ძებნის რეზულტატი:
რუსეთმა და ე.წ სამხრეთ ოსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ე.წ სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით და მიიღონ მათ დამატებითი სოციალური გარანტიები. როგორც ცნობილია, შეთანხმებას ხელი მოაწერეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დმიტრი მედოევმა და ცხინვალში რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა. მანამდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შეთანხმების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა. ამავე თემაზე: მედია: პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა
NCDC კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს
NCDC კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს და შესაბამის წერილს კომპანია „ალმას“ უგზავნის. ტექსტი ვიდეომიმართვისას წაიკითხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. „NCDC-სთვის მასმედიის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომლების მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, სხვა შინაარსის ბანერები განთავსდა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იმავე დღეს გააკეთა სათანადო განცხადება. გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში. ამ მიზნით იყენებს სხვადასახვა სახის საინფორმაციო და მედია საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრებისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწოდებებს ქვეყანაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის. COVID19-ის პანდემიის პირობებში, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათობით იღუპება, ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას. ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად. მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, - ნათქვამია წერილში. ამავე თემაზე: „ალმა“ პოლიტიკურ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს
დიდი ბრიტანეთი ფრენებთან დაკავშირებულ კოვიდრეგულაციებს ამარტივებს
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის ავიაკომპანიები მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, გაამარტივონ ფრენებთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც კორონავირუსზე ტესტირების შემცირებას გულისხმობს. გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანიების განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ავიასექტორის გახსნას. ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ცვლილებები უფრო მეტ ადამიანს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს მსოფლიოში. BBC-ის ცნობით, 4 ოქტომბრიდან ინგლისში ქარვისა და მწვანე ქვეყნების ჩამონათვალი უქმდება და რჩება მხოლოდ წითელი სია, რომელშიც ჩამოთვლილი ქვეყნების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდება. ამასთანავე, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ გამგზავრებამდე PCR ტესტის აღება და ასევე PCR ტესტის ჩანაცვლებას სწრაფი ტესტით შეძლებენ. დიდი ბრიტანეთის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორის ტიმ ოლდერსლეიდის განცხადებით, "ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რაც ქვეყნის ავიაციის სექტორის გახსნას ხელს შეუწყობს".
მამუკა ხაზარაძე: აღსარების საიდუმლოებას წლების განმავლობაში იწერდნენ, 7 ეპისკოპოსთან ჩემი საუბრის ჩანაწერები ნამდვილია
"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სავარაუდოდ, სუს-ის არქივიდან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერები რომელიც მას ეხება ნამდვილია. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ჩანაწერებში ასახულია მისი ურთიერთობა შვიდ ეპისკოპოსთან, მონასტრის ხელმძღვანელებთან და იღუმენიებთან. "ამ მასალის შეგროვება ჩვენს მოძვღვრებზე, აღსარების საიდუმლოებაზე წლების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიმდინარეობდა. ბოლო 3 წლის მასალა გამაცნეს და ეს ფრაგმენტი არ არის სრული. 40 ეპიზოდი ვნახეთ და გამოკითხვის შემდეგ მართლა დამძიმებული ვარ. ეს არის მასალები, სადაც ეს არის კატასტროფა, პირდაპირ გეტყვით, ეს არის გამაოგნებელი რაღაც. არ მინდა ვინმე დავამძიმო, რადგან მეც ძალიან დამძიმებული ვარ. აქ აღარ არის საუბარი დანაშაულზე, ეს არის სახელმწიფოებრიობის ერთერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებებზე, იმაზე, რაზეც ჩვენი ქვეყანა დგას, ამისთვის ძირის გამოთხრა. მინდა გითხრათ, რომ მათ ეს არ გამოუვათ. ქართულ ეკლესიაზე საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიმდინარეობს", - განაცხადა ხაზარაძემ. მისივე თქმით, მან ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მასალებში აღბეჭდილი სიტუაციები ახსოვს. "ეს იყო ჩემი მხრიდან ამ ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურება. პრაქტიკულად ყველაფერი დავუდასტურე, რადგან როდესაც ამონარიდის კითხვას იწყებდნენ, უკვე ვუდასტურებდი, რადგან ეს მომენტები ნამდვილად იყო. ეს არის მხოლოდ ერთი დაკითხვის შედეგი. როგორც გვითხრეს, უამრავი მასალის გაშიფრვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს. ბუნებრივია, ჩვენ გამომძიებელთან გვქონდა საუბარი. იმედია, რომ ეს ყველაფერი დამკვეთამდე, დამფინანსებლამდე და არამარტო გამავრცელებლამდე მიგვიყვანს, რადგან ეს ამბავი ძალიან კომპლექსურად არის გამოსაძიებელი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა, რა დროსაც ის შეხვედება რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს. ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა. "მართლაც, იგეგმება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში", - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანსა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ექნება ფართო დისკუსია. პესკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, სირიისა და სხვა რეგიონული საკითხები. პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის
აშშ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს საზღვრებს გაუხსნის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, სრულად ვაქცინირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა ნოემბრიდან შეეძლებათ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ყველა უცხოელს, რომელიც შეერთებულ შტატებში მიფრინავს, სრულად ვაქცინაციის ან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენება ჩასხდომამდე მოუწევს. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ, სრულად ვაქცინირებულებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ჯო ბაიდენი ასევე გაამკაცრებს ტესტირების წესებს ამერიკის არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება შეერთებულ შტატებში დაბრუნებამდე ერთი დღით ადრე. "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები ასევე მოსთხოვენ ავიაკომპანიებს, შეაგროვონ საერთაშორისო მოგზაურების საკონტაქტო ინფორმაცია, რადგან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კონტაქტების კვალის მოძიება გაადვილდეს", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეფ ზიენცმა. ზეინცის განცხადებით, ახალი პოლიტიკა ამოქმედდება "ნოემბრის დასაწყისში", რათა ავიაკომპანიებსა და ტურისტულ კომპანიებს დრო ჰქონდეთ მოემზადონ ახალი პროტოკოლების განსახორციელებლად.
ბენ ჰოჯესი: კრემლი არ მალავს უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ექსტრემიზმის პოტენციურ ზრდაზე, ალბათ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, თუმცა არ თანაუგრძნობენ აშშ-ს და ჩვენს მოკავშირეებს
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს ავღანეთში აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ დაშვებულ შეცდომებზე, ავღანეთში შეცვლილ პოლიტიკურ ლანდშაფტსა და მის გავლენაზე დანარჩენ რეგიონსა და საქართველოზე, აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობაზე, რაც საქართველოს „პრიორიტეტული მიზნების“ განხორციელებაში დაეხმარება. ამ კონტექსტში, CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე ინტერვიუში ასევე მიმოიხილავს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გახდეს. _ბატონო გენერალო, ჩვენს ინტერვიუში თქვენთან ვრცლად მიმოვიხილეთ ავღანეთის საკითხი - უნდა დაეტოვებინა თუ არა ამერიკას ავღანეთი. ჩვენ ვნახეთ როგორც განვითარდა პროცესები, ელვის სისწრაფით და დრამატულადაც გარკვეულწილად... როგორ შეაფასებდით, პირველ რიგში, ავღანეთის დატოვებას მოკავშირეების მიერ და შემდეგ ასეთი ფორმით დატოვებას? ფორსმაჟორულ პირობებში, 20 წლის შემდეგ... მე ვეთანხმებოდი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. უფრო დიდხანს დარჩენა დრამატული ცვლილებების გარეშე საერთო სტრატეგიისთვის, არასოდეს შეცვლიდა საბოლოო შედეგს. თუმცა ადმინისტრაციას შეეძლო, უფრო მეტი გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკეთ მომზადებულიყო ლტოლვილთა დიდი რაოდენობისთვის, რომლებიც ეძებენ უსაფრთხო გარემოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩვენთან ერთად ან ჩვენთვის მუშაობდნენ. ასევე, ადმინისტრაციას უნდა გაევლო კონსულტაციები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, გაყვანის გრაფიკთან დაკავშირებით. და მაინც, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო მფრინავების, ჯარისკაცების, საზღვაო ქვეითებისა და იქ მყოფი დიპლომატების გამბედაობა, რომლებმაც ფაქტობრივად სისრულეში მოიყვანეს ეს პროცესი. _„თალიბანის“ ხელში აღმოჩენილი ავღანეთი 20-წლიანი პერიპეტიების შემდეგ, რაზე მიანიშნებს, რა გაკვეთილია და გამოცდილება ამერიკელებისთვის? ჩვენ დავუშვით რამდენიმე შეცდომა და პირადად მე ვიყავი ამ შეცდომების ნაწილი. პირველ რიგში, ჩვენ/მე ვფიქრობდით, რომ პაკისტანი იყო მოკავშირე. რასაკვირველია, ეს ასე არ იყო და ჩვენ ძალიან დიდხანს ვუკეთებდით იგნორირებას ამის გამაფრთხილებელ ნიშნებს. მეორე რიგში, ჩვენ დავუშვით უზარმაზარი შეცდომა, როდესაც გადავერთეთ ერაყზე ზუსტად იმ დროს, როდესაც ვგეგმავდით ავღანეთში პირველადი მისიის დასრულებას. მესამე, აშშ-ის მთავრობას უნდა დაეწესებინა გადასახადი ყველა ამერიკელ მოქალაქეზე, რომ დაფარულიყო ავღანეთსა და ერაყში გაწეული ომის ხარჯები... ამერიკელთა უმრავლესობას ეს ომები არ შეხებია, გარდა მათი, ვისი ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ მისიებში ან ცხოვრობდნენ აშშ-ის სამხედრო ბაზების სიახლოვეს. შედეგად, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა რომელიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა თუ კონგრესზე იყო ძალიან მცირე იმისთვის, რომ ეს ომები ან მოგვარებულიყო, სწორად წარმართულიყო ან სულაც დასრულებულიყო. მეოთხე, ჩვენ დავუშვით შეცდომა იმ მოდელში, რომელიც გამოვიყენეთ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარებისთვის; ანუ გავაკეთეთ ისე, რომ დაგვმსგავსებოდნენ ჩვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათაც ჩვენსავით უნდა ჰქონოდათ დიდი რაოდენობით საცეცხლე ძალა, საჰაერო მხარდაჭერა, უსაზღვრო ლოგისტიკა და ათასობით კონტრაქტორი, რათა უზრუნველყოთ ამ რაოდენობის ტექნიკის მოვლა და შენახვა. ეს მოდელი ჩამოიშალა, როცა ჩვენ დავიწყეთ გასვლა. მე ვერ შევძელი ამის გაცნობიერება, როდესაც იქ ვმსახურობდი, რადგან ვხედავდი კარგ, პროფესიონალ ავღანელ ოფიცრებს. ვერ გავაცნობიერე ასევე ის, რასაც სინამდვილეში ვხედავდი საკუთარი თვალებით - საუკეთესო ავღანური ერთეული ძალიან გავდა თალიბებს - პიკაპებით, ჩაფხუტების გარეშე, აშშ-ის არმიის მწვანე ბერეტიანი ვიცე-პოლკოვნიკის წინამძღოლობით. და ბოლოს, ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საწყისი მიზნის ხედვა, რაც მდგომარეობდა ავღანეთში ალ-ქაიდასთვის უსაფრთხო თავშესაფრის მოწყობისთვის ხელის შეშლაში. გადაწყვეტილება, სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი ავღანელებისთვის გადაგვეცა, მოგვიანებით მივიღეთ. ამიტომაც დავრჩით ავღანეთში 20 წელი, იმის მცდელობაში, გაგვეკეთებინა ის, რაც თავდაპირველად არ გვქონია დაგეგმილი და რაც არასოდეს განუმარტავს არც ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკელი ხალხისთვის. _ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული ავღანეთის პროცესებში? რა საფრთხეებს შეიცავს „თალიბანის“ მმართველობა? ხომ არ იქნება ეს პროცესები ხელისშემწყობი ფაქტორი ცენტრალური აზიის ქვეყნებზე რუსული გავლენის ზრდის? ხომ არ კონსოლირდება კიდევ უფრო მეტად რუსულ-ჩინური გავლენები? მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მეტად წამგებიან მდგომარეობაში ავღანელი ხალხი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, ქალები და გოგოები. პაკისტანი აუცილებლად ინანებს იმას, რომ მხარს უჭერდა „თალიბებს“, რადგან მათ ახლა ბევრად უფრო მეტი ლტოლვილი ჰყავთ ქვეყნის შიგნით და უფრო მეტად არასტაბილური სიტუაცია დასავლეთ საზღვარზე. ჩინეთი პასუხს აგებს ავღანეთში მინერალური რესურსების დაცვასა და წვდომაზე. მათ საერთოდ არ ადარდებთ ავღანეთში ადამიანის უფლებები, თუმცა მათი შეშფოთების საგანი იქნება უიღურების მოსახლეობაზე ისლამისტი ექსტრემისტების გავლენის ზრდა. კრემლი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ცენტრალურ აზიაში ისლამური ექსტრემიზმის ზრდის პოტენციალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ირანსაც არ მოსწონს ეს არასტაბილურობა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ შიიტების და სუნიტების დაპირისპირებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი არ თანაუგრძნობენ აშშ-ს ან ჩვენს მოკავშირეებს. _საქართველოს ერთ-ერთი მიმართულება ასევე არის, იქცეს სატრანზიტო კორიდორად და ჰაბად აზია ევროპას შორის. ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტვირთის მოზიდვა საქართველოს გავლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ავღანეთში შეცვლილი პოლიტიკური ლანდშაფტი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გაზრდილი რუსული გავლენები აისახება თუ არა დანარჩენ რეგიონზე და საქართველოზეც, თუნდაც კონკრეტულად ამ მიმართულებით? ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე იქონიებს გავლენას, თუმცა მე უფრო მაფიქრებს სერიოზული ძალისხმევის არარსებობა საქართველოს მთავრობის მხრიდან, საქართველო უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს დასავლური ინვესტიციებისთვის. არადა, იმდენი პოტენციალი გაქვთ, რაც სათანადოდ არ გამოყენებულა შიდა პოლიტიკური პრობლემების გამო. _ბატონო გენერალო, გასაგებია ის ფაქტი, რომ ყველა ქვეყანაში ცვლილება ხალხს უნდა უნდოდეს და ილტვოდეს და იბრძოდეს უკეთესისკენ... მაგრამ ხშირად, ამა თუ იმ მიზეზების გამო, (თავსმოხვეული მახინჯი წესების, დეზინფორმაციის) რომელიც ამ ეპოქაში ფაქტიურად ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილიცაა, ვერ ახერხებს თვითგამოხატვას, პროტესტს, ბრძოლას.. პანდემიამ თითქოს უფრო დაჰყო მსოფლიო, როცა უფრო უნდა გაერთიანებულიყო.. რუსეთთან და მსგავსი ტიპის ქვეყნებთან გამკლავება ერთგვარად პანდემიასთან ბრძოლას ჰგავს... ან ერთიანდები და ამარცხებ იმას, რამაც შეიძლება ხვალ შენც გიმსხვერპლოს, ან იკეტები საკუთარ ნაჭუჭში და მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ფიქრობ, რაც დროებითია, რადგან ახალი ძალით და მუტაციით მოგაგნებს და არ მოგცემს სიმშვიდის საშუალებას...ხომ არ დადგა დრო ევროკავშირმა, NATO-მ იმ ქვეყნების ძალისხმევა, ვინც დასავლეთისკენ მიისწრაფვიან, უფრო ქმედითად წაახალისონ? ვფიქრობ, რომ საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი, ხოლო უკრაინა უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზაზე NATO-ს წევრობისკენ. მაგრამ არის უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც ახლავე უნდა გაკეთდეს საქართველოს და უკრაინის მიერ ქვეყნის შიგნით, ხოლო აშშ-ის მხრიდან, ეს იქნება სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის. ვიდრე აშშ არ შეიმუშავებს ასეთ სტრატეგიას დიპლომატიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებისთვის აუცილებელი პოლიტიკით საქართველოსა და უკრაინაში, მე ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით, რომ ის მალე იქნება. საქართველომ უფრო მეტი უნდა მოიმოქმედოს, რათა გააუმჯობესოს წინააღმდეგობის უნარი კრემლის დეზინფორმაციისა და უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ. თუმცა, ვფიქრობ, რომ გასული წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი არსებითი გაკეთებულა. _რჩება განცდა, რომ ევროპას ავღანეთის თემიდან ყველაზე მეტად ლტოლვილების საკითხი აღელვებს... სწორედ ამ სენსიტიური საკითხის გამოც, დასავლეთში ულტრარადიკალური ძალები პოპულისტური ლოზუნგებით მოდიან სათავეებში... რაც შემდეგ კიდევ უფრო სხვა პრობლემებს წარმოშობს.. პრობლემა ლტოლვილებში, უკანონო მიგრაციაში, ნარკოტრაფიკსა და ტერორიზმში, თუ უფრო კომპლექსურია, და ტირანიული სახელმწიფოს გაძლიერებაშია? ეჭვი არავის ეპარება, რომ ევროპული ერები, ისევე როგორც აშშ, შეშფოთებულნი არიან ლტოლვილთა ნაკადით და მისგან გამომდინარე შედეგებით. და ზოგიერთი ნაციონალისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი შეეცდება, გამოიყენოს ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. მაგრამ ავღანეთის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, გავხსნათ ჩვენი კარი და ვიპოვოთ გზები, რათა რაც შეიძელბა მეტი მათგანი დავაბინაოთ. ბევრი მათგანი, ვინც ავღანეთი დატოვა, არის განათლებული, პროფესიონალი და შრომისმოყვარე,ზუსტად ისეთი ქალები და კაცები, რომლებიც ჭირდებიან ჩვენს ქვეყნებს. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ რიკერმა განაცხადა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა და განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ისევე როგორც ამერიკული პირდაპირი ინვესტიციები. მანამდე სენატორმა რობ პორტმანმა ჩვენთან განაცხადა, რომ მუშაობა მიდის ამერიკის საფინანსო ინსტიტუტის გახსნაზე და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ამერიკასთან. რაზეა დამოკიდებული ამ ყველაფრის განხორციელება და განხორციელების ტემპი? ეს ძირითადად დამოკიდებულია ორ რამეზე: პირველი არის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება შავი ზღვის დიდი რეგიონისთვის, რომელიც მიმართული იქნება დიპლომატიური, ეკონომიკური, პრიორიტეტული მიზნების, ასევე სამხედრო მოსაზრებების გადაწყვეტაზე. ეს სტრატეგია აუცილებელია, თუ ჩვენ ვაპირებთ დროის და ფულის გონივრულად ინვესტირებას. მეორე არის ის, რომ საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, რათა მიმზიდველი აღმოჩნდეს ინვესტიციებისთვის. ეს არის ფინანსური და იურიდიული ოპერაციების გამჭვირვალობა, ბიზნეს ინვესტიციების და საბანკო საქმიანობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, იმის გარანტირება, რომ თანხები არ გაიფლანგება ან უკანონოდ არ იქნება გადამისამართებული რამდენიმე ოლიგარქის ანგარიშებზე, რომლებიც ნამდვილად არ არიან დაინტერესებული ქართველი ახალგაზრდების გაუმჯობესებული მომავლით.
ვატიკანში შესასვლელად „მწვანე ბარათების“ წარდგენა იქნება საჭირო
პირველი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო, რომელიც კორონავირუსისგან იმუნიტეტის მტკიცებულებას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს. ვატიკანის განცხადებით, ვატიკანის ბინადრებს, მუშებსა და ვიზიტორებს მოუწევთ თან იქონიონ „მწვანე ბარათი“, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება იტალიის ტერიტორიაზე. გამონაკლისი იქნება მათთვის, ვინც წირვას ესწრება. „მწვანე ბარათი“ ადასტურებს, რომ მოქალაქემ ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი აქვს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მთავრობის მიერ "ექსტრემისტული ორგანიზაციების", "უცხოელი აგენტების" და "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ მიღებულმა კანონებმა, მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა რუს ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში. ამასთანავე, რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა, რასაც წინ უძღოდა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურების მარგინალიზაციის ფართო მცდელობა, ხელი შეუშალა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას, რაც თავის მხრივ აუცილებელია სამართლიანი არჩევენბისთვის. "მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა. გარდა ამისა, ჩვენ არ ვაღიარებთ, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს
ქაბულის მერიაში ქალებს მუშაობა აეკრალათ
"თალიბანის" მიერ დანიშნულმა ავღანეთის დედაქალაქის დროებითმა მერმა ქაბულის მთავრობის ქალ თანამშრომლებს განუცხადა, რომ სახლში უნდა დარჩნენ, მუშაობა მხოლოდ კაცებისთვისაა ნებადართული. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. მერად დანიშვნის შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე ამდულა ნომანიმ აღნიშნა, რომ "თალიბანის" მოძრაობამ, "საჭიროდ ჩათვალა ქალების მუშაობის დროებით შეჩერება". ნომანის თქმით, გასულ თვეში, "თალიბანის" მოსვლამდე, ქაბულში არსებული 3000 მუნიციპალური თანამშრომლების მესამედს ქალები წარმოადგენენ და ისინი ყველა განყოფილებაში მუშაობდნენ. მისივე თქმით, "ქალ თანამშრომლებს დაევალათ სახლში დარჩენა, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას". ქალაქის მერის განცხადებით, გამონაკლისი შეეხება ქალებს, რომლებიც ისეთი მიმართულებით მუშაობენ, რომ კაცებით ვერ ჩაანაცვლებენ, მათ შორის, დიზაინისა და ინჟინერიის განყოფილებები და ქალთა საზოგადოებრივი საპირფარეშოების მიმღები. ნომანს არ დაუკონკრეტებია თუ რამდენ ქალს აიძულეს სახლში დარჩენა.
ჩინეთში ბავშვებს TikTok-ის ადგილობრივი ვერსიის გამოყენებაზე დღიური ლიმიტი დაუწესეს
ჩინეთში 14 წლამდე ბავშვებს TikTok-ის ადგილობრივი ვერსიის, Douyin-ის გამოყენება დღეში მხოლოდ 40 წუთით შეეძლებათ. წესები ვრცელდება 14 წლამდე მომხმარებლებზე, რომლებიც პლატფორმაზე რეგისტრირებულები არიან მათი ნამდვილი სახელითა და გვარით. როგორც ცნობილია, მოზარდებს სოციალურ ქსელში შესვლა მხოლოდ 06:00 საათიდან 22:00 საათამდე შეეძლებათ. სოციალური ქსელ Douyin-ის მომხმარებლის ხელშეკრულების თანახმად, პლატფორმაზე არ არის განსაზღვრული მინიმალური ასაკი, მაგრამ 18 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა უნდა მიიღონ კანონიერი მეურვის თანხმობა. აპლიკაცია TikTok- ზე მინიმალური ასაკი კი 13 წელია. როგორც BBC წერს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ოფიციალური მედია აცხადებდა, რომ ახალგაზრდა ჩინელების მიერ ინტერნეტში გატარებული დიდი დრო გავლენას ახდენს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. შეგახსენებთ, აგვისტოში ჩინეთში 18 წლამდე ბავშვებს კვირის სამუშაო დღეებში კომპიუტერული ვიდეოთამაშები აუკრძალეს. ხოლო უქმე დღეებში მათთვის თამაშები მხოლოდ დღეში ერთი საათითაა დაშვებული. თებერვალში ჩინეთის მთავრობამ სკოლებში მობილური ტელეფონების შეტანა შეზღუდა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის მთავრობამ რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა
საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებას და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში - რუსულ პარტიებთან ერთად - ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს, ნათლად მიუთითებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან განახორციელა უკანონო, იძულებითი პასპორტიზაცია და დღემდე აგრძელებს აღნიშნული რეგიონების ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს, რის გამოც საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას მოკლებულია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ადგილზე ნებისმიერი არჩევნების ჩატარება, მით უფრო, ოკუპანტი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს დასაკომპლექტებლად უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. აღნიშნულ ფაქტს ამყარებს საერთაშორისო სასამართლოს - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც იურიდიულად დაადგინა რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს, პასუხისმგებლობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე. ამავე თემაზე: სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს
კახა კალაძე: თბილისი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილია - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის ძირითადი პროგრამები გააცნო. როგორც მან პრეზენტაციაზე აღნიშნა, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ქალაქში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება. „საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, თუმცა, ეს ყველაფერი შესრულებადი და გაკეთებადია. ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა შეასრულოს ეს კონკრეტული დაპირებები. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. მართლაც უმნიშვნელოვანესი და კარგი საქმეები ვაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები და პრობლემები, მაგრამ შეგვწევს ძალა, რომ ამ პრობლემებს ღირსეულად ვუპასუხოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ურბანული პოლიტიკის მიმართულებით, მომდევნო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა შორის, ინფრასტრუქტურის განვითარება, ძველი თბილისის განახლება და ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება შედის; სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, განახლდა ავტობუსების პარკი, თუმცა, ქალაქში, დამატებით, 380 ავტობუსი შემოვა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე კომფორტული იყოს; გარემოს დაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ქალაქში შემოდის საპარკე კულტურა, ჩნდება უამრავი რეკრეაციული სივრცე და მწვანე ზონები. „მომდევნო წლების განმავლობაში, 15 ახალი საქალაქთაშორისო პარკი გაშენდება და 1 000-ზე მეტი სკვერის კეთილმოწყობა მოხდება. ჩვენ ასევე, ვისაუბრეთ სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს ბიუჯეტში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის 30% დაიხარჯება იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც უჭირს და ჩვენი თანადგომა სჭირდება, სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის გვერდით დგომა იგრძნოს. რა თქმა უნდა, როგორც ამ ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი არსებობდეს, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული დრო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, რაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერთად დგომით“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. გარდა ამისა, კახა კალაძის განცხადებით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. „მართლაც კარგი პროექტები განვახორციელეთ ამ მიმართულებით, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. მომდევნო წლები კიდევ უფრო საინტერესო იქნება, კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, იმისთვის, რომ ეს დარგი და მიმართულებები, გაჯანსაღდეს. ჩვენს მრავალფეროვან და დიდი ისტორიის მქონე ქალაქს ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი კულტურული ტრადიციები აქვს. თბილისი არის დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჰარმონიული შერწყმის ადგილი - ქალაქი, სადაც ევროპული არსი აზიური ორნამენტებით არის გამოხატული. ამიტომ, კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ის ინსტიტუციურ დონეზე იქნება მხარდაჭერილი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტები, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლებში ვაპირებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კულტურისა და სპორტის წარმომადგენლებს, ასევე, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებენ. „თქვენი როლი დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან დასაფასებელია. თქვენ, ყველას გიყურებენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები. ამიტომ, თქვენი ჩართულობა ყველა ამ პროექტში, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ყველას პირველ რიგში, ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ და გაიმარჯვებს ჩვენი დედაქალაქი, იმიტომ, რომ იმ განვითარებასა და აღმშენებლობას, რაც დავიწყეთ, ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სროლისას 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა
რუსეთში, პერმის უნივერსიტეტის ერთ - ერთ შენობაში (PSNIU) ამავე უნივერსიტეტის სტუდენტმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, სროლისას 6 ადამიანი დაიღუპა (მანამდე ვრცელდებოდან ინფორმაციას 8 დაღუპულის შესახებ). როგორც ცნობილია, თავდმასხმელი პოლიციამ დააკავა. "თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 24 კი დაშავდა და სამედიცონო დახმარება დასჭირდათ," განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 8 დაღუპულისა და 28 დაშავებულის შესახებ. "ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია. დაპატიმრებისას წინააღმდეგობის გაწევის გამო, ის დაიჭრა", - აცხადებს გამოძიება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 18 წლის სტუდენტი, ტიმურ ბეკმანსუროვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი უნივერსიტეტში სანადირო თოფით შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ თავდამსხმელმა კანონიერად შეიძინა იარაღი კანონმდებლობის გამკაცრებამდე. როგორც BBC წერს, თავდაპირველად, პერმის სახელმწიფო ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტი იტყობინებოდა, რომ თავდამსხმელი მოკლეს, მაგრამ მოგვიანებით ეს შეტყობინება გაქრა უნივერსიტეტის ვებგვერდიდან. ინციდენტის შემდეგ, ხელისუფლებამ გააუქმა გაკვეთილები რეგიონის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. პერმის მხარეში 21 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამავე თემაზე: რუსეთში, უნივერსიტეტზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ჯანმოს ხელმძღვანელი ავღანეთში ჩავიდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ავღანეთში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანმოს "უმთავრესი პრიორიტეტი". როგორც ცნობილია, ჯანმოს ხელმძღვანელი "თალიბანის" ხელმძღვანელობას შეხვდება. "მე ავღანეთში ვარ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონალური ოფისის) დირექტორთან აჰმედ ალ მანდჰარისთან ერთად. ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მოვინახულებთ ჯანდაცვის ობიექტებს, შევხვდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავღანეთის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მუშაკებს და "თალიბანის" ხელმძღვანელობას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე.", - წერს ჯანმოს ხელმძრვანელი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, რომელსაც პნევმონია დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ახლა თავს კარგად გრძნობს. "ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი ოთხშაბათს, 15 სექტემბერს, სტრასბურგის სამოქალაქო საავადმყოფო Hôpital Civil-ში გადაიყვანეს.აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევისას მას პნევმონია დაუდგინდა და დაუყოვნებლივ დაექვემდებარა შესაბამისი თერაპიებით მკურნალობას. მისი მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანმა. როგორც Euronews-ი წერს, 65 წლის იტალიელი, რომელიც თავის ამჟამინდელ თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებს, უჩიოდა სიცხეს და მოუწია პარლამენტის სხდომის ნახევარი დაეტოვებინა. .
თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს
თურქეთი ყირიმში გამართულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, ყირიმში ჩატარებული რუსეთის პარლამენტის არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. "თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას. ამ კონტექსტში, 2021 წლის 17-19 სექტემბერს ყირიმში ჩატარებული რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შედეგებს თურქეთისთვის არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს", - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ასევე წაიკითხეთ: საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს
პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება
27 სექტემბრიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა იხსნება. ამის შესხებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ხანგრძლივი პაემნების გახსნის გადაწყვეტილება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო. ხანგრძლივი პაემნის განხორციელებას შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები ვინც, ასევე სრულად ვაქცინირებულები იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარმოადგენენ. "აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა სამსახურმა არაერთი ქმედითი ნაბიჯი და პრევენციული ღონისძიება გაატარა, რათა სისტემა დაეცვა კოვიდ-19-ის გავრცელებისგან. სწორედ ამ მიზნით, უწყებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო, რომელიც ყველა დაწესებულებაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს. რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებულია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შარლ მიშელი: რას ნიშნავს ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა ამერიკაში დაბრუნდა, თუ სადმე? ჩვენ ეს არ ვიცით - ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადეს საფრანგეთს, ნიუ-იორკში შეხვედრისას, სადაც განიხილავდნენ ავსტრალიის მიერ 40 მილიარდი დოლარის წყალქვეშა ნავის შეკვეთის გაუქმებას პარიზთან, აშშ-სა და ბრიტანეთის სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მხრიდან ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. მისი თქმით, მას გაუჭირდა ავსტრალიის, ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ნაბიჯის გაგება. "ჯო ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის თქმით, ამერიკა დაბრუნდა - ეს იყო ისტორიული გზავნილი ახალი ადმინისტრაციის მიერ და ახლა ჩვენ გვაქვს კითხვები. რას ნიშნავს ეს - ამერიკა დაბრუნდა? ამერიკა დაბრუნდა ამერიკაში თუ სხვაგან? ჩვენ არ ვიცით... თუ ჩინეთი იყო ვაშინგტონის მთავარი სამიზნე, მაშინ შეერთებული შტატებისათვის "ძალიან უცნაური" იყო ავსტრალიასა და ბრიტანეთთან გაერთიანება", - განუცხადა მან ჟურნალისტებს ნიუ იორკში. შარლ მიშელმა სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას და უწოდა "გადაწყვეტილება, რომელმაც დაასუსტა ტრანსატლანტიკური ალიანსი. "ძალიან უცნაურია ევროპის ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თამაშიდან გამოყვანა. ერთგულება და გამჭვირვალობა ალიანსის ელემენტარული პრინციპებია. ეს არ იყო ის არჩევანი, რომელის ჩვენმა მოკავშირემ გააკეთა", - განაცხადა შარლ მიშელმა. შეხვედრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია, ნაკლები დანაწევრება" იყო საჭირო სტაბილური და მშვიდობიანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მისაღწევად, სადაც ჩინეთი არის მთავარი მზარდი ძალა. "რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს განცხადება (აშშ-ავსტრალია-ბრიტანეთის შეთანხმება) მოულოდნელი იყო", - განაცხადა ბორელმა. მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საფრანგეთისადმი დამოკიდებულება მიუღებელია. „ღია კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიმართ მიუღებელი დამოკიდებულება ვიხილეთ. გვსურს ვიცოდეთ, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ, ვიდრე ურთიერთობებს ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში. როგორც Reuters-ი წერს, შეერთებული შტატები ცდილობს შეამსუბუქოს აღშფოთება საფრანგეთსა და NATO-ს მოკავშირეებში. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უახლოეს დღეებში ტელეფონით ისაუბრებენ.
ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ევროკავშირი რუსეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი და სანდო წყაროების თანახმად, არჩევნები სერიოზული დარვევებით ჩატარდა. "ევროკავშირი წუხს, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ მკაცრად შეზღუდა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მასშტაბი და ფორმატი, რამაც მისიის ადგილზე განთავსებას ხელი შეუშლა. წინასაარჩევნოდ, რუსეთში გაიზარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ზეწოლა და მათი დარბევა. ამან გამოიწვია რუსი ამომრჩევლებისთვის არჩევანის შეზღუდვა და კანდიდატების შესახებ სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთში ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ხმებისთვის სივრცე სულ უფრო იზღუდება. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ნეგატიური მოვლენები. "რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც მას ეკისრება გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფარგლებში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიას და შესაბამისად, არ აღიარებს ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. "რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მთავრობის მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის სახელმწიფო დუმის, ასევე რეგიონულ და ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებების სულისკვეთებასა და მიზნებს. ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება", - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ამავე თემაზე: თურქეთი ყირიმში ჩატარებულ რუსეთის დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს საგარეო უწყება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დუმის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, კვლავ სახელისუფლებო პარტია იმარჯვებს