ძებნის რეზულტატი:

სალომე ზურაბიშვილი: ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება!

დედაენის დღის აღნიშვნისას, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი განმსაზღვრელია იმ დროიდან თუნდაც, როცა გიორგი მერჩულემ დაგვიტოვა ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირიცხების, რომელსაც შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დედაენის დღისადმი მიძღვნილი მიმართვაშია ნათქვამი. „ქართულმა ენამ საუკუნეების მანძილზე ეს დანიშნულება არ დაკარგა, რომ არა თუ იყოს ჩვენი სახელმწიფოს განმსაზღვრელი, არამედ მისი დამცველი და მასთან გაიგივებული. ამიტომაც ქართულმა ენამ ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, დევნა და აკრძალვები, თუმცა მას არ დაუკარგავს მისი ძალა იმდენად რომ, ეროვნული მოძრაობა სწორედ ამ ძალის შთაგონებით იწყება და გაიგივებულია ენის გადარჩენასთან. ენა და სახელმწიფო ერთად ძლიერდება და ერთად ვითარდება! ასე მოვედით დღემდე, 21-ე საუკუნემდე, პატარა ქვეყანა საკუთარი უნიკალური ენით, სამი სახეობის უნიკალური ანბანით, მსოფლიოს მიერ აწ უკვე აღიარებული და სწორედ დაფასებული ფენომენით. ისე მოვედით, რომ არცერთი ურთულესი განსაცდელის დროსაც კი, როცა ქვეყნის ტერიტორიებს და მოქალაქეებს უმძიმესი საფრთხეები ემუქრებოდათ, ქართული ენა მჩაგვრელი თუ შემავიწროებელი არასოდეს ყოფილა, თუნდაც თავისი ყოფილი დამპყრობლების ენის. ეს შემწყნარებლობა დღემდე მოგვყვება და ქმნის საქართველოს სახელმწიფოს განსაკუთრებულობას. ჩვენ ეთნიკურ უმცირესობებს ისეთი პირობები შევუქმენით საკუთარი წარმოშობის ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, რომ მეორე უკიდურესობაში გადავედით და ამით ჩვენვე ვქმნით პრობლემას მათი სრულყოფილი ინტეგრაციის გზაზე, რამეთუ სრულყოფილ ინტეგრაციას სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნაც სჭირდება. ამაზე ერთად კიდევ უნდა ვიმუშაოთ. ასევე, ვჩაგრავთ ჩვენი ენის ფუძე ენებს - მეგრულსა და სვანურს. რატომღაც გვეშინია ქართულის უმდიდრეს ლიტერატურულ ენად ჩამოყალიბებაში მათი როლის აღიარება. მეგრულიც და სვანურიც ჩვენი საგანძურია, რომელსაც უნდა ვიცავდეთ და ვანიჭებდეთ სწორ ადგილს. ყველა მსურველს უნდა ჰქონდეს სკოლაში ამ ენების არჩევით შესწავლის საშუალება და არ უნდა ვემორჩილებოდეთ ცრუ შიშებს! ახალი ეპოქა ენის განვითარებას ახალ გამოწვევებს უყენებს. ჩვენი უძველესი ენისთვის უნდა შევძლოთ ახალ ეტაპზე გადასვლა, ახალი ტექნოლოგიების დაუფლება და ახალი სივრცეების გახსნა. მსოფლიოში ამ ენაზე ცოტა ადამიანი საუბრობს, თუმცა ამ ენას მსოფლიოსთვის ბევრი საიდუმლო და ბევრი სიმდიდრე აქვს გასაზიარებელი, რაც დამოკიდებულია სწორედ იმაზე თუ რამდენად შევძლებთ ეს უძველესი ენა ყველაზე თანამედროვე საშუალებებით აღვჭურვოთ. პირველ რიგში, გვჭირდება ციფრული ინსტრუმენტები, როგორიცაა ქართული ენის კომპიუტერული მოდელი და მანქანური თარგმნის პროგრამები, რათა ქართულმა ენამ ციფრულ სივრცეში ახალი სიცოცხლე შეიძინოს. დედაენის დღე შევარჩიე, რათა ღირსების მედლით დამეჯილდოებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას. - ამის ერთ-ერთი მაგალითია ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა. - ზაქარია ფურძელაძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე. - მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი წლების განმავლობაში ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას. - თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს. ყველას გილოცავთ ამ დღეს საქართველოში და მის ფარგლებს მიღმა, რამეთუ ქართული ენა გვაერთიანებს, გვაძლიერებს და ქმნის ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების მყარ საფუძველს. უცხოეთში გაზრდილ ყველა ახალგაზრდას ვუსურვებ ისწავლოს, დაიცვას და გაითავისოს ქართული ენა! ეს არის ყველაზე დიდი მომავლის იმედის ნიშანი - სახელმწიფო გაძლიერების, გაერთიანების და ევროპულ ოჯახში ღირსეული დაბრუნების! გილოცავთ დღევანდელ დღეს!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მიმართვაში.

სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქართველი მეცნიერი დააჯილდოვა

პრეზიდენტმა საქართველოში კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განვითარებაში, ძველი ქართული ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობისა და ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო მწერლობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ენრიკო გაბიძაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტაცია ავრცელებს. „თანამედროვე მოთხოვნებმა არ უნდა დაგვავიწყოს ძველი ქართული ენის და მწერლობის კვლევები, რომლებიც გვიხსნიან იმ მდიდარ საფუძველს, რასაც ქართული ენა ეყრდნობა. ამ მიმართულებით გაწეული უდიდესი ღვაწლისათვის ვაჯილდოვებ პროფესორ ენრიკო გაბიძაშვილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 4 ქართველი მეცნიერი კი, პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ქართული ენის სიწმინდის დაცვასა და ქართული ენის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის ვახტანგ ელერდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა. „გადავწყვიტე დედაენის დღეს დამეჯილდოვებინა ადამიანები, ვინც სხვადასხვა კუთხით ემსახურებიან ქართული ენის გადარჩენასა და განვითარებას. ამისი ერთ-ერთი მაგალითია ბატონი ვახტანგ ელერდაშვილი, რომელმაც მის ირგვლივ გაერთიანებულ ადამიანებთან ერთად სწორედ ციფრული ინსტრუმენტები შექმნა და ქართული ენა ციფრულ სივრცეში შეიყვანა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის კი, მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი-ლიკლიკაძე დაჯილდოვდნენ ღირსების მედლით. „ქალბატონი მაია დარჩია და ლელა ჟორჟოლიანი წლების მანძილზე ასწავლიან ქართულ ენას პრაღის კარლის უნივერსიტეტში, თარგმნიან და აცოცხლებენ მას“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. ასევე, ღირსების მედლით დაჯილდოვდა დღეს ზაქარია ფურცხვანიძე, რომელსაც სახელმწიფო ჯილდო საზღვარგარეთ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის მიენიჭა. „ზაქარია ფურცხვანიძემ კი, გერმანულ სამეცნიერო სივრცეში ქართული ენის კვლევითი მიმართულება გააცოცხლა და ქართული ენა გააჟღერა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ენტონი ბლინკენი და იენს სტოლტენბერგი შეთანხმდნენ, რომ NATO-სთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეთანხმდნენ, რომ NATO-სთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „დღეს სახელმწიფო მდივანი ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა და გენერალურმა მდივანმა ავღანეთში ჩვენი კოლექტიური ძალების მომავალი განიხილეს. მათ ასევე განიხილეს რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში აგრესიული სამხედრო აქტიურობის შეწყვეტის აუცილებლობა. სახელმწიფო მდივანი და გენერალური მდივანი შეთანხმდნენ, რომ ნატოსთვის აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია თურნავა: დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა

"დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ნამახვანი იქნება პირველი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი. "დღეს ჩვენი ელექტროენერგიის იმპოტრი სამწუხაროდ აღწევს დრამატულ მოცულობას, ეს არის მილიარდ ექვსასი მილიონი კილოვატსაათი წელიწადში. ნამახვანჰესის გამომუშავება იქნება მილიარდ ხუთასი მილიონი. რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკა განვითარდება და უახლოეს 10-15 წელიწადში მეტი ელექტროენერგია დაგვჭირდება. დღეს რომ ნამახვანჰესი აშენებული გვქონოდა პრაქტიკულად იმპორტი არ დაგვჭირდებოდა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის დასაქმება. "ჰესის მშენებლობის პროცესში საქართველოს 1 600 მოქალაქე ეყოლება კომპანიას დასაქმებული, ამის ვალდებულება მათ ჩვენ წინაშე აიღეს. შეიქმნება 300 მუდმივი სამუშაო ადგილი. ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით 30 მილიონ ლარს შევა. შეიქმნა რიონის განვითარების ფონდი 5 მილიონი ლარის ოდენობით და ახლა ჩვენ ვმსჯელობთ თუ რა ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სამეწარმეო პროექტები დავაფინანსოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რამდენად დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს მსხვილმა ინვესტორმა ქვეყანაში. გარდა ამისა, 830 მილიონი დოლარის ინვესტიცია დღეს, პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც ინვესტორები ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ ზოგადად და მათ შორის საქართველოშიც არ არის მოსალოდნელი ძალიან დიდი ბუმი ინვესტიციების, ობიექტური მიზეზები დან გამომდინარე. უცხოური ვალუტა, რომელიც ფაქტობრივად ამოგვივარდა ტურიზმის კოლაფსის გამო, გვჭირდება, რომ გავამყაროთ ჩვენი ეროვნული ვალუტა, იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, შეიქმნას სამუშაო ადგილები და გაიზარდოს ჩვენი შიდა პროდუქტი. ძალიან დიდი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროექტმა და ამ ყველაფერზე მზად ვართ ვისაუბროთ მშვიდ ვითარებაში ისე, როგორც ჩვენი საპატრიარქო მოგვიწოდებს“, - განაცხადა თურნავამ.

ბულვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ

ბათუმში, ბულვარში მშენებლობების შეჩერების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან აქციას მართავენ. "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრების აქციას ბულვარის ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი შეუერთდა. აქციის მონაწილეებს თქმით, ადგილზე ახალი კორპუსების მშენებლობა დაუშვებელია. მათ ასფალტის საფარზე წარწერის "არ დავთმობთ ბულვარს" გაკეთება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ერთი პირი სამათალდამცველებმა დააჯარიმეს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ.

ევროპის წამლის სააგენტო: Johnson&Johnson-ის ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება

ევროპის წამლის სააგენტო Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ვაქცინის სარგებელი მისი გვერდითი მოვლენების რისკებს აღემატება. „ევროპის წამლის სააგენტო ყველა დაფიქსირებულ შემთხვევას სწავლობს და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა მარეგულირებელი ზომები. სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის წამლის ადმინისტრაციასთან და სხვა საერთაშორისო მაფრეგულირებლებთან“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 13 აპრილს აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიზეზი „ვაქცინის მიღების შემდეგ, 6 ადამიანის შემთხვევაში, იშვიათი თრომბოზის განვითარება იყო“. იქამდე, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.

ეკონომიკის და გარემოს სამინისტროები ნამახვანზე: მიუღებელია აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი

"მიუღებელია საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი", - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. სამინისტროები მიესალმებიან საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ნამახვანჰესის პროტესტის თაობაზე. "მივესალმებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით დიალოგის გამართვის აუცილებლობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავენ საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, ყველა სადავო საკითხი განხილულ იქნას დიალოგის რეჟიმში, რათა ყველა შეკითხვას გაეცეს ამომწურავი პასუხი და საზოგადოებას მიეწოდოს.ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია. მიგვაჩნია, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია ვითარების შემდგომი ესკალაცია, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დაყენებული მოთხოვნების კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ადგილს დიალოგისა და პოზიციათა დაახლოებისთვის. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და ცივილიზებულ სამყაროში, რომლის ნაწილიც არის საქართველო, მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სადავო საკითხების მოგვარება. იმედი გვაქვს, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, საქართველოს საპატრიარქოს მოწოდების შემდეგ, თანხმობას განაცხადებენ დიალოგზე და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მთელი საზოგადოების ინტერესებში იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. აქციის ორგანიზატორების ბრალდების პასუხად ვიტყვით, რომ ჩვენ არ შეგვიწყვეტია დიალოგის პროცესი და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია სამეცნიერო და ექსპერტული ჯგუფებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული კვლევების შესწავლის კუთხით. ვფიქრობთ, ამ ფორმატით ურთიერთობამ უფრო გამჭვირვალე გახადა ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების პროცესი. იმედი გვაქვს, რომ კვლევების შესწავლის შემდეგ პროფესიულ საზოგადოებაში აღარ იქნება შეკითხვები „ნამახვანი ჰესის“ უსაფრთხოების შესახებ. აღნიშნული პროცესი პოზიციების საბოლოო შეჯერებამდე გაგრძელდება",- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. "შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი", - საქართველოს საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

1-ლი მაისიდან დანია ვაქცინირებულ ტურისტებს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან მიიღებს

1-ლი მაისიდან, დანია ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებიდან ჩასულ კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, დანიამ საზღვრების გახსნა 12 აპრილიდან ეტაპობრივად დაიწყო. 1-ლი მაისიდან, სრულად ვაქცინიებული მოქალაქეები, მათ შორის ტურისტები, დაინფიცირების დაბალი მაჩვენებლის მქონე ევროკავშირის ან შენგენის ზონის ქვეყნებიდან დანიაში შესვლას COVID-19-ზე აღებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისა და კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ.

თბილისი ენერჯი: 2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა

"2015-2020 წლებში ბუნებრივი გაზის არასწორი მოხმარების შედეგად 150 ადამიანი გარდაიცვალა", - ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელვყოფით გამოწვეული შემთხვევები, მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და სამწუხაროდ გარდაცვალების ფაქტებიც. "ადამიანების უყურადღებობით, დაუდევრობითა და ჩვენი სპეციალისტების რჩევების იგნორირების გამო დედაქალაქში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულებელყოფით გამოწვეული შემთხვევები. მათ შორის CO-თი ინტოქსიკაციასთან ერთად და სამწუხაროდ გარდაცვალების ფაქტებიც. გაზის დანადგარებისა და გაზგაყვანილობის არასწორი ექსპლუატაციისას განსაკუთრებით სახიფათოა ახლანდელი, გაზაფხულის პერიოდი. კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე, კიდევ ერთხელ გვინდა მივცეთ რჩევები აბონენტებს, თუ რა წესები უნდა დაიცვან გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებისთვის. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, რომ არასწორად დამონტაჟებული დანადგარები ან თვითნებური გაზგაყვანილობა, სპეციალისტების რჩევების იგნორირება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც. ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან და გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით ხვალ, 15 აპრილს, 11:00 საათზე თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების(114) ბაზაზე( ბოჭორმის ქუჩა #27) პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დაესწრება ენერგო ომბუდსმენიც", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან

"საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა. ევროპარლამენტარის განცხადებით, თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს. "პოლიტიკოსები ბრიუსელში იკითხავენ, რატომ უნდა ჩავდოთ დამატებითი თანხა საქართველოში, როცა ქართველები შიდა პრობლემების მოგვარებაზე თავად არ ზრუნავენ? დისკუსიები თანდათან უფრო დამძიმდება. ეს საქართველოს სასარგებლოდ არ მოხდება. ჩვენ არ გვინდა საქართველო მოვიშოროთ. ჩვენ გვინდა საქრთველო იყოს სწორ გზაზე. ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს 6 პუნქტიან შეთანხმებას, დანარჩენი ყველაფერი დროის კარგვაა. რაღაც ეტაპზე ვიფიქრებთ მაკროფინანსური დახმარების შემდეგ ტრანშზე, მაგრამ საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას აპრილის ბოლოს დატოვებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, ის თანამდებობას აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში დატოვებს. "აპრილის ბოლო 10 დღის განმავლობაში მე გადავდგები. ჩემი გადადგომიდან მე-7 დღეს პარლამენტში ახალი პრემიერის არჩევის საკითხი დადგება. პრემიერის პოსტზე ჩემს კანდიდატურას წარადგენს ფრაქცია "ჩემი ნაბიჯი". სხვა ფრაქციებს კანდიდატი არ ეყოლებათ. მე არ ამირჩევენ პრემიერად“, - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, მეორედ, ფრაქცია "ჩემი ნაბიჯის" 1/3 მას კვლავ წარადგენს პრემიერ მინისტრის პოსტზე. თუმცა მას მაინც არ აირჩევენ. "მას შემდეგ, რაც იგივე მეორედ მოხდება, კანონის ძალით, სომხეთის პარლამენტი დაიშლება და 20 ივნისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება“, - განაცხადა ფაშინიანმა.

ექსკლუზივი: სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

Europetime-მა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ექსკლუზიურად ჩაწერა. კომენტარში აღნიშნულია, რომ „შეერთებულ შტატებს სურს, იხილოს წარმატებული, უსაფრთხო დემოკრატია საქართველოში, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. „იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაასრულებს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, რათა საქართველო წინ წავიდეს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავთ სურვილი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესებს მიანიჭონ პრიორიტეტი. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა კომპრომისი მიიღწეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმოქმედონ დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობაში, რომლებიც ქმნის ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს,რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს.

ირაკლი კიკნაველიძემ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა

"დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე", - ირაკლი კიკნაველიძემ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "დრო მოვიდა ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდე. დიდი ხანია, ამ სიახლეზე, ჩემს ცხოვრებაში მის საჭიროებაზე ვფიქრობ. ვხედავ და მჯერა, რომ პოლიტიკური პარტიის წევრობა, შედარებით ტრადიციულ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა, სულაც არაა ამ ქვეყანაში იმგვარი ცვლილებებისა და სიახლის მოტანის ერთადერთი და ყველაზე ეფექტიანი შესაძლებლობა, რომელსაც მინდა, რომ მივაღწიო. დღეს ჩვენ ავტორიტარულ რეჟიმს ვებრძვით. რეჟიმს, რომელსაც საღი აზრი რახანია დაკარგული აქვს და მზადაა, საშიში პროვოკაციების გზით შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამ ბრძოლაში ასიათასობით ადამიანია ჩართული, წინა ხაზზე კი პოლიტიკოსებთან ერთად ბევრი სხვადასხვა პროფესიისა და საქმიანობის მოტივირებული ადამიანი დგას. სწორედ ამ ბრძოლაში ვაპირებ ბოლომდე მონაწილეობას. მინდა, წარმატება ვუსურვო ევროპულ საქართველოს, ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას ამ პარტიის ქოლგის ქვეშ. ეს პარტია საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ლიბერალური დემოკრატიის დაცვის ყველაზე ძლიერი და თანმიმდევრული ხმა იყო და მჯერა, რომ ასეთად დარჩება. ზუსტად ვიცი, რომ გიგა ბოკერია ბოლომდე იბრძოლებს ამ ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის", - წერს კიკნაველიძე.

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომ დაყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი

„შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაყოვნებლივ მოუწოდონ მმართველ პარტიას და ოპოზიციას გადაჭრან მათი კონფლიქტი“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა Europetime-ს განუცხადა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებს შეერთებული შტატების პოზიცია უმაღლეს დონეებზე არაერთხელ გადასცეს. „შეერთებულ შტატებს სურს, იხილოს წარმატებული, უსაფრთხო დემოკრატია საქართველოში, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ კომპრომისს, რომელიც დაასრულებს ამჟამინდელ პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ სთხოვოს მმართველ პარტიას და ოპოზიციას, გადაჭრან მათი კონფლიქტი. ჩვენ საჯაროდ და კერძო საუბრებში მოვუწოდეთ ყველა მხარეს სიტუაციის დეესკალაციისკენ, კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ და კომპრომისებზე წასვლისკენ, იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავთ სურვილი, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესებს მიანიჭონ პრიორიტეტი. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავდით, რომ მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, რათა კომპრომისი მიიღწეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა იმოქმედონ დემოკრატიულ ნორმებთან შესაბამისობაში, რომლებიც ქმნის ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ჯინ შაჰინი: უკრაინას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს

"უკრაინას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს" - ამის შეახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა. "მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმაში დარწმუნება, რომ ეს ორპარტიული საკითხია, რომ ორივე, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები მხარს უჭერენ უკრაინას. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ყველაფერი ვიღონოთ, რასაც რუსეთის შესაკავებლად შევძლებთ", - განაცხადა შაჰინმა. მისი თქმით, რუსეთის შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით, მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება იყო. "ჩვენი მოკავშირეების მხრიდან პოზიტიური რეაგირება იყო, რუსეთის შესახებ შეშფოთების გამოხატვის კუთხით. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენ ასევე უნდა გადავხედოთ სხვა საკითხებს, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ პუტინისთვის ნათელი გახდეს, რომ მათი ქმედებების გამო ძალიან შეშფოთებულნი ვართ. სწორედ ამიტომ ვიყავი [გაზსადენ] „ჩრდილოეთის ნაკადი2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრე, რაც უკრაინაზე დრამატულ გავლენას მოახდენს. ვფიქრობ, მსგავსი მოქმედებები და მოკავშირეებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა შაჰინმა. სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან "ჩრდილოეთის ნაკად 2"-ზე ახალი სანქციების დაწესება ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა კონგრესში საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესების და უკრაინისთვსვის კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერის შესახებ, შაჰინი პასუხობს, "რომ ასეთი საუბრები არის. ვფიქრობ, ეს იმ საკითხებს შორისაა, რომელიც შესაძლოა განიხილებოდეს. ამჟამად, რაიმე მოქმედებები არ არის, მაგრამ დისკუსია მიმდინარეობს".

ნათია თურნავა: ვგეგმავთ, ამ დღეებში ნამახვანჰესთან დაკავშირებული ყველა კვლევა საჯაროდ გავხსნათ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგს, მშვიდობიან, საქმიან საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია და ესკალაცია დაუშვებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „იცით, რომ მე და ბატონი ლევან დავითაშვილი ვმუშაობთ სხვადასხვა ჯგუფთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ძალიან სერიოზულ დათმოებებზე წამოვიყვანეთ თავად ინვესტორი კომპანია, რომელმაც, პრაქტიკულად, გადადო მთელი ერთი წლით კაშხლის მშენებლობა, რადგან კაშხალი იწვევდა მოსახლეობაში ყველაზე მეტ წუხილს და ესეც არის ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრების, კომუნიკაციის გამოძახილი. ახლა მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ გზის და მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამ კვირაში შეხვედრა გვაქვს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ექსპერტთან, გეოლოგებთან, მეცნიერებთან - ყველა კვლევა ხელახლა უნდა გავხსნათ, ისევ მსჯელობის საგანი გავხადოთ და თუკი რაიმე გაუმჯობესება იქნება საჭირო, კომპანია ამასაც გააკეთებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

Reuters: ევროკავშირის წევრი ქვეყნები კოვიდპასპორტების შემოღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ოფიციალურად შეთანხმდნენ, რომ სამგზავრო კოვიდ-პასპორტები შემოიღონ და ამ გზით ხელი შეუწყონ ტურიზმის ხელახალ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაცია ორ წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს. სერთიფიკატები საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ მოქალაქეებს, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს ან მათ, ვისაც კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი ექნებათ, ევროკავშირის ქვეყნებში უფრო მარტივად იმოგზაურონ. Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ წინადადებას ევროპარლამენტი უნდა დაეთანხმოს, ხოლო დეტალებზე საბოლოო მოლაპარაკებების დაწყება მაისში იგეგმება.

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ახლა უფრო არის მზად, ვიდრე ოდესმე ყოფილა

"დღეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოკავშირეთა თანამშრომლობამ კარდინალურად შეცვალა იმ საფრთხეების სახე, რომლის წინაშე საუკუნის დასაწყისში ვიდექით", - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავღანეთიდან NATO-ს მისიის გაყვანას ეხმაურება. „17 წლის განმავლობაში ქართული ჯარი ავღანეთში ჩვენს ამერიკელ და ნატოელ პარტნიორებთან გვერდიგვერდ იდგა. ერთად ვმუშაობდით ავღანელი ხალხისთვის მშვიდობის მოსატანად, რთულ რეგიონში წესრიგის დასამყარებლად და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე. მისი თქმით, საქართველო NATO-ში გასაწევროანებლად ახლა უფრო არის მზად. "დღეს ავღანეთი უფრო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოკავშირეთა თანამშრომლობამ კარდინალურად შეცვალა იმ საფრთხეების სახე, რომლის წინაშე საუკუნის დასაწყისში ვიდექით. საქართველო NATO-ში გასაწევრიანებლად ახლა უფრო მზად არის, ვიდრე ოდესმე ყოფილა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დავით ზალკალიანი: ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს

ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში. "ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან. საქართველო, რომელიც დღემდე აღნიშნული მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია და 860 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი ავღანეთში, ბუნებრივია, თანხვედრაშია ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილებასთან და ქართველი სამხედროებიც შეთანხმებული გრაფიკით და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს. მადლობელი ვარ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის, რომელმაც გუშინ, საჭიროდ ჩათვალა, პირადად შეეტყობინებინა ჩემთვის ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რაოდენ აფასებს ამერიკის შეერთებული შტატები და ალიანსი საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში. სახელმწიფო მდივანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს გაწეული ძალისხმევისა და მსხვერპლისთვის, რომელიც მათ გაიღეს მსოფლიო მშვიდობისთვის. მართლაც, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ღირსეულად ვიტვირთოთ კოლექტიური თავდაცვის პასუხის-მგებლობა. ჩემის მხრივ, მადლობას ვუხდი ქართველ სამხედროებს, ვინც მსახურობდა ავღანეთში, ასევე, ქედს ვიხრი იმ გმირი სამხედროების ხსოვნის წინაშე, ვინც თავი შესწირა მშვიდობას და უსაფრთხოებას. საქართველო კი, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, პარტნიორებთან ერთად ყოველთვის შეიტანს საკუთარ წვლილს ავღანეთის შემდგომი მშვიდობიანი განვითარებისთვის", - წერს დავით ზალკალიანი.

ირაკლი ღარიბაშვილი: ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა აშშ-თან კოორდინაციით მოხდება

"NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა აშშ-სთან კოორდინაციით მოხდება. „საქართველოს, მრავალი წელია, ღირსეული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენი მებრძოლები აქტიურად მონაწილეობენ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციებსა და მისიებში. საქართველო პირველად 2004 წელს ჩაერთო და ბოლო ათი წლის განმავლობაში უწყვეტად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისიაში. ჩვენი ქვეყანა RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. 860 ქართველი სამხედრო დღესაც მსახურობს ავღანეთში NATO-ს კონტიგენტის შემადგენლობაში. ავღანეთში ჩვენმა სამხედროებმა არაერთგზის დაამტკიცეს, რომ საქართველოს შეუძლია, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა. ეს არსებითია ჩვენი სტრატეგიული მიზნის - NATO-ს სრულფასოვანი წევრობის მისაღწევად. დღეს NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, ავღანეთის მისიის ეტაპობრივად, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულების შესახებ. შესაბამისად, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით, ავღანეთს დატოვებენ ქართული ქვედანაყოფებიც. ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-თან. ავღანეთიდან ქართული კონტიგენტის გამოსვლა მათთან კოორდინაციით მოხდება. საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ავღანეთი აღარასდროს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ვამაყობთ, რომ საკუთარი წვლილი შევიტანეთ ამ მიზნის მიღწევაში. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ქართველ სამხედროს, ვინც სხვადასხვა პერიოდში ამ ურთულეს და საპასუხისმგებლო მისიაში მონაწილეობით ღირსეული წვლილი შეიტანა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ სამხედროებს, იმ ქართველ გმირებს, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისათვის. ქედს ვიხრით მათი ნათელი ხსოვნის წინაშე“, - წერს პრემიერ-მინისტრი.