ძებნის რეზულტატი:

რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთი ადასტურებენ მხარდაჭერას, საქართველო-უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ

რუმინეთის დედაქალქ ბუქარესტში გამართული რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის მინისტერიალის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო- ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და „ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი,“ - ნათქვამია განცხადებაში. პირველი დიპლომატების მიმართვაში აღნიშნულია საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ მინისტერიალზე მიწვევის მნიშვნელობაც. „ამ ფონზე, დღეს უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მოვიწვიეთ ბუქარესტში არაფორმალური შეხვედრისა და აზრების გაზიარებისთვის. ჩვენ დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები საქართველოსა და უკრაინაში, ჩვენი ქვეყნების განუხრელი ვალდებულების შესახებ, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ და დახმარება გაუწიონ მათ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას როგორც საქართველოსა და უკრაინის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისე ორივე სახელმწიფოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ კოორდინაციას სამმხრივი ფორმატის ფარგლებში, რათა ხელი შევუწყოთ ნატო-ს შემდგომ განვითარებას და მხარი დავუჭიროთ პარტნიორებს, ამ მიმართულებით პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში

"თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღდგომის დღესასწაულზე სარიტუალო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართოს. გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს. „საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები. ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობია, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ. გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარია თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი Instagram-ის გვერდზე გავრცელდა. ნავალნის განცხადებით, მისი მოთხოვნა დამოუკიდებელი ექიმის მიერ გასინჯვასთან დაკავშირებით, უცვლელი რჩება. "არ ვცვლი ჩემთან აუცილებელი ექიმის დაშვების მოთხოვნას. ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობა მეკარგება და მსურს გავიგო, რა არის ეს და როგორ ვუმკურნალო, მაგრამ ამ პროცესის პროგრესის და ყველა ვითარების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას. წესების თანახმად, ამას ასევე 24 დღე დასჭირდება და ამბობენ, რომ ეს შიმშილობაზე რთულიც კია. ასე რომ წარმატება მისურვეთ"- წერს ალექსეი ნავალნი.

აშშ-ს საელჩომ საქართველოს ვაქცინების შესანახი სამაცივრე დანადგარები საჩუქრად გადასცა

COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად აშშ-ის მთავრობამ განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს. "აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის 1 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: დღეიდან, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

ვწუხვარ, რომ ვერ ვარ თქვენ გვერდით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, დღეიდან UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და UNESCO-ს პროექტის "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს "დღეიდან, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პირველ რიგში, ვულოცავ თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას და მინდა მივულოცო წიგნის ყველა მოყვარულს! დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი უჩნდება, იუნესკოს ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას, აქაურს თუ უცხოელ სტუმარს. ერთი წლით, სხვადასხვა ფორმატში, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საწყისებზე უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი და ახალი შესაძლებლობები გავუჩინოთ ავტორებს, როგორც გამომცემლებს, მწერლებს, როგორც მკითხველებს: უნდა შევქმნათ ახალი პროექტები და გზა ახალ ინიციატევებს გავუხსნათ. საქართველო თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან! იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო. რადგანც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Eurasianet-ი საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება დაბრკოლებას აწყდება

„საქართველოში მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება დაბრკოლებას აწყდება“, - ამ სათაურით სტატიას Eurasianet-ი აქვეყნებს. ავტორი წერს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის მიერ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, მხარეები შეთანხმების ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით, იურიდიულ ნიუანსებზე კამათობენ, რაც ეხება ფართო ამნისტიას და რომელიც მოიცავს ოპოზიციის მთავარი ფიგურების ციხიდან გათავისუფლებას. „კრიზისის დროს, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ნიკა მელიას, საქართველოს უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლება იყო. მთავრობამ წინააღმდეგობა გაუწია, ამტკიცებდა, რომ მან დაარღვია კანონი 2019 წლის საპროტესტო აქციებზე ძალადობისკენ მოწოდებით. ევროპელმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ფართო ამნისტიის კანონის საფუძველზე მელიას გათავისუფლებაზე დაითანხმეს. კანონი მმართველმა პარტიამ უნდა წარადგინოს და მიიღოს პარლამენტმა, რომელიც ახლა თითქმის მხოლოდ მმართველი პარტიისგან შედგება, ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა და წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შეთანხმებას და თანახმაა, შეწყვიტონ ბოიკოტი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე და ამტკიცებს, რომ მელია სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ. კრიზისის განმავლობაში, ოპოზიციამ მელია, როგორც ალექსეი ნავალნის სტილის ფიგურად ჩამოაყალიბა, „მარტოხელა მეომრად“ რომელიც მთავრობის მცდელობებს ეწინააღმდეგებოდა. იმავდროულად, მთავრობამ წარმოაჩინა მელია, როგორც „ავანტიურისტი“, რომლის მიზანი მთავრობისადმი საბოტაჟია“, - წერს Eurasianet-ი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტი, (სამომავლო გზა საქართველოსთვის) რომელსაც 19 აპრილს მოეწერა ხელი, 5 პუნქტს მოიცავს, მათ შორის არის “პოლიტიზებული მართლმსაჯულების საკითხის მოგვარება“: საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ შეთანხმების განხორციელებისთვის, დოკუმენტის ხელმომწერმა მხარეებმა შეთანხმებაზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გადადგან ნაბიჯები 2 პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, ამნისტიით და/ან ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც ეკვივალენტურ შედეგს მოიტანს. კონკრეტულად, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ კვირაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც ამნისტია შეეხება 2019 წლის 19-21 ივნისიდან ყველა დარღვევას და საქმეს. მხარეები აცნობიერებენ განსხვავებულ შეფასებას 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და თანხმდებიან მიიღონ საპარლამენტო მანდატები და მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში შეთანხმებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და ამ შეთანხმების განსახორციელებლად. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

"ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას", - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. "ძალიან ვამაყობ იმით, რომ აშშ-მა რამდენიმე პროექტი განახორციელა ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს უნიკალური უძველესი ლიტერატურული ისტორიის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ძალისხმევას 300-ზე მეტი ისტორიული ხელნაწერის გაციფრულებაში, რომლებიც XI-XVI საუკუნეებით თარიღდება. ასევე დავეხმარეთ ეროვნულ მუზეუმს 8 ისტორიული ხელნაწერის შენარჩუნების დაცვის საქმეში და ეს ხელნაწერები სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ეს ხელნაწერები მეტყველებს საქართველოს ხანგრძლივ ისტორიაზე, როგორც დამოუკიდებელი ერისა, რომლის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ევროპულთან იყო ინტეგრირებული. აშშ მზად არის ხელი შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო სამყაროში და უკვე 10 წელზე მეტია აშშ პარტნიორობას უწევს ქართულ გამომცემლებს და აკადემიურ ინსტიტუტებს წიგნების ქართულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში. ჩვენი პროგრამის მეშვეობით დაახლოებით 150 წიგნი ითარგმნა, მათ შორის ისეთი სახელგანთქმული ამერიკელი ავტორებისა, როგორებიც არიან ჯონ სტეინბეკი, მაია ანჯელუ, ტრუმენ კაპოტე, გერტრუდ სტაინი, კურტ ვონეგუტი და ბევრი სხვა. ბოლო პერიოდში ასევე დავიწყეთ ცნობილი საბავშვო წიგნების თარგმნა. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი თარგმანების 1/3 წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომებს, რომლებსაც ასწავლიან საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში, და ეს წიგნები ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის წვდომას კრიტიკულად მნიშვნელოვან თემებზე - ხელოვნებით დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული. თბილისის მერიამ და მუნიციპალურმა ბიბლიოთეკებმა დაგეგმეს არაჩვეულებრივი წელი ამ ღონისძიებების აღსანიშნავად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიბლიოთეკებს. გუშინ მარნეულში გავხსენით მეცხრე ამერიკული კუთხე. ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას და ხელს შევუწყობთ წიგნის კითხვას. როგორც წიგნის მოყვარული, ვიცი რა არის წიგნის ძალა - იდეებისა და ცოდნის გაზიარება, ახალ სამყაროში მოგზაურობა, ახალი პერსპექტივები და თვალსაწიერის გაფართოება, თუმცა ასევე ვიცი, როგორც გამომცემელ ავტორთან მცხოვრებმა ადამიანმა, რამდენად შრომატევადია იდეის წიგნად გადაქცევა“, - განაცხადა დეგნანმა.

პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა

პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და იუნესკო-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. "საქართველო თავისი 16 საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან! იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო. რადგანც ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშრებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისათვის, რომელიც გაიცემა UNESCO-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

"მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები მიზანმიმართულად ავრცელებენ. "მე ვარ "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პარალელურად ვარ დედაქალაქის მერი. შესაბამისად, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ პასუხისმგებლობის ტარებას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, მოგვიანებით თქვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ყველაფერი. მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ" - აღნიშნა კახა კალაძემ.

პეკა ჰაავისტო: მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმება

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო მიესალმება. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა შეთანხმების განხორციელება უნდა უზრუნველყონ. „მივესალმებით ევროკავშირის შუამდგომლობით საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების განხორციელება დემოკრატიული რეფორმების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი, რომელიც საქართველოს მთავარი დონორია, მხარს უჭერს შეთანხმებულ რეფორმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე გავიდეთ ფონს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლოკდაუნის, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, ჩვენი ხედვაა, რომ პანდემიის მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, ლოკდაუნის გარეშე, მკაცრი შეზღუდვებისა და ბიზნესის დახურვის გარეშე, მათ შორის ტურისტული ინდუსტრიის შეზღუდვის გარეშე მაქსიმალურად გავიდეთ ფონს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამინისტროებს შორის 2021-2022 წლის სამოქმედო გეგმას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ ხელი მოაწერეს 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. ხელმოწერის ცერემონია ქ. ბუქარესტში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითმ შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა რუმინეთი-პოლონეთი-თურქეთის სამმხრივ მინისტერიალზე საქართველოს და უკრაინის მოწვევის გამო, რაც რუმინეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მორიგი დემონსტრირებაა. "მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-რუმინეთის ახლო მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს როგორც პარტნიორი ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა საქართველოს და რუმინეთის, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსპორტის, ენერგეტიკის და საერთაშორისო სატრანზიტო კავშირების განვითარების მიმართულებით. ამ მხრივ კიდევ ერთხელ აღინიშნა კასპია-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შეთანხმება, რომელიც 4 ქვეყნის მონაწილეობით 2019 წელს ბუქარესტში გაფორმდა. მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების და ევროპა-აზიის ეფექტიანი კავშირის უზრუნველყოფის კონტექსტში. ამ მხრივ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფარგლებში დაკავშირებათობის დიალოგის დაფუძნების მნიშვნელობას. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრმა კოლეგას გაუზიარა საქართველოს პრიორიტეტები, მათ შორის 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების, ევროკავშირთან მეტი დაახლოებისა და ინტეგრაციის არსებული თუ ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა აქტიურად იმუშაონ ახლო მომავალში საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კოვიდტესტირებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენინიტენციური სამსახური ავრცელებს. "მიმდინარე წლის 23 აპრილს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ადვოკატს მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება ჰქონდა ბრალდებულ ნ.მ-თან. აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ადვოკატი ბექა ბასილაია, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ ნ.მ-ს პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 19 აპრილს შეხვდა. ბრალდებულსა და ადვოკატს შორის შეხვედრა მინის ბარიერის მიღმა, კოვიდრეგულაციების წესების სრული დაცვით განხორციელდა. შესაბამისად, მისი ვირუსით დაინფიცირების ალბათობა საკმაოდ დაბალია. მიუხედავად ამისა, ბრალდებულს შეეთავაზა სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირება, რაზეც უარი განაცხადა. გაფორმდა შესაბამისი ოქმიც. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულს ტემპერატურის მატება აღენიშნება, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და თავს კარგად გრძნობს. მედპერსონალისადმი რაიმე ჩივილების წარდგენის შემთხვევაში ჩაუტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა,"- აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

„ლელო”: ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღმდეგება შარლ მიშელის 5-პუნქტიან შეთანხმებას

ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება არ ეწინააღდმეგება შარლ მიშელის 5 პუნქტიან შეთანხმებას და არც საერთაშორისო კანონით დადგენილ ნორმებს და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. ამის შესახებ განცხადებას პარტია "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თავდებობის იდეა არ ახდენს შეთანხმების მოდიფიცირებას და სრულ ჰარმონიაშია დოკუმენტის სულისკვეთებასთან. მედიატორების შემოთავაზებულ დოკუმენტში ნათლად წერია: ,,ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს” მეტი სიცხადისთვის, გთავაზობთ ამონარიდს ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტიდან: ,,ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს.” აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით, ,,ლელომ”, როგორც შეთანხმებაშია ნახსენები, რეაგირება მოახდინა პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხზე და მიიღო "ისეთი ზომები" რომელიც ემსახურება არსებული კრიზისის მოგვარებას. კერძოდ : თხოვნით მიმართა ევროპარლამენტარებს მათი თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც ევროპარლამენტარებმა თანხმობა განაცხადეს. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა. იმედი გვაქვს ,,ქართული ოცნება” იხელმძღვანელებს ვითარების დეესკალაციის ინტერესებით და გადადგავს შესაბამის ნაბიჯს, რათა რეალურად დაიწყოს კრიზისის განმუხტვის პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში.

სენატორებმა ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს

სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელიც საქართველში 2021 წლის 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს და ყველა პოლიტიკურ მხარეს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებს. როგორცსენატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეზოლუცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასრულებას უჭერს მხარს. სენატი „ქართულ ოცნებას“, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს პარლამენტში არჩეულ სხვა პარტიებს მოუწოდებს, სრულად შეასრულონ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიშელის მიერ 2021 წლის 18 აპრილს შემოთავაზებული და 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება. "სენატი პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს მოუწოდებს, დაიკავონ თავიანთი ადგილები პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა შემდგომი შეფერხების გარეშე საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის COVID – 19-ის პანდემიის შედეგებზე, დასუსტებულ ეკონომიკასა და რეგიონალური დინამიკის გამოწვევაზე; სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაატაროს სისტემური რეფორმები, რომელიც შემუშავებულია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და გამჭვირვალე კონსულტაციების გზით, რათა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა და ის არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური და პარტიული მიზნებისათვის. სენატი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაიწყოს ინკლუზიურად და გამჭვირვალედ შემუშავებული სისტემური საარჩევნო რეფორმები, პოლიტიკური ჩიხის გამომწვევი მიზეზების გადასაჭრელად და კრიზისის განმეორების თავიდან ასაცილებლად. მათ შორის ეუთო / ოდირის რეკომენდაციების სრულად მიღებით და განხორციელებით. სენატი აცნობიერებს, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა რუსეთის ფედერაციის მცდელობებით, ქაოსი დათესოს მთელ საქართველოში, მათ შორის არალეგალურად ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. სენატი გამოხატავს შეშფოთებას, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების განმტკიცებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და მისი ეკონომიკის გაძლიერებისკენ. ამან შეიძლება გამოიწვიოს პირობები, რომ შეერთებული შტატები დაეხმარება საქართველოს", - ნათქვამია რეზოლუციაში. სენატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში უფრო ძლიერ დემოკრატიას ისეთი მმართველი ინსტიტუტებით, რომლებიც ავლენენ მთლიანობას, ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემას, გამჭვირვალობას, რუსული და სხვა მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას და ქართველ ხალხს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევის შესაძლებლობას აჩვენებს. რეზოლუციის თანაავტორები არიან სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში. ამერიკელმა სენატორებმა კონგრესის ზედა პალატაში რეზოლუცია 22 აპრილს წარადგინეს.

სენატორი შაჰინი: მსურს, საქართველოს მივულოცო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება

მსურს, საქართველოს მივულოცო შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც გადაჭრის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და COVID-19-ის პანდემია. "ვამაყობ, რომ შევუერთდი სენატორებს ჯონსონს და რიშს სენატისთვის იმის მოწოდებაში, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს მიერ ამ კვირაში მიღწეული შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას, რადგან დასრულდეს პოლიტიკური ჩიხი. მინდა საქართველოს მივულოცო ამ შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მძიმე სამუშაო ახლა იწყება. ეს რეზოლუცია ასახავს ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, და ასახავს ჩვენს მოლოდინს, რომ საქართველო სრულად შეასრულებს შეთანხმების პირობებს, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც გადაჭრის ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობა და COVID-19-ის პანდემია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პოლიტიკურ ბედს შორსმიმავალი შედეგები აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მდგომარეობისთვის და მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს ძლიერი დემოკრატიის აშენებაში", - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

"გირჩის" საარჩევნო სიის წევრებს, 8-დან 129 ნომრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაუუქმდათ

"გირჩის" საარჩევნო სიის წევრებს, რვიდან 129 ნომრის ჩათვლით, რეგისტრაცია გაუუქმდათ. ამის შესახებ განკარგულება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს გამოსცა. „გაუუქმდეთ საარჩევნო რეგისტრაცია და მოხსნილ იქნან საარჩევნო სუბიექტის "გირჩის" მიერ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის წარმოდგენილი პარტიული სიიდან საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატები, პარტიულ სიაში № 8-დან № 129-ის ჩათვლით, დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი № 64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე“, - აღნიშნულია განკარგულებაში. შესაბამისად, „გირჩის“ საარჩევნო სიაში რჩებიან: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე მუჯირი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ჰერმან საბო, ლევან ჯგერენაია. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარტიული სიის მეოთხე ნომერი, სალომე მუჯირი უარს ამბობს პარლამენტის წევრობაზე. მას შემდეგ, რაც მუჯირი დატოვებს მანდატს, მის ადგილს ალექსანდრე რაქვიაშვილი დაიკავებს.

სენატორი ჯონსონი: უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად

"უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად", - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რონ ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს. "ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მეტ გამჭვირვალობას, ურთიერთშეკავებისა და ბალანისის სისტემასა და პოლიტიკურ ჩართულობას. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართველებმა ერთად იმუშაონ საჭირო საარჩევნო და სასამართლო რეფორმების განსახორციელებლად, რომლებიც უკეთესად ფუნქციონირებადი დემოკრატიის შექმნას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა რონ ჯონსონმა. ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

სენატორი რიში: ბევრი სამუშაო დარჩენილი იმისთვის, რომ  პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს

"ბევრი სამუშაო დარჩენილი იმისთვის, რომ პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს", - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა. "საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის პოლიტიკური შეთანხმების სწრაფი განხორციელება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. მე აქამდეც ვთქვი, რომ ამ შეთანხმებას შეუძლია საქართველო ევრო-ატლანტიკურ ტრაექტორიაზე დააბრუნოს და ორივე მხარე უნდა შევაქოთ მათი ლიდერობისა და გამბედაობისთვის, რადგან ისინი კომპრომისისთვის მუშაობდნენ ყველა ქართველის საკეთილდღეოდ, მაგრამ კიდევ ბევრი სამუშაო დარჩენილი, იმისთვის რომ პოლიტიკური ნდობა აღდგეს და საქართველო ძლიერი და წარმატებული იყოს", - განაცხადა სენატორმა რიშმა. ამერიკელმა სენატორებმა რონ ჯონსონმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც საქართველოში ყველა მხარეს 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების სწრაფი შესრულებისკენ მოუწოდებენ.

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინა საკმარისი გვაქვს, მსურველი არ არის

"საკმარისი მსურველი არ არის, თორემ ვაქცინა საკმარისი გვაქვს", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "სამწუხაროდ, საკმარისი მსურველი არ არის, თორემ ვაქცინა საკმარისი გვაქვს. ბატონი ვახტანგ კალოიანი ამბობს, სისტემა არ გვაქვს და მსურველი ბევრია, მე პირიქით ვამბობ - სისტემა გვაქვს ძალიან კარგი, სხვა საქმეა, რომ ჩვენ 4 თვით დავიგვიანეთ და ამ ნაკლოვანებას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ახლა, როდესაც ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინა და დავიწყეთ ვაქცინაცია, იმის შემდეგ საკმარისი ვაქცინა გვაქვს, თან ყველაზე მაღალი ხარისხის...", - განაცხადა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სამ მიზეზს რის გამოც საქართველოში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია. "სამი რამის ბრალია, როდესაც ვაქცინაცია ასეთი ნელი ტემპით მიდის. არაინფორმირებულობის, არასწორი ინფორმირებულობის, როდესაც მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და მესამე ის სამწუხარო შემთხვევა, რაც მოხდა. ეს შემთხვევა იყო სუფთა დამთხვევა. მე ცალსახად ვიტყვი და მზად ვარ შევხვდე ჩვენს ოპონენტებს, ჩვენ რომ გვაქვს ასეთი სამედიცინო სისტემა, ძალიან ბევრს არ აქვს. სად არის უცხოეთში ასეთი გამართული სისტემა?! უცხოეთებში ვაქცინაცია კეთდება, მაღაზიებში, მანქანებში და ა.შ,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.