ძებნის რეზულტატი:
პორტუგალიაში მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია
10 მილიონიან პორტუგალიაში მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია. ქვეყანა შეზღუდვებს ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნის. Reuters-ის ცნობით, კოვიდვაქცინით მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი პორტუგალიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ერთნაირია. 65 წელს გადაცილებულებში თითქმის ყველა აცრილია, 12-17 წლის ახალგაზრდების ნახევარი სრულად ვაქცინირებულია, პორტუგალიაში ვაქცინაცია 12 წელს გადაცილებულებშია დაშვებული. ცნობისთვის, დანია ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა 10 სექტემბრიდან გაუქმდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული. დანიაში სრულად არის აცრილი 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 83 პროცენტი. ქვეყანაში შემსვლელთათვის შეზღუდვები არ გაუქმებულა. გერმანიიდან, დანიის მოსაზღვრე რეგიონის გარდა, ჩასულებმა კორონავირუსის ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ.
გიორგი გახარია ჩანაწერებზე: ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა
გიორგი გახარია აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის და შს მინისტრობის დროს არ იცოდა, რომ ქვეყანაში მოსმენები ამ მასშტაბით მიმდინარეობდა. „ფორმულას“ ეთერში კითხვის საპასუხოდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმაზე, რომ ადამიანებს ამ მასშტაბით უსმენდნენ. „მე, როგორც პრემიერ-მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურიდან ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მომდიოდა გარკვეული „ბრიფები“. მაგრამ ამ მასშტაბის ინფორმაცია არ მქონდა, რა თქმა უნდა". პირველ რიგში, ამ ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადასტურდეს. იმ ნაწილში, სადაც ავთენტურობა იქნება დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და მე ამას ვუშვებ - შეიძლება, დანაშაული იყოს დადგენილი. ეს ძალიან მძიმე დანაშაულია. რაღაც ნაწილში, გარკვეული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ვიღაცებს შესაძლოა, ლეგიტიმურადაც უსმენდნენ. ასეთებიც შეიძლება მოხვედრილიყვნენ იქ, ზოგიერთები. ბევრს არ ვამბობ. მეორე საკითხია, როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს მეორე დიდი პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უწყებებში ინფორმაცია როგორ მოძრაობს, კაციშვილმა არ იცის. მესამე, უმძიმესი საკითხი - იმის ნაცვლად, რომ ეს ორი საკითხი დაადგინო - ავთენტურობა და იყო თუ არა დანაშაული ჩადენილი, საერთოდ როგორ გაჟონა ამ უწყებიდან, დღეს რას ვხედავთ - მმართველი ძალა ამ არამარტო მათთვის, არამედ ქვეყნისთვისაც უბედურებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და ვიღაცისთვის დამიზნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. დღესვე, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „რაც უნდა ის დაგვაბრალონ, წავიდნენ, გამოძიება დაიწყონ, არავის ეშინია ამ მუქარების და ფეხების ბაკუნის. „ქართული ოცნება“ ირიბად ცდილობს ამ საქმის მათთვის გადაბრალებას“, - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“
ისრაელი და ევროკავშირი ერთმანეთის კოვიდ სერტიფიკატებს აღიარებენ
ისრაელი და ევროკავშირი ერთმანეთის კოვიდ სერტიფიკატების აღიარებაზე შეთანხმდნენ. The Jerusalem Post-ის ცნობით, გადაწყვეტილება ძალაში შევა ოქტომბრის დასაწყისში. ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ევროკავშირის ციფრული სერტიფიკატის პროგრამას შეუერთდა. სერთიფიკატი საშუალებას მისცემს ვაქცინირებულ და გამოჯანმრთელებულ მოქალაქეებს, იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც არიან პროგრამის წევრები და მათი სერტიფიკატი აღიარებულია მათი დანიშნულების ქვეყნის მიერ. ამავდროულად, წევრი ქვეყნების მოგზაურების სერთიფიკატები ასევე აღიარებული იქნება ისრაელში. ევროკავშირმა პროგრამის გამოყენება წევრ ქვეყნებს შორის 2021 წლის პირველ ივლისს დაიწყო. მას შემდეგ პროგრამა გაფართოვდა მეზობელ ქვეყნებში. როდესაც ისრაელი ოფიციალურად დაიწყებს ამ პროგრამის გამოყენებას, მასში სავარაუდოდ, 35-40 ქვეყანა იქნება ჩართული.
პაატა იმნაძე „მიუ“ შტამზე: დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე
„მიუ“ შტამს აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა, შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა, ასე რომ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში. პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში „მიუ“ შტამი არ დაფიქსირებულა და ახლა ქვეყანაში პრობლემას „დელტა“ და „დელტა +“-ის შტამები წარმოადგენენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია და სიკვდილიანობა. „მიუს“ აქვს ის მახასიათებლები, რამაც ის შესაძლოა შემაშფოთებელი გახადოს, მაგრამ ჯერ არ გამხდარა. ასე, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, წინასწარ ნუ წავიყრით ნაცარს თავზე. „მიუ“ შტამი კოლუმბიაში წარმოიქმნა ამ წლის დასაწყისში, შეერთებულ შტატებში ჯერჯერობით 0,01%-ია, ჩვენთან საერთოდ არ აღმოჩენილა, თურქეთში 2 შტამი თურქებმა აღმოაჩინეს - ასე რომ, მას ჯერ ფართო გავრცელება არ მიუღია, ის ინტერესის სფერო სწორედ იმიტო, რომ აქვს გარკვეული მუტაციები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო. ჯერჯერობით დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. მუტაციები სულ იქნება, „მიუ“ იქნება თუ ახლა უკვე სხვა შტამებიც არის ინტერესის სფერო ბერძნული ანბანის სხვადასხვა სახელით, მაგრამ ჩვენ დღეს იმაზე ვიფიქროთ, რაც გვაქვს აქ და რაც პრობლემაა. ჩვენთან გავრცელებულია „დელტა“, მათ შორის, „დელტა +“, რომელიც უკვე დაახლოებით 20%-ია და ამაზე ვიფიქროთ ჩვენ, რომ როგორ დავიცვათ თავი ამისაგან. მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს აცრილი, რომ რამენაირად თავიდან ავირიდოთ რეანიმაცია, სიკვდილიანობა და შემდგომ პირველი და ძირითადი რეკომენდაცია რჩება პირბადე და სოციალური დისტანცია, რითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. ამავე თემაზე: კორონავირუსის „მიუ“ ვარიანტის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 2 515 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ისრაელის მეცნიერთა ჯგუფი აცხადებს, რომ მათმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა, COVID-19 შეაჩეროს
ისრაელის მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ მათ მიერ შექმნილმა ანტივირუსულმა პრეპარატმა შესაძლოა, კორონავირუსი შეაჩეროს. ამის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს. ისრაელ მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ წამალი, რომელიც ადრე უკონტროლოდ გამოიყენებოდა აივ ინფექციის სამკურნალოდ, აქვს პირდაპირი ანტივირუსული ეფექტი კორონავირუსის წინააღმდეგ, რის გამოც პაციენტები სახლში მკურნალობით, რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ვირუსებისგან. როგორც გამოცემა წერს, Code Pharma-ს მეცნიერები, რომლის სათავო ოფისიც ნიდერლანდებში მდებარეობს, ხოო კვლევის ოფისი ისრაელში, აქტიურად მუშაობენ ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე. ფარმაცევტული კომპანიის თქმით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა და 13 სექტემბერს კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით Helsinki Committee-ის მიმართა. The Jerusalem Post-ის ცნობით, კლინიკური კვლევების მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი თვიდან დაიწყება და მასში დაახლოებით, 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში. Code Pharma-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათი მიზანია კვლევის პროცესის დასრულება დაახლოებით, 3-დან 6 თვის ვადაში და შემდეგ უკვე მიმართოს შესაბამის ორგანოებს წამლის გადაუდებელი გამოყენების ნებართვის გასაცემად. ამასთან, ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.
რომის პაპი: კაცობრიობას ვაქცინებთან მეგობრობის ისტორია აქვს
რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, მას უკვირს და არ იცის როგორ ახსნას, თუ რატომ ყოყმანობს ზოგიერთი კარდინალი კათოლიკურ ეკლესიაში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. "ეს ცოტა უცნაურია, რადგან კაცობრიობას აქვს ვაქცინებთან მეგობრობის ისტორია", - განუცხადა ფრანცისკემ ჟურნალისტებს, სლოვაკეთიდან იტალიაში ფრენის დროს. მისი თქმით, კარდინალთა კოლეჯშიც არიან ვაქცინის უარმყოფელები. მათგან ერთ-ერთი ამჟამად კორონავირუსს საავადმყოფოში მურნალობს. პაპის თქმით, "ეს არის ცხოვრების ირონია". მან დასძინა, რომ ვატიკანში თითქმის ყველა აცრილია და რომ ისინი "სწავლობენ როგორ დაეხმარონ" მათ, ვინც ვაქცინაციაზე ყოყმანობენ. "ბავშვობაში ვიცრებოდით წითელას წინააღმდეგ, პოლიოს წინააღმდეგ. ყველა ბავშვი იყო აცრილი და არავის არაფერი უთქვამს", - განაცხადა პაპმა. მაგრამ პონტიფიკოსმა აღიარა, რომ ვაქცინის შესახებ დებატებმა შეიძლება გაზარდოს შიში და გაურკვევლობა, რაზეც მან თქვა: "ჩვენ უნდა განვმარტოთ ყველაფერი და მშვიდად ვისაუბროთ".
გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება
გორსა და ხაშურში სპეცოპერაცია ტარდება. სპეცოპერაცია ერთდროულად რამდენიმე უბანში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები. Europetime-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია "ქურდული სამყაროს" წევრების დაკავებას უკავშირდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.
SpaceX-მა კოსმოსში მოყვარული ასტრონავტებით დაკომპლექტებული ეკიპაჟი გაგზავნა
ისტორიაში პირველად, კომპანია SpaceX-მა კოსმოსში გაგზავნა მისია, Inspiration4, რომელიც მხოლოდ მოყვარული ასტრონავტებისგან შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ოთხი ასტრონავტი ხომალდი Dragon-ით ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაემგზავრა. ასტრონავტები მომდევნო სამ დღეს დედამიწის გარშემო იმოძრავებენ. ეკიპაჟის წევრები არიან: მილიარდერი ჯარ აიზეკმანი, რომელმაც მისია დააფინანსა, გეოლოგი სიან პროკტორი, სამხედრო ძალების ვეტერანი კრის სემბროსკი და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომელი ჰეილი არსენო. მათ მოგზაურობისთვის 6 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. მისიის მიზანი 200 მილიონი დოლარის შეგროვებაა მემფისის ბავშვთა საავადმყოფოსთვის St. Jude Children's Research Hospital. სწორედ აქ განიკურნა ბავშვობაში ძვლების სიმსივნისგან ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.
ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ნიკა კვარაცხელია დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. მას ქირურგიული ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. დაპირისპირება თბილისში გუშინ, ღამით მოხდა, თუმცა, დამატებითი დეტალები ამ დრომდე უცნობია. როგორც Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ამავე თემაზე: თბილისში, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსი 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, 43კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 838 პაციენტი, 43 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 589 727 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 554 618, გარდაიცვალა 8 390 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით. ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან 756 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 134, იმერეთი - 357, ქვემო ქართლი - 143, შიდა ქართლი - 138, გურია - 59, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 243, კახეთი - 236, მცხეთა-მთიანეთი - 58, სამცხე-ჯავახეთი - 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 26 693, საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 242, აჭარაში - 607, იმერეთში - 1 049. მძიმე პაციენტია 1 322, მათ შორის, თბილისში - 512, აჭარაში - 151, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354, მათგან თბილისში - 214, აჭარაში - 18, იმერეთში - 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 - თბილისში, 377 - აჭარაში. 19 706 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 74, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 149 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.
შს მინისტრი არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ელჩებს ესაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ავსტრიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, შვედეთის სამეფოსა და სლოვენიის ელჩები, აგრეთვე, ბელგიის სამეფოს, ბულგარეთის, ესპანეთისსამეფოს, საბერძნეთის, უნგრეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები. "შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს 2 ოქტომბრის მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა, ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამინისტროს მიერ ჩატარებულისაგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს
დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და ავსტრალიამ საგანგებო უსაფრთხოების ისტორიული პაქტი წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. უსაფრთხოების პარტნიორობის ახალ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის პრემიერებმა გამოაქვეყნეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის. ახალი პარტნიორობა მიზნად ისახავს რეგიონში "უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას", - ნათქვამია აშშ -ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის და მისი ავსტრალიელი კოლეგის სკოტ მორისონის ერთობლივ განცხადებაში. „ჩვენ ყველანი ვაღიარებთ გრძელვადიან პერსპექტივაში ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა მორისონმა აღნიშნა, რომ წყალქვეშა ნავები ადელაიდაში, შეერთებულ შტატებთან და გაერთიანებულ სამეფოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში აშენდება. BBC წერს, რომ პაქტი ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონზე იქნება ფოკისირებული, რაც ჩინეთთან დაპირისპირების მცდელობად განიხილება. პაქტის მიხედვით, ავსტრალიას პირველად შეეძლება ააშენოს ბირთვული წყალქვეშა ნავები, აშშ-ის მიერ მიწოდებული ტექნოლოგიის გამოყენებით. პაქტი, რომელიც ცნობილია როგორც Aukus, ასევე მოიცავს ხელოვნურ ინტელექტის, კიბერ და კვანტური ტექნოლოგიების განვითარებას. BBC-ის ცნობით, ბოლო წლებში დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა გამოთქვეს შეშფოთება ინდო-წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი სამხედრო განვითარების გამო. „ეს არის ყველაზე დიდი თავდაცვითი პარტნიორობა ქვეყნებს შორის ათწლეულების განმავლობაში", - აცხადებენ ანალიტიკოსები.
კიევის კულტურის უნივერსიტეტში Tik-Tok-ის ფაკულტეტი გაიხსნა
უკრაინაში, კიევის კულტურისა და ხელოვნების ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა მიხაილ პოპლავსკიმ თავის უნივერსიტეტში Tik-Tok-ის ფაკულტეტის შექმნის შესახებ განაცხადა. რექტორის თქმით, ეს არის პირველი ასეთი ფაკულტეტი უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ”ჩემი ისტორიული მისიაა Tik-Tok-ის უკრაინიზაცია. მე უნდა გავუძღვე ახალგაზრდა, შემოქმედებით, ამბიციურ და პერსპექტიულ ადამიანებს - ვინც შექმნის უკრაინის ახალ ისტორიას. ვისურვებდი, რომ თქვენ ჩაერთოთ ამ ქსელში და გაავრცელოთ უკრაინული Tik-Tok მთელ მსოფლიოში", - თქვა მიხაილ პოპლავსკიმ ფაკულტეტის გახსნისას. ახალი ფაკულტეტი სტუდენტებს TikTok-ისთვის ვიდეოს გადაღებას ასწავლის. ფაკულტეტზე სწავლა უფასო იქნება. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ მომავალმა "ტიკტოკერმა" უნდა იცოდეს სოციალური ქსელების ტენდენციები, იყოს საინტერესო, შექმნას ორიგინალური შინაარსი, გააგრძელოს დრო და წინ უსწროს კიდეც მას. „ჩვენ სწავლებას ნულიდან ვიწყებთ, მაგრამ დასრულების შემდეგ თქვენ დიპლომის მიღებას შეძლებთ. კულტურის უნივერსიტეტი ბრენდია, რომელიც მსოფლიო საინფორმაციო სივრცეს იპყრობს", - განაცხადა პოპლავსკიმ. 71 წლის მიხაილ პოპლავსკი აქტიურად ინარჩუნებს საკუთარ გვერდს Tik-Tok-ის სოციალურ ქსელში. ის სტუდენტებთან ერთად იღებს იუმორისტულ ვიდეოებს და ცდილობს, დაიწყოს საცეკვაო გამოწვევები. მანამდე უკრაინის ქალაქ შოსტკის მერმა, მიკოლა ნოგამ ქალაქის ოფიციალურ პირებს დაავალა, დარეგისტრირდნენ TikTok-ში.
საქართველოში 660 832 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია
16 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 589 024-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ მცირე, 1 დოზით ვაქცინირებულია 928 192 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.5%. სრულად ვაქცინირებულია 660 832 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.1%. 15 სექტემბერს კი 25 150 ადამიანი აიცრა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი 2 176 ადამიანს დაუდასტურდა, 43კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველო ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე მუშაობს
საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ესპანეთის ელჩმა საქართველოში ფრანცისკო ხავიერ ერგეტა გარნიკამ. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში კოვიდ-ის მართვის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზების მიმართულებით, ხოლო ესპანეთი, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნები, პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.
გერმანიის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა
გერმანიის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით, Business Insider-ი იუწყება, რომ არჩევნებისათვის საჭირო სერვერი დაცული იყო და მასზე შეტევით არ დაზიანებულა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლოს ვებგვერდი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა, თუმცა პრობლემა მოიხსნა და ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. გერმანიის ფედერალური არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება.
ჩინეთი აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტს აკრიტიკებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უსაფრთხოების სფეროში აშშ-ბრიტანეთისა და ავსტრალიის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენას და აცხადებს, რომ სამი ქვეყანა ზიანს აყენებს რეგიონულ მშვიდობას და სტაბილურობას. "ჩინეთი ყურადღებით დააკვირდება სიტუაციას", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე. "ქვეყნებმა არ უნდა შექმნან ბლოკები, რომლებიც მიზნად ისახავს ან ზიანს აყენებს მესამე მხარის, ჩინეთის ინტერესებს. მათ უნდა მოიშორონ ცივი ომის მენტალიტეტი და იდეოლოგიური ცრურწმენა. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ ბირთვულ წყალქვეშა ნავებზე თანამშრომლობის დაწყება რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უხეშად აყენებს ზიანს. ეს გააღრმავებს გამალებულ შეიარაღებას და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმის ფარგლებში ძალისხმევას დააზიანებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უსაფრთხოების სფეროში ისტორიული პაქტი წარადგინეს როგორც TheGuardian-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ არცერთმა ლიდერმა არ ახსენა ჩინეთი, პაქტის მიღება ფართოდ არის გაგებული, როგორც პასუხი პეკინის ექსპანსიონიზმსა და აგრესიაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანზე. ჯო ბაიდენმა ისაუბრა "თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის" შენარჩუნებისა და რეგიონის "ამჟამინდელი სტრატეგიული გარემოს" გადაწყვეტის აუცილებლობაზე.
იტალიაში ყველა დასაქმებული ვალდებული იქნება, სამსახურში კოვიდსერტიფიკატი წარადგინოს
15 ოქტომბრიდან, იტალია გახდება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ყველა პროფესიის ადამიანი ვალდებული იქნება, სამსახურში კოვიდსერტიფიკატი წარადგინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, "მწვანე სერთიფიკატის" წარდგენა ყველასათვის სავალდებულო გახდენა, მიუხედავ იმისა, საჯარო სექტორში მუშაობს, თუ კერძო სექტორში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ 400-დან 1 000 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ასევე, გასულ კვირას, იტალიის მთავრობამ დაამტკიცა კანონმდებლობა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა, ვინც მუშაობს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში და "მწვანე სერთიფიკატის" გარეშე იქნებიან, ასევე შეიძლება დაჯარიმდეს 400 ევროდან 1000 ევრომდე. ამასთანავე, თუ თანამშრომელი ხუთი დღის განმავლობაში სამსახურში არ გამოცხადდება და შესაბამის მიზეზს ვერ დაასახელებს, დამსაქმებელს ექნება უფლება, შეაჩეროს თანამშრომლის სამუშაო კონტრაქტი. მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ვაქცინაციის ტემპის გაზრდაა. იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგის მიზანია, სამ, მაქსიმუმ ოთხ კვირაში მიაღწიოს ვაქცინაციის ისეთ ტემპს, რომ იტალიამ შეძლოს "უსაფრთხო ზონაში" გადასვლა.
ივანე ჩხაიძე: უმჯობესია, მოსახლოების 80% აიცრას, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგი ოქტომბრიდან ექნება, რასაც დაემატება სექტემერში ჩატარებული აცრებიც, შესაბამისად, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით. ივანე ჩხაიძის განცხადებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა ვაქცინაციის 80%-იან ზღვარს და იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, საქართველოშიც უმჯობესია მოსახლეობის 80%-ის მოცვა. მისივე თქმით, შესაძლოა, წლის ბოლოსთვის, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს, თუმცა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი არ ფიქრობს, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა იყო. ივანე ჩხაიძის განცხადებით, „მიუ“ შტამი, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“. შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო: „ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის“, - მიიჩნევს ივანე ჩხაიძე. „თუ ვაქცინაციის ეს ციფრები შენარჩუნდა, რომელიც ამ კვირაში გვაქვს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეოობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია. თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე, მას 3-4 კვირის შემდეგ მოჰყვება გარდაცვალების პიკი, ჩვენ, ინფიცირების პიკი გვქონდა 17 აგვისტოდან 24 აგვისტომდე, შესაბამისად, გარდაცვალების პიკს ველოდებით 17 სექტემბრიდან თვის ბოლომდე. ამიტომ, ეს კვირა ამ მხრივ, სამწუხაროდ, მძიმე იქნება და უკვე ოქტომბრიდან ვაქცინაციის მაღალი ტემპის შედეგებს დავინახავთ. ამ მაჩვენებელს დაემატება სექტემბრის ვაქცინაცია, ასე რომ, ოქტომბერი საქართველოსთვის უნდა იყოს მეოთხე ტალღის დასრულების პერიოდი, ნაკლები ინფიცირების და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებლით. მეხუთე ტალღის გამოწვევა ორი მექანიზმით აიხსნება, ეს არის ახალი მუტაცია. საქართველოში მესამე და მეოთხე ტალღა სხვადასხვა მუტაციით იყო განპირობებული, ერთის უკან იდგა ბრიტანული, მეორეს უკან - ინდური. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ განიხილავს ახალ მუტაციას, რომელიც შეიძლება, ისეთივე სახიფათო იყოს, როგორიც „დელტა“, ის მუტაცია, რომელიც ახლა აქტიურად განიხილება, ვგულისხმობ, „მიუ“ შტამს, ინტერესის ვარიანტს მიეკუთვნება, ვინაიდან მას არ აქვს სწრაფი გავრცელების და ავადობის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, როგორც „დელტას“. შესაბამისად, ის ვერ გახდება ინფექციის აფეთქების და ახალი ტალღის წყარო. ჯერჯერობით, მსოფლიო ახალი მუტაციის რისკის ქვეშ არ არის, დღევანდელი მონაცემებით ასეა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გამოჩნდეს, ახალი მუტაცია, მაგრამ დღეს არიან „ალფა“, „დელტა“ და სხვა მუტაციები, რომლებსაც ჯანმო აფასებს როგორც გაცილებით უფრო აგრესიულს და სახიფათოს. შესაძლოა, წლის ბოლოსთვის იყოს შემთხვევების მატება, თუმცა არა ახალი მუტაციის, არამედ ზამთრის სეზონის და დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრის გამო, რაც ინფექციის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას განაპირობებს. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორც მესამე ან მეოთხე ტალღა. გასათვალისწინებელია გრიპის სეზონიც, თუ ჩვენ ამ სეზონს შევხვდებით 60%-ის ვაქცინირებით და გრიპის ვაქცინაციასაც დავიწყებთ, გაცილებით უსაფრთხო შემოდგომა-ზამთარი გველის, როგორიც გვქონდა 2020 წლის ბოლოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან.
9 163 ქორწინება და 4 675 განქორწინება - იანვარ-ივნისის მონაცემები
2021 წლის 6 თვეში, იანვარ-ივნისში, რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. ამასთანავე, საქსტატის ცნობით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რიცხვს გადააჭარბა საქართველოში 2021 წლის პირველ 6 თვეში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვმა 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.