ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი ჩანაწერებზე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით მოხდა ღალატი, რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო
რა თქმა უნდა, ეს არ არის სასიხარულო, რა თქმა უნდა, ადამიანს ყოველთვის რცხვენია, როდესაც მის ოჯახში ხდება ღალატი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი. ეს არის ფაქტი“ - ამის შესახებ თეა წულუკიანმა სავარაუდო ჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ქართული ოცნების" პოლიტიკური ოჯახის შიგნით არის მომხდარი ღალატი, ეს არის ფაქტი, ამიტომაც ის პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც არის წამოწყებული... მინდა დავიცვა ადამიანები, ვისაც სჯერა ამ ავანტიურის - იყავით ფრთხილად, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს გაუაზრებელ პროცესთან და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, ყოფილი საჯარო მოხელეები, სხვადასხვა პროფესიონალიზმითა და სისუფთავით ცნობილი ხალხი, ვისაც სჯერა ამ პროცესის, აღმოჩნდეს პოლიტიკური ავანტიურის მსხვერპლი. ეს გამოჩნდება არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, ყველას გვესმოდეს, რომ თავი უნდა დავიცვათ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა იმისგან, რასაც ოპოზიცია ამზადებს არჩევნების შემდეგ,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებების გაკეთება იმ ოპოზიციონერების მხრიდან, რომლებიც ამ ჩანაწერების გაკეთების დროს ხელისუფლებაში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, არარელევანტურია. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მან, ვინც უსმენდა და ვინც ამას ტირაჟირება გაუკეთა და არა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ
ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მლნ ევროთი ზრდის
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს 100 მილიონი ევროთი ზრდის. „ჩვენ ავღანელი ხალხის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შიმშილი და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამიტომაც ჩვენ კვლავ გავზრდით ავღანეთისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას 100 მილიონი ევროთი. ეს ავღანეთის მხარდაჭერის ახალი, უფრო ფართო პაკეტის ნაწილი იქნება“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე. ამავე თემაზე: დონორები ავღანეთის დასახმარებლად 1 მლრდ დოლარზე მეტს გამოყოფენ ანტონიო გუტერეში: ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს ჰელმანდის გუბერნატორი დასავლეთს: აღიარეთ „თალიბანი", დაბრუნდით ფულით და არა იარაღით ევროკავშირი ავღანელების ჰუმანიტარულ დახმარებას 200 მილიონ ევრომდე გაზრდის
იანვარ-ივნისში გზავნილები თითქმის 3-ჯერ აღემატება ინვესტიციებს
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში გადმორიცხული გზავნილების ოდენობამ ერთი მილიარდ 83.1 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - მხოლოდ 366.4 მილიონი დოლარი იყო. გზავნილების ოდენობა პირდაპირი უცხოური ინვესრტიციების მონაცემზე თითქმის 3-ჯერ, ანუ 716.7 მილიონით დოლარით მეტია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით,, 2021 წლის პირველ კვარტალში (პირველ სამ თვეში) ქვეყანაში 132.2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მეორე კვარტალში - 234.2 მილიონი დოლარი შემოვიდა. გზავნილების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში 2021 წლის პირველ 6 თვეში განხორციელებული ტრანზაქციების ოდენობა ასე გამოიყურება: იანვარი - 149.8 მლნ დოლარი; თებერვალი - 161.4 მლნ დოლარი; მარტი - 188.2 მლნ დოლარი; აპრილი - 194.1 მლნ დოლარი; მაისი - 187.7 მლნ დოლარი; ივნისი - 201.9 მლნ დოლარი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2021 წლის ივლისის თვეში ქვეყანაში 208.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გზავნილი განხორციელდა, ხოლო აგვისტოში - გზავნილების ოდენობამ 204.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქსტატი: გამოკითხულთა უმრავლესობა 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით კმაყოფილია
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალ-მარტის პერიოდს მოიცავს, ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და დისტანციურ სწავლებაზე კორონავირუსისგავლენა შეფასდა და ანგარიში გამოაქვეყნა. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები გამოკითხვამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას. ასეთ აქტივობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა (99.3%), თამაში (99.2%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება (94.1%), ზღაპრების მოყოლა (91.7%), გარეთ სასეირნოდ გაყვანა (91.5%), სიმღერა (79.3%). საქსტატის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6-17 წლის ასაკის ბავშვების პროცენტული წილი, რომლებიც დადიოდნენ ზოგად საგანმანათლებლო ან სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს დისტანციურად, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისიდან მოყოლებული და გამოკითხვამდე გასული შვიდი დღის განმავლობაში ესწრებოდნენ სასწავლო პროცესს მხოლოდ საკლასო ოთახში, შეადგენს 78.7 პროცენტს. მათი პროცენტული მაჩვენებელი, ვინც სასწავლო პროცესს მხოლოდ დისტანციურად ესწრებოდა 11.2 პროცენტია, კომბინირებულად ესწრებოდა ბავშვების 8.7 პროცენტი, ხოლო გამოკითხვამდე გასული შვიდი დღის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ესწრებოდა 1.4 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ საქალაქო ტიპის დასახლებებში უფრო მეტად გავრცელებულია სწავლების დისტანციური ფორმა სასოფლო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 16.5% და 3.0%). საკლასო ოთახში სწავლების ფორმის უფრო მაღალი მაჩვენებელი კი ფიქსირდება სასოფლო ტიპის დასახლებებში, საქალაქო ტიპის დასახლებებთან შედარებით (შესაბამისად 94.3% და 68.6%). ამასთან, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 96.0 პროცენტით განისაზღვრა 6-17 წლის ასაკის ბავშვების წილი, რომლებიც გამოკითხვამდე გასული 7 დღის განმავლობაში ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს, 3.5 პროცენტი კი არ ესწრებოდა ონლაინ გაკვეთილებს, მაგრამ ჰქონდათ ინტერნეტთან წვდომა. გამოკვლევის შედეგებით, რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილია შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი დასახლების ტიპის მიხედვით უფრო მაღალია ქალაქის ტიპის დასახლებებისათვის, სქესის მიხედვით – იმ რესპონდენტებისათვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბიჭის დისტანციური სწავლება, ხოლო ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით – იმ რესპონდენტებისთვის, რომლებმაც შეაფასეს შინამეურნეობის წევრი 6-11 წლის ასაკის ბავშვის დისტანციური სწავლება. გამოკვლევის თანახმად, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ შინამეურნეობის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის სასურველი სწავლების ფორმა არის სასწავლო ოთახში სწავლება (95.8%), სწავლების დისტანციურ ფორმას უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ 1.5 პროცენტი, ხოლო 2.7 პროცენტს ურჩევნია კომბინირებული სწავლება
პრემიერი: მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა
"რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეზობელ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების ერთადერთი გზაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრ აბდულჰამით გულთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულჰამით გულს თურქეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "მთავრობის მეთაურმა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის მზადყოფნა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია. შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროში თურქეთის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. პრემიერის შეფასებით, ამ მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა მისასალმებელია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, თურქეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იაკუფ მოღული, თურქეთის პარლამენტის საქართველო-თურქეთის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჰალილ ეთიემეზი და საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე თურქ კოლეგას აბდულჰამიტ გიულის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროში უმასპინძლა. ა ბდულჰამიტ გიული საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. "ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო სერვისების შემდგომი განვითარება - რატი ბრეგაძემ თურქეთის იუსტიციის მინისტრს სამინისტროს საქმიანობის სამი ძირითადი მიმართულება გააცნო. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის მჭიდრო კავშირი მრავალ სფეროში წარმატებული პარტნიორობის საფუძველია. თურქეთის იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიტ გიული სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმითაც დაინტერესდა და უწყების სტრატეგიულ მიმართულებებს გაეცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 2021-2024 წლებისთვის სამინისტროებს შორის პარტნიორობის ერთობლივ პროგრამას განსაზღვრავს. მოგვიანებით, რატი ბრეგაძემ და აბდულჰამიტ გიულმა თბილისის იუსტიციის სახლში გადაინაცვლეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სახლის საქმიანობას გაეცნო და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. აბდულჰამიტ გიულმა რატი ბრეგაძეს ინფორმაციის გაცვლისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო პარტნიორობისთვის მზაობა გამოთქვა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთისა და აზერბაიჯანის საჰაერო ძალები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
აზერბაიჯანულმა და თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა, წვრთნების ფარგლებში, თურქეთის პროვინცია კონიაში ერთობლივი ტაქტიკური ფრენები განახორციელეს. იტყობინება აზერბაიჯანული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „სამხედრო წვრთნების პროგრამის თანახმად, შემუშავებულია მტრის სავარაუდო თავდასხმის მოგერიების, აღმოჩენილი სახმელეთო სამიზნეების დარტყმის ამოცანები", - აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციაში. Eurasianet-ი წერს წვრთნები 10 სექტემბერს დასრულდა და არცერთ მხარეს არ გამოუქვეყნებია მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ჯარისკაცი მონაწილეობდა მასში, მაგრამ ოფიციალური ფოტოების და ვიდეოების მიხედვით, ღონისძიებაში მცირე ნაწილები არიან ჩართულნი. სცენარში შედიოდა რთულ რელიეფში დაზვერვის განხორციელება, გზებზე ჩასაფრება, დივერსიული ჯგუფების გამოვლენა და განადგურება, ასევე სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვით ფარულად მიახლოება წარმოსახვით მტერთან.
22 სექტემბრიდან თბილისში დამატებით 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი იმოძრავებს
თბილისში, 22 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში 90 მიკროავტობუსი და 20 ავტობუსი გაეშვება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების მიზანია, მუნიციპალური ტრანსპორტი უფრო სწრაფი და კომფორტული გახდეს, ასევე, მასზე ხელმისაწვდომობა ყველა უბანში გაიზარდოს. „ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა ფაქტობრივად დავასრულეთ. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება უბნები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქში დამატებით 380 ერთეული ახალი ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება რვამეტრიანი, ხოლო 200 - 18-მეტრიანი, რომელსაც მომავალ წელს შევისყიდით. აღსანიშნავია, რომ 20 ავტობუსი უკვე დედაქალაქშია და 22 სექტემბრიდან ხაზზე გაეშვება. ჩვენ ასევე, მიკროავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროგრამა დავიწყეთ. ჩამოსულია 90 ახალი მიკროავტობუსი და 22 სექტემბრიდან გავა ხაზებზე. ცვლილებები ხორციელდება იმისთვის, რომ არ დავტოვოთ არცერთი ქუჩა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის. ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ. აღნიშნული მიკროავტობუსები ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ 21 მარშრუტზე იმოძრავებს, რომელთაგან 13 ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა, ხუთი - ახალია, ხოლო სამი მათგანის გზასავალი კორექტირებულია. უფრო ზუსტად, ძველი მარშრუტების ნაცვლად ამოქმედდა: N403, N406, N407, N417, N418, N422, N435, N451, N473, N490, N493, N516, N529; ახალი მარშრუტებია - N412, N427, N433, N468, N478; ხოლო დაკორექტირდა - N409, N410, N411. რაც შეეხება ავტობუსებს, ისინი ხუთ მარშრუტზე განაწილდება. კერძოდ, N101, N102, N60, N42, N7. ავტობუსები მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით მოემსახურება.
ევროპული მობილობის კვირეულში თბილისი წელსაც მიიღებს მონაწილეობას
ევროპული მობილობის კვირეულში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქთან ერთად, თბილისი წელსაც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ევროპული მობილობის კვირეული არის კამპანია, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. კვირეული ყოველწლიურად, 16-22 სექტემბერს იმართება და მასში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მდგრადი მობილობის განვითარებისკენაა მიმართული. კვირეულში მონაწილეობას 44 ქვეყნის 2 136 ქალაქი იღებს. კერძოდ, ზალცბურგი, ბრიუსელი, პრაღა, კოპენჰაგენი, ჰელსინკი, ჰამბურგი, ბუდაპეშტი, დუბლინი, რომი, ლისაბონი, ბარსელონა, სტოკჰოლმი და სხვები. "კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. 18-19 სექტემბერს, 13:00-დან 20:00 საათამდე მიცკევიჩის ქუჩაზე, პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. აღნიშნულ პერიოდში, გამრეკელის ქუჩიდან პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ცინცაძის, ბახტრიონის ქუჩისა და ყაზბეგის გამზირის გავლით, ხოლო პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ყაზბეგის გამზირის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებიან. გადაადგილების შეზღუდვა არ შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს. 18 სექტემბერს, 12:45 საათზე, ასევე, გაიმართება ველომსმვლელობა დიდი დიღმიდან (ამერიკის საელჩოს ტერიტორია) ზააბრიუკენის მოედნამდე. 20 სექტემბერს კი, დედაქალაქს GEHL Architects-ის ხელმძღვანელი ეწვევა, რომელიც ქალაქის ურბანულ დაგეგმარებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავს", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბელარუსის ბანკები სანქციების გამო ევროპულ საბანკო სისტემაზე წვდომას კარგავენ
ბელარუსის საბანკო სისტემამ ევროპის და ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების მძიმე გავლენა იგრძნო. ევროპულმა ბანკებმა დაიწყეს ბელარუსის სახელმწიფო კომპანიების ანგარიშების დახურვა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ოპერაციების წარმოება მსოფლიოს ორ ძირითად ვალუტაში, ევროსა და დოლარში. გასულ კვირას, Belarusbank-ის, Belinvestbank-ისა და Belagroprombank–ის საკორესპონდენტო ანგარიშები დაიხურა Deutcsche Bank- ის მიერ. Belagroprombank-მა, ევროკავშირის მიერ სანქცირებული სამი ბანკიდან ერთ-ერთმა, საკორესპონდენტო ურთიერთობა არამხოლოდ Deutsche–სთან გაწყვიტა, არამედ მის ყველა ევროპულ საკორესპონდენტო ბანკთან, მათ შორის არიან გერმანიის Commerzbank-ი, DZ Bank-ი, იტალიის Unione di Banche Italie და პოლონეთის PKO Bank. რუსულმა ბანკებმა კი, მათ შორის Sberbank-მა, VTB-მ და Rosselkhozbank-მა უარი თქვეს Belagroprombank-თან სავალუტო ოპერაციების განხორციელებაზე. მსგავსი ვითარება შეიქმნა Belarusbank-თან და Belinvestbank-თან, რომლებიც ასევე შედიან ევროკავშირის სასანქციო სიაში, იუწყება Nasha Niva reports-ი. Belarusbank–ისთვის ოპერაციებს ახლა VTB-ის შვილობილი კომპანია TKB Bank ახორციელებს. 24 ივნისს ევროკავშირმა ბელარუსს ეკონომიკური სანქციები დაუწესა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, „სამოქალაქო უფლებების სასტიკი ჩახშობისთვის, ასევე მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისთვის, რაც დასავლეთის მიერ საჰაერო მეკობრეობად შეფასდა. ლუკაშენკომ, ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ სანქციები უძლურების მაჩვენებელია.
მიტროპოლიტი ნიკოლოზი ჩანაწერებზე: ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა
„ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა", - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან „რუსთავი 2-ის" ეთერში ისაუბრა. "მე შემიძლია მხოლოდ სულიერი თვალით შევხედო ამ ყველაფერს და სულიერი ახსნა მოგცეთ. რა ხდება რეალურად. ეს არის ქვეყანაზე ძალიან სერიოზული თავდასხმა და ვინც ამ თავდასხმას ახორციელებს, ზოგადად, გასაგებია ვინც აკეთებს ამას. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შესაბამისი რეაგირება უნდა გვქონდეს ყველას ერთად. ერთი არის რომ გვისმენენ, ერთი არის რომ გვიქვეყნებენ, საშინელებაა ეს ყველაფერი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, სად არის გადაცდომა - „იმაში, რომ გვისმენენ, თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს". „ამ უმსგავსობას უნდა ვებრძოლოთ, არ ვიცი სად უნდა ვუჩივლოთ, რომელ სასამართლოში, მაგრამ ეს არის გაუგონარი ფაქტი და სწორედ სამართალდამცავებმა, ვისაც ვენდობით, იმათმა დაადგინონ, სად არის გადაცდომა - იმაში, რომ გვისმენენ თუ იმაში, რომ გამოაქვეყნეს. ორივე ალბათ სისხლის სამართლის დანაშაულია და ჩვენ ერთადერთი უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ არ ვართ თანახმა ასეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, ჩვენ გვინდა სხვანაირი ქვეყანა", - განაცხადა მიტროპოლიტმა. გავრცელებული ფარული ფაილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენდა იმ პოლიტიკოსებსაც, რომლებსაც სასულიერო პირებთან კომუნიკაცია ჰქონდათ. ჟურნალისტები ადასტურებენ, რომ ე.წ. სუს-ის ფაილებში მათი საუბრებიც არის. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული მედიისთვის გაგზავნილ ფაილებში ასახულ შინაარსს ადასტურებს
ინფრასტრუქტურის მინისტრი: გორში, სტალინის ქუჩის პრეზენტაცია რომ ვნახე, პარიზის შანზ-ელიზეს ეფექტი გამიჩნდა
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში სიტყვით გამოსვლისას სტალინის ქუჩა პარიზის ყველაზე დიდ და ცნობილ გამზირს, შანზ-ელიზეს შეადარა. „განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში, 63 მუნიციპალიტეტში ყველგან მიმდინარეობს სამუშაოები და გორი აქ მოწინავეა, რადგან ყველაზე გრძელი, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დიდი ქუჩა შევარჩიეთ, თვითონ გორელებმა შეარჩიეს, მუნიციპალიტეტმა შეარჩია. მთლიანად სტალინის ქუჩა, როგორც ისტორიული შენობა-ნაგებობები, ასევე თანამედროვე, გახდება ევროპული. იმ სტანდარტის და იმ შინაარსის მქონე, რასაც ევროპა ჰქვია. პატარა იუმორიც უნდა ჩავაქსოვო. პრეზენტაცია რომ ვნახე, რატომღაც ეფექტი გამიჩნდა პარიზის შანზ-ელიზესი, მასშტაბი არის ისეთი, ძალიან დიდი ქუჩა არის და ძალიან ლამაზი გამწვანებაა. როდესაც გამოვედით პრეზენტაციიდან, რესტორანი ყოფილა, დაუსწრია ვიღაცას და შანს-ელიზე ჰქვია, ასე არ არის? იუმორი იუმორად, მაგრამ მეგობრებო, ეს შემთხვევითი არ არის, ერთ-ერთი მოწინავე ქუჩაა, რაზეც ვლაპარაკობ, ეს არის გული საფრანგეთის და პარიზის, დიახ, ასეთი ამბიცია გვაქვს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გორში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენისას.
სამხრეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
სამხრეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა (SLBM) წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი არა აქვს, მაგრამ ასეთი სისტემა შეიმუშავა, რადგან მიზნად ისახავს, ამ კუთხით დაუპირისპირდეს ჩრდილოეთ კორეის მზარდ შესაძლებლობებს. სამხრეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იმავე დღეს გამოსცადა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რითიც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები დაარღვია. რამდენიმე დღით ადრე კი ჩრდილოეთ კორეამ საკრუიზო რაკეტები გამოცადა. სამხრეთ კორეის მიერ SLMB-ს გამოცდას პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ამ ტიპის სარაკეტო სისტემას აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ კორეა და ინდოეთი ფლობს. წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების ძირითადი მიზანი ბირთვული იარაღის გადატანაა. "SLMB-ს ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საფრთხეების შეკავებისთვის და ველით, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე თავდაცვის შესაძლებლობების და მშვიდობის მშენებლობისთვის" - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში. ამავე თემაზე: ჩრდილოეთ კორეამ ახალი, შორი მოქმედების საკრუიზო რაკეტა გამოსცდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში 3 540 609 პოტენციური ამომრჩეველია. "სიების გადმოცემასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ცესკოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა. „განახლებული მონაცემების საფუძველზე საზოგადოების და შესაბამისი ჩართული მხარეების აქტიურობით გვექნება კიდევ უფრო გაუმჯობესებული, კიდევ უფრო დახვეწილი ამომრჩეველთა ერთიანი სიები, რომელიც მოხსნის ყველა იმ კითხვის ნიშანს და გამორიცხავს იმ მანიპულაციას, რომელიც ამომრჩეველთა სიასთან მიმართებაში შეიძლება არსებობდეს“,- განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ სანიკიძემ პოტენციურ ამომრჩეველთა სიის შედგენის პროცესზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სია სრულყოფილი იყოს. „ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე ამომწურავი და ყველაზე გამჭვირვალე სია, რაც განამტკიცებს სრულად იმ მთავარ პრინციპს, რასაც ჰქვია ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“, - განაცხადა ზურაბ სანიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამომრჩეველთა სიის ფორმირებისთვის საჭირო მონაცემებს წელიწადში ოთხჯერ აწვდის, ხოლო საარჩევნო პერიოდში გადასცემს მოთხოვნის შესაბამისად", - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს
თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 22.5% სრულად ვაქცინირებულია
15 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 561 228-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2% სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 22.5% 14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი.
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
თბილისში დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მეცხრე საავადმყოფოში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ექიმმა განაცხადა, ექიმები ბიჭის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობენ. თბილისში, ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა ბიჭი დღეს დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.
მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს
მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები. „ტვპირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ადვოკატის განცხადებით, გამოკითვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. თავის მხრივ, ნოდარ მელაძემ, რომელიც დღეს გამოკითხეს, განაცხადა, რომ პროკურატურისგან ვერ დაინახა განზრახვა, რომ „მთელი საგამოძიებო უწყებების რესურსია მობილიზებული, რათა სასწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში ის ადამიანები, ვინც ასეთ ბოროტებას ჩადიოდა“. ნოდარ მელაძის განმარტებით, გამომძიებლებს განუმარტა, რომ თავს დაზარალებულად თვლის და აპირებს, დამატებით შეიტანოს სარჩელი იმის გამო, რომ უკანონოდ ხორციელდებოდა მოსმენა. „ცოტა უცნაური კითხვები იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ პროკურატურა ინტერესდებოდა მაგალითად იმით, მოდი, მოგვიყევი იქ, რაც წაიკითხე. ვუთხარი, რომ არსებობს ბმული, დაგისახელეთ ეს ბმული, ორი დღეა, ყველასთვის ცნობილია ეს ყველაფერი, შეგეძლოთ თავად ჩამოგექაჩათ და თავად წაგეკითხათ ეს ყველაფერი-მეთქი. ასევე იყო კითხვა - თუ მოახდინეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც უკანონოდ გისმენდნენ და თუ შეგიძლიათ მათი დასახელება. ვუთხარი, რომ ამ ადამიანების ვინაობა თავად იმ ოპერატიულ ოქმებშია, რომელიც არის ატვირთული, შეუძლიათ, ეს ოპერატიული ოქმები ამ წუთასვე ჩამოტვირთონ საიტიდან და მარტივად დაადგენენ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ მღვდლების, მონაზვნების ეპისკოპოსების და პატრიარქის უშუალო გარემოცვის”, - აცხადებს ნოდარ მელაძე. პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება
,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ
ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორი ქარელის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია. ამას უარყოფენ მმართველ გუნდში. ცოტა ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „4-ჯერ“ ესაუბრა შტაბის წევრებს ქარელში და ფიზიკური შეხება ოპერატორთან არ ყოფილა და სიცრუეა, რომ ოპერატორი გადმოაგდეს. მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „უკუსვლით წასული ოპერატორი კიბის მოაჯირს წამოედო და ერთმეტრიანი დისტანციიდან გადავარდა“. „პრესსამსახურის წარმომადგენლები მოგაწვდიან ვიდეოს და ფოტოებს, სად დაეცა ოპერატორი და კიდევ ერთხელ მოხდება ტყუილის მხილება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის ოფისში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია ,,მთავარის“ ოპერატორზე ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ის აივნიდან თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა. ,,ტელეკომპანია ,,მთავარის“ გადამღები ჯგუფი ოფისში შემოიჭრა და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ახდენდა გადაღებას, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპერატორზე ან ჟურნალისტზე არანაირ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ოპერატორი აივნიდან, რომელსაც საკმაოდ დაბალი მოაჯირი აქვს, თავად გადავარდა, როცა კადრებს იღებდა და უკანსვლით მიდიოდა“, - განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ,,ქართული ოცნების“ ქარელის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ილია ქელეხსაშვილმა.
„ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს
„ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, პრემიერმა და სუს-ის ხელმძღვანელმა პარლამენტში უნდა გასცენ ყველა კითხვას პასუხი. „ქართული ოცნების“ სუს-ის მიერ უკანონო მოსმენებმა და თვალთვალმა ყოველგვარი წითელი ხაზი გადაკვეთა, ჩემი, ბადრი ჯაფარიძის ჩანაწერების ავთენტურობას ვადასტურებ, თუ ასევე დადასტურდა დიპლომატების მოსმენის და თვალთვალის ფაქტები ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდეს სკანდალში გახვევა, ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა. ფრაქცია ,,ლელო" მოითხოვს სასწრაფოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, პრემიერის და სუს-ის ხელმძღვანელის დაბარებას პარლამენტში, რათა პასუხი გაეცეს ყველა კთხვას, იმედი მაქვს ყველა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის, რიგგარეშე სხდომის მოწვევას 38 დეუტატის ხელმოწერა სჭირდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე. ამავე თემაზე: პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“ ნინო ლომჯარია: ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები