ძებნის რეზულტატი:

პატრიარქი: ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სხვა სასულიერო პირებთან ერთად საპატრიარქოს რეზიდენციაში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. „ჩვენ ყოველთვის, ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო და მსოფლიო! ჩვენ ყოველთვის, ყოველ დღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის, აგრეთვე ვლოცულობთ გარდაცვალებულთათვის. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სული!“, - განაცხადა ილია მეორემ. დღეს მარიამობაა.

სამების ტაძრის ეზოში, მეფე თეიმურაზ პირველის ძეგლი გაიხსნა

დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ პირველის ძეგლი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეფე თეიმურაზის ღვაწლზე ისაუბრა. „ჩვენი ერი გამოირჩევა ასეთი მეფეებით, ქვეყნისთვის წამებული, თავგანწირული მეფეებით და აღსმარებლებით. შეიძლება თეიმურაზ მეფე ჯერ არ არის შერაცხილი წმინდანად, მაგრამ ის, ფაქტობრივად, ეკლესიისთვის, სამშობლოსთვის არის წამებული. დღევანდელი სამოციქულოდან წაკითხული იყო პავლე მოციქულის სიტყვები, რომ „იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს“. აი, ჩვენი მეფეები სწორედ ამით გამოირჩეოდნენ. ისინი ცდილობდნენ, მათი იდეალი ეს იყო, რომ ისეთივე აზრები, ისეთივე განწყობა, ისეთივე ზრახვები ჰქონოდათ, როგორიც ჰქონდა უფალ იესო ქრისტეს, იმიტომ რომ ეს არის გზა გადარჩენისა და აი, ამან მოიყვანა ჩვენი ერი დღემდე. უფალმა ინებოს, რომ ღვთისმშობლის მადლით, გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი შვილები და ჩვენი ერი გადარჩეს, გამთლიანდეს და გაძლიერდეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“.

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია: პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაა

პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა - ამ შინაარსის განცხადებას ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ავრცელებს. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია დაარსების დღიდან ინტენსიურად ჩართულია პანდემიის მართვაში, რაც, გარდა თითოეული წევრის ინდივიდუალური პროფესიული და აკადემიური აქტივობისა, საზოგადოებისა და ექიმების ინფორმაციულ მხარდაჭერასა და უწყვეტ საგანმანათლებლო აქტივობაში გამოიხატება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ასოციაციის მიერ ვაქცინაციის მხარდამჭერი კამპანია დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე ოფიციალური ინსტიტუციების, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე ჩატარდა ვაქცინაციის მხარდამჭერი არაერთი ვებინარი, საჯარო დისკუსია და აქცია. ასოციაცია პატივს სცემს თითოეული წევრის განსხვავებულ მოსაზრებას და აქვე განმარტავს, რომ მმართველი საბჭოს უმრავლესობის ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია გამოიხატება შემდეგში: პანდემიის დასრულების ერთადერთი, სწორი და მეცნიერულად გამართლებული გზა საყოველთაო ვაქცინაცია და მოსახლეობის იმუნური პასუხის სწრაფი სინქრონიზაციაა; დღეს არსებული ავტორიზებული ვაქცინები უსაფრთხოა და მათი გამოყენებით მიღებული სარგებელი დრამატულად აღემატება ნებისმიერ თეორიულ, შორეულ, პოტენციურ ზიანს. არსებობდა გარკვეული მოსაზრება ვაქცინების მოსალოდნელ არასასურველ ეფექტთა საფრთხეებზე, რაც დღეს ადმინისტრირებული 5 მილიარდზე მეტი ვაქცინის და ფართომასშტაბიანი კვლევის საფუძველზე სრულიად ნიველირდა და ყველა კითხვას ამ მიმართულებით გაეცა მეცნიერულად დასაბუთებული, მყარი პასუხი; ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევების, ასევე თეორიული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს გამოყენებული კოვიდვაქცინები არ იწვევენ ADE (ანტისხეულებით განპირობებულ დაავადების გაძლიერების) რეაქციას. ასოციაცია ემხრობა თვითგამოხატვის უფლების შენარჩუნებას და ამავდროულად, გამოთქვამს ნებას და სურვილს, სამეცნიერო-პრაქტიკული დისკუსიები წარიმართოს პროფესიულ წრეებში, რათა შინაარსისა და მიზნის შესაძლო არასწორი აღქმით, საფრთხე არ შეექმნას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და უფრო მეტად არ დაზიანდეს ისედაც, მრავალი მიზეზით განპირობებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება“. ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია საზღვარგარეთ და საქართველოში მოღვაწე სამედიცინო სფეროს მუშაკებს აერთიანებს ქართველ ექიმთა და მეცნიერთა ჯგუფი: იღუპებიან აუცრელი პაციენტები, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%

სქემ-მონაზონი მართა გვარამია კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსული ინფექციით სქემ-მონაზონი მართა (გვარამია) გარდაიცვალა. საქართველოს საპატრიარქოს, რუის-ურბნისის ეპარქიის სქემ-მონაზონი დედა მართა (გვარამია) რამდენიმე დღიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს!", - აღნიშნულია მსოფლიო საეკლესიო სიახლენის ინფორმაციაში, რომელიც მისივე Facebook გვერდზე განთავსდა.

პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიური თამაშების ფინალშია

ქართველი პარაძიუდოისტი ინა ქალდანი (-70 კგ) პარალიმპიური თამაშების ფინალშია. ქალდანმა ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მექსიკელ ლენია რუვალკაბა ალვარესს იპონით სძლია. ნახევარფინალში ინას მეტოქე პარალიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი კაძუსა ოგავა იყო, რომელიც ქალდანმა ასევე იპონით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ინა ქალდანი ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან იჭიდავებს.

მეცნიერებმა COVID19-ის წარმოშობის დასადგენად მუშაობა შეაჩერეს

უფროსი მეცნიერები აცხადებენ, რომ იხურება "შესაძლებლობის ფანჯარა" გადამწყვეტი კვლევების ჩასატარებლად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიწყო კოვიდპანდემია. BBC-ის ცნობით, ეპიდემიის მიზეზის დასადგენად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დანიშნულმა გუნდმა განაცხადა, რომ პროცესი შეჩერებულია, შემდგომმა დაგვიანებულმა პროცესმა კი შეიძლება მნიშვნელოვანი კვლევები გახადოს შეუძლებელი. სამეცნიერო ჟურნალ Nature- ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი პოლიტიკურ და სამეცნიერო სფეროს ლიდერებს მოუწოდებენ, დააჩქარონ ეს კვლევები, ვიდრე ჯერ კიდევ დროა". ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით ჩატარებული გამოძიების პირველმა ფაზამ ვირუსის ლაბორატორიული წარმოშობა ვერ დაადასტურა. სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ჩინეთმა პანდემიის საწყის ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების შესახებ სათანადო ინფორმაცია არ წარადგინა. ამავე თემაზე: ჯო ბაიდენი: უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი Reuters-ი: ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით დაგეგმილი გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგია ჩინეთმა ჯანმოს 2019 წელს პირველად ინფიცირებული 174 ადამიანის მონაცემები არ გადასცა კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ჯანმომ ანგარიში გამოაქვეყნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: ჩვენ ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ ვირუსის წყარო ჯანმო: კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან

ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს სახელი შეურჩიეს

ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს სახელი შეურჩიეს. საევაკუაციო თვითმფრინავში დაბადებულ ბავშვს სპეციალურად Reach-ი დაარქვეს, (რაც ქართულად მიღწევას ნიშნავს) თვითმფრინავში დაშვების მანიშნებელი სიგნალის/ზარის შემდეგ. ეს არის სულ მცირე სამი ბავშვიდან ერთი-ერთი, რომელიც ავღანეთიდან ევაკუაციის დროს დაიბადა. ორი ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ რიჩი რეალურად დაიბადა აშშ-ის (C-17) სატრანსპორტო თვითმფრინავში. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: ქალმა ავღანეთიდან ევაკუაციის დროს თვითმფრინავში იმშობიარა ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ Reuters-ი: აშშ-მ ავღანეთიდან ათობით ბავშვი მეურვეების გარეშე გამოიყვანა აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

ინგლისში პლასტმასის, ერთჯერად ჭურჭელს აკრძალავენ

მთავრობამ გამოაცხადა გეგმის შესახებ, რომელიც ინგლისში ერთჯერადი დანა-ჩანგლის, თეფშის და ჭიქის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება "პლასტმასის ომის" ფარგლებშია მიღებული. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ოკეანეებში ნაგვის და პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. კონსულტაციები შემოდგომაზე დაიწყება, თუმცა მთავრობამ არ გამორიცხა, რომ აკრძალვაში სხვა პუნქტებიც შევიდეს. თავის მხრივ, გარემოს დამცველები უფრო სასწრაფო და ფართო ქმედებების საჭიროებაზე მიუთითებენ.

100 წლის ამერიკელი ვეტერანი იუბილის აღსანიშნავად თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ტომ რაისმა 100 წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა. ამერიკელი ვეტერანი თვითმფრინავიდან პარაშუტით გადახტა. როგორც ცნობილია, მან პარაშუტით 97 წლის ასაკშიც იფრინა. მაშინ, პარაშუტით ხტომა მეორე მხოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა მიერ დესანტების გადასხმას, კერძოდ კი, ოპერაცია „ოვერლორდის“ მონაწილეთა ხსოვნას მიეძღვნა. თავად ტომ რაისი მისი ერთ-ერთი მონაწილე იყო.

CDC: აშშ-ში დელტა შტამით ინფიცირებულმა პედაგოგმა მოსწავლეთა ნახევარი დააინფიცირა

კალიფორნიის სკოლაში, დაწყებითი კლასის პედაგოგმა მისი მოსწავლეების ნახევარი, სულ 26 ადამიანი Covid19-ის დელტა ვარიანტით დააინფიცირა. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევრები იუწყებიან. მასწავლებელი ვაქცინირებული არ იყო და როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სიმპტომების მიუხედავად, პედაგოგი სკოლაში მაინც დადიოდა და მოსწავლეების წინაშე პირბადის გარეშეც გამოჩნდა. მთავრობის განცხადებით, კვლევის შედეგად დადგინდა, თუ რატომ რჩება ვაქცინაცია, ნიღბები და სხვა პრევენციული ღონისძიებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რათა სწავლის პერიოდში თავიდან ავიცილოთ კოვიდინფექცია. კალიფორნიაში ხელისუფლება მასწავლებლებს და ყველას, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვს, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, აშშ-ში კოვიდიინფიცირების სულ 39 617 417 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 30 812 242 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 654 381 შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 76

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 217 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 027 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 190 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 669 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 543 118-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10 58%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.49% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.15%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6 177 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 482 732 ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 251 მოქალაქე ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 669 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 004 შემთხვევა, აჭარა - 385, იმერეთი - 327, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 129, გურია - 66, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 247, მცხეთა-მთიანეთი - 75, სამცხე-ჯავახეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 109 საიდანაც 7 571 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 245, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 168. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 637, მათ შორის, თბილისში - 700, აჭარაში - 162, იმერეთში - 349. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 224, აჭარაში - 40, იმერეთში - 28. 3 072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 379 - თბილისში, 1 115 - აჭარაში. 42 66 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 113 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 119, ხოლო აჭარაში - 4. სულ 6 ოქტომბრიდან - 28 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 799 მოქალაქე, მათ შორის თბილისში - 28 127, აჭარაში - 6 529, იმერეთში - 4 063.

გიგა ჭიკაძემ UFC-ის მთავარ დაპირისპირებაში მოიგო

UFC-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში გიგა ჭიკაძე ძალიან ძლიერ და გამოცდილ მეტოქეს, ბრაზილიელ ედსონს ბარბოზას დაუპირისპირდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა. ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. გადამწყვეტი სწორედ მესამე რაუნდი გამოდგა, როდესაც გიგა ჭიკაძის ძლიერ, ზუსტ დარტყმებსა და კომბინაციების მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა და მთავარი არბიტრი იძულებული იყო, ბრძოლა შეეჩერებინა. გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, რაც აუცილებლად აისახება ქართველი მებრძოლის რეიტინგში და უდიდესი ალბათობით, მისი მომდევნო მეტოქე რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენელი იქნება. აღსანიშნავია, რომ გიგამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

საქართველოში 374 870 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 145 925 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 374 870, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 771 055 შეადგენს. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 6 კი დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. ,,5 დალუქული და 6 დაჯარიმებული ობიექტი - ეს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების ბოლო 72 საათის სტატისტიკაა. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული", - აღნიშნულია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი: ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია

აშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო მეთაურებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა. „ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია და აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. ჩვენმა მეთაურებმა შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. მე მათ მივმართე, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი ქალებისა და მამაკაცების ადგილზე დაცვის მიზნით. მათ დამარწმუნეს, რომ ისინი შეძლებენ ამ ზომების განხორციელებას და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას“, - განახადა ბაიდენმა. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

პარაძიუდოისტი ინა ქალდანი პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

პარაძიუდოისტი ინა ქალდანი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. ფინალურ შეხვედრაში ის ბრაზილიელ ალანა მალდონადოსთან ვაზარით დამარცხდა. ქალდანმა ტოკიოში ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მექსიკელ ლენია რუვალკაბა ალვარესს იპონით სძლია. ნახევარფინალში ინას მეტოქე პარალიმპიადის მოქმედი ჩემპიონი, იაპონელი კაძუსა ოგავა იყო, რომელიც ქალდანმა ასევე იპონით დაამარცხა. ეს საქართველოსთვის ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მეორე მედალია. მანამდე პარამოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

24 საათში აზერბაიჯანში 100 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა

აზერბაიჯანული მედია მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 28 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 101 101 ადამიანი აიცრა. როგორც ცნობილია, 24 საათში აცრილებიდან 60 650 ადამიანი პირველი დოზით აიცრა, ხოლო 40 451-მა მოქალაქემ მეორე დოზით ვაქცინაცია ჩაიტარა. ამ დრომდე საერთო ჯამში, აზერბაიჯანში 6,5 მლნ-ზე მეტი აცრა ჩატარდა. მათგან, დაახლოებით, 3,9 მლნ ადამიანი ერთი დოზით, ხოლო დაახლოებით, 2,6 მლნ ადამიანი ორივე დოზითაა აცრილი. ცნობისთვის, აზერბაიჯანში ვაქცინაცია Sinovac-ის, Pfizer-ის, AstraZeneca და რუსული Sputnik V-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. აზერბაიჯანში კოვიდიინფიცირების სულ 413 986 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 358 230 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 512 შეადგენს.

კოვიდვაქცინაციით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა

COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სადაც ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 80%-ზე მეტი აიცრა. როგორც მედია წერს, პატარა ქალაქი-სახელმწიფო, სადაც 5.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული შეზღუდვების მოხსნას გეგმავს. მიმდინარე წლის ნოემბრისთვის მოსახლეობის სრულად აცრას გეგმავს იაპონია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და ხანდაზმულებისთვის ე.წ. გამაძლიერებელი დოზები მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება გათვალისწინებული. „დელტა“ ვარიანტის შეჩერების მიზნით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შემზღუდველი ზომების მოქმედება გახანგრძლივდა. ავსტრალიაში კოვიდ აფეთქების ეპიცენტრად ახალი სამხრეთ უელსის შტატია გამოცხადებული. COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი ზელანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის მართვაში ქვეყანას შესაძლოა, რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდეს. COVID 19-ით ინფიცირების 8 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, გერმანიაში დემონსტრანტებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს. „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ის საავადმყოფოები გადატვირთულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19 247 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 2 700 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ბრაზილიის პრეზიდენტი: ჩემი მომავლისთვის სამ ალტერნატივას ვხედავ: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო არჩევნებში გამარჯვებას

ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს თქმით, საკუთარი მომავლისთვის ის სამ ალტერნატივას ხედავს: ციხეს, სიკვდილს ან მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა ასევე აღნიშნა ისიც, რომ ციხეში მოხვედრის შანსი არ არსებობს, რადგან „დედამიწაზე არ არსებობს კაცი, რომელიც მას დაემუქრება“. ჟაირ ბოლსონარუმ ევანგელისტ ლიდერებს მოუწოდა, მის მხარდასაჭერად 7 სექტემბერს დაგეგმილ დემონსტრაციას შეუერთდნენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ მემარჯვენე პოპულისტი ლიდერი მემარცხენე ყოფილ პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას ჩამორჩება. ჟაირ ბოლსონარუ ეჭვქვეშ აყენებს ბრაზილიის ხმის მიცემის ელექტრონულ სისტემას და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის არაღიარებით იმუქრება.

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია" დროებით დაილუქება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია შევარდნაძე“ 2 000 ლარით დააჯარიმეს და უახლოეს საათებში ობიექტი დროებით დაილუქება. ამის შესახებ Europetime-ს შრომის ინსპექციაში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, წუხელ გვიან ღამით, ინსპექტორებმა აღმოაჩინეს, რომ ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება იმართებოდა. ,,გუშინ გამოვლინდა ობიექტზე აკრძალული სოციალური ღონისძიება. ობიექტი დაჯარიმდა 2 000 ლარით. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული ობიექტის დროებით დალუქვასთან დაკავშირებით და უახლოეს საათებში დაილუქება", - აცხადებენ ინსპექციაში. ცნობისთვის, ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ რეგულაციების დარღვევისთვის 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა. მათი ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და მასშტაბური გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და ერთი ფიზიკური პირია. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.