ძებნის რეზულტატი:
აშშ-ს საელჩო ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მისალოც ვიდეორგოლს ავრცელებს
აშშ-ს საელჩო ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს. "ამერიკის საელჩო მსოფლიოში ქართული ენის მცოდნე ყველა ადამიანს ულოცავს ქართული ენის დღეს", -აღნიშნულია მილოცვის განცხადებაში. მილოცვას თან ერთვის ვიდეორგოლი, სადაც ელჩი კელი დეგნანი და საელჩოს თანამშრომლები ქართულად საუბრობენ და ქართულ ლექსებს კითხულობენ.
გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-ის პარალელურად გაიყვანს
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანია ავღანეთიდან სამხედროებს აშშ-სთან სინქრონულად გაიყვანს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც, მინისტრმა ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა, შესაბამის გადაწყვეტილებას NATO უახლოეს ხანში გამოაცხადებს. გერმანიას ავღანეთში ამჟამად 1000 ჯარისკაცი ჰყავს. „ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთად შევდიოდით ავღანეთში და ერთად გამოვალთ. მხარს ვუჭერ გეგმით განსაზღვრულ გამოსვლას და ველოდები NATO-ს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. აღსანიშნავია, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ ავღანეთიდან ჯარებს 2021 წლის 11 სექტემბრისთვის გამოიყვანს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, ჯო ბაიდენი ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის გეგმას ოფიციალურად დღეს გამოაცხადებს. დღესვე დაანონსდა, რომ ბრიტანეთიც ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებს კარანტინი აღარ მოუწევთ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედი რეგულაციები იცვლება; კერძოდ, 19 აპრილიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან; ასევე, ისინი ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები კი მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე წარადგინა ვაქცინაციის გაფართოების გეგმა, რომელიც უწყებამ პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიმუშავა. გეგმის შესაბამისად, ვაქცინაციაში ჩართული პრიორიტეტული ჯგუფები ეტაპობრივად გაიზრდება, რათა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის პროცესი მაქსიმალურად სწრაფი ტემპით წარიმართოს. აღინიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, ქვეყანა უახლოეს მომავალში ვაქცინების დამატებით დოზებს მიიღებს, რაც ვაქცინაციის პროცესის უწყვეტად წარმართვას უზრუნველყოფს. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების კუთხით არსებულ ტენდენციაზე და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა საჭირო არ გახდეს მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ამ მიმართულებით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის სწორად გამოყენების აუცილებლობას, სოციალური დისტანციის დაცვასა და ხალხმრავალი შეკრებების, მათ შორის სოციალური ღონისძიებების ორგანიზების თავიდან აცილებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები მკაცრად აკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 291 214 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 278 683 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 901 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 162 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 338 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 546 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ამირან გამყრელიძე: არავის გვსურს, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მკაცრი შეზღუდვების შემოღება არავის სურს, ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაიცვას ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში. მისივე თქმით, ლოკდაუნები და შეზღუდვები ჯანდაცვის სექტორზე ძლიერი დატვირთვის დროს განიხილება. „არავის გვსურს, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ლოკდაუნები და შეზღუდვები ჯანდაცვის სექტორზე ძლიერი დატვირთვის დროს განიხილება, მაგრამ ეს ერთი ინდიკატორი არაა. არსებობს 5-7 ინდიკატორის ერთობლიობა, რომელსაც განიხილავს საკოორდინაციო საბჭო“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, Pfizer-ს მილიონი დოზა ვაქცინა ოფიციალურად შეუკვეთეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. „ლაპარაკია მილიონ დოზაზე, რომელიც ოფიციალურად შევუკვეთეთ Pfizer-ს. მაგრამ ზუსტი თარიღი, თუ როდის ან რა ეტაპობრიობით შეიძლება მოვიდეს ეს დოზები, ჯერ არ არის ცნობილი. ვიცით მხოლოდ ის, რომ ივნისში Pfizer-ის გარკვეული დოზები ისევ COVAX-ით შემოვა, მაგრამ ძალიან ლიმიტირებული დოზები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე: რესტორნები ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი ,,ბუსტერია"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ რესტორნები კორონავირუსის გავრცელების საკითხში ერთ-ერთი მთავარი ,,ბუსტერია". ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რესტორნებზე დაგიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მთავარი "ბუსტერია". არის რესტორნები, სადაც დაცულია პირობები, რომელთაც მათ ვაძლევთ, მათ შორის ორმეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის, მაგიდასთან ოთხი ადამიანი და ა.შ. უფრო მეტი რისკი არის დიდი სუფრები, რომლებიც, იცით, რასაც უკავშირდება, როცა ეს წესები აბსოლუტურად არ არის დაცული. 17-18 კლასტერიდან უმრავლესობა სწორედ ამ ტიპის სუფრებს უკავშირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პაატა იმნაძე განმარტავს, გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს რეინფიცირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავს რეინფიცირების რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში და გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენ ხანში შეიძლება დაფიქსირდეს რეინფიცირება. „რეინფიცირების კუთხით ზედამხედველობა დავამყარეთ 140 შემთხვევაზე, აქედან 100-მდე ჩაითვალა შესაძლო შემთხვევად. დღეისათვის დარჩენილია 19 შემთხვევა, როდესაც მოძიებულია პირველი და მეორე PCR-ტესტის შედეგები. 3 შემთხვევაში ნამდვილად დადასტურდა რეინფიცირება, ერთში კი საქმე გვქონდა აბსოლუტურად იგივე შტამთან, ანუ ეს იყო არა რეინფიცირება, არამედ ვირუსის პერსისტენცია, რომელიც გრძელდებოდა სამი თვე. ერთი რეინფიცირება დაფიქსირდა 2,5 თვეში, ერთი დაახლოებით 3 თვეში, კიდევ ერთი დაახლოებით 3,5 თვეში. ეს მოვლენა არაა ძალიან ხშირი, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს. ერთი ადამიანიდან მეორეზე რომ გადადის ვირუსი, იქ უკვე რაღაც იცვლება, ამიტომ ერთი და იგივე შტამი ვერ იქნება, ხოლო როდესაც ბევრი რაღაც იცვლება, იმას უკვე ახალი შტამი ეწოდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა მთელ ქვეყანაშია დაწყებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბითაა დაწყებული. თუმცა, გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონში, სხვა რეგიონებში კი ზრდის დინამიკა ფიქსირდება. „მესამე ტალღა მთლიანად ქვეყანაშია დაწყებული, რადგან უკვე გვაქვს ჩვენ შიდა გავრცელება, საყოველთაო გავრცელება, ყველა რეგიონში. შემთხვევათა რაოდენობა ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარაში, თუმცა ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
პაატა იმნაძე: საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, მაგრამ ქეიფი საჭირო არ არის
" საფლავზე ჩვეულებრივად გავიდეთ, როგორც წესი და რიგია, პატივი მივაგოთ მიცვალებულების ხსოვნას, მაგრამ ქეიფი საჭირო არ არის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, არც ეკლესიური და არც ეპიდემიოლოგიური გაგებით, საფლავზე ქეიფის მოწყობა მიზანშეწონილი არ არის. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ თემაზე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ თემაზე ისაუბრა.
დღეს დედაენის დღე აღინიშნება
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
პაატა იმნაძე: ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, ადგილები დაჯავშნილია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, ადგილები დაჯავშნილია. მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესი არამარტო საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც ნელა მიმდინარეობდა, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო. „ნუ ვიტყვით, რომ ვაქცინაცია ნელი ტემპით მხოლოდ ჩვენთან დაიწყო. იგივე ხდებოდა ევროპის ქვეყნებშიც, როდესაც ვაქცინაცია დაიწყო. თავიდან ეს პროცესი მდორედ მიდის, შემდეგ აქტიურდება. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა ვაქცინას. ხედავთ, რომ საიტებზე, ყველა ვაქცინაზე, რაც დღეს გამოყენებაშია, დაჯავშნილი ადგილები გაივსო“, - განაცხადა იმნაძემ. რაც შეეხება Sinopharms, აღნიშნული ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით იმნაძემ აღნიშნა, რომ ამაზე მისი მოსაზრება დიდი ხანია ცნობილია. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იმუნიზაციის საბჭო მიიღებს. „ვინც ელოდება, მას შეუძლია ისევ ჯანმოს რეკომენდაციას დაელოდოს - ვისაც აქვს ნდობა, ჩვეულებრივი, ტრადიციული ვაქცინების, რადგანაც არავითარი განსხვავება ვაქცინაციის დამზადების ტექნოლოგიაში, ეს იქნება კორონას საწინააღმდეგო, თუ სხვა, უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ცნობილი ვაქცინა, არ არსებობს. აბსოლუტურად ერთნაირი ტექნოლოგიაა. აქედან გამომდინარე, ვიღაცას თანამედროვე ტექნოლოგია მოსწონს, ვიღაცას კიდევ ანტიკვარიატი“, - განაცხადა იმნაძემ.
საპატრიარქო: შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს
"შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი", - საქართველოს საპატრიარქო რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებ ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. "შემაშფოთებელია ის დაძაბულობა, რაც უკანასკნელ დღეებში რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებს ახლავს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შედგეს დიალოგი, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, პასუხისმგებელ პირებსა და სპეციალისტებს მიეცემათ საშუალება მათთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმისა და პასუხების მოსმენისა. ეს დიალოგი არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული, რათა აღარ დარჩეს გაუგებრობები „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით და საზოგადოებასაც ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოს. დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთმოსმენის შესაძლებლობას. პატივისცემით მივმართავთ ყველა მხარეს და ვთხოვთ, ხელი შეუწყონ პროცესების მშვიდობიანად და სამართლიანად წარმართვას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და NATO-ს გენერალური მდივანი ერთმანეთს შეხვდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლიკენსა და NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შორის ბრიუსელში შეხვედრა გაიმართა. როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, მხარეებმა ავღანეთისა და უკრაინის საკითხები განიხილეს. მისივე თქმით, საერთო მიზნების მისაღწევად, აუცილებელია აშშ-სა და NATO-ს ალიანსი. ,,ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტნბერგთან, დღეს ჩვენ ავღანეთისა და უკრაინის საკითხები განვიხილეთ. ჩვენი ალიანსი აუცილებელია საერთო მიზნების მისაღწევად. ჩვენ ველით NATO-ს სამიტს",- წერს ბლინკენი Tweeter-ზე.
ჯეიმს აპატურაი: NATO არ ელოდება, რას გააკეთებს რუსეთი და მჭიდრო პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან
NATO არ ელოდება, რას გააკეთებს რუსეთი და მჭიდრო პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს უკრაინასთან. ალიანსის წევრი სახელმწიფოები უმაღლეს დონეზე არიან კომუნიკაციაში რუსეთთან, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს შეხვედრები ევროკავშირშიც. "ჩვენ გაძლიერებულად ვადევნებთ თვალს იმას, თუ რა ხდება ადგილზე და სამხედრო ძალების რა მასშტაბის გადაადგილებასთან გვაქვს საქმე. ძალიან ბევრი რამ ხდება. ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს და ნატოს ინტერესია, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. ჩვენ და ყველა ნათლად ხედავს, რომ უკრაინა არ ძაბავს სიტუაციას. უკრაინა სამხედრო ძალებს არ გადააადგილებს. უკრაინა პარტნიორების ინფორმირებას, დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდაციას ახდენს. რუსეთი არ ჩერდება. რუსეთი დეზინფორმაციის კამპანიასაც ეწევა რუსეთში, უკრაინაში და საერთაშორისო დონეზე. ყველასთვის ცხადია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აგრესიულ ქმედებაზე და რუსეთზე მაქსიმალურ დიპლომატიურ ზეწოლას მივმართავთ, რომ მოსკოვმა უკან დაიხიოს და დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით", - განაცხადა აპატურაიმ.
შსს: ხობში 79 წლის კაცმა შვილიშვილი დანით დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, შვილიშვილს - 1997 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე ხობის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს აზიმ იბრახიმს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“. „შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. დოკუმენტით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში/ქვეყნებიდან მიმოსვლაში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის გადამზიდველებს მათი საქმიანობის პროცესში“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყების ცნობით, ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან ამ დრომდე არ იყო გაფორმებული საავტომობილო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება, თუმცა საავტომობილო მიმოსვლაში შეფერხებების თავიდან არიდების მიზნით საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის იცვლებოდა საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის ბლანკები და ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება დაგროვდა. „დღეიდან ეს თანამშრომლობა უკვე ოფიციალური შეთანხმებით გამყარდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ვლადიმერ პუტინის თქმით, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 14 აპრილს, მან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. "მე გავიკეთე მეორე ვაქცინაცია ", - თქვა პუტინმა ოთხშაბათს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების (RGO) სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. "იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არც კი, ამაში დარწმუნებული ვარ". პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის სხვა მონაწილეებიც მის მაგალითს მიჰყვებიან. ქვეყნის მეთაურმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ვაქცინაციის წყალობით, პანდემია მალე ჩაცხრება. "იმედი მაქვს, რომ პანდემია მალე ჩაცხრება, მათ შორის ვაქცინაციის წყალობით, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვანაწილებთ", - აღნიშნა პუტინმა.
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ შვედი ექსპერტი დააჯილდოვა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედ ექსპერტთან, ვიცე-პოლკოვნიკ ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელს, მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში. ღონისძიებას SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. "შვედი ექსპერტი JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში დახმარებას უწევდა და ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა. მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში; 2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში .
ორი ქვეყანა მზადაა ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას უმასპინძლონ
ავსტრია და ფინეთი გამოთქვამენ მზაობას, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას უმასპინძლონ. როგორც რუსულ მედიასაშუალებებთან საუბრისას ავსტრიისა და ფინეთის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მზად არიან ლიდერების მასპიძლობისათვის, სურვილის არსებობის შემთხვევაში. ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ადგილთან დაკავშირებით თავად აშშ-სა და რუსეთის ლიდერები უნდა შეთანხმდნენ, თუმცა ავსტრია მზადყოფნას გამოთქვამს. ,,ავსტრია ყოველთვის იქნება ყველა ტიპის მაღალი დონის მოლაპარაკებების მონაწილეთა სამსახურში", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა. რაც შეეხება ფინეთს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრის მასპინძლობის მზაობის შესახებ უკვე აცნობეს როგორც შეერთებული შტატებს, ისე რუსეთს. „ფინეთი ყოველთვის სთავაზობდა თავის დიპლომატიურ მომსახურებას. რაც შეეხება ამ პოტენციურ შეხვედრას, მისი ორგანიზების მზაობის შესახებ ჩვენ მხარეებს ინფორმაცია მივაწოდეთ“, - განაცხადეს ფინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, 13 აპრილს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს მესამე ქვეყანაში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ბაიდენისა და პუტინის მოლაპარაკებები შესაძლოა, ზაფხულში გაიმართოს. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეხვედრის გამართვის ადგილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
გერმანელი გეოლოგის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო - დაძრული ქანები შეჩერდა
გერმანელი გეოლოგის, პეტერ ნიუმანის განცხადებით, ვაშლიჯვრის მეწყერის შესაჩერებლად ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო - დაძრული ქანები შეჩერდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიღწეული დროებითი სტაბილურობა მუდმივ რეჟიმში უნდა გადავიდეს. "მეწყრული მასის ნაწილის მოხსნა გარკვეული გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, გაბურღვითი სამუშაოები, რომლებიც ასევე გამაგრებას უკავშირდება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნაპრალების ამოვსება. მე ამას ვახსენებ, რადგან დისკუსია იმ ეტაპზე, როდესაც ღონისძიებების გაკეთების დროა, უბრალოდ უადგილოა და ამის დრო არ არის. ეს ნაპრალები უნდა ამოივსოს, რათა მასში არ დაგროვდეს წყალი და არ გაგრძელდეს მისი ჩამოშლა. მინდა გითხრათ, რომ ახლა გულზე მომეშვა, რადგან ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩატარებულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო. როცა ჩვენ დავიწყეთ სამუშაოების ჩატარება, ორი დღის შემდეგ დაძრული ქანები შეჩერდა, ანუ ყველა ღონისძიებამ, რომელიც ჩატარდა, მოგვიტანა შედეგი. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვერ განვსაზღვრავთ, რა შეიძლება მოხდეს. ეს დამოკიდებულია წვიმაზე, ან ამინდის ცვლილებაზე. ეს ნიშნავს, რომ ორი სახის ღონისძიება უნდა ჩატარდეს: მუდმივი მონიტორინგი იმისა, რომ მოსახლეობა არის უსაფრთხოდ და ასევე უსაფრთხოდ არის წყლის მილსადენები. ეს დროებითი სტაბილიზაცია უნდა გადავიტანოთ გრძელვადიან სტაბილიზაციაში და სწორედ ამ სამუშაოს ვასრულებთ ახლა. ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ვაჯამებთ სხვადასხვა შედეგებს, გვაქვს დისკუსია, გეგმებს ვადგენთ თუ რა უნდა გაკეთდეს", – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.