ძებნის რეზულტატი:
ბელარუსში კამპანია „ადამიანის უფლებათა დამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარის მიწვევას აპროტესტებს
ბელარუსიელი უფლებადამცველები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. „ჩვენ, კამპანიის „ადამიანის უფლებათა დამცველები თავისუფალი არჩევნებისთვის“ წარმომადგენლები, ძალიან გაკვირვებულნი და იმედგაცრუებულნი ვართ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბელარუსიის რესპუბლიკის ცენტრალური კომისიის წევრებისა და მისი თავმჯდომარის, ლიდია ერმოშინა მიწვევის შესახებ. კერძოდ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი მომავალი ადგილობრივი არჩევნებისათვის. შეგახსენებთ, რომ 1996 წლიდან ბელარუსის რესპუბლიკაში ჩატარებული ყველა არჩევნები ეუთოს არ უღიარებია თავისუფლად და სამართლიანად. კერძოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო პროცესი, რომელსაც ახორციელებდა ბელარუსის ცესკო, არცერთ ფაზაში არ შეესაბამებოდა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების რიგ ძირითად საერთაშორისო სტანდარტებს. ბელარუსის ცესკოს თანხმობით, კენჭისყრის შედეგების გაყალბებამ გამოიწვია პროტესტის ფართო ტალღა და მიიყვანა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელიც დღემდე გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცესკოს ზოგიერთი წევრი და მისი თავმჯდომარე შედიოდნენ (2008 წელს ამოიღეს სიიდან) ევროკავშირის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს და რიგი სხვა სახელმწიფოების მიერ სანქცირებულთა სიაში. ასეთ ვითარებაში, ბელარუსის ცესკოს წარმომადგენლებისა და მისი თავმჯდომარის საქართველოში არჩევნების მონიტორინგში მონაწილეობის მისაღებად მოწვევა მიუღებელია და, ფაქტობრივად, ჩაითვლება ქართული ინსტიტუტების, პირველ რიგში, საქართველოს ცესკოს მიერ ბელარუსის არჩევნების გაყალბების დამტკიცებად. ჩვენ მოგიწოდებთ, გადახედოთ გადაწყვეტილებას და ამით დაუჭიროთ მხარი ბელარუსიელ ხალხს, რომლებიც დემოკრატიული გარდაქმნებისკენ ისწრაფვიან“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს ადგილობრივ არჩევნებს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც დააკვირდება. ლიდია ერმოშინა იმ საერთაშორისო დამკვირვებლებს შორისაა, რომლებიც საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს შეაფასებენ. ლიდია ერმოშინა ბელარისის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრია 1992 წლიდან, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლის რანგში ის პირველად არ ჩამოდის. შეგახსენებთ, ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს „სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართულნი, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულაციას ცდილობენ“. შესაბამისი ტექსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. „სულ უფრო მკაფიო შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალები, რომლებიც, სავარაუდო, ფარული მიყურადების დეტალების გასაჯაროებაში არიან ჩართულნი, ეკლესიის ფაქტორით არჩევნებში მანიპულიაციას ცდილობენ. სავარაუდო უკანონო მოსმენების, უკანონო გატანის და შემდეგ სავარაუდო უკანონო გასაჯაროების დეტალები, გამოძიებული უნდა იყოს და როდესაც მეტ-ნაკლები სიცხადე გამოიკვეთება ამ საკითხში, შემდგომ იქნება შესაძლებელი, რაიმე დასკვნების, ან კომენტარების გაკეთება, მანამდე ბევრი რამ ბუნდოვანია და ერთმანეთში აზელილია ტყუილ-მართალი. საპატრიარქოს ხელი არ მიუწვდება მასალაზე, რომლის შესახებაც არის საუბარი, მივმართავთ ტელევიზიებს, ვისაც აქვს ეს მასალა, თუ ეს შესაძლებელია, გადმოგვცენ აღნიშნული ფაილები. პ.ს. უკანონო მიყურადება და მსგავსი მასალების გასაჯაროება სრულიად მიუღებელია, თუკი ასეთი ფაქტი დამტკიცდა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე. ამავე თემაზე: არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება
დღეიდან სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად განახლდა
დღეიდან სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად განახლდა. 4 ოქტომბერს კი, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას. 4 ოქტომბრიდან სწავლა პირველკლასელებისთვისაც დაიწყება. სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა. "წელს, პანდემიის გამო, სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. დღეს ფუნქციონირებას იწყებს „ტელესკოლის“ უაღრესად მნიშვნელოვანი, საერთაშორისოდ აღიარებული პროექტი, რომელსაც დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას. ჩვენ ასევე მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირველკლასელებთან დაკავშირებით. პედაგოგიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველკლასელებს თავიანთი პირველი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში. შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დასწრებულ ფორმატში დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4 %-ზე ნაკლები", - განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
მარინა კალიურანდი: სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს
ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების შეხვედრაზე (MEP) მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი აარიდოს პროვოკაციებს და თავისი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის გამოიყენოს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს. "ევროპარლამენტარების შეხვედრაზე სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის დეპოლარიზაციისთვის და პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ", - წერს მარინა კალიურანდი.
ჰელმანდის გუბერნატორი დასავლეთს: აღიარეთ „თალიბანი", დაბრუნდით ფულით და არა იარაღით
ჰელმანდის ახალი გუბერნატორი, თალიბ მავლავი, რომელიც გუბერნატორად "თალიბანმა" დანიშნა, ამტკიცებს, რომ ბრძოლის დრო დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. გუბერნატორი ბრიტანეთსა და NATO-ს სხვა წევრებს "თალიბანის" აღიარებისკენ მოუწოდებს. "აღიარეთ "თალიბანი" ავღანეთის ლეგიტიმურ ლიდერად და შემდეგ დაბრუნდით, მაგრამ ფულით და არა იარაღით. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით ბრძოლაში, ჩვენ ვერ გავიცანით ერთმანეთი ჩვეულებრივ დროს. ახლა თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ ჩვენი გული და გაგვახაროთ, თუ თქვენ აღიარებთ ამ მთავრობას", - აცხადებს გუბერნატორი. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ავღანეთს უნდა დაეხმაროს. "ყველა ეს უცხო ქვეყანა შემოიჭრა და მოკლა ჩვენი ქალები, ბავშვები და მოხუცები და გაანადგურა ყველაფერი. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დაგვეხმაროს ჰუმანიტარული დახმარებით და განათლების, ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარებაზე იყოს ორიენტირებული", - აცხადებს გუბერნატორი. ამავე თემაზე: დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს
დღეიდან თბილისის ბაღებში პროდუქტების დარიგება დაიწყება
დღეიდან, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება იწყება. სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება დედაქალაქის მერმა სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო. პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები. დარიგდება ათი დასახელების პროდუქტი: შაქარი - 1 კგ, ფქვილი - 1 კგ, შვრია - 1 კგ, მაკარონი - 1 კგ, ხილფაფა - 1 ქილა, ზეთი - 1 ლ, კვერცხი - 6ც, ჩაი - 1 კოლოფი, ყველი - 0,5 კგ, რძე - 2 ლ. თბილისში 188 საბავშვო ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
დიდ ბრიტანეთში გარკვეულ ჯგუფებს კოვიდვაქცინის „ბუსტერ“ დოზას შესთავაზებენ
მომავალი კვირიდან, დიდ ბრიტანეთში გარკვეულ ჯგუფებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამაძლიერებელ დოზას შესთავაზებენ 50 წელს გადაიცლებულებს, ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ახალგაზრდებს და ჯანდაცვის მუშაკებს. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ვაქცინაციის მრჩეველთა ჯგუფმა (JCVI) გასცა რეკომენდაცია, რომ დაახლოებით, 30 მილიონ ადამიანს უნდა შესთავაზონ მესამე დოზა. მათ განაცხადეს, რომ გამაძლიერებელი უნდა გაკეთდეს სულ მცირე, ექვსი თვის შემდეგ, როდესაც ადამიანმა მიიღო ვაქცინის მეორე დოზა - რეკომენდებულია Pfizer -BioNTech-ის ვაქცინა. როგორც ცნობლია, შოტლანდია ორშაბათიდან დაიწყებს ფართო ჯგუფისათვის გამაძლიერებელი დოზის შეთავაზებას.
საქართველოში კორონავირუსი 2 515 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 515 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 829 პაციენტი, 60 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 587 551 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 551 780, გარდაიცვალა 8 347 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 207 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 341 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 866 PCR ტესტით. ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 869, აჭარა - 159, იმერეთი - 393, ქვემო ქართლი - 151, შიდა ქართლი - 143, გურია - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 251, კახეთი - 338, მცხეთა-მთიანეთი - 61, სამცხე-ჯავახეთი - 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 25. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 27 398, საიდანაც: 5 785 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 346, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 047. მძიმე პაციენტი: 1 347 პირი, მათ შორის, თბილისში - 537, აჭარაში - 156, იმერეთში - 348. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 350, მათგან თბილისში - 206, აჭარაში - 24, იმერეთში - 30. 1 318 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 707 - თბილისში, 375 - აჭარაში. 20 295 იმფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 76 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 14 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 692 ადამიანი.
თეა წულუკიანი: პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა და არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ
პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და მანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში განაცხადა. „მე ველოდები გამოძიებას და მაინტერესებს, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხიდან ვისმენთ, თითქოს 6 თუ 7 ათასი ფაილი არსებობს, რომელიც მოიპოვეს აწ უკვე გარდაცვლილი ადამიანისგან. მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ახლა ამ გარდაცვალებითაც შეეცდებიან მანიპულირებას, როგორც ეს იყო ბაჩალიაშვილის, ხორავას ქუჩის საქმეებზე. უკაცრავად გამოთქმისთვის, „ტრუპების მენტალიტეტიდიან“ ვერ გამოვიდნენ. პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კი არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, როგორც ეს მათ სურთ, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და მანაც, ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა. ტირაჟირებამ შეიძლება ადამიანები თვითმკვლელობამდე მიიყვანოს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ სუს-ი განცხადებას ავრცელებს
BBC: „თალიბანის“ ლიდერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ავღანეთში ახალი მთავრობის შექმნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, „თალიბანის“ ლიდერებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო. იუწყება BBC წყაროზე დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, ორი, ერთმანეთის კონკურენტი ჯგუფი პრეზიდენტის სასახლეში დაუპირისპირდა ერთმანეთს. უთანხმოება ახალ კაბინეტში ძალთა გადანაწილებას მოჰყვა. „თალიბანმა“ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია. დავის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „თალიბანის“ თანადამფუძნებელი, მულა აბდულ ღანი ბარადარი რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო. „თალიბანის“ ერთმა წყარომ BBC-ს განუცხადა, რომ ბარადარი და ხალილ ურ -რაჰმან ჰაკანი - ლტოლვილთა მინისტრი და ბოევიკთა ქსელში გამოჩენილი ფიგურა - სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათი მიმდევრები კი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „თალიბანის“ უფროსმა წევრმა კატარში და მათთან დაკავშირებულმა პირმა ასევე დაადასტურეს, რომ გასული კვირის ბოლოს ლიდერებმა მართლაც იკამათეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ასევე წარმოიშვა განხეთქილებების გამო იმის შესახებ, თუ ვისი დამსახურებაა ავღანეთში „თალიბანის“ გამარჯვება. ბარადარი მიიჩნევს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მისი მსგავსი ადამიანების დიპლომატიაზე, ხოლო ჰაკანის ჯგუფის წევრები, რომელთაც „თალიბანის“ ერთ -ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა მართავს, ასევე, მათი მხარდამჭერები ამბობენ, რომ ეს ბრძოლის შედეგად არის მიღწეული. ბარადარი იყო „თალიბანის„ პირველი ლიდერი, რომელიც 2020 წელს უშუალოდ დაუკავშირდა აშშ-ის პრეზიდენტს და სატელეფონო საუბარი ჰქონდა დონალდ ტრამპთან. მანამდე მან „თალიბანის“ სახელით ხელი მოაწერა დოჰას შეთანხმებას აშშ-ის ჯარების გაყვანის თაობაზე. ავღანეთი აშშ-ის ბოლო სამხედრო თვითმფრინავებმა დატოვეს. ავღანეთში აშშ-ის ოცწლიანი მისია დასრულებულია. შეგახსენებთ, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის ქაოსური პროცესის დროს მოხდა ტერაქტიც, რომელსაც 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი. მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები. ამავე თემაზე: რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას?
საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1 328 ლარამდე გაიზარდა
2021 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1 328.0 ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით); • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით); • მშენებლობა – 2 006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით); • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 919.5 ლარი (გაიზარდა 7.4პროცენტით); 2021 წლის II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1 560.0 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2021 წლის II კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1 389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება. 2021 წლის II კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1 226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო დასადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს. ამავე თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა
საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის წესს ამკაცრებს
საფრანგეთი ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაციის წესს ამკაცრებს. France24 წერს, რომ საფრანგეთის მთავრობას ათიათასობით ჯანდაცვის მუშაკთან და სანიტართან უთანხმოება ემუქრება ახალი წესის გამო, რომელიც ვაქცინაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას გულისხმობს. დღეიდან, საავადმყოფოს პერსონალმა, სასწრაფო დახმარების მძღოლებმა, საპენსიო სახლის მუშაკებმა, პირადმა ექიმებმა, სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა და ადამიანებმა, რომლებიც ხანდაზმულებსა და უძლურებზე ზრუნავენ საკუთარ სახლებში, სულ 2.7 მილიონმა ადამიანმა უნდა შეძლოს იმის დამტკიცება, რომ მინიმუმ ერთო დოზით არიან აცრილი. პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ულტიმატუმით ორი თვის წინ გამოვიდა, თუმცა ათიათასობით მუშაკი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა აქციას, რომელიც უკვე ორი თვეა მიმდინარეობს, ჯანდაცვის მუშაკთა ნაწილიც შეუერთდა. ცნობისთვის, საფრანგეთის ერთ-ერთი უდიდესი საჯარო სექტორის გაერთიანება, CGT მთავრობას „ჯანმრთელობის კატასტროფის“ შესახებ აფრთხილებს. ამავე თემაზე: საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროს არავაქცინირებული თანამშრომლები სამსახურს დაკარგავენ
რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედალს მოიპოვებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები - ოქროს მედლის მფლობელები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერბის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ტოკიო 2020-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც. "მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გამოხატავს მათდამი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას, რადგან მათი შრომით მიღწეული უდიდესი გამარჯვებები ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. ხაზგასასმელია, რომ როგორც სპორტსმენისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებას, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის გატანსა და ღირსების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მიზნის მიღწევა თითოეული სპორტსმენისგან უდიდეს ფიზიკურ შრომასა და ძალისხმევას, მრავალსაათიან, დამღლელ ვარჯიშსა და სრულ კონცენტრაციას მოითხოვს. მათი თავდაუზოგავი შრომა ქვეყნის სასახელოდ, გულშემატკივრებისთვის უდიდესი სიხარულის მომტანი და დასაფასებელია. შესაბამისად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სპორტსმენებს, მათ შორის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, განათლების მიმართულებით ხელშეწყობა ჰქონდეთ. აღნიშნულის შესახებ მთავრობის წინაშე მოხსენებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წარსდგა. სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა, სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ
ატლანტის ზოოპარკში 18 გორილას COVID19 დაუდასტურდა
ატლანტის ზოოპარკში 20-დან 18 გორილას COVID19 დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ ვირუსი მათ მომვლელისგან გადაედოთ. ზოოპარკის ბინადრებს სიმპტომები გამოუვლინდათ, მათ შორის ხველება, სურდო და უმადობა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ გორილებს შეუძლიათ, ადამიანებს გადასცენ ვირუსი. გავრცელებული ინფორმაციით, გორილებში, სულ მცირე ოთხმა ნიმუშმა „დელტა“ ვარიანტი აჩვენა.
ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინების დამატებით 200 მლნ დოზას მიაწვდის
ევროკავშირი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამატებით 200 მილიონ დოზას მიაწვდის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. "ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გლობალური ვაქცინაციის დაჩქარებაა. ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება 250 მილიონი დოზის გაზიარების შესახებ. გარდა ამისა, დამატებით 200 მილიონ დოზას მივაწვდით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე.
2021 წლის იანვარ-ივნისში, გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა
საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვმა 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარასა (717) და ქვემო ქართლში (195). საქსტატის ცნობით, 2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი მედიაში გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს და ვერსიებზეც მიუთითებს. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გიორგი გახარია ან ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს. „პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ. მათ შორის იმ ვერსიას, თეორიულად, ხომ არ არის გამორიცხული ან შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია და ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათა შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა. წვდომა ჰქონდათ ძალიან დიდ ინფორმაციასთან და წვდომა ჰქონდათ, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, რადგან ჩვენ, ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს არის ფალსიფიკაცია, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი. მისი თქმით, პირველ რიგში დასადგენია, რა მიზანს ემსახურება ამ დოკუმენტების გამოტანა და რამდენად ავთენტურია, ეს უნდა დაადგინოს ობიექტურმა გამოძიებამ. „რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, ასეთი ბრალდებები აქამდეც მოგვისმენია. ზოგადად, უღირს ადამიანებს ხშირად გამოსდით ბოროტების და სიცრუის ტირაჟირება“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა 2012 წლის მარტში დატოვა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წელს დაინიშნა.
საქსტატი: გამოკითხულთა 57,7% ვაქცინებს ენდობა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე კორონავირუსის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას და შედეგებს აქვეყნებს. საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის - თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება. დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას 27.0 პროცენტი გაიკეთებდა. სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია. ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება: ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%), მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%), სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობა (2.5%), ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%), მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%). გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: რამდენად უსაფრთხოა (81.3%), გვერდითი მოვლენები(56.4%), რამდენად ეფექტურია (55.5%), როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%), როგორ შეიქმნა (21.4%), რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%). გამოკვლევის თანახმად, იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისთვისაც ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთებს ვაქცინას და იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისაც არ გადაუწყვეტია, ნაკლებად მოსალოდნელია ან თითქმის გამორიცხულია, რომ გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთმანეთისგან განსხვავდება ვაქცინის გაკეთების მთავარი მოტივების მიხედვით: რესპონდენტებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთებს ვაქცინას, 59.6 პროცენტისთვის მთავარი მოტივი არის საკუთარი თავის დაცვა, 16.3 პროცენტისთვის კი - ხანდაზმული ადამიანების დაცვა. იმ რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, 40.2 პროცენტისთვის მთავარი მოტივი იქნებოდა საკუთარი თავის დაცვა, 11.8 პროცენტისთვის - ხანდაზმული ადამიანების დაცვა, ხოლო 21.9 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლისმნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს. კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში.
28 სექტემბრიდან ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება
28 სექტემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია -Wizz Air კრაკოვის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აღადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთაინება ავრცელებს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით, საქართველოში Wizz Air-ის ტოპ მენეჯმენტის სამუშაო ვიზიტისას მიიღეს. კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პანდემიამდე არსებული ევროპული მიმართულებების დამატებაზე უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz air-თან კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს. ,,ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიაიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებითაც აღადგენს ფრენებს,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ. ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 4 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეშია შეუძლიათ.
„ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების დასასრულებლად მერიასა და კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების მშენებლობის დასრულების შესახებ თბილისის მერიასა და საინვესტიციო და სარემონტო ობიექტების შემსრულებელ კომპანიებს შორის მემორანდუმი გაფრომდა. მემორანდუმს ხელი კომპანიების - „სი-ემ-სი“, „მეტა“, „ნექსთ დორი“, „იქს მშენი“, „არქი დეველოპმენტი“ - წარმომადგენლებმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მოაწერეს. კახა კალაძის თქმით, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ პრობლემა მოგვარებულია. „მინდა სიხარულით და სიამაყით გაუწყოთ, რომ „ცენტრ პონტის“ პრობლემა მოგვარებულია. 6,000-მდე ოჯახისთვის დასრულდა 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი, ყველა დაზარალებული ოჯახი, დაზარალებული ადამიანი მიიღებს საკუთარ ფართს. ყველა ობიექტეისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, თითოეული ობიექტის დასრულების ვადა სწორედ დღეს გაფორმებული მემორანდუმით იქნება განსაზღვრული. მისი თქმით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება. „რაც შეეხება დღევანდელი მემორანდუმის ხელმოწერას, თქვენ გახსოვთ, რომ თავიდანვე შევიმუშავეთ ე.წ. ზიარჭურჭლის პრინციპი - არ არსებობდა პრივილეგირებული ობიექტები და დაზარალებულები. დღევანდელ მემორანდუმში თითოეული ობიექტის მიხედვით, განსაზღვრულია დასრულების ვადები, რომლის შესრულების გარანტორი თბილისის მერია არის. მემორანდუმში მონაწილე კომპანიები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი არის ე.წ. სარემონტო ობიექტების შემსრულებელი კომპანიები, მეორე - საინვესტიციო ობიექტების ინვესტორები. აღნიშნულ მემორანდუმს დაზარალებულებს საინიციატივო ჯგუფი გააცნობს, რომელიც აღნიშნული პროექტების განხორციელების პროცესში, სამომავლო მონიტორინგისთვის ერთგვარი ინსტრუმენტი გახდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.