ძებნის რეზულტატი:
ჰანს კლუგე: მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული, ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის დასრულებიდან მსოფლიო შორს არის და სამწუხაროდ, იზრდება COVID19-ის დელტა შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა. კლუგეს თქმით, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან. „პანდემიის დასრულებიდან ჯერ კიდევ ძალინ შორს ვართ. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა იზრდება, რაც დაკავშირებულია დელტა შტამის დაჩქარებული ტემპით გავრცელებასთან. წევრ სახელმწიფოთა მიერ მოსახლეობის ვაქცინაციის გაძლიერებული მცდელობის მიუხედავად, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული და ისინი ჰოსპიტალიზაციის საფრთხის წინაშე დგანან“,- აცხადებს კლუგე. WHO და ECDC: SARS-COV-2-ის დელტა შტამი ევროპის დიდ ნაწილში დომინირებს, გადაცემის შესამცირებლად საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება
ჯო ბაიდენმა ავღანელი ლტოლვილებისათვის $100 მილიონი გამოყოფის ნებართვა გასცა
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავღანელი დევნილებისთვის გადაუდებელი დახმარების ფონდიდან 100 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის ნებართვა გასცა. როგორც გამცემა წერს, შეერთებული შტატები ათასობით ავღანელის ევაკუაციისთვის ემზადება, რომლებსაც სპეციალური საიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადები აქვთ შეტანილი. ისინი ძირითადად ყოფილი თარჯიმნები არიან და აშშ-ის მთავრობისთვის აღმოჩენილი დახმარების გამო თალიბებისგან შურისძიება ემუქრებათ.. ევაკუირებულთა პირველ ჯგუფსა და მათ ოჯახებს ვირჯინიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ჩაიყვანენ, სადაც ისინი სავიზო განაცხადების დამუშავების პროცესის დასრულებას დაელოდებიან. ორშაბათს, პენტაგონში განაცხადეს, რომ დაახლოებით 2 500 ავღანელი შეიძლება ჩამოიყვანონ დაწესებულებაში, რიჩმონდიდან სამხრეთით 48 კილომეტრში. აღსანიშნავია, რომ სპეციალური საემიგრაციო ვიზები აქვთ ავღანელებს, რომლებიც მუშაობდნენ თარჯიმნად ან სხვა სამუშაოებზე აშშ-ს მთავრობისთვის 2001 წლიდან. აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი
კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება
კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. ამის შესახებ დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. სხდომის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის გადაწყვეტილებაც მიიღეს. შსს სამინისტროს ცნობით კი, დღევანდელ სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა. სხდომაზე ეროვნული დონის ორი კონცეპტუალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი განიხილეს. „დღის წესრიგის თანახმად, პირველ საკითხად განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები. სხდომის ფარგლებში, მეორე საკითხად განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები. ,,სხდომაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სერგო თურმანიძე და კომისიის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეებს შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები გააცნეს და მათი შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს. სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათშორისი კომისიის წევრები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისათვის, ამ ორი დოკუმენტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც სწორედ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების საკითხები განიხილეს. საბჭომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხიც განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსია სექტორულ უწყებებს დაეგზავნა და მათთან თანხმდება, რის შემდეგაც, ის საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტს წარედგინება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დაემსი ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა. როგორც Europetime-ს საქართველოს პარლამენტში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში ასამბლეის პრეზიდენტი 27 ივლისს კახა კუჭავას შეხვდება. ასევე, დაგეგმილია გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა და რიკ დაემსი ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს ერთობლივად შეხვდება. ,,გიდასტურებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება 27 ივლისს. ჯერ იქნება ორმხრივი შეხვედრა და შემდეგ გაფართოებულ ფორმატში, სადაც უმრავლესობისა და ოპოზიცის წევრებიც იქნებიან", - განაცხადეს პარლამენტში.
ირანი აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად მზადაა
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ინციდენტების საპასუხოდ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა აუცილებელია. ხატიბზადემ მხარეებს სასაზღვრო დავებთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა და აქვე იმედგაცრუება გამოხატა საზღვარზე რამდენიმე ადამიანის დაღუპვის გამო. მისი თქმით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ირანი ნებისმიერი დახმარების შესათავაზებლად მზადაა. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე ვითარება ისევ დაიძაბა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაპირისპირებას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. პროვოკაციაში ადანაშაულებს აზერბაიჯანს სომხეთიც. ქვეყნის თვადაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლი ჯერ აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, რის შემდეგადაც დაიჭრა 3 სომეხი სამხედრო.
,,თალიბანის" მხრიდან საფრთხის გამო, კანადა ავღანელი თარჯიმნების გამოყვანის პროცესს დააჩქარებს
Reuters-ის ინფორმაციით, კანადა დააჩქარებს ავღანელი თარჯიმნების, საელჩოს თანამშრომლების და მათი ოჯახების ჩაყვანას ავღანეთში შექმნილი უსაფრთხოების „გაუარესებული“ ვითარების გამო. კანადის იმიგრაციის მინისტრმა მარკო მენდიჩინომ განაცხადა, რომ ეს ეხება რამდენიმე ათას ადამიანს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდიდან დაიწყება ეს პროცესი. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „თალიბანი“ უსწორდება და ხოცავს იმ პირებსა და მათ ოჯახებს, რომლებიც უცხოეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობდნენ. CNN: ავღანეთში თალიბებმა აშშ-ის არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს
16-დან 18 წლამდე მოქალაქეების Pfizer-ით ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა Pfizer-ით ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-აღნიშნავს გაბუნია. ვაქცინაციის პროცესზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ თუ მოქალაქე რაიმე მიზეზის გამო, ვერ დარეგისტრირდება ვაქცინაციისთვის, 37 დაწესებულება მომდევნო კვირის ბოლოდან მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები. „მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეს არ ჰქონდეს ადმინისტრაციული ბარიერი. თუ ვინმემ, რაიმე მიზეზის გამო, ვერ მოახერხა რეგისტრაცია პორტალზე, ან ტელეფონით, ამ შემთხვევაში, 37 დაწესებულება უკვე მომდევნო კვირის ბოლოდან, როდესაც რეგისტრაციის პირველი ტალღა გაივლის, მობილიზებული იქნება იმისთვის, რომ ადგილზე მიიღონ მოქალაქეები, ვინც დაწესებულების ცხელ ხაზზე დარეკავს და ჩაეწერება ვიზიტისთვის, ან შეიძლება პირდაპირ მივიდეს და ჩაიტაროს ვაქცინაცია. ეს ყველა ვაქცინას შეეხება. ეს რეჟიმი მოქმედებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებზე. Pfizer-ის ვაქცინების შემთხვევაში დოზების მოწოდება როგორც იცით, გაგრძელდება“,- აღნიშნავს გაბუნია.
3 საათში Pfizer-ზე 120 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა
15:00 საათის მდგომარეობით, Pfizer-ის პირველი დოზით აცრაზე 120 000-ზე მეტი ადამიანია დარეგისტრირებული. რეგისტრაციის პროცესი 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყო და პორტალზე, ჯამში, 150 000 დოზა იყო ხელმისაწვდომი. მოქალაქეებს შეუძლიათ, ვაქცინა პორტალ booking.moh.gov.ge-ს მეშვეობით დაჯავშნონ ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522. აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება. Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე მოზარდებში Spikevax-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა
ევროპის წამლების სააგენტო EMA-მ ევროკავშირში, 12-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში Moderna-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Spikevax-ის გამოყენება დაამტკიცა. ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფშიც სტანდარტულად მოხდება ვაქცინის გამოყენება - ორი დოზა 4 კვირის ინტერვალით. EMA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში 12-17 წლის ასაკის 3 732 პირი მონაწილეობდა. მათგან, ვინც ვაქცინა მიიღო, კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა, ხოლო ვისაც პლაცებო გაუკეთეს, მათ შორის 4 პირი დაინფიცირდა. კვლევით აღმოჩნდა, რომ Moderna-ს ვაქცინა მოზარდებშიც ისევე ეფექტურია, როგორც ზრდასრულებში. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, ისინი მსუბუქი ან საშუალო ხასიათისაა და ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში გაივლის. ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე მოზარდებში Spikevax-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა
თამარ გაბუნია: კლინიკებსა და კოვიდსასტუმრობეში ადგილები დაემატა, 6 000-ზე მეტი ადგილია ჰოსპიტლებში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდემიური სურათი საყურადღებო რჩება. გაბუნიას თქმით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, მაგრამ აქტიური ვაქცინაცია იქნება ერთ-ერთი გზა, რომ ავიცილოთ მომდევნო ტალღები. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში ადგილები ემატება. „დაემატა ადგილები, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პედიატრიული ადგილებიც, კიდევ დაემატება და ასევე ემატება კოვიდსასტუმროების ადგილებიც. 6000-ზე მეტია ჰოსპიტალურ სექტორში ადგილები. დაახლოებით 1 000-მდე საწოლი კოვიდსასტუმროებში დაემატა ბოლო ორი დღის განმავლობაში და კიდევ აქტიურად მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ლტოლვილთა ბანაკიდან ბრინჯაოს მედლამდე - ლუკა მხეიძემ საფრანგეთს ტოკიოში პირველი ოლიმპიური ჯილდო მოუტანა
ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ საფრანგეთს პირველი ოლიმპიური, ბრინჯაოს მედალი მოუტანა ტოკიოს ოლიმპიადაზე. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მხეიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ კიმ ვონ ჯინი დაამარცხა. „ძალიან, ძალიან ამაყი ვარ. სიმართლე გითხრათ, მე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ მე ეს შევძელი. ბავშვობიდან ვფიქრობდი ამ მომენტზე, ჩემი ცხოვრების გზა, რომელიც გავიარე, ის არის, რაც მაძლევდა სტიმულს, მებრძოლა ყოველდღე“, - ამბობს ლუკა მხეიძე. ფრანგული მედია იმ გზაზე წერს, რომელზეც სპორტსმენმა თავის სიტყვაში მიანიშნა. „პოლონეთში, ლტოლვილთა ბანაკში შვიდი წლის იყო, როდესაც მამამ ძიუდოს სწავლა აიძულა. ის ძალიან ნიჭიერია, 12 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა 2009 წელს. სიღარიბის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა საქართველო დატოვა. ჯერ ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, შემდეგ მატარებლით წავიდა პოლონეთში, სადაც ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდნენ. 2010 წლის მარტში ლუკა მხეიძემ და მისმა ოჯახმა საფრანგეთში ჩასვლა შეძლეს. მრავალი დაბრკოლების შემდეგ, ქართველი სპორტსმენის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმჟამინდელმა პრემიერმა ედუარდ ფილიპმა. მან ლუკა მხეიძისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭებას შეუწყო ხელი“, - წერს ფრანგული მედია. საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჰავრის ყოფილი მერი, ედუარდ ფილიპი, რომლის დახმარებითაც ლუკა მხეიძემ 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა ლუკა მხეიძის ამ წარმატებას. "ბრავო ლუკა, ფრანგების და ჰავრის სიამაყე ხარ”, - წერს ედუარდ ფილიპი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი წერს: „ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ამაყია ქვეყანა, რომელიც მან აირჩია. თავის მხრივ, ფაქტს ტექსტი მიუძღვნა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა. „საფრანგეთს ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ პირველი მედალი მოუტანა ოლიმპიადაზე. გილოცავთ! ლუკა მხეიძე თბილისშია დაბადებული. ეს ნამდვილად კარგი ნიშანია საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებისთვის“, - წერს დიეგო კოლასი Twitter-ზე.
მომავალ კვირაში აშშ-ისა და რუსეთის დიპლომატები მოლაპარაკებებს გამართავენ
შვეიცარიაში, ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ, შეერთებული შტატებისა და რუსეთის დიპლომატების მოლაპარაკებებს გამართავენ. როგორც ცნობილია, ქვეყნის ლიდერების შეხვედრების მსგავსად, დიპლომატების მოლაპარაკებებს, მომავალ კვირაში ჟენევა უმასპინძლებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, ე.წ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს გაგრძელებას ბაიდენსა და პუტინს შორის შეთანხმებული ვალდებულებისა. ,,ეს შეხვედრა ასახავს პრეზიდენტ ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის აღებულ ვალდებულებას აწარმოონ მიზანმიმართული და მტკიცე დიალოგი ჩვენს ორ ქვეყანას შორის, რაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ საფუძველი ჩაეყაროს შეიარაღების სამომავალო კონტროლს და რისკების შემცირების ზომებს”, - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტმა. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი, უხელმძღვანელებს. რუსეთის გუნდის ხელმძღვანელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიპლომატიური დისკუსიები წარიმართება ორ ქვეყანას შორის რამდენიმე ფრონტზე არსებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, თუმცა, როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ძირითადად შეეხება სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებს, კერძოდ, თუ როგორ განავითარონ START-ის ახალი შეთანხმების ჩარჩოები, რომლის მოქმედების ვადის 2026 წლამდე გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ ბაიდენი და პუტინი. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ბაიდენის მკაფიო სიგნალი იყო, რომ რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აშშ და მისი მოკავშირეები ერთიანი არიან - მეთიუ ბრაიზა
Guardian-ი: ავღანეთის მთავრობამ „თალიბანის“ ძალადობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი დააწესა
ავღანეთის მთავრობამ ქვეყნის 34 პროვინციიდან 31-ში ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა, რათა აღკვეთონ ძალადობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში დაიწყო თალიბების მასშტაბური შეტევის შედეგად. ამის შესახებ Guardian-ი შს სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „ძალადობის აღსაკვეთად და „თალიბანის“ მოძრაობების შეზღუდვის მიზნით, ქვეყნის 31 პროვინციაში დაწესებულია ღამის კომენდანტის საათი”, მათ შორის არ არის ქაბული", ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
26 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა ეკრძალებათ
26 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ ნათქვამია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 30 ივლისიდან ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკძალავს. ისრაელმა საქართველო ე.წ. ,,წითელ სიაში” 22 ივლისს გადაიყვანა, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვის ზრდითაა გამოწვეული.
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
დასავლეთ ინდოეთში, მუსონური წვიმებით გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, Euronews-ი ავრცელებს. ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყრის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა. გარდა ამისა, სტიქიის გამო ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გაერო კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში კურორტ ვაროშას გახსნას გმობს
გაეროს უშიშროების საბჭომ თურქეთის რესპუბლიკისა და კვიპროსელი თურქების გადაწყვეტილებას კურორტ ვაროშას გახსნის გადაწყვეტილება დაგმო და მოუწოდა, ”დაუყოვნებლივ შეცვალონ” ეს ცალმხრივი ქმედება. ინფორმაციიას Aljazeera ავრცელებს. გაერო აცხადებს, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე დაძაბულობის ზრდას შეუწყოს ხელი. გაეროს განცხადებაში, რომელიც ღია სხდომაზე საბჭოს 15-მა წევრმა დაამტკიცა, აღნიშნულია, რომ ვაროშის გარეუბნის ნებისმიერ ნაწილში დასახლების მცდელობა "მისი მოსახლეობის გარდა, სხვა ადამიანების მხრიდან, დაუშვებელია". საკითხს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოწოდება უსაფუძვლოა და კვიპროსის კუნძულის რეალობას არ შეესაბამება.
კორონავირუსის დადასტურების გამო, მოცურავე მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს
კორონავირუსის დადასტურების გამო, მოცურავე მარიამ იმნაძე ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მარიამ იმნაძემ PCR ტესტი, თბილისში, გაფრენის წინ გაიკეთა. "გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პარასკევს გაიხსნა, შეჯიბრებები კი 24 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
პოლიციამ ჯგუფურად ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით, 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან სამქეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 14 ივლისს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ნაქირავებ ბინაში, თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ 1993 წელს დაბადებულ დ.კ-ს, მასზე განახორციელეს ფიზიკური ძალადობა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით წაართვეს თანხა და სხვა პირადი ნივთები, შემდეგ კი აღუკვეთეს თავისუფლება. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა საგნით აწამებდნენ დ.კ.-ს, რის შემდეგაც ბრალდებული დ.ს.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გაიყვანეს ქალაქგარეთ, სადაც კვლავ იძალადეს მასზე, ხოლო მოგვიანებით თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიატოვეს. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 18 ივლისს, ღამით, ბრალდებულები - ვ.ჯ. და კ.ლ. იგივე მოქალაქეს - დ.კ.-ს სახლიდან გასვლის დროს თავს დაესხნენ, ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მისი საცხოვრებელი ბინიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მობილურ ტელეფონებს, მაჯის საათს და საფულეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, დაიკითხა როგორც დაზარალებული, ასევე, სხვა პირებიც, დაინიშნა ექსპერტიზები, ჩატარდა ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა დ.კ.-მ მის მიმართ განხორციელებული თავდასხმაში მონაწილე ექვსივე პირი ამოიცნო", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" პუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 061 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 061 ადამიანს დაუდასტურდა, 1654 გამოჯანმრთელდა, ხოლო 23 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 402 759 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 373 088, გარდაიცვალა 5 688 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 204 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 631 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 573 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 24 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %. ინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევიდან 1030 თბილისში გამოვლინდა, აჭარა - 299, იმერეთი - 190, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 62, გურია - 35, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 89, კახეთი - 128, მცხეთა-მთიანეთი -62, სამცხე-ჯავახეთი - 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 23 957, საიდანაც: 5 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 805, აჭარაში - 451, იმერეთში - 642. მძიმე პაციენტი: 947, მათ შორის, თბილისში - 449, აჭარაში - 65, იმერეთში -220. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 210, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 5, იმერეთში - 12. 1 697 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 908 - თბილისში, 499- აჭარაში. 17 191 ინფიცირებუი მკურნალობს საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 10. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 974 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 686 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 827, პირი, აჭარაში - 2 777, იმერეთში - 1 980.
ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება
ჩინეთს ტაიფუნი In-Fa უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ტაიფუნი კვირას შანჰაის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდება თავს. ამიტომ პორტიდან ათობით გემის ევაკუაცია განხორციელდა. დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები. BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი ქარი და ნალექები ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროსა და კუნძულ ტაივანს უკვე დაატყდა თავს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავიარეისების და სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის კომერციულ ცენტრში - შანხაიში, სამივე საერთაშორისო აეროპორტმა, Pudong-მა, Hongqiao-მ და Hangzhou-მ, ყველა ფრენა გააუქმა, შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა და დაიხურა ბიზნეს და სასწავლო დაწესებულებები მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, ტაიფუნი 146 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ჩინეთის ტერიტორიამდე მიღწევის შემდეგ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმას და წყალდიდობებს გამოიწვევს.