ძებნის რეზულტატი:
პორტუგალიაში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან
პორტუგალიაში, "დელტა" ვარიანტის გავრცელების ფონზე, მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე მოზარდებს აცრიან. როგორც პორტუგალიის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის აცრა Pfizer-BioNTech-ის და Moderna-ს ვაქცინებით მოხდება. "ვაქცინები ხელმისაწვდომი იქნება მოზარდებისთვის მშობლების ან კანონიერი მეურვეების თანხლებით, ექიმის დანიშნულების გარეშე", - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე.
სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სუს-ის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. „როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება. ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის, სამართლებრივი რეაგირებისა და შემდგომში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გახმაურების პრევენციის მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურებას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტმა სოლიდარობა გამოხატა მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა მასშტაბური ხანძრებით დაზარალებული თურქი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა, დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და სტიქიასთან ბრძოლაში გამძლეობა და წარმატება უსურვა. თურქეთის პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო არამხოლოდ თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მეგობარი ქვეყანაა და ეს დიდი მეგობრობა საქართველომ განსაცდელის ჟამს კიდევ ერთხელ დაადასტურა. მხარეებმა საქართველო - თურქეთის ორმხრივი, სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე, მათ განვითარებაზე და იმ შესაძლებლობების გაღრმავების საჭიროებაზე ისაუბრეს, რომლებიც არსებობს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია. პრეზიდენტებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში დაიძლევა კორონავირუსის პანდემია და შეუფერხებლად გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება.
აშშ-ში ორჯერ ვაქცინირებულთა 99.9 პროცენტში კოვიდინფექციის გართულების, ჰოსპიტალიზების ან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ორჯერ ვაქცინირებულთა 99.9 პროცენტში კოვიდინფექციის გართულების, ჰოსპიტალიზების ან სიკვდილის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. აშშ-ში ორივე დოზა დაახლოებით 165 მილიონამდე ადამიანს აქვს გაკეთებული, მათგან 0.001%-ზე ნაკლები, 1 507 ადამიანი გარდაიცვალა და 0.005%-ზე ნაკლები, 1 701 ადამიანი დაინფიცირდა. გართულებების 74% 65 წელს გადაცილებულებში დაფიქსირდა. 1 500 გარდაცვლილიდან კი, ყოველი მეხუთეს დაღუპვის მიზეზი სხვა დაავადება იყო.
თენგიზ ცერცვაძე: მაქვს ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულთა ნაწილი დადის ქუჩაში და მგზავრობს ტრანსპორტით, კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გააკონტროლოს
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, ახალი შემთხვევების კონტროლი გაგვიჭირდება. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ პაციენტების ნაწილი, რომელიც ბინაზე მკურნალობს, თვითიზოლაციის წესებს არღვევს და ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი, არამარტო ქუჩაში დადიან, ასევე მიდიან სტუმრად.ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი შესაბამის სტრუქტურას მოუწოდებს, მკაცრად გააკონტროლოს მსგავსი შემთხვევები, წინააღმდეგ შემთხვევაში. მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები კონტროლი გართულდება. "მაქვს ინფორმაცია, რომ ბინაზე დარჩენილი, დაახლოებით 35 000 ავადმყოფიდან ნაწილი, არ იცავს თვითიზოლაციას, დადის ქუჩაში და მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ამავე დროს, სერიოზული ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ასეთი შემთხვევების ძალიან მაღალი რიცხვის შენარჩუნებას. კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კოვიდინფიცირებულია და ასევე, ჯანდაცვის სისტემას, თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას, არ ვიცი კიდევ ვის ხელეწიფება, გააკონტროლოს ადამიანები, რომელთაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, 12 დღის მანძილზე დაიცვან თვითიზოლაციის პრინციპი, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოს სახლი, არ გამოვიდნენ ქუჩაში, არ იარონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ისინი სტუმრადაც კი მიდიან და საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას. თუკი ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტი არ აღმოიფხვრა, პირბადეების ტარება რომც კარგად გავაკონტროლოთ, მაინც გაგვიჭირდება ახალი შემთხვევების კონტროლი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა
ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო თანამდებობას ტოვებს. ფაქტს წინ უძღვის იმპიჩმენტის გამოძიება, რომელიც კუომოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ამ ბრალდებას ის პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს, რადგან არ სურს, რომ ხელი შეუშალოს ნიუ-იორკს. "ნიუ-იორკელი ვარ, აქ დაბადებული და გაზრდილი. მე მებრძოლი ვარ და ჩემი ინსტინქტი მკარნახობს, რომ ვიბრძოლო ბოლომდე, რადგან ნამდვილად მჯერა, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურადაა მოტივირებული. მჯერა, რომ ეს არ არის სამართლიანი და იმ ქცევის დემონიზებას ახდენს, რომელიც საზოგადოებისთვის არამდგრადია", - აღნიშნა კუომომ განცხადებაში. გასულ კვირას, ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი. ამ ბრალდებებს ის უარყოფს. ენდრიუ კუომოს ადგილს 62 წლის ქეით ჰოქული დაიკავებს, რომელიც ნიუ-იორკის პირველი ქალი გუბერნატორი იქნება.
ლევან რატიანი: ჩვენც გაგვიფრთხილდით, ექიმებს. ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებთ, კორონავირუსის გავრცელების გეომეტრიული პროგრესიით მატების პირობებში, შეიძლება სამედიცინო სექტორი უფსკრულის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. ლევან რატიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან წესების დაცვა, პირბადის ტარება და დისტანციის შენარჩუნება. "წელიწადი და შვიდი თვეა რაც პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ მთელი ქვეყანა. ამ დღეებში ყველას გვაქვს განცდა, რომ ერთმანეთის თავები ვერ დავიცავით. განსაკუთრებით ძნელია კოვიდთან ბრძოლა დღევანდელ დღეს თითოეული ექიმისათვის. დამეთანხმება ნებისმიერი მედპერსონალი, რომ წელიწადი და შვიდი თვე არის ძალიან დიდი პერიოდი ექიმისთვის თუ ნებისმიერი ექთანის, სანიტარის თუ ადმინისტრაციისათვის. ყველა მუხლჩაუხრელად იბრძვის ამ ბრძოლაში. ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ჩვენც ვერ დავეწევით პაციენტის მოვლას. გამგებმა გაიგოს, ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. მიმდინარეობს მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცავით წესები რაც პირბადის ტარებას, დისტანციას და ელემენტარულ ჰიგიენას შეეხება. მართალია, მოგვენატრა ერთმანეთთან ურთიერთობა, სიმღერაც და გართობაც, მაგრამ ეს უნდა გაწყდეს აუცილებლად", - განაცხადა ლევან რატიანმა. მისი თქმით, "დელტა" შტამს აქვს ვერაგი მიმდინარეობა და ის მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილებს. "ახალი შტამის გამო, ბევრად უფრო რთულად მიმდინარეობს პროცესი. თუკი ადრე ორსულების 20%-ს სჭირდებოდა ჟანგბადის თერაპია, ამჟამად 95% საჭიროებს ჟანგბადის თერაპიას. "დელტა" შტამს აქვს ვერაგი მიმდინარეობა და ის მასიურად აზიანებს ფილტვის ქსოვილებს. უფრო მწვავედ მიმდინარეობს ცხელებაც. თუკი ვუჰანის შტამის დროს მთავარი რისკ ფაქტორები ასაკი და ქრონიკული დაავადებები იყო, დღეს ასე აღარაა და უფრო მეტი ახალგაზრდა ხვდება რეანიმაციაში აპარატზე. ჩვენ 40 სარეანიმაციო საწოლი გვაქვს და მათი 80% ახალგაზრდებს უჭირავთ. ამიტომ ვართ მოვალე, რომ ერიც, ბერიც, მტერიც და მოყვარეც, რომ გართულებული ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ერთმანეთის სიცოცხლეები უნდა გადავარჩინოთ. ჩვენც გაგვიფრთხილდით, ექიმებს, ჩვენც გვინდა, რომ ვიცოცხლოთ!,"- განაცხადა რატიანმა.
ჩინეთში, ქალაქ უჰანში, ყველა მოსახლეს ტესტირება ჩაუტარეს - 11 მილიონი ადამიანიდან ინფიცირებული მხოლოდ 78 აღმოჩნდა
ჩინეთში, ქალაქ უჰანში, კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად ყველა მოსახლეს ტესტირება ჩაუტარეს. თითქმის 11 მილიონი ადამიანიდან ინფიცირებული მხოლოდ 78-ს გამოუვლიდა. France Press-ი იუწყება, რომ ტესტირება გასულ კვირას, სამშაბათს დაიწყო. 37 სიმპტომური შემთხვევის გარდა, 41 ასიმპტომური პაციენტიც გამოავლინეს. კვლევა მხოლოდ 6 წელს ქვემოთ ბავშვებში არ ჩატარდა. ჩინეთში შიდა გავრცელება მთლიანად შეჩერებული იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას უკავშირებენ. ჩინეთში 60%-ზე მეტი უკვე აცრილია. ჩინური კომპანია Sinopharm-ი აცხადებს, რომ მათი ვაქცინა, რომლითაც ჩინეთში მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრა, „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 68%-ით ეფექტურია. ანალოგიურს ამტკიცებს Sinovac-იც. ამ ვაქცინის მწარმოებლების თქმით, ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ პრეპარატს „დელტა“ შტამის ნეიტრალიზება შეუძლია. „დელტა“ შტამის დაფიქსირების გამო ვუჰანი კორონავირუსზე მასობრივ ტესტირებას იწყებს
დეკანოზი თამაზ ლომიძე: აცრა ღვთის წყალობაა ამ განსაცდელში
"აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში.", - ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. სასულიერო პირის თქმით, ეპიდემიის დასამარცხებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ვაქცინაცია აუცილებელია. "მე სრულად აცრილი ვარ. ჩემი ოჯახის ყველა წევრიც აიცრა. ვინც აზრს მეკითხება, ყველას ვურჩევ, სასწრაფოდ აიცრას. არ გამაჩნია არავითარი შიში და ეჭვი ამასთან დაკავშირებით. აცრა არის ღვთის წყალობა ამ განსაცდელში. აცრა აუცილებელია სიცოცხლის გადასარჩენად და ეპიდემიის დასამარცხებლად. როდემდე უნდა გამოსცადოთ ღმერთი?! ნუ გადააგდებთ ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს დაუდევრობისა და რაღაც უაზრო ცრურწმენების გამო. დაფიქრდით და გაიგეთ: დღეს აცრა არის სიცოცხლის გადარჩენა", - წერს დეკანოზი Facebook-ის გვერდზე.
გლდანში ერთ-ერთი რესტორანი, სადაც ქორწილი იმართებოდა, 10 000 ლარით დაჯარიმდა
თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთი რესტორანი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შრომის ინსპექციამ დააჯარიმა. უწყების ცნობით, რესტორანში აკრძალული სოციალური ღონისძიება, ქორწილი იმართებოდა, რის გამოც შრომის ინსპექციის სამსახურმა იურიდიული პირი 10 000 ლარით დააჯარიმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისთვის, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა, კვების ობიექტები და სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება, განმეორების შემთხვევაში კი დაწესებულება დაილუქება. ფიზიკური პირი კი 2 000 ლარით ჯარმდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: შინდისის გმირების თავგანწირვა არის ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს
შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ადმინისტრციის ცნობით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს. "13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს. სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პარტია „ელენე ხოშტარია - დროა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს
გაუარესებული ეპიდვითარების გამო, პარტია „ელენე ხოშტარია - დროა“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე უარს ამბობს.ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რომელიც, შესაძლოა, ადამიანის ინფიცირების წყარო გახდეს. ამასთანავე გაიხსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ როგორც დარეგისტრირებას, ასევე ვაქცინაციას. პარტია მზაობას გამოხატავს მოქალაქეებს ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს. “საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონა ვირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 მათგანი გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტური კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს. პარტია “ელენე ხოშტარია - დროა” მოვითხოვთ ხელისუფლებისგან: • დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო. • გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის. მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე – 599 192 277; 598 642 956; მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია “ელენე ხოშტარია – დროა” უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით – პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
შინდისის გმირს, უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა
შინდისის გმირს, უმცროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია. "13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას. 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას. შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს. ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვის და უიმედობის საბაბი არ აქვს. სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს. არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2635 პაციენტი. 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში 461 198 კორონავირუსის შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 6230 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 430 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 564 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 866 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 10 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.33% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.27%. ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან 2 363 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 45 832, საიდანაც 6 578 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 075, აჭარაში - 862, იმერეთში - 941. მძიმე პაციენტი: 1 322, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 134, იმერეთში - 322. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 302, მათგან თბილისში - 197, აჭარაში - 22, იმერეთში - 17 3 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 401 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 36 016 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 53 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 5. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 015 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 087 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 802, პირი, აჭარაში - 5 433, იმერეთში - 3 783.
„დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო, იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს“... შინდისის გმირების ისტორია
დღეს გორის რაიონის სოფელ შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. 11 აგვისტო ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია 2008 წლის ომიდან. ამ ბრძოლაში სენაკის მეორე ბრიგადის 17 ჯარისკაცი, რომლებმაც თავგანწირვის და სიმამაცის მაგალითი აჩვენეს, გმირულად დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე. ალეკო ონიანმა, თავის დაჭრილ ნათლულ, რომან ზოიძესთან ერთად, თავი აიფეთქა, მტერს ტყვედ რომ არ ჩავარდნოდა. ირაკლი ჯანელიძე, ნიკოლოზ ფორჩხაძე, მარლენ ბარამია, ლევან მელქაძე და შმაგი კუპატაძე პირველივე დარტყმის დროს დაკარგეს. 5 ჯარისკაცი კოლონის პირველივე მანქანაში მოკლა მტერმა, დანარჩენები თითქმის საათი და 20 წუთი განუწყვეტლივ უტევდნენ ოკუპანტებს. მტერს ეგონა, ბატალიონი თუ არა, ასეული ებრძოდა. არქივი შინდისის გმირების ისტორიას ინახავს: „ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს. „მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი", - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა“ მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება. მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა. აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლული, კიდევ ერთი ღირსეული ვაჟკაცი რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა", - კბილებში გამოცრა თურმე გმირმა. „ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა. ასე გალობითა და ლოცვით გადავიდა იმიერ საქართველოში, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვა", - ჰყვებიან შინდისელები. 10 აგვისტოს, მიხეილ დვალიშვილმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ". 21 წლის იყო მიხეილ დვალიშვილი მის ერთ-ერთ ლექსში ის ამბობს: „რა გავაკეთეთ ამ ქვეყანაზე? არაფერი და ამ არაფერს ცხოვრება გვიშლის“. 21 წლის ბიჭს რა უნდა მოესწრო? რუსლან წულაძე შესანიშნავად ხატავდა თურმე, სულ ტანკები და ბრძოლის სცენები ჰქონია დახატული. ბავშვობიდანვე ამბობდა, ჯარისკაცი უნდა გამოვიდე და ომში მოვკვდეო; მის რუს დედას, ქალბატონ ლიდიას, თურმე ხშირად აშინებდა უცნაური ლაპარაკით, - დედა, შენ საქართველოში იმიტომ ჩამოხვედი, რომ მე გაგეჩინე, გაგეზარდე, მერე კი მე ომში მომკლავენო. „ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულის კაცები და ვაჟკაცები, ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს", - ამ ლექსის ავტორიც მიხეილ დვალიშვილია. ის დაჯილდოებულია მხედრული მამაცობისთვის. მიხეილ დვალიშვილი ვანში, სოფელ მუქედში დაიბადა. მისი სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ აისრულა. „თუ გადავხედავთ საქართველოს უმდიდრეს წარსულს, ქვეყნის აწმყოზე ბევრი კითხვა დაგვებადება, რად გაღარიბდა საქართველო, მისი მთა-ბარი, მის მთლიანობას საზღვრის ბზარი რად ეკადრება?“ - მიხეილ დვალიშვილი „17 აგვისტომდე არ ვიცოდი, რომ დაღუპული იყო. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომ მისი საფლავი მაქვს დღეს. მუხათგვერდში, თავის ძმებთან ერთადაა……აგვისტოს ომამდე რამდენიმე ხნით ადრე, სახლში იყო ჩამოსული_ უცნაური მომეჩვენა_ძალიან თბილი, მოსიყვარულე ბიჭი იყო, მაგრამ იმ დღეს ყველას განსაკუთრებული სითბოთი გვექცეოდა… ერთ საღამოს მთხოვა, დედი, ამაღამ იავნანა მიმღერე ისე, როგორც ბავშვობაშიო… გაოცებულმა შევხედე, შევცბი.. ტანში საშინელი სიცივე ვიგრძენი, აუხსნელმა შიშმა შემიპყრო… ვუმღერე იავნანა.. იმ დღის მერე ჩემი შვილი ცოცხალი აღარ მინახავს… არც სხეული გამთბობია’’.... ამბობს მარო ზოიძე, შინდისელი გმირის, რომან ზოიძის დედა. სტატიაში გამოყენებულია კვირის პალიტრის და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მასალები
ირაკლი ღარიბაშვილი: შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს
შინდისის გმირებმა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ში წერს. "11 აგვისტო შინდისის ბრძოლის იმ 17 გმირის დღეა, ვინც ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული თავგანწირვის მაგალითი შექმნეს. ეს დღე გვარწმუნებს, რომ არ არსებობს დიდი და პატარა ბრძოლები, რადგან ნებისმიერი მასშტაბის ბრძოლა შეიძლება იქცეს სამშობლოსადმი მსახურების გაკვეთილად მომავალი თაობებისთვის. მთელ ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ქედს ვიხრი სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირთა ნათელი ხსოვნის წინაშე", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Facebook-მა რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ კამპანიებში ჩართული ასობით ანგარიში წაშალა
BBC-ის ცნობით, Facebook-მა წაშალა ასობით ანგარიში, რომლებიც, კომპანიის განმარტებით, ჩართულები იყვნენ რუსეთიდან მართულ ანტივაქსერულ დეზინფორმაციულ კამპანიებში. კომპანიის განცხადებით, ანგარიშების ქსელის სამიზნე იყო ინდოეთი, ლათინური ამერიკა და აშშ. ისინი ცდილობდნენ ინფლუენსერების მიზიდვას ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა ამ გზით კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიმართ საზოგადოების ნდობა შეერყიათ. Facebook-ის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს კავშირი ქსელსა და გავლენიანი მარკეტინგული სააგენტო Fazze-ის დეზინფორმაციის კამპანიას შორის, რომელიც რუსული კომპანიის, AdNow-ის ნაწილია. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს აღნიშნული ქსელის მიერ დასავლური ვაქცინებისთვის ლაქის მოცხების მეორე მცდელობაა. გასულ წელს იგივე ქსელი ცდილობდა, რომ Astrazeneca-ს ვაქცინა სახიფათო ვაქცინად წარმოეჩინა.
ეკატერინე ტიკარაძე: პიკს გავდივართ. სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისისტრის თქმით, რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი. ქვეყნის მასშტაბით 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული, მათი ძირითადი წილი კი თბილისზე მოდის. „როგორც უკვე მედიასთან არაერთხელ განვაცხადე, რა თქმა უნდა, ჩვენ გავდივართ პიკს. დღეს ჯერ გვაქვს საკმაოდ მაღალი დადებითობის მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგებისთვის და ჯანდაცვის სექტორისთვის ნიშანია, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ მზარდი იქნება. დღეს გვაქვს 46 ათასამდე აქტიური შემთხვევა. ამ შემთხვევების უმეტესობის ნაწილი ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან იმართება ბინაზე. 8 ათასამდე საწოლია მობილიზებული ქვეყნის მასშტაბით, საიდანაც ძირითადი წილი, რა თქმა უნდა, მოდის თბილისზე. ჩვენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებოდით თბილისში ინფექციის გავრცელების საკმაოდ მაღალ სიჩქარეს, რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული მიგრაციიდან გამომდინარე ადამიანები ავადდებოდნენ სხვადასხვა რეგიონში და შემდეგ ბრუნდებოდნენ თბილისში. დღესდღეობით, ჩვენ ვაკვირდებით, რომ რეგიონების ჭრილში, ინფექცია არის მზარდი, საწოლების მობილიზაცია, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს რეგიონების დონეზე. დღეს თბილისში 3 ათასზე მეტი პაციეტი გადის სტაციონარულ მკურნალობას, 900-მდე აჭარაში, 1000-მდე პაციენტი - იმერეთში", - განაცხადა ტიკარაძემ. როგორც ჯანსაცვის მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. "დადებითი დღეს არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ყოველდღიურად ვაკვირდებით მატებას, რომ ადამიანები უფრო და უფრო მაღალი ნდობით არიან ვაქცინის მიმართ განწყობილები, შესაბამისად, იღებენ გადაწყვეტილებას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სხვა წარმომადგენლები არაერთხელ აღვნიშნავთ, რომ ვაქცინაციის შედეგები იქნება შედარებით მოგვიანებით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ შევძლოთ ინფექციის მართვა და არსებული პიკის სტაბილიზაცია მოხდეს, მნიშვნელოვანია ინტენსიური პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და რეგულაციაზე ადეკვატური რეაგირება საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5352 ადამიანს დაუდასტურდა, 48 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ეკატერინე ტიკარაძე: ბავშვებში კოვიდინფექციის გავრცელებამ მოიმატა, მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს
„ბავშვებში კოვიდინფექციის გავრცელებამ მოიმატა, მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას „რა თქმა უნდა, ბავშვებთან დაკავშირებით საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში მომატებულია ინფიცირება. მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს, დაიცვან შვილები. დღეს ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც ჩვენ შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუმცა, თუ მსოფლიოში დაინერგება პრაქტიკა, ბავშვების ვაქცინაციაც საქართველოც დაიწყებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. რაც შეეხება სასწავლო პროცესის დაწყებას, როგორც ეკატერინე ტიკარაძე აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება სკოლაში მიიღონ განათლება. „ამაზე მსჯელობა შედარებით ადრეა. გამომდინარე იქიდან რომ ჯერ აგვისტოს დასაწყისია, სწავლა 15 სექტემბრიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად სტაბილური, რომ ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე მიიღონ განათლება“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.
იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan-ი საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ანახლებს
მიმდინარე წლის 12 აგვისტოდან, საქართველოს მიმართულებით ოპერირებას იორდანიული ავიაკომპანია Fly Jordan (Solitaire Air) განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს ამანი - ბათუმი - ამანის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. ავიარეისები ამანსა და ბათუმს შორის 12 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Fly Jordan-ს აღნიშნული მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს მიენიჭა. იორდანიულმა ჩარტერულმა ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 2017 წელს დაიწყო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს," - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.