ძებნის რეზულტატი:

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება

საქართველოს პარლამენტთან აქცია - "არა ოკუპანტის ამნისტიას" მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულები, სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ ამნისტიის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ცნობისთვის, დღეს ორი წელი გავიდა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ანტისაოკუპაციო აქციის დაშლიდან, რომლის შედეგადაც ოფიციალური მონაცემებით, 275 ადამიანი დაშავდა.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშიანის პარტია ლიდერობს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92% აქვს. ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიან საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, რომელმაც 21.04 % მოაგროვა. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქსიანის საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელსაც 5.23%-იანი მხარდაჭერა აქვს. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს ხუთპროცენტიანი, ხოლო ბლოკებს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდებათ. ცნობისთვის, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდება

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის შეხვდება. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის ლიდერი ავღანეთს დიპლომატიურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას შესთავაზებს, რომ ქვეყანა რადიკალური სამხედრო ჯგუფების თავშესაფრად არ იქცეს. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ავღანეთში 20 წლიანი მისიის დასრულების შესახებ განაცხადა, რადიკალურმა სამხედრო დაჯგუფებამ, „თალიბანმა“ ქვეყნის სულ მცირე 30 რაიონზე დაამყარეს კონტროლი. აშშ-ში ავღანეთის პრეზიდენტის ვიზიტს „თალიბანმა“ უსარგებლო უწოდა. დაჯგუფების პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰედის განცხადებით, ავღანეთის ლიდერები აშშ-ში საკუთარი ძალაუფლების და პირადი ინტერესების შენარჩუნებაზე ისაუბრებენ. ცნობისთვის, კოალიციურმა ძალებმა ავღანეთი საბოლოოდ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს უნდა დატოვონ.

დღეიდან ატესტატების გაცემა დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა 21 ივნისიდან დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. „სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ მზა დოკუმენტებს – ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს, უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის დაჩქარებული წესით აღების სურვილის შემთხვევაში კი დაწესებულია შესაბამისი საფასური. საფასურის გადახდის გარეშე ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ასლის ფორმით. მზა ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელი იქნება იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, ასევე, ფოსტის მეშვეობით, განმცხადებლის მიერ მითითებულ მისამართზე. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. დაინტერესებულ პირს, მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლია ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარებისას მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. აბიტურიენტმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს. ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალ my.gov.ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით“,- აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.

თენგიზ ცერცვაძე: კომენდანტი, სავარაუდოდ, ამ თვეში მოიხსნება, განიხილება ღია სივრცეში პირბადის მოხსნაც

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება, თუ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. „მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინეს მოსახლეობის შეკვეთა და საზოგადოების განწყობა, რომელიც დაიღალა ამდენი შეზღუდვებით, რასაც თან ახლავს ეკონომიკის რეცესია, შემოსავლების შემცირება. ელემენტარულად, ადამიანებს მოენატრათ ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია არსებული სტაბილური მდგომარეობის დინამიკაზე. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას. მე იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს დაღმავალი ტრენდი და ასეთ შემთხვევაში, ის ერთადერთი შეზღუდვაც, რაც არის კომენდანტის საათი, მოიხსნება“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, მსოფლიო მასშტაბით ​კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება ჯერ სტაბილური არ არის. „ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. დავაკვირდეთ, რა ხდება მსოფლიოში. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ვაქცინაცია უფრო ფართომასშტაბიანად ჩატარდა, შეინიშნება კლების შემდეგ მატება. მაგალითად, ინგლისში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ურუგვაიში, რუსეთში. მსოფლიოში სტაბილური არ არის ჯერ სიტუაცია, არის კლება, მაგრამ რყევებით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც. „მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 260 ადამიანს დაუდასტურდა, 834 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 205 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 854 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 260 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 359 141-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.45%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 2.62%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 834 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 345 582-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 175 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 166 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 17, ქვემო ქართლი - 14, შიდა ქართლი - 9, გურია - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 7, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 517, აჭარაში - 206, იმერეთში - 398. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 683 პირი, მათ შორის, თბილისში - 311, აჭარაში - 57, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 11, იმერეთში - 12. 590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 222- აჭარაში. 4 949 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობას ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 33, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 867 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 350, აჭარაში - 1 086, იმერეთში - 969.

ნიკოლ ფაშინიანი: პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მთავრობას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს

ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩამოყალიბებას დამოუკიდებლად შეძლებს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ახალარჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი) და ჩემი ხელმძღვანელობით შექმნის მთავრობას“, – განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესი დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იტყობინება, ნიკოლ ფაშინიანის პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“ 53.92% აქვს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

,,კომენდანტის საათი" მოიხსნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული ,,კომენდანტის საათი" მოიხსნა. როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.... ცნობისთვის, Covid19-ის პანდემიის გამო, ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა ანუ "კომენდანტის საათი" ნოემბრის ბოლოდან მოქმედებს. როგორც ავტომობილით, ისე ქვეითად აკრძალვის დარღვევა 2 000 ლარით ჯარიმდება.

საქსტატი: იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტი 26.6%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 538.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.4%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1%- ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 26.6%-ით გაიზარდა და 1 123.7 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამასთან, უწყების მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი – 250.0 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 185.8 მილიონი. აშშ დოლარითა და თურქეთი – 125.9 მილიონი აშშ დოლარით.

საქსტატი: იანვარ-მაისში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო

2021 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.0% შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი 262.5 მილიონი აშშ დოლარით იკავებს, მეორე ადგილზეა რუსეთი – 205.3 მილიონი აშშ დოლარითა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 195.6 მილიონი აშშ დოლარით. ამასთან, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0% შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 624.8 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 393.4 მილიონი აშშ დოლარითა და ჩინეთი – 289.6 მილიონი აშშ დოლარით. საქსტატის გამოთვლით, იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 71.6% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 758.1 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 598.7 მილიონი. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 552.0 მილიონი აშშ დოლარით.

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონის პარტიამ დაბალი შედეგი აჩვენა

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს იმაზე დაბალი შედეგები აქვთ, ვიდრე პროგნოზირებდნენ. „რესპუბლიკელებმა“ 27.2% მიიღეს, მარინ ლე პენის „ეროვნულმა გაერთიანებამ“ - 19.3%, ემანუელ მაკრონის პარტიამ - 10-11%. ამომრჩეველთა აქტივობამ 31.4-33.9% შეადგინა, რასაც მედიამ რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი უწოდა. მეორე ტური 27 ივნისს გაიმართება. საფრანგეთში რეგიონული არჩევნები მიმდინარეობს

პირველი ივლისიდან „კომენდანტის საათი“ უქმდება

1-ლი ივლისიდან გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა 2020 წლის 9 ნოემბრიდან მოქმედებდა.

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის გასტროლზე რუსეთში: კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ყველა თეატრი თავად წყვეტს (ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება), რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. „მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს (ამას ჰქვია შემოქმედებითი თავისუფლება), რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით. ამ შემთხვევაში როგორც ჩანს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი არის თავისუფალი“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა. მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასთან ერთად, საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სტრატეგიის შესამუშავებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა

პრემიერ-მინისტრის განკარგულოებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. კომისიას საგარეო უწყება უხელმძღვანელებს. „ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ საერთო, ეროვნული პროცესი შექმნათ და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელწმიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა. მინისტრის თქმით, ეს იქნება საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც საზოგადოების ყველა სეგმენტი ჩაერთვება. „იმ პირობებში, როდესაც ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უმწვავესი გარემო შეიქმნა და ქვეყანა, ახალი, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დადგა, პარალელურად კი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყოველდღიურად მძიმდება ჰუმანიტარული სიტუაცია, აუცილებელია, რომ ჩვენი პოლიტიკა იყოს პროაქტიური და კიდევ უფრო ქმედითი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამთავრობო კომისიის ფარგლებში, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც წლის ბოლომდე, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით, შეიმუშავებს ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას. კომისიასა და სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს და კოორდინაცია გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია, საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. პროცესში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუციები, ისე სამოქალაქო საზოგადოება - კვლევითი ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დიალოგი, დისკუსია, კონსულტაცია, როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, რათა საერთო ეროვნული პროცესის ფარგლებში შემუშავდეს სახელმწიფოებრივი ხედვა ხვალინდელ მშვიდობიან და გამთლიანებულ საქართველოზე. პარალელურად, ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის პროაქტიული და ეფექტიანი ჩართულობით აქტიურ მოქმედებაში იყოს მოყვანილი ქვეყნის დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესი, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჯეიკ სალივანი: აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს

აშშ-ს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების $100 მილიონიანი პაკეტი რეზერვში აქვს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნულ უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა. მისივე თქმით, დახმარების გადაცემა მაშინ მოხდება, თუკი რუსეთი უკრაინის საზღვრებთან კვლავ დაიწყებს ჯარის განლაგებას. "ის იქ არის (100 მილიონი რეზერვში) და ეს იცის რუსეთმა, ეს იცის უკრაინამ, მაგრამ ის, რომ ჩვენ თითქოს უკრაინას რაიმე სახის უსაფრთხოების დახმარება შევუჩერეთ, უბრალოდ უაზრობაა", – თქვა სალივანმა სამხედრო დახმარების პაკეტის შეჩერების ინფორმაციაზე. Politico რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ აშშ-მ უკრაინას $100 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი შეუჩერა, მას შემდეგ, რაც ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე, რუსეთმა თქვა, რომ უკრაინის საზღვრებთან განთავსებულ ჯარს შეამცირებდა. სალივანის თქმით, დამტკიცებული $275 მილიონიანი უსაფრთხოების დახმარების პაკეტი უკვე გადახდილია, ხოლო დამატებითი $100 მილიონიანი პაკეტი სპეციალური შემთხვევებისთვის იყო გადადებული. "როდესაც (რუსეთის) ჯარი (უკრაინის საზღვრებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან) გავიდა, ჩვენ ეს პაკეტი რეზერვში გადავდეთ, იმ შემთხვევისთვის, თუკი მომავალში მისი გამოყენების საჭიროება დადგებოდა", – თქვა სალივანმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, სალივანმა განაცხადა, რომ შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. სანქციების ახალი პაკეტი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების საკითხს უკავშირდება. ცნობისთვის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტიის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისს შედგა.

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი დაიწყო

NATO-ს გადაწყვეტილებით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დასრულდება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით ტოვებენ ავღანეთს. ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს. დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. 32-ე ბატალიონი საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვა. ქვედანაყოფის სრულად დაბრუნების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობა NATO-ს ეგიდით ავღანეთში განხორციელებულ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დასრულდება. 32-ე ბატალიონი მისიით გათვალისწინებულ ამოცანებს, ექვსი თვის განმავლობაში, ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა. ამავე ბრიგადის ნაკრები ასეული კი, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მაზარ-ი-შარიფში ასრულებდა, საქართველოში ერთი თვის წინ დაბრუნდა. ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2022 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ცნობილია, სანქციების ფარგლებში დაწესებული შემზღუდავი ზომები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირში საქონლის იმპორტისა და ფინანსური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების აკრძალვას ითვალისწინებს. „ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთის მიერ ანექსიას და გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირმა აღნიშნული სანქციები რუსეთს 2014 წლის ივნისში დაუწესა.

ცესკოს გადაწყვეტილებით, ლევან ვასაძეს ნამახვანჰესზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი ეთქვა

ნამახვანჰესთან დაკავშირებით რეფერენდურმის ჩატარების საკითხის რეგისტრაციაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლევან ვასაძეს უარი უთხრა. როგორც ცნობილია ცესკომ გადაწვეტილება მიიღო და საინიციატივო ჯგუფს (ლევან ვასაძე, იოსებ მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე, ზურაბ მახარაძე და ზაზა გოგალაძე) უარი ეთქვათ. კომისიაში წარდგენილი იყო სარეფერენდუმო საკითხი შემდეგი ფორმულირებით: „თანახმა ხართ, თუ არა, რომ ნამოხვანის ჰიდრო-ელექტრო სადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკას” შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?” კანონმდებლობის თანახმად, სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. ცესკოს შეფასებით, ლევან ვასაძის და მისი თანამოაზრეების მიერ წარმოდგენილი საკითხი არ იყო ჩამოყალიბებული მკაფიოდ და კონკრეტულად, ვინაიდან, ამომრჩევლისთვის ბუნდოვანი იქნება საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ კითხვაში კონკრეტულად რომელი ხელშეკრულება იგულისხმება და რომელი პირობების შესაბამისად უნდა აშენდეს ჰიდროელექტროსადგური. გარდა ამისა, რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიუთითა, რომ სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე შეთანხმებული ფლობის, სარგებლობის და განკარგვის პირობებისგან განსხვავებული ქმედებების დაწესებას იწვევს, წარმოადგენს საკუთრების ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. “სარეფერენდუმო საკითხის დადებითად გადაწყვეტა გამოიწვევს, მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საფუძველზე, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აუცილებლობას, რაც გამორიცხავს კონტრაქტის პირობების შეცვლის თუ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას. ამდენად, რეფერენდუმი არ შეიძლება მოეწყოს კერძოსამართლებრივი ხასიათის სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებულ საკითხებზე”, — ნათქვამია ცესკო-ს განკარგულებაში. ცესკოს 17 ივნისის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

დავით ზალკალიანი ზაზა გახელაძეზე: საჯაროდ შეიძლება ვერ ვთქვა სხვა ბერკეტებზე, რომლებსაც ვიყენებთ

„ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, „გუშინ დაბრუნდა ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი და ძალიან მწვავედ ისაუბრა ამ თემაზეც“. „არ დარჩენილა არცერთი უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ფორმატი, ორმხრივი ურთიერთობის ფორმატი, რომელზეც ზაზა გახელაძის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით არ ყოფილიყო წამოწეული. ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი. გუშინაც ერთ-ერთი დიდი ფორუმიდან დავბრუნდი, რომელზეც სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე იყო საუბარი და ძალიან მწვავედ ვისაუბრე ამ თემაზე. ასევე ევროკავშირთან ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ეუთოს მუდმივ საბჭოზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტებზე და ეს ყველაფერი ასახულია შესაბამის გადაწყვეტილებებში. თვის ბოლოს გაიმართება ჟენევის ფორმატის მომავალი რაუნდი და აქაც ძალიან მწვავედ დავაყენებთ ამ საკითხს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საქმე გვაქვს ოკუპანტ ქვეყანასთან, რომელიც არ ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მას არაფრად უღირს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გათვალისწინება. საჯაროდ შეიძლება ვერ ვთქვა სხვა ბერკეტებზე, რომლებსაც ვიყენებთ, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველა არსებული და სხვა ფორმატები, რომელიც დაგვეხმარება ამ პროცესის წარმატებით დასრულებაში, მაქსიმალურად არის გამოყენებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 6 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ზაზა გახელაძე დე ფაქტო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს

ამირან გამყრელიძე: ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, NCDC ჯერჯერობით პირბადის მოხსნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ეპიდვითარება უმჯობესდება ძალიან ნელი ტემპით, ანუ არამდგრადი სტაბილიზაციაა, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს წავიდეს გაუარესებისკენ. „ამის პირველი ნიშანი არის ის, რომ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი ცოტა ზემოთ აიწია. ეს არ არის მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ ეპიდვითარება უარესდება, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირაში დადებითობის მაჩვენებელი ქვემოთ აღარ მოდის, სტაბილურია. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ჯერჯერობით არ მიიჩნევს მიზანშეწონილად პირბადის ხმარების მოხსნას. მესმის, რთულია ზაფხულია, მაგრამ საქართველოსთვის 300-500-700 შემთხვევა საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ჯერ უნდა გავიჭირვოთ და პირბადე ვატაროთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგადად, რეგულაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათშორისი საბჭო იღებს. ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ მიმდინარე თვეში მოიხსნება და ამასთანავე, განიხილება ღია სივრცეში პირბადის მოხსნაც.