ძებნის რეზულტატი:
საგანგებო სიტუაციების სამსახური: მომავალ დღეებში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, იზრდება ხანძრების გაჩენის რისკი
მომავალ დღეებში შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხის კერები. "გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტმა „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა შოთა ქარსელაძე, რომელმაც მტკვარში გადავარდნილი უცნობი გოგო გადაარჩინა
საქართველოს პრეზიდენტმა შოთა ქარსელაძე 2021 წლის 3 ივლისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო შოთა ქარსელაძის დედას, მარინა გარსევანიშვილს გადასცა. დაჯილდოება ორბელიანების სასახლეში მხოლოდ შოთა ქარსელაძის დის და მეგობრის მონაწილეობით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, 36 წლის შოთა ქარსელაძემ მტკვარში გადახტომის შემდეგ უცნობი გოგო სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი დაიხრჩო. ამავე თემაზე გოგოს გადარჩენისას დაღუპულის ოჯახს პატრიარქმა მიმართა
აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00 საათიდან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან ერთ ნეშტს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამავე თემაზე: სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო მოსამსახურეები სამხედრო პატივით დაკრძალეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აფხაზეთში სამარხების გახსნის ახალი ეტაპი დაიწყო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს
საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დღეს, თბილისის დროით 15:52 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდა იყო.
რეგიონებში მოსახლეობა საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ იცრება
გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. Unicef-მა ბოლო ასეთი შეხვედრა ახალციხეში მოაწყო, სადაც სკოლების 60-მდე მასწავლებელსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ და COVID19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. ნესტან დევნოსაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდის საჯარო სკოლის დირექტორი ერთ-ერთია, ვინც კოვიდვაქცინით აიცრა. „მასწავლებლები აცრის წინააღმდეგები არ არიან. მეტიც, მჯერა, რომ ჩემი კოლექტივის ყველა წევრი აიცრება. უბრალოდ, გვაქვს რაღაც გაუაზრებელი შფოთი, კითხვები. ზოგს თანმდევი დაავადებები აქვს და არ იცის, შეიძლება თუ არა მისთვის აცრის გაკეთება. დღეს დავესწარით საინფორმაციო სესიას და ზუსტად ამ კითხვებს, ყველა კითხვას გასცეს პასუხი სპეციალისტებმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯგუფს. მე უკვე ჩამოვყალიბდი, რომ აუცილებლად უნდა გავიკეთო აცრა. ეს აუცილებელია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი შვილებისთვის, ჩემი თანამშრომლებისთვის და ჩემი სკოლის ყველა მოსწავლისთვის. პირბადის, დეზინფექციის და დისტანციის დაცვის გარეშე ვერც ახლა გაგრძელდება სასწავლო პროცესი, მაგრამ პედაგოგები რომ ავიცრებით, შედარებით უფრო დაცულად ვიგრძნობთ თავს სკოლაში“, - განაცხადა ნესტან დეკანოიძემ. უფრო ადრე, UNICEF-ის ხელმძღვანელი საქართველოში ღასან ხალილი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობდა რეგიონებში ცნობიერების ამაღლების კუთხით ორგანიზაციის როლზე. ღასან ხალილის შეფასებით, მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა COVID19-ის ვაქცინებზე მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. „პანდემია თითოელ ადამიანზე ახდენს გავლენას და იმუნიზაცია გადამწყვეტია მის დასამარცხებლად. აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს კვლავ ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ახლა მნიშვნელოვნადაა შეფერხებული. ვერავინ იქნება დაცული, ვიდრე ყველა დაცული არ იქნება. UNICEF-ის წარმომადგენელი კოვდვაქცინით ახალციხეში აიცრა Unicef-ი ეხმარება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული სტრატეგიის განხოციელებაში და ამ მიზნით ვაქცინაციის სარგებლიანობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში თუ სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ჩვენ ვეწვიეთ სამცხე-ჯავახეთსა და აჭარას, სადაც შევხვდით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის რელიგიურ ლიდერებს, ექიმებს, მასწავლებლებს და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტის გასაცნობად. შეხვედრებს უძღვებოდნენ ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც უპასუხეს ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს. მნიშვნელოვანია ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და სწორი ინფორმაციის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული მითებისა და დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად. ინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში სიცრუე უფრო ადვილად ვრცელდება და ართულებს ჯანდაცვის ზომების განხორიელებას, ქმნის დაბნეულობას, უნდობლობას და ზიანს აყენებს ადამიანების სიცოცხლეს. ეროვნული მთავრობები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება ცდილობენ, სხვადასხვა საშუალებით გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას. მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა რჩება და კიდევ უფრო ძლიერდება. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ თემებთან რეგულარული კომუნიკაცია და სწორი ინფორმაციის მიწოდება. რეგიონებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ჩვენი ვიზიტებიც ამას ემსახურება. ვცდილობთ, უფრო დავუახლოვდეთ სხვადასხვა ჯგუფს, უფრო ყურადღებით მოვუსმინოთ მათ წუხილებს და ვუპასუხოთ დასმულ შეკითხვებს. საქართველოს მთავრობა ვაქცინის დანერგვის ეროვნულ პროგრამას ახორციელებს და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი თავის მიზანს მიაღწევს“, - აცხადებდა ღასან ხალილი Europetime-თან ინტერვიუში, რომელიც სააგენტომ ივნისში ჩაწერა. ცნობისთვის, NDI-მ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47% ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს. 13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება. ამასთან, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალი სოფლის ტიპის დასახლებებშია (47%). მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71%-ია. შეგახსენებთ, 12 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა. კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს. ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3
რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ფონზე, 14 აგვისტოდან გარკვეული შეზღუდვები ისევ ამოქმედდება. შეზღუდვების ამოქმედების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. მუნიციპალური ტრანსპორტი ამ პერიოდში აღარ იმოძრავებს, თუმცა შეზღუდვა არ შეეხება საქალქთაშორისო ტრანსპორტს. 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდში კვების ობიექტების მუშაობის დრო იცვლება. კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა. „საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო დამსაქმებლებს. ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით; მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას - ექვემდებარებიან დალუქვას; ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება", - განაცხადა ღიბრაძემ. დღევანდელ ბრიფინბგზე ასევე განაცხადეს, რომ „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შ. ზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას“.
მარინა ენდელაძე: გვიწევს პაციენტების გადარჩევა, უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არ არის
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების მოწყობა აუცილებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამედიცინო სექტორი უკვე კრიზისულ მდგომარეობაშია. საველე ჰოსპიტალების გარდა, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, უწევთ პაციენტების გადარჩევაც. "როცა უკვე საველე ჰოსპიტლებზეა ლაპარაკი, გასაგებია, რა დღეშია ჰოსპიტალური სექტორი. უნდა გაკეთდეს ეს, სხვა გამოსავალი არა აქვს ჯანდაცვის სისტემას. გვიწევს გადარჩევა პაციენტების, როდესაც უკვე ლაბორატორიული მონაცემები იწყებს გაუმჯობესებას, ჩვენ იძულებული ვართ გავწეროთ პაციენტები და დავაწვინოთ ახალი. თუმცა, ესეც არ არის უკვე საკმარისი, როდესაც ამდენია დაინფიცირებული“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ მისივე თქმით, ამგვარ ეპიდვითარებაში ყველამ უნდა ატაროს პირბადე და დაიცვას დისტანცია. "უნდა ვიყოთ აუცილებლად დისტანციით ერთმანეთთან და ამ ეტაპზე აუცილებელია თავშეყრის ადგილების არარსებობა", - განაცხადა მარინა ენდელაძემ. მარინა ენდელაძე: გვიწევს პაციენტების გადარჩევა, უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არაა
კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში შესაძლოა, ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს გარკვეული რეკომენდაციით მიმართა. შესაძლოა, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში ვაქცინირებულები ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან. „საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება”,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან
ვაქცინაციის პროცესში სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები ჩაერთვებიან
ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას. „ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას; ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან კვების ობიექტებში, სპა სალონებსა და ფიტნესცენტრებში შესაძლოა ვაქცინირებულები, ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან
ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 130 000 დოზა Pfizer-ის ვაქცინებია დასაჯავშნი და მოუწოდებს ყველა ქალს, რომელიც არის ორსული, ან სურს დაფეხმძიმება, აიცრას. „უკვე სამწუხაროდ, 4 შემთხვევა გვაქვს ორსულის კოვიდით გარდაცვალების, ამიტომ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მართვაში, ურჩიონ თავის პაციენტებს, რომ აიცრან. დაახლოებით, 60 000-მდე ქალი ფეხმძიმდება წლის განმავლობაში, დღეს 130 000 Pfizer-ის ვაქცინა დევს პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ არ არის დაჯავშნილი. ამიტომ გთხოვთ, იაქტიურეთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: რომელი ვაქცინით არის შესაძლებელი ორსულების აცრა პაატა იმნაძის ორსული შვილი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.
ამირან გამყრელიძე: თუ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ, კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით გაიკეთეთ ტესტი
"სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით საკოორდინაციო საბჭოს უკვე მიმართა და ამ თემაზე საბჭო კიდევ იმსჯელებს. "სანამ არ ავცილდებით 10%-ს, მანამდე ჯერჯერობით დავუშვებთ, რომ ერთჯერადად აცრილი ადამიანიც დაშვებული იყოს დახურულ ტიპის შენობაში ყოველგვარი სხვა დამატებითი ღონისძიების გარეშე. ან თუ ის აცრილი არ არის, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გაკეთებული და უარყოფითი PCR ტესტი ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ეს საკითხი დღეს ჩვენ დავაყენეთ და საბჭო ამაზე კიდევ იმსჯელებს. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა 24- საათიანი და 72- საათიანი PCR და ანტიგენი აღარ იქნება სახელმწიფოს ხარჯზე. სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ისინი უფასოდ აიცრან, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიცრებით და გვინდა რესტორანში და სხვა დაწესებულებებში წასვლა, მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენი ხარჯით ან თქვენი დამსაქმებლის ხარჯით გადაიხადეთ თანხა ტესტირებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე ორსულებს აცრისკენ მოუწოდებს საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა
მასობრივი ვაქცინაციისთვის ახალი ცენტრები იხსნება
სხვადასხვა ვაქცინას პირველ და მეორე დოზას შორის ინტერვალი სხვადასხვა აქვს, აქედან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციაა, რომ იქ, სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებებია, მოსახლეობამ სწრაფად აიცრას ვაქცინით, რომელსაც მოკლედ შუალედი აქვს დოზებს შორის. ამ შემთხვევაში Sinovac-ის ვაქცინა საკმარისია ქვეყანაში, რომ სწარაფად მივიღოთ იმუნური ფენა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას მოუწოდა, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიმართონ ყველა ამცრელ დაწესებულებას, ასეთი კი ქვეაყანში 180 სამედიცინო დაწესებულებაა 354 ბრიგადით. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მცხეთაში გაიხსნა დღეს დიდი ამცრელი ცენტრი, ხვალ იწყებს მუშაობას ამცრელი ცენტრი ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული და მის მართვას რესპუბლიკური საავადმყოფო უზრუნველყოფს. ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი ცენტრი მომავალში ბევრი იქნება საუნივერსიტეტო სივრცეებში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ადამიანები აქ ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე მივლენ და აიცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში 15% პროცენტი სწორედ ამ ფორმით იცრება. რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს, განიხილება ყველა ვარიანტი, მათ შორის სამხედრო სამედიცინო სამსახურის ჩართვა, რადგან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კოვიდინფიცირებული არ დარჩეს სამედიცინო დახმარების მიღმა. „ამიტომ, ყველა ვერსია, მათ შორის უარესი ვერსიებიც“, - დაამატა გამყრელიძემ. „სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ყველაზე მეტად დაფასებული, მათ გადაიტანეს მძიმე სიტუაციები, ომი აფხაზეთში, შემდეგ 2008 წლის ომი... მიწისძვრები, ბევრი ურგენტული ვითარება 30 წლის განმავლობაში და იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ. თუმცა რესურსი ამოუწურავი არ გახლავთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მკაცრი ლოკდაუნები აღარ განიხილება. ვაქცინაციის ფონზე, ბალანსირებული მიდგომებია ყველგან. ცნობისთვის, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. „რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფილირებული სამედიცინო უნივერსიტეტის სივრცე დღეში ცრის 4500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დაახლოებით 30%, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დაინიშნება სპეციალური ავტობუსები - „მივდივარ ვაქცინაციისთვის“. ასევე იქნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ, ინფექციური საავადმყოფოსკენ, „ჰუალინგის“ ცენტრისკენ, კავკასიის მედიცინის ცენტრისკენ, ბოკერიას სახელობის ჰოსპიტლისკენ. ჩვენ გადავეცით საკოორდინაციო შტაბს თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში მდებარე ლოკაციების სია. იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ მიბრძანდეთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. რა შეზღუდვები იმოქმედებს საქართველოში 14 აგვისტოდან
პაატა იმნაძე: 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ინდოეთში
„100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, რაც ინდოეთში ხდებოდა, ჩვენთან ავადობა იმაზე ხუთჯერ უფრო მეტია“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდულობით შეზღუდვების დაწესება იქამდე დაგვჭირდება, ვიდრე მოსახლეობის 50% მაინც არ აიცრება. ის იმედოვნებს, რომ აცრილთა რაოდენობა კიდევ მოიმატებს. „ღრმა პატივისცემას ვუდასტურებ ყველა ჩემს კოლეგას იმის გამო, რასაც ისინი წელიწადზე მეტია უძლებენ. თქვენ რომ იცოდეთ, დღეს ჩვენ რა ავადობაც გვაქვს, 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტია. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი 5 128 ადამიანს დაუდასტურდა, 49 ინფიცირებული გარდაიცვალა. ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა 26 000-ს მიუახლოვდა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა. ინდოეთში მაისის დასაწყისში, პირველ კვირაში კოვიდინფიცირების 2,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 23800 ადამიანი გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს
"დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. "900 წელი გავიდა დიდგორის გამარჯვებიდან, თუმცა დიდგორით აღფრთოვანება ხშირად ხელს გვიშლის დავით აღმაშენებლის რეფორმების სრულყოფილ გააზრებაში. გვიჭირს დავინახოთ დიდი სამხედრო გამარჯვების მიღმა, საზოგადოებრივი მნიშვნელობის უფრო მასშტაბური ბრძოლები და გამარჯვებები, რამაც შექმნა თანამედროვე საქართველო! დავით აღმაშენებელმა შექმნა თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე სტრუქტურებით და თანამედროვე ჯარით, სახელმწიფოში დანერგა ის ქრისტიანული და უნივერსალური ფასეულობები, რითაც მოვედით დღემდე - ტოლერანტობა, როგორც ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ფუნდამენტი და მისი ცივილიზაციის მონაპოვარი. დღეს ტოლერანტობის ეს ტრადიცია ახლებურად უნდა გავიაზროთ, თანამედროვე საქართველოში უნდა შევქმნათ გარანტია თავისუფალი და ყველასათვის დაცული საზოგადოების. დავითის მსგავსად განათლებას და კულტურას უნდა მივანიჭოთ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობა. 900 წლის წინ დიდგორი იყო ის ბრძოლა, საიდანაც საქართველო კავკასიის ხალხებთან ერთად, მიუხედავად რელიგიური და ეროვნული ნიშნებისა, გამოვიდა გამარჯვებული. ეს არა მხოლოდ ეროვნული სიამაყის საფუძველია, არამედ ასევე ჩვენი კავკასიური მომავლის გზასაც წარმოადგენს. დიდგორი დღეს ვერ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ვადიდოთ ჩვენი წინაპრების თავდადება, ვიამაყოთ ამ ღირსეული წარსულით და გმირობით. დღევანდელი ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია. დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, რომელიც ემუქრება ჩვენს მოსახლეობას და მაშასადამე, სახელმწიფოს, და რომელმაც ჩვენი 6278 მოქალაქე უკვე იმსხვერპლა! ნუთუ ეს, ამ მცირერიცხოვანი ერისათვის, არ უდრის ბრძოლის ველზე დიდ დანაკარგს? დიდგორი დღესაც ჩვენი მოსაგებია, თუნდაც ეს არ იყოს საომარ ველზე! ჩვენ ნამდვილ ბრძოლაში ვიმყოფებით და ამ ბრძოლაშიც, როგორც 900 წლის წინ, უნდა ვიყოთ წინდახედულნი, გამბედავნი და ერთად შეკრულნი. სამწუხაროა, რომ ეს საკითხიც კი გახდა ნიშნის მოგების, პოლიტიზირების და ერის დაპირისპირების საგანი. სრულიად მიუღებელია, რომ გარედან, კომფორტში მყოფი ზოგი, ვითომც პოლიტიკოსი ბედავს და ცილს წამებს, შეურაცხყოფას აყენებს იმ მედიცინის სამყაროს თავდადებულ პიროვნებებს, რომლებმაც, გარდა იმისა, რომ საქართველოს მედიცინა საზღვარგარეთ ასახელეს, უკვე წელიწადნახევარზე მეტია მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ხალხს და მათი სიცოცხლის გადარჩენას. დღეს ესენი არიან ჩვენი დიდგორისეული გმირები და დიდად პატივსაცემი, თავდადებული პროფესიონალები. მათ უნდა ვუთხრათ მადლობა! აქაც, როგორც ყველა დიდი გამოწვევის წინაშე, მთავარი ამოსავალი წერტილი და გამარჯვების ერთადერთი გასაღები ჩვენს ერთობაში იყო და არის კიდევაც! ამ ერთობას საქართველოს ეკლესია განასახიერებდა, მტერზე გამარჯვებას წინ უძღოდა და ერს ზურგს უმაგრებდა. დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. ქართული ეკლესია მუდამ პიროვნული თავისუფლების, არჩევანისა და პასუხისმგებლობის მხარეს იდგა და დღესაც დგას, თუმცა დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი, რამეთუ, ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებლენი!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი კლიმატის ცვლილების საკითხს და მეზობელ ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და მათ სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, გლობალური საფრთხეები მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. "დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება. გლობალური საფრთხეები [და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ] მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით - საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს. კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენ გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ. აუცილებელია ჩვენი ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. მომზადებული უნდა იყოს შესაძლო სცენარები, საპასუხო გეგმები და გათვლილი ლოგისტიკური საჭიროებები. ეს იმის საწინდარია, რომ ხვალინდელ დღეს და შესაძლო საფრთხეებს დავხვდეთ მზად და შემართებით. დიდგორობას გილოცავთ და მინდა გისურვოთ, რომ ხვალ, მომავალმა თაობებმა ასეთივე სიამაყით გაიხსენონ ჩვენი გამარჯვებები! არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნის გაერთიანების, გამთლიანების და განვითარების მთავარი მშვიდობიანი ბრძოლა წინ გვაქვს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი: კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გაფრთხილება უნდა იყოს
"კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საქართველო მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. "დიდგორისეული ბრძოლები დღეს ჩვენი საზღვრებით არ შემოიფარგლება. გლობალური საფრთხეები [და აქ მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ] მოითხოვს გლობალურ პასუხს და გლობალურ სოლიდარობას. ამ დღეებში ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში განვითარებული ტრაგედიების მომსწრე გავხდით - საბერძნეთი, იტალია, თურქეთი აღმოჩნდნენ წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე. ჩვენ მათ ვუცხადებთ სოლიდარობას და თანადგომას. ამავე დროს, მინდა, ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ჩვენი დიასპორის წევრებს, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყნებში და ინაწილებენ ამ ქვეყნების ბედს და სატკივარს. კლიმატის ცვლილებების საფრთხეებიდან გამომდინარე, ჩვენ გვევალება მზადყოფნა. ჩვენი მეზობლების მაგალითი გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა მივიღოთ. აუცილებელია ჩვენი ქვეყანა მზად იყოს შესაძლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. მომზადებული უნდა იყოს შესაძლო სცენარები, საპასუხო გეგმები და გათვლილი ლოგისტიკური საჭიროებები. ეს იმის საწინდარია, რომ ხვალინდელ დღეს და შესაძლო საფრთხეებს დავხვდეთ მზად და შემართებით. სალომე ზურაბიშვილი: დღევანდელი დიდგორი პანდემიასთან ომია, დღესაც აუცილებელია, რომ ეკლესიამ ამ გადარჩენის ბრძოლაში თავისი კუთვნილი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს
საგარეო უწყება: საქართველოს მეგობართა ჯგუფი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან 13 წლის გასვლასთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა - ამერიკის შეერთებული შტატების, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, უკრაინის, ფინეთის, შვედეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის სახელით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, განცხადება ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობამ წაიკითხა. "მეგობართა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან 13 წლისთავზე, მეგობართა ჯგუფი გამოხატავს ღრმა მწუხარებას საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობა, გაერო-ს ქარტიის, ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე. განცხადებაში, მეგობართა ჯგუფი მიესალმება ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ქართული მხარის მიერ. ამავდროულად რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, დააბრუნოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი გადაადგილება. მეგობართა ჯგუფი ასევე მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. მეგობართა ჯგუფი ასევე გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებისა და სამხედრო შენაერთების არსებობასთან დაკავშირებით და გმობს რუსეთის ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიის მის მიერ ოკუპირებულ სეგმენტზე რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალმხრივად დადგენისა და სოფელი აიბღას რუსეთის კრასნოდარის მხარესთან მიერთებისკენ. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, შეცვალოს ეს პროცესი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია წუხილი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რეგიონს შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის მიზნით მიმდინარე პროცესებთან, როგორც დეფაქტო ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთი ნაბიჯთან დაკავშირებით. მეგობართა ჯგუფი განცხადებაში გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილებას და მოუწოდა რუსეთს მისი შესრულებისკენ, მათ შორის, დაუშვას იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. განცხადებაში მეგობართა ჯგუფი გამოხატავს შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების თაობაზე, მათ შორის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მავთულხლართების ინსტალაციასა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რომელმაც გამოიწვია დესტაბილიზაცია და უარყოფითად აისახა ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები. საქართველოს მეგობართა ჯგუფმა დაგმო საოკუპაციო ხაზთან განხორციელებული უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეთა - არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობები. მეგობართა ჯგუფმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს დაბრკოლებების შექმნა დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულებისთვის. მეგობართა ჯგუფის განცხადებაში გამოხატულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნულია ისეთ ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა, როგორიც არის ძალის არგამოყენება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების უზრუნველყოფა. განცხადებაში აღნიშნულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებისადმი მხარდაჭერა და გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლების მნიშვნელობა. გარდა ამისა, მეგობართა ჯგუფმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად შესრულების მნიშვნელობა და გამოხატა მისიისადმი მხარდაჭერა. განცხადების დასასრულს, მეგობართა ჯგუფი მიესალმა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ინკლუზიური პროცესი კომპლექსური „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო სტრატეგიის" შესამუშავებლად და ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიის გადახედვის დასაწყებად. მეგობართა ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას და გაყოფილ თემებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას", - აღნიშნულია საგარეო განცხადებაში.
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) Pfizer-ის ვაქცინით აიცრა. ეპისკოპოსოსი საზოგადოებას მოუწოდებს, ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს არ აჰყვეს და მითებს უწოდებს, ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს აცრით ადამიანების „დაჩიპვა“ უნდათ. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი ვრცელ ტექსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს: დიდი ხანია, ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, ვიდრე თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ- ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად- ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს. თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ეკლესიის როლი სასულიერო პირებმა მოქალაქეებს „ძმური სიყვარულით”, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე უნდა აუხსნან იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა- ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია. სულ ახლახანს ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. ვაქცინაცია რესურსების დაზოგვისა და სამედიცინო პერსონალის დახმარების საშუალებას იძლევა ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭირეობა. პანდემიასთან ბრძოლაში ვაქცინაციის გარდა სხვა იარაღი არ არსებობს. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა- დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება- ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად. ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი.ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია.
ტექნიკური უნივერსიტეტში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი ხვალიდან იმუშავებს
13 აგვისტოდან ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში (სააკაძის მოედანი, კოსტავას 77) ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი ვაქცინაციის სივრცე. ვაქცინაცია შესაძლებელია: ფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ვაქცინაციის ჩასატარებლად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის. ცენტრი იმუშავებს ყოველ დღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე.
მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო
მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (მისამართი: მცხეთა, სამხედროს ქუჩა 9) ვაქცინაციის ახალი სივრცე გაიხსნა. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრში, ამ ეტაპზე ფაიზერით იმუნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ვაქცინის მისაღებად წინასწარი რეგისტრაცია საჭირო არ არის. ვაქცინაციის სივრცე იმუშავებს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00- მდე, შესვენების გარეშე. ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.
აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის
აშშ ქაბულში, საელჩოდან პერსონალის ნაწილის ევაკუაციის მიზნით, დამატებით 3000 ჯარისკაცს გაგზავნის. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისივე თქმით, პროცესი მომდევნო ორი დღის განმავლობაში განხორციელდება. ჯარები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახმელეთო და საჰაერო მხარდაჭერას გაუწევენ ქაბულის აეროპორტისკენ მიმავალ ამერიკელებს. ცნობისათვის, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესი „თალიბანის“ სწრაფი გაძლიერების ფონზე წარიმართა. ბოლო მონაცემებით, ავღანეთში მოძრაობა "თალიბანმა" დაიკავა 11 პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის ყანდაარი და ჰერათი. აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. „20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. შეგახსენებთ, პირველ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. ამავე თემაზე: ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის „თალიბანი“ ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილის, ტაჯიკეთის საზღვრის კონტროლს აძლიერებს თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა