ძებნის რეზულტატი:

NATO: საზღვაო პატრულირება აღრმავებს ალიანსის თანამშრომლობას მოკავშირებთან და პარტნიორებთან, NATO-ს შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი ერთგულია

27 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) წელს მესამედ ეწვია შავ ზღვას, რუტინული ოპერაციების ჩასატარებლად და საპორტო ვიზიტის განსახორციელებლად ბათუმში. ამასთან დაკავშირებით ალიანსის პოზიცია საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისმა დააფიქსირა. „საზღვაო პატრულირება აღრმავებს ალიანსის მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობას. ვიზიტი ხაზს უსვამს NATO-ს ერთგულებას შავი ზღვის უსაფრთხოებისადმი და საერთაშორისო წყლებში ნავიგაციის თავისუფლების დაცვის შესაძლებლობას“, - აღნიშნულია ტექსტში. ამავე თემაზე: შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 12:31 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს. ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.8 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას

თამარ გაბუნია: სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება „დელტას“ მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატებას „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირებს. მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, რომ ამაზე უკვე გლობალურად არსებობს საკმაოდ ვრცელი მონაცემები. მისივე თქმით, კლინიკური მართვის ხარისხი დღეს კლინიკებში ბევრად უკეთესია, ვიდრე უწყებას წინა ტალღების პირობებში ჰქონდა. „ჩვენ დღეს თითქმის ყველა შემთხვევა გვაქვს გამოწვეული „დელტა“ შტამით, რაც არის ის, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში პროგნოზულად მეტად მძიმე გამოსავლებია მოსალოდნელი. რაც შეეხება კლინიკური მართვის ხარისხს, შესაძლებლობა დღეს კლინიკებში მდგომარეობის მართვის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ეს გვქონდა წინა ტალღების პირობებში. თვითონ შტამის დამაზიანებელი და დამაზარალებელი ზეგავლენა არის მაღალი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

15 ოქტომბრიდან „იმუნიზაციის მარათონები“ დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, იმუნიზაციის მარათონების და ე.წ. კვირეულები დაწყება დააანონსა. იმუნიზაციის მარათონები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ამ პროცესში ჩაერთვებიან თითოეული სოფლის რწმუნებული, ექიმი, ექთანი და იმუნიზაციის ოფიცერი, ე.წ. აგიტატორი რომელიც ივლის კარდაკარ და ყველა ადამინს აუხსნის აცრის მნიშვნელობას და მოიწვევს ასაცრელ პუნქტებში. „რეგიონებში იქნება როგორც სტაციონარული ასაცრელი პუნქტები, ასევე მობილური“, - აღნიშნა გამყრელიძემ. მისი ინფორმაციით, შერჩეულია 68 დასახლებული პუნქტი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. „ეს არის ძირითადად სოფლები სადაც სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. ასევე დამატებით თბილისიდან იქნება გაგზავნილი დამატებითი ჯგუფები. ვფიქრობთ, რომ 15 ოქტომბერს დაიწყება ერთკვირიანი მარათონი, შეჯიბრი ამ სოფლებს შორის. 68 სოფელი მოიცავს 250 ათას მოსახლეს. სამიზნედ ვიღებთ 60%-იან მაჩვენებელს, რომელზეც სამი კვირის განმავლობაში გავალთ. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული, თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ სოფლებს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2 ათას ადამიანს აღემატება. ჩვენი მიზანია მოვიცვათ დაახლოებით 3,5 ათასამდე დასახლებული პუნქტი“, - განაცხადა ამირამ გამყრელიძემ.

ირაკლი კობახიძე: მიაყენა თუ არა ალეკო ხოჯევანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს ზიანი, ეს უნდა დადგინდეს

„გამოძიებამ განსაკუთრებით უნდა გამოიძიოს კონკრეტული ორი შემთხვევა, სადაც სავარაუდო საუბრის თანამონაწილეები ორივე მხრიდან დიპლომატიური სექტორის წარმომადგენლები არიან“, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან განაცხადა. „გავრცელებულ ინფორმაციებს შორის, რომელიც იყო გავრცელებული ოპოზიციური არხების მხრიდან, იყო ორი საუბარი, სადაც ორივე მხარეს იყო დიპლომატიური სექტორის წარმომადგენელი. ეს იყო თანაშემწე, მეორე USAID - ის წარმომადგენელი და ა.შ. ორი იყო ასეთი სავარაუდო საუბარი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ეს ორი ფაქტი იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, შეშფოთებას ბუნებრივია, აქვს საფუძველი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს - ალეკო ხოჯევანიშვილს კანონიერად ჰქონდა ასეთი ინფორმაცია მოპოვებული თუ უკანონოდ, ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, აქედან გამომდინარე გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს. ალეკო ხოჯევანიშვილმა მიაყენა თუ არა ზიანი დიპლომატიურ კორპუსს ეს უნდა დადგინდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოჯევანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი ძმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. „გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამ ადამიანს არც ერთ ეტაპზე მსგავს საქმიანობასთან შეხება არ ჰქონია, არც სამსახურებრივად ეხებოდა. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს არის მორიგი ტალახის სროლა, რომელსაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ. ამ საკითხზე პირველივე დღეს, როცა გამოძიების დაწყებიდან 24 საათიც არ იყო გასული, სხვადასხვა გვარებს აჟღერებდნენ უღირსი პოლიტიკოსები თავისი უთავმოყვარეო განცხადებებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ალექსანდრე ხოჯევანიშვილთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშნის დასმა აბსოლუტურად ალოგიკურია, მას ერთი დღეც კი არ ჰქონია შეხება ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურთან, რომელიც ზოგადად მოსმენების მიმართულებით მუშაობს“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. ამავე თემაზე: ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ჩანაწერებზე: პირველი ადამიანი ვიქნები, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ირაკლი ღარიბაშვილი: დაწყებულია გამოძიება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, ხომ არ არის შესაძლებელი, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი

Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერებულია

Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერდა, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ. მანვე აღნიშნა, რომ მოსახლეობა ამ ვაქცინის მეორე დოზით შეძლებს აცრას. „სამწუხაროდ, ვაჩერებთ Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ მხოლოდ მეორე დოზებზე იქნება რეგისტრაცია. შეფერხების მიზეზია ის, რომ დონაცია უნდა ყოფილიყო და ვერ შევთანხმდით ვადებზე. ახლა Astrazeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, ვნახოთ, COVAX-ი თუ მოგვაწვდის Astrazeneca-ს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თავდაცვის მინისტრი: თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰულუსი აკართან შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების პოლიტიკასა და ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს. „საუბარი შეეხო თურქეთსა და საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში თურქეთისგან მიღებულ ექსპერტულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერაზე, რამაც თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ჰულუსი აკარს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების საქმეში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძე უკვე შეხვდა აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს კახეთში, წინანდალში მასპინძლობს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პირველი ორმხრივი შეხვედრა თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან გამართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან საუბრისას, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ მრავალეროვნულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობას და ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. ასევე, აღინიშნა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის კურსებში აზერბაიჯანელი სამხედროების მონაწილეობა. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ინტენსივობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს სამხედროებს შორის პოზიტიური კავშირების ჩამოყალიბებას და ურთიერთთავსებადობის ზრდას. შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. ამავე თემაზე: თავდაცვის მინისტრი: თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელი მისია დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელი მისია (EUTM RCA) დაასრულა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს.ღონისძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში „მპოკოს“ ბაზაზე მოანას კემპზე გაიმართა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლანგლადე დე მონტგროს ჯესქესმა მისიის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება, ახალ ოცეულს კი, მისიის წარმატებით შესრულება უსურვა.ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. ქართული ოცეული სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.

ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილ ზურაბ და შალვა წოწორიებს, ფოთის ტერმინალის თანამშრომლებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე სასამართლოს გირაოს 5000-5000 ლარს სთავაზობდა. ადვოკატი მზად იყო, საკუთარი ქონებით უზუნველეყო გირაოს თანხა, თუ სასამართლო გადაწყვეტდა, რომ აღნიშნული თანხა, ვერ უზრუნველყოფდა საფრთხეებს. „ის ბრალი, რაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აქვთ წარდგენილი, აბსურდულია, არ ჯდება მოქმედ კანონმდებობაში, რას ედავება ბრალდების მხარე, თავადაც არ იცის, მათ დანაშუალი არ ჩაუდენიათ. დანაშაულის დაფარვა რაში გამოიხატება, ხელი შეუშალეს დანაშაულის გახსნას? კანონს უნდა სწორად წაკითხვა, მსჯავრდებული პირის მიერ სასამართლოსთვის ხელისშეშლა რაში გამოიხატება?"- აღნიშნავს გიორგი გოგინავა. თავის მხრივ, პროკურორ გიორგი ხაჩიძის განცხადებით, ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა, თუმცა, შალვა წოწორიას კუთვნილი ავტომანქანით მათ უზრუნველყვეს მსჯავრდებულ სააკაშვილის ტრანსპორტირება აბაშის მუნიციპალიტეტში. ადვოკატ გიორგი გოგინავას განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მიხეილ სააკაშვილის მიმართ დევნის დაწყების დადგენილება და მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვს პროკურატურა წიწორიების პატიმრობას. ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი წოწორიები დუმილის უფლებას იყენებენ. „ეს ადამიანები რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან, ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც ჰქვია, ჩაიხუტეს გულში, ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ. იმის გამო, რომ ეს დამოკიდებულება აქვთ, დღეის მდგომარეობით ისინი დაკავებული არიან. მათ პრეზიდენტის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს“, - აღნიშნა გიორგი გოგინავამ.

საქართველოში Johnson&Johnson-ის ვაქცინის მოწოდება შეჩერდა

საქართველოში Johnson&Johnson-ის ვაქცინის მოწოდება შეჩერებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, „ეს გარკვეული მიზეზებით„ მოხდა“. „ამ ეტაპზე, მხოლოდ სამი ვაქცინის ადმინისტირებას გავაკეთებთ, ეს არის Pfizer-ი, Sinopharm-ი და Sinovac-ი, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამავე თემაზე: Johnson & Johnson-ის ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში შემოვა Astrazeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია შეჩერებულია

საქართველო 12 წელს გადაცილებულების აცრასა და „ბუსტერ“ დოზებზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს

მიმდინარე კვირაში, იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ მიიღებს გადაწყვეტილებას 12 წელს გადაცილებულების აცრასა და ასევე, ბუსტერ დოზების გამოყენებასთან დაკავშირებით. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კონსენსუსამდე მივიდნენ. „ვფიქრობ, ესეც ამ კვირის განმავლობაში იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. „მასწავლებელთა კორპუსში 62%-ია ერთჯერადად აცრილი და აქტიურად იცრებიან. სასურველია, რომ 80%-ზე ავიდეთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეს მაჩვენებელი სტუდენტებში. სტუდენტებში აცრის მაჩვენებელი 28%-ია, თუმცა, ზოგიერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში სტუდენტთა 50-%ზე მეტია აცრილი. ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველა სტუდენტს, აიცრან. საკმაოდ გაიზარდა აცრის მაჩვენებელი ჩემს კოლეგებში, ექიმებში, სადაც 78% გვაქვს ერთჯერადად აცრილების მაჩვენებელი, ხოლო 70% - ორჯერადად. 50%-ის ფარგლებში ვართ ექთნებში, 40%-ზე ნაკლებია უმცროს სამედიცინო პერსონალში, შედარებით მეტია სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ოკუპანტებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. „უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით. ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ევროპის წამლის სააგენტომ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონეებში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა

EMA-მ დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონეებში Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. ჯანმოს მეცნიერთა პოზიციით, ე.წ ბუსტერ დოზით მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია საჭირო არ არის. ამის მიუხედავად, საფრანგეთი აგვისტოს ბოლოს გახდა ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც „ბუსტერ“ დოზების გამოყენება 65 წელს გადაცილებულებში დაიწყო. საფრანგეთი მას მოსახლეობას მეორე დოზიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სთავაზობს. ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გამოყენება აგვისტოს ბოლოს დაიწყო გერმანიამაც და მას სთავაზობს მზრუნველობა მოკლებული სახლების მცხოვრებლებს. გერმანიის რამდენიმე შტატმა უკვე დაიწყო დაუცველი ჯგუფების აცრა, ქვეყნის ვაქცინაციის საკონსულტაციო ჯგუფი უახლოეს მომავალში ასევე გეგმავს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები ხანდაზმულთა და იმუნიტეტ დაქვეითებულებისთვის. გარდა ამისა, ჩეხეთმა განაცხადა, რომ „ბუსტერ“ დოზას 60 წელს გადაცილებულებს 20 სექტემბრიდან შესთავაზებს. როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია საქართველო 12 წელს გადაცილებულების აცრასა და „ბუსტერ“ დოზებზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში მიიღებს

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისში მოკლული ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. „შანაეს ოჯახმა ჩვენი ლამაზი გოგონა წარმოუდგენელად ტრაგიკულად დავკარგეთ. მან ბევრი მეგობარი და ოჯახის წევრი დატოვა გულგატეხილი და განადგურებული. გვეამაყება ყველა ის წარმატება, რომელსაც შანაემ თავისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ბევრ ქვეყანაში მიაღწია. იგი იყო სიყვარულისა და პოზიტივის მომტანი გარშემომყოფთათვის.შანაე იბრძოდა ქალთა უფლებებისა და უსაფრთხოებისთვის, დიდ დროს უთმობდა რამდენიმე ქვეყანაში ჩაგრულ და დაუცველ ადამიანებზე ზრუნვას. შანაე გამორჩეულად გულწრფელი და ერთგული მეგობარი იყო, თავგადასავლების მოყვარული და მამაცი, სიცოცხლის თითოეულ წუთს აფასებდა და ცხოვრების მუდამ მადლიერი იყო. გვსურს, ჩვენი გულითადი მადლიერება გამოვხატოთ შანაეს მეგობრების მიმართ, რომლებმაც შანაეს გაუჩინარებისთანავე უმალვე განგაში ატეხეს და გასწიეს დახმარება ძებნის პროცესის ორგანიზებაში. ჩვენი ოჯახისთვის გასაოცრად მხარდამჭერია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთიდან, მათ შორის ქართული საზოგადოებიდან, შანაეს ბევრი მეგობრის სიყვარულით სავსე გზავნილები. მადლიერებას გამოვხატავთ თბილისის პოლიციისა და იმ გამომძიებლების მიმართ, რომლებმაც მალევე შეძლეს შანაეს პოვნა და დამნაშავის დაკავება. მადლობას ვუხდით კორძაძის საადვოკატო ბიუროს თბილისში ჩვენი ოჯახის წევრებზე დაუღალავი ზრუნვისათვის მათი საქართველოში ყოფნისას, დღემდე იმ მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, რაც ამ საშინელი პერიოდის გაძლებაში გვეხმარება. მადლობა ავსტრალიის საელჩოს თანამშრომლებს ანკარაში, ჩვენი ოჯახის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის. მადლობას ვუხდით როგორც საქართველოს სახელმწიფოს, შანაეს რეპატრიაციაში ფინანსური დახმარების გაწევის შემოთავაზებისათვის, ასევე, ქართველ ხალხს უწყვეტი ყურადღების, სიყვარულისა და თანადგომისათვის ამ მძიმე ტრაგიკულ პერიოდში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ყველას, ვინც ფინანსური წვლილი შეიტანა შანაეს GoFundMe ფონდში. შეგროვებული თანხა მოხმარდება აქამდე გაწეულ ხარჯებს და შანაეს ბოლო გზაზე გაცილებას. ახლა კი შანაეს ოჯახი ესწრაფის, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ უზრუნველყოს დამნაშავის მიერ სიცოცხლის ციხეში გატარება - სამართლიანი სასჯელი ამგვარი ულმობელი თავდასხმისთვის, რომელმაც ჩვენი ახალგაზრდა ანგელოზის სიცოცხლე წაიღო. ჩვენი დარდი და მწუხარება გაუსაძლისია. სიყვარულითა და პატივისცემით, შანაეს ოჯახი. გთხოვთ, განაგრძოთ ჩვენი ოჯახისა და პირადი სივრცის პატივისცემა“, - აღნიშნულია შანაე ბრუკის ოჯახის განცხადებაში. შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს პატიმრობა შეეფარდა

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი ცდილობს, საქართველოში მასწავლებლები ახალი იარაღებითა და ცოდნით აღჭურვოს

" ევროკავშირი ცდილობს საქართველოში მასწავლებლები ახალი იარაღებითა და ცოდნით აღჭურვოს, რომ მისცეს მათ შესაძლებლობა ეს ცოდნა ახალგაზრდებში გაავრცელონ", - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მასწავლებლების დღისადმი მიძღვნილ, მილოცვის ტექსტში. კარლ ჰარცელის ცნობით, ევროკავშირის მხარდაჭერით, 335-მა მასწავლებელმა უკვე გაიარა ტრენინგი, აღიჭურვა პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლების ცოდნით და ეს ძალისხმევა აუცილებლად გაგრძელდება. "დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო მასწავლებლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი პატივისცემა გამოვხატო მასწავლებლების მიმართ საქართველოში. პანდემიის გამო, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მოგიწიათ მუშაობა და ყველა თქვენგანს ნაყოფიერი სასწავლო წელი მინდა ვუსურვო! ვფიქრობ, სკოლების გახსნა შესაძლებლობას მოგცემთ უფრო მარტივად და მეტი ხალისით გააგრძელოთ თქვენი უმნიშვნელოვანესი პროფესიული საქმიანობა. მჯერა, რომ ყველა თქვენგანმა შეძლო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების ახალ რეალობასთან შეგუება, თუმცა ვერცერთი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს საკლასო ოთახს და ფიზიკურ სასწავლო გარემოს. როგორც განათლების სპეციალისტებს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ დროის ცვლილებას ახალი გამოწვევები მოაქვს. დღესაც და მომავალშიც, თქვენ ციფრულ ხანაში აღზრდილ მოსწავლეებთან გექნებათ ურთიერთობა. ინტერნეტმა, ციფრულმა მედიამ და სოციალურმა ქსელებმა უდიდესი საგანმანათლებლო სიკეთე მოუტანეს მსოფლიო თანამეგორობას და დაეხმარნენ მას ადამიანებს შორის ხიდების მშენებლობაში. თუმცა, ამავდროულად, გაამძაფრეს დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენის ფენომენი და შეუდარებლად გაზარდეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობა", - ნათქვამია ევროკავშირის ელჩის განცხადებაში.

უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ  მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. ლიზა იასკოს თან ახლავს უკრაინის საკონსულოს წარმომადგენლები. „ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან ვამაყობ მისით, როგორც ადამიანით, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ მოიგოთ. ბრძოლა მომავლისთვის და ძალიან მინდა, რომ სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ამ მომენტისთვის ის პოლიტიკური პატიმარია და ეს მიუღებელია. ეს ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა ბრძოლა. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან მას აქვს დიდი გული და უნარი, დიდი ცვლილებები განახორციელოს. ამას უკრაინაში ძალიან ვაფასებთ და გვშურს თქვენი, რომ გყავდათ საქართველოში ასეთი პრეზიდენტი. ის ასევე უკრაინელი პოლიტიკოსია და ძალიან გვინდა, თქვენ აქ დაიცვათ. მგონია, რომ ამ დროისთვის ეს საკმარისია“, – განაცხადა სასჯელაღსრულების დაწესებლებიდან გამოსვლის შემდეგ, ლიზა იასკომ. შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისში, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული სამი მოქალაქიდან, ერთ-ერთი გაათავისუფლა

დე-ფაქტო საზღვართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული სამი მოქალაქიდან ერთი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების დაკავების დროს, ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა სცადა, 10-12 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. ამ დროისთის, ცხინვალიდან გათავისუფლებული 29 წლის ნიკოლოზ ფეხშველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. სამედიცინო დაწესებულების ტრავმატოლოგის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, პაციენტს სხივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. „პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ჰოსპიტლის მიმღებ განყოფილებაში. პირველადი დათვალიერებით მას აღენიშნება სხივის ძვლის მოტეხილობა. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც დაზუსტდება დაზიანებები", - განაცხადა ჰოსპიტლის ტრავმატოლოგ-ორთოპედმა შალვა გოდერძიშვილმა. საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე გუშინ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება მეორედ შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტა. კენჭისყრაში 79-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა და არცერთი საწინღმდეგო ხმა არ დაფიქსირებულა. შეგახსენებთ, რომ საპროცედურო საკითხთა კომეტიტმა სადეპუტატო მანდატის გაუქმების შესახებ ნიკა მელიას მოთხოვნა არჩევნებამდე განიხილა. რეგლამენტის თანახმად საკითხი, პირველივე პლენარულ სხდომაზე უნდა გაეტანათ, რომელიც არჩევნების შემდეგ უწევდა. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია 30 ოქტომბერს, თბილისის მერობის მეორე ტურში იღებს მონაწილეობას. ჯერჯერობით უცნობია დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ, როგორ წარიმართება მისი სამართლებრივი პასუხისგების საქმე, 20 ივნისის საქმეზე. ოპოზიცია არჩევნებამდე რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვდა. მიზეზად გავრცელებულ ფარულ ჩანაწერების განხილავს ასახელებდა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე, განცხადება საკუთარი სურვილით, 29 ივლისს, მას შემდეგ გააკეთა, რაც მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. წერილობითი განცხადება კი პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 3 აგვისტოს წარადგინა.

თამარ კორძაია: თბილისში არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება, ეს არის 1/3-ზე მეტი

"თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება, ეს არის 1/3-ზე მეტი. რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, 323 შემაჯამებელ ოქმში არ დგება ბალანსი", - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 91 საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული და მოთხოვნილია 539 შემთხვევაში, შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხელახლა გადათვლა . "გასაჩივრებულია დაახლოებით 478 უბნის შედეგი. შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრება უბნის შედეგის გასაჩივრებაზე მეტი იმიტომაა, რომ ამ არჩევნებზე სხვადასხვა სახის შემაჯამებელი ოქმები დგებოდა. 19 შემთხვევაში უშუალოდ არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეტანილია დისციპლინური საჩივრები, 9 საჩივარი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე პროკურატურაში. ამდენად, შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები თავისუფალ გარემოში არ ჩატარებულა და ამაზე მეტყველებს ჩვენ მიერ შეტანილი საჩივრები“,- განაცხადა კორძაიამ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კორძაიამ აღნიშნა, ეუთოს მისიის და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ კარგად დაინახეს, „როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში“. „ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არასათანადო უპირატესობა მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს, როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში. იგივე სულისკვეთებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი თავის განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული ძალადობით, მოსყიდვით, დაშინებით და ა.შ. ამიტომ, პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ხოლმე შეფასებები და განცხადებები. იმის დასადასტურებლად რომ ჩვენი პარტნიორები არჩევნების შეფასებაში არ ცდებიან, მინდა მოგიყვანოთ პირველადი შედეგები. აშშ-ის საელჩო: არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაშინების და მოსყიდვის შესახებ საჩივრებმა დააზიანა ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელი: 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები