ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს

გაეროში დღეს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. მაღალი დონის კვირეულის გახსნას დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე ნიუ-იორკში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი, გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი, ბრაზილიისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სხვა ლიდერები მიმართავენ. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან, ასევე, მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომლებიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში იმართება. „წლევანდელი სესია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გასულ წელს გენერალური ასამბლეის სესია ფაქტობრივად ონლაინ-ფორმატში, სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების ვიდეომიმართვებით ჩატარდა. წელს კი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს მიეცათ სესიაში უშუალოდ მონაწილეობის შესაძლებლობა. სწორედ ეს არის სესიის მთავარი არსი და მისი შემდგომი მიმდინარეობაც მიეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი დაწყება ყველაფრისა, რაც გაჩერებული იყო პანდემიის გამო და უკეთესად იმის აშენება, რასაც აქამდე მდგრადი განვითარების მიზნები და 2030-ის ამოცანები ითვალისწინებდა. საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს. ბუნებრივია, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძირითადი გამოსვლა. მანამდე პრემიერი მონაწილეობს რამდენიმე მრავალმხრივ შეხვედრაში, სადაც იგი სპეციალურად არის მიწვეული, ასევე, ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა კოლეგასა და სახელმწიფოების მეთაურებთან“, - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში კახა იმნაძემ. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან. ამავე თემაზე: საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

დღეს ღვთისმშობლობაა

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს. საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

საქართველოში კორონავირუსი 2 470 ადამიანს დაუდასტურდა, 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 470ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი, 46 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.65%. ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან 705 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 976, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. მძიმე პაციენტია 1 199, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29. 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში. 17 749 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0. სულ 6 ოქტომბრიდან - 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ღ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა მიმდინარე წლის 29 მაისს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, „აფხაზეთის განათლების ცენტრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1999 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. "სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული პირის იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს, მიმდინარე წლის 31 მაისს ბ.ღ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 2 ივნისს კი, მოსამართლის განჩინებისა და პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ბ.ღ. ძებნილად გამოცხადდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, თბილისში დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.დაკავებული ბ.ღ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კახა კუჭავა ჩანაწერებზე: არჩევნების შემდეგ ამ საკითზე საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს გაუცხადა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო. "ფაქტი ერთია, ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. არ შეიძლება ეს საკითხი ასე უბრალოდ დაიხუროს. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, მეტი სანდოობისთვის, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა კახა კუჭავამ. მისი თქმით, რიგგარეშე სხდომა არჩევნების შემდეგ ჩატარდება. "თუმცა, მეორე საკითხია, როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები მოახლოებულია. ზოგადად, არჩევნებამდე სესიები არ ტარდება, მითუმეტეს როდესაც ამდენად მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდათ ამ არჩევნებისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციას. ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. რადგან სხდომის მოწვევა, როგორც მოგეხსენებათ, შეუძლია დეპუტატების ერთ მეოთხედსაც. თვითონ ოპოზიციაც ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს. ყველა ძირითადად ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში, დეპუტატები რეგიონებში არია, ამიტომ ქვორუმის შეკრების საკითხიც შემდეგ ცალკე სალაპარაკო რომ არ გახდეს, ეს უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც არჩევნები დასრულდება. ეს საკითხი აუცილებლად იქნება პარლამენტის დღის წესრიგში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია. "უკანონობაა ყველანაირი უკანონო მოსმენა. თვითონ სიტყვა ამბობს. თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევა არის და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის, ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ... არავის მოსმენა არ არის კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. თუ უკანონო მოსმენა არის, ეს არის ყოვლად მიუღებელი და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, თუ უკანონოა", - განაცხადა კახა კუჭავამ.

კომპანია „ალმა“ ვაქცინაციის ბანერებთან დაკავშირებით NCDC-ის პასუხობს

დაავადებათა კონტოროლის ცენტრი კომპანია „ალმა“-სგან კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს და კომპანიას შესაბამისი წერილი გაუგზავნა. წერილის ტექსტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 20 სექტემბერს, ვიდეომიმართვისას წაიკითხა. დღეს კომპანია „ალმამ“ NCDC-ის საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელსაც Europetime სრულად გთავაზობთ: „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად, კომპანია „ალმა“ დამატებით განმარტავს: „მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმა“-მ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას. აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. „ალმა“-მ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმა“-მ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე. დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამი) ლოკაციაზე სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანია „ალმა“-მ, საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო: პირველი, მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა, და მეორე, სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეო რგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა. შედეგად, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში „ალმა“-ს 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას. აქვე ელემენტარული ობიექტურობის დაცვის მიზნით განვმარტავთ, რომ საჯაროში სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო „ალმა“-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის, ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია „ალმა“-მ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭვდასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში). აქვე განვმარტავთ, რომ 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება „ალმა“-ს მიერ ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის სრულად იქნა შესრულებული, რასაც ადასტურებს კიდეც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და „ალმა“-ს შორის ა/წ 20 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, რასაც წინამდებარე განცხადებას თან ვურთავთ. რაც შეეხება ხელშეკრულების 18.2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი ეხებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფლებას დადგენილი ვადის განმავლობაში (ანუ ამა წლის 31 დეკემბრამდე) მოეთხოვა სარეკლამო ვიზუალის დაბეჭდვა და მისი გაკვრა სარეკლამო კონსტრუქციებზე/სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება, და როგორც ზემოთაც ითქვა, ეს ვალდებულება ჩვენი კომპანიის მიერ დაუყონებლივ, ჯერ კიდევ 2021 წლის 20 აპრილისთვის იქნა შესრულებული. სამწუხაროა, რომ „ალმა“-ს მიერ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად კომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა. აბსოლუტურად გულწრფელად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი დაუმსახურებლად და არაობიექტურად მოექცე ვინმეს. დარწმუნებული ვართ, უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში მათ მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა. ასევე, გვინდა ვთხოვოთ და მოვუწოდოთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოთ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან, რამეთუ ჩვენს ქვეყანას ააშენებს მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი ეკონომიკა და ძლიერ ეკონომიკას კი ქმნის კერძო ბიზნესი. ძლიერი ეკონომიკა არის საზოგადოების კეთილდღეობის გარანტი, სიღარიბისა და გაჭირვების დაძლევის ერთადერთი, უალტერნატივო გზა და ამ პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა იყოს. და ბოლოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ამავე თემაზე: NCDC კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყვონებლივ აღდგენას ითხოვს „ალმა“ პოლიტიკურ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით

ახალგაზრდები, რომლებიც ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგებისა და დაზარალებულთა დახმარების პროცესში წვლილს შეიტანენ,  ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალგაზრდებისთვის ყოველწლიურ ჯილდოს აწესებს სახელწოდებით - „სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ (SMR Peace Award for Youth). ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ჯილდო გადაეცემა ახალგაზრდას/ახალგაზრდებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით, თავიანთი საქმიანობითა და აქტივობით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მშვიდობის მშენებლობის და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში. ჯილდოს მიღება, პირის ან პირთა ჯგუფის წარდგინების საფუძველზე, შეეძლება ნებისმიერ ახალგაზრდას (18-დან 29 წლამდე), ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომელიც: • კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების/მშვიდობის მშენებლობის თემაზე ახორციელებს აკადემიურ საქმიანობას (აწარმოებს კვლევებს ან/და წერს ნაშრომებს); • მონაწილეობს ქართულ-აფხაზურ/ქართულ-ოსურ ნდობის აღდგენის პროექტებში, ან თავად ახორციელებს მსგავსს ინიციატივებს; • დახმარებას უწევს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას, ან აქტიურად ხელს უწყობს მსგავსი დახმარების მოზიდვას; • ჩართულია სამოქალაქო აქტივობაში მშვიდობის მშენებლობის მიზნით. სახელმწიფო მინისტრის აპარატის მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ 2022 წლიდან გაიცემა.

საქართველო არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს

საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, "მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკება დაიწყება სპეციალური კვლევის გარეშე, რადგან ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო - ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, ცხადია, რომ თავისუფალი ვაჭრობა ორივე მხარეს დიდ სარგებელს მოუტანს". შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო დინამიკა მზარდია. "ჩვენ შეხვედრა გვქონდა საამიროების მსხვილ სავაჭრო ქსელთან, რომელიც საქართველოდან პროდუქციის იმპორტს ახორციელებს, შესაბამისად, აქვს საქართველოს მწარმოებლებთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება და რაც მთავარია, მის სავაჭრო ქსელში ყოველწლიურად იზრდება საქართველოში წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით, აგროსამრეწველო ნაწარმის მოცულობა. ვფიქრობ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედება შესაძლებელს გახდის, რომ მეტი ქართული პროდუქცია იყოს წარმოდგენილი საამიროების ბაზარზე", - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე თემაზე: ნათია თურნავა: არაბთა გაერთიანებული საამიროების საინვესტიციო ფონდები საქართველოს ენერგეტიკის, ლოგისტიკისა და ტურიზმის სფეროებში ინვესტირების მზადყოფნას გამოხატავენ დღეიდან ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ

ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა ისევ დაბალია

21 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 671 295-მა ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 952 219 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.3% სრულად ვაქცინირებულია 719 076 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2% 20 სექტემბერს აიცრა 15 096 ადამიანი. ამავე თემაზე: ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს 19 სექტემბერს 7 720 ადამიანი აიცრა.

კახა კუჭავა ბანერებზე: სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, ამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება

„სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი", - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ქალაქში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების პოლიტიკიურით, სიძულვილის ენის შემცველი გამოსახულებით ჩანაცვლების თემას შეეხებოდა. როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, სიძულვილის ენის გამოყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული. „მეც ვთვლი, რომ არ არის ეს სწორი. ვაქცინაცია ის საკითხია, რომელზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებული, გაერთიანებული და შეიძლება, სხვა ადგილი გამოიყენონ თუ ამის სურვილია. ზოგადად ვთვლი, რომ სიძულვილის ენის გამოყენებას ყველა თუ შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე იქნება ამ ქვეყნისთვის უკეთესი. ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება, მით უმეტეს საჯაროდ ბანერებით, არ არის ის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თბილისში მგზავრებს დამატებით ახალი მიკროავტობუსები და 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შესყიდული, ISUZU-ს მარკის 180 8-მეტრიანი ავტობუსიდან და Ford-ის მარკის 300 მიკროავტობუსიდან ნაწილი უკვე თბილისშია. ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის მოსახლეობას წარუდგინა. კახა კალაძის თქმით, 35 ახალი ავტობუსი მოსახლეობას უკვე ზეგიდან (23 სექტემბრიდან) მოემსახურება. „შეიძლება ითქვას, რომ ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად არის განახლებული, თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 380 ერთეული ავტობუსი შემოვიყვანოთ. აქედან 180 ერთეული იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს უკვე 35 ერთეული შემოვიდა და ზეგიდან მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. დანარჩენი თებერვლამდე სრულად იქნება მოწოდებული. მომავალ წელს ვაპირებთ შევიძინოთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც კონკრეტულ მარშრუტებზე იმოძრავებს. ცხადია, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუჩების სივიწროვიდან გამომდინარე. ყველა ქუჩაზე შეუძლებელი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსის გადაადგილება და სპეციალურად გამოყოფილია კონკრეტული ხაზები, სადაც ისინი იმოძრავებენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კალაძის თქმით, იმ ქუჩებზე, სადაც მოუხერხებელია ავტობუსების გადაადგილება, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ. „პარალელურად დავიწყეთ მიკროავტობუსების განახლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები, გაბარიტებიდან გამომდინარე, ყველა ქუჩაზე ვერ გადაადგილდებიან, ამიტომ, მიკროავტობუსები იმოძრავებენ იმ ქუჩებზე, სადაც დიდ ავტობუსებს გადაადგილება უჭირთ. ასევე შემოვიდა ახალი მიკროავტობუსები და წლის ბოლომდე, ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები იქნება ჩანაცვლებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილება და ხელმისაწვდომობა, მნიშვნელოვანია მგზავრობა კომფორტული იყოს. მისივე თქმით, უკვე მოქმედებს გადახდის ინტეგრირებული პროგრამა, მომავალში კი აბონემენტების სისტემაც ამოქმედდება. „ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, თუმცა, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმისი, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, რომ განახლებული, მოწესრიგებული ტრანსპორტით იმგზავრონ. ასევე მნიშვნელოვანია ის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ. თუ ადამიანი ყიდულობს ბილეთს მაგალითად, მიკროავტობუსში, მას საათნახევრის განმავლობაში გადაჯდომა შეუძლია უფასოდ. ყველანაირი გადასახადის გარეშე, როგორც ავტობუსში, ასევე მეტროში. ეს, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ასევე, დაგეგმილი გვაქვს აბონემენტების სისტემის შემოღება, რომელიც ყველა განვითარებულ ქალაქში მოქმედებს, სადაც სატრანსპორტო რეფორმა არის განხორციელებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ტრანსპორტის განახლების პარალელურად დედაქალაქში შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ყველაზე მთავარი - აუცილებელია, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით მხარი ავუბათ ამ რეფორმას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დედაქალაქში იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გზებზე, სადაც ავტობუსს ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეეძლება გადაადგილება. ეს არის ე.წ. საავტობუსე ზოლები, რაც ყველა საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს იქნება გათვალისწინებული. ცხადია, ყველა ქუჩაზე ამის გაკეთება ვერ მოხერხდება, მათი ზომებიდან გამომდინარე, ამას კვლევები და გარკვეული გამოკითხვები ჭირდება, შესაბამისად, გადაწყვეტილებები დაეფუძნება სწორედ ამ კვლევების შედეგებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანამად, ISUZU-ს მარკის ავტობუსები დიზელის ძრავზე მომუშავე euro 6 ემისიის სტანდარტისაა. გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსი სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და გააჩნია გადმოსაშლელი პანდუსი ავტობუსში ეტლით ასვლის უზრუნველსაყოფად. ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემები, გააჩნია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის, საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები და usb-დამტენები. ავტობუსების პროექტის საერთო ღირებულებაა 21 289 768 ევრო. 23 სექტემბრიდან ახალი ავტობუსების პირველი ნაკადით ჩანაცვლდება №67 და №101 ხაზის ავტობუსები, ხოლო №7, №42 და №60 ხაზზე გაიზრდება მათი რაოდენობა და მოლოდინის რეჟიმი 15 წუთამდე შემცირდება.

ყნოსვის დაკარგვის სიმპტომი COVID19-ით ინფიცირებულებში -  რა დაადგინა ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ

მილიონობით ადამიანი, მათ შორის ათიათასობით ისრაელში, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ყნოსვის დაკარგვას უჩივიან. შესაბამისი კვლევა იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ეს სიმპტომები გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებმაც COVID19 მსუბუქად და არა მძიმედ გადაიტანეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადების დროს, პაროსმიის შემთხვევები დაფიქსირდა - მდგომარეობა, რომლის დროსაც გარკვეული სუნი განსხვავებულად და ხშირად უსიამოვნო სუნით გამოირჩევა. ასევე ფანტოსმია (ყნოსვითი ჰალუცინაციის თავისებური ტიპი, რომლის დროსაც ადამიანი აღიქვამს არარეალურ სუნებს) დაფიქსირდა იმ პაციენტების მხოლოდ 10% -ში, რომლებმაც დაკარგეს ყნოსვა. სულ 47% -ს აღენიშნა პაროსმია და 25% ფანტოსმია. ანგარიში გასული თვის ბოლოს გამოქვეყნდა და ის ჯერ არ არის განხილული. მისი მიხედვით, თუ ისრაელში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათგან ნახევარმა დაკარგა ყნოსვა, სავარაუდოა, რომ ათიათასობით ადამიანს აქვს სუსტი სუნი და/ან განიცდიან ერთ-ერთ მათგანს ზემოთ დასახელებული ფენომენებიდან. „ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ და როგორ ხდება ეს ზუსტად”, - განაცხადა ისრაელის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტის პროფესორმა მაშა ნივმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას სასწავლებლის სახელით. მისივე თქმით, შესაძლებელია სიმპტომები ნაკლებად გამოხატული იყოს იმ ადამიანებში, ვინც ავად გახდა ვაქცინაციის შემდეგ, „მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია“. ეს კონკრეტული კვლევა მოიცავდა დაახლოებით 1,400 არავაქცინირებულ ადამიანს, რომლებიც გამოიკითხნენ ვირუსით ინფიცირების დროს, განკურნებისთანავე და ასევე, 11 თვის შემდეგ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაავადებიდან ორიდან 11 თვემდე, ქალების 60% და კაცების 48%-ს, 80%-ით ჰქონდა შემცირებული სუნის შეგრძნება.

ევროპული სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობისთვის. შესაბამისი პრესრელიზი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდა. „სასამართლომ დაადგინა, ლიტვინენკოს მოწამვლისას, ბატონი ლუგვოი და ბატონი კოვტუნი მოქმედებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგენტები“, - ამბობს ევროპული სასამართლო. 1998 წელს, ალექსანდრ ლიტვინენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მკვლელობა შეუკვეთეს. ალექსანდრ ლიტვინენკო „ეფესბეს“ ყოფილი აგენტია, რომელმაც 2000 წელს შეაფარა ლონდონს თავი. ის ლონდონის სუში ბარში 2006 წელს მოწამლეს. ბრიტანელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ლიტვინენკო პირველია, ვინც პოლონიუმ-210-ის შედეგად გარდაიცვალა. ამასთან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო ანდრეი ლუგავოიმ და დიმიტრი კოვტუნმა პუტინის ბრძანებით მოწამლეს. რუსეთი მკველობაში მის მონაწილეობას უარყოფს.

BBC: ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ კანადის არჩევნებში მოიგო, მაგრამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა

კანადაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინნისტრ, ჯასტინ ტრიუდოს ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა, მაგრამ უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. ეს ტრუდოს მესამე გამარჯვებაა ფედერალურ არჩევნებში. როგორც BBC წერს, ლიბერალები სავარაუდოდ 156 ადგილს მოიპოვებენ, 170 -ზე ნაკლები იმ უმრავლესობისთვის, რომელსიც მოქმედი პრემიერის პარტიას სჭირდებოდა. კონსერვატორებმა შეინარჩუნეს ოპოზიციური ძალის სტატუსი და სავარაუდოდ, დაახლოებით 122 ადგილს მოიპოვებენ. „ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმების დათვლა, მაგრამ უკვე ვნახეთ, რომ მილიონობით კანადელმა პროგრესულ გეგას დაუჭირა მხარი”, - განაცხადა ტრუდომ. BBC წერს, რომ არჩევნები, რომელიც კანადაში პანდემიის მეოთხე ტალღის დროს ჩატარდა, ქვეყანას ისტორიაში ყველაზე ძვირი, დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ჯასტინ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრია 2015 წლიდან.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ი: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი სტაბილურზე შეუნარჩუნა. "რეიტინგის დადასტურება და სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების მიმდინარე განვითარებით, რამაც შესაძლებელი გახადა ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკის საპასუხოდ პანდემიასთან დაკავშირებული ვარდნა. ასევე განხორციელდა სტრუქტურული რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან "გაფართოებული ფონდის ოთხწლიანი პროგრამის" ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მოქნილობის შენარჩუნებას", - ნათქვამია ანგარიშში. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი. კომპანიის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას საფუძვლად უდევს 2021 წელს მოხმარების ფისკალური პოლიტიკის მხარდაჭერა და რეგიონალური ტურიზმის სტაბილური აღორძინების ნიშნები. ფულადი გზავნილები და არასამთავრობო ტურისტული ექსპორტი, როგორიცაა სასმელები, მანქანები და აღჭურვილობა. Moody’s-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ისეთი რეფორმების ჩატარება, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემის რეფორმირება, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ინფლაციის მხრივ კი Moody’s-ი ეთანხმება ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ ამჟამად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია (12.8%) 2022 წლიდან მის სამიზნე მაჩვენებელს 3%-ს დაუბრუნდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს. რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმების ანულირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე. “მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგისთვის უარყოფით რისკს წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იყო მიღწეული და მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმენილი უთანხმოებების გადაჭრას, იყო ანულირებული მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ. მომხდარმა ასევე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა იმ მჭიდრო და ახლო ურთიერთობებზე, რომლებიც წარსულში საქართველოს ჰქონდა მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან,”- ნათქვამია Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. ცნობისთვის, Moody’s-მა საქარ.თველოს Ba2 დონის საკრედიტო რეიტინგი 2017 წლის ბოლოს მიანიჭა

Moody’s-ი: „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირება, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს დონორებთან ურთიერთობაზე

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი სტაბილურზე შეუნარჩუნა. სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი. რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს. მათ შორის ხაზგასმულია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების ანულირება, შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე. „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური გარემო საფრთხეს უქმნის საკრედიტო პერსპექტივას. ბოლო დროს, დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იყო მიღწეული და მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმენილი უთანხმოებების გადაჭრას, იყო ანულირებული „ქართული ოცნების“ მიერ. ამან გაზარდა უარყოფითი გავლენა იმ მჭიდრო და ახლო ურთიერთობებზე, რომლებიც წარსულში საქართველოს ჰქონდა მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან”, - ნათქვამია Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში. ამავე დროს, რჩება ფართო კონსენსუსი ფისკალური კონსოლიდაციისა და შემდგომი რეფორმების აუცილებლობის შესახებ. Moody's ელოდება მთავარ რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სახელმწიფო საწარმოთა სექტორი და გადახდისუუნარობის ჩარჩოს შემუშავება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური სირთულეები კვლავ მოუგვარებელია.

საქართველოს საგარეო ვალი $8.05 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგარეო ვალის ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 2021 წლის 31 აგვისტოსთვის $8.05 მილიარდს შეადგენდა. სტატისტიკის მიედვით, წინა თვესთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა აგვისტოში $45 მილიონით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი ვალის ზრდა $45 მილიონით დაფიქსირდა ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმართებით, რომლიდანაც აგვისტოში საქართველომ სავარაუდოდ ვალის ახალი ტრანში მიიღო. 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ასე ნაწილდებოდა: ● მსოფლიო ბანკი (IDA და IBRD) - $2,205,346,000; ● აზიის განვითარების ბანკი (ADB) - $1,754,555,000; ● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) - $855,984,000; ● გერმანია - $713,484,000; ● საფრანგეთი - $559,091,000; ● ევროობლიგაცია 2021 - $500,000,000; ● "ეროვნული ბანკის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF)" - $479,974,000; ● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - $236,840,000; ● მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისადმი (IMF) - $209,366,000; ● იაპონია - $198,996,000; ● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) - $189,772,000; ● ევროგაერთიანება (EU) - $156,886,000; ● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) - $37,893,000; ● რუსეთი - $31,570,000; ● ავსტრია - $17,757,000; ● ამერიკა - $14,711,000; ● კუვეიტი - $8,686,000; ● თურქეთი - $8,529,000; ● ყაზახეთი - $5,374,000; ● აზერბაიჯანი - $4,400,000; ● სომხეთი - $4,210,000; ● ირანი - $3,265,000; ● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) - $3,176,000; ● სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) - $2,217,000; ● ჩინეთი - $464,000; ● ნიდერლანდები - $231,000; ● თურქმენეთი - $211,000; ● უზბეკეთი - $26,000; ● უკრაინა - $24,000;

დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან

დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (DEMA) და დანიის საშინაო გვარდიის სარდლობის წარმომადგენლები თბილისში, ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნიან. ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (EMS) სასწავლო ცენტრში 11-დან 25 სექტემბრამდე ჩატარდება. უფროსი ლეიტენანტი დევიდ ჯონ დიკერი, სერჟანტი იენს კლემენ მადსენი, პირველი სერჟანტი სორენ მოგენსენი და კაპიტანი ტროელს გრაფი თავიანთ პროფესიულ ცოდნას უზიარებენ სტუდენტებს კრიზისის მართვის, ხანძრის დროს რეაგირების ტაქტიკების, ოპერაციების მართვისა და სამაშველო სტრატეგიების შესახებ. ასევე ატარებენ კომპეტენციისა და გამოცდილების ასამაღლებელ წვრთნებსა და ტრენინგებს. ორკვირიანი კურსი NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მხარდაჭერით და კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერის, პოლკოვნიკ პიტერ კაას-კლაესონის მიერ არის ორგანიზებული.

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო. სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ ორი დღის წინ განკვეთილ ყოფილ საეკლესიო მსახურებსა და ეკონომოსს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. სალხინოს, წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ახლად დანიშნული ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებითი განმკარგავი ტარიელ რუხაძე აცხადებს, რომ მონასტრებში არსებულ სიტუაციას ეცნობა და სწავლობს. მისივე თქმით, სალხინოში მისვლა ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შესწავლას. როგორც ეკონომოსმა აღნიშნა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით​, განკვეთილი ყოფილი საეკლესიო პირები ქონების დალუქვას არ დათანხმდნენ და აპირებენ, თვითონ მოუარონ იქაურობას. სწორედ ამან გამოიწვია განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება. საბოლოოდ, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი განკვეთა.

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 100 მლნ დოლარის ოდენობის საბიუჯეტო სესხი, რომლითაც მხარს დაუჭერს ელექტროგადამცემი სექტორის გაძლიერებისკენ მიმართულ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ოპერაციული სტრუქტურის, ქვეყნის ელექტროგადამცემი კომპანიისა და მისი შვილობილის კორპორატიული მართვისა და ფინანსური მენეჯმენტის გაუმჯობესების გზით. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს. „ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ორი ენერგოკომპანიის ფინანსური და კორპორატიული მართვის გაუმჯობესებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროგრამა მაგალითის მიმცემი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სხვა კომანიებისთვის და ADB მზადაა მთავრობას დაეხმაროს ამ მიმართულებით უფრო გაფართოებული რეფორმებისა და ეკონომიკის ზრდის ხელშესაწყობად“, - განაცხადა ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა. როგორც ცნობილია, ელექტროგადამცემი სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში ADB დაეხმარება ინსტიტუციური რეფორმების გატარებას სააქციო საზოგადოება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში (სსე) მის თანამედროვე, ოპერაციულად ეფექტიან და ფინანსურად მდგრად კორპორატიულ ორგანიზაციად გარდასაქმნელად. "სსე და მისი შვილობილი ენერგოტრანსი დღესდღეობით ძლიერად არიან დამოკიდებული მთავრობის დაფინანსებასა და საგარეო ვალზე. საგარეო ვალის საშუალებით მათ საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირება შეძლეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოებისთვის. მთავრობამ სსე-ს რეფორმირების მიზნით არა ერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორისაა კომპანიის ახალი ქარტიისა და დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, რომელმაც საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად ორგანიზაციის ახალი წესდება და სამართლებრივი ჩარჩო შეიმუშავა. მთავრობამ ასევე გააძლიერა სსე-ს საინვესტიციო დაგეგმარება, ვალის მართვის შესაძლებლობები და საგარეო შოკებისადმი მედეგობა კაპიტალიზაციისა და გაზრდილი შემოსავლების გენერირების გზით", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ADB-ის პროგრამა განაგრძობს რეფორმების მხარდაჭერას სსე-ს ოპერაციური სტრუქტურისა და ეფექტიანობის, კორპორატიული მმართველობისა და ინსტიტუციური გარემოს გაუმჯობესებისა და ფინანსური მდგრადობის მისაღწევად. „ეს პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ფინანსური სტაბილურობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას და გამოათავისუფლებს ფისკალურ სივრცეს, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს უკეთ გაანაწილოს რესურსები ისეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა კოვიდ-19-ის შედეგებისგან ეკონომიკის აღდგენა,“ - განაცხადა ADB-ის ენერგეტიკის მთავარმა სპეციალისტმა ადნან ტარინმა. ცნობისთვის, საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით. ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. ამავე თემაზე: საქართველოს საგარეო ვალი $8.05 მილიარდამდე გაიზარდა