ძებნის რეზულტატი:
თეა წულუკიანი: ვფიქრობ, ამ ბილბორდებს აქვს დიდი დანიშნულება - შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთ
„ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ",- ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. წულუკიანის თქმით, ბილბორდებს აქვს თავისი დანიშნულება, "ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო". „აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ამ ბილბორდებთან დაკავშირებით. მე კი ასე ვიტყოდი, რომ ოპოზიციური ფლანგი მუდმივად ბრალს სდებს სრულიად სამყაროს იმაში, რომ ამ ქვეყანაში მათი მოსაწონი არაფერი გაკეთებულა. მე ვფიქრობ, ეს ბილბორდი მაინც არის მათი მოსაწონი, შეხედავენ ერთმანეთს და გაუხარდებათ, ხოლო ვისაც არ მოგვწონს, მათთვის ვფიქრობ, ეს წამალივითაა, რომ ყველამ კარგად შევხედოთ ამ ბილბორდებს, ყველას მოგიწოდებთ, და გავიხსენოთ, რა არ გვინდა, რადგან წარსულზე ლაპარაკის აკრძალვას ცდილობენ, წარსული არასდროს არავინ უნდა დაივიწყოს. არც ცუდი და არც კარგი, ვფქირობ, ამ ბილბორდებს აქვს თავისი ძალიან დიდი დანიშნულება, ვისაც არ მოგვწონს, შევხედავთ, შეგვზარავს და ვიტყვით, რომ ეს არასდროს აღარ უნდა დავაბრუნოთო. ვისაც მოსწონს, ის შეხედავს და გაუხარდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
BBC: „ნოვიჩოკის“ საქმეზე, რუსეთის დაზვერვის კიდევ ერთ წევრს ბრალი წარუდგინეს
BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა 2018 წელს სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს გუნდის კიდევ ერთ წევრს წარუდგინეს. ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს. მედიის ინფორმაციით, გენერალ-მაიორი დენის სერგეევი „ნოვიჩოკით“ თავდასხმის საქმის სავარაუდო ხელმძღვანელია და ის სერგეი ფედოტოვის სახელს იყენებდა. სპეცსამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით „ბიბისი“ წერს, რომ დენის სერგეევი ადგილზე მოქმედებდა, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი. დენის სერგეევი და დანარჩენი ორი ეჭვმიტანილიც სავარაუდოდ რუსეთში იმყოფება. ბრიტანეთის მთავრობა ინტერპოლისგან რუსეთის მოქალაქის დაკავებას მოითხოვს. რუსეთის მოქალაქების წინააღდგე წაყენებული ბრალდებებია: მკვლელობის შეთქმულება, მკვლელობის მცდელობა, სხეულის მძიმე დაზიანება და ქიმიური იარაღის გამოყენება, ტარება. 2018 წელს სოლსბერიში ნერვული აგენტი, „ნოვიჩოკი“ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის, იულია სკრიპალის წინააღმდეგ გამოიყენეს. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, კიდევ ერთი ქალი, დაუნ სტერჯესი კი მოწამვლის შედეგად რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე, ბუნდესვერის ლაბორატორიამ დაადგინა, რომ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით იყო მოწამლული. რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით“ მოწამლვას სხვა საერთაშორისო ლაბორატორიებიც ადასტურებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელზე შტეფან ზაიბერტზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობისთვის, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე.
რუსეთმა ცხინვალს „სამშვიდობო და თავდაცვითი მიზნებისათვის“ სამხედრო ტექნიკა გადასცა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სამშვიდობო და თავდაცვითი მიზნებისთვის, ე.წ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა გადასცა. მედიის ცნობით, სამხერდრო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, რესპუბლიკის განათლების დღის აღსანიშნავად ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. "ახალი ტექნიკის წყალობით შევძლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გაზრდას", - განაცხადა ღონისძიებაზე დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის სამხედრო ტექნიკის მოწოდების პირველი ეტაპი, უახლოეს პერიოდში კი, ცხინვალში კიდევ ახალი რუსული ტექნიკა შევა. "ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობიან განვითარებაზე, უსაფრთხო ცხოვრებაზე. ყველა გადაცემულ აღჭურვილობას აქვს ექსკლუზიურად მშვიდობიანი, თავდაცვითი დანიშნულება... გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ქონებას კვალიფიციურად და ხარისხიანად გამოვიყენებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით", - აღნიშნა მინისტრმა.
მამუკა ხაზარაძე: პროკურატურამ საბანკო საქმეებზე იქნებ ისეთი კომპეტენტური პროკურორები იპოვოს, რომლებსაც exchange კომპანიის სახელი არ ჰგონიათ
"გენერალურმა პროკურორმა იქნებ ისეთი კომპეტენტური პროკურერები გამოაგზავნოს, რომ საქმის დაწყებიდან ორი წლის თავზე არ დაგვჭირდეს ახსნა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ.,- ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულმა მამუკა ხაზარაძემ, სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებიან. დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, დამატებით ჩანიშნული სასამართლო პროცესების გადადების მოთხვონით, ვინაიდან მათი თქმით, ჯაფარიძე-ხაზარაძე წინსაარჩევნო კამპანიას სრულფასოვნად ვერ მართავენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დარბაზში პროკურორსა და ბადრი ჯაფარიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი მამუკა ხაზარაძე საქმის პროკურორის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს. "პროკურორები, რომლებსაც ეს საქმე მიჰყავთ მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში არის პლინტუსის დონეზე. ორი წელია, ამ აბსურდის თეატრში ვიღებთ მონაწილეობას. ახლა უკვე დაიწყო ისეთი კითხვების დასმა, რაც ფინანსურ საკითხებს ეხება. გენერალურ პროკურორს მივმართე, რადგან ამ არაკომპეტენტურობის მოსმენა შეუძლებელია. პროკურორებს, რომელთაც ეს საქმე მიჰყავთ, მათი ცოდნა საბანკო-საფინანსო საკითხებში "პლინტუსის" დონეზეა. გენერალურმა პროკურორმა იქნებ გამოაგზავნოს სხვა უფრო მეტად კომპეტენტური პროკურორები, რომ ორი წლის თავზე არ ავუხსნათ ელემენტარული საკითხები, როგორიცაა, ლარში რატომ ხდება გადარიცხვა, კონვერტაცია რას ნიშნავს, რომ exchange კომპანიის სახელი არ არის და ა.შ. ეს უნდა დამთავრდეს. ორო წლის თავზე აღმოჩნდა, რომ ამ სამმა პროკურორმა არაფერი იცის ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, აქ იმისთვის არ ვართ, რომ ისინი აღვზარდოთ და რაღაც ვასწავლოთ",- განაცხადა ხაზარაძემ.
გაეროს წარმომადგენელი ე.წ სისხლიან ბანერებზე კომენტარს აკეთებს
„თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს“, - აღნიშნული განცხადება, გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ თბილისში გამოჩენილ ე.წ. „სიძულვილის პოსტერებთან“ დაკავშირებით გააკეთა. მისი თქმით, სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუცილებელია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. „თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს“, - აცხადებს საბინე მახლი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყანაში ოპოზიციის საწინააღმდეგოდ გამოკრულ ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" მოკვლევა დაიწყო. ბანერების საქმის მოკვლევის მოთხოვნით ცესკო-ში საჩივარი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შეიტანა. ამავე თემაზე: კომპანია „ალმა“ ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით NCDC-ის პასუხობს კახა კალაძე ე.წ სისხლიან ბანერებზე: მე არ მომწონს, ამ ბანერებთან კავშირი არ მაქვს ცესკო-მ ე.წ "სისხლიანი ბანერების" გაკვრაზე მოკვლევა დაიწყო
ივანე ჩხაიძე ვაქცინაციის ტემპის შემცირების მიზეზს განმარტავს
"ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ "დღის კურიერში" განაცხადა. როგორც ჩხაიძემ განმარტა, ვაქცინაციის ტემპის შემციების მთავარი მიზეზი პანდემიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაა. "ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ასეთი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დიდი რისკის ქვეშ დადგება ჩვენი მთავარი მიზანი. უნდა შევძლოთ მოზრდილი ადამიანების 60%-ის ვაქცინაცია. ვაქცინაციის შემცირებული ტემპის უკან არც ვაქცინების დეფიციტი და არც ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არ დგას. ამის უკან დგას ჩვენი თანამოქალაქეების დამოკიდებულება ზოგადად, კორონავირუსის პანდემიის მიმართ. ვაქცინაცია ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმ სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას. საბედნიეროდ, არსებობს პრობლემის გადაწყვეტის გზა და ეს არის ვაქცინაცია", - აცხადებს ივანე ჩხაიძე. ივანე ჩხაიძის თქმით, თუ მოსახლეობის 60% არ აიცრება პანდემია კიდევ ერთი წელი გაგრძელდება საქართველოში. "ბოლო ხუთი დღის სტატისტიკა არის ზღვარზე, ან მივაღწევთ 60%-იან ზღურბლს და მოვახერხებთ პანდემიის კონტროლს ან უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პროცესი კიდევ ერთი წელი გაგრძელდება,"- აცხადებს ჩხაიძე. ამავე თემაზე: ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა ისევ დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს
საქართველოში „ბუსტერ“ დოზით აცრა წელს არ იგეგმება
„ბუსტერ“ დოზა საქართველოში გვიანი პერსპექტივაა და მისი გამოყენება ამ ეტაპზე არ ხდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მესამე დოზით აცრა წელს არ იგეგმება. ივანე ჩხაიძის თქმით, მესამე დოზით ვაქცინაციას ძირითადად Pfizer-ის მწარმოებლები განიხილავენ. „რვა თვე უნდა იყოს გასული მეორე დოზიდან, რომ „ბუსტერი“ გაიკეთო. თუ საქართველოში ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ეს გვიან მოხდება, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია. „ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია. თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-ს. „40% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „ბუსტერ“ დოზაზე საუბარი დავიწყოთ“, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება. თავის მხრივ, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველმა მკვლევარმა Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს მოსახლებასაც ურჩია, გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. „ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს ადამიანმა“, - აღნიშნა ნატო ტეტელოშვილმა. ამავე თემაზე როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია
95 წლის კლარა გეგეჭკორმა კორონავირუსი დაამარცხა
95 წლის ქალბატონმა კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ა. ალადაშვილის სახელობის კოვიდ თერაპიული განყოფილება ავრცელებს. "ჩვენმა ყველაზე უხუცესმა,უკეთილშობილესმა, ყველაზე პოზიტიურმა ქალბატონმა 95 წლის კლარა გეგეჭკორმა გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვა", - წერს კლინიკის ადმინისტრაცია.
პოლიციამ დააკავა დამნაშავეები, რომლებმაც სავარაუდოდ, მარნეულში კაცს ხელ-ფეხი შეუკრეს და არხში დაახრჩვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს დამნაშავეები, რომლებმაც მარნეულში კაცს ხელ-ფეხი შეუკრეს და სარწყავ არხში დაახრჩვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ო.ტ., 1986 წელს დაბადებული ო.გ. და წარსულში ნასამართლევი, 1981 წელს დაბადებული ს.ა. დააკავეს. ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ო.ტ-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით, ხოლო ს.ა.-ს მიერ ჩადენილი ქმედება 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-მ და ო.გ. -მ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1993 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს ძალადობის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ ბრალდებულებმა გაკოჭილი ჯ.ჩ., ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში წაიყვანეს, სხეულზე მძიმე საგანი მოაბეს და სარწყავ არხში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ ო.ტ.-ს და ო.გ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას შეესწრო მათივე მეგობარი - ს.ა., თუმცა მან მომხდარი მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა. საქმეზე ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული მარნეულში დააკავეს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ეკონომიკის სამინისტრო: საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბისა და დუბაიში შეხვედრები გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთან და კორპორაციებთან, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority), - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში. კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი“-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით. „ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მისივე ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.
რატომ უწოდებდა ევროპული პრესა აკაკი ხოშტარიას ირანის არაფორმალურ მმართველს
საზოგადოების დიდმა ნაწილმა აკაკი ხოშტარიას სახელი, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ულამაზესი სასახლის ფოტოების გავრცელების შემდეგ შეიტყო, რადგან სასახლის აშენებას, ემოციურ ისტორია უკავშირდება. 1915 წელს ქართველმა ბიზნესმენმა და ცნობილმა მეცენატმა, იტალიელი არქიტექტორები მოიწვია და საკუთარ დედას, მშობლიურ სოფელში, სუჯუნაში, ულამაზესი სასახლე აუშენა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და ემოციურია თავად აკაკი ხოშტარიას ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. Europetime ქართველი მეცენატის მოღვაწეობის უცნობ დეტალებზე აღმოსავლეთმცოდნეს, გიორგი ლობჟანიძეს ესაუბრა. როგორც გიორგი ლობჟანიძე გვიამბობს, სწორედ აკაკი ხოშტარიამ დააფინანსა, ნიკო ნიკოლაძის ორგანიზებით დაწყებული საქართველოს რკინიგზის ნაწილის მშენებლობა. 1920 წელს, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შექმნა მის სახელს უკავშირდება. მან შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში. 1907 წლიდან ის აფინანსებდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. მისი ხარჯით უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი და თავისი დარგის წამყვანი სპეციალისტი გახდა. აკაკი ხოშტარიამ დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას, მთელს შავი ზღვისპირეთის ტერიტორიაზე. მისი უშუალო დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით გაშენდა ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან რაც მის დამსახურებებს მიეწერება და არა მარტო საქართველოში. ირანში პირველი რკინიგზა სწორედ აკაკი ხოშტარიამ გაიყვანა და სხვა დიდ მიღწევებთან ერთად ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენები მოიპოვა. „გამორჩეული თვისებებისა და ბედისწერის კაცი იყო აკაკი ხოშტარია, რომლის სახელსაც საქართველოში თითქმის ტაბუ ჰქონდა დადებული დიდი ხნის განმავლობაში და ალბათ, მისი შთამომავლებისა და მემკვიდრეების გარდა, არც არავინ ახსენებდა. საბჭოთა ხელისუფლება აკაკი ხოშტარიას სახელის ხსენებას იმდენად გაურბოდა, რომ თავის დროზე, მის მიერ აუქციონზე შეძენილი და შემდეგ, ემიგრაციაში წასვლის წინ, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ანდერძით ქართველი ხალხისათვის გადაცემული დავით სარაჯიშვილისეული სასახლე, დღევანდელი მწერალთა სახლი მაჩაბლის ქუჩაზე, დავით სარაჯიშვილის შემოწირულობად ცხადდებოდა“, - აღნიშნავს გიორგი ლობჟანიძე. აკაკი ხოშტარიას გამდიდრების საბედისწერო ისტორია პირველი ქართველი ნავთობმაგნატის და როგორც მას უცხოური პრესა უწოდებდა, მაშინდელი ირანის „არაფორმალური მმართველის“ აკაკი ხოშტარიას გამდიდრების ისტორია, ზღაპრების პერსონაჟების თავგადასავალს მოგაგონებთ. აკაკი ხოშტარია ღარიბი აზნაურის, დადიანების მოურავის მეთოდე ხოშტარიას შვილი იყო. პეტერბურგში განათლების მიღების შემდეგ, გაგრაში პრინც ოლდენბურგთან მსახურობდა ფინანსების მმართველად. როგორც გიორგი ლობჟანიძე მოგვითხრობს, თ. კვაჭაძე მოგონებში წერს, რომ აკაკი ხოშტარია ახალგაზრდობაში ფოთელ მეწვრილმანეს, ვინმე ზოდელავას დაუმეგობრდა და მასთან ერთად ოდესაში ნავთის გადასაყიდად გამგზავრება გადაწყვიტა. პატარა სავაჭრო გემით გაემგზავრნენ. ტუაფსესთან გემი საშინელ ქარიშხალში მოჰყვა და ოდესის ნაცვლად თურქეთში აღმოჩდნენ. სასწაულებრივად გადარჩენილმა ხოშტარიამ და ზოდელავამ ნავთი თურქეთში დიდ ფასად გაყიდეს, რადგან იმდროინდელ თურქეთში ნავთზე დიდი მოთხოვნა ყოფილა. თურქეთში სარფიანი ვაჭრობის შემდეგ, შემდგომი საქმიანობისათვის კარგი კაპიტალი დააგროვეს და აკაკი ხოშტარია პირდაპირ აზერბაიჯანში გაემგზავრა. იქაური ნავთობმრეწველის მუსა ნაგიევისაგან ნავთობსარეწი დანადგარები იყიდა, მერე ბათუმში დაბრუნდა, სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო. აკაკი ხოშტარიას კაპიტალი და გავლენები კავკასიასა და ირანში. რატომ უწოდებდა მას ევროპული პრესა ირანის არაფორმალურ მმართველს გიორგი ლობჟანიძის ცნობით, იმ დროისათვის აკაკი ხოშტარიას გავლენა და მნიშვნელობა სპარსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში იმდენად დიდი იყო, რომ 1924 წელს ბერლინში გამომავალი რუსულენოვანი გაზეთი „რულის“ კორესპონდენტი ვლადიმერ ნენგინსი ერთ-ერთ სტატიაში „ირანის უგვირგვინო შაჰსა“ და „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს“ უწოდებდა. როგორც Europetime-ს გიორგი ლობჟანიძემ უამბო, დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი, მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერს: „ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროს საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო“ (Русско-персидское нефтеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ და მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“. ფირმა „რეპენტოს“ გარდა, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია ხოშტარიას თურქულ-სპარსული ბანკი, რომელიც ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებდა მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებთან. „1913 წელს კი მან 99-წლიანი კონტრაქტი დადო ირანის ჩრდილოეთის მიწათმფლობელებთან და დააარსა კომპანია „პერსლესი“, რომლის კაპიტალიც რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს შეადგენდა. ააშენა საკუთარი საამქროები, ელექტრონზე მომუშავე ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი – „თალრუდი“, რომელსაც ხის მორების გადასაზიდად იყენებდა. ეს იყო პირველი რკინიგზა ირანში, რითაც აკაკი ხოშტარიამ ირანის შაჰის კარზე წარმოუდგენელი გავლენა მოიპოვა 1914 წელს აკაკი ხოშტარიამ თეირანსა და ფეჰლევს შორის დააარსა სატრანსპორტო კომპანია. ის იყო პირველი, ვინც სპარსეთში შეიყვანა ავტომობილი „ფორდი“, რომელსაც ოქროს ფრთები `ამშვენებდა~ და ეს მანქანა საჩუქრად გადასცა ყმაწვილ აჰმად შაჰს“, - აღნიშნავს აღმოსავლეთმოცდნე. რატომ შეუკვეთა ეგვიპტელ სპეციალისტებს თავისი მეუღლის ცხედრის მუმიფიცირება და ვის აუშენა აკაკი ხოშტარიამ ქართული ეკლესია თეირანში აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე იმ ემოციას იხსენებს, როდესაც თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე უძველეს სასაფლაოზე ქართული საყდარი აღმოაჩინა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ინფარქტით გარდაცვლილ 43 წლის მეუღლეს აუშენა. „თეირანის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს უძველესი ქრისტიანული სასაფლაო „დულაბი“, რომელიც დღეს რუსული ეკლესიის ტერიტორიას წარმოადგენს. საყდარი, რომელიც სიონის ტაძრის ზუსტ მაკეტს წარმოადგენს, 1924-1926 წლებით თარიღდება და ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მაშინ სასაფლაოს შესასვლელში აგებულმა პატარა საყდარმა მიიქცია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრული ხელოვნების ნიმუშად მომეჩვენა და ეს პირველი შთაბეჭდილება მოგვიანებით სრული სიმართლეც გამოდგა. თეთრი, თლილი ქვით აგებული პატარა საყდარი მაშინ ძალზე სავალალო მდგომარეობაში იყო – ნაგვითა და ღორღით სავსე, გვერდზე გადახრილიყო და შესასვლელში სპარსულად და ინგლისურად ეწერა: „სახიფათოა!“- შიგნით 43 წლის მინადორა თურქია-ხოშტარია (1881-1924) განისვენებს. ცნობილია, რომ ეს პატარა სამლოცველო ქართული სასულიერო ტრადიციული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე. საყდარ-სამლოცველო მეუღლის საფლავზე, მისი სულის საოხად, აუგია მაშინდელი ქართული ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელს – აკაკი ხოშტარიას“, - მოგვითხრობს აღმოსავლეთმცოდნე. მისივე ცნობით, აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე, მინადორა თურქია ფოთში მსახურობისას გაიცნო. „მინადორამ მთელი სიცოცხლის მანძილზე ღირსეული მეგობრობა გაუწია და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში. ის იყო დიდი მრეწველის, ფოთის სახალხო ბანკის მმართველის ქალიშვილი. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვისპირეთის ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა უცხოეთის ქვეყნებთანაც. მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს თეირანში ინფარქტით გარდაიცვალა. მისი სხეული ეგვიპტელმა სპეციალისტებმა მუმიად აქციეს და დულაბის სასაფლაოზე სამლოცველოს აგებამდე და იქ დაკრძალვამდე კარგა ხანს ინახებოდა აკაკი ხოშტარიას კერძო მამულებში. აკაკის და მინადორას შვილი არ ჰყოლიათ. მათ იშვილეს გოგონა – მუსინკა, რომელიც პარიზში მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე გათხოვდა და ქალიშვილი – თამარი შეეძინა. ამჟამად თამარი მამასთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში. თვითონ აკაკი ხოშტარიაც საფრანგეთში გარდაიცვალა 59 წლისა, სრულიად ბანალური მიზეზით. სასტუმროში სადილობისას ღომის ქერქმა ყელი (სასულე) გაუკაწრა. დიაბეტით დაავადებულს შეშუპება დაეწყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. პარიზში პერლაშეზის სასაფლაოზე დაკრძალეს. აკაკი ხოშტარია იყო ფართო განათლების, იშვიათი შემწყნარებლური ბუნებისა და მოსიყვარულე, ლმობიერი გულის ადამიანი. ცდილობდა ყველასთვის გაეწია დახმარება და უშურველად ამოსდგომოდა მხარში ყველა სასიკეთო ინიციატივას. მის ცხოვრებაზე დაკვირვება კი იმასაც ცხადყოფს, რომ მიუხედავად მისი საქმიანობის ვრცელი გეოგრაფიული არეალისა და იმისა, რომ, ბედის უკუღმართობით, სამშობლოში ყოფნა იშვიათადღა უწევდა, აკაკი ხოშტარიას მოღვაწეობის ძირითადი ინტერესი საქართველოსა და მის მომავალზე ზრუნვით იყო შეპირობებული“, - აღნიშნა Europetime-თან საუბრისას გიორგი ლობჟანიძემ.
დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა
დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მომხდართან დაკავშირებით, Europetime შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის შესახებ - რა წერია დოკუმენტში
სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება. IMF-მა დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს. „IMF-ის გუნდი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კარგი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი. IMF-ის გუნდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლებრივი სისტემის რეფორმის მნიშვნელობას. ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა მოეხდინა სისტემის მოდიფიცირება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად დაენერგა მოსამართლეთა დანიშვნის უფრო გამჭვირვალე წესები, თუმცა ამ მიმართულებით თავად ვენეციის კომისია და საქართველოს განვითარების პარტნიორები რეფორმის სრულფასოვნად განხორციელების და მისი ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას უსვამენ ხაზს“, - ვკითხულობთ სავალუტო ფონდის მიმოხილვაში. სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები პრაქტიკაში ნელა ინერგება „მთავრობამ 2019 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა, რაც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და კომპენსაციების გაცემას გულისხმობდა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არ აპირებდნენ კომპეტენციის ამაღლებას, რის გამოც მათ სკოლები დატოვეს. ზოგადი განათლების სისტემის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა განათლების სისტემის სხვა მიმართულებების რეფორმებზე, მათ შორის პროფესიული განათლების რეფორმაზე, ამ მხრივ მუშაობა გრძელდება, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, ეს სამუშაო შენელდა. კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ, საპენსიო სააგენტო ამოქმედდა და მან ლარში ნომინირებული ადგილობრივი დანაზოგების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა საპენსიო სააგენტო ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ამ დრომდე ინვესტირება მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში მოახდინა. შედარებით უფრო დივერსიფიცირებული ინვესტიციები მომავალში მოსალოდნელია. ამასთანავე, იყო მცდელობა, განვითარებულიყო მედიაციის სისტემა, როგორც დავების განხილვის ალტერნატიული სივრცე. ცნობისთვის, IMF-ის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ძირითადი რეფორმის დანერგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული; დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სავალუტო ფონდი ამ რეფორმების დანერგვის დაბალი ტემპის შესახებ საუბრობს.
Johnson&Johnson-ის ვაქცინის ორი დოზა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს
Johnson&Johnson-ის განცხადებით, გლობალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინის მეორე დოზამ ეფექტიანობა გაზარდა. კომპანიის განმარტებით, აშშ-ში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ Johnson&Johnson-ის ვაქცინა COVID19-ის მძიმე განვითარებისგან 94%-ით იცავს. ციფრები ემყარება 30 000 პაციენტზე ჩატარებულ კვლევას. მოხალისეებს მეორე დოზა 56 დღის ინტერვალით გაუკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატების 21 საავადმყოფოში, დაავადებების მქონე პაციენტებზე დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ J&J-ის ვაქცინის ერთმა დოზამ 71%–ით შეამცირა ჰოსპიტალიზაციის რისკი. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის შეფასებითვე, Moderna- ს და Pfizer-BioNTech- ის ორმა დოზამ ეს რისკი 93% და 88% -ით შეამცირა. ამჟამად, შეერთებულ შტატებში, Johnson&Johnson-ის ვაქცინა ყველაზე იშვიათად გამოიყენება იმ ვაქცინებს შორის, რომლებიც ნებადართულია ან დამტკიცებულია სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, 14,6 მილიონი ამერიკელი იყო ვაქცინირებული ამ ვაქცინით, 67,7 მილიონი Moderna-ს ვაქცინით და 99,3 მლნ - Pfizer-BioNTech ვაქცინით. ცნობისთვის, ბოლო ინფორმაციით, Jonson & Jonson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს შემოვა. თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ ამ ვაქცინას საქართველო სექტემბერში მიიღებდა.
ნიკა მელიას ადვოკატი სასამართლოში, პრემიერ-მინისტრის მოწმის სტატუსით დაბარებას მოითხოვს
ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მოწმის სტატუსით სასამართლოში პრემიერი-მინისტრის დაბარება მოითხოვა, თუმცა მისი შუამგდომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. დღეს, პროცესზე ბრალდების მოწმეები გამოიკითხნენ. მედიასთან საუბრისას, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროს შიანაგან საქმეთა სამინისტროს გადაწვეყილებები გააკრიტიკა. ნიკა მელიას ადვოკატი ღარიბაშვილის დაკითხვას, სწორედ ამ თემაზე მოითხოვდა. "ვითხოვდით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოეწვიათ მოწმედ, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები გააჟღერა როგორც მოგეხსენებათ. ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივად სასამართლოსგან არც გვქონდა სხვა მოლოდინი. როდესაც სასამართლო განმარტავს, რომ არარელევანტურია ის გარემოებები, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს და ეს არის პრემიერ-მინისტრის მხოლოდ და მხოლოდ შეფასება, აქ ყველაფერი ნათქვამია უკვე,“ - განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა. ადვოკატის განცხადებას გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ამირან გულუაშვილი პასუხობს. "დაცვის მხარის შუამდგომლობა სამართლებრივად არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებს. დაცვის მხარე ითხოვდა პირის დაკითხვას, მის მიერ გაჟღერებულ შეფასებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხდება ადამიანის პროცესზე დაკითხვა იმის გამო, რომ ესა თუ ის მოვლენა უბრალოდ შეაფასა,“ - აცხადებს ამირან გულუაშვილი. მომდევნო სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს დაინიშნა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
პაკისტანის პრემიერი: სკოლაში გოგოების სწავლას ისლამი არ კრძალავს, „თალიბანმა“ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს
პაკისტანის მთავრობის ხელმძღვანელის, იმრან ხანმის თქმით, „თალიბანის“ ახალი მთავრობის აღიარებისთვის, ავღანეთის მთავრობა ინკლუზიური უნდა იყოს და ადამიანის უფლებებს პატივი სცეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თალიბები ქალებს და გოგონებს სკოლაში წასვლის უფლებას მისცემენ. გასულ კვირას თალიბანმა გოგონები საშუალო სკოლებიდან გამორიცხა. სკოლებში მხოლოდ ბიჭ მოსწავლეებს და მამაკაც მასწავლებლებს უშვებენ. "ავღანელი მოსწავლე გოგონებისთვის სკოლაში წასვლის აკრძალვა არაისლამური იქნება და ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს. განცხადებები, რომლებიც მათ გააკეთეს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იყო ძალიან გამამხნევებელი.მე ვფიქრობ, რომ ისინი ქალებს სკოლაში წასვლის უფლებას მისცემენ " , - განუცხადა იმრან ხანმა BBC– ს მისივე თქმით, ავღანეთი არ უნდა იყოს გამოყენებული ტერორისტების თავშესაფრად, რომლებიც შესაძლოა, პაკისტანის უსაფრთხოებას დაემუქრონ.
საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა და სხვა ლიდერებმა. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატების ძირითადი თემაა „ქვეყნების გამძლეობის გაზრდა იმედის საშუალებით, რათა მოხდეს ახალი კორონავირუსისგან ხალხის გამოჯანმრთელება, ეკონომიკის მდგრადი აღდგენა, პლანეტის საჭიროებებზე რეაგირება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსის გამოცოცხლება“. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 24 სექტემბერს მიმართავს. მაღალი დონის კვირეულის გახსნამდე, გაეროს გენერალური მდივნის სახელით, სესიაში მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებისთვის ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
NCDC „ალმას“ 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაზე მიუთითებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებთან დაკავშირებით „ალმას“ განცხადებას პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შპს „ალმასთან“, რომელიც თავის განცხადებაში საუბრობდა ბანერის განთავსების ვადებზე, 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის. „ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული. სახელშეკრულებო პრაქტიკის, საკითხის მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ასევე თითოეული მოქალაქის მორალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ცენტრსა და შპს „ალმასს“ შორის მრავალწლიანი წარმატებული სახელშეკრულებო ურთიერთობების გათვალსწინებით, ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტშიც, სოციალური და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალსწინებით, იმედს ვიტოვებთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმას“ შორის არსებული გაუგებრობა აღმოფხვრილი იქნება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს - „ალმა’’ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. NCDC-მ კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა გუშინ მოითხოვა და შესაბამისი წერილით კომპანია „ალმას“ მიმართა. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია დააფიქსირა მინისტრის მოადგილემ. თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბანერებთან კავშირს უარყოფს, თუმცა მათი ნაწილი შინაარს იზიარებს, ზოგს არ მოსწონს. განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის თავმჯდომარემ. კახა კუჭავას თქმით, ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს, საჯაროდ, ბანერებით, არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. თავის მხრივ, ცესკომ განაცხადა, რომ საკითხის მოკვლევა დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ შესაბამისი საჩივარი შეიტანა.
ჯო ბაიდენმა გაეროში, თავის პირველ გამოსვლაში მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობა დადო
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაეროში, გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე თავის პირველ გამოსვლაში, მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობა დადო და განაცხადა, რომ ეს ათწლეული გადამწყვეტია მსოფლიოსთვის, რომელიც მომავალს განსაზღვრავს. ბაიდენმა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ ლიდერის როლს იბრუნებს საერთაშორისო საკითხებში და ასეთად მან კლიმატის ცვლილება, გლობალური ჯანმრთელობა და პანდემიის შედეგების შემსუბუქება დაასახელა. გარდა ამისა, ავღანეთის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. „ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტი დავასრულეთ და მაშინ, როდესაც დაუნდობელი ომის პერიოდს ვასრულებთ, დაუნდობელი დიპლომატიის ახალ ეპოქას ვიწყებთ. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები, ხალხის მიერ შექმნილი მთავრობა და ხალხისთვის მთავრობა მაინც საუკეთესო გზაა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. რაც შეეხება მოკავშირეებთან თანამშრომლობის პირობას, BBC წერს, რომ ბაიდენის ეს გარანტიები ისმის მოკავშირეებთან დაძაბულობის ფონზე, ჯერ ავღანეთიდან შეერთებული შტატების გასვლის და შემდეგ, წყალქვეშა ნავების გარიგებასთან დაკავშირებით, საფრანგეთთან დიდი დიპლომატიური დავის გამო. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოკრატიისა და დიპლომატიისადმი მხარდაჭერა: „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, როგორც არასდროს”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. „ვირჩევთ თუ არა ბრძოლას ჩვენი საერთო მომავლისთვის, ეს აისახება მომავალ თაობებში. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვდგავართ ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე“, - დაამატა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს ახალი ცივი ომი. „ჩვენ არ გვსურს ბლოკებად დაყოფილი მსოფლიო. აშშ მზად არის, ნებისმიერ სახელმწიფოსთან იმუშაოს, რომელიც მხარს უჭერს და ცდილობს, მშვიდობიანი გზით გადაჭრას საერთო გამოწვევები, თუნდაც სხვა სფეროებში უთანხმოება გვქონდეს“, - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, 20 სექტემბერს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ჩინეთსა და აშშ-ს ახალი ცივი ომის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, თავდაცვის ალიანსის შექმნაზე ავსტრალიის ნაბიჯმა და საფრანგეთთან გარიგების გაუქმებამ აღაშფოთა პარიზი, რომელმაც აშშ ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა, ჩინეთმა კი სამივე ქვეყანა დაადანაშაულა ცივი ომის რიტორიკაში. აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ავსტრალიის ალიანსის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ასევე წაიკითხეთ: საერთაშორისო გამოხმაურება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის უსაფრთხოების პაქტის გარშემო როგორც ცნობილია, 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა.
ირაკლი კობახიძე: დმანისში რაც მოხდა, გამართლება არ აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც დმანისში მოხდა, არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. დღეს, დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით დაშავებულები მათი მხარდამჭერები არიან და დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. "რუსთავი აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა, არაფერი საერთო არ აქვს ამას პოლიტიკასთან. რაც შეეხება დმანისს, რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი კამპანიის პერიოდში, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო დეგენერატმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ ყველა შტაბმა მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს აქტივისტები, რათა მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, და სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა, რაც მოხდა დმანისში. რა თქმა უნდა, ეს იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, საჭიროა კანონის მიხედვით სათანადო ზომების მიღება არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და მომავალში არ განმეორდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა. პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. ამავე თემაზე: დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა