ძებნის რეზულტატი:

თბილისის 5 რაიონში, ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის 5 ე.წ. ინტერვიუს ოთახი გაიხსნა, რომელიც დედაქალაქში მცხოვრებ არასრულწლოვნებს დახმარებას აღმოუჩენს. როგორც კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის სამგორის რაიონის მე-16, გლდანის რაიონის მე-14, ჩუღურეთის რაიონის 119-ე, საბურთალოს რაიონის 73-ე და კრწანისის რაიონის 191-ე ბაგა-ბაღში გაიხსნა და ინფრასტრუქტურა შესაბამისად მოეწყო. „ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის, ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის თბილისის მერიაში შეიქმნა სხვადასხვა აიპი, მათ შორის, არის სოციალური მზრუნველობის სააგენტო, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვა. სოციალური მზრუნველობის სააგენტომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან პარტნიორობით, ახლახან განახორციელა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი, კერძოდ, დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონში მოეწყო ე.წ. ინტერვიუს ოთახები ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის. აღნიშნული სერვისი განკუთვნილია ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და საჭიროებიდან გამომდინარე მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვის. აღნიშნული ოთახები მოეწყო საბავშვო ბაღების ბაზებზე, ხოლო ინფრასტრუქტურა შეირჩა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით. ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გაესაუბროს გარე პირებისგან იზოლირებულად, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გამოიყენოს სპეციალური ინვენტარი - გასართობი და სააზროვნო თამაშები. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც სჭირდება მსგავსი თანადგომა, მხარდაჭერა. სერვისის მიღება შესაძლებელია როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე 111-ზე ზარით, ასევე სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე,“- განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერი: ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული სახელმწიფო

ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია. ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, გაერთიანებული ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამისთვის ქვეყანას ყველანაირი შესაძლებლობა აქვს. „გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში, ოკუპაცია ჩვენი მთავარი ტკივილია. სამეგრელოში ეს ყველაზე მეტად და ყველაზე კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს დროებითი ოკუპაცია, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების, ჩვენი ტკივილის - აფხაზეთის და ოსეთის - ცხინვალის რეგიონის, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატების მაგალითები, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძალიან განვითარებული, მტკიცედ ჩამოყალიბებული ქვეყანა, სახელმწიფო, ერი, გაერთიანებული ხალხი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი წარმატების მიღწევა და რომ თავი დავიმკვიდროთ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა სახელმწიფომ რეგიონში.... ბოლო წლებში ვაჩვენეთ, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. გავხდით წარმატებულად ევროკავშირის ასოცირებული წევრი, ხელი მოვაწერეთ თავისუფალ ვაჭრობას, ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით, რაც მანამდე ალბათ იყო ოცნების ნაწილიც და უამრავი სხვა წარმატება, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას წინ ელოდება. კეთილდღეობა, ჩვენი მოქალაქეების დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, უმუშევრობის აღმოფხვრა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, გაუთავებელი, გაუაზრებელი, უაზრო პოლიტიკური დებატები და ბატალიები, რომლითაც მართლაც ყველანი დავიღალეთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, ძალიან ღირსეულად, ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ მერვე არჩევნებში, ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება. შესაბამისი ინფორმაცია ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში მცხოვრები ნიგერიელის კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა. გავრცელებული ინფორმაციით, ოგბუნუჯუ საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. ჰყავს ქართველი მეუღლე და კარგად ფლობს ქართულ ენას. ის თეოლოგია, ასევე დამთავრებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ფლობს რამდენიმე ენას. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ამავე თემაზე: ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს

გეგუთის პენიტენციური დაწესებულების 8 მსჯავრდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა

N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების 8 მსჯავრდებული კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ცნობით, N14 დაწესებუებაში ამ დროისთვის მსჯავრდებულთა 50% ვაქცინირებულია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდინარეობს. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო. ამავე თემაზე: ბრალდებულების და მსჯავრდებულების კოვიდინფიცირების შემთხვევების სამართავად სპეციალური სივრცე მოეწყო ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: ვაქცინირებულ თანამშრომელს ხელფასის დანამატს ვაძლევთ

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მწვანე ზონების“ შექმნის აუცილებლობას ხედავს და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ვაქცინაციას მიიჩნევს. როგორც Europetime-ს შოთა ბურჯანაძემ განუცხადა, ის მხარს დაუჭერს რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებულების შეშვებაზე გადაწყვეტილებას, თუ ასეთი მიიღება. ყაზახეთში არავაქცინირებულებს შაბათ-კვირას რესტორნებში, კაფე-ბარებსა და სავაჭრო ცენტრებში არ შეუშვებენ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ასევე თვლის, რომ თუ არავაქცინირებულები საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს, ასეთ შემთხვევაში აცრა სავალდებულო უნდა იყოს. „ჩემს ობიექტებზე, სადაც ჩემი თანამშრომელი აცრილია, მას ხელფასის დანამატი აქვს. სტუმრები, რომლებიც ვაქცინირებულები არიან და წარმოადგენენ საბუთს, მიიღებენ ფასდაკლებას. ყველას აქვს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება სხვის და მის ჯანმრთელობას ხელს უშლის, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აცრა სავალდებულო უნდა იყოს. ვიდრე ვალდებულებამდე მივალთ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, არის თუ არა დღეს არავაქცინირებული ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში და ხელს უშლის თუ არა ისეთ მოთხოვნებს, როგორიცაა, მაგალითად სკოლაში ბავშვის წასვლა. დღეს იმდენად დიდი საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს არავაქცინირებულებისგან, რომელთაც გარკვეული ფობიები აქვთ, უნდა მოხდეს ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ვაქცინაციაზე, რომ ის არ არის საშიში. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მძიმე ეპიდვითარებაა და გარკვეულწილად, რეაგირება, რომელიც დღეს სახელმწიფოს მხრიდან ხდება, სრულიად არაადეკვატურია - იქედან გამომდინარე, რომ მიზანი არის მობილობის შემცირება და პანდემიის შენელება, ერთი საათით სარესტორნო სფეროს დამუხრუჭება შედეგს ვერ გამოიღებს. კვების ობიექტები 22:00 საათამდე იმუშავებენ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კოვიდთან ბრძოლის ერთადერთი შესაძლებლობა დღეს არის ვაქცინაცია. მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ვაქცინაცია სწრაფად და ეფექტურად ამოქმედდეს. მეორე და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქორწილებთან თუ „ივენთებთან“ დაკავშირებით, ზომები მკაცრად გატარდეს. თუ ეს ორი პირობა არ ამოქმედდება და ბიზნესზე იქნება დაწოლა, ეს იმოქმედებს არამხოლოდ ცალკეული სფეროს წარმომადგენელზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობაზე. ვერ გავმიჯნავთ ერთ სფეროს არსებული რეალობიდან, ჯაჭვი იმდენად დიდია და ისეა გადაბმული, ეს მთლიანად ეკონომიკას ითრევს. ის ფაქტი, რომ მოხდა ტურისტების შემოშვება, აისახა ეკონომიკის ზრდის ორნიშნა რიცხვში და თუ ამას ისევ დავამუხრუჭებთ და ვაქცინაციის გეგმას არ შევასრულებთ, შევალთ იმ ჭაობში, რომლიდანაც ამოსვლა ურთულესი იქნება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. ცნობისთვის, პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა.

ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვის დეტალებზე იუწყება. მათივე ცნობით, თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. „საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისიაში. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ავღანეთში NATO-ს RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი და ასრულებდა ურთულეს სამხედრო მისიას ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილებში. საქართველომ, ამ ოპერაციებში ჩართულობით, როგორც ალიანსის მომავალმა წვერმა ქვეყანამ, დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და იყოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერი. ავღანეთში, NATO-ს ოპერაციის დასრულების პროცესშიც საქართველომ შეასრულა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით განხორციელდა წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ავღანეთიდან. დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში. თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისის საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია). თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობენ ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი. ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას. ნორვეგიის საგარეო უწყება: ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე საქართველოსთან შესანიშნავ თანამშრომლობას ვაფასებთ როგორც ცნობილია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოები ახორციელებენ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას ავღანეთიდან. საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში. შედეგად, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში. მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებში. ცნობისთვის, ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.

საბერძნეთი არავაქცინირებულებისთვის მკაცრ რეგულაციებს აწესებს

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას Apnews-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვები 13 სექტემბრიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება 2022 წლის 13 მარტამდე. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა არავაქცინირებულ თანამშრომელს, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, უნდა ჩაუტარდეს კოვიდტესტი კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯებით, ან ვალდებულნი არიან, წარმოადგინონ უკანასკნელ 6 თვეში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი სერთიფიკატი. ტურიზმის და კვების სფეროს კომპანიებს დასჭირდებათ კვირაში ორჯერ სწრაფი ტესტის ჩატარება. ეს რეგულაცია ვრცელდება სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეც. სწრაფი ტესტების ღირებულება 10 ევრო, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის კოვიდტესტი უფასო იქნება. ასევე აუცილებელია პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში და გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში. აუცრელებს კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებსა და სპორტულ დარბაზებში შესვლა მხოლოდ 48 საათით ადრე ჩატარებული სწრაფი ტესტის საფუძველზე შეეძლებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, საბერძნეთში შესვლისას სპეციალური სამგზავრო დოკუმენტი უნდა შეავსონ.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს ეუთო ODIHR-ის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება

2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებს ეუთო/ოდირის 30 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია 2021 წლის არჩევნებისთვის მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგა და პირველი ოფიციალური შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებთან გამართა. "ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მისიის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად. გიორგი კალანდარიშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების იმ ნორმებსა და წესებზე, რომელიც როგორც ზოგადად წინასაარჩევნო პერიოდში ისე უშუალოდ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე იმოქმედებს. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და ამ ცვლილების იმპლემენტაციაზე ისაუბრა. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 აგვისტოს შედგა. საქართველოში ეუთო ოდირის მისიას ალბერტ იონსონი ხელმძღვანელობს", - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში. ამავე თემაზე: ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვლენ ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს რა შემთხვევაშია სავალდებულო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის კოვიდტესტირება ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე

ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება

"თალიბანის' ახალი მმართველობის პირობებში ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება. ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. "მუსიკა აკრძალულია ისლამში. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ზეწოლის ნაცვლად, ადამიანებს დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,"- განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ. ამასთანავე "თალიბანის" პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქალებს მოეთხოვებათ იმოგზაურონ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა რამდენიმე დღე გრძელდება. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ამ "თალიბანის" ახალი მმართველობის პირობებში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ვიდრე წინა რეჟიმის დროს. "ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ მომავალი და დავივიწყოთ ის, რაც მოხდა წარსულში", - განაცხადა დაჯგუფებუს სპიკერმა. მუჯაჰიდმა ორი დღის წინ ავღანელი ქალები გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში მანამ, სანამ არ შეიქმნება შესაბამისი სისტემები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: ავღანეთიდან ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციითა და მათთვის თავშესაფრის მიცემით, საქართველომ დახმარებაზე მეტი გააკეთა

ბატონო პრემიერ-მინისტრო, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მთელი მისი გუნდის სახელით მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ავღანეთიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების უსაფრთხო და უსწრაფეს ევაკუაციაში დახმარებისთვის, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტალინა გეოგორიევას ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი ასევე აღნიშნავს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის ქმედით როლს ამ საქმეში. „თბილისში ჩვენი თანამშრომლებისთვის თავშესაფრისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფით, საქართველომ გაჭირვების დროს ჩვენი ხალხისთვის დახმარებაზე გაცილებით მეტი გააკეთა. ეჭვგარეშეა, რომ ეს ძალისხმევა აბსოლუტურად კრიტიკული მნიშვნელობის იყო ადამიანების წარმატებული ევაკუაციისთვის. ეს იყო თქვენს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობის რეალური მტკიცებულება და სწორედ ეს ცხადყოფს, რომ ამ პარტნიორობას რეალური სარგებლის მოტანა შეუძლია ადამიანების დახმარების სახით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდად აფასებს ამ მჭიდრო თანამშრომლობას და მოუთმენლად ელის ამ ძლიერი პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას მომავალშიც. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ პირადად თქვენ და ქართველ ხალხს”, - ნათქვამია კრისტალინა გეოგორიევას წერილში. ამავე თემაზე: საქართველო ავღანეთიდან საერთაშორისო ინსტიტუტების თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში ჩაერთო

თამარ გაბუნია: "დელტა" შტამი ორსულებში მეტი აგრესიულობით გამოირჩევა

"ორსულებში "დელტა" შტამი უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად, ორსულებში, პირველ რიგში, უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, მათ შორის აცრა. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება და დისტანციის დაცვა. "იმუნური სტატუსიდან გამომდინარე, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, მეტი აგრესიულობით ხასიათდება ორსულებთან მიმართებით. ასევე დაავადებამ შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, სწრაფად მოხდეს შესაფერისი რეაგირება. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება", – განაცხადა თამარ გაბუნიამ. როგორც მინისტრის მოადგილემ ააღნიშნა, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისთვის 15 22-ს მეან-გინეკოლოგების სერვისი მიმდინარე დღეებში დაემატება. "მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა და ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად, გასცემენ ორსულებისთვის დამატებით რეკომენდაციებს. ეს არის მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც ბინაზე იმყოფება. იცით, რომ ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი ამბულატორიული დაწესებულებები, სპეციალიზირებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს კოვიდინფექციის გამო მეთვალყურეობას, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეცილიზირებულ კლინიკაში და იქ მან მიიღოს სპეციალისტის კონსულტაცია ადგილზე. ეს კომპონენტიც მალე ამოქმედდება. ახლა ზუსტდება დეტალები. ასევე, მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. საუნივერსიტეტო კლინიკაშიცაა, დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში. თუკი ამის საჭიროება არსებობს, არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის და ორსულს თუ სჭირდება რაიმე ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში. სხვა რეგიონებშიც არის იმის შესაძლებლობა, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს. თუ ეს არის დაბალი ვადის ორსულობაა, მას შეუძლია ჰოსპიტალური მართვა ჩაიტაროს ნებისმიერ კლინიკაში", - განაცხადა გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში, 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა ბოლო 24 საათში, კოვიდვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა

ირაკლი ღარიბაშვილი: გახარია არის იშვიათი მაზაკვალი მოღალატე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ თანაგუნდელს, გიორგი გახარიას მოღალატე უწოდა. "ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, ჟურნალისტებს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისი მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. "სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ის (გიორგი გახარია) და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს შესაძლო კოალიციაში "ქართული ოცნება" პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც 8 წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა. რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა

პენტაგონი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტს გარეთ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქება მოჰყვა გაფრთხილებებს „გარდაუვალი საფრთხის“ შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებსაც Reuters-ი ციტირებს, აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა გამოიწვია. ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აფეთქების შესახებ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია. ბაიდენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც აფეთქების შესახებ პირველად გაცხადდა. აშშ ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს. ამავე თემაზე: თეთრი სახლი: ავღანეთიდან 95 700-მდე ადამიანია ევაკუირებული

თეთრი სახლი: ავღანეთიდან 95 700-მდე ადამიანია ევაკუირებული

ოთხშაბათს ავღანეთიდან აშშ-სა და მისი პარტნიორების ძალისხმევის შედეგად დაახლოებით 13 400 ადამიანი გაიყვანეს, - შესაბამის მონაცემებს თეთრი სახლი ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, 14 აგვისტოდან დღემდე ქაბულიდან 95 700 ადამიანია ევაკუირებული. აშშ-ის სამხედროების თქმით, თვითმფრინავები ფრენებს ყოველ 39 წუთში ასრულებენ. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ბრიტანეთში უნდა წაეყვანათ, უკვე ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესი დაასრულა კანადამ. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, კანადამ ავღანეთიდან კანადისა და სხვა ქვეყნების 3 700-მდე მოქალაქე გაიყვანა. საევაკუაციო რეისები დაასრულეს ბელგიამ და დანიამ. ოპერაციას დღეს ასრულებენ ჰოლანდია და გერმანია. საფრანგეთის თვითმფრინავი კი ბოლო საევაკუაციო რეისს ხვალ შეასრულებს. ცნობისთვის, "თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ამავე თემაზე: აშშ, გაერთიანებული სამეფო და ავსტრალია მოქალაქეებს მოუწოდებენ, უსაფრთხოების მიზნით, ქაბულის აეროპორტი დატოვონ

ზალკალიანი: რუსული სააგენტოები დეზინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი მონაწილეობენ. ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა. ამ პროცესების ფონზე რუსულ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებაზე მიუთითებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რაც საქართველოს როლზე მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებას მოჰყვა. სწორედ რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერთო, თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა „რუსული სააგენტოების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა, და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ, - განაცხადა მინისტრმა. ქვეყნები, რომლებიც ავღანელი ლტოლვილების მისაღებად მზად არიან მისი თქმით, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება. „ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციით, საქართველო უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურადაა ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის, კერძოდ, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის განხორციელებაში. ეს პროცესი კარგადაა ორგანიზებული და ზედმიწევნით გამართული მექანიზმით იმართება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, საქართველო ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ჩაერთო, თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა. საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან უნგრული ბორტით დაბრუნდა ცნობისთვის, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა 26 აგვისტოს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესშია ავღანეთში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და დიდი ალბათობით, ის აშშ-სთან კონტაქტს გააგრძელებს ავღანეთში წამოჭრილი საკითხების გარშემო. ლავროვი: რუსეთს არ სურს, შუა აზიაში აშშ-ის ჯარის ხილვა „თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

27 აგვისტოდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იზღუდება

27 აგვისტოდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იზღუდება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე. შეზღუდვა არ ეხებათ იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. „პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით Pfizer-ის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით“, - იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

ქაბულის აეროპორტთან რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტის მახლობლად, ავღანეთიდან უზარმაზარი და ქაოსური ევაკუაციის მცდელობის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს. დაშავებულები სამოქალაქო პირების გარდა, აშშ-ის ძალებს შორისაც არიან. გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებსაც Reuters-ი ციტირებს, აცხადებდნენ, რომ თავდაპირველი აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა გამოიწვია. მომხდარს წინ უძღოდა დასავლური ქვეყნების მხრიდან მოწოდება, რომ მოსალოდნელი იყო ტერორისტული თავდასხმა. ამავე თემაზე: ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა

„თალიბანი“: „ისლამური საამირო“ ქაბულის აეროპორტთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას მკაცრად გმობს

„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას მკაცრად გმობს. ამის შესახებ რადიკალური მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა. „ისლამური საამირო“ მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, რომელიც იმ ადგილას მოხდა, სადაც უსაფრთხოებას აშშ-ის ძალები უზრუნველყოფენ. „ისლამური საამირო“ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა. ქაბულის აეროპორტთან რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები.

Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ

ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რამდენიმე საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა ხუთშაბათს ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად. იუწყება Associated Press-ი. მისივე ცნობით, ორი თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირი თავს დაესხა ავღანელთა ჯგუფს, რომლებიც შედიოდნენ ქაბულის აეროპორტში. აშშ -ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება და ცდილობენ, დაადგინონ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.

რუსეთი ტაჯიკეთში თავის სამხედრო ბაზას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით აძლიერებს

ავღანეთში ვითარების გამწვავების ფონზე რუსეთი ტაჯიკეთში თავის სამხედრო ბაზას ტანკსაწინააღმდეგო სისტემებით აძლიერებს. მედიის ცნობით, Kornet ATGM-ები შექმნილი მტრის ჯავშანტექნიკის და საჰაერო სამიზნეების, მათ შორის შვეულმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად. 201-ე სამხედრო ბაზა, რომელიც რუსეთის უდიდესი სამხედრო ობიექტია რუსეთს გარეთ, ორ ქალაქში - დუშანბესა და ბოხტარში მდებარეობს. 10 აგვისტოს, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვართან რუსული, ტაჯიკური და უზბეკური სამხედროების ერთობლივი წვრთნების შემდეგ, ბაზამ ასევე მიიღო ახალი იარაღი: AK-12 თავდასხმის იარაღი, იარიგინის პისტოლეტები, დიდი კალიბრის სნაიპერული შაშხანები ASVK-M, გაზრდილი დიაპაზონის ცეცხლისმფრქვევები, ასევე საზენიტო სარაკეტო სისტემები. ცნობისთვის, პირველი სექტემბრიდან 9 სექტემბრამდე, ყირგიზეთი მასპინძლობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (CSTO) მონაწილე ქვეყნების სამხედრო წვრთნებს - Rubezh-202. CSTO მოიცავს სომხეთს, ბელორუსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს. აგვისტოს დასაწყისში, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზები ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში დაიცავენ CSTO– ს ქვეყნების საზღვრებს ავღანეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში.