის თავგანწირვის და, ამავე დროს, თავისუფლებისა და ერთიანობის სიმბოლოდ დარჩება. ამიტომაც, დღეს გმირულად დაცემულთა სახელებს ტკივილით, და ამავდროულად, სიამაყით ვიხსენებთ. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც საკუთარი თავდადებით სამშობლოს თავისუფლებისკენ გაკვალა გზა,“- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 777 ადამიანს დაუდასტურდა, 342 გამოჯანმრთელდა, 9 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 578 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 438 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 140 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 777 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 287 183-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.47 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 276 426-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 858 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36. სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 437 პირი, აჭარაში - 1 925, იმერეთში - 957.