ძებნის რეზულტატი:
აშშ-ს და ევროპის რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რუს დიპლომატებს ბალტიის ქვეყნებიც აძევებენ
ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფო რუს დიპლომატებს აძევებენ. აღიშნული ქვეყნების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლიეტუვადან ორ რუს დიპლომატს გააძევებენ, ლატვიადან ერთს და ესტონეთიდანაც ერთს. აღსანიშნავია რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩეხეთმა ქვეყნიდან ათეულობით რუსი დიპლომატი გააძევა მაისი ბოლომდე კი რუსული დპლომატიური სამსახურებიდან, ჯამში 60-მდე პირის გაძევებას გეგმავს. ჩეხეთის და ბალტიისპირეთის გარდა, ბოლო კვირებში რუსი დიპლომატები გააძევეს შემდეგმა ქვეყნებმა: აშშ-მ - 10 რუსი დიპლომატი, იტალიამ -2, პოლონეთმა -3, სლოვაკეთმა -3. რუსი დიპლომატები გააძევეს ასევე უკრაინიდან. კრემლმა კი საპასუხოდ ჩამოთვლილი რამდენიმე ქვეყნის დიპლომატები გააძევა რუსეთიდან. "ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია კოორდინირებულად მოქმედებდნენ. გადაწყვეტილება მივიღეთ ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, ამ ქვეყანაში "რუსული სადაზვერვო სამსახურების არაკანონიერ მოქმედებასთან" დაკავშირებით", - აღნიშნულია ბალტიის ქვყნების ერთობლივ განცხადებაში. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები კავშირში არიან იარაღის საწყობის აფეთქებასთან რომლის დროსაც 2 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება 2014 წელს მოხდა. ჩეხეთმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს ევროპის კავშირსა და ნატოში, გამოეხატათ სოლიდარობა, რის შემდეგაც რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსი დიპლომატების გაძევება - კერძოდ, სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომლის გაძევების შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება საპასუხო ზომების შესახებ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიმართ. პარასკევს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი პოლონეთის საელჩოს ხუთ თანამშრომელს აძევებს. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა ვარშავის გადაწყვეტილების საპასუხოდ სამი რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ.
ამირან გამყრელიძე: მაისის პირველ ორ კვირაში პიკური პერიოდი გვექნება
"ყველანაირი პროგნოზით, პიკური პერიოდი დაგვიდგება მომავალი თვის პირველ ორ კვირაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება და ამიტომ საჭიროა შეზღუდვების გამკაცრება. „ყველა ინდიკატორი თანდათან უარესდება. ყველანაირი პროგნოზით, ჩვენ პიკური პერიოდი დაგვიდგება თვის ბოლოს, მომავალი კვირის პირველ ორ კვირაში, ამიტომ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციაა, რომ აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრებული იყოს. დღეს მოქმედი შეზღუდვები და რეკომენდაციები, მხედველობაში მაქვს ღამის კარანტინი, შაბათ-კვირას რესტორნების მუშაობის შეჩერება, პირბადის ტარებისა და დიდი თავშეყრის განსაკუთრებული კონტროლი – ეს ყველაფერი ძალაშია და კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თალაკვაძე გადადგომის მიზეზებზე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს "იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია “ქართულ ოცნებას” წარმოვადგენდი - ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე. ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს. კუჭავას კანდიდატურა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 2021 წლის იანვრიდან ის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია და იკავებს პარტიის საერთაშორისო მდივნის თანამდებობას. კახაბერ კუჭავა დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს. უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ხოლო 2003 წელს მიენიჭა კორპორაციული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნოტინგემ ტრენტის უნივერსიტეტის მიერ. 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2016-2020 წლებში კახაბერი გახლდათ საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის წევრი და ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მოგვიანებით არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 2016 წლიდან კახაბერი არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი. 2012-2016 წლებში ეკავა წამყვანი პოზიციები კერძო სექტორში მოღვაწე კომპანიებში საკონსულტაციო, საინვესტიციო და სამთო-მოპოვებით სექტორებში. 2011-2015 წლებში იგი გახლდათ მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო ბიზნეს-ორგანიზაციის „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“ დირექტორთა საბჭოს წევრი. 2007-2010 წწ. კახაბერი გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საკორპორაციო სამართლისა და კორპორაციული მართვის ექსპერტი, ხოლო 2005-2007 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ბიზნესის გარემოს რეფორმა“ კორპორაციული სამართლის სპეციალისტი. 2005 წელს, ასევე, 2001-2004 წწ. იგი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების იურიდიული მრჩეველი გახლდათ. 2001-2004 წწ. კახაბერი დასაქამებული იყო იურიდიულ კომპანიაში „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ უფროსი იურისტის პოზიციაზე. კახაბერ კუჭავა ავტორია ნაშრომებისა: საქართველო და ევროკავშირი: ერთად გარემოს დაცვისა და კლიმატის მიმართ მდგრადობისკენ;პირველი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი საქართველოში: შედეგებზე ორიენტირებული საკანონმდებლო ბაზის შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯები;კორპორაციული მართვის კოდექსის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო (თანაავტორი);საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის მიმოხილვა ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან;ფრანჩაიზინგის შესახებ შეთანხმება საერთაშორისო კერძო სამართალში;ინტერესთა კონფლიქტი: საუკეთესო პრაქტიკა და შესაბამისი ნორმატიული აქტები;კორპორაციული მართვა საქართველოში – პრობლემები და რეკომენდაციები;აღმასრულებელ დირექტორთა ვალდებულებები.ასევე, გახლდათ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვარტალური ჟურნალის „კორპორაციული მართვის“ გამომცემელთა საბჭოს წევრი. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 36 056 ადამიანმა გაიკეთა
24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 36 056-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბოლო 24 საათში აცრა 1 159 ადამიანმა გაიკეთა. "აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522", - წერია ცენტრის ინფორმაციაში.
კახა კუჭავა: გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა
გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ორშაბათიდან ვიწყებთ მნიშვნელოვან ეტაპს", - ამის შესახებ კაბა კუჭავამ, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენის შემდეგ განაცხადა. "პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს გაწეული საქმისთვის. მას ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის დაკავება და ძალიან ღირსეულად გაართა თავი ამ საქმეს. მისი ეს გადაწყვეტილება მიუთითებს, რამდენად სწორად ხედავს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და რაც მთავარია, პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სამომავლო განვითარებას. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პარტიის თავმჯდომარეს და მთლიანად გუნდს ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ. ვთვლი, გამოწვევები, რომლის წინაშეც ახლა პარლამენტი დგას, უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, სადაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ვიღებდეთ გადაწყვეტილებეს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა კუჭავამ. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინეს
ავიარეისებს COVID-ვაქცინის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის პრიორიტეტი გაუხანგრძლივდათ
საქართველოს საჰაერო სივრცეში COVID-19-ის ვაქცინის სწრაფი და შეუფერხებელი ტრანსპორტირებისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ NOTAM (ინფორმაცია საავიაციო საწარმოებისა და პერსონალისთვის) 24 აპრილიდან 20 ივლისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენო ავრცელებს. NOTAM-ში, რომელიც 25 აპრილის 00:00 საათიდანაა აქტიური, წერია, რომ ავიაკომპანიამ, რომელიც ახორციელებს ვაქცინის გადაზიდვას და შეფასებულია, როგორც კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოში ან/და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებისთვის უნდა მიმართოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან თანხმობის შემდეგ, ავიაკომპანია ვალდებულია, ფრენის გეგმის მე-18 გრაფაში მიუთითოს STS/ATFMX და RMK/VACCINE. ავიაკომპანიას, რომელიც რეგულარულად ასრულებს ვაქცინის გადაზიდვას, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების გამონაკლისის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინასწარ, ერთჯერადად ყველა ფრენისთვის. NOTAM მოქმედებს მიმდინარე წლის 20 ივლისამდე. აღსანიშნავია, რომ რეისებს, რომლებიც STS/ATFMX RMK/VACCINE კოდით ისარგებლებენ, შესაბამისი სისტემა ავტომატურად „ამოიცნობს“ და მაქსიმალურ პრიორიტეტს მიანიჭებს. ეს მათი შეფერხების ალბათობას შეამცირებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია: რუსეთმა შეიძლება ჩეხური ლუდის იმპორტი შეზღუდოს
რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უპასუხოს რუსი დიპლომატების პრაღიდან გაძევებას ჩეხური წარმოების პროდუქტების, კერძოდ, ლუდის იმპორტის შეზღუდვით. ამის შესახებ ინფორმაციას სამთავრობო უწყებების ორ წყაროზე დაყრდნობით "კომერსანტი" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი წყარო აცხადებს, ასეთი ეკონომიკური სანქციები შეიძლება გახდეს აუცილებლობა, ვინაიდან "ჩვენ არ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ პრაღის უპრეცედენტო აგრესიული ქმედებები, რომლებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია მხოლოდ სარკისებურად". ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა იქონიოს რომელიმე ინდუსტრიაზე, მაგრამ "კომერსანტის" წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ასიმეტრიული სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება მიიღებს პრინციპს "ნუ ავნებ თავს".
ინდოეთში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში, ჩინეთის საზღვართან, ზვავის ჩამოწოლის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანი დაიღუპა, 384 კი მაშვლებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. შემთხვევა უტარაკჰანდის შტატში მოხდა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგნელმა ჟურნალისტებს განუცხადა, გადარჩენ გადარჩენილთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
ქვეყნის 10-ზე მეტ ქალაქში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ
ქვეყნის 10-ზე მეტ ქალაქში "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: ბათუმში, გუმათში, ქობულეთში, ბოლნისში, რუსთავში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ლენტეხში, ყაზბეგში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, რუისში, გორში, ცაგერში, თელავში. რიონის მცველებმა უკვე დაანონსნეს, რომ პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. პირველი აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება.
მალიორკაზე დააკავეს კაცი, რომელმაც 22 ადამიანი COVID-19-ით დააინფიცირა
სამართალდამცველებმა მალიორკაზე დააკავეს კაცი, რომელმაც 22 ადამიანი COVID-19-ით დააინფიცირა. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებულმა კორონავირუსის სიმპტომებს ყურადღება არ მიაქცია და სამსახურსა და სპორტდარბაზში სისტემატურად დადიოდა. როგორც ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, "მოქალაქემ ინფიცირების შესახებ ინფორმაციას დამალა". თანამშრომლების შეშფოთების ფონზე, მამაკაცმა PCR ტესტი ჩაიტარა, თუმცა ის შედეგს არ დაელოდა და სამუშაო ადგილს პასუხების მიღებამდე დაუბრუნდა. შედეგად, ვირუსით დაინფიცირდა მისი ხუთი თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები.
შვეიცარიაში COVID-19-ის ინდური შტამის პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს
შვეიცარიამ ინდოეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დააფიქსირა, ამის შესახებ ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანომ განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს. "შვეიცარიაში COVID19-ის ინდური შტამის პირველი შემთხვევა აღმოაჩინეს", - ნათქვამია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოს განცხადებაში. ვირუსი დაუფიქსირდა მგზავრს, რომელიც ტრანზიტით იმყოფებოდა აეროპორტში.
გერმანია ინდოეთიდან მგზავრების შესვლას ზღუდავს
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანია ინდოეთიდან მგზავრების შემოსვლას ზღუდავს. ამის შესახებ ინფორმაციას Guardian- ავრცელებს. შეზღუდვა ორშაბათიდან ამოქმედდება. გერმანიაში ინდოეთიდან შესვლის ნებართვა მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებს ექნებათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსის ახალმა ვარიანტმა სამხრეთ აზიის ქვეყანა კორონავირუსის უახლეს ცხელ წერტილად აქცია. "ჩვენ ძალიან გვაღელვებს ინდოეთში აღმოჩენილი ვირუსის ახალი მუტაცია. იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს ვაქცინაციის პროგრამას, ინდოეთში მოგზაურობა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ჯერჯერობით, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, ინდოეთთან მიმოსვლა შეზღუდა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ქუვეითმა და ირანმა.
ირანი ინდოეთთან და პაკისტათან ფრენებს აჩერებს
ირანი ინდოეთთან და პაკისტათან ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ირანი COVID-19-ის მძიმე მეოთხე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს. ფრენების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. მისი თქმით, ინდოეთში აღმოჩენილმა კორონავირუსის ახალმა შტამმა შეიძლება იმაზე მეტად სერიოზულ საფრთხეს შეუქმნას ქვეყანას, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში აღმოჩენილმა ვარიანტმა, რომელიც ახლა ირანში გახდა დომინანტი. "ახლა ჩვენ ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ, ეს არის ინდური ვირუსი, რომელიც ინგლისურ, ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკელებზე უარესია. თუ ეს ვირუსი შემოვა ქვეყანაში, ჩვენ დიდი პრობლემა შეგვექმნება", - განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ.
ბოლო 24 საათში, ავღანეთში თავდასხმების შედეგად, მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა
ბოლო 24 საათში, ავღანეთის სამ პროვინციაში მომხდარი თავდასხმების შედეგად მინიმუმ 14 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სამშვიდობო ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანაში გრძელდება ძალადობრივი კონფლიქტი. გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქ ქაბულში, უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, სამი ცალკეული ინციდენტის შედეგად, ოთხი პოლიციელი, უნივერსიტეტის ლექტორი და მთავრობის თანამშრომელი მოკლეს. გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ღაზნის პროვინციაში, მინიმუმ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათი სიკვდილის მიზეზი გზისპირზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქეა იყო. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ოფიციალური პირები მათ "თალიბანს" უკავშირებენ.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო პატივით დაკრძალეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ. „დღესვე, სამოქალაქო პანაშვიდზე სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ თანადგომა გამოუცხადა. აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 ადამიანის ნეშტი 22 აპრილს გადმოასვენეს”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფულის მოპარვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ბ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
ჯო ბაიდენი გახდა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, ვინც სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. "ამერიკელი ხალხი პატივს სცემს ყველა იმ სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის შედეგად დაიღუპა”, - თქვა ბაიდენმა განცხადებაში.
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი უარყოფს და გმობს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას
"თურქეთი უარყოფს და გმობს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის განცხადებას", - ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ის 1915-1923 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივ მკვლელობებს გენოციდს უწოდებს. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. მევლუთ ჩავუშოღლუმ ჯო ბაიდენის განცხადებას პოპულისტური უწოდა. "ჩვენ უარვყოთ და ვგმობთ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა რადიკალური სომხური წრეებისა და ანტითურქული ჯგუფების ზეწოლით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. როგორც გამოცემა წერს, სამინისტროს განცხადებით, არცერთი პირობა, რომელიც საჭიროა ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებისთვის - საერთაშორისო სამართლით მკაცრად განსაზღვრული - არ შეესაბამება 1915 წლის მოვლენებს. ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენს არ აქვს არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება განსაჯოს ისტორია და ამ განცხადებას ღირებულება არ გააჩნია. "სიტყვები ისტორიას ვერ შეცვლიან და ვერც გადაწერენ. ჩვენი საკუთარი წარსულის შესახებ არავისგან არაფერი გვესწავლება. პოლიტიკური ოპორტუნიზმი მშვიდობისა და სამართლიანობის უპირველესი მტერია. ჩვენ სრულიად უარვყოფთ ამ მხოლოდ პოპულიზმზე დაფუძნებულ განცხადებას". - დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter-ზე. ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა
სომხეთის საგარეო უწყება: ბაიდენის განცხადებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სომხების გენოციდის გლობალურ აღიარებაში და გენოციდების პრევენციაში
"მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას",- ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. "მივესალმებით სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად განსაზღვრა მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხის მიმართ განხორციელებული მასობრივი სისასტიკე, როგორც გენოციდი", - ნათქვამია სამინისტორს განცხადებაში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ ერთხმად დაადასტურა თავისი ერთგულება ადამიანის უფლებებისადმი და ჰუმანურობის პრინციპებისადმი. "შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი ერთგულება ადამიანის უფლებებისა და კაცობრიობის პრინციპებისადმი. ბაიდენის განცხადებას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სომხების გენოციდის გლობალურ აღიარებაში და გენოციდების პრევენციაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.