ძებნის რეზულტატი:
საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით,საქართველო უახლოეს დღეებში, COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს. ცერცვაძის განმარტებით, ორივე მედიკამენტი პაციენტის დამძიმების რისკებს მკვეთრად ამცირებს, რადგან რემდისივირთან შედარებით, კოვიდინფიცირების ორივე სტადიის დროს გამოიყენება. „ორი პრინციპულად ახალი მედიკამენტი შემოვა. ორივე მედიკამენტი არის სულ ბოლო სიტყვა კოვიდის მკურნალობაში და დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემ მედიკამენტებად ითვლება. ჯერჯერობით რამდენიმე წამყვანი ქვეყანა თუ იყენებს. რამდენადაც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, იტალია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი რომელიც ამ ორი მედიკამენტის გამოყენებას დაიწყებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
თეთრი სახლის პრესსპიკერი: 2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა
"2 500 ამერიკელი ჯარისკაცი რომ ავღანეთში დაგვეტოვებინა, ამერიკა „თალიბანთან“ ომში იქნებოდა" ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. შეგახსენებთ, სენატში გამართულ მოსმენაზე, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ ავღანეთის შეიარაღებული ძალების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ამერიკის მთავრობას 2 500 ამერიკელი ჯარისკაცის დატოვება ურჩია. ჯო ბაიდენმა კი, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას არასდროს მიუღია არანაირი რეკომენდაცია ავღანეთში ჯარის ნაწილის დატოვების საკითხზე. ავღანეთიდან ჯარების ქაოსური გაყვანის თაობაზე კონგრესში გამართულ მოსმენაზე თავის პირველ გამოსვლაში აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ ავღანეთში 20-წლიან ომს „სტრატეგიული შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ-ს რამდენიმე ათასი სამხედრო უნდა შეენარჩუნებინა ქვეყანაში, რათა ხელი შეეშალა თალიბანის გამარჯვებისთვის. სენატში მოსმენამ დაძაბულად ჩაიარა. რესპუბლიკელების თქმით, ბაიდენმა ყური არ ათხოვა სამხედროთა რჩევას. თუმცა მილიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არაა ვალდებული, ყველაფერში დაუჯეროს სამხედროებს. „პრეზიდენტი არაა ვალდებული, დაეთანხმოს ჩვენს რჩევებს. ის არაა ვალდებული, მიიღოს ეს გადაწყვეტილებები, ვინაიდან ჩვენ გენერლები ვართ,“ თქვა მილიმ.
ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე პოლიციამ გორში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა
ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე პოლიციამ გორში 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი თბილისში მოხდა. სახის არეში მიყენებული დაზიანებების გამო საჭირო გახდა ტრანსგენდერი ქალის საავადმყოფოში გადაყვანა. დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილია. მომხდარს კანდიდატი პოლიტიკური მოტივებით ხსნის. სისხლის სამართლის საქმე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულს ერთი წლით პატიმრობა ემუქრება. "მეგობრისგან გავიგე, რომ გაგვაჩერესო, გვარები გვკითხეს და გვარების მიხედვით მერე, ჩემს შვილს, ლუკას უთხრეს, რომ დაბრძანდი მანქანაში, რაღაც საქმეები გვაქვს შენთან გასარკვევიო. ვერ გაგვიგია ჯერ სად ჰყავთ დაკავებული და მიზეზი საერთოდ არ ვიცით. მე პოლიტიკურ მიზეზს ვუკავშირებ, სახვა არაფერი არ შემიძლია ვთქვა," - ამბობს სოფელ კარბის მაჟორიტარობის კანდიდატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ბიძინაშვილი.
ჯოზეფ ბორელი: უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ
"უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ" - ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიდეოზარის დროს, ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საკითხებში ჩართვის აუცილებლობასა და ევროკავშირი-ჩინეთის ადამიანის უფლებების დიალოგის განახლებას, როგორც მომწიფებული ურთიერთობის მთავარ კომპონენტს. „ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიდეოზარის დროს უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა და ჩინეთმა უნდა გააგრძელონ ინტენსიური ჩართულობა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ტაივანზე მსჯელობისას უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს ერთი ჩინეთის პოლიტიკის გატარებას. ამავე დროს, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები დაინტერესებულნი არიან ტაივანთან თანამშრომლობა განავითარონ.
კორონავირუსით ინფიცირების 1 929 ახალი შემთხვევა, 33 გარდაცვლილი და 1 068 მძიმე პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 929 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 914 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 33 პაციენტი. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 272 პაციენტი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 19 521 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 522 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 251, „პისიარ“ ტესტით – 14 271. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,93%, ბოლო 14 დღის – 6,16%, ბოლო შვიდი დღის – 5,82%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 611 269 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 582 805 გამოჯანმრთელდა, 8 917 კი, გარდაიცვალა. სულ ჩატარდა 1 774 769 აცრა, დღიურად აცრილია 12 469. კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 278 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 726 პირი. ამასთან, 28 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 010 პაციენტი, გარდაიცვალა 40 პირი. საქართველო COVID19-ის საწინააღმდეგო ორ უახლეს პრეპარატს მიიღებს
შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული უ.ჰ და 1975 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უ.ჰ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. დანაშაული 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ახდენდა ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას.სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა განახორციელეს.პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული - 5000 ლარი. სამართალდამცველებმა ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს დაკავებულის მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“. ბრალდებული მ. ი. კი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი „სუბოქსინის“ 147 აბი და ფული ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 მე-5 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
არჩევნების დღეს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს კოვიდტესტი ჩაუტარდებათ
არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ. კოვიდკონტროლს ასევე გაივლიან ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც. ტესტირება 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება უზრუნველყოფილი როგორც ცესკოში, ისე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
რუსეთმა ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი ძებნილად გამოაცხადა
რუსეთმა ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე ლეონიდ ვოლკოვი ძებნილად გამოაცხადა. რადიო თავისუფლების ცნობით, ვოლკოვი შეტანილია შსს-ს მიერ ძებნილთა ბაზაში. 28 სექტემბერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის და მისი თანამოაზრეების, მათ შორის, ვოლკოვის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები ექსტრემისტული გაერთიანების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებებით. ალექსეი ნავალნის თანამოაზრეთა უმრავლესობა რუსეთში აღარ იმყოფება. 2021 წლის მაისში, რუსული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნის მიერ დაფუძნებული “კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" წარმომადგენლები, მათ შორის, ლეონიდ ვოლკოვი საქართველოში გაემგზავრნენ და აპირებდნენ, რომ სტუდიას „ნავალნი ლაივი“ მაუწყებლობა თბილისიდან გაეგრძელებინა. ვოლკოვმა და ფონდის სხვა წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციას „ფეიკი“ უწოდეს. რუსული მედიის ბოლო ცნობებით, ლეონიდ ვოლკოვი ვილნიუსში იმყოფება. თავად ალექსეი ნავალნი სასჯელს იხდის რუსეთის ვლადიმირის ოლქის კოლონიაში. 2021 წლის თებერვალში, მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით შეუცვალა. ნავალნიმ კოლონია 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დატოვოს, თუმცა, მის წინააღმდეგ სხვა არაერთი საქმეცაა აღძრული. ალექსეი ნავალნის პოლიტპატიმრად რამდენიმე ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს.
კახა კალაძე: კოალიციური მთავრობის შექმნა, არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამას წყვეტს ხალხი
თბილისის მერი კახა კალაძე, კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხდებს კოალიციური მთავრობის შექმნა პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის. „ეს არც ქალბატონი პრეზიდენტის და არც ჩემი გადასაწყვეტია. ამას წყვეტს ხალხი - ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კოალიციური უნდა იყოს მთავრობა თუ არა. 2024 წელს ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა კახა კალაძე ან სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა კალაძემ. პარიზში ვიზიტის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემას „კვირის ჟურნალს“ (JDD) ინტერვიუ მისცა, სადაც პრეზიდენტმა გაანცხადა, რომ საქართველოსთვის კოალიციური მთავრობის შექმნა აუცილებელია. კითხვაზე, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოს ბოლო თვეების განმავლობაში ჰქონდა, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამას მომავალი ადგილობრივი არჩევნები გვიჩვენებს. ,,პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - აცხადებს ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია
საფრანგეთი და საბერძნეთი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას €3 მლრდ-იან გარიგებაზე ხელმოწერით აძლიერებენ
საფრანგეთი და საბერძნეთი €3 მლრდ-ის მოცულობის თავდაცვის ხელშეკრულებას აწერენ ხელს, რომლის მეშვეობითაც ათენი სამ ფრანგულ სამხედრო გემს შეიძენს. AP-ის ცნობით, ეს ხდება თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთთან დაძაბულობის ფონზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და საბერძნეთის პრემიერ -მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა შეთანხმების შესახებ პარიზში ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გამოაცხადეს. „ეს პარტნიორობა გამოხატავს ჩვენს ნებას, გავაფართოოთ და გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე,” - განაცხადა მაკრონმა. საბერძნეთი შეისყიდის სამ ფრანგულ ფრეგატს, რომელსაც Naval Group-ი შექმნის. გარიგებაში ასევე მოცემულია მეოთხე ფრეგატის შეძენის შესაძლებლობა. ცნობისთვის, ამ ხელშეკრულებას წინ უძღვის საფრანგეთის უკმაყოფილება აშშ-ის, ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ალიანსის გამო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაშინგტონი და ავსტრალია ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედება მიუღებელია. ჟან-ივ ლე დრიანის ინფორმაციით, პარიზში ვაშინგტონის, ლონდონისა და კანბერას შეთანხმების შესახებ მის გაფორმებამდე ერთი საათით ადრე შეიტყვეს. ავსტრალიასთან პარიზის 40 მილიარდი დოლარის გარიგება ჩაიშალა. 2016 წელს, ავსტრალიამ ფრანგული გემთმშენებელი კომპანია Naval Group-ი შეარჩია, რომელსაც ახალი წყალქვეშა ფლოტი უნდა აეშენებინა და ჩაენაცვლებინა ორ ათწლეულზე მეტი ხნის Collins-ის წყალქვეშა ნავები.
BBC: ჩრდილოეთ კორეამ ზებგერითი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განმარტებით, შეიარაღების სისტემის განვითარება ჩრდილოეთ კორეის თავდაცვისუნარიანობის ზრდას ემსახურება, ზებგერითი რაკეტა კი სტრატეგიულ იარაღს წარმოადგენს. "რაკეტა საათში, დაახლოებით, 6200 კმ სიჩქარეს აღწევს. ზებგერითი რაკეტა Hwasong-8, რომელიც თავდაცვის 5-წლიანი განვითარების გეგმაში შემავალი შეიარაღების სისტემის ხუთ ყველაზე მნიშნელოვან იარაღს შორის შედის", - აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში. გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჯერჯერობით, სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
NDI-ის და IRI-ის ექსპერტები ყველა პარტიას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტების გუნდები, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში იმყოფებიან. ისინი ყველა პოლიტიკურ პარტიას როგორც საარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პროცესებში აქტიური და კეთილსინდისიერი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ. „იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის სტატუსის ლეგიტიმურად შენარჩუნება, აუცილებელია, მხარეები ჩაერთონ მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ კონსტრუქციულ დიალოგსა და ჯანსაღ კონკურენციაში. NDI-ის და IRI-ის ექსპერტების გუნდები მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდებიან, რათა საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული ჩართულობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა გამოხატონ. გარდა ამისა, ექსპერტები შეხვდებიან ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რათა არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში მათ როლს ხაზი გაუსვან. შეხვედრები ასევე გაიმართება საერთაშორისო დამკვირვებლებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებმა საქართველოს სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე. IRI-ის და NDI-ის ექსპერტთა გუნდები არჩევნებამდე ან მის შემდგომ ოფიციალურ განცხადებებს არ გააკეთებენ. აღნიშნული ორგანიზაციების გრძელვადიანი ანალიტიკოსები უზრუნველყოფენ ექსპერტების ინფორმირებულობას ისეთი საკვანძო საკითხების შესახებ, როგორიცაა პარტიების კამპანიების მიმდინარეობა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და არჩევნების დღის ჩათვლით საჩივრების და საარჩევნო დავების განხილვის პროცესები. NDI და IRI საარჩევნო პროცესების შეფასების ანგარიშებს არჩევნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოაქვეყნებენ. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორივე ინსტიტუტის ამ და სხვა საარჩევნო პროგრამების ფინანსური მხარდაჭერისთვის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. ექსპერტთა გუნდის წევრები არიან სკოტ მასტიკი, IRI-ის პროგრამების ვიცე პრეზიდენტი; სტივენ ნიქსი, IRI-ის ევრაზიის რეგიონული დირექტორი; ნიკოლ როუზელი, NDI-ის ვიცე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი; ლორენ ვან მეტრი, NDI-ის უფროსი მრჩეველი მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებში; პეტ მერლო, NDI-ის საარჩევნო პროგრამის დირექტორი; ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი; ჯონ დიპირო, IRI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი“, - აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ სააკაშვილი არ უნდა შევიდეს ციხეში
„ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში“, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად დააკავებენ, როგორც კი ის საქართველოში ჩამოვა. .„სააკაშვილი მსჯავრდებული არის უმძიმეს დანაშაულებებზე, როგორიც არის: გირგვლიანის საქმე, ვალერი გელაშვილის მკვლელობის შეკვეთა, პირდაპირ მკვლელობა იყო, კაცი სასწაულებრივად გადარჩა. ჩამოვიდეს ნებისმიერი კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, დამიჯდეს და გვითხრას, რომ ეს ადამიანი არ უნდა შევიდეს ციხეში. ჩემი პასუხი იქნება მარტივი - ყველას, ვინც ასეთ დანაშაულებში არის მხილებული, მათი ადგილი არის ციხე. მით უმეტეს, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ პრეცედენტი არ უნდა დავუშვათ. მმართველი ისეთივე მოქალაქეა, როგორიც სხვა დანარჩენი და კანონის უზენაესობა უნდა იყოს ყველასთვის თანაბრად”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული ადამიანი
Reuters: "თალიბანი“ აშშ-ს მოუწოდებს, ავღანეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შეწყვიტოს
"თალიბანი“ აშშ-ს მოუწოდებს ავღანეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება შეწყვიტოს. თალიბანის განცხადებას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. რადიკალური დაჯგუფების თქმით, აშშ-მა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დოჰაში, „თალიბანთან“ მოლაპარაკებისას აღებული ვალდებულებები დაარღვია. „თალიბანი“ მოუწოდებს ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით კი აშშ-ს, დაიცვან საერთაშორისო უფლებები, კანონები და ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილონ ნეგატიური შედეგები. აშშ-ის ოფიციალურ პირებს „თალიბანის“ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. „თალიბანი“ ავღანეთის ხელისუფლებაში ქვეყნიდან საერთაშორისო ძალების გასვლის შემდეგ მოვიდა. 3 სექტემბერს მათ დროებითი მთავრობის შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელიც არ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. რადიკალური დაჯგუფება ქვეყანაში ტერორისტული ორგანიზაციების არსებობას უარყოფს, თუმცა რამდენიმე დღის წინ ჯალალბადში აფეთქება მოხდა, რომელზედაც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ირაკლი ღარიბაშვილი: იდეალური იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პარლამენტიდან გავლენ
უღირს თუ არა ქვეყანას ისევ რყევები, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავენ, ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას. მთავრობის პოზიციაა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა” და „ლელო“ პარლამენტიდან გავა, ქვეყანა დამშვიდდება და არავითარი რყევა არ მოხდება. „გავიდნენ პარლამენტიდან, ძალიან კარგი იქნება. იდეალური იქნება, თუ პარლამენტიდან გავლენ. სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, „ნაცმოძრაობა“ გადის თავის დანაყოფებით, ხაზარაძე და ა.შ. თუმცა იქ რჩებიან სხვა პარტიები, რომლებიც ძალიან კონსტრუქციულ ხასიათს ატარებენ და, ვფიქრობ, მზარდი პარტიები არიან და პოტენციალი აქვთ, რომ ძლიერ, ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ. როგორც კი ყველა ეს დესტრუქციული ძალა გავა პარლამენტიდან, სამი თვის განმავლობაში მათი სრული მარგინალიზება მოხდება, ბოლომდე თავს დაიმარხავენ. პარლამენტი დამშვიდდება, ქვეყანა დამშვიდდება და გარწმუნებთ, რომ არავითარი რყევა არ მოხდება ქვეყანაში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „გზა დამილოცია. ნამდვილად გამიხარდება, თუ ისინი დატოვებენ პარლამენტს. პარლამენტიც დამშვიდდება და აღარ ვიქნებით მომსწრენი მუდმივი საბოტაჟის და დესტრუქციის. რა უნდა ნიკა მელიას პარლამენტში? კაცი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რა უნდა ამ ადამიანს არათუ პარლამენტში, არამედ თბილისის მერად?”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დავით მენაბდის საქმე განიხილა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2017 წელს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდრლ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხა. მენაბდეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით, სისხლი, რომელიც ბრალდებულის მაისურსა და შარვალზე იყო, თავად მენაბდეს ეკუთვნოდა. როგორც დავით დადიანი განმარტავს, გიორგი მენაბდე ზურგის არეში იყო დაჭრილი, რის გამოც მისი ტანსაცმელი სისხლიანი იყო. "მოწმეები ადასტურებენ, რომ გიორგი მენაბდეს ზურგზე დაზიანება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სისხლი ჩამოდენილი იყო ზურგიდან ქვევით, რის გამოც, დასვრილი იყო, როგორც მაისური, ასევე შარვალი. ეს იყო გიორგი მენაბდის სისხლი. ექსპერტიზის დასკვნებით რა სისხლია და საიდანაა ამოღებული, ეს ცალკე საკითხია. როგორც დღევანდელი გამოკითხვიდან ჩანს, სისხლი, რომელიც მაისურსა და შარვალზე იყო, გიორგი მენაბდეს ეკუთვნოდა. ექსპერტიზა ჯერ არ გამოგვიკვლევია, მოვა ექსპერტი და ამის შემდეგ გახდება მათი აზრი ცნობილი, შესაბამისად, ამ მტკიცებულებებს შემდეგ შევაჯამებთ. ეს მაისური გამოძიებაში თვითონ გიორგი მენაბდემ წარადგინა, გარეცხილი, მაგრამ გარეცხილზეც შეიძლება ამოიღო სისხლის კვალი, ეს პრობლემას არ წარმოადგენს",- განაცხადა დადიანმა. შეგახსენებთ, რომ პროკურორ მირიან მეგრელიშვილის განცხადებით, სასამართლოში დღეს დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან სახლში მისულ გიორგი მენაბდეს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა და ერთად გარეცხეს. გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს მოკვლის განზრახვით, დაზიანებები მიაყენა. , რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.
კოალიციურ მთავრობაზე განცხადების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილთან საუბარს გეგმავს - გამოხმაურებები
„9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია“, - ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში 28 სექტემბერს გააკეთა. სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი. „მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია“, - უპასუხა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადება მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც შეაფასეს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პრეზიდენტის მისი პირადი მოსაზრებაა და შეიძლება, ის გულისხმობდა 2024 წელს. „არჩევნების შედეგებს პატივი უნდა სცეს ჩვენი ქვეყნის უკლებლივ ყველა მოქალაქემ და არა მოქალაქემ, მათ შორის ჩვენმა საერთაშორისო საზოგადოებამაც. ეს არის მისი პირადი მოსაზრება, შეიძლება მისი სურვილიც არის. არ ვიცი რას გულისხმობდა, არ მომისმენია მისი განცხადება. წავიკითხე, მაგრამ გასარკვევია კონტექსტი. შეიძლება მას მხედველობაში ჰქონდა, რომ 2024 წელს ამის რეალური შანსი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან ქვეყანა გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე და ამ პირობებში კოალიციური მთავრობის ფორმირების ალბათობა არის საკმაოდ მაღალი. შეიძლება, ამას გულისხმობდა. მე არ მილაპარაკია ქალბატონ პრეზიდენტთან. როცა დაბრუნდება, მექნება საუბარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტთან კითხვა აქვს მმართველი გუნდის კიდევ ერთ წევრს. გიორგი ვოლსკის აზრით, კოალიციური მთავრობა სტაბილურობის მეტი გარანტიაა გერმანიისთვის, ავსტრიისთვის, ისრაელისთვის, თუმცა, საქართველოში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ კოალიციურ მთავრობას პერსპექტივა არა აქვს. „ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დავუსვამ კითხვას, რომელი პარტიების კოალიცია წარმოუდგენია უახლოეს პერიოდში, რომელმაც შეიძლება ქვეყნის სტაბილურობა განაპირობოს? სამომავლო პერსპექტივაში კოალიციური მთავრობა სწორედაც ის არის, რაც სტაბილურობას სჭირდება, მაგრამ თუ დღევანდელ ვითარებას გადავხედავთ, გავაანალიზებთ რომელი პარტიული სუბიექტებია პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე, კოალიციის შექმნა უტოპიურად ჟღერს „ნაციონალურ მოძრაობასთან", იგივე გიორგი გახარიასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ნაწილად იქცა. ასევე ნებისმიერ სხვა პარტიასთან... კარგი იქნებოდა, დაესახელებინა, პერსპექტივაში რომელ პარტიასთან იქნებოდა კარგი, რომ ვითანამშრომლოთ? არსებულ პოლიტიკურ ცხოვრებაში „ქართული ოცნების“ არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია და მომავალშიც ასე გაგრძელდება, თუნდაც ის უპირატესობა ვერ აიღოს, რომელიც 50%-ს საჭიროებს. საქართველოში არსებულ სიტუაციაში თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. „გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს“, - მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია და აცხადებს, რომ სწორია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია. „ეს ნიშნავს იმას, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. ამ შემთხვევაში, სწორია, ქვეყანას სჭირდება. რეალობის გამომხატველი ამბავია, ჩვენს საზოგადოებას ეს მოლოდინი აქვს. ამას სირთულეები ყოველთვის ახლავს, იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის ტრადიცია ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ოპოზიციამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, კრიტიკულმა მასამ აჩვენა, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებს გონივრულ კომპრომისებზე წასვლა შეუძლია. ტრადიციის შესაქმნელად ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს გიგა ბოკერია. პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეფასებით, კოალიციური მთავრობა საქართველოს სჭირდება და ეს უდავოა. მისი განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ძალინ სწორი განცხადებაა. „პრეზიდენტის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შეიძლება ბევრმა აკრიტიკოს პრეზიდენტი და ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან სწორი განცხადება. ეს იყო ევროპული გზა, რომელსაც შარლ მიშელის დოკუმენტის სათაურადაც ვიყენებთ. ეს რომ ქვეყანას სჭირდება, უდავოა, ჩვენ გვჭირდება კოალიციური მმართველობა. საქართველო ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის არის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული ხალხი ვართ, ჩვენ 30 წლის წინ თავისუფლებისთვის სისხლი გავიღეთ და ამას ყველაზე მეტად აფასებენ დემოკრატიულ სამყაროში. როდესაც შენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, ეს ნიშნავს, რომ იბრძვი ტრადიციებისათვის, წინაპრებისთვის, განვითარებისთვის, შენ არა ხარ მონა, რაც არ უნდა პატარა ერი იყო მზარდ ხარ წინააღმდეგობა გაუწიო ისეთ მონსტრს, როგორიც არის რუსეთი. ამას დემოკრატიული და თავისუფალი სამყარო ძალიან აფასებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ მედიასთან. მერობის კანდიდატ ანა დოლიძისთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანდათან დისტანცირდება „ქართული ოცნებისგან“ და ადგება გიორგი მარგველაშვილის გზას. „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მან დაიკავოს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობა და ჩამოშორდეს პარტიული წარმომადგენელის ფუნქციას. „მისასალმებელია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციური მთავრობის აუცილებლობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინმემ მოამზადოს ჩვენი მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა კოალიციური მმართველობის იდეისათვის. როდესაც ამგვარი განცხადებები კეთდება ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიც არის პრეზიდენტი, მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა ქვეყნისთვის. კოალიციური მმართველობის თემა ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მოუმზადებლად შემოვიდა. რას ნიშნავს კომპრომისები, დათმობა და მოლაპარაკება დღევანდელ პოლიტიკურ ელიტებს არ ესმით. ამიტომ როდესაც პრეზიდენტი მიუთითებს, ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსებს მოუწევთ კოალიციური მმართველობის იდეაში გათვითცნობიერება“, - განაცხადა ანა დოლიძემ. კოალიციური მთავრობის თემას ოპოზიციის ლიდერები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზეც შეეხნენ. „დროას“ ლიდერის თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა და ერთპარტიული მმართველობა არავის უნდა. „2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. პოზიცია დააფიქსირა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიამ. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ოპოზიციის თავდაპირველი შეთანხმება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება, თუმცა, „რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და, ამავე დროს, უმრავლესობის მოსაპოვებლად”. ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოშიც განაცხადა ქართულ მედიასთან ინტერვიუში, რომ კოალიციური მთავრობა: „ალბათ შემდეგი ნაბიჯია, არ შეიძლება, ერთი პარტია იყოს მუდმივად“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს
კიბერუსაფრთხოების რუსული კომპანია Group IB-ის დამფუძნებელი, ილია საჩკოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს. ილია საჩკოვი კი სახელმწიფო დუმის და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბარუსაფრთხოების ექსპერტი იყო. საჩკოვის ოფისში შესაბამისი საგამოძიებო უწყებები ჩხრეკას ატარებენ. რუსული მედიის ცნობით, Group IB რუსეთის კიბერუსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. აღნიშნული რუსული კომპანია ებრძვის კიბერშეტევებს და ონლაინ თაღლითობას, იძიებს მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებს. „გრუფ აიბის“ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ის თანამშრომლობს რუსეთის სპეცსამსახურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერპოლთან, ევროპოლთან და ეუთო-სთან. კომპანიის ოფისები მდებარეობს მოსკოვში, ინოპოლისში, სინგაპურში, ამსტერდამში და დუბაიში.
"მედია ტოტალური მოსმენების და ძალადობის სამიზნე იყო" - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
"ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის შესრულება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისათვის", - წერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" თვითმმმართველობის არჩევნების წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ არჩევნებამდე მედიაგარემოს შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდი მოიცვა. რომელიც მედიაგარემოს ეხება. ამ ანგარიშში ნათქვამია, რომ მედიაგარემო კრიტიკულ ზღვარზეა, ხელისუფლება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ეფექტიანად არ რეაგირებს, მმართველი პარტიის წევრების აგრესიული და მუქარის შემცველი განცახდებები კი, რომლებმაც ყოველდღიური ხასიათი მიიღო, ძალადობას ახალისებს და ამძაფრებს ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ და პოლარიზებულ გარემოს. ანგარიში მოიცავს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე პერიოდს. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს, ასევე უკანონო მოსმენებს, განსხვავებული აზრის გამო დევნას და პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს მედიამფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. საჯაროდ გავრცელებული წყაროებზე დაყრდნობით, საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე სულ მცირე 23 მედიის წარმომადგენელზე 93 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა. მხოლოდ 2021 წლის 5-6 ივლისს ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფების თავდასხმის შედეგად მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ განსხვავებული აზრის გამო ჟურნალისტის გათავისუფლებისა და მედიის ხელმძღვანელობის მიერ ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტები. რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახური საკუთარი მედიის მიუღებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო დატოვა.ქვეყანაში უკანონო მოსმენები გრძელდება, მათ შორის, კრიტიკული მედიის ჟურნალისტების წინააღმდეგ და ამას ტოტალური ხასიათი აქვს. საჯაროდ გავრცელდა ფაილები, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარულ მოსმენებს ასახავს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის, ასევე ჟურნალისტებისა და მედიაკომპანიების მიერ მოწოდებული მონაცემების შედეგად, მინიმუმ, 10 მედიასაშუალების 55 ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სუს-ის ფაილებში არსებული ინფორმაცია ნამდვილია და მსგავსი შინაარსის კომუნიკაციას მოხდა.არასამთავრობო ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების უმეტესობაზე გამოძიება არაფექტიანად მუშაობს, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები კი მედიის მარგინალიზაციას ისახავს მიზნად. მმართველი გუნდის წევრები უარს ამბობენ ყველა იმ მედიასაშუალებაში სტუმრობაზე, რომელიც სახელისუფლებო დღის წესრიგით არ მუშაობს. ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 5-6 ივლისის მოვლენებს, რომლის დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ამ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორებით კი გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა. განხილულია ასევე ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტიც - ტვ პირველის ოპერატორი 5 ივლისის ერთ-ერთი დაშავებულია, რომელიც სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორებიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. "ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამოძიების პროცესში, სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები და ქმედებები არა რეალური მიზეზის დადგენისკენ იყო მიმართული, არამედ გარდაცვლილი ჟურნალისტის დისკრედიტაციისაკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული შუალედური დასკვნით, გარდაცვლილის სხეულში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და „გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება“. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გამო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დაირღვა და სამინისტროს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სახელმწიფო ინსპექტორის შეფასებით, ოპერატორის გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზანი", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: აუცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს
„აუცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს“, - ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით Twitter-ზე წერს. „საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. აუცილებელია, არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად“, - წერს ევროპარლამენტარი. ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა