ძებნის რეზულტატი:
თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა, კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინ არის, მოქალაქეები დროებით, სასტუმროებში გადაჰყავთ. საუბარია დაახლოებით 120 მოსახლეზე. ადგილობრივი ჰყვება, რომ ძლიერი ხმა გაიგო, თავდაპირველად ეგონა, რომ ხმაური კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობაზე, მიწის გათხრის სამუშაომ გამოიწვია, თუმცა გაირკვა, რომ "კორპუსის უკან კლდე" ჩამოიშალა. აქ მცხოვრები იმასაც ამბობს, რომ მერიასაც მიმართეს პრევენციის მიზნით, თუმცა უწყებამ "დაადგინა, რომ საფრთხე არ არის". მერის მოადგილემ დღეს განაცხადა, რომ საკითხს შეისწავლიან. "ახლა მიმდინარეობს მერიის მიერ მთლიანი კორპუსის შესწავლა. გაზსადენი მილიც გასკდა და გადაკეტეს გაზი. წყალიც არ აქვს კორპუსს", - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა. „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე პირველ რიგში საჭიროა ხალხის ევაკუაცია. ექსპერტები ადგილზე არიან და დაუყოვნებლივ დავიწყებთ გამომწვევი მიზეზების გარკვევას", - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
ელენე ხოშტარიამ პარტია „დროას“ წევრები წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტია „დროას“ წევრები წარადგინა. „დროას“ გუნდის წევრებს შორის არიან: საქართველოს ყოფილი ელჩები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი ნინო გოგუაძე. როგორც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, „დროა“ პრინციპული ადამიანების ერთობას წარმოადგენს და მათი მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა. „ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული გუნდი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. ცნობისათვის, ელენე ხოშტარია ოპოზიციის ნაწილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატად წარადგინა.
თურქეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 17 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 1 კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. "ღმერთმა შეიწყალოს ჩვენი 17 მოქალაქე, რომელთა სიცოცხლეს შეიწირა წყალდიდობამ კასტამონუში, სინოპისა და ბარტინში [პროვინციები]. ვუსამძიმრებ მათ ნათესავებს და ჩვენს ერს", - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ზე. ერდოღანის თქმით, ყველა ინსტიტუტისა და ორგანიზაციის მიერ რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები. თურქეთში, რომელიც მანამდე ძლიერმა ხანძარმა დააზარალა, წყალდიდობა 11 აგვისტოს დაიწყო.
ევროკავშირი „თალიბანს“ ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
„თალიბანის მიმდინარე სამხედრო შეტევა პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ გამოცხადებულ ვალდებულებას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებისა და დოჰას სამშვიდობო პროცესის მიმართ. ევროკავშირი გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონისა (IHL) და ადამიანის უფლებების მზარდ დარღვევებს, განსაკუთრებით "თალიბანის" მიერ კონტროლირებად რაიონებსა და ქალაქებში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში წერია, ევროკავშირი ევროკავშირი "თალიბანს" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიმდინარე ძალადობა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. "ევროკავშირი "თალიბანს" მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს არსებითი, რეგულარული და სტრუქტურირებული მოლაპარაკებები და ასევე მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიმდინარე ძალადობა და ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს თავდასხმები ავღანეთის მოქალაქეების ტანჯვას იწვევს, რაც მიუღებელია და ხელს უწყობს იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების რიცხვის ზრდას",- ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ევროკავშირი ავღანეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, მოაგვაროს პოლიტიკური უთანხმოებები, გაზარდოს ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლობა. "ევროკავშირი მიზნად ისახავს, გააგრძელოს ავღანელი ხალხის პარტნიორობა და მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ბორელი აღნიშნავს, ევროკავშირის მხარდაჭერა მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი დარეგულირებით და ყველა ავღანელის, მათ შორის ქალების, ახალგაზრდებისა და უმცირესობების, ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით იქნება განპირობებული. "წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ "თალიბანი" ძალისმიერ გზით თუ ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში და ისლამური საამირო აღდგება, "თალიბანს" ემუქრება არაღიარება, იზოლაცია, საერთაშორისო მხარდაჭერის ნაკლებობა. ავღანეთს კი მოელის კონფლიქტის გახანგრძლივების პერსპექტივა და გაჭიანურებული არასტაბილურობა", - ნათქვამი ბორელის განცხადებაში. ბოლო მონაცემებით, ავღანეთში მოძრაობა "თალიბანმა" დაიკავა 11 პროვინციის დედაქალაქი, მათ შორის ყანდაარი და ჰერათი. ამავე თემაზე: თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა აშშ ავღანელი თარჯიმნების ევაკუაციას გეგმავს ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი გაეროს ინფორმაციით, ავღანეთი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდასაჭერად, ამერიკელმა სამხედროებმა რამდენიმე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის მედია: „თალიბანმა“ ავღანეთის მთავრობის მედიის დეპარტამენტის დირექტორი მოკლა მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა
დღეს სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
დღეს სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდები 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. იდენტიფიცირებულთაგან ერთ ნეშტს სამხედრო პატივით 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს.
კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი. 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 471 685 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 415 146, გარდაიცვალა 6321 პაციენტი. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 325 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 612 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 9.90% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.74%. ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან 2 187 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 50 192, საიდანაც: 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 014, აჭარაში - 880, იმერეთში - 971. მძიმე პაციენტი: 1 327, მათ შორის, თბილისში - 583, აჭარაში - 137, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 326, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 19. 3 409 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 615 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 40 148 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 53, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 12 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 026 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 871 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 21 342, პირი, აჭარაში - 5 687, იმერეთში - 3 935.
საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა
13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 741 353-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი. ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 25 432-მა ადამიანმა გაიკეთა. ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3. კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
PCR კვლევის ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი ამხილეს, მათ შორის ერთი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ყალბი ცნობის დამზადებისათვის გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა. "გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შესაძლო თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა ვაქცინირებულია
საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინირებულია კათოლიკე სასულიერო პირების 83%. მედიაპორტალის მიხედვით, 10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან, 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს. საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც აცრა ჩაიტარა, კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტოა. "მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც", - აცხადებს ეპისკოპოსი. Catholic.ge-ის ცნობით, ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია და ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა. ამასთანავე, კათოლიკე სასულიერო პირთა უმრავლესობამ ვაქცინა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.
მსოფლიოს რელიგიური ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
Europetime-მა სტატიაში შეკრიბა ინფორმაცია მსოფლიოს რელიგიური ლიდერების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა დასახელების ვაქცინით აიცრნენ. ისინიც სხვებსაც მოუწოდებენ აცრისკენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პანდემიის დამარცხება ვაქცინაციის გარეშე წარმოუდგენელია. „ვაქცინაცია არამხოლოდ აუცილებლობით ან არჩევანით, არამედ კაცობრიობის მიმართ პასუხისმგებლობის განცდით არის განპირობებული“, - ასე მოუწოდა ვაქცინაციისკენ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საჯაროდ აცრის შემდეგ. მან იმედი გამოთქვა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის უმეტესობა აიცრება, რაც მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს. ვაქცინაციისკენ მოუწოდა მოსახლეობას ტიბეტის სულიერი ლიდერი დალაი ლამამაც. ის ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა რომის პაპმა ფრანცისკემ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. 9 იანვარს პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ვაქცინაცია ეთიკური თვალსაზრისითაც აუცილებელია, რადგანაც ამით ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც დაიცავენ. მას ასევე შეუერთდა წინამორბედი პაპი ბენედიქტე XVI. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთება არის ეთიკური საქციელი, რადგანაც ამ გზით არამხოლოდ საკუთარ, არამედ სხვების სიცოცხლესაც ვიცავთ. ირანში დამზადებული ვაქცინით აიცრა ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ხამენეი. „ბარექათის ვაქცინა“ ირანული ფარმაცევტული კომპანია „შიფაფარმედის“ მიერ არის წარმოებული. ირანმა მასობრივი ვაქცინაცია თებერვალშვი რუსული ვაქცინით დაიწყო. კორონავირუსის საწინაარმდეგო აცრა გაიკეთა რუსეთის პატრიარქმა კირილმაც. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა.
ფინანსთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებეს. უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც რეფორმების განხორციელების, ისე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების დაძლევის მიმართულებით. მისი თქმით, პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ნახევარი მილიონი დოზა Pfizer-ის გამოყოფა, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა უფრო აქტიურად წარმართულიყო ვაქცინაციის პროცესი. "გარდა ამისა, აღსანიშნავია, მიმდინარე წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველო 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. შეხვედრაზე მიმოიხილეს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული პროგრამები. დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორ სტრატეგიულ ქვეყანას შორის კვლავ აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერტებული შტატების მთავრობმა საქართველოს Pfizer-ის ვაქინის 500 000 დოზა საჩუქრად გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს
"ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. "ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი, მთელი მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა პანდემია, კორონავირუსი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, შარშან გააჩერა მთელი მსოფლიოს ეკონომიკა. მილიონმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი და ძალიან ბევრი ადამიანი სამწუხაროდ გარდაიცვალა ვირუსის გამო. ჩვენს ქვეყანაშიც ვირუსი მძვინვარებს. ყველგან, მსოფლიოში მიმდინარეობს მეოთხე ტალღა. მთელს ევროპაში, აზიაში, ამერიკაში, დღიური 100 000 შეთხვევა და სამწუხაროდ, ისრაელში, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ეფექტურად იმართა თავის დროზე, მოსახლეობის ნახევარი არ აიცრა, რის გამოც ისრაელში მეოთხე ტალღა დაიწყო. მოდით, ვილაპარაკოთ ჩვენს თავზე - ჩვენ თებერვლიდან დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა ეკონომიკის. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა შარშან. ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ისედაც გაჭირვებულმა ხალხმა დაკარგა შემოსავალი და ის 200-ლარიანი დახმარება, რაც ჩვენი მხრიდან გაკეთდა, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. ამიტომ, საჭირო იყო ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და ჩვენს ბიზნესს და ჩვენს მოქალაქეებს გავუჩინეთ სტაბილურობის განცდა. სტაბილურობა არის უმნიშვნელოვანესი, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა, რომ მოქალაქემ დაგეგმოს საკუთარი მომავალი. სტაბილურობის გარეშე არავითარი განვითარება არ იქნება. ასე, რომ ჩვენ დავიწყეთ და შედეგად ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისშიც გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შედეგად, ჩვენმა მოსახლეობამ ეს დეპრესიული, ნიჰილისტური დამოკიდებულება შეიცვალა, სამუშაოს დაუბრუნდა ათასობით ადამიანი, ტურისტების საკმაოდ მძლავრი ნაკადები შემოვიდა საქართველოში. ტურისტული ადგილები სავსეა ტურისტებით, გადაჭედილია სასტუმროები. ძალიან გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური საქართველოს სტუმრობდა
საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩატარებული და მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებებით მიღწეული პროგრესის შეფასების მიზნით, საქართველოში პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრიგადის გენერალ სლავომირ დრუმოვიჩს საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა. „სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების შეხვედრაზე პოლონელმა გენერალმა საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებთან NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ივლისის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 50 %-ით, რეისების რაოდენობა კი 70 %-ით აღდგა
პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. ივლისის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 50 % აღდგა. 2021 წლის ივლისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42 332 მგზავრს მოემსახურა. (2019 ივლისი - 84 728 მგზავრი), - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. ივლისის თვეში, აეროპორტში რეისების 70 % აღდგა. ( 2021 ივლისი - 186 რეისი, 2019 ივლისი - 267 რეისი). საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 3 ავიაკომპანია 11 ქვეყნის 19 მიმართულებით ოპერირებს. ,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან ახალი მიმართულებების დამატებისა და სიხშირეების ზრდის კუთხით. გაფართოების შემდეგ, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დაგვიბრუნდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Wizz Air, რომელიც პირდაპირ რეგულარულ ავიარეისებს ამ ეტაპზე, ევროპის 14 მიმართულებით ასრულებს. ასევე, ქუთაისის აეროპორტში შემოვიყვანეთ საქართველოს ავიაბაზრისთვის სრულიად ახალი ავიაკომპანია, ყაზახური დაბალბიუჯეტური FlyArystan და პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან აზიის 4 მიმართულებით, ახლა კვირაში 12 სიხშირით ასრულებს. ასევე, აგვისტოდან, თბილისისა და ბათუმის აეროპორტების შემდეგ, ქუთაისიდან ოპერირება დაიწყო Belavia-მ. როგორც ხედავთ, ევროპული მიმართულებებისა და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დინამიკა ქუთაისის აეროპორტში მზარდია და აგვისტოს თვეში კიდევ უფრო დადებითი მოლოდინები გვაქვს,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, აგვისტოს თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით 112 რეგულარული რეისი, აზიის მიმართულებით კი 54 რეგულარული რეისი შესრულდება.
პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის
დაავადებათა კონოტრლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ამცრელი ექიმის უარის შემთხვევაში, მოსთხოვონ წერილობითი განმარტება, თუ რატომ ეუბნებიან უარს, ამის შემდეგ კი რეგულირების სააგენტოს შეეძლება შეაფასოს რამდენად საფუძვლიანი იყო მოქალაქისთვის უარის თქმა. „თუ ვაქცინას არ უწერია უკუჩვენება ინსტრუქციაში, ის ყველა დანარჩენი ადამიანისათვის არის აბსოლუტურად მისაღები. ჩაწეროს ექიმმა პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით და დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას ექიმები აღარ იტყვიან, რადგან ამით თავიანთ არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ რომ ბავშვობაში თუ ჭინჭრის ჰქონდა და უარს ეუბნებიან აცრაზე. ყველა ადამიანს, ვისაც რაიმე მიზეზით უარს ეტყვიან აცრაზე, იმ ექიმმა ჩაწეროს რატომ ეუბნება უარს აცრაზე, სრული უფლება აქვს პაციენტს, რომ ექიმს, რომელთანაც მივიდა აცრაზე, მოსთხოვოს რატომ ეუბნება უარს აცრაზე და ეს ჩანაწერით დააფიქსიროს. როდესაც იქნება ეს ჩანაწერი, უკვე შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ შეისწავლოს თუ რამდენად კვალიფიციურად მოქმედებდა ექიმი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 359 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 726 პაციენტი. 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 5 697ადამიანს შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ შიდაკვლევებით, პარტიას 46,3%-ანი მხარდაჭერა აქვს
„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგებზე "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნმა შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა - კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა. ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა: · კახა კალაძე - 66,2 პროცენტი · ნიკანორ მელია - 33,8 პროცენტი „აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. კვლევის თანახმად, პარტიების შორის ხმები შემდეგნაირად განაწილდებოდა: „ქართული ოცნება“ - 46,3%, „ნაციონალური მოძრაობა“ - 23,3%, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 5,3%, „საქართველოსთვის“ - 5,2%, „მოქალაქეები“ - 3,3%, „სტრატეტეგია- აღმაშენებლია“ - 2,3%, „ლელო“ - 2,3%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 2,1%, „ევროპული საქართველო“ - 1,4%, გირჩი“ - 1,2%, „ლეიბორისტული პარტია“ - 0,9%, „ერთიანი საქართველო“- 0.8%, სხვა პარტიები -5,6%. რაც შეეხება თბილისის საკრებულოს არჩევნებს, კვლევის მიხედვით, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა: · „ქართული ოცნება“ - 22 მანდატი · „ნაციონალური მოძრაობა“ - 11 მანდატი · „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3 მანდატი · „საქართველოსთვის“ - 2 მანდატი · „მოქალაქეები - 2“ მანდატი "შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაატა იმნაძე: დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა
დაახლოებით, ყოველი 50-ე და მე-60 ჩვენი თანამოქალაქე კორონავირუსით ინფიცირებულია, ძალიან მძიმე სიტუაციაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა. მისი თქმით, შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო. როგორც პაატა იმნაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სისტემა აღნიშნულ ეპიდვითარებას ჯერ კიდევ უძლებს, თუმცა, "ყველაფერს თავის საზღვარი აქვს". "დღეს ქვეყანაში აბსულუტური რეკორდი გვაქვს, ქვეყანაში ერთდროულად ინფიცირებულია 50 ათასი ადამიანი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დადებითობის მაჩვენებელი 10%-არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ნაწილი, 20-25 პროცენტით მეტია, რომელიც ჩვენ ჯერ არ ვიცით, რომ ინფიცირებულია. აქედან გამომდინარე, თუ გადავიანგარიშებთ, გამოვა, რომ დაახლოებით, ყოველი 50-ე და 60-ე ჩვენი თანამოქალაქე ინფიცირებულია. ეს რეალობაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე სიტუაციაა. შესადარებლად, თუ 100 ათას მოსახლეზე გადავითვლით, ეს დაახლოებით 5-ჯერ უფრო მძიმე სიტუაციაა, რაც ინდოეთში იყო, კადრები ყველას რომ გვახსოვს, რა ხდებოდა ამ დროს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ უძლებს. შეზღუდვები, რომელიც გუშინ დაანონსდა და ძალაში ხვალ შევა, იმიტომ არის, რომ ყველაფერს თავის საზღვარი აქვს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. პაატა იმნაძე: 100 000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში 5-ჯერ უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე იყო ინდოეთში პაატა იმნაძე: თუ აცრაზე უარს გეტყვიან, ჩააწერინეთ მიზეზი და ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა
პრემიერი: ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაციას სჭირდება მართვა და მთავრობას სჭირდება გვერდში დგომა ძალიან ელემენტარული წესების დაცვით. მან მოუწოდა საზოგადოებას, მაქსიმუმ 2-3 თვე არ გადაიხადონ ქორწილები და ქელეხები, რადგან სწორედ ეს არის ვირუსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამავრცელებელი. „მიმდინარეობს ტენდენცია გლობალური და ვისმენთ რა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებს, პროგნოზებს, ეს პანდემია გაგრძელდება. ეს არ დასრულდება წლის ბოლოს. ვინმეს არ ჰქონდეს პროგნოზი და განცდა, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია დასრულდება წლის ბოლოს, ასე არ იქნება, არ მოხდება, შესაძლოა, გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე წელიწადი, 2-3. მეცნიერები ვერ ამბობენ ზუსტ პროგნოზს, იმიტომ, რომ დამოკიდებულები არიან ადამიანების, ჩვენს ქცევაზე. ჩვენი ქცევა რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ყველაზე გონივრული - აუცილებელია აცრის ჩატარება, როგორც ადამიანები იცრებიან ჩვეულებრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ანალოგიურად მიმდინარეობს ტენდენცია და საუბარი იმაზე, რომ ანალოგიურად დაიწყება და დამკვიდრდება მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში აღნიშნული აცრების ჩატარება. აცრა არის აბსოლუტურად უსაფრთხო, არავითარი გვერდითი მოვლენები, გართულებები არ ახლავს. ვინც აცრას არ ჩაიტარებს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ და ვუყურებთ ამ რეალობას, გარდაცვალება მოგვემატება, ამიტომ, ამისგან თავის დაზღვევის მიზნით, საჭირო არის ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გვაქვს საკმარისი რაოდენობის ვაქცინები და უნდა ავიცრათ ყველა, დავარწმუნოთ ჩვენი მშობლები, შვილები, ახლობლები, მეგობრები, რომ ყველა ავიცრათ. მე აცრილი ვარ, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. მთავარი არგუმენტი, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან. რამდენიმე ადამიანი ვიცი ჩემს ირგვლივ, ახლობლები, რომლებიც ძალიან ჯანმრთელები, გარდაიცვალნენ კოვიდის გამო. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კოვიდს შეეძლო გამოეწვია მათი სიკვდილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ყველა, რომ ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი თავი, ოჯახის წევრები, ახლობლები და ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა. კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა ინფორმაციისთვის: აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3 ამავე თემაზე: რეგიონებში მოსახლეობა საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ იცრება ცნობისთვის, NDI-მ 12 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევით, მოსახლეობის მიერ აცრაზე უარის თქმის მიზეზები განსაზღვრა. 47 პროცენტი ვაქცინის ხარისხს არ ენდობა და აუცრელობის მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. შემდეგ მოდის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ მიზეზით 20% ამბობს აცრაზე უარს. 13% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გაუმკლავდება. 7%-ის აზრით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს. ზოგადად, ვაქცინების წინააღმდეგია 2%. კითხვაზე პასუხი: სხვა - 5%, არ ვიცი - 5%. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი კვლავ მაღალია. მხოლოდ 35 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, ხოლო 47 პროცენტი - არ აიცრებოდა. ვაქცინის მიმართ სკეპტიციზმი ყველაზე მეტად 55 წლამდე მოსახლეობაში, თბილისისს გარეთ მცხოვრებ ადამიანებში და ეკონომიკურად ნაკლებად შეძლებულ მოქალაქეებში შეინიშნება.ამასთან, საქართველოში მოქალაქეების 42%-ს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. ინფორმაციის ნაკლებობა განსაკუთრებით მაღალია, 47% სოფლის ტიპის დასახლებებშია. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 45 % ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ცუდად მიმდინარეობს. მოსახლეობის 54%-მა არ იცის, როგორ დარეგისტრირდეს ვაქცინაციისთვის. ეს მაჩვენებელი სოფლის ტიპის დასახლებებში 71-ია.
მეუფე მელქისედეკი: სულ ახლახან, ათონის მთაზე ვიყავი, იქაურმა ბერებმა დამიდასტურეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ
სულ ახლახან ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, - ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე) სოციალურ ქსელში წერს. როგორც მეუფე მელქისედეკი აღნიშნავს, ჩვენ დაუნდობელ ომში ვიმყოფებით და ვაქცინის გარდა ამ ომში სხვა იარაღი არ გვაქვს. "დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი. პირდაპირ უნდა ვთქვათ- ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად- ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს. თავად მეც მქონდა ეს დაავადება და მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი. როდესაც წმინდა სინოდის სხდომაზე ამ საკითხებზე ვმსჯელობდით, გარკვევით ვთქვით, რომ დაუშვებელია დაძალება მოხდეს რომელიმე მხარეზე და ეს ასეცაა. ჩვენი ვალდებულება ის კი არაა, რომ ვინმეს რაიმე დავაძალოთ, არამედ ის, რომ ძმური სიყვარულით, სამეცნიერო არგუმენტებითა და ავტორიტეტული წყაროების მოშველიებით მარტივ ენაზე ავუხსნათ ჩვენს თანამოქალაქეებს იმ სიტუაციის ავკარგიანობის შესახებ, რომელშიც ვიმყოფებით. ამისთვის კი უპირველესად იმის გააზრება გვჭირდება, რომ თავისუფლება რაღაც აბსტრაქტული წარმონაქმნი კი არაა, რომელიც სხვადასხვა ბრუნვაში შეგვიძლია გამოვიყენოთ, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სხვა ადამიანთა - ღვთის ხატთა და მსგავსთა წინაშე გვაკისრია. სულ ახლახანს ათონის მთაზე გახლდით, მოვილოცე იქაური მონასტრები, ვესაუბრე მათ წინამძღვრებსა და იქ მოღვაწე ბერებს, რომლებმაც დაადასტურეს სამედიცინო მიღწევებისადმი პატივისცემა და მითხრეს, რომ თავადაც აცრილები იყვნენ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო ინფორმაციაა. ყურადღებით ვაკვირდებოდი ე.წ. ანტივაქსერთა კომენტარებს და გარდა მითებისა (რომ თითქოს ჩვენი დაჩიპვა უნდათ, ბლუთუზს დავიჭერთ და ა.შ.) ისინი იმ ხაზს მიჰყვებიან, რომ თუ აცრილიც ავადდება კოვიდით, რაღა საჭიროა მისი გაკეთება და რომ ისრაელში კია ბევრი აცრილი, მაგრამ მაინც მაღალი ციფრი ფიქსირდება ინფიცირების. დაკვირვებით გავეცანი ქართულ თუ უცხოურ სტატისტიკურ მონაცემებს, ვესაუბრე ამ სფეროს სპეციალისტებს (რომლებიც როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობენ) და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, ვაქცინაციის შემდეგაც კი შეიძლება კოვიდით დავავადდეთ, მაგრამ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭირეობა. იმავე ისრაელშიც კი დაფიქსირდა ინფიცირების მატება, თუმცა არა გარდაცვალების და ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ესაა - დავიცვათ ადამიანისადმი ღვთივბოძებული სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ მას. ეს კი უპირველესად პასუხისმგებლობის აღებაში გამოიხატება- ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად. ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი. ბევრი განსაცდელი გადაგვიტანია და უფლის მადლით ამასაც გადავიტანთ, მთავარია არ დავკარგოთ ღვთის იმედი და გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც გვაკისრია", - წერს მეუფე მელქისედეკი Facebook-ში. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5359 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში საერთო ჯამში ვაქცინირებულთა რაოდენობა 700 000-ს გადასცდა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით, ანკარამ წვრთნებს - „კავკასიის არწივი“ უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების მონაწილეობით ანკარამ წვრთნებს - „კავკასიის არწივი“ უმასპინძლა. ინფორმაცია Report.az-მა გაავრცელა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხცადებით, სწავლება ჩატარდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების და გამოცდილების გაზიარების მიზნით. საქართველომ სამმხრივ საველე სწავლებას „კავკასიის არწივი 2017“ პირველად 2017 წელს უმასპინძლა. ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის განვითარების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ურთიერთკოორდინაციის დახვეწის მიზნით სპეციალურ დავალებებს ასრულებდნენ. სწავლებაში მონაწილეობდა სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები. სამხედროებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ. ეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი რიგით მესამე სწავლება იყო. მანამდე აღნიშნულ სწავლებას ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.