ძებნის რეზულტატი:
წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
წყნეთში 2 ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. ერთი არის 19-109 მუხლი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და მეორე - 236-ე მუხლი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩანაწერებზე: პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი უარყოფს ინფორმაციას, რომ სუს-ში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი იყო. როგორც ხოჯევანიშვილმა ფარული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, პირველი იქნება, ვინც აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება. "ჩემი მოღვაწეობის პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მე არასდროს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი, რომელსაც ცალსახად გიდასტურებთ და მე მინდა, თეა წულუკიანს მივმართო, რომ მან თავის საკურატორო სფეროებს მიხედოს, უცებ, არ ჩამოეშალოს სხვის ძებნაში. ეს არის ჩემი კომენტარი და მე პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ყველაფერს აეხადოს ფარდა", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სავარაუდოდ, სუს-იდან გაჟონილ ფაილებზე გახარიას გუნდის პასუხისმგებლობაზე მიანიშნა და თქვა, რომ ფარულ ოპერატიულ საქმიანობას, მათ შორის მიყურადებებს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი კურირებდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი. ამავე თემაზე: მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება
„მთავარი არხის“ ოპერატორი მომხდარ ინციდენტზე: გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით
„მთავარი არხის“ ოპერატორ ლევან აბლოთიას განცხადებით, გუშინ ის ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის აივნიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ მან დღეს, კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. ოპერატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უცხო ადამიანების მხრიდან მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად უნახავს. „თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია.. მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანეს გარეთ. ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - განაცხადა ლევან აბლოთიამ. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა ქარელში მომხდარ ფაქტს. კოალიცია გმობს „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას. „მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია და „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ქარელში გადაღებული კადრები წარადგინა და განაცხადა, რომ ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება. „ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ. ამავე თემაზე: ,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ
შსს-მ გორსა და ხაშურში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 11 პირი დააკავა, 4 კი პასუხისგებაში მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორსა და ხაშურში 11 პირი დააკავეს, 4 პირი კი პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1985 წელს დაბადებული შ.მ., 1988 წელს დაბადებული ნ. მ. (მეტსახელად „რიჟოვიჩი“), 1963 წელს დაბადებული კ. ნ., 1964 წელს დაბადებული ბ. გ. (მეტსახელად „პაპლიკა“), 1987 წელს დაბადებული ა. ც. (მეტსახელად „მღვდელოვიჩი“), 1990 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „წერტილა“), 2002 წელს დაბადებული ო. მ. (მეტსახელად „ომო“), 1999 წელს დაბადებული ბ. მ., 1974 წელს დაბადებული გ. გ., 1972 წელს დაბადებული ზ. ნ. და 1996 წელს დაბადებული ბ. ა. ამავე დანაშაულებისთვის ბრალი წარედგინებათ: 1990 წელს დაბადებულ ა.ა.-ს (მეტსახელად „ბოთე“), 1983 წელს დაბადებულ მ.მ.-ს (მეტსახელად „ჩაინიკა“), 1998 წელს დაბადებულ პ.ბ.-ს (მეტსახელად „პაწე“) და 1989 წელს დაბადებულ შ. ქ.-ს (მეტსახელად „ტყუპა“). „კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები აღიარებდნენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. კერძოდ, ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებით, „ქურდული სამყაროს“ მიზნების განსახორციელებლად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, მოქალაქეებს ფულს და ძვირადღირებულ ავტომანქანებს ართმევდნენ. ბრალდებულები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, არაერთ საქმეში ჩაერთნენ. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ბრალდებულები ფინანსურ დავებს „ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად წყვეტდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. გარდა ამისა, ბრალდებულებმა - „ქურდული სამყაროს“ წევრებმა, ე.წ. კანონიერი ქურდის - „ტერტერას“ დავალებით, ასევე „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ჩაინიკას“ თავისი კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. მოგვიანებით კი, აღნიშნული მანქანის დაბრუნების მიზნით, „ქურდული გარჩევა“ მოეწყო, რომელშიც „ქურდული სამყაროს“ წევრი მეტსახელად -„რიჟოვიჩი“ მონაწილეობდა. „ქურდული გარჩევის“ შედეგად, ავტომანქანა „ჩაინიკას“ დაუბრუნდა. აღნიშნულმა პირებმა ასევე კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც „ქურდული გარჩევის“ შემდეგ, გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაუბრუნეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა და 15 ათასი დოლარი, „მაგნუმის“ და „კოლტის“ სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტი და საბრძოლო ვაზნები“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამავე თემაზე: გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება
პრემიერი: სუს-ი, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს
„გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა, ათასობით ფაილს სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო, არჩევნებამდე, 2 კვირაში მსოფლიოს ვერც ერთი ექსპერტიზა ვერ მოასწრებს ამის დადგენას და გათვლაც ამაზე იყო გაკეთებული, ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოსმენების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებისთვის, პოლიტიკური მიზნით არის შექმნილი და ეს სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საიდუმლო სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში ახდენდეს ლეგიტიმურ, კანონიერ მოსმენებს და ეს არის ყველასთვის ცხადი, არაფერი დაფარული არ არის. მთელი მსოფლიო ასე იმართება. ტყუილ- მართალი ერთმანეთშია აღრეული და რა არის და რა არა კანონიერი, ამის გარკვევას სჭირდება დახარისხება, ავთენტურობის შესწავლა, ექსპერტიზა და დრო. ვინაიდან იციან, რომ 2 კვირაში არჩევნებამდე ამას ვერ მოასწრებს მთელ მსოფლიოში ვერც ერთი ექსპერტიზა, ამაზე იყო გათვლა გაკეთებული, რომ რაღაც ერთგვარი შფოთვა შემოიტანეს საზოგადოებაში. ქვეყანას აზიანებს აჟიოტაჟი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და არჩევნებისთვის არის შექმნილი. უნდა დადგინდეს, დამტკიცდეს, ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა და აშ.. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება და ძალიან ბევრ ქვეყანას. ასე რომ უნდა გაერკვიოს. სუს-ი, რა თქმა უნდა, აღკვეთს, გამოძიება დაწყებულია და ყველაფერი გაირკვევა. ზოგადად, მე მინდა შემდეგი ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის, მთავრობის წინააღმდეგ, ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ. თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ბინძური კამპანია შეჩერდეს, მორეს მხივ, პროკურატურა გააკეთებს ყველაფერს, რომ ძალიან მალე ფარდა აეხადოს ამ სიბინძურეს და გაირკვეს სიმართლე".
საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ
საფრანგეთმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ზურგში დანის ჩარტყმასა და დონალდ ტრამპის მსგავსად ქცევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც საფრანგეთი თავდაცვის სფეროში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ალიანსის მიღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა და ავსტრალიამ განაცხადეს, რომ პარტნიორობის ფარგლებში, აშშ ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგებისთვის საჭირო ტექნოლოგიასა და შესაძლებლობებს გადასცემს. ფრანგული წყალქვეშა ნავების 40 მილიარდი დოლარის გარიგება კი უქმდება. კერძოდ, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა და ჩაენაცვლებინა ორ ათწლეულზე მეტი ხნის Collins-ის წყალქვეშა ნავები. „ეს სასტიკი, ცალმხრივი და არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება მახსენებს იმას, რასაც ბატონი ტრამპი აკეთებდა”, - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა რადიო Franceinfo-ს. „მე გაბრაზებული ვარ. მოკავშირეებს შორის ასე არ ხდება, - დაამატა ფრანგმა დიპლომატმა. ორი კვირის წინ, ავსტრალიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეთანხმება საფრანგეთთან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომავალი თანამშრომლობა შეაქო, როდესაც ის ივნისში მასპინძლობდა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრს სკოტ მორისონს. ბრიტანული მედია წერს, რომ ვაშინგტონის ქმედებები ავსტრალიაში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს ტრანსატლანტიკურ კავშირებს. ევროკავშირი ხუთშაბათს ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიის გახმოვანებას გეგმავდა, პარიზი კი ევროკავშირის თავმჯდომარეობის გადაბარებისთვის ემზადება. „ეს არის „მეხის გავარდნა", - განაცხადა ბრუნო ტერტრეისმა, პარიზში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევის ფონდის დირექტორის მოადგილემ, რომელმაც მომხდარი 1805 წელს საფრანგეთის მარცხს შეადარა, როდესაც საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი ტრაფალგარის ბრძოლაში გაანადგურეს. მისი თქმით, ეს „გაართულებს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას რეგიონსა და მის გარშემო“. „ამით პეკინი ისარგებლებს", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. Reuters-ს ჯო ბაიდენის განცხადებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, საფრანგეთი კვლავ რჩება ინდო-წყნარი ოკეანის ზონის მთავარ პარტნიორად. ამასთან, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, სკოტ მორისონი აცხადებს, რომ მოუთმენლად ელოდება საფრანგეთთან „მჭიდროდ და პოზიტიურ მუშაობას. „საფრანგეთი არის ავსტრალიისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მთავარი მეგობარი და პარტნიორი“, - აღნიშნავს მორისონი. შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 14:19 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.3 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. ამავე თემაზე: რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას
ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა
"გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, გამორიცხული არ არის, გამყარების ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ამას ბევრი საფუძველი აქვს. "ეკონომიკის გაჯანსაღების ირიბი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი არის ლარის მეტი სტაბილურობა, რამაც ძალიან დადებითი როლი შეასრულა ყველა მიმართულებით. ის ტენდენცია, რაც ლარის კურსთან მიმართებაში გასულ წელს იყო, ჩვენ არსებითად გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა. ეს პროცესი შეიძლება მომავალში გაგრძელდეს და მეტად გამყარებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა თურნავამ. მისივე თქმით, გლობალური პანდემიის ფონზე ამ კუთხით პროგნოზირება რთულია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ტურიზმი უფრო მეტად გაჯანსაღდება და მეტი უცხოური ვალუტა შემოვა ამ არხიდან, ამის თქმის საფუძველს იძლევა. "პანდემიის მიუხედავად, წარმოუდგენელი ტემპით იზრდება ჩვენი, ქართული პროდუქციის ექსპორტი. პირველ რვა თვეში 26-27%-ით გვაქვს გაზრდილი ექსპორტი წინა წელთან შედარებით და წინა ჩავარდნილ წელსაც რომ თავი დავანებოთ, რომელიც ჩავარდნილი წელი იყო, 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი. ეს კიდევ ერთი წყაროა უცხოური ვალუტის, რომელიც აქ ისეთ ბალანსს იძლევა, რომ ჩვენი ვალუტა იქნება სტაბილური", - განაცხადა თურნავამ.
ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, ვიდრე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
ევროპარლამენტმა მიიღო ანგარიში, რომლითაც ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევს ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროპარლამენტის ანგარიშში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რუსეთ საქართველოს კონფლიქტს. დოკუმენტი პირდაპირ საუბრობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებზე: ანგარიში აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ასევე მოსკოვის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას; ევროპარლამენტი ღიად ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე სათანადო რეაგირების არარსებობამ ხელი შეუწყო მოსკოვის შემდგომ აგრესიულ სამხედრო და პოლიტიკურ კომპანიას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონსა და ევროპაში, რამაც ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას“. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი უკანონო „პასპორტიზაციის“ პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (ისევე, როგორც დონბასსა და ყირიმში) იყენებს მის მიერვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის კიდევ უფრო გასამყარებლად; ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა გადიოდეს ევროკავშირისა და მისი მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე; ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ ბრიუსელმა უშუალოდ ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე უნდა მოითხოვოს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოებისათვის მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღნიშნული ქვეყნების ევროპული, ევროატლანტიკური და დემოკრატიული განვითარების არჩევანის პატივისცემის საფუძველზე; ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და ვიდრე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ამავდროულად, ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიასა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციას აძლევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შესთავაზონ ამბიციური ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკა. ასევე წაიკითხეთ: რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ერთობლივი ბრძოლის სტრატეგია ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ევროპარლამენტის ანგარიში შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, დოკუმენტი ნათელე გამოხატულებაა, რომ ევროკავშირი და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დგას საქართველოს გვერდით, როდესაც საუბარია რუსეთის ჰიბრიდულ ომსა და უკანონო ოკუპაციაზე, საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დაცვაზე. ვიცე-პრემიერის განცხადებით, პირველად ევროკავშირი ანგარიშში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას, მოსკოვთან ნორმალური სამუშაო ურთიერთობების აღდგენის წინაპირობად ასახელებს, რაც მკაფიოდ მიუთითებს იმას, რომ საქართველო მაღალ დონეზე დგას ბრიუსელის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის. მინისტრის თქმით, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ევროკავშირი რუსეთთან ნორმალურ სამუშაო ურთიერთობებს (business as usual) არ უნდა დაუბრუნდეს მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორების წინააღმდეგ და სანამ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას არ აღდგება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენ მადლიერი ვართ ევროკავშირის, მისი ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღნიშნულის თაობაზე მე ასევე მქონდა საუბარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან საგარო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, როდესაც მათ მადლობა გადავუხადე საქართველოს მტკიცე და ქმედითი მხარდაჭერისთვის. ბუნებრივია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და ჩვენი ქვეყნის მთელი დიპლომატიური სისტემა გააგრძელებს 24-საათიან ძალისხმევას, რათა საქართველოს თემა მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და კიდევ უფრო გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ნათია თურნავა: საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული
ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, "საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული". ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა. "ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, სწორედაც რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ენდობა ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც შეიძლება არ ჰქონდეთ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორს, რადგან ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა, რაც არის. თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ - კი, პანდემიაა, გლობალური მოულოდნელობებია, ბოლომდე ნაჭვრეტადი არ არის მომავალი, მაგრამ საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდის და განვითარების კუნძული", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე თემაზე: ნათია თურნავა: გასული წლის ტენდენცია გადავტეხეთ და ლარი სერიოზულად გამყარდა
კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, გელათის სამონასტრო კომპლექსს დამატებითი ვიზიტით UNESCO-ს ექსპერტი ეწვია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათის სამონასტრო კომპლექსს რიგით მეორე ვიზიტით ეწვია UNESCO-ს იტალიელი ექსპერტი, რომელიც გელათში 23-30 ივნისს იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ექსპერტის საქართველოში ამჟამინდელი ვიზიტის მიზანია, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგი და არსებული მდგომარეობის შედარება ივნისში არსებულ მდგომარეობასთან, ასევე, მარტის თვეში ქართველი სპეციალისტების მიერ განხორციელებული სატესტო ჩარევების შედეგების შეფასება და საკულტო ნაგებობის კედლის ფერწერის 5 ახალგაზრდა ქართველი რესტავრატორის ტრენინგი. "შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი; ძეგლის გადახურვის სპეციალისტები: უგო ტონიეტტი, სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში არსებული მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნები, რომლებშიც გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა არის შეფასებული და შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული. სწორედ ამ დასკვნებზე დაყრდნობით და ქართველი სპეციალისტების ჩართულობით მუშავდება სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც შედგენისთანავე გახდება საჯარო. როგორც სახურავთან, ასევე ფერწერასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავებამდე, გელათს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი ეწვევა, რომელიც პროფესიით კლიმატოლოგია. მისი მისიაა, სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დაყენებული სენსორების მონაცემების დეტალური შესწავლა და სახურავის არქიტექტორ-რესტავრატორებისათვის პროფესიონალური ინფორმაციის მიწოდება. ეს ყოველივე კი აუცილებელია იმის შესაფასებლად, ახდენს თუ არა ამჟამინდელი სახურავი, მისი მოწყობის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, მავნე ზეგავლენას ტაძარში არსებულ კლიმატზე და შესაბამისად კედლის ფერწერაზე", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
POLITICO: აშშ-მ, უკრაინას შესაძლოა, ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდოს
კონგრესში 2022 წლის თავდაცვის კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ცდილობენ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას აიძულებს, უკრაინას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიჰყიდოს ან გადასცეს, მათ შორის, სავარაუდოდ, რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემაც არის, რომელიც ამჟამად აშშ-ის არმიას აქვს. ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს. საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემების გაყიდვის ან გაგზავნის წინადადებამ, შესაძლოა, მოსკოვთან დაძაბულობა გაზარდოს. რუსეთი დიდი ხანია ჩივის რუმინეთში ამერიკული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის გამო და აცხადებს, რომ ის შეიძლება გამოყენებული იყოს შეტევითი მიზნებისთვის, რაშიც აშშ-ს და NATO-ს ადანაშაულებს. რკინის გუმბათი ისრაელის კომპანიამ Rafael Raytheon-თან პარტნიორობით შექმნა. ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდაცვის სისტემაა მოკლე მანძილის რაკეტების წინააღდმეგ. ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, რკინის გუმბათმა ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების 90% გაანეიტრალა ბოლო წლების განმავლობაში. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ სარაკეტო სისტემებისთვის საჭირო ტექნოლოგიები და ამ დროისთვის უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მათ შეძენაზე, თუმცა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, აშშ არ იყოს. ამავე თემაზე: აშშ-მა და უკრაინამ თავდაცვის სფეროში პარტნიორობის სტრატეგიულ საფუძვლებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს
პრემიერი: როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, განვაცხადე, რომ დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს - დღეს სახეზეა 4 აღდგენილი სუ-25
როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს; თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე განაცხადა, სადაც საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმო თავდაცვის მინისტრთან ერთად დაათვალიერა და საჩვენებელ ფრენას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძალების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა. „ჩვენ ვიმყოფებოდით 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე, ეს არის ცნობილი ისტორიული ქარხანა, რომელმაც ათასამდე სუ-25 აწარმოა და გამოუშვა წლების განმავლობაში. მე როდესაც დავინიშნე თავდაცვის მინისტრად, პარლამენტში დამტკიცების დღეს განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს. თქვენ დღეს სახეზე გაქვთ წარმოდგენილი 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით. ასევე ჩვენ ახალი ანგარი გავაკეთეთ, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. მე მინდა მადლობა გადავუხადო 31-ე ქარხანას, რომელიც ჩემი მინისტრობის დროს მენეჯმენტში წამოვიღეთ და ჩვენ ვმართავდით მთლიანად ამ პროცესს და „დელტას“ მენეჯმენტის ქვეშ არის მთლიანად ეს აღდგენითი სამუშაოები. მთელ ამ პროცესს მენეჯმენტი და მართვა თავდაცვის ძალების საავიაციო სარდლობამ გაუკეთა. მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მინისტრ ბურჭულაძიდან დაწყებული, ასევე საავიაციო სარდლობას, თავდაცვის ძალების მეთაურს, „დელტა მენეჯმენტს“ და თბილავიამშენს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. წლის ბოლომდე, 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლება. თქვენ ასევე დაათვალიერეთ მი-24-ების აღდგენითი სამუშაოების აქტიური პროცესი. ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას. გარდა ამისა, 4 ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავაგზავნეთ ამერიკაში და ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები თავად ადგილზე არიან და აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს და ძალიან მალე, რამდენიმე თვეში 4 ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა და მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა. ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი გმირი მფრინავებისთვის, ჩვენი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საფრენი აპარატების აღდგენას. წლების განმავლობაში ეს პროექტი გაჩერებული იყო. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს შევძელით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგენა და გარემონტება ხდება. სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით. ავიაციის განვითარების პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაში მოთავსდა და სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენი“ საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25 - ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს UH-1-ების აღდგენის პროცესიც. სრულად დასრულდა ოთხი ერთეული AN-2 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი. საფრენი აპარატები გადაყვნილია შერეული საავიაციო ესკადრელიის ბაზაზე და აქტიურად მიმდინარეობს მათი ექსპლუატაცია სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. საავიაციო პარკის განახლების პროცესში „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების საავიაციო ქვედანაყოფების გაძლიერებასა და განვითარებას ისახავს. მოდერნიზებულ-სუ-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების საჩვენებელ ფრენას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაესწრო. მთავრობის მეთაური საჩვენებელი ფრენის დასრულების შემდეგ, მფრინავებს შეხვდა და საავიაციო სარდლობას მადლობა პირადად გადაუხადა.
ჯოზეფ ბორელი: აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების ახალი პაქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აშშ-ის, ავსტრალიისა და ბრიტანეთის უსაფრთხოების ახალი პაქტი აჩვენებს, რომ ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკუთარი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს, განსაკუთრებით ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. „ამ ალიანსმა ხაზი გაუსვა ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობას ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის. ამ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობის გაფართოებაა საჭირო. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთან კონსულტაციები არ გაუმართავთ. ეს პაქტი ხაზს უსვამს ჩვენი სტრატეგიული ავტონომიისა და დამოუკიდებლად მოქმედების უნარის გაძლიერების მნიშვნელობას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთი ჯო ბაიდენს ზურგში დანის ჩარტყმაში ადანაშაულებს, ანალიტიკოსები კი, „მეხის გავარდნაზე“ მიუთითებენ შეგახსენებთ, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს.
დიმიტრი პესკოვი: ევროპარლამენტის დოკუმენტის არსი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას ითხოვს, სამწუხაროა
სამწუხაროა ევროპარლამენტის მიერ ანგარიშის დამტკიცება, რომელიც ითხოვს რუსეთთან ურთიერთობის გადახედვას. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "ამ დოკუმენტის არსი მხოლოდ სამწუხაროა. სამწუხაროდ, ის არ საუბრობს დიალოგის დამყარების აუცილებლობაზე, არსებული პრობლემებისა და უთანხმოებების გადაწყვეტის აუცილებლობაზე სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის გზით და სხვადასხვა არხებით. ფაქტია, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელიც მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათისაა", - განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა ლიტველი დეპუტატის ანდრიუს კუბილიუსის ანგარიში, რომელიც ევროკავშირის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედონ რუსეთთან ურთიერთობას. ამავე თემაზე: ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირი რუსეთთან სამუშაო ურთიერთობებს არ უნდა დაუბრუნდეს, ვიდრე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია", - განუცხადეს Europetime-ს სუს-ში. გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს საქონელს მწყემსავდა.
პრემიერ-მინისტრი სრულად ვაქცინირებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულად ვაქცინირებულია. ამის შეახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცეელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური Pfizer-ის მეორე დოზით დღეს აიცრა. ვაქცინაცია ირაკლი ღარიბაშვილს ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. "პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინების უსაფრთხოებას, ვაქცინაციის მნიშვნელობას პანდემიის დამარცხების პროცესში და მოქალაქეებს პროცესში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა 8 აგვისტოს გაიკეთა.
საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს, თავისუფალია
საქართველოს მოქალაქე, რომელიც დღეს საოკუპაციო ძალებმა დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ Europetime-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მკვიდრი, 60 წლის ზურაბ დოთიაშვილი დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სოფლის მიმდებარე ტყესთან ახლოს საქონელს მწყემსავდა. ამავე თემაზე: საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
თენგიზ ცერცვაძე: კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი სათანადოდ არ იყო გამოყენებული
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კოვიდრეგულაციების დამრღვევთათვის ჯარიმების ჩამოწერის მომხრე არ არის. თენგიზ ცერცვაძე ხელისუფლებას საყვედურობს, რომ აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო. „ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც და ყველას, ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენს თავს, ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ბერკეტები მის ხელშია, აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო გამოყენებული სათანადოდ. დარჩა რეგულაციები პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ამის აღსრულებაზე კი კონტროლი არ იყო მკაცრი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. „როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მას სხვა მოცემულობა დახვდა, ხალხს ძალიან უჭირდა, არსებობის საშუალება არ ჰქონდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა - ხალხი დაზიანებულიყო შემოსავლების არქონის გამო, თუ ინფექციის გამო. ღარიბაშვილი იძულებული იყო, შეერბილებინა ღონისძიებები. ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის ვერ გააგრძელებდა გახარიას სტილს, რადგან ეკონომიკა მოკვდებოდა, მაგრამ აღსრულებაზე იმ რეგულაციების, კონტროლი არ იყო მკაცრი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. ცნობისთვის, საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერათ. ამავე თემაზე: კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ ინფექციონისტი: რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ
ჯანდაცვის მინისტრი: ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელია
ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული. სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ვაქცინაციის კამპანიის „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მხარეებმა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. განიხილეს ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობაც. მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში სოფლის ექიმების როლი გამოჰყო. ღონისძიებას 50-მდე სამედიცინო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობენ. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია. ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს გადაცილებულების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ვაქცინაციის კამპანია „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” Covid19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმართება. ვაქცინაციის კამპანიის გამართული საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ყველა რეგიონს და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კამპანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება. ცნობისთვის, საქართველოში 660 832 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.