ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი: სტიქიისას დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს, შავ ყურძენში კი 1 ლარს გადავიხდით

კახეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მისი დავალებით, ვიცე-პრემიერი და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ჩავიდნენ ადგილზე, შეიქმნა ოპერატიული შტაბი და მოსახლეობას ადგილზე მოუგვარეს პრობლემა. „რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში. 5000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძლიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. ჩემი დავალებით, ადგილზე ჩავიდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ადგილობრივ გუბერნატორთან ერთად. შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს და მოუგვარეს ჩვენს მოსახლეობას პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს. მათ, ვისაც სრულად გაუნადგურდათ ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათ, ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე, ჩვენ თვითონ აღვუდგენთ და დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იოლად გადავიტანოთ ეს პროცესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ამავე თემაზე: დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს კახეთში სეტყვამ ვენახები გაანადგურა

ისრაელი ყველა ვაქცინირებულს ,,ბუსტერ" დოზით აცრას სთავაზობს

Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ყველა ვაქცინირებულს 12 წლის ასაკიდან Pfizer-ის მესამე ე.წ. ბუსტერ დოზით აცრას სთავაზობს. როგორც ისრაელის ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ვაქცინის პირველი ორი დოზის ეფექტი სუსტდება ხუთი თვის შემდეგ და ადამიანებმა, რომლებიც 5 თვის წინ აიცრნენ, დამატებითი, მესამე დოზით ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ. ,,მესამე დოზა გვაძლევს დაცვის იმ დონეს, რომელიც მეორე დოზით აცრის შემდეგ მიიღწევა. ეს ნიშნავს, რომ მესამე დოზის მიღებით ადამიანები 10 -ჯერ უფრო დაცული ხდებიან,“- განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა შერონ ალროი-პრეისმა. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იმ მოქალაქეების 90 პროცენტს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდათ, აცრა 5 თვეზე მეტი ხნის წინ ჰქონდათ გაკეთებული. ცნობისთვის, ისრაელმა „ბუსტერ“ დოზის შეთავაზება დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო. მისი მიღების შესაძლებლობა თავდაპირველად 60 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ კი ეს ასაკობრივი ზღვარი თანდათან შეამცირეს. ბოლო მონაცემებით, ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.3 მილიონს შეადგენს, მესამე დოზით 2 მილიონამდე ადამიანია აცრილი. ამავე თემაზე: BBC: ისრაელი კოვიდინფექციის გავრცელების გამო სამი წლის ბავშვებისთვის შეზღუდვებს აწესებს ისრაელში 40 წელს გადაცილებულებს კოვიდივაქცინის მესამე დოზით აცრიან ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს ისრაელში 30 წელს გადაცილებულებს კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრიან ისრაელში, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებს სკოლაში, გაკვეთილების დროს აცრიან

საქართველოში 13.4% სრულად ვაქცინირებულია

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 164 402 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 383 454 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 13.4%, ხოლო ერთი დოზით ვაქცინირებულია 780 948 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.3%. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 29 აგვისტოს აიცრა 17 670 ადამიანი. ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

WHO-მ და Unicef-მა როგორც სკოლების გახსნის, ასევე, 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების აცრის რეკომენდაცია გასცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნისა და 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემენ. ამის შესახებ Unicef-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული. საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. როგორც ტექსტშია აღნიშნული, მაშინ, როცა ევროპის რეგიონში, სადაც ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით. მისი მიხედვით, ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით. „პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში“, - აცხადებს ჰანს ჰენტრი კლუგე. „პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ“, - განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა. მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს. „არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები“, - აღნიშნავს კლუგე. მისივე განცხადებით, სწრაფად გავრცელებადმა „დელტა“ ვარიანტმა წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში. „არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი. „ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ. ცნობისთვის, საქართველოში სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება.

აშშ-მ უკრაინას კოვიდვაქცინის სულ 2 მილიონზე მეტი დოზა გადასცა

აშშ-მ უკრაინას Moderna-ს კოვიდვაქცინის სულ 2 მილიონზე მეტი დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მეორე გადაზიდვით COVID-19-ის ვაქცინები გადაეცა უკრაინას, როგორც ჩვენი შემოწირულობის თითქმის 2.2 მილიონი დოზა დღემდე. ეს ნაბიჯი აძლიერებს აშშ -ს ვალდებულებას გლობალური პანდემიის დამარცხებაში და უკრაინის დახმარებაში", - წერს სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ვაქცინების გადაცემა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ცნობისთვის, უკრაინაში კოვიდიინფიცირების სულ 2 284 940 შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 2 206 683 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 53 738 შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 749 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი, 18 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ქეთი მელუა ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელია

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელია. შესაბამისი ფოტოები მომღერალმა მისივე Facebook გვერდზე გაავრცელა დაჯილდოება ბონის ოპერის თეატრში გაიმართა. ქეთი მელუას გარდა ამ ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული ჯგუფი Scorpions-ი გახდა.

აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტთა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. იმისათვის, რომ აბიტურიენტმა მიიღოს ინფორმაცია ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების შესახებ, უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. საბოლოო შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ - გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. 2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 29362 - მა აბიტურიენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 76%-ზე მეტი გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი გადანაწილდა 6500-ზე მეტ სტუდენტზე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი სწავლას 4200-ზე მეტი აბიტურიენტი განაგრძობს. ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1330-ზე მეტი გამოსაცდელი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაჩივრებინათ მიღებული ქულა ან კონკრეტული დავალების შეფასება. ამ შესაძლებლობით აპლიკანტთა 3%-მდე ისარგებლა - სულ შემოვიდა 3355 სააპელაციო განაცხადი, მათგან შეფასება შეიცვალა 1435 შემთხვევაში. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 25 საგამოცდო ცენტრი. პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წელსაც მოაწყო სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელთათვის, რომელთაც აღენიშნებოდათ ტემპერატურა. გარდა ამისა, 2021 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო უპრეცედენტო რაოდენობის სესიების უსაფრთხოდ ორგანიზება და ჩატარება - დამატებითი საგამოცდო სესიები დაინიშნა 600-ზე მეტი მონაწილისათვის, რომლებსაც კოვიდინფექცია დაუდასტურდათ და ამის გამო ვერ შეძლეს დანიშნულ დღეს საგამოცდო ცენტრში მისვლა. მათგან აბიტურიენტი იყო 200-ზე მეტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რომ რეგისტრაციის გასავლელად აუცილებლად მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ნათია თურნავა: მედია დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა

„მედია დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან მედიის წარმომადგენელთა მიმართ გამოხატულ სიძულვილის ენას ეხებოდა. „სიძულვილის ენა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მედია თავისუფალია, დაცულია და მის მიმართ რაიმე აგრესია მიუღებელია. ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ თავკვეთულას მონასტერში ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს საპატრიარქო ეპარქიის მმართველის შემდეგ შეაფასებს.

აშშ-მ 80-ზე მეტ ქვეყანას კოვიდვაქცინის 125 მილიონზე მეტი დოზა გადასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დრომდე, შტატებმა სხვა ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 126 731 750 დოზა გადასცა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაქცინების განაწილება სხვა ქვეყნებისთვისაც მოხდებოდა, აშშ აქტიურად ახორციელებს COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემის პროცესს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 27 აგვისტოს მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი შეთანხმებებითა და კოორდინირებული ძალისხმევით 80-ზე მეტ ქვეყანას ვაქცინების 125 მილიონზე მეტი დოზა გადასცა. ,,დღეის მდგომარეობით, ჩვენ მილიონობით ვაქცინა გავგზავნეთ აფრიკის 30 -ზე მეტ ქვეყანაში, დასავლეთ ნახევარსფეროს 25 -მდე ქვეყანაში და სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის 20 -მდე ქვეყანაში. ამ დაავადებამ არ იცის საზღვრები და გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე", - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამავე თემაზე: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუზიარებს

რამდენ ადამიანს დაერიცხა უმუშევრობის 200-ლარიანი კომპენსაცია და როდის ამოიწურა თანხის გაცემის ვადა

მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემა მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური, დასრულდა. ინფორმაციას დასაქმების სააგენტო ავრცელებს. დაქირავებით დასაქმებულთათვის აგვისტოს თვის 200 ლარიანი კომპენსაცია გაიცა. ამ კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის. დღეისათვის, აგვისტოს თვის 200 ლარიანი საკომპენსაციო თანხა დაერიცხა 6 979 პირს, 1 395 800 ლარის ოდენობით. ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ივლისში კომპენსაცია ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით.საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ“, - აღნიშნულია ინფორმციაში. ცნობისთვის დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6 თვიანი ვადა აგვისტოს თვეში სრულად ამოიწურა. ამავე თემაზე: პანდემიის გამო უხელფასოდ 162,905 მოქალაქე დარჩა - 200-ლარიანი კომპენსაციის სტატისტიკა

პირველი სექტემბრიდან იმპორტის ჩანაცვლებისთვის ახალი პროგრამები ამოქმედდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულებები, რომელთა მიზანიც ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლება იქნება. “ის საწარმოები, რომლებიც ჩართულნი არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და მის ეტაპობრივ შემცირებასა და ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ ერთდროულად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60% - ით თანაგარანტირებას ბანკების წინაშე და ასევე, გრანტს, სესხის ოდენობის 15%- ის მოცულებით”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორ პასუხობს საქართველო სკოლაში სწავლის დაწყებაზე WHO-ს და Unicef-ის რეკომენდაციას

"ვიდრე არ დასტაბილურდება ეპიდსიტუაცია, გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პედაგოგების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეპიდვითარებასთან ერთად წინაპირობაა სკოლაში სწავლის განახლებისთვის. „სკოლაში სწავლის განახლება ყველასთვის სასურველი მოდელია, ამას უჭერენ მხარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი“, აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მანვე განმარტა, რომ ყველა დეტალი განათლების სამინისტროსთან შეთანხმდება და გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღება. ცნობისთვის, WHO-მ და Unicef-მა როგორც სკოლების გახსნის, ასევე, 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების აცრის რეკომენდაცია გასცეს. საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 78. პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ყველა პროგნოზით ეპიდვითარება ოქტომბერში დამშვიდდება“.

ავღანეთის ტელევიზიაში ჟურნალისტებს გადაცემის წაყვანა შეიარაღებული ,,თალიბების" ფონზე უწევთ

BBC-ის ცნობით, ,,თალიბანის" მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ პირობა დადეს ჟურნალისტების წინააღმდეგ არანაირი მუქარა არ იქნებოდა, ზოგიერთი ტელევიზია მკვეთრად შეიცვალა. BBC World News- ის წამყვანი, კორესპოდენტი იალდა ჰაკიმი ავრცელებს ერთ-ერთი ავღანური ტელევიზიიდან კადრებს, სადაც ჩანს, რომ ტელეწამყვანს გადაცემის წაყვანა შეირაღებული ,,თალიბების" ფონზე უწევს. ,,ასე გამოიყურება პოლიტიკური დებატები ავღანურ ტელევიზიაში, თალიბანის ქვეითი ჯარისკაცები უყურებენ წამყვანს. ჟურნალისტი საუბრობს აშრაფ ღანის მთავრობის დაშლაზე და ამბობს, რომ ავღანელ ხალხს ისლამური საამიროს არ უნდა ეშინოდეს", - წერს Twitter-ზე ჰაკიმი. ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს. ამავე თემაზე: ავღანეთის დატოვება 2 000-ზე მეტ ჟურნალისტს სურს

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. „აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს ვაქცინაცია. დიდ ბრიტანეთში გასცეს რეკომენდაცია, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ სარგებელი მოსალოდნელ რისკებს აღემატება, ამდენად მსჯელობა მიმდინარეობს ექსპერტების ჯგუფებში. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ შესაძლებლობას და დაველოდებით ჯანმოს რეკომენდაციებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, 16-18 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნისა და 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემენ. ამის შესახებ Unicef-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული. საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ამავე თემაზე: საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს

თამარ გაბუნია: პიკი გადავიარეთ

„პიკი გადავიარეთ, არის სტაბილიზაციის ნიშნები, დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რითაც ეპიდვითარება შეაფასა. მისი თქმით, გარდაცვალების რაოდენობის შემცირებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ორი კვირაა პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია მოჰყვება. „ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. მისი განცხადებით, კლინიკები გადატვირთულია და რთული მდგომარეობაა, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საფუძლებს არ ქმნის. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ყველა პროგნოზით ეპიდვითარება ოქტომბერში დამშვიდდება“.

თამარ გაბუნია: რამდენიმე ქვეყნიდან უკვე მოდის ჟანგბადი

ჟანგბადით მომარაგების საკითხში ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროები არიან ჩართულნი - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, საერთაშორისო შესყიდვები დაიწყო და რამდენიმე ქვეყნიდან უკვე მოდის ჟანგბადი. მანვე აღნიშნა, რომ რთულია ლოგისტიკის შენარჩუნება საჭირო დონეზე, თუმცა, ჯერჯერობით ხერხდება. შეგახსენებთ, გასულ კვირას თამარ გაბუნიამ განაცხადა, ჟანგბადით მომარაგების კუთხით საქართველოს თურქეთი და აზერბაიჯანი ეხმარებიან.

შეკვეთილში ახალგაზრდა კაცს სკუტერის ამოყვანისას დენმა დაარტყა და გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა შეკვეთილში. ახალგაზრდა კაცს ზღვიდან სკუტერის ამოყვანის დროს დენმა დაარტყა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Europetime-ს შსს-ში უდასტურებენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

უზბეკეთი მზადაა, დაეხმაროს გერმანიას ავღანეთიდან ევაკუაციაში

უზბეკეთი მზადაა, გახსნას თავისი საზღვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ავღანეთიდან „თალიბანის“ მმართველობის გამო გაიქცნენ. Reuters-ის ცნობით, საუბარია გერმანიის მიერ შედგენილ იმ პირთა სიაზე, რომლებსაც ქვეყნიდან ევაკუაცია ესაჭიროებათ. ბრიტანული სააგენტო ამ ინფორმაციას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჰეიკო მაასი უზბეკეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. ის ავღანეთის საკითხის განსახილველად, შუა აზიაში 4 დღიანი ტურნეს ფარგლებში პაკისტანსა და ახლო აღმოსავლეთს ეწვია.

თამარ გაბუნია: ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ტრენინგი დაწყებულია

"ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ორსულების ვაქცინაციის პროცესი აქტიური იყოს. მან ფეხმძიმეებსა და მათ ექიმებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაცია არ გადადონ. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია აქტიური იყოს. ყველა ორსულს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე - Pfizer-ის ვაქცინით. ამდენად, ჩვენი კიდევ ერთი თხოვნა იქნება, ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, რომ ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ცნობისთვის, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე თემაზე: საქართველოში 13.4% სრულად ვაქცინირებულია საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 78 თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების პროგრამის ამოქმედების თარიღი ცნობილია

პირველი სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაანონსებული ახალი პროგრამები ძალაში შედის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა. მინისტრის თქმით, ამ პროგრამით მოსარგებლე მეწარმეებს შეუძლიათ, სააგენტოს ან ბანკს ორ დღეში მიაკითხონ. „ის საწარმოები, რომლებიც საექსპორტო წარმოებაში ჩართულები ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავიანთი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ ერთდროულად როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე, დაახლოებით, 60%-ით თანაგარანტირებას გავუწევთ ბანკებთან. გარდა ამისა, ახალი კომპონენტია გრანტი, სესხის ოდენობის 15%-ის მოცულობით, რასაც ასევე მიიღებენ. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ამასთან, პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სამთავრობო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირებას გულისხმობს.