ძებნის რეზულტატი:

თამარ გაბუნია: წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი

არჩევნები უკავშირდება მობილობის გაზრდას და ბუნებრივია, რომ ამას რისკებიც მოჰყვება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. წელს შეიცვალა რეკომენდაციები წინა წელთან შედარებით, დაემატა ვაქცინაციის რეკომენდაცია და სავალდებულო ტესტირება კვირაში ერთხელ საარჩევნო ადმინისტაციის წარმომადგენლოებისთვის. ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს „ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან არის დაკავშირებული. დღეს ვმუშაობათ ცესკოსთან, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილეთათვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. თამარ გაბუნიას განცხადებით, „წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების“. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რომლის კონტროლი შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხედება ნაკლებად საშიშია. თუმცა, უკონტროლო აქციების პირობებში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ეს იყო ძირითადი ბუსტერი და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისი განმარტებით, მსგავსი რისკი ყოველთვის არის, ვინაიდან „პოლიტიკური პროცესები არის გარკვეულწილად რთული“ თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ჩვეულ და რეგლირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე რისი გაკონტროლებაც შესაძლებელია და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, რადგან გადაზღვევა შესაძლებელია. ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

ღარიბაშვილი: 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა

„ქართული ოცნების“ მმართველობის 8-წლიანი პერიოდი, არის ის ერთადერთი უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ თავი ვერ აარიდა უმძიმეს პროვოკაციას. „ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც მოღალატეობრივად, ამას პირდაპირ უნდა დაერქვას სახელი, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ გადასცა მტერს და ოკუპანტს. მათ ვერ აარიდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს ასეთ უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა, მეგობრებო. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში მცხოვრებმა, ცხინვალის და ცხინვალის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა ყველა მოქალაქემ, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია, მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ მათ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, ჩაერთოთ მთელი მსოფლიო, გაერო და საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ უბრალოდ, ამას, რა თქმა უნდა, ისტორია თავის სახელს დაარქმევს, მაგრამ, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს, ასეთი მძიმე პროვოკაციის თავიდან არიდების ნაცვლად, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმულმა დაკარგული სახე აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია და მე აღარ მინდა ამის თაობაზე ბევრი ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ ჩემი დღევანდელი გამოსვლით მათ ვახსენებ, თუ ვინ არიან ისინი. დღეს, ვუყურებთ რა მათ საარჩევნო კამპანიას, გამოდიან შემდეგი ლოზუნგებით, რომ 2021 წლის მოახლოებული არჩევნები, თურმე არის რეფერენდუმი. კარგად, რომ გავარჩიოთ, რას გულისხმობენ ისინი. 2020 წლის არჩევნებში, ჩვენმა გუნდმა მეშვიდედ, დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვა. ჩვენ მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა ნდობა და მოგვცა მანდატი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად ძლიერად დავიცავთ და ბოლომდე მივიყვანთ ამ მანდატს. 2024 წლამდე ჩვენ გვაქვს მანდატი, ვმართოთ ეს ქვეყანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი: კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენიდან 3 თვეში, Pfizer-ი ვაქცინის განახლებულ ვერსიას შექმნის

კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ გლობალური ბიოფარმაცევტული კომპანიის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გაჩნდება, რომელიც ვაქცინისადმი მდგრადი იქნება. „ყოველ ჯერზე, როდესაც ახალი ვარიანტი ჩნდება მსოფლიოში, ჩვენი მეცნიერები მას იკვლევენ, რათა დაინახონ, შეძლებს თუ არა ეს ვარიანტი ჩვენი ვაქცინის დაცვის გარღვევას. ამგვარი ვარიანტი ჯერ არ არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, ერთ დღეს გაჩნდება“, - აღნიშნა კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში. ალბერტ ბურლამ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტის აღმოჩენიდან 3 თვეში Pfizer-ი ვაქცინის განახლებული ვერსიის შექმნას შეძლებს. „ჩვენ შევქმენით პროცესი, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის შემაშფოთებელი ვარიანტის გამოვლენიდან 95 დღის განმავლობაში აღნიშნულ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის მიღებას შევძლებთ“, - განაცხადა მან. ამავე თემაზე: ალბერტ ბურლა: Pfizer-ის კოვიდვაქცინის ეფექტიანობა ექვს თვეში 84%-ზე ჩამოდის Pfizer-ი: ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის​ კორონავირუსის სამკურნალო ანტივირუსული აბები Pfizer-მა შესაძლოა, წლის ბოლომდე გამოუშვას BioNTech-ის დამფუძნებლები: „დელტას“ წინააღმდეგ ვაქცინის კლინიკური კვლევები იწყება

ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე

ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე; მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილმა, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აბსოლუტურად ხელოვნურად ინსპირირებული, გამოგონილი ბრალდებებითა და პროვოკაციებით, საბოტაჟი და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას, რითაც მათ პრაქტიკულად დააზიანეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ვინაიდან დაიწყეს უსაფუძვლო სპეკულაციები, თითქოს არჩევნები გაყალბდა. „ამ დროს მილიონმა ადამიანმა, მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მმართველობას. შემდეგ, მოგეხსენებათ, ჩვენი დიდი მეგობრების - შარლ მიშელის, აშშ-ის დიდი დახმარებით, როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ ეს მავნებლები შეგვეყვანა პარლამენტში. ამის შემდეგ, ხედავთ, რომ მორიგი პროვოკაცია მზადდება - გამოაცხადეს რეფერენდუმი, უნდათ, წინასწარ დაიწყონ სპეკულაციები, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, თავისუფლად, გამჭვირვალედ. ყველას ვეუბნები, ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების აბსოლუტურად გამჭვირვალე, თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში ჩატარებაზე. მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი უნდა ჩამოვიდეს იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და გამოწვევა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გვესმის, ვისთან გვაქვს საქმე. ასევე, ჩვენ გვჭირდება მობილიზება ჩვენს ამომრჩეველს, კოორდინატორებს, აქტივისტებს, რომ არავის მივცეთ რაიმე სახის პროვოკაციის განხორციელების საშუალებას. არჩევნები ჩატარდება მაქსიმალურად მშვიდ და თავისუფალ, გამჭვირვალე პირობებში. ამას გარდა, მე გამოვედი ინიციატივით და ჩვენი პოლიტიკური გუნდი სრულად გვიჭერს მხარს, ჩვენი პარტია და ასევე ცესკო გამოეხმაურა ამ ინიციატივას, რომ არჩევნები ჩატარდეს კოვიდუსაფრთხო გარემოში. ჩვენ დავიწყეთ და მაქსიმალურად დავაჩქარეთ ვაქცინაციის ტემპები და დავუწყეთ კოორდინატორების, მერების, ყველა კანდიდატის აცრა და ეს ჩვენი პარტიით დავიწყეთ. ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ჩვენ ცესკოს შევთავაზეთ ვაქცინაციის პროცესის გაფართოება და თითოეული თანამშრომლის ჩართულობა ამ პროცესში, რაც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. გუშინ და გუშინწინ ჩვენ გვქონდა რეკორდული აცრები, 30 ათასს გადააჭარბა 24 საათში ჩატარებული აცრების რაოდენობამ, რაც სასიხარულოა, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თამარ გაბუნია: წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო მთავარი ბუსტერი საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

ღარიბაშვილი: ჩემი დავალებით ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა Pfizer-ის კიდევ შემოტანაზე

„ჩემი დავალებით ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა Pfizer-ის კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას. მისი თქმით, ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ. „აქედან ნაწილი ერთჯერადად, ნაწილი კი ორჯერადად აცრილი იქნება. ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი. ვუსმენ რა ჩვენს ექიმებს და სპეციალისტებს, მესმის, რომ შესაძლოა, 1 მილიონ ადამიანს უკვე გადატანილი აქვს კოვიდი. ჯამში გამოდის 3 მილიონი ჩვენი თანამოქალაქე, საიდანაც 2 მილიონი იქნება აცრილი, მილიონს გადატანილი ექნება კოვიდი. ჩვენი ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ სექტემბერი იქნება ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის და ჯანდაცვის სისტემისთვის, სექტემბერი იქნება რთული პერიოდი. ამას ემატება საარჩევნო კამპანია. რომ არ მივცეთ ამ მავნებლებს საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება, ისინი დაიწყებენ აჟიოტაჟს, სპეკულაციას, ისედაც იციან, რომ მარცხდებიან, ძალიან მაგრად მარცხდებიან, ამიტომ ოქროს შუალედის პოვნა დაგვჭირდება. ჩვენ ყველამ ერთად სექტემბერიც უნდა ჩავამთავროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ ეფექტიანად, არჩევნები ჩავატაროთ კოვიდუსაფრთხოდ და ჩვენი პროგნოზებით, ოქტომბერი იქნება სტაბილურობის პერიოდი. რაც მთავრია, ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ეკონომიკა არ დავკეტოთ და ჩვენი ათასობით მოქალაქე არ გამოვკეტოთ სახლში შემოსავლის და სარჩოს გარეშე. მინდა, ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობამდე მივიტანოთ, ჩვენი ხედვა ვაჩვენოთ. სექტემბერი ერთად, ბოლომდე, ძლიერად უნდა გავიაროთ, ვაქცინაცია ჩავატაროთ, გავზარდოთ ტემპები, ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ, შეიძლება ლოკალური შეზღუდვები შემოვიღოთ, მაგრამ ეს არ უნდა შეეხოს მთლიანად ეკონომიკის ზრდის ტემპს“, - აღნიშნა პრემიერმა. ივანე ჩხაიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ველოდებით საქართველოში 11,2% სრულად ვაქცინირებულია

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის ფოტოც Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი, როკ-ჯგუფს უჩივის

30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის ბავშვობის ფოტოც ამერიკული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი, სასამართლოში ჩივის, რადგან მიაჩნია, რომ ეს იყო სექსუალური ექსპლუატაცია. ამის შესახებ BBC წერს. გარეკანზე ოთხი თვის ბავშვი საცურაო აუზშია გადაღებული. ელდენი ამბობს, რომ მის მშობლებს ფოტოს გამოყენების ნებართვა არ გაუციათ. აშშ-ის კანონმდებლობით, ჩვილების არასექსუალიზებული ფოტოები ბავშვთა პორნოგრაფიად არ განიხილება, თუმცა დაცვის მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ისინი ზიანის ასანაზღაურებლად ჯგუფის თითოეული წევრისგან მინიმუმ 150,000 აშშ დოლარს (109,000 ფუნტი სტერლინგი) ითოვენ. Nirvana- ს წარმომადგენლებს ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხიათ.

ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ისაუბრა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველი, რომელსაც აქვს იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან მისი რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა, 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. "რეგისტრაციიდან მოხსნილმა, რეგისტრაცია ძალადაკარგულმა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულმა ამომრჩევლებმა, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი. აღნიშნული პროცედურის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით. მივმართავთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, დროულად მიმართონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 11 სექტემბრის ჩათვლით და გაიარონ შესაბამისი პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და შესაბამისად ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში", - განაცხადა ნათია იოსელიანმა. ამავე თემაზე: ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

ღარიბაშვილი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე სახალხო დამცველის მიმართვას პასუხობს

არჩევნების გადადებაზე სახალხო დამცველის ინიციატივას პრემიერი „ნაციონალების“ მიერ შემუშავებული გეგმის ნაწილად მიიჩნევს. „გუშინ დაიწყეს აჟიოტაჟი, იციან რა, რომ სასტიკად მარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ე.წ ოპონენტებმა და ოპოზიციამ, დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთ არჩევნები და ამისთვის გამოიყენეს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. ქალბატონი ნინო ლომჯარია დღეს გამოვიდა ინიციატივით, მივმართავ პრემიერს, იქნებ შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, რაც ავტომატურად გამოიწვევს არჩევნების გადადებას, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ, აშშ-ის, ევროპის ქვეყნების, აზიის, ყველგან. კოვიდპანდემიის დროს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო შემოსული ვაქცინა, არავის მოსვლია აზრად არჩევნების გადადება. ერთადერთმა აფრიკელმა დიქტატორმა, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ ამას გვთავაზობს „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი, არ გაგვიკვირდება, რადგან ჩვენ ვიცით მათი ხელწერა. ამიტომ, მინდა, კიდევ ერთხელ ყველასა მოგიწოდოთ, ეს სიმშვიდე შევინარჩუნოთ, მივყვეთ სტაბილურად ჩვენს გეგმას, ჩვენს დღის წესრიგს, არ შევაფერხოთ არც მშვიდობიანი განვითარება, არც სტაბილურობა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

თურნავა: მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ბოლო ჯერ არ ჩანს, მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის ბოლო ჯერ არ ჩანს, მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მივაღწიეთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების“ მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სვანეთს უდიდესი შენატანი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში. „მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით ამ უხილავ მტერს პანდემიას და ჯერ არ ჩანს ბოლო, ჩვენ ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არა თუ არ დავხუროთ და შევზღუდოთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში მივაღწიოთ რეგიონში და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის - თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად ტურიზმი არის შესუსტებული, ტარდება ზაფხულის სეზონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2019 წელი, როდესაც თქვენ უმასპინძლეთ სულ მცირე 150 ათას უცხოელ ვიზიტორს და სვანეთი იყო ერთ-ერთი ნომერი პირველი რეგიონი მასპინძლობის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ქართველ სტუმარზე, ტურისტზე, ვინც დღესაც ჩამოდის სვანეთში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას. მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. „თქვენ იცით, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ სვანეთი ჩამოყალიბდეს 12-თვიან კურორტად . სწორედ ჩვენი ხელისუფლების დროს აშენდა თეთნულდის საბაგიროები, მესტია-ჰაწვალის საბაგირო, მცირე საბაგიროების ინფრასტრუქტურა სოფლებში - ბეჩოში, მაზერში, ეწერში და სხვაგან. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის არის საკმარისი განსაკუთრებით ახლა, როდესაც მძიმე დარტყმა მიადგა ზოგადად გლობალურ ტურიზმს. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი რესურსები არსებითად გადართულია პანდემიასთან ბრძოლისკენ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველ რიგში, ბატონმა პრემიერმა, ჩვენმა გუნდმა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით ულტრათანამედროვე ჰაწვალის ახალი საბაგირო მოესწროს. ეს არის დაახლოებით 34 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომელიც ვიცით, რომ ერთ ათად დაგვიბრუნდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, ეს არ არის ყველაფერი, რაც დაგეგმილია. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება კონკრეტულად სვანეთისთვის განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები. „მოგეხსენებათ, პრემიერის დავალებით, შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში სვანეთისთვის გვაქვს განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი შეიკრას, აუცილებელია განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი - რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება თეთნულდის კომპლექსს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აუცილებლად განიხილება მულახი-თეთნულდის საბაგირო მშენებლობა. „ძალიან მალე დავასრულებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამაზეც მივიღეთ დავალება, თუმცა ამავდროულად მომავალში აუცილებლად ვიფიქრებთ მულახი-თეთნულდის საბაგიროს განხორციელებაზე. ეს არ არის მცირე პროექტი, საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ამასაც განვახორციელებთ, ვსწავლობთ ამის პერსპექტივებს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ყაზახეთში არავაქცინირებულებს შაბათ-კვირას რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ

ყაზახეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არავაქცინირებულებს შაბათ-კვირას რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. ადამიანებმა, რომლებსაც შაბათ-კვირას სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებსა და კაფე-ბარებში შესვლა სურთ, უნდა წარადგინონ ე.წ "მწვანე" სტატუსი მობილურ აპლიკაციაში, რაც დაამტკიცებს, რომ მათ გაკეთებული აქვთ კოვიდვაქცინა, ან ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე გადაიტანეს კორონავირუსი, ან დასჭირდებათ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. შეზღუდვა შაბათიდან, 28 აგვისტოდან ამოქმედდება. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან ყაზახეთში კორონავირუსის 823 189 შემთხვევა დადასტურდა, 8 643 პაციენტი გარდაიცვალა. სრულადვაქცინირებულია 5.1 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი.

ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი 2 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ალბერტ იონსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა ჩამოსვლისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. "აღსანიშნავია, რომ ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში, რომლებიც განაწილდებიან შესაბამის სადამკვირვებლო პუნქტებზე. სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო საქმიანობისას მისია იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული კოვიდინფიცირების რისკები. აღსანიშნავია, რომ მისიის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებენ დამკვირვებელთა როლსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რის შემდეგაც მისია ოფიციალურად შეუდგება სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიას, პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების მიუხედავად სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობასა და ძალისხმევას, რომ უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლის ჩართულობა სადამკვირვებლო პროცესში. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას კორონავირუსის პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების და აღნიშნულის გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში შეუფერხებელ ჩამოსვლასთან და მისიის საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია", - ნათქვამია განცხადებაში. ამავე თემაზე: ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

საქართველოში ავიაკომპანია Israir Airlines-ი ბრუნდება

საქართველოს ავიაბაზარზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი ბრუნდება, რომელიც ერთთვიანი პაუზის შემდეგ, თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის მიუხედავად, ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანია ბაზარია ჩვენი ქვეყნისთვის და მისასალმებელია, რომ ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Isr Air -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება, რაც დადებითად აისახება როგორც ტურიზმის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებაზე და დასაქმებაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. ისრაელური ავიაკომპანია ბათუმის მიმართულების რეისებს სექტემბერში შეასრულებს.

აზერბაიჯანში გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

აზერბაიჯანში გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაში წერია, უახლესი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ვაქცინის მესამე (გამაძლიერებელი) დოზა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინის ორი დოზა. ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე უნდა გაიარონ. "ვაქცინაციის მოწმობის" ვადა უცვლელი რჩება და მესამე დოზის გაკეთება გავლენას არ ახდენს მის ხანგრძლივობაზე. მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი, საშიში სახეობებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

კვლევა: Johnson&Johnson-ის ვაქცინის „ბუსტერ“ დოზამ ანტისხეულების დონე 9-ჯერ გაზარდა

Johnson&Johnson-ი აცხადებს, რომ კვლევების მიხედვით, ვაქცინის „ბუსტერ“ დოზამ ანტისხეულების დონე მკვეთრად გაზარდა. „ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში ცხრაჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პირველი დოზის მიღებიდან 28 დღის შემდეგ“, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში. აშშ ე.წ. ბუსტერ დოზებით აცრას 20 სექტემბრიდან იწყებს, საუბარია გარკვეულ კატეგორიაზე, განსაკუთრებით იმუნიტეტ დაქვეითებულებზე. ისრაელში ამ დოზით უკვე ცრიან. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოაცხადონ. ცნობისთვის, Johnson & Johnson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში შემოვა. საქართველო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას ასევე გარკვეული ჯგუფებისთვის განიხილავს. ამავე თემაზე: კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველი მკვლევარი: ვურჩევდი, საქართველოშიც გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება აზერბაიჯანში გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო

რუსთავში 80 წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში, 80 წლამდე კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 24 წლის გოგო, 1997 წელს დაბადებული დ.ჯ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, საყოფაცხოვრებო თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თავის მეზობელს - 1942 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე - რუსთავში დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

გიორგი გახარია: მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ არჩევნები ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს

"მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდ, ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ, აჭარაში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავრობა თითოეული მოქალაქის წინაშე უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას და "პანდემიასთან ბრძოლა მხოლოდ ექიმების მხრებზე ჩამოკიდებული არ უნდა იყოს". "იმის მაგივრად, რომ დღეს ვიღაცა საუბრობდეს არჩევნების გადადებაზე ან არ გადადებაზე იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე დიდი ფასეულობაა, ყველამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და მოვალეობა. მთავრობამ უნდა იმუშავოს ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მშვიდ, ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება. ეს არის მთავრობის ძირითადი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე მთავრობა უნდა გრძნობდეს ამ პასუხისმგებლობას და არ უნდა კეკლუცობდეს იმ პოპულისტური ნაბიჯებით, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამავე თემაზე: ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობისთვის მზად არ არიან, ამიტომ ურთიერთობის ახალი ფორმატი უნდა მოიძებნოს

ევროკავშირის წევრობის პერსპექტივაზე საუბრისას, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი აცხადებს, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი, შუალედური ფორმატის მომხრეა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნები ამისთვის მზად არ არიან, მზადყოფნას კი 20-წლიანი მუშაობა დასჭირდება. „ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი“, აღნიშნავს ესტონეთის პრეზიდენტი. კალიულაიდის აზრით, უნდა მოიძებნოს შუალედური ფორმატი სამივე ქვეყანასთან ურთიერთობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ეკონომიკა უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირის ეკონომიკებთან. „ნამდვილად ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გაფართოების მიმართულებით უფრო თამამი უნდა იყოს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული - იქნება ეს წევრობა თუ თანამშრომლობის ახალი ფორმატი, ორივე შესაძლებელია, თუმცა პირადად მე, პირველი ვარიანტის - გაფართოების მომხრე ვარ, მაგრამ ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს იქედან გამომდინარე, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის უამრავი პირობაა შესასრულებელი. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ სამი ქვეყნიდან არც ერთი სახელმწიფო არ არის მზად, დააკმაყოფილოს წევრობის კრიტერიუმები. ალბათ, 20-წლიანი მუშაობა დასჭირდება ამისთვის მზადყოფნას. სამივე ქვეყანას აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა“, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ არის შესაძლებლლობა, „საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ“. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებს შორის ნამდვილად ლიდერებს შორისაა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ევროპარლამენტში, ევროპულ ინსტიტუტებში განვიხილოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის რეფორმის საკითხი, რომ ევროკავშირს ისეთივე პოლიტიკა ჰქონდეს, როგორიც აქვს მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისადმი და შესაძლებელია, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უფრო პრაქტიკული ინტეგრაციის გზა შევთავაზოთ. შესაძლებელია, ეს არის დასაწყისი იმის, რომ გარკვეულწილად წარმოვადგინოთ წინადადება შუალედური სტატუსის შესახებ, რომელიც პირველად გაჟღერდა (sharing everything with the Union but institutions) რომანო პროდის მიერ 2003 წელს. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნებს, როგორიც არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ასევე შეუძლიათ, ჰქონდეთ წევრობის ბენეფიტები, რომელიც ასევე გულისხმობს საერთო ბაზრითა და სხვა სიკეთეებით სარგებლობას. ასე რომ, ვთვლით, ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ მომავალში გადაიდგას“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, NDI-ის ბოლო კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 76%, NATO-ში გაწევრიანებას კი 74% უჭერს მხარს.

გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა. პარტია „საქართველოსთვის" ბათუმის მერობის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე იქნება. "აჭარა თავისი ისტორიით, კულტურით, თავისი ადამიანობით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ირაკლი მიქელაძე იურისტია, განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ირაკლი გერმანიაში აღმოვაჩინეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიამ შუახევის მერობის კანდიდატად შალვა გოგიტიძე წარადგინა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ბერიძე იქნება, ქედაში - ელგუჯა ნაკაშიძე, ქობულეთში - ირაკლი ბერიძე, ხოლო ხულოში - გია აბულაძე. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანდიდატების სია ასეთია: მინდია დევაძე - აეროპორტი, გონიო, კვარიათი; დავით თავართქილაძე - ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება; ბექა წუწუნავა - მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება; თამილა ფაღავა; ჯემალ ანანიძე - აღმაშენებელი და შემოერთებული ტერიტორიები; ლაშა ქობულია - ბონისა და ბაგრატიონის დასახლება; ნაზი აბაშიძე - ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება; ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარაში პარტიის სიის პირველი ათეული იქნება: ნინო ბაციაშვილი; აკაკი გვიანიძე; ირაკლი თავდგირიძე; თამილა ფაღავა; დიმიტირი ჭეიშვილი; სულიკო გოგილაშვილი; ნატალია ძიძიგური; გოჩა მელაძე; გივი გოგიტიძე; ალექსანდრე დავითაძე.

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლაზე შეთანხმება პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში. შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას. ცნობისთვის, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაზე დოკუმენტს ხელი მაისში მოაწერეს.

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს 12 წელს გადაცილებულების აცრა „კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „12 წელს ზემოთ ბავშვების აცრა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც კიდევ ერთხელ მიგვაახლოებს ეპიდემიის დასრულებასთან. ამაზე ვაქცინაციის კომიტეტი იმსჯელებს და გადაწყვეტილება იქნება მიღებული მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში. ავტორიტეტული ორგანიზაციები ამას უკვე აკეთებენ და ჩვენც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ მათი გადაწყვეტილების შესაბამისად“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ბავშების ვაქცინაციის გარეშე პანდემია ვერ დასრულდება. ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან.