ძებნის რეზულტატი:

ბარაკ ობამას შეფასება ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტზე

აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი (3 იანვარი, 2005 – 16 ნოემბერი, 2008) ბარაკ ობამა ქაბულში, აეროპორტთან მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით Facebook-ზე ტექსტს ავრცელებს. ბარაკ ობამას შეფასებით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები არიან გმირები, რომლებიც თავგანწირვით მსახურობენ საშიშ მისიაში, რათა გადაარჩინონ სხვა ადამიანები. ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ „ბევრი თქვენგანის მსგავსად, 'ჩვენც გული გვეტკინა, როდესაც ქაბულის აეროპორტს გარეთ განხორციელებული ტერაქტის შესახებ გავიგეთ, რომელმაც იმსხვერპლა და დაჭრა ამდენი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ასევე ავღანელი კაცები, ქალები და ბავშვები. როგორც პრეზიდენტისთვის, არაფერი იყო იმაზე მტკივნეული, ვიდრე ამერიკელების ახლობლებთან ერთად მწუხარების გაზიარება, რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ჩვენი ქვეყნის მსახურებისთვის. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს სამხედრო მოსამსახურეები არიან გმირები, რომლებიც თავგანწირვით მსახურობენ საშიშ მისიაში, რათა გადაარჩინონ სხვა ადამიანები. ჯო ბაიდენი: ტერორისტები ვერ შეგვაჩერებენ, ჩვენ გავაგრძელებთ ევაკუაციას ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები და ყველას, ვინც აგრძელებს მისიას ქაბულში. ჩვენ ასევე ვფიქრობთ დაღუპული ავღანელების ოჯახებზე, რომელთაგან ბევრი იდგა ამერიკის გვერდით და მზად იყო, გაერისკა ყველაფერი უკეთესი ცხოვრების შანსისთვის“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენმა ქაბულში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს გმირები უწოდა. მან აღნიშნა, რომ პენტაგონს სთხოვა, შეიმუშაოს გეგმები თავდასხმის ორგანიზატორებისთვის საპასუხოდ. თავის მხრივ, ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალმა კენეთ მაკენზიმ განაცხადა, რომ აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს. ცნობისთვის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ, ბაიდენი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.

პოლონეთში სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძიელსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის მესამე დოზის მიღება მეორე აცრიდან სულ მცირე, 28 დღეში იქნება შესაძლებელი. "სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ძალიან მალე ქრება, ამიტომ თითოეულ შემთხვევაში დამატებითი ვაქცინაციის დანიშნულება ინდივიდუალურად იქნება გაცემული. ეს არაა მექანიზმი, საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში, სავარაუდოდ, 1-ლი სექტემბრიდან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები მის მიღებას შეძლებენ", - განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

100 წლის ზექიე დოლიძის ექიმი: ვაპირებდი დამერეგისტრირებინა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად

100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმში, 26 აგვისტოს აიცრა. „ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. რატომ ეშინიათ? რაა საშიში, მე მიკვირს“, - განაცხადა ზექიე დოლიძემ. მისი ოჯახის ექიმის, ნანა მიქელაძის თქმით, 100 წლის ქალი აცრას დიდი ხანი გეგმავდა. „მე ვარ მისი ოჯახის ექიმი. მითხრა, რომ ვაქცინის გაკეთება უნდოდა. საჭიროა, ჯანმრთელი რომ ვიყო და გავიკეთებო. მე ვუთხარი, ჩვენ გვყავს ბრიგადა, რომელიც სამინისტრომ შექმნა. სახლშიც აკითხავენ ასაკოვან ან შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებს-მეთქი. ვაპირებდი დამერეგისტრირებინა და გამეშვა ამცრელი ბრიგადა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად“, – აცხადებს ნანა მიქელაძე. 100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მივიდა ასაცრელად. აქ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე ტარდება ყველა ვაქცინით, რომელიც საქართველოშია, Astrazeneca-ს გარდა. წყარო - ბათუმელები

საქართველოში კოვიდინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა მეორე დღეა, მცირდება

კოვიდინფიცირებულთა ახალი რაოდენობა 4000-ზე მეტია, მაგრამ რამდენიმე დღეა, დამაიმედებელია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა. მისი შეფასებით, ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული და დიდი მუშაობა სჭირდება ყველას მიერ. ეს კი გულისხმობს პირბადის ტარებას და აცრას. ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა. თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩატარდა, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ „სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას“. პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა. 27 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსი 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში 55 573 კოვიდინფიცირენულია (25 აგვისტოს იყოს 57 762, 26 აგვისტოს - 56 200), საიდანაც 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 189, აჭარაში - 1 011, იმერეთში - 1 184. 1 584 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 161, იმერეთში - 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 369 ადამიანი. მათგან თბილისში - 213, აჭარაში - 40, იმერეთში - 27.3 205 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 450 - თბილისში, 1 183 - აჭარაში. 44 875 ბინაზე მკურნალობს. სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%. საველე ჰოსპიტალი დიღომში გახსნიდან ერთ კვირაში დაიხურა.

გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია

"ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია", - ამის შესახებ გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმმა, პულმოლოგმა თამარ ჟამურაშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა. თამარ ჟამურაშვილის თქმით, დღესდღეობით უცნობია, თუ რამდენი ანტისხეულია საჭირო ვირუსისგან დაცვისთვის. "დღევანდელ დღეს, ანტისხეულების გამოკვლევა არის უბრალოდ, ეკონომიკური ზარალი თითოეული პაციენტისთვის, რადგან ანტისხეულების ტიტრი არაფერს არ გვაძლევს. პრობლემა არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საკმარისი კვლევები იმისთვის, რომ ანტისხეულების ზღვარი განვსაზღვროთ. შესაბამისად, არ ვიცით, 150 ანტისხეული თქვენ გიცავთ თუ არა. როგორც ბიძინამ (კულუმბეგოვი) აღნიშნა, შეიძლება ანტისხეული იყოს ერთი, მაგრამ უჯრედული იმუნიტეტია იმდენად განვითარებული, რომ ესეც კი გეყოთ (დაცვისთვის). ამიტომ, თქვენ თუ გექნებათ 800 ანტისხეული, მე ვერ გეტყვით, ეს 800 ანტისხეული დაგიცავთ ინფექციისგან, თუ არა. შეიძლება ოთხმოციც გიცავდეთ, შეიძლება - რვაც. მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არ ვიცით. ამიტომ სანამ ახალი კვლევები დაიდება, ან ანტისხეულების ტიტრს რაიმე მნიშვნელობა მიენიჭება, გთხოვთ, უბრალოდ, ნუ გაიკეთებთ ანტისხეულებს, ეს დამაბნეველია თქვენთვისაც და არაფერს არ გაძლევთ, ქაოსის გარდა. თუ თქვენ 1 500 გაქვთ ანტისხეული, მაინც გჭირდებათ აცრა. ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია" , - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ჩემი სტატისტიკით, გერმანიაში კორონავირუსით ორსული არ დაღუპულა

გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმის, პულმოლოგის თამარ ჟამურაშვილის განცხადებით, გერმანიაში კორონავირუსით ორსული არ დაღუპულა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა. "ის მდგომარეობა რაც დღეს საქართველოშია, გერმანიაში არ გვაქვს. შარშან როცა გვქონდა, მაშინ იყოს სრული "ლოკდაუნი". ჩემი პირადი სტატისტიკით, ორსული არ დაღუპულა. გვყავდა ორსული, რომელსაც საკეისრო გაუკეთდა, ეკმოზე გადავიყვანეთ და გავწერეთ. შემდგომ, პოსტკოვიდურ პერიოდში, მოდიოდა 2-3 თვის განმავლობაში, მკურნალობდა ჩვენთან და ახლა ჩვილიც და დედაც არიან ჯანმრთელები. რა თქმა უნდა, გვყავს ორსულები, მაგრამ ორსული არ დაღუპულა" , - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა. ამავე თემაზე: გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია

პოლიციამ ტრანსგენდერი ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

თბილისში, პოლიციამ 21 წლის კაცი დააკავა. მას ბრალი გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - პნევმატური პისტოლეტი. გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთ-ერთი ავიაკომპანია არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად 200 დოლარს გადაახდევინებს

ამერიკული ავიაკომპანია Delta, პირველი ნოემბრიდან, არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად 200 დოლარს გადაახდევინებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლებს უკვე შეატყობინა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ თანამშრომელი გადაწყვეტს კორონავირუსის წინააღმდეგ არ აიცრას, მაშინ ის ჯანდაცვის პაკეტისთვის, რომელსაც ამჟამად კომპანია უზრუნველყოფს, $200-ს გადაიხდის. არავაქცინირებულ თანამშრომლებს სხვა სექტემბრიდან შეზღუდვებიც ემუქრებათ, მათ შორის ნიღბების ტარება და ყოველკვირეულად კოვიდტესტების გაკეთება. ავიაკომპანიის ასეთი რეგულაციის მიზეზი ის გახდა, რომ კოვიდინფიცირებული თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია ავიაკომპანიას 50 000 დოლარი დაუჯდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ამით ცდილობენ შეინარჩუნონ თანამშრომლები და, ასევე, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო. "აუცრელი თანამშრომლებისთვის 200 დოლარის გადახდა იქნება აუცილებელი, რათა იმ ფინანსურ რისკებს ვუპასუხოთ, რასაც აუცრელობა იწვევს და რის წინაშეც ჩვენი ეკონომიკა დგება“, - აცხადებს Delta-ს აღმასრულებელი დირექტორი ედ ბასტიანი.

თბილისის მერობის ნიგერიელი კანდიდატი: მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ რომ ხალხს უჭირს

2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობისთვის ნიგერიელი ბიზნესმენი, 49 წლის რიჩარდ ოგბუნუჯუც იბრძოლებს. როგორც მან "TV პირველს" განუცხადა,პოლიტიკაში მოდის იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. მისი თქმით, დედაქალაქში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა. "დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ვიცი სად უჭირს თბილისის მცხოვრებლებს, ყველაზე მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა. მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. არ მაინტერესებს კონკურენცია...ჩვენ პროფესიონალი გუნდი გვყავს და მზად ვარ, გავაკეთო ყოველივე კარგი ამ ქალაქისათვის", - განაცხადა რიჩარდ ობგუნუჯუმ. ცნობისთვის, საქართველოში მცხოვრები ნიგერიელის კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა. ამავე თემაზე: თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება

კრიშტიანო რონალდუ: იტალია, იუვე, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით

კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსიდან" კარიერას ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული კლუბი Twitter-ზე ავრცელებს. "მანჩესტერ იუნაიტედი" სიამოვნებით ადასტურებს, რომ კლუბმა შეთანხმებას მიაღწია "იუვენტუსთან" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში. "დღეს მე მივდივარ საოცარი კლუბიდან, ის უდიდესია იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ -ერთი უდიდესი ევროპაში. გული და სული ჩავდე იუვენტუსისთვის და მე ყოველთვის მეყვარება ის. ჩვენ ერთად დავწერეთ ლამაზი ისტორია. მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები, რადგან თქვენ ახლა ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ. იტალია, იუვე, ტურინო, ტიფოზებო, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით" ,- წერს კრიშტიანო რონალდუ სოაციალურ ქსელში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაციის შესახებ კამპანია ჩატარდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაქცინაციის შესახებ კამპანია ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, კამპანიის ფარგლებში სპეციალური მობილური ჯგუფები აცრის მსურველებს აცრიან. "ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა „ერთიანი ევროპა ერთიანი კავკასია“, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 28 და 29 აგვისტოს 12:00 საათიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩაატარებს COVID19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის შესახებ უნიკალურ კამპანიას, ვაქცინაციის სპეციალური მობილური ჯგუფები კი აცრიან აცრის მსურველებს. კამპანია იმითაა მიმზიდველი, რომ ის ადგილობრივებს სთავაზობს „ერთიანი კავკასიის“ პროფესიონალურ მუსიკას სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მობილური მუსიკალური პლატფორმიდან და ინფორმირებულ განცხადებებს ვაქცინაციის შესახებ როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კამპანიის ფარგლებში, ასევე, დარიგდება საინფორმაციო ფლაერები ვაქცინაციის მნიშვნელობისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ. აქცია მოიცავს ისეთ სოფლებს, როგორიცაა სადახლო, შულავერი, შაუმიანი, სიონი, წერაქვი, თამარისი, ყიზილაჯლო და სხვა. მოცემული საპილოტე კამპანია მიზნად ისახავს საქართველოში მასობრივი ვაქცინაციის ხელშეწყობას და შემდგომშიც განხორციელდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი: ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან- გადმოტანა, თუმცა გადაწყვეტილებას ვითარება გვიკარნახებს

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ადმინისტრაციამ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა გაავრცელა. პრეზიდენტი საუბრობს როგორც ვაქცინაციის მნიშვნეკლობაზე, ასევე არჩევნების გადატანის საკითხზე: მინდა ყველას მოგილოცოთ დღეს მარიამობა, ვულოცავ ყველა მარიამს, ჩემს პატარა მარიამს და სრულიად საქართველოს! ღვთისმშობლის მიძინების დღესასაწაული მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი დღესასაწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოსა და ქართველებისთვის! როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, საქართველო მისი მფარველობის ქვეშ იმყოფება და მით უფრო, დღევანდელი განსაცდელის დროს, ჩვენ მას ვებარებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს და არ უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახების, ახლობლებისა და ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალი თაობების გადასარჩენად, არ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, ყველაფერი რისი საშუალებაც გაგვაჩნია ჩვენ პირადად თუ კოლექტიურად. ეს ნიშნავს დაცვის ყველა საშუალების გამოყენებას: პირბადის ტარებას, დისტანციის დაცვას, თავყრილობებისგან თავის შეკავებას. რა ფასი უნდა ჰქონდეს ქორწილს, დაბადების დღეს, ან ქელეხს თუ, მას მოჰყვება ჩვენი ახლობლების ინფიცირება, მძიმე დაავადება და შესაძლო გარდაცვალება. ერთი მხრივ, საკუთარ თავზე ეგოისტურად რაღაცების გვეშინია, და მეორე მხრივ, საკუთარ თავზე ვიღებთ სხვისი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენების უდიდეს პასუხისმგებლობას. აცრაზე უარის თქმა სხვებსაც უქმნის საფრთხეს, და დღეს უკვე ვხედავთ რომ, ეს საფრთხე ჩვილ ბავშვებსა და ორსულ ქალებს, ანუ ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება. არ შეიძლება არ დავინახოთ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ეს ჩვენი ქვეყნისა და მისი დემოგრაფიული მდგრადობისთვის. არ შეიძლება არ გავიმეორო თუ რამდენად აუცილებელია აცრა, რამდენად გვიცავს ის დაავადების, ინფიცირების შემთხვევაში, მძიმე გართულებებისა და გარდაცვალებებისგანაც კი. არ შემიძლია არ ვიფიქრო, რომ უარყოფითი პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს და ცრუ შიშებს ბადებს, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშავდება და ვრცელდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, მაქვს განსაკუთრებული მოვალეობა დაგარწმუნოთ ყველა: ერი და ბერი, ექიმი და ექთანი, პედაგოგი და სტუდენტი, დიდი და პატარა, რომ აცრა, ცოდვა კი არა - სამოქალაქო ვალდებულება და დღევანდელ დღეს პატრიოტიზმის უდიდესი გამოხატულებაა! თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენების თავისუფლებას! არჩევნებზე მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან- გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული. თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!

დღეს მარიამობაა

დღეს მართლმადიდებლური ეკლესია, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს - მარიამობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი – ღვთისმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საეკლესიო სწავლებით, ღვთისმშობელს მისი მიძინების დღე უფალმა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ახარა, რომელიც მას ზეთისხილის მთაზე ლოცვისას გამოეცხადა. მთავარანგელოზმა დედაღვთისას ამცნო, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა. ამის დასამოწმებლად კი სამოთხეში დარგული ფინიკის ხის ტოტი გადასცა, რომელიც ღვთაებრივი მადლით ბრწყინავდა. იგი მის საფლავთან უნდა მიეტანათ. ღვთისმშობლის სურვილისამებრ, უფალმა საქადაგებლად წასული წმინდა მოციქულები მიძინების დღეს ღვთისმშობელთან გამოსამშვიდობებლად შეკრიბა. უფალმა ასევე ისმინა ღვთისმშობლის თხოვნა, რომ არ ეხილა ჯოჯოხეთის საშინელებები და ღვთისმშობლის სული ცათა სასუფეველში თავად უფლის ხელით ავიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოციქულებმა გეთსიმანიის ქვაბულში დაკრძალეს. ამ პროცესს თომა მოციქული არ ესწრებოდა. მესამე დღეს მოციქულებმა მისთვის ქვაბულის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ხორცით ზეცაში აღამაღლა. ამიტომ ეკლესია ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებს.

ჯო ბაიდენი: უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი

ჩვენი ძალისხმევა, რომ გავარკვიოთ ამ პანდემიის წარმოშობა, არ ჩერდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ ამ ეპიდემიის ფესვები, რამაც გამოიწვია ამდენი ტკივილი და სიკვდილი მთელს მსოფლიოში" , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. "ამ პანდემიის წარმოშობის შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაგრამ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები თავიდანვე მუშაობდნენ, რომ საერთაშორისო გამომძიებლებისა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის წევრებისათვის, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით, ხელი შეეშალათ. დღემდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კვლავ ცდილბს ინფორმაციის დამალვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიის რიცხვი იზრდება. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდებოდა ეს ინფორმაცია, სანამ პანდემია ჯერ კიდევ ახალი იყო", - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს პანდემიის წარმოშობის საკითხზე პასუხები სჭირდება. "მსოფლიო პასუხებს იმსახურებს და მე არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებთ მათ. პასუხისმგებელი ქვეყნები დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ამ სახის პასუხისმგებლობას არ ერიდებიან. პანდემიები პატივს არ სცემენ საერთაშორისო საზღვრებს და შემდგომი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ, ყველამ უკეთ უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შემდეგ, აშშ-მ ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო თავდასხმით კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს.. არსებული ინფორმაციით, დრონით შეტევისას ლიკვიდირებულია ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების "დამგეგმავი". "აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფო-ხორასანის" [თავდასხმის] ორგანიზატორის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. საჰაერო დარტყმა ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, სამიზნე ლიკვიდირებულია. სამოქალაქო პირებს შორის შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ბილ ურბანმა. ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

აშშ-მ ალჟირს Johnson & Johnson-ის ვაქცინის 600 000-ზე მეტი დოზა გაუგზავნა

აშშ-მ ალჟირს კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინის 604,800-ზე მეტი დოზა გაუგზავნა. ამი შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმ Twitter-ზე დაწერა. მისი თქმით, აშშ ვალდებულია, დაასრულოს ეს პანდემია. "შეერთებული შტატები ვალდებულია დაასრულოს ეს გლობალური პანდემია. როგორც ამ ბრძოლის ნაწილი, ჩვენ სიამოვნებით გავაზიარეთ Johnson & Johnson-ის კოვიდვაქცინის 604,800 დოზა ალჟირელი ხალხის დასახმარებლად", - წერს ნედ პრაისი. როგორც ცნობილია, აშშ-მ Pfizer-ის ვაქცინის 188,370 დოზა ელ სალვადორს გაუგზავნა.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 74

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3053 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, გარდაიცვალა 7175 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით. დადებითობის მაჩვენებელი: 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%. ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 755, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38. მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 56 693, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171. მძიმე პაციენტი: 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში - 695, აჭარაში - 159, იმერეთში - 336. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 378, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 40, იმერეთში - 26. 3 128 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 394 - თბილისში, 1 139 - აჭარაში. 4 619 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 902 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 645, პირი, აჭარაში - 7 103, იმერეთში - 4 486.

წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია ათ ცენტრშია შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმ სივრცეების მისამართებს ავრცელებს , სადაც ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსტიტეტის პირველი კორპუსის სივრცე (ვაჟა-ფშაველას გამზირი 33) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 09:00-დან 20:00-მდე. ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი (სააკაძის მოედანი, კოსტავას ქუჩა 77) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 20:00- მდე შესვენების გარეშე. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) (წინანდლის ქუჩა 19) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკით, სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00 სთ-მდე შესვენების გარეშე. „ექსპრეს მედიქალ სერვისი“ თბილისის ზღვის პლაზა ჰუალინგი (ჯუმბერ ლეჟავას ქუჩა 22) – ვაქცინაცია შესაძლებელია: ასტრაზენეკათი, პფაიზერით, სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-სთ-დან 17:30-მდე. სავაჭრო ცენრი “ლილო მოლი” (კახეთის გზატკეცილი 112) – ვაქცინაცია შესაძლებელია სინოვაკით ვაქცინით. ცენტრი მუშაობს 10:00-დან 16:00-მდე, შესვენება 13:00-14:00. მცხეთის სამედიცინო ცენტრის ვაქცინაციის სივრცე მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში (სამხედროს ქუჩა 9) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერის ვაქცინით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (რუსთაველის/ნინოშვილის ქუჩა 32/35) – ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 17:00-მდე, შესვენების გარეშე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (რუსთაველის ქუჩა 89) – ვაქცინაცია შესაძლებელია: სინოფარმითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე, შესვენების გარეშე. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქუჩა 59) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერითა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00-მდე. ზესტაფონის #2 საჯარო სკოლა (აკ. წერეთლის ქუჩა 4) - ვაქცინაცია შესაძლებელია: პფაიზერისა და სინოვაკით. ცენტრი მუშაობს ყოველდღე (დასვენების დღეების ჩათვლით) 10:00-დან 18:00-მდე.

პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორიგი შეწყალების აქტი გამოსცა და 3 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მსჯავრდებულები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას დღეს, 28 აგვისტოს დატოვებენ.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს სამსახურში კოვიდსაბუთის წარდგენის ვალდებულება დაეკისრათ. ამის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანებაშია აღნიშნული. ბრძანების თანახმად, ომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. "ახალი კორონავირუსის გავრცელების და უმძიმესი ეპიდვითარების გამო, რაც ინდივიდუალურად და კოლექტიურად სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ასევე სახალხო დამცველის აპარატში უსაფრთხო გარემოს შექმნისა და იმ პირთა დაცვის მიზნით, ვისთანაც აპარატის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, სახალხო დამცველმა კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კვირაში ერთხელ, საკუთარი ხარჯით აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. კოვიდ საბუთის გარეშე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი არ დაიშვება არც სამსახურში და არც სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ოფისს გარეთ (გარდა დისტანციურად მუშაობისა); ხოლო, გამოუცხადებლობა ანდა სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა ჩაითვლება არასაპატიოდ. გამონაკლისის სახით უნდა აღინიშნოს, რომ იმ თანამშრომლებმა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვაქცინაზე სამედიცინო უკუჩვენება ან დროებითი უკუჩვენება აქვთ (მათ შორის, კოვიდ 19-ით ავადობის შემდგომი პერიოდი), უნდა წარადგინონ ექიმის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ იქნება მითითება ვაქცინაციის ჩატარების შეუძლებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატი, თანამშრომლის მიერ დაკავებული პოზიციის სპეციფიკიდან და სამსახურის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმსჯელებს მისთვის განსხვავებული სამუშაო რეჟიმის დადგენის შესახებ, ანდა დროებითი უკუჩვენების პერიოდში, აპარატის ხარჯით PCR ტესტის ჩატარების თაობაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.