ძებნის რეზულტატი:
მარინა ეზუგბაია: უნდა გამკაცრდეს არსებული რეგულაციების აღსრულება. დარღვევის შემთხვევაში, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები
"გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. დარღვევის შემთხვევაში, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ ეპიდსიტუაციას დავაღწიოთ თავი. "ჩემი პირად აზრი გახლავთ, რომ ადამიანებმა, მოქალაქეებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. როცა შეზღუდვები მოიხსნა, ქვეყანაში დარჩა რეგულაციები - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა ანუ გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, გარკვეულწილად, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ. იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაცულები იყვნენ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციების შესრულებისთვის. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ ეპიდსიტუაციას დავაღწიოთ თავი", - განაცხდაა ეზუგბაიამ. მისი თქმით, "დელტა" შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. "ეს შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. უფრო რთულია პაციენტების მართვა. გარდა ამისა, გავრცელების ასეთი სიხშირე ზრდის პაციენტების რაოდენობას. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ ფილმის გადასაღებად კულტურის სამინისტრო კონკურსს აცხადებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების მიზნით კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა. თეა წულუკიანმა პროექტს ისტორიული და უპრეცედენო უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ხარისხიანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე წარდგება. კონკურსი სიმბოლურად სწორედ 12 აგვისტოს გამოცხადდება და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ. მოცემული ფილმის გადაღება რამდენიმეწლიანი კომპლექსური სახელმწიფო პროექტია და შესაბამისად კონკურსიც რამდენიმე ეტაპად იყოფა. სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსიის ჩაბარების შემდეგ, კომისია განიხილავს სცენარს. კომისიის მსჯელობის შემდეგ და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კომპანიას მიეცემა ერთთვიანი ვადა სრულყოფილი სცენარის საბოლოო ვერსიის დაწერისათვის. მოცემული სამუშაო დაფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით. ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ თანხას ლარში და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე. ეტაპი 4 სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ. ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.
BBC: პოლონეთის კოალიციური მთავრობა მედიასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრამდე იშლება
პოლონეთის კოალიციური მთავრობა ჩამოშლის პირასაა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ თანამდებობიდან მისი მოადგილე გადააყენა. უკვე ყოფილი ვიცე-პრემიერი იაროსლავ გოვინი კანონში ცვლილებას ეწინააღმდეგება. საუბარია მედიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ძირითადი კენჭისყრის წინა დღეს, რომელიც კრიტიკოსების აზრით, მცდელობაა, გააჩუმოს ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეარხი. BBC-ის ცნობით, კანონპროექტის განხილვას საპროტესტო აქციაც მოჰყვა მთავრობა ამბობს, რომ კანონი, რომელიც ბლოკავს არაევროპულ ფირმებს პოლონურ მედიაკომპანიებში, საჭიროა მტრული უცხოური ძალების მიერ მაუწყებლებზე კონტროლის აღსაკვეთად. კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ.
გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრულთა 75% -ზე მეტი სრულად აცრილია
გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრულთა 75% სრულად აცრილია. სულ 39,688,566 ადამიანმა მიიღო ორივე დოზა, ხოლო 7 მილიონს მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ფაქტს უზარმაზარი ეროვნული მიღწევა უწოდა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ანგარიშით, სავარაუდოდ, ვაქცინამ 60,000 ადამიანი იხსნა სიკვდილისგან, 22 მილიონი კი ინფიცირებისგან. მთავრობამ აღნიშნა, რომ Pfizer-ის ან AstraZeneca-ს ვაქცინების ორი დოზა 90% -ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების დროს, რაც ახლა დომინანტურია დიდ ბრიტანეთში.
კვირის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრო საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით მიმართავს
ჯანდაცვის სამინისტრო უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციებით კვირის ბოლოს მიმართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. „დღეს ოთხშაბათია, შესაბამისად, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდეგი რეკომენდაციები რეგულაციებთან მიმართებაში. ჩვენ კვირის ბოლოს კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ჯერ სამინისტროში, ჩამოვყალიბდებით რა იქნება შემდეგი რეკომენდაცია და ამას როგორც ყოველთვის, წერილობითი ფორმით მივაწვდით საბჭოს განხილვისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა 10 აგვისტოს გამოვლინდა.
ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შესახებ. ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა გაერთიანდნენ და "იბრძოლონ თავიანთი ერისთვის". "20 წლის განმავლობაში, ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. 300 ათასზე მეტი ავღანელი სამხედრო გავწვრთნეთ და თანამედროვე აღჭურვილობა მივაწოდეთ. ავღანელი ლიდერები უნდა გაერთიანდნენ. მათ თავად უნდა იბრძოლონ. მათ თავიანთი ქვეყნისთვის უნდა იბრძოლონ", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ შეასრულებს თავის ვალდებულებებს საჰაერო დახმარების გაწევის, ავღანური ძალების საკვებითა და აღჭურვილობით მომარაგებისა და მათი ხელფასების გადახდის შესახებ. შეგახსენებთ, რომ აპრილში ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა. 1-ელ მაისს კი შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.
ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, მათ შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა
ალჟირში ტყის ხანძრებისგან დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, დაღუპულთა შორის 28 სამხედრო მოსამსახურეა. 12 სამხედროს კი მძიმე დამწვრობა აღენიშნება. ისინი ხანძრის ჩაქრობას ცდილობდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა დაღუპულთა გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ჩრდილოეთ ალჟირის ტყეებში ორშაბათს ათობით ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კამელ ბელჯუდმა განაცხადა, რომ გარკვეულმა პირებმა ტყეებს ცეცხლი განგებ წაუკიდეს. "მხოლოდ კრიმინალები შეიძლება იდგეს ერთდროულად დაახლოებით 50 ხანძრის გაჩენის უკან", - აღნიშნა მინისტრმა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ამჟამად ხანძრებს ალჟირის, სულ მცირე, 16 პროვინციაში ებრძვიან. მეხანძრეები და არმია ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.
პრემიერი: მიპასუხონ კრიტიკოსებმა, რატომ არ უნდა ჩამოგვეწერა 70 მილიონის ჯარიმები მოსახლეობისთვის, რომელმაც 2020 წელს წესები და რეგულაციები არ იცოდა
ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი და ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წელს ხალხმა არ იცოდა ეს წესები, მაგრამ ახლა ეს წესები ყველამ იცის და აუნდა დაიცვას. „ბოლო დღეების განმავლობაში აჟიოტაჟი ატყდა, რატომ ჩამოაწერა პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ ხალხს ის ჯარიმები, რომელიც დაგროვდა 2020 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეს იყო სიახლე, ყველანი ვიყავით შოკში, შეილება ასე ითქვას და ბევრ ადამიანს ნებსით თუ უნებლიედ მოუწია დარღვევა პირბადის ტარების, შეიძლება გადაადგილების დროს და დაგროვდა ჯარიმები. საკმაოდ დიდი თანხა შეადგინა ამ ჯარიმების მოცულობამ - 70 მილიონი. მე მაშინ გუნდში დავაყენე საკითხი დაა ვთქვი, რომ ისედაც გაჭირვებულ და გაღარიბებულ მოსახლეობას ამ 70 მილიონს ნუ გამოვართმევთ. პანდემია, ჩვენ ყველას ხელი შევუწყეთ, ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარეთ. გამცეს პასუხი ყველა კრიტიკოსმა, რატომ არ უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც 2020 წელს არ იცოდა ეს წესები და რეგულაციები და დაარღვია, მაგრამ ახლა, ვინაიდან ვიცით, რომ ეს წესები როგორ მოქმედებს და რაოდენ მნიშვნელოვანია, ყველას გთხოვთ, რომ ეს წესები დავიცვათ. მოტივაცია იყო განმარტებული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ უნდათ, რომ გაიგონ. მოტივაცია იყო ის, რომ ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას ეს 70 მილიონი არ უნდა წავართვათ და ეს ძალიან ბუნებრივი და გონივრული იყო ამ სიტუაციაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, აბულის მთაზე მეხის დაცემის შედეგად 500-ზე მეტი ცხვარი მოკვდა
სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე ცხვრის ფარას მეხი დაეცა, რის შედეგადაც 530 ცხვარი მოკვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია გამოცემა JNEWS ავრცელებს. მედიის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ეკუთვნის ადგილობრივ ფერმერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი კახეთიდან ფერმერებს. JNEWS, ასევე, წერს, რომ ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება ამ საძოვრებზე. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1 500 სულ ცხვარს აძოვებენ. როგორვ JNEWS-ი წერს, ფერმერ ნიკოლაი ლევანოვს მწყემსმა 9 აგვისტოს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკა და აცნობა, რომ ცხვრის ფარას მეხი ორჯერ დაეცა და ცხვარები დაიხოცნენ. საერთო ჯამში, 530 სული პირუტყვი დაიღუპა, აქედან 160 ნიკოლაის ეკუთვნოდა.
ლიონელ მესი „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია
ლიონელ მესი ოფიციალურად „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას პარიზული კლუბი Twitter-ზე ავრცელებს. „პარი სენ-ჟერმენი“ სიამოვნებით აცხადებს, რომ ლეო მესიმ ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს, ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. პარიზულ კლუბში მესი 30-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ცნობისთვის, ლიონელ მესი ბარსელონას მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად 10-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ ესპანეთის თასის და 8-ჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში კი 4-ჯერ გაიმარჯვა.
ილია მეორე: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვაქცინაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ილია მეორის განცხადებით, აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის. ამასთანავე, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება. „კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი: აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვებისთვის. ვაქცინაციასთან მიმართებით ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში. ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია. ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. ცნობისთვის, სასულიერო პირების ნაწილი თავადაც ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში, გუშინ კი დეკანოზმა თამაზ ლომიძემ განაცხადა, რომ "აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში".
ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მასწავლებლებისა და საგანმანათლებლო ცენტრებში დასაქმებული პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო უნდა გახდეს. ფაუჩის აზრით, მოსწავლეებისა და სტუდენტების ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელია მასწავლებლების აცრა, განსაკუთრებით კი დელტა ვარიანტის გავრცელების პირობებში. ფაუჩიმ აღიარა, რომ მისმა პოზიციამ შეიძლება გააღიზიანოს ზოგიერთი ადამიანი, ვინც მასწავლებლების ვაქცინის წინააღმდეგია. "დიახ, ვიცი, რომ ამით ზოგიერთ ადამიანს გავანაწყენებ, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, თუ რატომ არის ვაქცინაცია ასეთი მნიშვნელოვანი".- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისი აზრით, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებში, კოლეჯებსა და სკოლებში დასაქმებულ პირებს ვაქცინაცია არა ფედერალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე უნდა მოეთხოვოთ. "ვიცი, რომ ადამიანებს ინდივიდუალური თავისუფლება უნდა ჰქონდეთ და მათ არ უნდა ვეუბნებოდეთ როგორ მოიქცნენ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ახლა იმდენად სერიოზულ სიტუაციაში ვართ, რომ ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს", - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა
11 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 688 940-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 23 935 ადამიანი აიცრა. "COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მადლობას უხდის თითოეულ მოქალაქეს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის და ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი ყოველდღიურად კიდევ უფრო გაიზრდება", - ნათქვამია ცენტრს განცხადებაში.
გომბორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
გომბორთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. Europetime-ის ინფორმაციით გარდაცვლილია ერთი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
შსს პატრულ-ინსპექტორის ბრალდებებს პასუხობს
შსს „ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ“. უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელები ამ თანამშრომელს, მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების და უკანონო საქმიანობის შესახებ გაესაუბრნენ, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება. „ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინარულ გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი თამაზ ჯოხაძე ამბობს, რომ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე ათავისუფლებენ. მან Facebook-ის პირად გვერდზე LIVE- ვიდეოში დაასახელა ადამიანები, რომლებმაც, როგორც თავად ამბობს, პოლიციიდან წასვლა მოსთხოვეს.
ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა
ლატვია და ლიეტუვა ბელარუსიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერებას ცდილობენ. ლატვიამ ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ლიეტუვა ბარიერს ააშენებს. ამ თემაზე სტატია Guardian-მა მოამზადა. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთთან ერთად, ლუკაშენკოს ჰიბრიდულ ომის ფორმების გამოყენებაში სდებენ ბრალს. მათ ბრიუსელსაც მიმართეს დახმარების თხოვნით. „ლუკაშენკო იყენებს მიგრაციას, როგორც იარაღს”, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსადამ. „ეს არის ლუკაშენკოს ჰიბრიდული კამპანია ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ საზღვრის მთლიანობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა. ვილნიუსი, რიგა და ვარშავა მიიჩნევენ, რომ ლუკაშენკო იყენებს მიგრანტებს, რათა მოახდინოს ზეწოლა ევროკავშირის სანქციების მოხსნის მიზნით, რომლებიც დაწესებულია წინა წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპონენტებზე სასტიკი ზეწოლის გამო. „ჩვენ არავის ვაშანტაჟებთ არალეგალური მიგრაციით”, - განუცხადა ლუკაშენკომ მინსკში ჟურნალისტებს. „გვაიძულებთ, რეაგირება მოვახდინოთ. და ჩვენ ვრეაგირებთ“, - დაამატა ლუკაშენკომ. ბელარუსმა მიგრანტების ლიეტუვაში უკანონოდ შეშვება ევროკავშირის მკაცრი სანქციების შემდეგ გადაწყვიტა.
გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბრიტანელი დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრიტანელი კაცი დააკავეს, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. BBC-ის ცნობით, კაცი ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოში მუშაობდა და ბრალდების მტკიცებით, დოკუმენტებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს ფულის სანაცვლოდ გადასცემდა. ბრიტანელი კაცი პოტსდამში დააკავეს.
აშშ-ის სენატმა $3,5 ტრილიონიანი საბიუჯეტო გეგმა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა დაამტკიცა $3,5 ტრილიონიანი საბიუჯეტო გეგმა, რომლის მიზანია სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა და გარემოს დაცვა. იუწყება ამერიკული მედია. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ შემდგომი ათი წლის განმავლობაში ტრილიონობით დოლარს მოახმარს ოჯახების დახმარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას. ამასთან, გათვალისწინებულია მსხვილი ბიზნესებისთვის გადასახადების გაზრდა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე იქნება გადასახადი ნახშირბადის საწვავის იმპორტზე.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ახალი რეკომენდაციების თანახმად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, სააგენტომ დაასკვნა, რომ ორსულებისთვისაც და მათთვისაც, ვინც ორსულობას გეგმავს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა. „CDC მოუწოდებს ყველა ორსულს ან იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს დაორსულებაზე და ძუძუთი კვებაზე, მიიღოს ვაქცინაცია. ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია. არასოდეს ყოფილა უფრო გადაუდებელი ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, რადგან ჩვენ ვდგავართ უაღრესად გადამდები „დელტა“ ვარიანტის წინაშე და ვხედავთ მძიმე შედეგებს COVID19-ით გამოწვეული გართულებებისა არავაქცინირებულ ორსულებს შორის”, - განაცხადა დირექტორმა როშელ ვალენსკიმ. CDC-ის თანახმად, მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მუცლის მოშლის რისკი იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც მიიღეს Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინა ორსულობის 20 კვირამდე. თუმცა, ვაქცინაცია უსაფრთხო მხოლოდ 20 კვირამდე პერიოდში არ არის. მეცნიერთა თქმით, გვიანი ორსულობის დროს იმუნიზაცია არც დედას და არც შვილს არავითარ დამატებით საფრთხეს არ უქმნის.
მედია: ასობით ავღანელი ჯარისკაცი „თალიბებს“ ჩაბარდა
ჩრდილოეთ ავღანეთში ასობით ავღანელი ჯარისკაცი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ავღანელ ჯარისკაცებზე დაყრდნობით, The Washington Post-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ორმა ავღანელმა ჯარისკაცმა მედიასთან ანონიმურად განაცხადა, რომ ყუნდუზის პირას მდებარე სამხედრო ბაზაზე დღეების გატარების შემდეგ, ავღანეთის არმიის მთელი კორპუსი ოთხშაბათს დილით ჩაბარდა „თალიბანის“ მებრძოლებს და მათ აღჭურვილობაც გადასცეს, უმეტესობა ამერიკული . საერთო ჯამში, თალიბებმა ცხრა პროვინციის დედაქალაქი დაიკავეს. ამავე თემაზე: ავღანეთი: „თალიბანი“ გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის ბენ ჰოჯესი: აშშ-მა ავღანეთიდან სასწრაფო ემიგრაცია უნდა შესთავაზოს თარჯიმნებს, ან მათ, ვისაც განსაკუთრებით დაემუქრება თალიბანი თუ ისევ „თალიბების“ ხელში აღმოჩნდა ავღანეთი, „ლაპის ლაზულის“ პროექტზე, რომელშიც საქართველოც ჩართულია, წარმოუდგენელი იქნება საუბარი - ექსპერტების ხედვა ჯო ბაიდენმა ავღანელი ლტოლვილებისათვის $100 მილიონი გამოყოფის ნებართვა გასცა ჯო ბაიდენი: ავღანეთიდან ჯარების გაყვანას არ ვნანობ, ავღანელებმა თავად უნდა იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის