ძებნის რეზულტატი:
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი. რაც შეეხება თანამშრომლებს, თამარ გაბუნიას თქმით, თანამშრომლების 80%-ზე მეტი ერთჯერადად არის აცრილი, 62% კი ორჯერადად. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კლინიკაა მობილიზებული, რომ კორონავირუსის დროს მსჯავრდადებულების მდგომარეობის გართულების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ და იქ გაგრძელდეს მათი მკურნალობა. თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდადებულების ვაქცინაციაზე მაისიდან მუშაობს, თანამშრომლების ვაქცინაციაზე კი აპრილის ბოლოდან. ცნობისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია მაისში დაიწყო. შეგახსენებთ, 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგუთის პენიტენციური დაწესებულების 8 მსჯავრდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეიზღუდა
დღეიდან, პარიზის თითქმის ყველა ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარე 50-დან 30 კმ/სთ-მდე შემცირდა. როგორც ცნობილია, ახალი შეზღუდვების შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ ივლისში გამოაცხადა. იქნება მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, როგორიცაა Avenue des Champs-Elysées და Boulevards des Maréchaux, სადაც ავტოტრანსპორტის სიჩქარე დარჩება 50 კმ / სთ. ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება, ავტომობილების შემცირება, ველოსიპედებისთვის მეტი სივრცის შექმნა, ხმაურისა და გარემოს დაბინძურების შემცირება და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაა. აღნიშნული გადაწყვეტილება აწუხებს ზოგიერთ მძღოლს, განსაკუთრებით კი ხელოსნებს, რომლებიც რეგულარულად მოძრაობენ პარიზში. როგორც ოპონენტები აცხადებენ, ახალი წესები პარიზში საცობებს გაზრდის, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილება კვლევის საფუძველზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სიჩქარის შეზღუდვის ახალი წესების მომხრე პარიზელების 59% იყო. ცნობისთვის, აქამდე საფრანგეთის დედაქალაქში დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 30 კილომეტრი საათში ქუჩების 60%-ზე იყო.
ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა და 4 დააჯარიმა
ბოლო 24 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, ხოლო 4 - დააჯარიმა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მათგან სამ იურიდიულ პირს 10 000 ლარი, ხოლო ერთ ფიზიკურ პირს 2 000 ლარის სანქცია დაეკისრა. " შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო. ამ დროისთვის, მთავარ გამოწვევად კვლავ სოციალური და გასართობი ღონისძიებები რჩება. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 25 ობიექტი დაილუქა. დაჯარიმდა 45 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 28 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული",-აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%.
NCDC-ი SINOVAC-თან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
NCD-ი SINOVAC-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მნიშვნელოვანი ინფორმაცია SINOVAC-ის ვაქცინის შესახებ: ჩინური წარმოების (Sinovac Life Sciences Co., Ltd) ვაქცინის ადმინისტრირების პერიოდი საშუალოდ 14 დღეა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2 დოზით ვაქცინირება და ანტისხეულების გამომუშავება შედარებით ნაკლებ დროში ხდება. SINOVAC-ის ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 2021 წლის პირველ ივნისს მიენიჭა. ვაქცინა ავტორიზებულია 39 ქვენის მიერ, მათ შორის: ბრაზილია, თურქეთი, ურუგვაი, ნეპალი, მექსიკა და სხვა. სინოვაკის ვაქცინა 85 - 100% 100%-ით იცავს დაავადების მძიმე ფორმების განვითარებისა და ჰოსპიტალიზაციისაგან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Sonopharm-ის ახალი დოზების მოწოდება მოხდება, ხელმისაწვდომია SINOVAC-ი და ეს ორი ვაქცინა აბსოლუტურად იდენტურია. ცნობისთვის, Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება.
სუს-ი: რუსულ სამხედრო კომპანია ,,ვაგნერთან" დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე საქართველოში არ იმყოფება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან. „გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსეთის მოქალაქის ყოფნის შესახებ, ასევე, საქართველოში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის შესახებ. ცალსახად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, საქართველოში არ იმყოფება, კერძო სამხედრო კომპანიასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე პირი და ბოლო წლების განმავლობაში მისი გადაადგილება საზღვარზე არ ფიქსირდება, ასევე, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“, ან ნებისმიერი სახით საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფო უსაფრთხოებას საქართველოში არ ფუნქციონირებს და მსგავსი საქმიანობა აყვანილია კონტროლზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. ამავე კონტექსტში გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს შესაძლო მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ასევე შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყვნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ ან სხვა გასამხედროებულ დანაყოფებთან, ცალსახად ვაცხადებთ, რომ დასახელებული პირების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და ისინი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან. ის პირები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმთან და შესაძლოა ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეობას, ბოლო ათი წელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ფიქსირდებიან. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი ჩამოთვლილთაგან შეეცდება ან გადმოკვეთს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიას, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია, სპეცსამსახურებისთვის და შემდგომ მედიისთვის ხელმისაწვდომი ხდება გარკვეული პერიოდულობით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნული პირი 2019 წლიდან შესაბამის კონტროლზე დააყენა. იგი არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და ვერც მომავალში ვერ შეძლებს საქართველოში შემოსვლას. აღნიშნულ დაჯგუფებასთან დაკავშირებული პირები არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახერხებენ შეღწევას. მას შემდეგ რაც ხდება მათი იდენტიფიცირება ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. 2019 წელს აღნიშნულ პირთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია და აღნიშნულმა პირმა დატოვა ტერიტორია. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მის სახელთან დაკავშირებული კომპანია საქართველოში არ ფუნქციონირებს. მას არ აქვს საგადასახადო ანგარიშსწორება საქართველოს ბიუჯეტთან, არ აქვს ოფიციალური მისამართი, არ ჰყავს თანამშრომლები, შესაბამისად ყველა ინფორმაცია რომელიც გავრცელდა ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციის მცდელობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. მსგავსი დეზინფორმაცია სამწუხაროდ მოსახლეობაში იწვევს დაუცველობის განცდას, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ აიდენტიფიცირებს პირებს, რომლებიც დაკავშირებული არიან სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც Europetime-ს კლინიკაში განუცხადეს, ბავშვს ჰქონდა ეპილეფსია და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
მედია: ევროკომისია მიიჩნევს, რომ გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“
გაზპრომმა უნდა გაყიდოს „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენი ევროპის კონკურენციის სტანდარტების შესაბამისად. ამ მოსაზრებას გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროკომისია იზიარებს. Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს შეგახსენებთ, რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა, რის გამოც რუსულმა გაზპრომმა შეიძლება ვერ გამოიყენოს გაზსადენის სიმძლავრის ნახევარზე მეტი. ამის შესახებ გერმანიის სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. დიუსელდორფის უმაღლესმა რაიონულმა სასამართლომ უარყო Nord Stream AG- ის საჩივარი გერმანული მარეგულირებლის წინააღმდეგ და უარი თქვა ევროკავშირის დებულებიდან „ჩრდილოეთის ნაკადი-2-თან დაკავშირებული რეგულაციის ამოღებაზე. რუსული გიგანტის Gazprom- ის შვილობილი კომპანია, შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream AG-ი ცდილობდა, გაეპროტესტებინა გერმანული მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რათა ევროკავშირის ე.წ. საგაზო დირექტივის მოთხოვნების შესრულებისგან გათავისუფლებულიყო. Nord Stream 2 AG-ი ახლა დამოუკიდებელ ოპერატორად რეგისტრაციას ითოვს. „თუმცა ევროკომისია, რომელიც დაჟინებით მოითხოვს ენერგეტიკული კანონმდებლობის უშუალო დაცვას, მიიჩნევს, რომ გაზპრომს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა მილსადენის გაყიდვისა“, - აცხადებენ გერმანული მედიის წყაროები. დამოუკიდებელ კომპანიად რეგისტრირება გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს თანხმობას მოითხოვს, რომელმაც უნდა შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა პროექტი საფრთხეს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. პრობლემები შეიძლება დაიწყოს, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ, ეკონომიკური და ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს პორტფელს „მწვანები“ ჩიბარებენ, რომლებიც მტკიცედ ეწინააღმდეგებიან რუსულ მილსადენს. Forsa-ს უახლესი გამოკითხვის თანახმად, მწვანეებს აქვთ 19%-იანი მხარდაჭერა, ხოლო კანცლერ ანგელა მერკელის მმართველ CDU/CSU ბლოკს - 22%, ის ჩამორჩება გერმანიის სოციალ - დემოკრატიულ პარტიას, რომელსაც 23% პირველად აქვს 15 წლის განმავლობაში. ცნობისთვის, სპეციალური საგაზო დირექტივები, რომელიც ევროკავშირმა 2009 წელს მიიღო, გაზსადენის მფლობელ კომპანიას ავალდებულებს, განაცალკევოს გაზის მომწოდებელი კომპანია და ტრანსპორტირების ოპერატორი, ასევე გაზსადენის სიმძლავრეებზე უზრუნველყოს მესამე მხარის წვდომა და ტრანსპარენტული და დისკრიმინაციული მიდგომისგან თავისუფალი ტარიფები. ამ დირექტივების შესასრულებლად გაზპრომმა გაზსადენის სიმძლავრის მხოლოდ 50% უნდა გამოიყენოს, დანარჩენი სიმძლავრეები მესამე მხარეს უნდა გადასცეს. ახლა კი გაზის მიმწოდებელ Nord Stream AG-ს მოუწევს, იყოს გაზსადენის დამოუკიდებელი გამტარი. შეგახსენებთ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული „გაზპრომის“, გერმანული Uniper-ისა და Wintershall Dea-ს, ასევე ანგლო-ჰოლანდიური Shell-ის, ავსტრიული OMV- ისა და საფრანგეთში მდებარე Engie-ის ერთობლივი პროექტია. ამავე თემაზე: რუსულ „გაზპრომს“ გერმანიის სასამართლომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სიმძლავრის 100%-ის გამოყენებაზე უარი უთხრა
პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრელებს. უწყების ცნობით, აქცია 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება. პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან: მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი); საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. გარდა ამისა, პირობის მოწმობას უფასოდ აიღებენ: რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე; მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე; მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი; ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს; ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია. "აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10" ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პენიტენციური სამსახური: 105 პატიმარი კოვიდინფიცირებულია
პენიტენციურ სისტემაში კოვიდ ინფიცირებული 105 პატიმარია, რაც მათი საერთო რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შემთხვევათა უმეტესობა მიმღებ დაწესებულებებში ახლადდაკავებულ პირებში გამოვლინდა. მათივე განცხადებით, ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასტანავე, უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია. "პროტოკოლის მიხედვით, მიმღებ ციხეებში ახლდადაკავებულები სპეცილურად მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში თავსდებიან. მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ ისინი შესაბამის პროცედურებს 8-12 დღის განმავლობაში გადიან. მათი განთავსება პენიტენციურ დაწესებულებაში მხოლოდ კოვიდ ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება . ამჟამად, 105 ინფიცირებულიდან 66 თბილისისი ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში იმყოფება. თუმცა მათგან 52 კოვიდინფიცირებული ამ ეტაპზე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებს და დაკვირვების მიზნით ამავე კლინიკის ე.წ სასტუმრო ნაწილში იმყოფება. 39 კოვიდინფიცირებული ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული. ყველა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და საჭიროებისამებრ შესაბამისი დახმარება გაეწევათ. პენიტენციურმა სამსახურმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო და ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული პროტოკოლის დაცვით ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 70%- მდე უკვე ვაქცინირებულია", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ციციშვილის კლინიკაში კომენტარი გააკეთეს
ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი კლინიკაში 27 აგვისტოს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო. როგორც ჩხაიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომლის ფონზეც კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა. ,,პაციენტი ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა პარასკევს. შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას განუვითარდა ბინის პირობებში გულყრა, რომლის კუპირებაც ვერ მოხდა და პრაქტიკულად, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაინტუბირდა. მას ესაჭიროებოდა მართვითი სუნთქვა. ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომლის ფონზეც კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა. ეს იყო ბავშვთა ცერებრული დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე წავიდა პოლიორგანული უკმარისობა. განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს პაციენტი გარდაიცვალა", - განაცხადა ჩხაიძემ. ცნობისთვის, თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
სამხრეთ იემენის ავიაბაზაზე თავდასხმისას სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა, ათობით ადამიანი დაშავდა
სამხრეთ იემენის ავიაბაზაზე თავდასხმისას სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ანადის სამხედრო ბაზაზე ჰუსიტმა ამბოხებულებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მიიტანეს იერიში. როგორც გამოცემა წერს, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო თავდასხმა ქვეყნის სამოქალაქო ომში, ბოლო წლების განმავლობაში. იემენის სამხრეთ ძალების წარმომადგენელმა თქვა, თავდასხმასისა სულ მცირე, 65 ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ მუშაობენ. ცნობისთვის, იემენი სამოქალაქო ომში ჩართულია 2014 წლიდან, როდესაც "ჰუსიტი" მეამბოხეები შეიჭრნენ ჩრდილოეთის დიდ ნაწილში და აიღეს დედაქალაქი სანაა. დედაქალაქს ამ დრომდე ამბოხებულები აკონტროლებენ.
Qualcomm X60 ჩიპის გამოყენებით, iPhone 13 სავარაუდოდ, სატელიტს დაუკავშირდება
Qualcomm X60 საბაზისო ჩიპი, რომელსაც Apple სავარაუდოდ, iPhone 13-ში გამოიყენებს, დაბალ ორბიტაზე სატელიტურ კომუნიკაციებს დაუკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას appleinsider-ი ავრცელებს. iPhone 13 Pro მოდელებს დაემატება ახალი ულტრა ფართო კამერის ობიექტივი ავტოფოკუსით. ეს ფუნქცია 2022 წელს გამოშვებულ არა პრო მოდელებზე გავრცელდება. მოსალოდნელია, რომ Apple iPhone 13-ს შემოდგომაზე, პროდუქციის ხაზის ყოველწლიური განახლების ფარგლებში წარადგენს. Bloomberg-ის ცნობით, Always On Display ფუნქციის გარდა, iPhone 13-ს 120Hz განახლების სიხშირე და უფრო ძლიერი MagSafe მაგნიტური კონექტორი ექნება.
ციციშვილის კლინიკაში, კოვიდინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ერთი 29 დღის ჩვილია
ციციშვილის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული 2 ბავშვი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან ერთ-ერთი 29 დღის ჩვილია. ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად რეანიმაციაში 24 პაციენტი მკურნალობს. "ამჟამად რეანიმაციის განყოფილებაში 24 პაციენტი მკურნალობს, აქედან 2 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთი 29 დღის ჩვილია, რომელსაც აქვს თანდაყოლილი სეფსისი, დაუნის სინდრომი, გულის თანდაყოლილი მანკი და რესპირატორული სინდრომი, ყოველივე ამის გამო იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უკვე ერთი კვირაა. კიდევ ერთი ახალშობილი, რომელიც 21 კვირისაა, ბათუმიდან გადმოიყვანეს, ასევე იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მას აქვს ახალშობილთა სეფსისი, თანდაყოლილი რესპირატორული დისტრესის და ფილტვის ქსოვილის დაზიანება, კოვიდით განპირობებული. სხვა ბავშვები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, სხვადასხვა თანმხლები დაავადებებით. ისინი ჩვეულებრივ განყოფილებებში აგრძელებენ მკურნალობას", - განაცხადა მაია ჩხაიძემ. ამავე თემაზე: თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა 6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ციციშვილის კლინიკაში კომენტარი გააკეთეს
ცესკო ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიის დანერგვას რამდენიმე უბანზე განიხილავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ელექტრონულად ხმის დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე მსჯელობს. პროექტის დანერგვის შემთხვევაში, წინასწარ შერჩეული ოლქის რამდენიმე უბანზე ამომრჩევლები ხმის მიცემას ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებენ და კენჭისყრის შედეგები, ელექტრონული დათვლის საშუალებით, ხმის მიცემის პროცედურის დასრულებისთანავე იქნება ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად ცესკო ერთ-ერთ მოწინავე კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს; კომისია დღეს „სმარტმატიკს“ შეხვდა; კომპანიის წარმომადგენლებმა ცესკოს წევრებისთვის საჩვენებელი პრეზენტაცია გამართეს და დეტალურად ახსნეს თუ როგორ მოხდება ელექტრონული დანადგარის გამოყენება ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში. „ჩვენ დღეს გვაქვს შესაძლებლობა განვიხილოთ პროექტის შესაძლებლობები, თუ რა სარგებელი ექნება ამით ერთის მხრივ ამომრჩეველს და მეორეს მხრივ საარჩევნო ადმინისტრაციას. ეს არის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელსაც მინიმუმამდე დაყავს ყოველგვარი მანიპულაციის შესაძლებლობა კენჭისყრის დღეს. ამასთან ქმნის შედეგების ძალიან მცირე დროში მიღების შესაძლებლობას, ფაქტობრივად კენჭისყრის პროცედურების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი იმ კონკრეტული უბნის შედეგების გამოცხადება. ამ დეტალური განხილვების შედეგად უახლოეს დღეებში ცესკო მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას“- განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ტექნოლოგია, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე უბანზე ვარაუდობს, მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანაშია გამოცდილი. მისი გამოყენებით ნაწილობრივ ან სრულად ტარდება არჩევნები ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და აზიის ბევრი ქვეყანა. „ვიმედოვნებთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ტექნოლოგიური სიახლის დანერგვას შეუწყობს ხელს, რომლის პილოტირება 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდება. აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლე უკვე დაინერგა მრავალ სხვა ქვეყანაში, ჩვენ აღნიშნულ სერვისს 25 სხვადასხვა ქვეყანაში ვახორციელებთ.“ - განაცხადა კომპანია სმარტმატიკის წარმომადგენელმა ლუის კორონელიმ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ. ამავე თემაზე: ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე დადგენილებები მიიღო ექსკლუზიური ინტერვიუ - ცესკოს პრესსპიკერი: მიმდინარეობს ორგანიზება, რომ კოვიდვაქცინით ავცრათ ყველა ის თანამშრომელი, ვისაც ამის სურვილი აქვს ღარიბაშვილი: ვიღებთ პასუხისმგებლობას არჩევნების კოვიდუსაფრთხო გარემოში ჩატარებაზე ცესკო რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული და მისამართის გარეშე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს
„გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა იმას, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. კობახიძემ უპასუხა კითხვას, რა ფინანსური რესურსით აპირებს მთავრობა დააკომპენსიროს ფინანსური დახმარების მეორე ტრანშით გათვალისწინებული 75 მილიონი, თუკი ევროკავშირი ქვეყანას მის გამოყოფაზე უარს ეტყვის. კობახიძის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ბიუჯეტში დამატებით 1 მლრდ ლარამდე აკუმულირება მოხდა. ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას დაუბლოკავს, ეს „სანქცია“ არ იქნება. „ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მლნ ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მლრდ ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს - ყველაფერი ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის მოქმედებს, პირველი - ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მეორე - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ტერმინი სანქცია იქნება სრული სპეკულაცია. ვნახოთ, რა გადაწყვეტილება მიიღება. ფინანსური თვალსაზრისით, ამ კრედიტმა აქტუალობა დაკარგა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ დატვირთვას, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ეს პოლიტიკური დატვირთვა, თუმცა სანქციებზე ლაპარაკი არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი: მაკრო ფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია როგორც ცნობილია მაკროფინანსური დახმარებების მიმართულებით ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა მუშაობს. ჩეხი პოლიტიკოსი Europetime-მა ექსკლუზიურად მიმდინარე თვეს ჩაწერა. „არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა და მიკროსაფინანსო დახმარება აშკარად ერთ -ერთი მათგანია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც ხორციელდება ევროკავშირის სტანდარტული საკანონმდებლო პროცედურის ფარგლებში. ასე რომ, ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ, ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოხდება და როდესაც საკანონმდებლო პროცედურა იწყება, ჩვენ შეგვიძლია როგორღაც ის სისრულეში მოვიყვანოთ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეს არის კომისიასა და საბჭოს შორის განსახილველი საკითხი. პრობლემა ის არის, რომ საბჭოს და კომისიის თანამშრომლების უმრავლესობა ახლა შვებულებაშია, რადგან აგვისტოს განმავლობაში ევროკავშირის ინსტიტუტები შვებულებაში არიან. ასე რომ, ეს ართულებს სწრაფ რეაქციას. ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მათთან კონტაქტს და ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ რასაც მე ვხედავ, ევროკავშირის ინსტიტუტებში არსებული ატმოსფეროდან გამომდინარე, აუცილებლად იქნება ძლიერი რეაქცია ევროკავშირისგან. რა თქმა უნდა, თუ ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას, ეს ძალიან სასარგებლო იქნება შექმნილ ვითარებისთვის, მაგრამ პირადად მე ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს, რომ ეს მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვისურვებ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. ასევე წაიკითხეთ: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო
ევროკავშირმა აშშ კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა ამ სიიდან კოსოვო, ისრაელი, მონტენეგრო, ლიბანი და ჩრდილოეთ მაკედონია ამოიღო. 16 ივნისს ევროკავშირმა ამერიკელ ტურისტებს საზღვრები გაუხსნა. ევროკავშირის კრიტერიუმით, კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში მოსახვედრად, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 75-ს არ უნდა აღემატებოდეს. აშშ-ში ამ მაჩვენებელმა 100 ათასს მოსახლეზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში 11 ათასსს გადააჭარბა.
ენტონი ფაუჩი: სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია კარგი იდეაა
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია "კარგი იდეაა". ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა. ფაუჩის განცხადებით, ამ იდეას ბევრი წინააღმდეგობა ექნება, მაგრამ მისი თქმით, დიდი ხანია სკლებში სხვადასხვა ვაქცინა კეთდება და ეს არ იქნება ახალი. "ვთვლი, რომ სკოლის მოსწავლეების სავალდებულო ვაქცინაცია კარგი იდეაა. ეს არ არის ახალი. ჩვენ იგივეს ვაკეთებდით ათწლეულების განმავლობაში, მაგალითად, პოლიომიელიტთან, წითელასთან, ყბაყურასთან, წითურასა და ჰეპატიტთან მიმართებაში", - განაცხადა ფაუჩიმ. ცნობისთვის, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს. ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ყოფილმა კომისარმა სკოტ გოთლიბმა განაცხადა. გოთლიბი ახლა Pfizer-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. მისი ინფორმაციით, კომპანია ამ მოთხოვნით განაცხადს სავარაუდოდ, ოქტომბერში შეიტანს. ამავე თემაზე: ენტონი ფაუჩი: მასწავლებლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს ენტონი ფაუჩი: თუ მოქალაქეების უმრავლესობა აიცრება, 2022 წლის გაზაფხულზე ვირუსის გაკონტროლებას შევძლებთ ენტონი ფაუჩი: მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებს, სავარაუდოდ, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზის მიღება დასჭირდებათ აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა ბავშვებისთვის შესაძლოა, ზამთრის დასაწყისში დამტკიცდეს
გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" ოფიციალურად წარადგინა
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" ოფიციალურად წარადგინა. "მესამე ძალა" სხვადასხვა პარტიასა და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს. "მესამე ძალაში" ერთიანდებიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რეზო კემულარია, ვახტანგ იაშვილი, ოთარ ბაღათურია, პაატა ჩიქოვანი, სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით ცეკვავა, თეონა ჭალიძე. "მანამ სანამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებმა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მესამე ძალა. მესამე ძალა არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი, ჩვენ შეგვიძლია მეტი..." განაცხადა გიორგი ვაშაძემ. როგორც ცნობილია, "სტრატეგია აღმაშენებელი" 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში "მესამე ძალის" სახელით მიიღებს მონაწილეობას ისე, რომ პარტია სახელს არ შეიცვლის. როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რამდენიმე რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. "პირველი - პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა, 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე - ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს. ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოსი - ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროპის კავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა. ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს - ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ირაკლი კობახიძე: პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს, ორნიშნაა
"პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მე მაქვს, ორნიშნაა, დაახლოებით 30%-ია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის 30% მაღალი რეიტინგია. "მე მაქვს სტანდარტული რეიტინგი, რაც შეიძლება ჰქონდეს პარლამენტის წარმომადგენელს. ყველა ქვეყანაში, როგორც წესი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ვიდრე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს. რაც შეეხება პარლამენტის წრეს, პარლამენტარებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს მე, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, იგივე კახა კალაძე რომ ავიღოთ, უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ. ჩემი რეიტინგი ორნიშნაა. დაახლოებით 30%-ია. მაშინ, როდესაც კახა კალაძეს აქვს 50%-მდე, რომელიც ყველაზე მაღალია. ითვლება, რომ 30% მაღალი რეიტინგია საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომლსაც მრავალჯერადი მუტაცია ახასიათებს
Reuters-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, მრავალი მუტაციით, მაგრამ ჯერ არ აქვთ დადგენილი, არის თუ არა ის უფრო გადამდები და თუ შეუძლია ვაქცინებით ან წინა ინფექციით გამოწვეული იმუნიტეტის დაძლევა. როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ცნობილია როგორც C.1.2, პირველად მაისში გამოვლინდა სამხრეთ აფრიკის პროვინციების უმეტესობაში და ახლა გავრცელდა აფრიკის, ევროპის, აზიისა და ოკეანიის შვიდ ქვეყანაშია გავრცელებული. ის უამრავ მუტაციას შეიცავს, რომელიც სხვა ვარიანტებთან არის დაკავშირებული, ისინი წარმოიქმნება სხვადასხვა ნარევში. მეცნიერები ჯერ არ არიან დარწმუნებულები, როგორ მოქმედებენ ისინი ვირუსის ქცევაზე. ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც აღმოაჩინა კორონავირუსის "ბეტა" ვარიანტი, იმ ოთხიდან ერთ-ერთი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) "შემაშფოთებელს" უწოდებს.