ძებნის რეზულტატი:

საქართველოში 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, თბილისის დროით 00:46 საათზე, ანაკლიასთან 4.5(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ემანუელ მაკრონი: უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთთან მიმართებით ცხადი წითელი ხაზები უნდა გაავლოს. როგორც მაკრონმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი მიუღებელი ქმედებისთვის რუსეთს სანქციები უნდა დაუწესდეს. მისივე თქმით, სრულად იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სურვილს, გახსნას რუსეთთან დიალოგი. „მე ვფიქრობ, რომ სანქციები თავისთავად არ არის საკმარისი, მაგრამ სანქციები პაკეტის ნაწილია. მე კონსტრუქციულ დიალოგს ვამჯობინებ, მაგრამ კონსტრუქციული და ეფექტური დიალოგისთვის საჭიროა სანდოობა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან“, – განაცხადა მაკრონმა

დღეიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა

ისრაელი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებს ამსუბუქებს. როგორ ცნობილია, 18 აპრილიდან ისრაელში ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ამასთანავე, Time of israel- ი წერს, რომ ქვეყანა მომავალი კვირიდან მაღაზიების გახსნისთვისაც ემზადება. გამოცემის ინფორმაციით, ისრაელი ეკონომიკის გახსნასთან ერთად, ქვეყანაში სკოლებსაც ხსნის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 5 341 887-მა მოქალაქემ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა, 4 965 696 კი, უკვე ორივე დოზით არის აცრილი. შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, საჯარო დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში მასშტაბურ შეკრებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულოა.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 818 ადამიანს დაუდასტურდა,783 გამოჯანმრთელდა, 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 358-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 280 915-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 57, ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 29, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 73, კახეთი - 25, მცხეთა-მთიანეთი - 18, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 478, საიდანაც: 2 982 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 577, აჭარაში - 405, იმერეთში - 371. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 256, აჭარაში - 69, იმერეთში -75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში - 67, აჭარაში - 7, იმერეთში - 6. 439 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 228 - თბილისში, 196 - აჭარაში. 7 057 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 310 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 262, ხოლო აჭარაში - 3. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 432 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 452 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 317 პირი, აჭარაში - 2 314, იმერეთში - 1 180.

Deutsche Welle: რუსეთმა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა

უკრაინასთან დაძაბულობის ფონზე, რუსეთმა შავ ზღვაში 15 სამხედრო ხომალდი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, შავ ზღვაში ასევე შევიდა რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის „როპუჩას“ კლასის ორი სამხედრო ხომალდიც, რომლებსაც სანაპიროზე თავდასხმების დროს ტანკების ტარება და ჯავშანტექნიკისა და ჯარის გადაყვანა შეუძლიათ. უკრაინა რუსეთს სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალების ზრდაში სდებს ბრალს, მოსკოვში კი ამბობენ, რომ მანევრები დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ნაწილია. მანამდე, რუსეთმა განაცხადა, რომ ქერჩის სრუტეში უცხო ქვეყნების სამხედრო გემებისთვის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. დასავლეთის ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან.

Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. მათივე ცნობით, გვიან ღამით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა. „განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისის მერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის – საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს სამი მიმართულებით განახორციელებს. ახალი სერვისები და სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

განათლების სამინისტრო: სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში, სკოლებში COVID19-ით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა სკოლებზეც აისახა, თუმცა აქსიმალურად დაცული ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 73 სკოლა და 133 პედაგოგია. სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლებში ინფიცირების გამოვლენის შემთხვევებში, როგორც წესი, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები ვრცელდება. „კერძოდ, 10-დან 16 აპრილის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1 %-ს დაუდასტურდა. მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა და 187 ცალკეული კლასი იმყოფება. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა რისკჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება. 17 აპრილს საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, მხარეებს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მიშელის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში კრისტიან დანიელსონმა წარადგინა, ხელი მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება მოხდება, განხორციელდება ამბიციური საარჩევნო და სასამრთლო რეფორმები, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, ასევე „ქართული ოცნება“ მზადყოფნას გამოხატავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აამოქმედოს მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი, რაც გულისხმობს შემდეგს - თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ს ვერ მიიღებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

BBC: სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან არიან კავშირში

BBC ჩეხეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ აფეთქებასთან აქვთ კავშირი. ჩეხი სამართალდამცველების ინფორმაციით, ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი 2014 წლის 11-16 ოქტომბერს თავდაპირველად პრაღაში ჩავიდნენ, შემდეგ კი იმ ადგილას გაემგზავრნენ, სადაც აფეთქება მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების დროს, პეტროვი და ბოშიროვი ჩეხეთში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის პოლიციამ რუსეთის ორ მოქალაქეზე ძებნა გამოაცხდა. საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ჩეხეთმა 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

სენატორები: აუცილებელია მოლაპარაკება ორივე მხარემ კეთილსინდისიერად აწარმოოს

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და ,,რესპუბლიკელი" სენატორი რონ ჯონსონი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სწრაფად გადაიჭრება. როგორც ,,ამერიკის ხმისთვის" გაგზავნილ განცხადებაში სენატორები აცხადებენ, აუცილებელია პოლიტიკურ პროცესებში ჩართულმა ორივე მხარემ - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოლაპარაკებები კეთილსინდისიერად აწარმოოს. "სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად“,- აღიშნულია სენატორების განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: არ არის გამორიცხული, ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღდგომის სადღესასწაულო დღეებმა რეკომენდაციების დაცვის ფონზე ჩაიაროს. „დადებითობის დღიური მაჩვენებელი პირველად ასცილდა ოთხ პროცენტს, თუმცა 14 დღის მონაცემებით, ის ჯერჯერობით 2,98 პროცენტია. ასევე, უარესდება სხვა ინდიკატორებიც, რეპროდუქციის ინდექსი გაზრდილია, ისევე, როგორც გაზრდილია დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე ანუ აქტიური შემთხვევების რიცხვი არის 10 478. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაცია თანდათან, დინამიურად უარესდება და არ არის გამორიცხული, რომ ვირუსის გავრცელების პიკში შევიდეთ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, თუ, რა თქმა უნდა, არ იქნება დაცული ის რეკომენდაციები, რომლებზეც ხშირად ვსაუბრობ. პირბადის ტარების მაჩვენებელი ისევ დაბალია და 50 პროცენტს შეადგენს და მობილობა არის ცხრა პროცენტი, ანუ სერიოზულად არის გაზრდილი მობილობა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბრწყინვალე აღდგომა ჩავამთავროთ ძალიან მშვიდად და მოკრძალებულად. რეკომენდაციები უმკაცრესად უნდა იყოს დაცული როგორც აღდგომის წინა პერიოდში, ასევე შემდგომ დღეებში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მწარმოებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „ქვეყანაში ახლა გვიდევს ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა და იმუნიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 4 მაისიდან დაიწყოს აცრები. მანამდე, 27 აპრილიდან დაიწყება რეგისტრაცია „სინოფარმზე“. ეს არის 100 000 დოზა ანუ 50 000 ადამიანის სამყოფი, რადგან ისიც კეთდება ორჯერადად, სამი კვირის ინტერვალით. ასევე, მიმდინარეობს „სინოფარმთან“ დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით და საუბარია ნახევარ მილიონ დოზაზე, რომელსაც ივნისიდან ველოდებით. ასევე, მილიონი დოზის მოწოდებაზე კონტრაქტს ვაფორმებთ „ნოვოვაქსთან“, მაგრამ მისი მოწოდება დიდი ალბათობით მოხდება ივლისი-აგვისტოში და ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკება „ფაიზერთან“ მილიონ დოზაზე. ეს ყველაფერი არის პირდაპირი მოლაპარაკებები კომპანიებთან ანუ კოვაქსპლატფორმის მიღმა, კოვაქსთან კი მილიონ 400 ათასი დოზაა შეკვეთილი, საიდანაც ჯერჯერობით მივიღეთ „ასტრაზენეკას“ 43 ათასი, „ფაიზერის“ 29 ათასი დოზა, აპრილის ბოლოს კი უნდა მივიღოთ 86 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Sunday Times: დიდი ბრიტანეთი შავ ზღვაში სამხედრო გემებს გაგზავნის

Sunday Times-ის ინფორმაციით, მაისში ბრიტანეთი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გაგზავნის. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი გამანადგურებელი და წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ფრეგატი ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულ სამეფო ფლოტს გამოეყოფა და ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შეცურავს. Sunday Times-ის წერს, რომ უკრაინის სანაპიროზე სამხედრო ხომალდების გაგზავნა არის კიევის და NATO-ს რეგიონული მოკავშირეების მიმართ სოლიდარობის ნიშანი. "დიდი ბრიტანეთი და ჩვენი საერთაშორისო მოკავშირეები მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მიდინარე მდგომარეობის დაკვირვებისას და მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. ჩვენი შეიარაღებული ძალები აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას საზღვაო წვრთნების ინიციატივით და მისია ორბიტალის საშუალებით, რომლის ფარგლებშიც უკრაინის შეიარაღებული ძალების 20 000-ზე მეტი წევრი წევრი გაიწვრთნა" - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

ამირან გამყრელიძე: sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩინური sinopharm-ის ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება. ,,დღეს არის საშუალება 55 წელს ზემოთ მოსახლეობის აცრისა Astrazeneca-თი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური sinopharm-ით აცრები, დაიწყება 4 მაისიდან, რომელიც ქვეყანაში არის დასაწყობებული 100 000 დოზის რაოდენობით”, - განაცხადა გამყრელიძემ ,,რუსთავი 2-თან”.

ჰუბერტ ქნირში: ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ,,ქართული ოცნების” მიერ კრისტიან დანიელსონის წარდგენილ დოკუმენტზე ცალმხრივად ხელმოწერას ეხმაურება და ამბობს, რომ ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. “მოხარული ვარ, რომ “ქართული ოცნება” დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის. ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ყველა ძალამ, რომელსაც სურს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა”, – აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ მძევლები აიყვანა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასმართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნიკოლოზ წურწუმიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი და მეტი პირის მიმართ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლომ „საქართველოს ბანკში" მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ

BBC-ის ინფორმაციით, აშშ და ჩინეთი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. როგორც ცნობილია, კლიმატური კრიზისის დასაძლევად ჩინეთი და აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად ითანამშრომლებენ. აღნიშნული განცხადება შანხაიში აშშ-ის კლიმატის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, ჯონ კერის ვიზიტის შემდეგ გაკეთდა. აშშ და ჩინეთი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად გაეროს კონვენციის და პარიზის შეთანხმების ფარგლებში ითანამშრომლებენ. ვაშინგტონი და პეკინი ასევე განავითარებენ ახალ სტრატეგიას ნახშირბადისგან სრული ნეიტრალურობისთვის. ორი ქვეყანა ასევე გეგმავს განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიაში ინვესტიციების ჩადებას.

აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი აზრი, რომ სურთ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და ყველა არჩეული წევრის ერთობლივი მუშაობა პარლამენტში ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების, მათ შორის, რეგიონული გამოწვევების, კოვიდისა და ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული. ეს არის შეთანხმება, რომელსაც ყველა წევრმა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით უნდა მოაწეროს ხელი. ცალმხრივი განცხადებები ძირს უთხრის ფართო შეთანხმების მიღწევის მიზანს. შეთანხმებაში გათვალისწინებული ინსტიტუციური რეფორმები წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და არის სარგებლის მომტანი მისი მოქალაქეებისთვის. აღნიშნული რეფორმები ხელს უწყობს შექმნას უფრო დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, უფრო ძლიერი საარჩევნო პროცესები და პარლამენტი, რომელსაც უკეთესად შეუძლია წარმოადგინოს ქართველი ხალხის ხმა. ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს.

ბათუმის ბულვარში საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმის ბულვარში საზოგადოება „ბათომის“ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით,ბულვართან მრავალსართულიანი კორპუსებისა და სხვა სახის შეუსაბამო მშენებლობებს არ დაუშვებენ. მათივე ინფორმაციით,აქცია სიმბოლურად ძეგლთა დაცვის საერთაშოროსო დღეს დაამთხვიეს და აღნიშნეს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ. „ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს შევიკრიბეთ ბულვარისა და სამოქალაქო ღირსების დასაცავად. შევახსენებთ ყველას, რომ ბულვარი არის საქართველოს თითოეული მოქალაქის საკუთრება და არა ფულიანი ხალხის, რომლებმაც მიიტაცეს ჩვენი საგანძურის უნიკალური ტერიტორიები, დგამენ იქ ცათამბჯენებს, ღობავენ სანაპიროებს და იზომავენ უნიკალურ მწვანე სივრცეებს საკუთარ ეზოდ. შეწყდეს ბულვარის განადგურება და ადამინების უსამართლოდ ჩაგვრა. ბათუმი აღარ ითმენს უკიდურეს უსამართლობასა და უკანონობას“, – განაცხადეს აქციაზე.

,,ქართული ოცნება" ოპოზიციაზე:  მოვუწოდებთ ქვეყნის ინტერესები დააყენონ ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწერონ დოკუმენტს

ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი. „ქართული ოცნება“ მოუწოდებს ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. „საზოგადოებას შევახსნებთ, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილმა უარი განაცხადა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართელოს მოქალაქეების მიერ მინიჭებული საპარლამენტო მანდატის განხორციელებაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გამოხატა მზადყოფნა, ჩაართულიყო მხარეებს შორის მედიაციში. პრეზიდენტმა მიშელმა გამოაგზავნა მისი წარმომადგენელი კრისტიან დენიელსონი, რომელმაც ევროკავშირის ეგიდით შეაფასა მხარეთა პოზიციები და აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მხარეებს შორის სამართლიანი შეთანხმების პირობებს ადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“, ქვეყნის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს და დამატებით გამოხატა მზადყოფნა თვითმმართველობის არჩევნებზე ნდობის 40%-იანი პრინციპის გამოყენებაზე. „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი კომპრომისული ნაბიჯი გადადგა. ჩვენი მხრიდან ევროკავშირის და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენ ოპონენტებს, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა. ასეთ დროს, მიგვაჩნია, რომ მთელი ქვეყანა უნდა იყოს გაერთიანებული საერთო გამოწვევების გარშემო, ხოლო პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დაგეგმილი შეხვედრა 19:00 საათისთვის ჩაინიშნა.