ძებნის რეზულტატი:
პეტრას აუსტრევიჩიუსი: მოვუწოდებ მელიას, პატივი სცეს კომპრომისულ შეთანხმებას და გამოვიდეს ციხიდან
"ველოდები, რომ ნიკა მელია პატივს სცემს მიღწეულ შეთანხმებას და ასევე მინდა ვთქვა, რომ უკეთესია ციხის გარეთ ყოფნა და ციხიდან მიშელის მიერ წარმოდგენილი და პარტიებს შორის შეთანხმებული საშუალებებით გამოსვლა. მინდა ვაღიარო და გულწრფელად გითხრათ, რომ ძალიან ცივილური მექანიზმია", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა "ქრონიკას" განუცხადა. როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, უკეთესია მელია პოლიტიკაში დაბრუნდეს, როგორც პოლიტიკოსი. "ციხის დატოვება და პოლიტიკაში დაბრუნება მისთვის უკეთესი იქნება და საქართველოსთვისაც. გვაქვს შეთანხმება, რომელიც პარტიებს შორის არის შეთანხმებული და ამ ხელმოწერის საფუძველზე ოპოზიცია წარმოდგენილია უკვე პარლამენტში. ახლა მოვუწოდებ მელიას პატივი სცეს კომპრომისულ შეთანხმებას, გამოვიდეს ციხიდან და არ დააყენოს დამატებითი მოთხოვნები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველამ ისევ თავისი მოთხოვნა დააყენოს, მაშინ ეს სად მიგვიყვანს. ახალი მოთხოვნები შეთანხმების ჩაშლას გამოიწვევს. ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელზეც ძალიან დიდი დრო დავკარგეთ და რთული შესათანხმებელი იყო. მოდით ყველამ პატივი ვცეთ დოკუმენტს, გადადგმულ ნაბიჯებს, შევასრულოთ ყველა პუნქტი და ახალი მოთხოვნები არ წამოვჭრათ. პირდაპირ გეტყვით, ეს სარისკოა და ქართულ პოლიტიკაში ნდობის ჩამოყალიბებას ხელს ვერ შეუწყობს. კომპრომისი მიღწეულია და ეს იყო მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვეძლო გაგვეკეთებინა", -განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.
რიგაში, არალეგალების სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა
8 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე სერიოზულად დაშავდა ლატვიის დედაქალაქ რიგაში, არალეგალების სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, ხანძარი 6-სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა. კორპუსიდან მინიმუმ 24 ადამიანი გამოიყვანეს, ზოგიერთ მათგანს დამწვრობა და კვამლისგან ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. სავარაუდოდ, მსხვერპლთა უმეტესობა უცხოელი ტურისტები არიან.
Apollo 11-ის ასტრონავტი მაიკლ კოლინზი გარდაიცვალა
1969 წელს, Apollo 11-ის ასტრონავტი მაიკლ კოლინზი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. კოლინზი იყო ერთ-ერთი მთვარის მისიის ეკიპაჟის სამი წევრიდან. მაშინ როდესაც ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი ზედაპირზე დაეშვნენ, მაიკლ კოლინზი მთვარის ორბიტაზე დარჩა. როგორც ასტრონავტის ოჯახის წევრებმა განაცხდეს, მაიკლ კოლინზი კიბოთი გარდაიცვალა.
მოლდოვის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მან პარლამენტის დათხოვნის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. პრეზიდენმა აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. "ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ გზა გავუხსენით მოქალაქეებს, რათა შეძლონ აირჩიონ ახალი პარლამენტი, რომელიც მოემსახურება ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს. ძალაუფლება ახლა არის ხალხის ხელში. ძალაუფლება თქვენს ხელშია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები აირჩევენ სწორ გზას, რათა შექმნან განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ხალხს შეუძლია იცხოვროს მშვიდობასა და კეთილდღეობაში", – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორ პრეზიდენტმა აღნიშნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 11 ივლისს ჩატარდება. "ახალი პარლამენტის არჩევნების თარიღი განისაზღვრება 2021 წლის 11 ივლისს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ქაოსი, რომელშიც პარლამენტი გვტოვებს. არჩევნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავნიშნავთ პასუხისმგებელ მთავრობას, რომელიც დაეყრდნობა სტაბილურ უმრავლესობას და მოლდოვაში მოვაგვარებთ ყველაფერს. ჩვენ გამოვალთ კრიზისიდან, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იმუშავებს ხალხის საკეთილდღეოდ",- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ლევან რატიანი: ინდური შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია, უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო
"ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. "მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსები ოდითგანვე იყო ცნობილი, 1960 წლიდან არის ამ ვირუსების ოჯახის შესახებ ინფორმაცია. მინდა გითხრათ, რომ სხვა ვირუსების ოჯახისგან განსხვავებით, ამ ვირუსებს ახასიათებთ ერთი რამ - ისინი უფრო სწრაფად მუტირებენ. ამიტომაცაა, რომ ერთ ოჯახში 40 სახეობა და ის სახეს იცვლის. ინდოეთში არსებული შტამის შესახებ ამბობენ, რომ უფრო ტოქსიკურია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჭრის შემთხვევაში მას უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში მოცირკულირე ახალმა კორონავირუსმა. იმედია, რომ აქამდე ვერ ჩამოაღწევს, ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,"- განაცხადა ლევან რატიანმა.
ეკატერინე ტიკარაძე: 50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, მიმდინარეობს მოკვლევა
"50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, მიმდინარეობს მოკვლევა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. "ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, ამასთან დაკავშირებით კი საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. შესაბამისად, ისინი ამ მოკვლევებს გააგრძელებენ. მე ამ კლინიკების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა გასაჯაროება ამ ეტაპზე ალბათ სწორი არ იქნება. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, 50 მაინც იქნება თბილისსა და სხვა ქალაქებში, თუმცა სიჭარბით თბილისში," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ვაკის პარკში მრგვალი შადრევანი ისტორიული სახით აღდგება
"როდესაც ვაკის პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობა, პროექტირება და იდეის დამუშავება დავიწყეთ, ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ პარკს უნდა შეუნარჩუნდეს ისტორიული სახე", - ამის შესახებ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა გადაცემა "დედაქალაქში“ განაცხადა. "რეაბილიტაცია ჩატარდება ზუსტად იმ არქიტექტურული პროექტის შესაბამისად, რომლითაც პარკი აშენდა. ზუსტად იგივე ვიზუალით უნდა აღდგეს პარკი. თავდაპირველი, ისტორიული ვიზუალი 100%ით შენარჩუნებული იქნება. ისტორიულად, ჭავჭავაძის ქუჩიდან პარკში ჩამოსასვლელ ნაწილში იყო ოვალური შადრევანი, რომელიც შემდეგ გაუქმდა. ამ შადრევნის აღდგენაც დაწყებულია და ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რომელის პირვანდელ სახეს დაუბრუნებს პარკს. არის ასევე ისტორიულ ლანდშაფტი, მუხის ხეივანი, კედრების ხეივანი, ჭადრების ხეივანი, მათ დროთა განმავლობაში განიცადეს ამორტიზაცია. წლების განმავლობაში მხოლოდ სანიტარულად ჭრიდნენ, ეს მცენარეებიც სრულად ჩანაცვლდება და დაბრუნდება პირვანდელი სახით", - განცხადა გიგა გიგაშვილმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა. ოპოზიციასთან საუბარი თითქმის სამი საათი გაგრძელდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, მინისტრთან მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ლანდსბერგისს ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებაზე ესაუბრნენ.
დღეს ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება
დღეს, 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მორიგი სასამართლო დაიწყება. . წარადგენს, თუ არა ბრალდების მხარეს რაიმე სახის შუამდგომლობას - უცნობია. როგორც ცნობილია, დღევანდელ სხდომას თავად ბრალდებული არ დაესწრება. ნიკა მელია, 13 აპრილს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.
აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამანტა პაუერის კანდიდატურა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა USAID-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სამანტა პაუერის კანდიდატურა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სამანტა პაუერის კანდიდატურას მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, ხოლო 26 სენატორი მის წინააღმდეგ წავიდა. ცნობისთვის, 2013-2017 წლებში სამანტა პაუერი გაეროში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა.
კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები Pfizer-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოუშვას
Pfizer- ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კოვიდის სამკურნალო ანტივირუსული აბები მზად შეიძლება წლის ბოლომდე იყოს. ალბერტ ბურლას თქმით, პრეპარატის მიღება დაავადების პირველი სიმპტომებისთანავე ვირუსის გამრავლების უნარს მაქსიმალურად შეამცირებს და ვირუსი პაციენტებში ძალიან მსუბუქად წარიმართება. მისივე განმარტებით, კომპანია ორ ანტივირუსულ საშუალებას ტესტავს, ერთს ინექციის და მეორეს აბების სახით. მანვე აღნიშნა, რომ Pfizer-ი ყურადღებას ამახვილებს აბებზე, რადგან ის „რამდენიმე უპირატესობას იძლევა“, მთავარი სარგებელი კი საავადმყოფოში ან სამედიცინო მომსახურების სხვა პროვაიდერთან მისვლის თავიდან აცილებაა. კლინიკური ცდების დასრულების შემდეგ, მოკვლევას ამერიკის კვების პროდუქტების და მედიკამენტების კონტროლის ადმინისტრაცია დაიწყებს. Pfizer-მა კოვიდსაწინააღმდეგო აბების ტესტირება მარტში დაიწყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეფონით ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც ცნობილია, მხარეებმა აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. "მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვეს აშშ-აზერბაიჯანის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და სხვადასხვა საკითხი განიხილეს. მდივანმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. მდივანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური დარეგულირების მოლაპარაკებისთვის, რომელიც სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ხალხს", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, საჰაერო ძალების ფელდმარშალს, სტიუარტ ფიჩს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა NATO-საქართველოს თანამშრომლობაზე და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, COVID-19-ის პანდემიის მიუხედა-ვად, 2021 წელს, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. "საუბარი შეეხო NATO-საქართველოს განახლებულ არსებით პაკეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამ პროცესში NATO-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების დაცვაში და ავღანეთში მისიის ეტაპობრივად დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ნატოსთან შეთანხმებული გრაფიკით და სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-თან კოორდინაციით, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოსთვის, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, ავღანეთი აღარასოდეს გახდეს ტერორისტების თავშესაფარი და ქართული სახელმწიფო ამაყობს საკუთარი წვლილით ამ მიზნის მიღწევაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1433 ადამიანს დაუდასტურდა, 1 160 გამოჯანმრთელდა, 18 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მტავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 024 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 185 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 839 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 308 834-ს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 289 976-მდე. 4 095 ინფიცირებული გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი: 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.54%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.72%. ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან 904 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 146, იმერეთი - 79, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 39, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 99, კახეთი - 45, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0. მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 737, საიდანაც: 3 765 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 095, აჭარაში - 418, იმერეთში - 423. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 68, იმერეთში -97. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158 პირი, მათგან თბილისში - 105, აჭარაში - 14, იმერეთში - 10. 718 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 - თბილისში, 318 - აჭარაში. 10 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 217 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 203, ხოლო აჭარაში - 14. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 543 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 415 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 768 პირი, აჭარაში - 2 878, იმერეთში - 1 580.
საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა
დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წელი გავიდა. ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს უზენაესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა, რითაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება დაიწყო. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია. 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სახელი შეეცვალა და დაერქვა თავდაცვის ძლები.
სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი დღევანდელი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე
"დღეს ქართული ჯარის 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ 30 წელი კი არა, ქართული ჯარი საუკუნეებს ითვლის და ჩვენი დღევანდელი ჯარი არის საქართველოს მიერ გადახდილი ყველა ომის ღირსეული მემკვიდრე", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები. ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას. "დღეს ჩვენ გვყავს მაღალი სტანდარტის თავდაცვის ძალები, რომლებიც მრავალი წელია მონაწილეობენ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და თავისი წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში. ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმი და ბრძოლისუნარიანობა ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებს. საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი პარტნიორები - ყველა ნდობას უცხადებს ქართულ ჯარს, ანუ ნდობას უცხადებს საქართველოს. ეს 30 წელი იყო ქართული ჯარის ჩამოყალიბებისა და გამოცდის მძიმე წლები - მისი ბრძოლა ეროვნული ინტერესებისთვის, ეროვნული ღირსებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა ჩვენი დასავლური, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის, ღირსეული მომავლისთვის. ამიტომ საზღაურიც იყო დიდი - მრავალი გაღებული სიცოცხლე, დაკარგული ჯანმრთელობა, დაობლებული ოჯახები. ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე, პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათზეც, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა სამშობლოს. ჩვენი ვალია სათანადოდ დავაფასოთ ვეტერანთა ღვაწლი, გამოვიყენოთ მათი გამოცდილება, არ მოვაკლოთ ზრუნვა და ყურადღება. წინ შესასრულებელი ამოცანებია, ჩვენი მთავარი და უცვლელი მიზნები - დეოკუპაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მათ შესასრულებლად საქართველოს სჭირდება უწყვეტი და ეფექტიანი თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, წვრთნები, სწავლებები, უახლესი სამხედრო ტექნიკური ცოდნით აღჭურვილი პირადი შემადგენლობა და ჩვენ გვჯერა მათი მხარდაჭერის და ამისთვის მადლობელნი ვართ. ქართულმა ჯარმა პანდემიის მძიმე თვეებში დიდი დახმარება გაუწია საქართველოს მოსახლეობას, გამოიჩინა მაღალი ორგანიზებულობა და უნარი ნებისმიერი გასაჭირის დროს იდგეს ქვეყნის სამსახურში, აკეთოს ის, რაც საჭიროა მოცემულ მომენტში. თუმცა პანდემიამ გლობალური მასშტაბის ამოცანებიც დაგვისახა. მან შეცვლა მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგი, რაც გამოწვევად იქცა ჩვენთვისაც. ჩვენ ვიღებთ გამოწვევას და შეგვწევს მასთან გამკლავების ძალა. დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელს საქართველოს აერთიანებს. ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნისა და მისი ხალხის ერთგული და ამდენად, ერთიანობის უდიდესი მაგალითი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე მიულოცა და სტრატეგიულ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. "ვულოცავ ამ დღესასწაულს საქართველოს სრულიად მოსახლეობას! ვულოცავ მათ, ვინც საერთაშორისო მისიებში თავდადებით მსახურობს! ისინი საქართველოს ელჩები არიან მშვიდობისთვის მებრძოლ მსოფლიოში. ვულოცავ ვეტერანებს! მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება. ამის ნიშნად და ჩვენი მადლიერებისა და დაფსების ნიშნად, ვაჯილდოებ დღეს სერ სტიუარტ პიჩს. ის, როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა ნატოში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითები ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია! კიდევ ერთხელ გილოცავთ! ვულოცავ ქართულ ჯარს! თქვენსავით და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!" - განაცხადა ზურაბიშვილმა. თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წელი გავიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 30 წელია, ჩვენი სამხედროები საქმით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი
"30 წელია, ჩვენი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი", - ამის შესახებ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "დღევანდელი დღე მინდა მივულოცო ყველა სამხედროს, რომელიც ღირსეულად, უმაღლესი პროფესიონალიზმითა და თავდადებით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და მზად ხართ, დაიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. მინდა მივულოცო ჩვენს საამაყო ვეტერანებს, რომლებიც ამაყად და შეუდრეკლად იცავდით ჩვენი ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო. მინდა პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მსოფლიო მშვიდობისთვის დაცემულ ჩვენს გმირებს, სასახელო მებრძოლებს, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოსთვის. მათ ყველას აჩვენეს ქართველი კაცის მებრძოლი სული და სამშობლოსთვის თავდადება. ქედს ვიხრით მათი გმირობის წინაშე. ვულოცავ და მადლიერებას გამოვხატავ ჩვენი დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისადმი, რომლებიც თავიანთი გაუტეხელი და დაუმარცხებელი სულისკვეთებით სიამაყით გვავსებენ. დღევანდელი დღე სიმბოლურად განასახიერებს ქართველი ხალხის პატრიოტიზმს და მუდმივ მზაობას, დაიცვას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ხალხის თავისუფლება, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საკუთარი ღირსეული წვლილი შეიტანოს მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცებაში. 30 წელია, ჩვენი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებთ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში გვაქვს გამჯდარი. განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი ძალა. ის ქვეყანაში დღეს ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია. ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, რომ გაგრძელდება და გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად. ცხადია, თავდაცვის ძალების წარმატებული განვითარება წარმოუდგენელია მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. დღეს საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა და არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. ეს პარტნიორობა ეფუძნება საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, თავდაცვის ძალების ინსტიტუციური აღმშენებლობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. მინდა მივესალმო ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელიც ესწრება თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს და მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მე მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ჩვენი ჯარის როლი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე და თქვენი ღირსეული მონაწილეობა NATO-ს მისიაში ავღანეთში, რომელიც სექტემბერში სრულდება. ამ მისიაში ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართული მხედრული სული და საქართველოს საქვეყნოდ, მთელ მსოფლიოში დაუმკვიდრეს სანდო და საიმედო პარტნიორის სახელი. ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას და მომავალშიც, არსებულ ფორმატებში განვაგრძობთ საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფას. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით სამშობლოს მსახურებისთვის. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა რიგ საკითხებზე გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს
ვენეციის კომისია საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასკვნაში აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა დადებითი დინამიკა გასაჩივრებისა და თანასწორობის მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გაითვალისწინეს მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის საბჭოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის. ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას, რომ განხილული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, ვიდრე პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას. „ეს რეკომენდაციები შემუშავებულია, რათა გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლება იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს ვენეციის კომისია. „არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დასკვნაში. პრესრელიზის ბოლოს მითითებულია, რომ დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა მოითხოვა და ის მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.
სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი და ზაურ კომახიძე დააჯოლდოვა
პრეზიდენტმა ქართული ჯარის 30 წლის იუბილეზე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი ოქროს საწმისის ორდენით, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე კი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს. უდიდესია მათი თანადგომა და დახმარება. ამის ნიშნად და ჩვენი მადლიერებისა და დაფასების ნიშნად, ვაჯილდოვებ დღეს სერ სტიუარტ პიჩს. ის, როგორც NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ყოველთვის გამოირჩეოდა NATO-ში ჩვენი ინტეგრაციის გზის მხარდაჭერით. ოქროს საწმისის ორდენი ჩვენ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს უცხოელ მეგობართა მიმართ, რომელთა შორის დღეიდან სერ სტიუარტ პიჩი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ასევე, სიმბოლურად, იმ დღეს როცა უკვე გამოცხადებული არის ავღანეთიდან სამშვიდობო მისიების დასრულება ამ წლის ბოლომდე, ვაჯილდოვებ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს ზაურ კომახიძეს, რომელიც ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრა და შემდეგ არანაკლებად მძიმე რეაბილიტაციის გზა გაიარა. ასეთი მაგალითები ბევრი იყო, ბევრიც დაიღუპა. ყველამ ერთად ღირსეულად წარმოაჩინა საქართველო შორეულ მისიებში. თქვენი ხსოვნა და მაგალითი უკვდავია!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. კონდახიშვილის თქმით, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის წინა პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.