ძებნის რეზულტატი:
ირანი ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს
Aljazeera-ს ინფორმაციით, ირანი არ აპირებს სანქციებისადმი დამოკიდებულების შეცვლას და ურანის 60%-მდე გამდიდრებას გეგმავს. როგორც ცნობილია, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). Aljazeera წერს, რომ ურანის კიდევ უფრო გამდიდრებით, ირანი სულ უფრო უახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თეირანის ეს გადაწყვეტილება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, რაშიც ირანი ისრაელს ადანაშაულებს. 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ურანის გამდიდრების ზედა ზღვარი 3.67%-ია.
„ევროპის სახალხო პარტია" რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მოითხოვს
ევროპარლამეტის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება გაეწიოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდეს. როგორც ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-თავმჯდომარე სარა კალნიეტე აცხადებს, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნონ რუსეთს და სანქციები დაუწესონ. "ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ უნდა მიაწოდონ რუსეთს ის ფასი, რომლის გადახდაც რუსეთს მისი აგრესიის გამო მოუწევს. ეს ფასი მაღალი უნდა იყოს", - აცხადებს კალნიეტე. მისივე თქმით, ახალი სანქციები ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას, აქტივების გაყინვასა და კრემლის მომხრე ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოგზაურობის აკრძალვას უნდა მოიცავდეს. უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია უკრაინას სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით დახმარება გაეწიოს. "ამავდროულად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას სამხედრო გაძლიერებისა თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. წამყვანი ევროპული სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ, რომ უკრაინას NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიანიჭებს”, - აღნიშნა კალნიეტემ.
გუმათში ,,ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან კვლავ ხმაური და დაპირისპირებაა. დაპირისპირება პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, კომპანია"ენკას" კუთვნილი ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიწყო. „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები სოფელ გუმათში, „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან რჩებიან და აცხადებენ, რომ მათი მიზანია კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკამ სამუშაოების განხორციელება ვერ შეძლოს. ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპირებდნენ დარჩენას, თუმცა პოლიცია ტერიტორიის დატოვებისკენ და გზის გახსნისკენ მოუწოდებს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, პოლიციამ მოხსნას "გუმათჰესთან" აღმართული ბლოკპოსტი და ნამახვანისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს, სადაც თვეების განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი.
ხათუნა ზახაშვილი: კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. მისივე თქმით, საქართველო ვერ შეძლებს კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერებას. ,,როგორც ჩანს, ვერ შევძლებთ ამის შეჩერებას. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაცია არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გატარდეს ისეთივე მკაცრი ღონისძიებები, როგორც შარშან. ფაქტია, რომ მესამე ტალღა უფრო მაღალი იქნება, ვიდრე პირველი. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თუ დავიცავთ იმ წესებს, რაც რეკომენდირებულია შესაძლებელი იქნება ისეთი დამანგრეველი არ იყოს, როგორც მეორე“, - განაცხადა ზახაშვილმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.
ნათია თურნავა: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს
საქართველო ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ენერგოპოლიტიკის საკითხი მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს. მისივე თქმით, მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკაა. ,,დღეს მსოფლიოში არ არსებობს ერთმანეთზე გავლენის მოხდენის და ზეწოლის უფრო ძლიერი იარაღი, ვიდრე ენერგეტიკა, ამიტომ ჰესების მშენებლობით ვაზღვევთ მომავალი თაობების სიძლიერეს და დამოუკიდებლობას. წარმოიდგინეთ, რომ არ აშენებულიყო ენგურჰესი, რომელიც დღეს ადგილობრივი ენერგიის 2/3-ს უზრუნველყოფს. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ენერგეტიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები რომელიმე მეზობელ ქვეყანაში არ წყდებოდეს“, - განაცხადა თურნავამ.
ჟოზეპ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს
უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ, აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა იმსჯელეს. როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ბლინკენმა და ბორელმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის საზღვრთან მიმდინარე პროცესების გამო. „ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს და ღრმა შეშფოთება გამოხატეს უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო მდივანმა საუბრისას ასევე განიხილეს ავღანეთის, ირანისა და ეთიოპიის საკითხები. ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე.
Times: ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს
The Times-ის ინფორმაციით, ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს. მედიის ცნობით, ავღანეთში დაახლოებით 750 ბრიტანელი ჯარისკაცია განლაგებული. აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 085 ადამიანს დაუდასტურდა, 432 გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაციას Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 863 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 896 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 967 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 085 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 291 214-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.67 %. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 432 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 278 683-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 901 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 085 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 664 შემთხვევა, აჭარა - 96, იმერეთი - 52, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 31, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 120, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 604, საიდანაც: 2 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 264, აჭარაში - 390, იმერეთში - 360. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 426 პირი, მათ შორის, თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში -73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 81 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში -10, იმერეთში - 7. 338 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 201 - თბილისში, 126 - აჭარაში. 5 720 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 162 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 6. სულ 6 ოქტომბრიდან - 13 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 194 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 708 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 103 პირი, აჭარაში - 2 261, იმერეთში - 994.
პროკურატურამ ფრანგული კომპანიის თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, უწყებამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტს, რის შედეგადაც ორი პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა. „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი 450 000 აშშ დოლარი, მოტყუებით გადმოარიცხინეს გ.ჯ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე საქართველოში. თაღლითურად დაუფლებული თანხის ნაწილი – 30 000 აშშ დოლარი, ნ.ხ-მ და გ.ჯ-მ გაიტანეს საწარმოს საბანკო ანგარიშიდან, რაც წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. აღსანიშნავია, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი – 420 000 აშშ დოლარი, რომელსაც გამოძიების მსვლელობისას დაედო ყადაღა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაზარალებულ კომპანიას დაუბრუნდება. ნ.ხ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“, – აცხადებენ პროკურატურაში. მათივე ცნობით, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისთვის.
დონბასში კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 5-ჯერ დაარღვიეს. ცეცხლის გახსნის შედეგად ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ-ერთ ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აქვს მიყენებული. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ბოლო კვირების გამავლობაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ვითარება დაიძაბა. სეპარატისტულ დონბასში რუსეთის აქტიურობით რამდენიჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაღუპული და დაშავებულია 10-მდე უკრაინელი ჯარისკაცი. დაჭრილია 15-მდე სამხედრო მოსამსახურე. 10 აპრილს უკრაინასა და მის გარშემო განვითარებული საგანგაშო ვითარების გამო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა გაიმართა. უკრაინის ხელისუფლება, შიშობს, რომ აპრილის ბოლოსთვის მოსკოვს სერიოზული სამხედრო პროვოკაციას გეგმავს. უკრაინამ მარტის ბოლოს საერთაშორისო საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის საზღვართან და ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის დიდი სამხედრო ძალების გადასროლის შესახებ. ეუთოს სხდომის დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი, თუ რა ძალას მოუყარა თავი რუსეთმა მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში დროებით ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სწორედ მშფოთვარე დონბასის მახლობლად. დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს
შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთმა საზღვაო ავიაციის წვრთნები წამოიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთმა საზღვაო ავიაციის მასშტაბური წვრთნები წამოიწყო. როგორც ცნობილია, ავიაციის გარდა წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდები. მანევრებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქისა და შავი ზღვის ფლოტში შემავალი თვითმფრინავები მონაწილეობენ. მანევრებში ჩაერთვებიან სუ-24-ემ-ის, სუ -34-ის, სუ-27-ეს-ემ-ის, და სუ-30-ეს-ემ-ის ტიპის ბომბდამშენები. თვითმფრინავები ზღვაში მდებარე სამიზნეებს რაკეტებს და ბომბებს ესვრიან. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკული ხომალდების გადაადგილებას თვალყურს შავი ზღვის ფლოტი მიადევნებს.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 493 ადამიანია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამურად 23 493 ადამიანი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15-22. გისურვებთ ჯანმრთელობას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 432 პაციენტი.
ინდოეთიდან ჩამოსული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული №169 დადგენილების მიხედვით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შედის და ინდოეთიდან ჩამოსული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება. კერძოდ, დღემდე მოქმედი წესის თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეზღუდვებს არ ექვემდებარება. 15 აპრილიდან კი, ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან მომავალ მოქალაქეებზე (მოქალაქეობის მიუხედავად), რომლებიც, ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან სამი დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით „პისიარ“ კვლევის ჩატარებას. დადგენილების თანახმადვე, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას კი, ავიაკომპანიას უნდა ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე. ბოლო პერიოდში ინდოეთში ეპიდსიტუაცია უარესდება – გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ინდოეთში გარდაიცვალა 1 027 კოვიდინფიცირებული. პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 13,9 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 172 085-ს შეადგენს. ბოლო ერთი კვირაა ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 ათასს აჭარბებს. ეპიდვითარების გართულების გამო ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში კარანტინი გამოცხადდა.
ლორა თორნტონი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება
ვადამდელი არჩევნების დანიშვნა „მოლიპულ დაღმართზე“ სიარული იქნება, რომლითაც არა მხოლოდ ევროკავშირი, არამედ საქართველოც პანდორას ყუთს გახსნის და ცუდ პრეცედენტს შექმნის", - ამის შესახებ, "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლორა თორნტონმა, NDI-ს ყოფილმა დირექტომა და "საერთაშორისო იდეის“ გლობალური პროგრამების მენეჯერმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან კომპრომისზე წასვლამდე პირველი ნაბიჯი მთავრობამ უნდა გადადგას და ამაში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება უნდა შევიდეს. თორნტონს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა ვერ გადალახეს ის, რომ მმართველობა ნულოვანი ჯამის პრინციპით არ შეაფასონ. გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ოპონენტი უნდა გაანადგურო. მისი აზრით, არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს, მაგრამ მას პოლიტიკური ნება სჭირდება, რისი მონახვაც რთულია. "საერთაშორისო იდეის“ წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პარლამენტში, პროკურატურასა და საარჩევნო კომისიაში პლურალისტური ძალაუფლების ცენტრების შექმნაა. "ეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია. ასევე გონივრული იქნება იმ შემოთავაზებების გათვალისწინება, რომლებიც ევროკავშირმა წარმოადგინა - მაგალითად ცესკოს ხელმძღვანელისა და გენერალური პროკურორის დასანიშნად ხმების 2/3-ის თანხმობა. ეს პარლამენტში ძალაუფლების გაზიარების მნიშვნელოვანი მექანიზმები იქნება, რომელთა მიღებაც შესაძლებელია. ასევე შესაძლებელია კომიტეტებში თანათავმჯდომარეების პოზიციების შექმნა, ბიუჯეტისა და ზედამხედველობის კომიტეტების ოპოზიციისთვის მიცემა, რაც ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. თქვენი კითხვა გაცილებით რთული საპასუხოა იმის გამო, რომ ის პოლიტიკურ ნებას მოიცავს და არ ვიცი ეს ნება საიდან შეიძლება მოვიდეს. ვფიქრობ, ეს გრძელვადიანი თამაშია და ქართველმა ხალხმა ამის მოთხოვნა უნდა დაიწყოს. „ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. სიტუაცია ისე გამოიყურება, რომ მოლაპარაკებები არ მუშაობს. თუმცა, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენს კოლექტიურ ჩემოდანში, ამერიკას და ევროკავშირს, ჯერ ისევ გვაქვს რამდენიმე თაფლაკვერი და წკეპლა. შეიძლება გამოსავალი ის იყოს, რომ ცვლილებები ეტაპობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით განხორციელდეს და არა - ერთბაშად. „ქართული ოცნება“ მმართველი პარტიაა და რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი მათ უნდა გადადგან და ხელი პირველი მათ უნდა გაუწოდონ. ეს შეიძლება ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება იყოს. ამის შემდეგ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს რაღაცას და ასე უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები. შეიძლება, ეს მეთოდიც ჩავარდეს და განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ თქვას, რომ არ აღელვებთ ევროკავშირის მუქარა ფინანსური დახმარების შეჩერებაზე. არ ვისურვებდი, რომ საქმე ამ წკეპლების მიდგომამდე მივიდეს და ევროკავშირმა და ამერიკამ დახმარების შეწყვეტა დაიწყონ. მაგრამ მათ ამის საშუალება ნამდვილად აქვთ. აქ საქმე ისევ იმ ნულოვანი ჯამის თამაშთან გვაქვს, რომლის დროსაც სიტუაციას ყველა მოგების ან წაგების თვალსაზრისით უყურებს. მხარეებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ერთი გამარჯვებული უნდა დარჩეს. ჩვენ, გარე დამკვირვებლები ვხედავთ, რომ ორივე მხარეს შეუძლია გამარჯვება, მაგრამ ისინი ისე არიან საკუთარ ჩარჩოებში ჩაკეტილი, რომ ამის დანახვა უჭირთ. ამიტომაც, ვფიქრობ მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ასევე მნიშვნელოვანია ჟურნალისტური სტანდარტების გაძლიერება, ადგილობრივი მედია-საშუალებების განვითარება. ეს დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან არ მგონია ძირითადი მედია საშუალებები სიტუაციის განმუხტვას ეხმარებოდეს", - აღნიშნავს "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ლორა თორტონი. NDI-ს საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, საქართველოში ორი ყველაზე დიდი საარჩევნო პრობლემა სახელმწიფო რესურსის ბოროტად გამოყენება და დაშინებაა. "საქართველოს საარჩევნო კანონი, საერთაშორისო გადმოსახედიდან, ასე თუ ისე ნორმალურია. მე ცესკოს შემადგენლობას შევცვლიდი, მაგრამ ამის გარდა, ბევრი საკანონმდებლო ცვლილება საჭირო არ არის. ის, რაც გასასწორებელია, ძირითადად, ცესკოს მიერ მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით იქნებოდა შესაძლებელი. დიდი პრობლემების მოგვარებას კი დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, რატომ ჰგონიათ საჯარო მოხელეებს, რომ მმართველი პარტია თუ არ გაიმარჯვებს მათ სამსახურებიდან გაათავისუფლებენ. ეს კვლავ იმ ნულოვანი ჯამის პრინციპს უკავშირდება, რომელზეც წეღან ვისაუბრეთ. ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების, დაახლოებით, 50 პროცენტი საჯარო სამსახურშია, მათ არ უნდა ეშინოდეთ არჩევნების შედეგების. ამ ადამიანების დაშინებას დიდი ძალისხმევა არ უნდა. მაგალითად, მასწავლებლებთან არჩევნების წინ სკოლის დირექტორი შედის და ეუბნება, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ. ეს დაშინებაა და ამას კანონით ვერ შეცვლი. საარჩევნო სისტემის რეფორმა აუცილებელია და ეს ცესკოს შემადგენლობის შეცვლით უნდა დაიწყოს. მაგრამ ზოგიერთი ცვლილება დღესვე რომ იქნას შეტანილი და ერთ თვეში არჩევნები ჩატარდეს, არ მგონია დიდად განსხვავებული შედეგი მივიღოთ. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, როცა ფართომასშტაბიანი გაყალბების მტკიცებულებები არ არსებობს, პანდორას ყუთს ხსნის. ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი.არ გგონიათ რომ სხვა შედეგი იქნება? არ მგონია სხვა შედეგი დადგეს, ყოველ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი ამას აჩვენებს. მაგრამ მეორე მხრივ, იმ გრძელვადიანი პრობლემების გამოსწორება რომ დავიწყოთ, როგორებიცაა მაგალითად, სახელმწიფო რესურსის გამოყენება და დაშინება და რომლებსაც დიდი დრო სჭირდება, არჩევნები გაცილებით კონკურენტული იქნება. ასევე, თუ მოხდა დეესკალაცია მედია გარემოში, არჩევნები მაშინაც უფრო კონკურენტული იქნება. ვფიქრობ, ეს მოლიპული დაღმართია. მე იმ ძირეული ცვლილებების განხორციელებაში დავხარჯავდი დროსა და ძალისხმევას, რომლებიც ინსტიტუტების გარდაქმნას სჭირდება, არჩევნებს კი გეგმიურად ჩავატარებდი. თან ახალ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი", -აცხადებს ლორა თორნტონი.
,,ქართული ოცნება“ 5 დეპუტატმა დატოვა
საქართველოს პარლამენტის ხუთი წევრი: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.
სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავეს
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სტამბოლში ტერორისტული ორგანიზაციის 11 წევრი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu იუწყება. მათი ცნობით, ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფებმა სტამბოლის 10 უბანში 11 სახლში ჩაატარეს სპეცოპერაცია. შედეგად დაკავებული 11 ბრალდებული. სამართალდამცავების ცნობით, ამოღებულია დოკუმენტაცია და სხვა მტკიცებულებები. გავრცელებული ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან.
ხვალ საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვევა
თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ,,სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანისა და ნუნე სარქისიანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 15 აპრილს ორბელიანების სასახლეში გაიმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც არმენ სარქისიანი და სალომე ზურაბიშვილი პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ასევე, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, ,,ლოქდაუნზე" ვიფიქრებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძის განმარტავს რა შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს ე.წ. ლოქდაუნი. მინისტრის თქმით, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ასცდება, იქნება ნიშანი იმისა, ,,ლოქდაუნზე" დაიწყება ფიქრი. „მიდგომა კვლავ რჩება ისეთი, როგორიც აქამდე გვქონდა - დადებითობის მაჩვენებლის შემთხვევაში, როდესაც ის 4%-ს ასცდება, უკვე იქნება იმის ნიშანი, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი ლოქდაუნზე, დახურვებზე, ხოლო შემდეგ გამკაცრებებზე. ამ ეტაპისთვის ხდება ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, ჩვენი მიდგომა არის, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ აღსრულება და მონიტორინგი. გვინდა, რომ ეფექტიანი მართვის პირობებში ეკონომიკა არ გავაჩეროთ, რადგან ვიცით, რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამან“, – განაცხადა ტიკარაძემ საზოადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით კოდუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ხოლო ალტერნატივის სახით გირაოს. ბრალდების მხარე კი პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა დავით კოდუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაძაბულობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. „მესამე სართულზე ავედი და ჩემთვის ვიჯექი, ვვახშმობდი და თვითონ ამოვიდა ემოციებით დატვირთული – ამან თქვა, იმან თქვაო, ავდექი და ლიფტთან დაიწყო – არ წახვიდე, სად მიდიხარო. ლიფტთან წავიქეცი და „შირმას“ დავეჯახე, უხერხულიცაა ამაზე საუბარი. მაკავებდნენ, კომენდატის საათი იყო და არ უნდოდათ წავსულიყავი, არ მინდოდა კონფლიქტი და გამოვედი. ოთხი შვილის მამა, შვილიშვილის ბაბუა ვარ, იმან თქვა, ამან თქვაზე აწყობილი ქალი, ემოციებით დატვირთული ქალი იყო, ეჭვიანობის ნიადაგზე უაზრობაში აღმოვჩნდით. ვიფიქრე, გავარიდებ თავს, დამშვიდდება-მეთქი და წავედი. წასასვლელის მეტი რა მაქვს, ოთხი სახლი მაქვს თბილისში, წყნეთში, ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი რადგან იყო, იქვე სახლთან ჩავედი“, – განაცხადა კოდუამ. ცნობისთვის, პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალი 13აპრილს წარუდგინა.
არჩილ თალაკვაძე: ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს გახარიას მეგობრებმა
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, წუხს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას მეგობრებმა ,,ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა თალაკვაძის თქმით, პარტია განაგრძობს მუშაობას ქვეყნის კეთილდღეობისთვის. „ადრეც გითხარით და კიდევ ერთხელ მინდა, გითხრათ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში აქვს და ექნება მყარი უმრავლესობა. ჩვენ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ ყველას, ჩვენს კონკურენტებს ვაჩვენებთ, თუ რა მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ისინი ნერვიულობენ. გუშინ ჩვენ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებიც. მესმის, ისინი ნერვიულობენ, არ დაკარგონ ის ადგილი, რაც ოპოზიციას ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. თუმცა ძალიან იაფფასიანად ცდილობენ, რომ რაღაცნაირად მოუძებნონ ამას ადვილი არგუმენტი, უპასუხისმგებლო არგუმენტი, რომ თითქოს გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ პროექტი. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ასე არ არის. თუ ჩვენ ვნახავთ, რა პოლიტიკურ პარტიას ქმნიან ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგები და რა იქნება მათი პლატფორმა, რა მიზნებს ჩამოაყალიბებენ ისინი, შემდეგ თქვენ უფრო დარწმუნდებით, რომ ოპოზიცია ტყუილად არ ნერვიულობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას. გარწმუნებთ, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. მესმის, გულდასაწყვეტი იქნება ეს ნაბიჯები ბევრი ჩვენი კოლეგისთვის. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ექვსმა წევრმა დღეს პარტია „ქართულ ოცნება“ დატოვა.