ძებნის რეზულტატი:

ჩვენ ევროპა ვართ - პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე

მედიის ორგანიზებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეებმა პერფორმანსი მოაწყვეს. რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე დიდი თეთრი ბანერი გაიშალა წარწერით - „ჩვენ ვართ ევროპა". შეკრებილები სკანდირებდნენ: „ევროპა". ცნობისათვის, ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისის მოვლენების დროს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. მოგვიანებით ის პარლამენტის თავმჯდომარემ აღმართა. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და მისდამი შეურაცხყოფა, საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა საგანგაშო ფაქტად მიიჩნიეს. მათ ამ თემაზე მთავრობისადმი რამდენიმე დღის წინ გაგზავნილ ერთობლივ წერილში ისაუბრეს, რომელშიც შს მინისტრს, პრემიერს და იუსტიციის მინისტრს სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ამ დროისთვის პარლამენტთან აქცია გრძელდება. მედიის წარმომადგენლების ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელები 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაში პასუხისმგებლობას სწორედ მთავრობას და პირადად პრემიერს აკისრებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ უშუალოდ მან წაახალისა ძალადობა. 5 ივლისს 53-მდე ჟურნალისტმა სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანება მიიღო, განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს ლექსო ლაშქარავას, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა და ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ის 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი სახლში ნახა. შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა მთავრობის წევრებისგან განახვავებით, მისი ვერსიები აქციის მონაწილეთათვის და მისი კოლეგებისთვის არასარწმუნოა და ძალადობაზე პასუხისმგებლობას სწორედ სამართალდამცავ ორგანოს და მთავრობას აკისრებენ.

შსს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ფონიჭალაში 20 ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება

შსს 20 ნარკორეალიზატორის დაკავების შესახებ იუწყება. უწყების ცნობით, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ორი თვის განმავლობაში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ფონიჭალის დასახლებასა და თბილისის სხვადასხვა რაიონში, 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს, ხოლო 8 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. "დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ნარკორეალიზატორები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინისა“ და „ალფა-პვპ“-ს საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნარკორეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის” 129 აბი და აბის 2 ნატეხი. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი დაკავებულის - ბ.რ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩი და 5 საბრძოლო ვაზნა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იან კელი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და საქართველოს წინა ხელისუფლების სასამართლო სისტემის მიმართ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის რამდენიმე მაგალითს ასახელებს. ,,ეს სიმართლე არაა. შეხედეთ ადამიანის უფლებების მოხსენებას - იქ ყოველთვის იყო კრიტიკა ნაციონალური მოძრაობის ეპოქის სასამართლოზე. გაითვალისწინეთ 2011 წელი - "ტყუილი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები", "პატიმრების სასტიკი მოპყრობა ოფიციალური პირების მიერ", "სასამართლო ხელისუფლებამ განაგრძო ქმედება მმართველი პარტიის სასარგებლოდ". ეს მაგალითების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელიც სააკაშვილის სასამართლო სისტემის კრიტიკას ეხებოდა. ქართველებმა უნდა იცოდნენ სიმართლე. ჩვენ, ამერიკელებმა ვიცით ისეთი ლიდერის საშიშროება, რომელიც იგონებს საკუთარ ფაქტებს და გაურბის სიმართლეს", - წერს აშშ-ის ყოფილი ელჩი Twitter-ზე. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემასთან და პროკურატურასთან დაკავშირებით, 2012 წლამდე, ამერიკისგან და ევროპისგან კრიტიკა არ მოუსმენია. ,,ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ჩვეულებრივი პროკურატურის დანაყოფი. მე სამწუხაროდ, ძალიან მიკვირს, არ მომისმენია არასოდეს არც ამერიკის, არც ევროპის კრიტიკული შენიშვნა იმდროინდელი სასამართლოს მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა და არ არის სამართლიანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღეს შს მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი. უცნობია, დაესწრება თუ არა მოსმენას „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. პარლამენტში მისვლას აპირებს ასევე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია „ლელო“. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ვახტანგ გომელაურის გადადგომაა, მასთან შეკითხვები მაინც აქვთ. ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. ცნობისთვის, 5 ივლისს ,,თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად, 6 ივლისს, პარლამენტის წინ, მდუმარე აქცია დაიგეგმა. პარალელურად დაანონსა მეორე აქცია ქაშვეთის ეკლესიასთან, რომლის მონაწილეები ე.წ. მდუმარე აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიით იყვნენ განწყობილნი. ორი დაპირისპირებული აქციის მონაწილეები პოლიციას ერთმანეთისგან ცოცხალი ჯაჭვით და რკინის კონსტრუქციებით ჰყავდა გაყოფილი. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ორგანოს წინ გამართული აქცია დასრულდა, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა ადამიანებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა. შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე დააკავეს 100 ადამიანი.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ საჯიდ ჯავიდს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციაშია გადასული, მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს მხნედ გრძნობს. აღსანიშნავია, რომ ჯავიდმა წინა დღეს შეხვედრა გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან. ჯერჯერობით უცნობია, გადავა თუ არა ბრიტანეთის პრემიერი თვითიზოლაციაში. ბოლო რამდენიმე დღეა, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის მასობრივი გავრცელება შეინიშნება. გასულ დღეს ქვეყანაში 54 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

დღეს საქართველოს შარლ მიშელი ეწვევა

საქართველოში, მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვა. როგორც Europetime-ს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, შარლ მიშელი ბათუმში საღამოს იქნება. 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში - „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“. მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს. 19 ივლისს მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდება მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამავე დღეს დაგეგმილია შარლ მიშელის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთობლივი შეხვედრა, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია. შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტამდე, სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობდა. ცნობისათვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის საკითხში უშუალოდ იყო ჩართული და მან სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონიც მიავლინა თბილისში. ხანგრძლივი მოლაპარაკებები საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელმოწერით დასრულდა.

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. ამის შესახებ Reuters წერს. დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 143 ადამიანი ემსხვერპლა. ზოგიერთ რაიონში წყლის მაღალი დონისა და კომუნიკაციის არქონის გამო, ასობით ადამიანი ითვლება დაკარგულად. გარდა ამისა, კაშხლის გარღვევის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა კიოლნთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასენბერგში. რისკის ქვეშაა შტეინბახტალის კაშხალიც. ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ნიდერლანდებში, სადაც დატბორვა სამხრეთ პროვინციებს ემუქრება. დატბორვის საფრთხის ქვეშაა ლუქსემბურგიც.

ესპანეთში, კოსტა ბრავაში ხანძრის გამო ასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს

ესპანეთში, კოსტა ბრავას რეგიონში 90 სახანძრო ეკიპაჟი და სახანძრო თვითმფრინავებია მობილიზებული, რომლებიც კაპ დე კრეუსის ეროვნულ პარკში ხანძარს ებრძვიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ხანძარი, რომელიც პოლიციის მოსაზრებით გადაგდებულმა სიგარეტის ნამწვმა გამოიწვია, 400 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის გავრცელების საშიშროების გამო, 230-ზე მეტ ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და დროებითი თავშესაფრის ძებნა მოუწია. პოლიციის განცხადებით, ხანძრის გაჩენაზე პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული.

გვანცას ბაბლი

ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე რატომ ვერ გავხდით ქრისტიანები? საბავშვო ბაღში არ დავდიოდი. სახელმწიფო იდეოლოგიასთან (ლენინური ათეიზმი) ზიარება სკოლის ასაკიდან დავიწყე. როგორც ჩანს, მეუბნებოდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო მოსწავლედ მივეღე კონკრეტულ კარგ სკოლას (არ გვეკუთვნოდა ტერიტორიული პრინციპით). ჰოდა, გასაუბრების მოლოდინში, მეც ავიღე მაკრატელი და თავი ცოტათი „შევილამაზე“ უსწორმასწორო წინამოთი (ე.წ. „ჩოლკა“). მივიღეთ გამოხატული საყვედური - ბავშვს უნდა ჰქონოდა საბჭოთა ბავშვის იერი... საბუთების განხილვის პროცესში დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და იკითხეს, რა სქესის იყო უცნაური სახელის („გვანცა“) მქონე ბავშვი - ჩემი სახელი იშვიათობა იყო, და როგორც ჩანს, არ ეწერა იმ ოფიციალურ სიაში, საიდანაც არქმევდნენ სახელს ახალშობილებს საბჭოთა საქართველოში... შემდეგ მახსოვს ოქტომბრელთა რიგებში გაწევრიანების მღელვარე დღე და საკრალური ვარსკვლავის სიმბოლო კულულებიანი ბავშვის სურათით (ლენინის ბავშვობის სურათიაო, მაშინ ასე გვეუბნებოდნენ)... დიახ, ლენინი იზრდებოდა ჩვენთან ერთად... მახსოვს დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნება, როდესაც გულსაბნევი სახლში დამრჩა სკოლაში წასვლის წინ... ერთხელ სკოლის ეზოში თამაშის დროს დამეკარგა მეორე გულსაბნევი (მედალი კარგი სწავლისთვის) - ცხოვრების პირველი ბავშვური ტრაგედია...პიონერთა რიგებს სხვა სკოლაში შევუერთდი. არ იყო ის სკოლა მოწინავე. მოწინავე სკოლებს ჰქონდათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, დისციპლინა, სწავლების ხარისხი და იდეოლოგიური მომზადება. ასე რომ, იმ წლებში კარგად ვერ მასწავლეს ყელსახვევის პატივისცემა და ლენინის ფრაზები, მაგრამ ვერგადავრჩი კიდევ ერთ ბავშვურ ტრაგედიას - ერთ დღესაც, ყელსახვევი დამრჩა სახლში... მას შემდეგ კიდევ მომიწია სკოლის გამოცვლა („უკეთეს სკოლაში“), მაგრამ დაიწყო პერესტროიკა - დასრულდა ბავშვური ტრაგედიები და „ჩაწყობით“ საბჭოთა აღლუმებისგან თავის დაღწევაც კი გახდა შესაძლებლი...ათეიზმი თითქოს ყველა რელიგიის უარყოფას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ საბჭოთა ათეიზმი თავად გახლდათ რელიგია - რელიგიისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით და დაუსაფლავებელი „ღმერთის“ მავზოლეუმით. „ღმერთის“ თაყვანსაცემად „დიადი“ ქვეყნის ყველა კუთხიდან მიდიოდნენ ადამიანები (ან მიჰყავდათ მობილიზებულად) და საათობით რიგში იდგნენ გვამთან საკრალური მიახლოების მოლოდინში (არ მხვდა ეს „ბედნიერება“ წილად). ლენინიზმის რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სიმბოლოებს და მათ საკრალურ პატივისცემას. სავალდებულო „წითელი კუთხეები“ ძალიან წააგავდა „საკურთხეველს“ -საბჭოთა დროშა, ლენინის სურათები, პლაკატები ლენინის ციტატებით, ჟურნალები „სამეცნიერო“ სტატიებით მარქსიზმ-ლენინიზმზე, ლენინის ტომები... ლენინს იმდენი „რელიგიური ტექსტი“ ჰქონდა დაწერილი, იმის სრულად წამკითხველი და მით უმეტეს, მასზე კრიტიკულად მოფიქრალი მე კაცი არ მინახავს, და თქვენ შეიძლება ჩემზე მეტად გაგიმართლათ. „მრევლის“ სრულფასოვანი წევრობისთვის მთავარი იყო გცოდნოდა წიგნების სათაურები და რამდენიმე ციტატა ზეპირად... მთავარი იყო შენს „რწმენაში“ ეჭვი არ შეპარვოდა შენს უფროსებს თუ ნაცნობ-მეგობრებს. მთავარი იყო გამოგეხატა ერთგულება კომპარტიის მიმართ და მზად ყოფილიყავი ვიღაცის გასაკიცხად, გასაგდებად, თუნდაც დასახვრეტად, თუკი პარტია გადაწყვეტდა ამას თავის კრებაზე. მთავარი იყო კარიერული წინსვლის დროს პარტიას დაეწერა სწორი რეკომენდაცია, სადაც კოდური სიტყვა იყო „მორალურად მდგრადი“ (Морально Устойчивый)... მთავარი იყო რუსული ენა გცოდნოდა და რუსული კულტურა, აზროვნება, მეცნიერება ჩაგეთვალა პროგრესულად საკუთარ „პროვინციულ“ ენასა და კულტურასთან შედარებით...იმ „რელიგიაში“ ოფიციალურად ყველა მიმდევარი თანასწორი იყო უფლებრივად და მატერიალურად. რეალობაში არ იყო ასე - „ქურუმებს“ ჰქონდათ მარქსიზმ-ლენინიზმისთვის მიუღებელი მატერიალური პრივილეგიები. ერთი რუსული საბჭოთა ანეგდოტი მომწონდა და ხშირად ვიხსენებ: „რა განსხვავებაა წითელ და შავ კომუნისტს შორის? - წითელი კომუნისტი დადის წითელი ტრამვაით, მიირთმევს წითელ „ბორშჩს“ და ისვენებს წითელ კუთხეში; შავი კომუნისტი დადის შავი „ვოლგით“, მიირთმევს შავ ხიზილალას და ისვენებს შავ ზღვაზე...“იმ „რელიგიაში“ ადამიანებს მოსწონდათ არა მისი პოსტულატები (არც იცოდნენ), არამედ წესრიგი, ერთგვაროვნება და კანონიერი უფლება - ჩაგექოლა ყველა, ვინც ღირსი ვერ გახდა კოდური სიტყვის „Морально Устойчивый“... *** იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს სწრაფად მოუწიათ გაქრისტიანება - შეინარჩუნეს ძველი ჩვევები და მას ქრისტიანობა დაარქვეს... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს უმწეობის შეგრძნება გაუჩინა კომპარტიის გაუჩინარებით შექმნილმა პოლიტიკურმა ვაკუუმმა და პოლიტიკური ფუნქციები ქრისტიანობას დააკისრეს... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს არ ასწავლეს სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნა, იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა გამიჯნული - „მორალურ დიაგნოზს“ კოდური სიტყვით „Морально Устойчивый“ სახელმწიფო ორგანოები გასცემდნენ, დიაგნოზის არმქონეთ კი სახელმწიფო კანონებით უსწორდებოდნენ... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილი ადამიანები ვერასდროს გახდებიან ქრისტიანები... ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა ჰუმანიზმის რთული ფილოსოფიით, მასთან ზიარებას თაობები სჭირდება...ვინც მხოლოდ ტურისტად არ ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არ მომხდარა ქრისტიანობის წყვეტა და სეკულარიზმის პოლიტიკური ინტერესებით შებღალვა, დამეთანხმება, რომ გაგაოცებთ უბრალო, რიგითი ადამიანების ყოველდღიური მორალი - სიკეთის მორალი, უანგარო დახმარების მორალი, ყველა ადამიანში ადამიანის დანახვის მორალი... მინდა გისურვოთ ამის საკუთარი თვალით ნახვა და განცდა...ჩვენ როდის გავხდებით ქრისტიანები? *** პირადად მე, ვერასდროს გავხდები ათეისტი (არაფერს ვერჩი ათეისტებს) - ალბათ იმიტომ, რომ ათეიზმზე ის „რელიგია“ მახსენდება. პირადად მე მაქვს სურვილი, რომ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში რელიგია არ დარჩეს განზე - ალბათ იმიტომ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალებზე გავიზარდე... პირადად მე მგონია, რომ დღეს ქართული ეკლესია ისევე გახდა მცოცავი იდეოლოგიური ოკუპაციის მსხვერპლი, როგორც ის ადამიანები, ვინც მავთულხლართების მიღმა დავტოვეთ...გავიხედოთ ჩემი პირადი განცდების მიღმა - უკვე წლებია მზარდია ახალ თაობაში რელიგიის ორგანიზებულ ძალადობასთან და კონტროლის ისეთ ორგანოსთან გაიგივება, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ არსებობას, მათ მომავალს... თუ რაიმეს პირად საფრთხედ აღიქვამ, აუცილებლად ჩაირთვება საფრთხესთან ბრძოლის და თვითგადარჩენის ინსტიქტი... ეს ტენდენცია მზარდია და მის გრძელვადიან შედეგებს „მასონურ შეთქმულებას“ ნუ გადააბრალებთ...ოციოდ წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და უწყებები გაიგივდა კორუფციასთან თუ სხვა კრიმინალთან, უარი არ გვითქვამს არც განათლების, არც პოლიციის, არც ჯარის იდეაზე - ჩავატარეთ რეფორმა. ტრანსფორმაციის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ და თავად სისტემაში მყოფმა ადამიანებმა... პროცესი იყო სწრაფი, მაგრამ არა მარტივი...იმ სასულიერო პირების ხმა და აზრი, ვისაც პირადად მე ქრისტიანებად მივიჩნევ, დღეს დაკარგული და ჩაკარგულია ტელევარსკვლავებად ქცეული რამდენიმე სასულიერი პირის ქარიზმისა და ძალაუფლების ჩრდილში... განსხვავებით საერო უწყებებისგან, რელიგიური ინსტიტუტის რეფორმირება არ არის სასურველი მოხდეს სახელმწიფოს ჩარევით. ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს შიგნიდან და ეს ტვირთი იმ ხმადაკარგულმა ქრისტიანებმა უნდა ითავონ... პროცესი არ იქნება არც სწრაფი და არც მარტივი...

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 286 ადამიანს დაუდასტურდა, 1 701 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 351 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 095 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 286 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 387 481-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.26 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.92%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 701 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 365 019-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 551 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 286 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 759 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 79, შიდა ქართლი - 30, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 54, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 885 საიდანაც: 4 291 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 581, აჭარაში - 245, იმერეთში - 523. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 833 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 39, იმერეთში -172. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 182 პირი, მათგან თბილისში - 141, აჭარაში - 3, იმერეთში - 9. 1 088 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 334- აჭარაში. 11 506 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 65 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 39, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 17 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 956 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 10 554 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 986, პირი, აჭარაში - 1 445, იმერეთში - 1 423.

აშშ ავსტრიაში საელჩოს თანამშრომლებს შორის ,,ჰავანას სინდრომის" შესაძლო შემთხვევებს იკვლევს

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლება ავსტრიაში ამერიკის საელჩოში იკვლევს ინფორმაციას ე.წ. ჰავანას სინდრომის სიმპტომების შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩოს თანამშრომლები თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და სმენის პრობლემებს უჩივიან. სიმპტომები, რომლებსაც ჯერჯერობით ზუსტი ახსნა ვერ მოუძებნეს, საელჩოს სულ მცირე 20 თანამშრომელს აღენიშნება. მსგავსი სიმპტომები პირველად ამერიკელ დიპლომატებს კუნძულ კუბაზე გამოუვლინდათ 2016-2017 წლებში. ისინი სმენის დაკარგვას, ძლიერ თავის ტკივილს, წონასწორობის დაკარგვასა და კოგნიტურ დაქვეითებას უჩიოდნენ. მსგავსი სიმპტომების შესახებ მოგვიანებით ჩინეთში, რუსეთში, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყენაში მყოფმა დიპლომატებმაც განაცხადეს. 2018 წელს „ნიუ იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ჰიპოთეზა მიკროტალღური გამოსხივების შესახებ, რომლის უკან შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები იდგნენ. აშშ-ის მეცნიერების, ინჟინერიისა და მედიცინის ეროვნულმა აკადემიამ (NASEM) რადიოსიხშირული გამოსხივების ვერსია წამოაყენა. დაავადების შესახებ გამოთქმულია სხვა ვერსიებიც, რომელთა შორის მასიური ფსიქოგენური დაავადებაც არის დასახელებული.

პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შს მინისტრის მოსმენაზე, შენობაში დაშვებაზე შეზღუდვა იმოქმედებს - პარლამენტი

პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. ,,18 ივლისს, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა, რომელთა დაშვება ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გადამღები ჯგუფების რაოდენობისა და საშვების საფუძველზე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის,დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი. ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ. გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.გ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა, 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, რომელმაც „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები, - აღნიშნულია განცხადებაში.

Zhifei - ახალ ჩინურ ვაქცინას, რომელიც ეფექტურია ყველა შტამის მიმართ, ჩინეთსა და უზბეკეთში სცდიან

ჩინური წარმოების ვაქცინა Zhifei, რომელიც მეტსახელად ZF2001 სახელით არის ცნობილი, ეფექტურია კორონავირუსის ყველა შტამის წინააღმდეგ, მათ შორის ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ,,დელტა" ვარიანტის წინააღმდეგაც. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ჩინური კომპანიის Chongqing Zhifei Biological Products-ის ექსპერტების მიერ შექმილი ეს ახალი ვაქცინა, უკვე დამტკიცებულია გადაუდებელი აუცილებლობისთვის ჩინეთსა და უზბეკეთში და ამ ქვეყნებში ამ ვაქცინას უკვე სცდიან. გამოცემის ინფორმაციით, ყველა ვარიანტის საწინააღმდეგო ეფექტურობისთვის საჭიროა ვაქცინის 3 დოზით აცრა. კვლევების თანახმად Zhifei-ის ვაქცინა მეტწილად ინარჩუნებს განეიტრალების ეფექტს ,,დელტას" ვარიანტის მიმართაც კი.

ჟურნალისტებმა პარლამენტში მდუმარე აქცია გამართეს

პარლამენტში აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა შს მინისტრის მისვლამდე საპროტესტო მდუმარე აქცია გამართეს. მათ პარლამენტის სასესიო დარბაზის შესასვლელთან გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს. ცნობისთვის,დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი. ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შს მინისტრის მოსმენაზე, შენობაში დაშვებაზე შეზღუდვა იმოქმედებს - პარლამენტი

ხმაური პარლამენტთან - მედიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ითხოვენ

პარლამენტთან მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი. ისინი პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, რათა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს კითხვები დაუსვან. ცნობისთვის, დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. მინისტრის პარლამენტში მისვლა 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ჯერჯერობით არ დაწყებულა. ამასთან, პარალელურად, პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული საპროტესტო აქცია არის დაგეგმილი. პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შს მინისტრის მოსმენაზე, შენობაში დაშვებაზე შეზღუდვა იმოქმედებს - პარლამენტი

შარლ მიშელი: უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანში ჩავიდა. მიშელმა შეჰიდთა ხეივანში საბჭოთა კავშირის აგრესიის დროს დაღუპულთა სასაფლაო ყვავილებით შეამკო. „მე პატივი მივაგე აზერბაიჯანელების წინააღმდეგ საბჭოთა აგრესიის მსხვერპლთა ხსოვნას. უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი ევროკავშირის ინტერესებშია და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენელი ნაწილია“, - წერს მიშელი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოში, მორიგი ოფიციალური ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დღეს ჩამოვა. ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ახალი კონცეფციის წარსადგენად ემზადება

კუჭავა: სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს

სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ჟურნალისტებს ეკრძალებათ პარლამენტში შემოსვლა, საშვი დაშვებულია 100-მდე ჟურნალისტზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დღეს მოვისმინე გარკვეული განცხადებები, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და სპეკულირებას წარმოადგენს, თითქოს ეკრძალებათ ჟურნალისტებს შემოსვლა. 100-მდე ჟურნალისტზე არის დაშვებული საშვი. დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, თუნდაც წინა რიგგარეშე სხდომაზე რა მოხდა – დარბაზში მოხდა შემოჭრა მედიის წარმომადგენლების და აქტივისტების, რომლებზეც საშვი არ იყო დაშვებული. ეს არ წარმოადგენს სწორ ფორმას და მიზნად ისახავს სხდომის ჩაშლას. ჩვენი დღევანდელი სხდომის მიზანია, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, რომელიც ჩვენი და თქვენი მხრიდან არსებობს შს მინისტრის მიმართ. ასევე გვესმის, რომ მოთხოვნა, „შეგვიშვით, გვინდა კითხვები დავუსვათ“, არ მოქმედებს, არც არასდროს ყოფილა პარლამენტში, რომ ვინმეს უნდოდეს, შემოსულიყო და კითხვები დაესვა. მნიშვნელოვანია, შს მინისტრის დღევანდელი მოსმენა, რომელიც წარმოადგენს დიდ საზოგადოებრივ ინტერესს, ჩატარდეს შეფერხების გარეშე. ხმას ვერ ამოიღებს ვერავინ იმაზე, რომ ვინმე კონკრეტულზე არ გავეცით საშვი. საშვები გაცემულია იმ სიის მიხედვით, რაც თვითონ მედიასაშუალებებმა გამოგზავნეს. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ რაც არ უნდა დიდი ინტერესი იყოს, სესიაზე ვერ შემოვა ვერავინ, რომ პირდაპირ კითხვა დაუსვას გომელაურს. ამიტომ არიან დეპუტატები და ამიტომ არის სასესიო რეჟიმი“, – განაცხადა კახა კჭავამ. ცნობისთვის, დღეს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ. პროვოკაციების პრევენციის მიზნით, შს მინისტრის მოსმენაზე, შენობაში დაშვებაზე შეზღუდვა იმოქმედებს - პარლამენტი

ოპოზიციის პროტესტი პარლამენტში შს მინისტრის მოსმენაზე - გომელაურს სიტყვა ოპოზიციამ პერფორმანსით შეაწყვეტინა

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო პროტესტი გამოხატეს და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას გარდაცვლილი ოპერატორის ფოტოსურათები გაშალეს. აღნიშნულს ხმაური და დაპირისპირება მოყვა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. როგორც ცნობილია, ოპოზიციის პროტესტს ჟურნალისტების ნაწილიც შეუერთდა და სხდომათა დარბაზში მყოფმა მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრციდან გადმოფინეს ბანერი წარწერით - ,,დასაჯე მოძალადეები". პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზში ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. ამ წუთებში კვლავ ხმაურია საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე და მინისტრის მოსმენა ჯერაც არ განახლებულა.

ცესკოს თავმჯდომარეობის ვერცერთმა კანდიდატმა დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის დროს საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი კალანდარიშვილს 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვამ კი ხმა წინააღმდეგ მისცა. ცესკოს თავმჯდომარეობის მეორე კანდიდატ გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა ორმა დეპუტატმა, ათი კი წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების მოსმენა 11 ივლისს დაიწყო. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატები გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლები არიან. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის ხუთი წლით დამტკიცებას ხმების 2/3-ით, ანუ სულ მცირე 100 ხმით მხარდაჭერა სჭირდება. შესაბამისად, ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატთა სია კენჭისყრაზე ხელახლა გავა.