ძებნის რეზულტატი:
თეთრი სახლი: უფლებას ვიტოვებთ, რუსეთს დამატებითი სანქციები დავუწესოთ
აშშ რუსეთისთვის დამატებით სანქციების დაწესების უფლებას იტოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, ევროპელებთან კოორდინაციით, ჩვენ მთელი რიგი სანქციების შესახებ უკვე გამოვაცხადეთ. თუმცა ვიტოვებთ უფლებას, მომავალში დამატებითი სანქციები გამოვაცხადოთ. პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება შეზღუდვების დაწესების უფლებას იძლევა, როგორც ინდივიდალურ, ასევე ინდუსტრიების შემთხვევაში. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ალექსეი ნავალნის ადამიანურად მოეპყრობიან, რომ ის უსაფრთხოდ იყოს და საბოლოოდ, გათავისუფლდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ნავალნი თირკლმის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ არის, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს. ამავე თემაზე: Reuters-ი: საფრანგეთი რუსეთს სანქციების შესახებ აფრთხილებს.
BBC: ჯო ბაიდენი აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს
BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქვეყნის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივას წარადგენს. გამოცემის ცნობით, გეგმა გაზრდის გადასახადებს მდიდრების საინვესტიციო მოგებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გაზრდამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვთა ზრუნვის და განათლების დაფინანსებას, მაგრამ არ იქნება გამოყენებული ჯანდაცვისთვის. თეთრ სახლში ამბობენ, რომ „ამერიკული საოჯახო გეგმა“, რომელსაც ბაიდენი სავარაუდოდ, მომავალ კვირაში სრულად გამოაქვეყნებს, გავლენას არ მოახდენს არც ერთ ოჯახზე, რომელსაც წელიწადში 400 000 დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37 პროცენტიდან 39.6 პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებს. გეგმა ასევე თითქმის გააორმაგებს გადასახადებს 39.6 პროცენტამდე კაპიტალის მოგებაზე იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს. აღნიშნული გადასახადი ამჟამად 20 პროცენტს შეადგენს.
თორნიკე შარაშენიძე: ამ შეთანხმების შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების განცხადებებში მთავარი აქცენტი კეთდება შეთანხმების შესრულების მხარდაჭერაზე; რომ ისინი მზად არიან, პარლამენტს მხარი დაუჭირონ შეთანხმების მიზნების მიღწევის უზრუნველყოფაში. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეკისრებათ, შეთანხმება დაიცვან და პოლიტიკური ნდობა აღადგინონ. მისი თქმით, შეთანხმების მდგრადობის ნამდვილი გამოცდა მისი განხორციელება იქნება. დოკუმენტზე ხელმოწერიდან რამდენიმე საათში, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, შარლ მიშელის დოკუმენტში შეტანილ ერთ-ერთი პუნქტზე განაცხადა, რომ მის შესრულებას 60-ვე ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა სჭირდება. საუბარია პარლამენტის 5 კომიტეტში ოპოზიციის წარმომადგენლების თავმჯდომარედ არჩევის საკითხზე. „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესასვლელად თავის პირობებს აყენებს, რაზეც ხელისუფლება კვლავ არ თანხმდება, რადგან მათი მოთხოვნები შეთანხმების დოკუმენტშიც არ არის აღნიშნული. რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას შეთანხმების აღსრულების პროცესში, რამდენად აღმოფხვრის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება კრიზისს საქართველოში და ახლა რა ეტაპზეა საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ამ საკითხებზე Europetime საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის და პოლიტიკური კრიზისის გადალახვის შემდეგ, ქვეყანას უკვე აქვს შესაძლებლობა, საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე გადაერთოს, „შეთანხმების მიღწევაზე ვიტყვი, რომ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ქვეყანას ახლა უკვე აქვს შანსი, გადაერთოს სერიოზულ, გრძელვადიან, სტრატეგიულ პრობლემებზე, მათ შორის არის საგარეო პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებზე, რაც საკმაოდ ბევრია, მით უმეტეს, ყარაბაღის ომის შემდეგ. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე, ქვეყანამ რეაგირება რომ მოახდინოს, საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაა საჭირო. კონსენსუსი ვერ იქნება, თუ პარლამენტი სრულყოფილად მუშაობას ვერ შეძლებს. საგარეო უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზულად არის სამსჯელო, როგორც პარლამენტში, ასევე საზოგადოებაში“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების სპეციალისტი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში, ამერიკელი და ევროპელი ლიდერები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, უკრაინას უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე საქართველოს, რეალურად ბევრს არაფერს ცვლის. „დავიწყოთ იქიდან, რომ რაც არ უნდა ხშირად ახსენონ უკრაინა, ამ ეტაპზე, ის ვერც NATO-ში გაწევრიანდება და ვერც ევროკავშირში. ვიდრე უკრაინას ტერიტორიები წართმეული აქვს, სრულიად გაუგებარია, როგორ უნდა შევიდეს NATO-ში. ეს საუბარი, ცარიელი წყალია და მეტი არაფერი. ამიტომ, ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მხრიდან უკრაინის მეტად ხსენება, ვიდრე საქართველოსი, რეალურად არაფერს ცვლის. უკრაინაზე უფრო მეტი აქცენტი კეთდება იმიტომ, რომ ახლა უკრაინა ბევრად მძიმე სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. იქ ომი გრძელდება. რაც შეეხება ევროკავშირს, უკრაინა საქართველოზე მდიდარი კი არის, მაგრამ გაცილებით კორუმპირებული ქვეყანაა, ვიდრე საქართველო. კი, საქართველოს პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა, თუმცა ბევრი წვალების მიუხედავად, ამ კრიზისიდან გამოსვლა მაინც შეძლო, ამიტომ, მე ამ სკეპტიციზმს არ ვიზიარებ. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირში ინტეგრაცია ასე მარტივად არ ხდება. ევროკავშირის ეკონომიკურ სტანდარტებს ძალიან ჩამოვრჩებით. უახლოეს წლებში, დიდი ეკონომიკური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, მით უმეტეს, პანდემია კიდევ უფრო მეტად ართულებს ეკონომიკური ზრდის პროცესს“, - აღნიშნავს თორნიკე შარაშენიძე. მოაწერს თუ არა ხელს, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა“ და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ის უარის თქმის შემთხვევაში, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ახლა, როცა დოკუმენტს ხელს აწერს ყველა, დასავლეთი მალე დაიღლება „ნაციონალური მოძრაობის“ ჭირვეულობით, ენმ-სთვის კი დასავლეთის პოზიცია მნიშვნელოვანია. „ეს სიტუაცია უკვე გადაიქცა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემად. მელიას ახლაც შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოვიდეს ციხიდან, ყველამ იცის ეს. რას ჰქვია, თუ გათავისუფლდება, როგორც ეს ნიკა მელიას სურს?! სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ის იაზრებს, რომ ხაფანგში აღმოჩნდა. ხაფანგში იმიტომ, რომ ერთადერთი პარტიაა, რომელიც პარლამენტს გარეთ რჩება, რასაც თავისი შედეგები მოჰყვება. რამდენ ხანს უნდა იყოს ეს პარტია და რამდენ ხანს იარსებებს სააკაშვილის ფაქტორის ხარჯზე? ამომრჩევლის რაღაც ნაწილი შეიძლება შეინარჩუნოს, მაგრამ საგრძნობლად დაარტყამს და დააზარალებს ეს სიტუაცია. პირველ რიგში, დასავლეთის თვალში მათ რეპუტაციას დაარტყამს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კი დასავლეთის მხარდაჭერა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი, უკვე ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ“, - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ. მისი თქმით, ახლა „ქართული ოცნება“ ვაჭრობას დაიწყებს და ეს მოულოდნელი სულაც არ არის. „ბუნებრივია და გასაკვირი არ იქნება ჩემთვის, რომ ქართული ოცნება ვაჭრობას დაიწყებს. ოპოზიციას საქმეს გაურთულებს. მე რაც მახსოვს, შეთანხმებაში ეწერა, რომ ყველა შედის პარლამენტში, შესაბამისად „ქართული ოცნება“ ამას გამოიყენებს", - განუცხადა Europetime-ს თორნიკე შარაშენიძემ.
დღეიდან თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ერთი წლით გადმოიბარებს
წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს, თბილისი, ერთი წლით, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდება. წიგნის დედაქალაქის სტატუსს თბილისი მალაიზიის დედაქალაქისგან, კუალა ლუმპურისგან გადმოიბარებს. პროექტი თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტია და იგი ოფიციალურად დღის მეორე ნახევარში გაიხსნება. თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტი 16:30 საათზე, „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გაიხსნება. დედაქალაქის მერი კახა კალაძე წიგნის დედაქალაქის სტატუსს კუალა ლუმპურის მერიის დელეგაციისგან გადმოიბარებს. საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი იან დენისონი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი ვერა მიხალსკი-ჰოფმანი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი ხოსე ბორგინო, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი ბოდურ ალ ქასიმი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე ამვარ ბინ მოჰდ ზაინი, პროექტის დირექტორი შეიხ ფაიზალ ბინ შეიხ მანსორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი მარისოლ შულცი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი ანა როუტსი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები. გახსნის ცერემონიის ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართება კოსტიუმირებული პერფორმანსი – „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“. პერფორმანსი აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. წარმოდგენის დრამატურგია დავით გაბუნია, სამხატვრო ხელმძღვანელი – უტა ბექაია, ქორეოგრაფი – ნათია ჩიკვაიძე, მუსიკის ავტორები – ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე. გახსნის მეორე ნაწილი თანამედროვე ავტორებს ეთმობა. წარმოდგენილი იქნება ერთგვარი ფოტო-აუდიოპროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. გარდა ამისა, ღონისძიების სტუმრები ნახავენ მოკლე ჩანახატს გურამ დოჩანაშვილის შესახებ. World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა.
ჯანდაცვის მინისტრი: მობილიზებულია 5 500 საწოლი, დეფიციტი არ გვაქვს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად ინფიცირების მატებისა, ქვეყანაში საწოლების დეფიციტი არ არის. მისი თქმით, ამ დროისთვის 5 500 საწოლია მობილიზებული. ,,2 დღის წინ გამოიცა დამატებითი ბრძანება, რომელიც ითვალისწინებს 1 000 საწოლის დამატებას. აქედან გამომდინარე ორშაბათიდან ჩვენ გვექნება 6 500 საწოლი. დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3 600-მდე პაციენტი, მობილიზებულია 5500 საწოლი. აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს ვერ დავადასტურებ”, - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს. მხარეებმა მოდლოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოდლოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ. საუბარი ასევე შეეხო კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციას. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პრეზიდენტი სანდუ საქართველოში დაპატიჟა.
ვალერი ჩეჩელაშვილი: ახლა, უკრაინასთან ურთიერთობის დინამიური განვითარება უნდა იყოს, ჩვენი საკვანძო, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი
საქართველოს ყოფილი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოსა და უკრაინის მიერ ერთიანი პოზიციის დაფიქსირების მნიშვნელობაზე მიუთითებს, რადგან მიიჩნევს, რომ გლობალური პროცესები გვკარნახობს, დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან და უკრაინასთან ერთად. ჩეჩელაშვილი საკმარისად არ მიიჩნევს „ზოგად შეფასებებსა და რბილ განცხადებებს, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას“. ის ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებდნენ და აცხადებდნენ, რომ NATO-ში მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედ ქვეყნების ერთიანობაში იყო. „ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, იგივე პოლიტიკას მიმართა ვიშეგრადის ჯგუფმაც, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ -ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-სწევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა“, - ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი. რამ განაპირობა რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირების განახლება, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს დასავლეთი უკრაინის დასაცავად; NATO-ში გაწევრიანების რა შანსები აქვს. როგორ აისახება ეს პროცესები საქართველოზე და რამდენად შესწევს ძალა კრემლს აშშ-ის და ევროპის ერთიან ძალებს დაუპისპირდეს, ამ საკითხებზე Europetime ელჩს, ვალერი ჩეჩელაშვილს ესაუბრა: დღეს, უკრაინა რუსეთთან ომშია. ეს არის ობიექტური რეალობა. რუსეთი გარკვეული მიზეზების გამო ცდილობს ამ ომის ახალი ტალღის წამოწყებას, პირდაპირი აგრესიის სახით. _მაინცდამაინც ახლა, ამ ვითარებაში, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა უკრაინის საზღვართან სამხედრო მობილიზაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა? ეს ხომ არ არის რუსეთის ერთგვარი რეაგირება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის საპასუხოდ, იმ ფონზე, როდესაც აშშ-მ, ევროკავშირმა და NAtO-მ გადაწყვიტეს კოორდინირებულად იმოქმედონ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ. რის მიღწევას ცდილობს კრემლი? ფაქტორების სამ ჯგუფს გამოვყოფდი. პირველი ჯგუფი უკავშირდება აშშ-ის ახალადმინისტრაციას, რადგან პუტინი ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომებით ძალიან გაღიზიანებულია, რაც გამოიხატება იმაში, რომ აშშ რუსეთს მთავარ მოწინააღმდეგედ არ აღიქვამს. ასეთად ის ჩინეთს აღიქვამს. ამასთან, ბაიდენმა ყველაფერს თავის სახელი დაარქვა და პუტინს მკვლელი უწოდა. ბაიდენი დასაწყისშივე არ დაელაპარაკა პუტინს და თქვა, რომ დაელაპარაკება მაშინ, როცა ამის დრო მოვიდოდა. ამან ძალიან გააღიზიანა პუტინი. ამ დაძაბულობის შედეგად, პუტინმა ნაწილობრივ დაიკმაყოფილა თავისი ეგო, რადგან 13 აპრილს, ბაიდენთან მისი სატელეფონო საუბარი შედგა. ფაქტორების მეორე ჯგუფი უკავშირდება უკრაინის ახალ პრეზიდენტს.პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან თანმიმდევრულად და მტკიცედ დაიწყო,უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში კარგად ინტეგრირებული რუსული მეხუთე კოლონის დემონტაჟი. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ოდიოზურ ფიგურას, როგორიც არის მედვედჩუკი. ამითაც ძალიან გაღიზიანებულია პუტინი, რადგან უკრაინაში გავლენის ბერკეტებს კარგავს. ფაქტორების მესამე ჯგუფი შიდა რუსული პრობლემებია - ეს არის ეკონომიკა,ხალხის ზოგადი უკმაყოფილება. საპენსიო ასაკის აწევის გამო პენსიონერების უკმაყოფილება, ინტერნეტის შეზღუდვის საკითხი, ახალგაზრდების უკმაყოფილება, რეგიონული ნაციონალური სეპარატიზმის გამოვლინებების გაძლიერება, საერთაშორისო ბაზრებზე რუსეთის შევიწროება და რაც მთავარია, ალექსეი ნავალნის საქმე, რომელმაც მთელი რუსეთი და მსოფლიო ააფორიაქა. შესაბამისად, პუტინი ბედნიერი არ არის იმ რეიტინგებით, რომლებიც მის პარტიას აქვს 2021 წლის სექტემბერში დანიშნული ახალი არჩევნების მოლოდინში. შესაბამისად, ამ სამი ჯგუფის ფაქტორების გათვალისწინებით იყო გამოწვეული რუსეთის სამხედრო გააქტიურება უკრაინის საზღვრებთან. _2008, 2014 წლებთან რომ გავავლოთ პარალელები, რამდენად შეცვლილია რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მხარდაჭერის ხარისხი და რამდენად ქმედითუნარიანი და შედეგის მომტანი იქნება უკრაინისთვის ეს მხარდაჭერა?თუნდაც ის გარემოება, რომ რუსეთისგან თავდასაცავად, უკრაინის პრეზიდენტი NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას ითხოვს, დასავლეთს რამდენად აქვს საკმარისი ბერკეტები, რუსეთის არაპროგნოზირებად ქმედებებს პასუხი გასცეს ისე, რომ უკრაინა არ დაზარალდეს? ამ პროცესში საქართველო რა პოზიციაზეა? უკრაინის ასეთი დამოკიდებულება და პოლიტიკა თვითონ პუტინის პოლიტიკამ განსაზღვრა - იმიტომ, რომ არის ძალიან კარგი ტაქტიკური მოთამაშე, მაგრამ ცუდი სტრატეგი. მან საქართველოში 2008 წელს ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციები გაითამაშა, უკრაინაში - 2014 წელს. რის შედეგადაც, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე კონტროლი მოიპოვა, მაგრამ საქართველო დაკარგა, ყირიმის ანექსიით დაკარგა უკრაინა, კონტროლი აქვს დნესტისპირეთზე, მაგრამ დაკარგა მოლდოვა. ამ მანკიერ პრინციპებზე აწყობილი პოლიტიკა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ზოგადად, ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ თამაშის წესებს. ეს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემებს პუტინს, ამ სანქციური პოლიტიკის ჩათვლით, არამედ ქვეყნის შიგნითაც. პრაქტიკულად, ვერ დამისახელებთ ვერცერთ ქვეყანას, რომელიც რუსეთის გულწრფელი მოკავშირეა. თუ რუსეთს ჰგონია რომ ჩინეთია, ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი შეცდომა. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორიც არის ბელარუსი, სომხეთი ანტაჯიკეთი, თითქოს, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, იქაც კი საზოგადოებრივ განწყობებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ყველა ხედავს, რომ კრემლს მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება უფრო მეტად შეასუსტოსთავისი სამეზობლო, დემოკრატიის გაძლიერება და იმ სახელმწიფოს განვითარება, კეთილდღეობა არ დაუშვას და ა.შ. შესაბამისად, შეინარჩუნოს დომინირება. საქართველოს მიმართაც იგივე ჭეშმარიტებაა. ეს პოლიტიკა რუსეთს არა მხოლოდ საგარეო ასპარეზზე უქმნის პრობლემას, არამედ შიგნითაც. კრემლი ცდილობს, ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდოს, მაგრამ ახლა სხვა სამყაროა, ადამიანებს მოგზაურობას ვერ აუკრძალავ, ვერც ინტერნეტით სარგებლობას, მაშინ ჩრდილოეთ კორეა უნდა გახდე. ამიტომ, რუსეთის შიგნით საზოგადოებაში თანდათან აკუმულირდება პუტინის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება. ამას ისიც ემატება, რომ პუტინი უკვე ის პუტინი აღარ არის, რომელიც 10 და15 წლის წინ იყო, კარგად მახსოვს, როდესაც ძალიან აქტიური და სხარტი იყო.რთულ შეკითხვებზე პასუხს მარტივად პოულობდა. ამაში ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებდა. რაც უფრო მწვავე კითხვას უსვამდნენ, გამოწვევად იღებდა დაპასუხობდა. ახლა რომ დავაკვირდეთ მის გამოსვლებს და პასუხებს, ხანდახან ძალიან უჭირს სხარტი პასუხების მოძებნა. მერკელის ვიზიტის დროს, მოსკოვში, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ირანის მაგივრად უკრაინა ახსენა დაკიდევ სხვა შეცდომები დაუშვა. ბუნებრივიც არის, 20 წლის განმავლობაში არაბუნებრივი სიმძლავრის წნეხის ქვეშ იმყოფება, რომელიც დიდ წილად თვითონაც შექმნა. როდესაც ყველას უპირისპირდები შიგნით და გარეთ - ვინც მასთან არ არის, ყველას მტრად იღებს. ეს წნეხი ხომ მასზეც, როგორც ბიოლოგიურ არსებაზე მოქმედებს. ამის უგულვებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, მე ვფიქრობ რომ სერიოზული პრობელმები ელოდება პუტინს, რომელიც განპირობეულია პრობლემების ამ ორი ჯგუფით. ერთი რუსეთის შიგნით, მეორე გარეთ, დასავლეთის კონსოლიდირების შედეგად. _რამდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა პანდემიამ და რამდენად აისახება ეს ფაქტორი მის საგარეო პოლიტიკაზე? რამდენად გაუმკლავდება რუსეთის ეკონომიკა დასავლეთის ერთიანი ძალებით შეტევას? პანდემიამ ყველა სახელმწიფო დააზარალა. თუმცა ეკონომიკურად რუსეთი უფრო მეტად დაზარალდა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკის ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფი ტემპებით ხდება, ვიდრე რუსეთის. ვაქცინაცია იქ უფრო სწრაფად და ეფექტურად ჩატარდა. ამერიკას ეკონომიკის სამპროცენტიანი ზრდა აქვს. აშშ-ის ეკონომიკის 3-პროცენტიანი ზრდა, რუსეთის მთელი ეკონომიკის 25-პროცენტიანი ზრდის ტოლფასია. ამერიკის და რუსეთის ეკონომიკები თანაზომადი არ არის. აშშ-ის ეკონომიკის რესურსი არის 22 ტრილიონი ამერიკული დოლარი. რუსეთის ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი - 1.5 ტრილიონს შეადგენს. ერთმანეთს ვერ დაატოლებ. პლუს ამას, ამერიკას თავისი პარტნიორები ჰყავს, ევროატლანტიკური სივრცე, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი. ამას დაამატეთ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა, ამასთან, რა არის რუსეთის 1.5 ტრილიონი? 45 ტრილიონიან ეკონომიკურ სივრცეს, როგორ უნდა დაუპირისპირდეს?! თუ სერიოზულად არ მოხდა რუსეთის პოლიტიკის, ხედვების გადალაგება, რაც პუტინის პირობებში შეუძლებელია, რუსეთს სერიოზულ პრობლემები შეექმნება. ეს გლობალური პროცესები გვკარნახობს, რომ დროულად და თანმიმდევრულად დავიკავოთ ჩვენი ადგილი ამ ბრძოლაში და სწორ ადგილას დავდგეთ, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე აშშ-სთან ერთად, ევროკავშირთან, NATO-სთან დაუკრაინასთან ერთად. საკმარისი არ არის რაღაც სახის ზოგადი შეფასებები და რბილი განცხადებები, რომ ზოგადად აღშფოთებულები ვართ და მხარს ვუჭერთ უკრაინას. მივესალმები, ელჩის დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ამ ელჩის დაბრუნება სულ სხვანაირი ფორმით უნდა მომხდარიყო. საგარეო საქმეთა მინისტრს ბევრად უფრო ძლიერი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომელიც ახსნიდა, რატომ, რისთვის; რომ უკრაინა ჩვენი პარტნიორია; პარტნიორობა ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და დაშვებული შეცდომები დავივიწყოთი იმიტომ,, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად ამ ბრძოლაში. ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა კიდეც, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ვიზიტით ჩასულიყო კიევში, თან ჩაეყვანა ელჩი. ამას მიეცემოდა სულ სხვა ჟღერადობა. ეს იქნებოდა ძალიან ძლიერი გზავნილი. შეხვდებოდა ზელენსკისაც. შესაბამისად, საქართველოს თემა გაჟღერდებოდა და შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ უკრაინასთან ერთად - უკრაინასთან ერთად საქართველოც NATO-ში, ერთი დღის წესრიგი გვაქვს, ერთი პრობლემები გვაქვს, ერთად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. ამიტომ, საქართველოც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში ისევე უნდა იყოს, როგორც არის უკრაინა. _ექსპერტთა გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს არჩეული და ე.წ საფრთხის დაბალანსების პოლიტიკას მიმართავს იმისთვის, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია არ მიიღოს, რასაც კრიტიკულად აფასებენ რიგი ექსპერტები. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას? უკრაინამ 1997 წელს, რუსეთთან თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის ხელშეკრულება დადო. მერე მოხდა ამის რატიფიკაცია პარლამენტში. მოგვიანებით, საზღვრების დელიმიტაციაზე პუტინმა მოაწერა ხელი. ეს ყველა დოკუმენტი რუსეთმა აიღო და ნაგვის ყუთში მოისროლა. ამიტომ, რუსეთთან რა სახის ხელშეკრულება და შეთანხმებაც არ უნდა გაფორმდეს, არცერთ ქვეყანას არანაირი გარანტია არ აქვს, რომ ის პირობას შეასრულებს. ჩვენ რომ ვიყოთ შვეიცარია, საზღვარი არ გვქონდეს რუსეთთან და ის პრობლემები, რაც ახლა გვაქვს - როცა რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, იტაცებს ჩვენს მოქალაქეებს და კლავს. ამის მაგალითებია, ტატუნაშვილი, ოთხმეზურია და კიდევ სხვა ბევრი შემთხვევა, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა კიდევ შეიძლება, რომ გამართლებული ყოფილიყო, თუნდაც რომ დაგვენახა, აფხაზეთს და ცხინვალს ქართველებთან დალაპარაკებას და საერთო ენის გამონახვას ურჩევს. ჩვენ ხომ ამას ვერ ვხედავთ?! კი ბატონო, ვაჭრობა გაიხსნა, ტურისტები შემოდიან, მაგრამ უკაცრავად, ეკონომიკა და ვაჭრობა რომ გაიხსნა, ამით ჩვენც ვსარგებლობთ და რუსებიც სარგებლობენ. რუსეთი გაცილებით მეტ თავის პროდუქტს ყიდის აქ, ქართულ ბაზარზე, ვიდრე ჩვენ ვყიდით რუსეთში. ამიტომ, რუსებსაც არანაკლებ აწყობთ სავაჭრო ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. კრემლი ცდილობს, რუსი ტურისტების შემოსვლა შეზღუდოს საქართველოში, რადგან არ აწყობს, მისმა მოქალაქეებმა დაინახონ, რამდენად ბევრად დალაგებული ქვეყანაა საქართველო. მილიონზე მეტი ტურისტი, რომელიც პანდემიამდე ჩამოდიოდა, რუსეთში დაბრუნების შემდეგ თავის გარემოცვასთან სიმართლეს ჰყვებოდა, მერე მათი გარემოცვის ტვინის რეცხვა რთული ხდება. ამის გამოც აწყობს, პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვა. რუსების 70 პროცენტი ხმელეთით შემოდიოდა. მთელი ჩრდილოეთ კავკასია აქ ჩამოდიოდა, რადგან მათთვის ვართ თავისუფლების დადემოკრატიის კუნძული. სხვა პლუსებზე აღარ ვსაუბრობ. _უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთისგან მისი რეალურად დაცვის ერთადერთი გზა, მისი NATO-ში გაწევრიანებაა. ამ მოცემულობით რა შანსები აქვს უკრაინას? რამდენად რეალურია მისი NATO-ში გაწევრიანება ასეთი კონფლიქტებით, და საქართველო რა პოზიციაზეა ამ პროცესში? შეიძლება თუ არა პარალელების გავლება ახლანდელ მდგომარეობას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების წინაპირობებს შორის? ბალტიისპირეთის ქვეყნები კარგი მაგალითია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს,ისინი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. აცხადებდნენ რომ მათ არ სურთ მარტო გაწევრიანება, მხოლოდ ერთად შესვლა სურთ, რადგან მათი სიძლიერე სწორედამ სამი ქვეყნის ერთიანობაშია, ეს კარგად ჩანდა NATO-ს თვალში. სხვათა შორის, ვიშეგრადის ჯგუფმაც იგივე პოლიტიკას მიმართა, არამარტო ალიანსთან მიმართებით, არამედ - ევროკავშირთან. იდეა და მათი გზავნილები იყო, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ NATO-ს წევრები, მაგრამ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, როგორც NATO-ს წევრები, ეს ძალიან კარგად დაინახეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა. ამის გარდა, აღნიშნულმა ქვეყნებმა, ძალიან მნიშვნელოვანი დაწარმატებული რეფორმები განახორციელეს. დღეს დღეობით, ჩვენი ეკონომიკა სავალალო ვითარებაშია. 9 წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია. რომ შევადაროთ ევროკავშირის წევრ ყველაზე სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, ბულგარეთის ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში 25 პროცენტით გაიზარდა. ახლა წარმოიდგინეთ, როგორ შეგვაფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ჩვენ რომ ვიყოთ ეკონომიკურად წარმატებული სახელმწიფოები, გაცილებით უფრო რეალისტური იქნებოდა გაწევრიანება, NATO-სა და ევროკავშირში. მაგრამ უკრაინისთვის ოლიგარქიული, კორუფციული და ეკონომიკური პრობლემები არის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენც ხომ შეგვიძლია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებით პროგრესის მიღწევა?! სწორედ ამაზე მწყდება გული,რომ სათანადო მუშაობა არ მიმდინარეობს. სწორედ ეს მთავარი საკითხებია, რამაც უნდა დააგვაახლოვოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. _NATO-სთან ურთიერთობის ჭრილში, თქვენ ახსენეთ ბალტიისპირეთის ერთიანი პოზიცია, რომ ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო მთელი რეგიონი და არა მხოლოდ ცალკეული ქვეყანა. დღეს უკვე NATO დიდ ინტერესს იჩენს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მიმართ. ამ შემთხვევაში რამდენად ზრდის შავი ზღვის აუზი საქართველოსთვის და უკრაინის სტრატეგიულ საჭიროებას და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტორი? თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თურქეთმა მონტროს კონვენციას გადახედა და აშშ-ს და NATO-ს სამხედრო გემებს შესვლის უფლებას აძლევს. შავი ზღვის უსაფრთხოება არის NATO-ს დღის წესრიგში ძალიან პრიორიტეტული საკითხი, საქართველო და უკრაინა ერთიან კონტექსტში განიხილებიან. თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან NATO-ს წევრი ქვეყნები. ჩვენ ერთიან სივრცეში მოვიაზრებით, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნები. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ სერიოზულ გეოპოლიტიკურ სივრცეს NATO-სთვის ამ რეგიონში, რომელიც ახლოს არის ირანთან და ახლო აღმოსავლეთთან. ჩვენი ქვეყანა NATO-სთვის დიდი შენაძენი იქნება, ჩვენ რომ გამოვამჟღავნოთ ისეთი ფასეულობების მიმართ ერთგულება, როგორიც არის, ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებზე აგებული სტაბილური და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება, დასავლურ სამყაროში მიღებული თამაშის წესებით უნდა ვიმოქმედოთ, არამხოლოდ - ვილაპარაკოთ. ის რომ, ჩვენ ვართ ევროპელები, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დავადასტუროთ და ბევრი რამ გავაკეთოთ, რომ დასავლეთისთვის ღირებული პარტნიორი გავხდეთ. როგორც კი დასავლეთი დარწმუნდება, ჩვენ ვართ ღირებული, თვითმყოფადი,თვითკმარი, სტაბილური პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, არამხოლოდ მოითხოვოს, თავისი კონტრიბუციაც გააკეთოს NATO-ს ინტერესების დღის წესრიგში, სულს ხვა ვითარებას მივიღებთ. ეს ჩვენც გვეხება და უკრაინასაც. აი, აქ ძლიერი დუეტია, გაცილებით უფროძლიერი ფაქტორი, ვიდრე სოლო. ამის მომხრე ვარ და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინასთან ურთიერთობების დინამიური განვითარებაა ჩვენი საკვანძო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ამ მიმართულებაზე ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა. იმედია საგარეო საქმეთა სამინისტრო მაზე სერიოზულად ფიქრობს და მუშაობს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ჯასტინ შერმენი: შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციის შეკავების საყოველთაო სტრატეგია სჭირდება
„შეერთებულ შტატებს დეზინფორმაციის შეკავების საყოველთაო სტრატეგია სჭირდება“, - ამის შესახებ სტატიას ატლანტიკური საბჭოს არარეზიდენტი წევრი, კიბერსაკითხების სპეციალისტი, ჯასტინ შერმენი აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი დეზინფორმაციის პრობლების დაძლევაზე უნდა ფოკუსირდეს. „„მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის საჯარო სტრატეგია, რომლის მთავარი კომპონენტია შეკავება. ასეთ სტრატეგიაში ხაზი უნდა გაესვას სასჯელს, როგორც შეკავების ზომას, სადაც მთავრობამ უნდა შეასრულოს აქტიური როლი, დეზინფორმაციის შეკავების კიდევ ერთი ბერკეტი კონკრეტული ფაქტების უარყოფა უნდა იყოს და ეს საკითხი მთავრობამ კერძო სექტორთან უნდა გაიაროს. ინფორმაციის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპია მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვა. „კიბერ კონფლიქტის“ მომავლისთვის ამ სამი ელემენტის დაცვა საკმარისი არ არის. რაღაც სიმართლის დეზინფორმაციად აღქმის პრობლემას კიბერ კონფლიქტისა და ამერიკული დემოკრატიის მომავლის შესახებ „კრიტიკულ გაკვეთილამდე“ მივყავართ. დემოკრატიული პროცესების ეფექტურობის უსაფრთხოების საკითხს არ აქვს მნიშვნელობა, თუ მედია მოქალაქეები, ერთმანეთის მოწინააღმდეგეები და თუნდაც საჯარო მოხელეები ვაჭრობენ დეზინფორმაციით ისე, რომ საზოგადოების ნდობას მთლიანად ძირს უთხრიან. ეს ცხადი გახდა, როდესაც შეიარაღებული აჯანყებულები ტერორისტული მრისხანებით შეიჭრნენ ამერიკული დემოკრატიის ადგილას, ტყუილით, რომ არჩევნების შედეგები ყალბი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული ინსტიტუტების მოწყვლადობა ასე აშკარა არ იყო ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კომპიუტერული ქსელების „დაჰაკვასთან“. პროპაგანდა დიდი ხანია წარმოადგენს იარაღს, რომელსაც იყენებენ მთავრობები როგორც დემოკრატიული, ასევე ავტორიტარული, ომის დროს და კამპანიებში; შეერთებული შტატები არ არის გამონაკლისი. ინტერნეტის მიერ მოწოდებული მასშტაბი და შესაძლებლობები მასობრივი შეტყობინებების და სამიზნე ჯგუფების ჩამოყალიბების უპრეცედენტო დონეს აღწევს. ავტორიტარული მთავრობები, განსაკუთრებით ჩინეთისა და რუსეთის მთავრობები, მილიონობით ან თუნდაც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ დეზინფორმაციული კამპანიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიძლება ზოგჯერ განსხვავებული მიზნები და ტაქტიკა აქვთ, ორივე მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას. ეს საყოველთაოდ ცნობილია, განსაკუთრებით კრემლის მხრიდან აშშ-სა და ევროპის არჩევნების წინააღმდეგ წარმოებული დეზინფორმაციის კამპანიის შემდეგ, ასევე, ჩინეთის მთავრობის დეზინფორმაცია კორონავირუსის პანდემიის შესახებ. შეერთებული შტატების წინააღმდეგ რუსული ოპერაციები იმის მაგალითია, როგორ შეუძლიათ მოწინააღმდეგეებს ინფორმაციით მანიპულაციის შერწყმა კიბერ ოპერაციებთა“, - წერს კიბერსაკითხების სპეციალისტი. დეზინფორმაციის შეკავების სტრატეგიის საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში „დემოკრატიის დაცვის ალიანსის“ დირექტორმა გერმანიის მარშალის ფონდში ლორა თორნტონმა ისაუბრა. „ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის ჩარევასთან მიმართებით (აშშ-ის არჩევნებში, კიბერშეტევები და ა.შ.), მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შეერთებულმა შტატებმა თავის ევროპელ მოკავშირეებთან პარტნიორობით უნდა იმოქმედოს, რადგან მიდგომა „იმოქმედე მარტო“, არ იქნება ეფექტური. მათ ერთად უნდა შეიმუშაონ ყოვლისმომცველი სტრატეგია კიბერ თავდასხმებზე, დეზინფორმაციაზე, საზიანო მიზნით ფინანსური რესურსის გამოყენებაზე, ეკონომიკური იძულების შესახებ უფრო მკაცრი სანქციების საშუალებით“, - განაცხადა ლორა თორნტონმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი, შინაარსიანი შეხვედრა მქონდა უკრაინელ კოლეგასთან და განვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებთან, არამედ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც შექმნილია რეგიონში უკრაინის გარშემო. ასევე, განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი. მოგეხსენებათ, მრავალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს და აუცილებელია, ჩვენ ვიყოთ სრულ კოორდინაციაში. რა თქმა უნდა, ერთმანეთის სოლიდარულები ვართ ოკუპაციასთან და იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს როგორც უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აუცილებელია და შევთანხმდით ასევე, რომ ჩვენი ეს ერთიანი პოზიცია იყოს კიდევ უფრო გაძლიერებული და უფრო მკაფიოდ წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ფორმატში. ორმხრივი მზაობა არის, რომ განვავითაროთ ინტენსიური თანამშრომლობა, ვიზიტები იქნება ეს თუ ეკონომიკური ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან კარგი პერსპექტივა არსებობს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველო ევროკავშირის ქსელ Eurodesk-ში გაწევრიანდა
თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველო ევროკავშირის ქსელში – Eurodesk გაწევრიანდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც მიმდინარე წლის 22 აპრილს გაიმართა, 32 დამსწრე ქვეყნიდან ერთხმად დაუჭირა მხარი ქსელში საქართველოს გაწევრიანებას, რომელსაც თბილისის მერია წარმოადგენს. Eurodesk არის ევროკავშირის საინფორმაციო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელი, რომელიც ევროპის მასშტაბით, ახალგაზრდების სასწავლო მობილობის, დასაქმების, სტაჟირების, გაცვლითი პროგრამების, მოხალისეობის, ტრენინგების, გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ შესაძლებლობებსა და რესურსებს აერთიანებს. ქსელში გაწევრიანება ნიშნავს ქართველი ახალგაზრდებისა და სტუდენტების გამარტივებულ წვდომას ევროპულ შესაძლებლობებთან განათლების, დასაქმებისა და ახალგაზრდობის სფეროში. Eurodesk საქმიანობას წარმართავს 35 ქვეყანაში წარმოდგენილი ეროვნული ოფისებისა და 1 600 მულტიპლიკატორის მეშვეობით (ახალგაზრდული ცენტრები, უნივერსიტეტები, ბიბლიოთეკები, სტუდენტური ასოციაციები ა.შ). საქართველო იქნება 36-ე ქვეყანა, სადაც Eurodesk ეროვნული ოფისის სახით იქნება წარმოდგენილი და რომლის საქმიანობას კოორდინაციას გაუწევს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანებასთან და Erasmus+ ახალგაზრდებისთვის და ევროპის სოლიდარობის კორპუსის საინფორმაციო ცენტრთან ერთად. საქართველოში Eurodesk-ის ეროვნული კოორდინატორის პოზიციაზე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი, გოგი ჩიქოვანი აირჩიეს.
რუსეთმა ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო წვრთნებში მონაწილე ჯარების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. 22 აპრილს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში შემოწმებითი ღონისძიებების დასრულება გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გენერალურ შტაბს, სამხედრო ოლქებსა და საჰაერო-სადესანტო ძალებს 23 აპრილიდან ჯარების მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნება დაავალა.
პოლონეთის საგარეო უწყება: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრებმა რეგიონში რუსეთის ქმედებები განიხილეს. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას ზბიგნევ რაუს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრები შეხვედრაზე მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობას პოლონეთ-რუმინეთ- თურქეთის სამმხრივ მინისტერიალში. მათი შეფასებით, მინისტერიალი კარგი საშუალებაა რეგიონისთვის აქტუალური უსაფრთხოების თემების განსახილველად და ასევე, წარმოადგენს აღნიშნული ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას ორივე ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.
დმიტრო კულება: საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და შეუძლია, ჰქონდეს ჩვენი იმედი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია იყო ის მთავარი ხაზი, რომელზეც ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. მინისტრებმა განიხილეს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, ისევე როგორც ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები. დმიტრო კულებას თქმით, მინისტრებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება ორი ქვეყნის ინტერესების და ეკონომიკის უკეთესად დაცვა ევროკავშირთან დიალოგის გზით. „ჩვენ ვართ ორი მეგობარი სახელმწიფო. ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. მივესალმე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დააბრუნოს საქართველოს ელჩი კიევში. განვიხილეთ სამომავლო გეგმა ერთობლივ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი სუვერენიტეტის დაცვისკენ, ვინაიდან ორივე ქვეყანას აქვს საკმაოდ სამწუხარო გამოცდილება. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ”-განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. კულებას განმარტებით, საქართველო უკრაინის კარგი მეგობარია და უკრაინას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს თბილისს და ანალოგიურად თბილისს შეუძლია ჰქონდეს კიევის იმედი. „როდესაც საუბარია უკრაინის და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ იმ გზებზე, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნები რუსეთისგან. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციაზე, ჩვენ გვესმის, რომ ვსაუბრობთ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დეოკუპაციაზე. მივაწოდე ჩემს კოლეგას ინფორმაცია უკრაინაში და ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებულ ვითარებაზე“ - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს
საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში წერს. "საქართველო მიესალმება უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იგივე გამოწვევების წინაშე დგანან. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ეფექტიანი აღმოჩნდა",- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად რუს დიპლომატებს აძევებენ
ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩეხეთის სოლიდარობის ნიშნად ქვეყნიდან რუს დიპლომატებს აძევებენ. „ჩემმა ლატვიელმა და ესტონელმა კოლეგებმა გააძევეს ერთი [საელჩოს] თანამშრომელი, რომელიც ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა”, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მან აღნიშნა, რომ ლიტვა ორ რუს დიპლომატს გააძევებს. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა დაადასტურა, რომ ლატვია იგივე ნაბიჯს გადადგამს. „ჩვენი ჩეხი მოკავშირეების სოლიდარობისა და ვენის კონვენციის დარღვევის გამო, ლატვიამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. ლატვია არ შეეგუება დივერსიულ ქმედებებს მის, ან მისი პარტნიორებისა და მოკავშირეების მიმართ“, - აცხადებს ლატვიელი დიპლომატი.
თურქეთის ელჩი: შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა
"შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს", - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა "პირველ არხს" განუცხადა. "ეს ძალიან კარგი შედეგია. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს შედეგი უფრო ადრე დამდგარიყო. მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგების ძალისხმევას, ევროკავშირის წარმომადგენელს და აშშ-ის ელჩს. მათ კარგი და სამაგალითო ძალისხმევა გასწიეს მედიაციისა და ფასილიტაციის პროცესში. შევაქებ ყველა პოლიტიკურ აქტორს, რომელმაც შეძლო კონსენსუსამდე მისვლა, რაც წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს. ეს შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველის მოქალაქეებს სჯეროდეთ, რომ დემოკრატიული სისტემა მუშაობს", -განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა. ელჩის განმარტებით, დემოკრატია ვერ იქნება სრულყოფილი, ყველა დემოკრატიას აკლია რაღაც, აქვს პრობლემები, მაგრამ ამ მოდელის უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს. "ეს დემოკრატია) არის საუკეთესო მოდელი, რაც გაგვაჩნია. ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და ვფიქრობ ამ კონცეფციის, ჩვენი ერებისა და ინტერესების საუკეთესოს დაცვის საშუალება არის გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმურობა, რაც არის დემოკრატია. ვულოცავ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროცესში და ველოდებით დემოკრატიული ინსტიტუტების, ტრადიციებისა და დემოკრატიის კულტურის განვითარებას. დემოკრატია არის კულტურა და არა მხოლოდ საარჩევნო ბიულეტენი. ველოდებით, რომ დემოკრატია განვითარდება რეგიონში და საქართველოში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ვართ ამ პროცესის მონაწილეები", - განაცხადა ელჩმა.
თურქეთის ელჩი: ერდოღანი საქართველოს ეწვევა, თუმცა თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა საქართველოს, თუმცა თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა "პირველ არხს" განუცხადა. „როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს. ჯერ არ ვიცი, როდის შედგება ეს შეხვედრა, თუმცა ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა საქართველოში, რაც შეიძლება მალე, რადგან ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება. ერდოღანი ეწვევა საქართველოს, მან ეს თქვა მედიასთან შეხვედრაზე, მაგრამ თარიღი ჯერ უნდა შეთანხმდეს. იმედი მაქვს, რომ ეს მალე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ელჩმა.
პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. დაზვერვის სამსახურის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელთან მთავრობის მეთაურმა დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს. შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე; სხვადასხვა პერიოდში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი; მუშაობდა უწყების კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვის მიმართულებით.
ბოგდან აურესკუ: რეგიონული უსაფრთხოების, კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოგდან აურესკუს განცხადებით, რეგიონული უსაფრთხოებისა და კოორდინაციისთვის საქართველო და უკრაინა გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მისივე თქმით, რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას. „უსაფრთხოების საკითხებზე რუმინეთის, პოლონეთის და თურქეთის მეორე სამუშაო სესია უზრუნველყოფს ჩვენს შავი ზღვის პარტნიორებთან, საქართველოსთან და უკრაინასთან ჩართულობის უნიკალურ შესაძლებლობას. რეგიონული უსაფრთხოებისთვის და კოორდინაციისთვის ორივე გადამწყვეტ როლს თამაშობენ. მქონდა სიღრმისეული და დროული მოსაზრებების გაცვლა დავით ზალკალიანთან და დმიტრო კულებასთან“ – წერს Tweeter-ზე რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს
"მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ Twvitter-ზე დაწერა. როგორც ჩავუშოღლუმ აღნიშნა, თურქეთს შავ ზღვაში მშვიდობა და მზარდი დაძაბულობის დეესკალაცია სურს. "დავესწარი თურქეთის-საქართველოს-პოლონეთის-რუმინეთის-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას. შავ ზღვაში მშვიდობის გაგრძელებისა და დაძაბულობის დეესკალაციის სურვილი გვაქვს. ხაზგასმით აღინიშნა დიპლომატიისა და დიალოგის მნიშვნელობა. მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს", - წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.