ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებისკენ ერთნაირი გზა გაიარეს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მინდა მივულოცო. საქართველომ და უკრაინამ თავისუფლებისკენ მიმავალი ერთნაირი გზა გაიარეს და ჩვენ ერთად ვივლით ევროპისკენ მიმავალ გზაზე“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.
ევროკავშირი ავღანელების ჰუმანიტარულ დახმარებას 200 მილიონ ევრომდე გაზრდის
ევროკავშირი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ავღანელებისთვის გამიზნული ჰუმანიტარული დახმარების მოცულობას 50 მილიონიდან 200 მილიონამდე გაზრდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter- ზე დაწერა. მისი თქმით, ეს ჰუმანიტარული დახმარება დაემატება ავღანეთის ხალხის დასახმარებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების წვლილს. ევროკავშირის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ გამოცხადდება. ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები დღეს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ და ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე და ასევე ავღანეთის მომავალზე.
ხვალიდან კვების ობიექტების სამუშაო დრო ერთი საათით მცირდება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ხვალიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ. პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ამასთან, საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. კოვიდვაქცინა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.
საქართველო-კოსოვოს საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვაისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე შეზღუდვის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე. "საკოორდინაციო საჭწოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება. იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია
"ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ. ეს რესურსი მობილიზებულია. კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსის მობილიზებას იმ ხარჯზე, რომ შეჩერებულია გეგმური ჩარევები. ესეც იძლევა გარკვეული ადამიანური რესურსის კოვიდის მიზნებისთვის გადამისამართების, პროფილის შეცვლის საშუალებას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნია: დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი, აქედან დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს კლინიკებში არის 7400 პაციენტი. მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 70% ჟანგბადდამოკიდებულია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რათა ჟანგბადის მოწოდება სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდეს. „მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს, როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან - აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარება. ასევე, რამდენიმე კლინიკამ ავტონომიური ქარხანა დაიმატა და ამ მიმართულებით სრულიად დამოუკიდებლად მუშაობენ. კლინიკებს ყოველთვის ვაფრთხილებთ, ისე არ მოხდეს, რომ ჟანგბადის წყარო იყოს გახსნილი და ის ტყუილად იკარგებოდეს. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. რამდენიმე წყაროდან ვიღებთ ჟანგბადს, რათა გადაზღვევა მოხდეს და ერთი წყაროს დაკარგვის შემთხვევაში, დეფიციტი არ შეიქმნას. ბუნებრივია, ამის მნიშვნელობა ყველას ესმის და ძალები მაქსიმალურად არის მობილიზებული, რათა კლინიკებს ეს პრობლება არ შეექმნათ. იმისთვის, რომ ჟანგბადის მიწოდება უზრუნველყოფილ იქნას, მუშაობის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
EMA-ს მიერ ავტორიზებულის შემდეგ, Astrazeneca-ს, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ არის აღიარებული
ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინების შემდეგ, Covishield-ის (ინდოეთის შრატის ინსტიტუტში დამზადებული Astrazeneca-ს ვაქცინა), Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ არის აღიარებული. ევროპის ქვეყნებმა ტურისტებისთვის მთელ მსოფლიოში დაიწყეს გახსნა და უმრავლესობამ მოქალაქეებისთვის აუცილებელად პირობად ვაქცინაცია დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი სულ 29 ქვეყანა აღიარებს ყველა იმ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ (EMA), როგორც იმუნიზაციის მოქმედი მტკიცებულება. იტყობინება Schengenvisainfo. ეს ნიშნავს, რომ ყველა მოგზაური, რომელიც აიცრა Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით, განიხილება, როგორც სრულად აცრილი ამ ქვეყნებში შესვლისას: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. უმეტეს შემთხვევაში, ყველა, ვინც აცრილია EMA-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, ნებადართულია შეზღუდვების გარეშე შევიდეს ხსენებულ ქვეყნებში. თუმცა, ზოგი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს უმცირეს შეზღუდვებს მოგზაურთათვის, ზოგი კი ნებას რთავს შევიდეს იმ ვაქცინით, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის. ეს ნიშნავს, რომ EMA- ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების გარდა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ასევე აღიარებს ვაქცინებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა. ცნობისთვის, VisaGuide.World- მა შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს, გადაამოწმონ, არის თუ არა ვაქცინა აღიარებული იმ ქვეყნის მიერ, რომლის მონახულებაც სურთ. გაირკვა, ევროკავშირის ქვეყნებში სამი ვაქცინაა ყველაზე მეტად აღიარებული: Covishield-ი (ინდოეთის შრატის ინსტიტუტში დამზადებული Astrazeneca-ს ვაქცინა), Sinopharm-ი და Sinovac-ი. ხსენებული სამი ვაქცინიდან, ინდური წარმოების ვაქცინა ყველაზე ფართოდ არის აღიარებული ევროკავშირის ფარგლებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა აღიარებს Covishield-ის ვაქცინას, როგორც იმუნიტეტის ნამდვილ მტკიცებულებას COVID-19-ის წინააღმდეგ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია. Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ორივე აღიარებულია რვა ევროპული ქვეყნის მიერ: ავსტრია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, მალტა, ესპანეთი, შვედეთი. Sinovac-ის ვაქცინა აღიარებულია, როგორც ვაქცინაციის მოქმედი მტკიცებულება შემდეგი ქვეყნების მიერ: ავსტრია, კვიპროსი, ისლანდია, ფინეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი. Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა აღიარებს The Economist-ის კვლევის თანახმად, რომელიც ივლისში ჩატარდა, Astrazeneca-ს ვაქცინა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება და 119 მთავრობის მიერ არის აღიარებული. მეორე ადგილზეა Pfizer-BioNTech-ი.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 8 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ მან დღეს ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. საუბრისას მან ხაზი გაუსვა ქართველი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილის დაინტერესებაზე, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით. „არ შემიძლია არ აღვნიშნო პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის პირადი წვლილი, 12 ივნისს ჩვენი პატიმრების დაბრუნების ორგანიზებაში“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სუს-ი: პანკისში დაკავებული 5 მოქალაქე ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანდა და სირიაში გამგზავრებას გეგმავდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში ჩატარებული სპეციალური ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ საქართველოს 5 მოქალაქე გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და გეგმავდნენ სირიაში - ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას. ერთგულების დასტურად, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ამჟამინდელი ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და ფიცის ამსახველი ვიდეორგოლი გაავრცელეს ტერორისტებთან დაკავშირებულ პირებთან. უწყების განმარტებით, ჯგუფის წევრები ღიად გამოხატავდნენ ტერორისტული ორგანიზაციისადმი მხარდაჭერას და ქუჩებში გადაადგილებისას სისტემატურად ახდენდნენ ტერორისტული სიმბოლიკის დემონსტრირებას. „გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი ჯგუფის ლიდერი, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი და საქართველოს ემირი. ზემოხსენებული პირები სწორედ მისი დახმარებით გაწევრიანდნენ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და გეგმავდნენ სირიაში გამგზავრებას. ისინი პერიოდულად აწყობდნენ კონსპირაციულ შეხვედრებს და განიხილავდნენ სირია-ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს და საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამომავლო გეგმებს. გამოძიების დაწყებისთანავე კომპლექსურად გატარდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში. ამავე თემაზე: ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, კახეთში 5 პირი დააკავეს
ამირან გამყრელიძე: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ინსულტს და სიმსივნეს კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირაში პირველ ადგილზე გავიდა და გაასწრო გარდაცვალების ისეთ მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, სიმსივნე. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს ექიმების მხრიდან მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ინფიცირებული პაციენტი გადარჩეს. „ეს დღეს მარტო საქართველოში არ ხდება. დღევანდელი გლობალური მონაცემებით, კოვიდით სიკვდილიანობა ბოლო კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე გავიდა. მან გაასწრო სიკვდილიანობის მთავარ მიზეზებს, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, სიმსივნეები თავიანთი ტვირთით, იგივე ხდება საქართველოშიც“, - განაცხადა გამყრელიძემ. გამყრელიძე ამბობს, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დღიურად 60 ადამიანის გარდაცვალება ძალიან მაღალი მაჩვენებელია. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის მიზეზი არის ის, რომ ყოველდღიურად დაახლოებით 5 ათასი ადამიანია დაინფიცირებული. „ზოგადად, სიკვდილიანობის განხილვა პროფესიულ საზოგადოებაში ხდება. ჩვენ დღეს სიკვდილიანობის მაჩვენებელი გვაქვს 1,35%. ეს არის ე.წ. კუმულაციური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მთელი ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, რომლითაც ითვლება, თუ რამდენი ადამიანი დაგვეღუპა და რა შეფარდებაა მისი დაინფიცირებულებთან, ანუ დღეს ნახევარ მილიონზე მეტია ქვეყანაში დაინფიცირებული, ეს არის 1,35%. საშუალო საერთაშორისო მაჩვენებელი არის 2,1%. თუ ამ პროცენტებით ვისაუბრებთ, ჩვენი მაჩვენებელი არ არის განსაკუთრებით ისეთი დიდი, მაგრამ თითოეული გარდაცვალება, რაც დღეს ხდება, როდესაც დღეში 60 გარდაცვალება გვაქვს ამ პატარა ქვეყანაში, როცა პიკზე 74 გვქონდა, ძალიან მაღალია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. პირველი განმაპირობებელი არის ის, რომ დღეში ინფიცირების 5 ათასი შემთხვევა გვაქვს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკის შტატს ქალი გუბერნატორი ჰყავს
ქეითი ჰოქული ნიუ-იორკის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდა. ენდრიუ კუომო ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY ავრცელებს. 62 წლის დემოკრატმა გუბერნატორის ფიცი უკვე დადო. ის შტატის 57-ე გუბერნატორია. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოქულმა უკვე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაც მიიღო. საკუთარ მდივნად ის კარენ კეოგი, მრჩევლად კი ელიზაბეთ ფაინი დანიშნა. შესაბამისად, ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების სამივე წამყვან თანამდებობას ქალები დაიკავებენ. ცნობისთვის, ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა. ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი. ამ ბრალდებებს ის უარყოფს.
ვაქცინაციის წასახალისებლად ტურიზმის სექტორში სტიმულირების პაკეტები შემუშავდა
ტურისტული კომპანიები, სადაც დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო ის კომპანია, რომლის თანამშრომლების 80% იქნება სრულად აცრილი - 50%-ით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, სტიმულირების პაკეტი შემუშავდა. „ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ტურის დროს, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობთ სტუმრებს, ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება ვაქცინირებული“, - განაცხადა ქვრივიშვილმა. ამასთან, ყველა გიდი, რომელიც ორჯერადად ვაქცინირებული იქნება, უსასყიდლოდ ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო „უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში დასაქმებულების უმეტესობა იყოს ვაქცინირებული. სწორედ ამიტომ ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავყავით სტიმულირების პაკეტის პროექტი. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ისარგებლებს სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის, ისეთით როგორიც არის მუზეუმი, დაცული ტერიტორიები, ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროებით სრულიად უსასყიდლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა გიდს, რომელსაც აქვს სრული ვაქცინაცია ჩატარებული, ისინი ამ ობიექტებზე შევლენ სრულიად უსასყიდლოდ“, - განაცხადა მარიამ ქვრიშვილმა. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა. მათ შორის არის ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე. ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის პრეზიდეტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა. როგორც ცნობილია, მას "იაროსლავ ბრძენის" მეხუთე ხარისხის ორდენი გადაეცა. ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კომპანია Airbnb-ი 20 000 ავღანელს მსოფლიოს მასშტაბით უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს
კომპანია Airbnb-ი 20 000 ავღანელს მსოფლიოს მასშტაბით უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ განაცხადა. მისი თქმით, კომპანია მზადაა, ეს ნაბიჯი გადადგას და თავისი წვლილი შეიტანოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის დაძალევაში. „იმედი მაქვს, ეს შთააგონებს ბიზნესლიდერებს, რომ მათაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. დასაკარგი დრო აღარ არის“, - განაცხადა ჩესკიმ. მისივე თქმით, შეთავაზება უკვე ძალაშია და კომპანია იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა საცოხვრებლით უზრუნველყოფილი იყვნენ ის ავღანელები, ვისაც სახლი განსაკუთრებით სჭირდებათ. „ჩვენ გადავიხდით ლტოლვილების სახლებში დარჩენის გადასახადს, თუმცა ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით ჩვენი მასპინძლების გულუხვობის გარეშე“, – განაცხადეს კომპანია Airbnb-ში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა იმ მასპინძლებს, ვისაც სურთ საცხოვრებელი შესთავაზონ ავღანელ ლტოლვილებს, პირადად მას დაუკავშირდნენ. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Airbnb-ი კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს ეხმარება. 2012 წელს ბინებისა და სახლების გაქირავების სერვისის მომხმარებლები ქარიშხალ სენდის შედეგად დაზარალაებულ მოქალაქეებს დაეხმარნენ.
ქაბულიდან უკრაინული საევაკუაციო თვითმფრინავის გატაცებაზე ინფორმაციას კიევი სიცრუეს უწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, რომ ქაბულიდან უკრაინის საევაკუაციო თვითმფრინავი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო-პოლიტიკური უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა და აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება. უკრაინამ ქაბულიდან 256 ადამიანი გამოიყვანა. უკანასკნელი რეისით ბორისპოლის აეროპორტში 23 აგვისტოს 98 მგზავრი ჩავიდა. მათგან 41 უკრაინის მოქალაქეა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას თქმით, ავღანეთში უკრაინის 50-მდე მოქალაქე ჯერ კიდევ რჩება. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქაბულის აეროპორტში უცნობმა პირებმა გაიტაცეს თვითმფრინავი, რომელსაც ავღანეთიდან უკრაინის მოქალაქეები უნდა გადაეყვანა და ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა განაცხადა. მისი თქმით, ინციდენტი გასულ კვირას მოხდა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. „უკრაინის მოქალაქეების ნაცვლად, ამ თვითმფრინავით უცნობი პირები ირანში გაფრინდნენ. ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია კიდევ სამჯერ ვცადეთ, თუმცა მათ აეროპორტის ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ისრაელში 30 წელს გადაცილებულებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრიან
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 30 წელზე უფროსი ასაკის ისრაელის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ COVID-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი, მესამე დოზა, - ამის შესახებ ინფორმაციას TimeofIsrael-ი ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ახალი გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ. ცნობისთვის, 19 აგვისტოს, ისრაელმა 40 წლის ზემოთ პირების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა დაუშვა. ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს
საბერძნეთში აუცრელები კოვიდტესტს უფასოდ ვეღარ გაიკეთებენ
Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ. როგორც გამოცემა წერს,შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად მიიღო. შესაბამისი განკარგულება ძალაში 13 სექტემბერს შევა. ამასთან, აუცრელ მოქალაქეების ნაწილს, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, კოვიდტესტის გაკეთებას კვირში ორჯერ დაავალდებულებენ. საბერძნეთში კოვიდტესტის გაკეთება 10 ევრო ეღირება. ამასთან, აცრილი ადამიანების ტესტირება კვლავ უფასო დარჩება. „ეს არ გახლავთ სადამსჯელო ზომები. ეს არის ჩვენი მოვალეობა იმ ხალხის წინაშე, ვინც პანდემიის 18 თვე გამოიარა მაქსიმალური სიფრთხილით, მათ წინაშე ვინც დაკარგა მაღაზიები, მათ წინაშე ვინც სახლიდან არ გადიოდა თავდაცვის მიზნით“, – განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა. ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა ექვსი მილიონმა მოქალაქემ. ამავე თემაზე: რა წესი იმოქმედებს აუცრელთა გარკვეული ჯგუფისთვის სექტემბრიდან
აშშ-მ პალესტინას Moderna-ს ვაქცინის 500 000 დოზა გადასცა
აშშ-მ პალესტინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Moderna-ს 500 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ,,ჩვენ სიამოვნებით გადავეცით Moderna-ს 500 000 დოზა ვაქცინა პალესტინელების სიცოცხლის გადასარჩენად",- წერს ბლინკენი Twitter-ზე.
ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა
თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისეთივე იქნება, როგორც ახლა, არჩევენების ჩატარება რისკებთან იქნება დაკავშირებული - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას. ივანე ჩხაიძის თქმით, 6000 ინფიცირებულის პირობებში, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება, თუმცა გადადებაზე საუბარი ჯერ ადრეა. „თუ ვირუსით ინფიცირების ისეთივე მაჩვენებელი იქნება, როგორიც ახლა არის და არ შემცირდება; თუ არ იქნება დისტანცირებისა და ნიღბის ტარების ღონისძიებები და რეკომენდაციები დაცული, ნებისმიერი ასეთი თავშეყრა არის რისკის შემცველი. მთავარია, იქნება თუ არა ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება, საუბარია მკვეთრ შემცირებაზე და არა 100 და 200-ით შემცირებაზე, საუბარია იმ ციფრების განახევრებაზე, რომლებიც ახლაა, რისი მოლოდინიც ჩვენ გვაქვს სექტემბრის ბოლოსთვის, ინფიცირების მაჩვენებელი უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად დღევანდელთან შედარებით. თუ ისეთივე მაჩვენებელი იქნება, როგორიც ახლა არის და სექტემბრის შუა რიცხვებისთვის, ანუ ერთი თვის შემდეგ, ოთხი, ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებული გვეყოლება, მე არ ვამბობ 2 ოქტომბერს, არჩევენების ჩატარება რისკთან დაკავშირებული იქნება. 6000 ინფიცირებულის პირობებში, რა თქმა უნდა, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს. ვინაიდან, აცრილების რაოდენობა მზარდია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე ვგულისხმობ აგვისტოს პერიოდს, თუ ჩვენ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის. ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. კითხვაზე, უნდა განიხილებოდეს თუ არა არჩვნების გადადების საკითხი, ივანე ჩხაიძის თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. „ვფიქრობ, ახლა ამ საკითხის განხილვა ძალიან ადრეა, ვინაიდან სურათი იცვლება ყოველ ორ კვირაში. ამიტომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა ვთქვათ, არის თუ არა კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა დაღმავალ მრუდზე. თუ დაღმავალი მრუდია, ეს გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს მოგვცემს. ამიტომ ვამბობ, რომ ერთი თვის შემდეგ, სწორედ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის იქნება ნათელი, სად ვართ პანდემიის მიმდინარეობის კუთხით, რომელ ფაზაში. ძალიან რთულია პროგნოზირება, მარამ დღევანდელი მდგომარეობიდან გამოდინარე, ვაქცინაციის მაღალი ტემპიდან გამომდინარე, შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ინფიცირების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ნაკლები უნდა იყოს", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში კოვიდვაქცინა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ამომრჩეველი თერმოსკრინიგს სავარაუდოდ, არც 2 ოქტომბრის არჩევნებზე გაივლის
საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს
რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა ასეთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო ტრაგიკული, ეს შეკითხვას გუშინ დასვა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მის ამ განცხადებას დისკუსიები პოლიტიკურ სპექტრში მოჰყვა და არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე, კენჭისყრის გადადებას მომხრეები პოლიტიკოსებშიც გამოუჩნდნენ. ქვეყნები, სადაც არჩევნები პანდემიის პირობებში ჩატარდა მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზადაა, ამ საკითხზე მსჯელობაში მონაწილეობა მიიღოს. „2-3 კვირით არჩევნების გადადება ნამდვილად არ შეცვლის ვითარებას და გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი. ამიტომ მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პაუხისმგებლობა თქვენზეა, რადგან ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში. ნამდვილად არ ვაპირებ ხელის გამოშვერას, მაგრამ, გთხოვთ, ამ ერთხელ მაინც კარგად დაფიქრდით, დავსხდეთ, ვიმსჯელოთ. მივმართავ ასევე ოპოზიციურ პარტიებს და ყველამ ერთად საერთო პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნუ შეგვეშინდება იმ ინიციატივებით გამოსვლა, რომელიც სჭირდება ხალხს. ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ დავამარცხოთ პანდემია და გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. მზად ვართ, არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობაში მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ როდესაც ვკარგავთ 60-მდე ადამიანს, თუ პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია ლოკდაუნით ან არჩევნების გადადებით, პაატა იმნაძემ, ამირან გამყრელიძემ და თენგიზ ცერცვაძემ ამაზე უნდა ისაუბრონ. „აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია, რეალობას გავუსწორებთ თვალს. ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც მოხდა შარშან, როცა დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში აჭარის რეგიონი მთლიანად რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას თავიდან ავირიდებდითო. ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში და უნდა გამოვიდნენ ბატონი გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე და უნდა თქვან, თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ. რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებებს, რომ ამ საკითხის წამოჭრა რეალურად ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, რადგან არჩევნების წაგების ეშინიათ, ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად 40%-ის აღების შანსიც არ აქვს ამ არჩევნებზე. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება იქნება, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და თუ ხელისუფლება არჩევნების თარიღის ცვლილებას გადაწყვეტს, ამის წინააღმდეგი არ იქნებიან. „უმძიმესი მდგომარეობაა. ამაზე საუბარი, ალბათ ზედმეტიცაა, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ყველანი, თითოეული ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც შიშით ელოდება მეორე დღის დადგომას, რადგან დღეს ისეთი ტემპით მიდის ინფიცირება, დაზღვეული არავინ არის. ეს შემზარავი ციფრები, რომლებიც ყოველ დილით ქვეყნდება, კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი. რა თქმა უნდა, თუ ვითარება ასე განვითარდა, თუ ჩვენ ასეთი მძიმე პანდემიური ვითარება გვექნა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. მათ შორის, თუკი ვეღარ მართავს სიტუაციას და როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაექცა მართვის სადავეები, უკვე დიდი ხანია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. რაც შეეხება მმართველი გუნდის შეფასებებს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ „არ არსებობს პერსპექტივა კოვიდ პანდემიისგან უახლოეს ერთ-ორ თვეში გათავისუფლდეს მსოფლიო და შესაბამისად, პოლიტიკური პროცესის ამის გამო შეწყვეტაც არ არის მართებული. მისი თქმით, ეპიდუსაფრთხოების თვალსაზრისით, საარჩევნო პროცესი, უშუალოდ არჩევნების დღე და შემდგომი პერიოდი ისე იქნება ჩატარებული, რომ საფრთხეები მინიმუმადე იყოს შემცირებული. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნების გადადებისთვის არსებობს ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი - ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. „როდესაც სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის ანომალია“, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. როგორია ცესკოს პოზიცია, საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, არ დგას ის საკითხი და მოთხოვნა, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ ერთხელ უკვე წარმატებით ჩააბარა გამოცდა. პანდემიის პერიოდში რთულია, მაგრამ შესაძლებელია არჩევნების ჩატარება, როგროც ეს შარშანდელმა წელმა გვაჩვენა“, - განუცხადა Europetime-ს ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა. რას ფიქრობენ სპეციალისტები, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩევნების გადადების არეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემენ და წესები, რომლებიც არჩევნების უსაფრთხო ჩატარებისთვის მოქმედებს, იძლევა საკმაოდ კარგი დაცვის საშუალებას. მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობენ, რათა მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში დაეხმარონ. ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ,,მთავარია ისევ აღსრულების პრინციპი, ამდენად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც მონაწილეობას იღებს და ემზადება არჩევნებისთვის დაიცავს იმ მოთხოვნებს, რაც დაწესებულია ამ მიზნებისათვის. ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა დავეხმაროთ მათ სწრაფი ვაქცინაციის პროცესში და ტესტირების განსაკუთრებული რეჟიმიც არის ამოქმედებული ამ პირობებში. ვაქცინაციის და ტესტირების გათვალისწინებით, ნაკლები რისკებია ნებისმიერი აქტივობიდან მოსალოდნელი, უფრო საშიშია სპონტანური და დაუგეგმავი აქტივობები, რაც ქმნის ეპიდემიის გავრცელების რისკებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ისეთივე იქნება, როგორც ახლა, არჩევენების ჩატარება რისკებთან იქნება დაკავშირებული, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას. ივანე ჩხაიძის თქმით, 6000 ინფიცირებულის პირობებში, არჩევნების ჩატარება რეკომენდებული არ იქნება, თუმცა გადადებაზე საუბარი ჯერ ადრეა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა ასეთი მაღალი არ უნდა იყოს. ვინაიდან, აცრილების რაოდენობა მზარდია და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მე ვგულისხმობ აგვისტოს პერიოდს, თუ ჩვენ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის. ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. ახლა ყოველდღიური მონაცემი 5000-ს სცდება. გარდაცვლილთა რიცხვი კი 60-მდეა.