ძებნის რეზულტატი:
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ODIHR-ის დოკუმენტიდან დებულებები არ გამოარჩიონ და მასზე ყურადღება სერიოზულად გაამახვილონ
ქართველმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ერის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, ასე იწყება ევროპარლამენტარის, სოციალ დემოკრატების ჯუფის წევრის, მარინა კალიურანდის შეფასება 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე. მეორე ტურის წინ, სოციალ დემოკრატების ჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ესკალაციის გამომწვევი შემდგომი პოლიტიკური რიტორიკისგან, რათა მშვიდობიანი და დემოკრატიული მეორე ტური უზრუნველყონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო არამხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, არამედ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა საქართველოში. „ქართული დემოკრატიისადმი ურყევი მხარდაჭერის ნიშნად, ევროპარლამენტმა შვიდკაციანი ძლიერი დელეგაციით მიიღო მონაწილეობა ეუთოს/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, მათ შორის იყო ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი. სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი სრულად ეთანხმება ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლის მიხედვით, „არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა და გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა“. „მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დოკუმენტიდან კონკრეტული დებულებები არ გამოარჩიონ და სერიოზულად და ჰოლისტიკურად გაამახვილონ ყურადღება დასკვნებზე. კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ზეწოლის ფაქტები მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, უნდა იყოს გამოძიებული. არჩევნები წარიმართა პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, რამაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება გაურთულა. მიუხედავად ამისა, გაზრდილი აქტივობა აჩვენებს, რომ ქართველებს სურთ თავიანთი ქვეყნის წინსვლა და ელიან, რომ მათი არჩეული წარმომადგენლები ამ გზას გაჰყვებიან. მინდა პირადად გამოვხატო პატივისცემა ქალბატონებისადმი, რომლებიც თანაბრად იმსახურებდნენ უკეთეს წარმომადგენლობას კანდიდატებსა და არჩეულ წარმომადგენლებს შორის. მტკიცედ მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ საბოლოოდ დააყენონ ერის ინტერესები თავიანთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ყურადღება გაამახვილონ იმ პასუხისმგებლობის შესრულებაზე, რომელიც მათ ეკისრებათ თავიანთი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა COVID19-ის პანდემიის შემდეგ მოითხოვს თავდადებულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის ადგილობრივ დონეზე.საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. პოლიტიკური სტაბილურობის, ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის საფუძველზე გატარებული რეფორმები უკეთესი მომავლისთვის, პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ სრულად უნდა შესრულდეს. მთავრობაში მყოფებს ყოველთვის ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ველით კონსტრუქციულ ხელშეწყობას ოპოზიციის მხრიდანაც“, - აცხადებს მარინა კალიურანდი. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელი: 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩატარდა ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები
Facebook-ი გლობალური შეფერხების შესახებ იტყობინება
Facebook-ის, Messenger-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მუშაობა გლობალურად შეფერხებულია. ტექნოლოგიური გიგანტის კომუნიკაციის დირექტორმა ენდი სტოუნმა Twitter-ზე დაწერა, რომ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და ყველაფერს აკეთებენ მომსახურების აღსადგენად. შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „ვიცით, რომ შეფერხება არსებობს ჩვენს აპლიკაციებსა და პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით. ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ მდგომარეობას და ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ყოფილმა პრემიერმა გახარიამ ადგილობრივ არჩევნებს არასამართლიანი უწოდა
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ადგილობრივ არჩევნებს არასამართლიანი უწოდა. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, „არჩევნების დღეს სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, სისტემური ხასიათი ჰქონდა „კარუსელებს“. „ამიტომ: 2 ოქტომბრის არჩევნებს ჩვენ ვაფასებთ როგორც არასამართლიანს, სადაც საქართველოს მოქალაქეს არ ჰქონდა საკუთარი ნების გამოხატვის შესაძლებლობა თავისუფალ და სამართლიან გარემოში და ეს ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია!“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მხარს არც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერენ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. „მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მუნიციპალური არჩევნების შემდგომ ვიმოქმედებთ შემდგომი პრინციპით - არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ერთპიროვნული მმართველობა. ამ ორ, ვითომ ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალას, ორივეს აქვს მიდრეკილება ერთპიროვნული მართვისკენ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება დაბალანსება და არცერთ მათგანს არ მივცეთ შესაძლებლობა, მოახდინოს ძალაუფლების კონცენტრაცია - მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შევქმენით მთავარი ბერკეტი, რომლითაც შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლა ქვეყანაში ორპარტიული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, რადიკალური პოლიტიკის წინააღმდეგ და ეს ერთად დავამთავროთ“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ. თავის მხრივ, დღეს გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხა და ყოფილ პრემიერს „მოღალატე“ უწოდა. „მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა. არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. თბილისის ყველა უბნის დათვლის შემდეგ, კახა კალაძემ ხმების - 45.04%, ნიკა მელიამ - 33.96%, გიორგი გახარიამ - 9.36% მიიღო.
უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოში უკრაინის კონსულმა დღეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უწყების პრესსპიკერის ცნობაზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არსებულ პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ გამოუთქვამს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას განაგრძობენ. კონსული თანამშრომლობს მის ადვოკატებთან“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ. „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს რუსთავის ციხეში მოინახულა ექსპრეზიდენტი. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, რომელშიც წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ გათავისუფლდებიან. სააკაშვილი ასევე უარს აცხადებს რაიმე ტიპის სამედიცინო დახმარებაზე. „მინდა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ ჩემი მყარი გადაწყვეტილების შესახებ. დავბრუნდი საქართველოში, რათა დავეხმარებოდი ჩვენ ხალხს ხელისუფლების და დემოკრატიის აღდგენის საქმეში. როგორც მოსალოდნელი იყო რეჟიმმა დამაკავა. მე თავისუფალ ადამიანად ვრჩები გისოსებს მიღმაც. როგორც ალბათ, იცით მე გამოვაცხადე შიმშილობა და მე მას არ შევწყვეტ არცერთ შემთხვევაში, ვიდრე მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით მეც ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლე და სიკვდილიც. ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა, გული მეტკინა ჩემი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემს უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცონო რაიმე ტიპის ჩარევაზე. ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ პირიქით, თქვენ გასააქტიურებლად, ძალიან მიყვარხართ ყველანი“, - წერია მიხელ სააკაშვილის განცხადებაში. ექსპრეზიდენტმა დაკავების შემდეგ მოითხოვა უკრაინის კონსულთან შეხვედრა. იმავე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პირველ ოქტომბერს დააკავეს, შიმშილობა გამოაცხადა.
მეორე ტურთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორები საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებენ
მეორე ტურთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორები საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებენ. Europetime-მა ასეთი გზავნილები ამ დრომდე არსებული შეფასებებიდან შეკრიბა. მაგალითად, ევროპარლამენტარი, სოციალ დემოკრატების ჯუფის წევრი, მარინა კალიურანდი მეორე ტურის წინ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ესკალაციის გამომწვევი შემდგომი პოლიტიკური რიტორიკისგან. სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი ამის საჭიროებას მშვიდობიანი და დემოკრატიული მეორე ტურის უზრუნველყოფისთვის ხედავს. მან დღეს გავრცელებული განცხადებით, 2 ოქტომბრის კენჭისყრას დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უწოდა. „მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ“, - ეს ნაწილია ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს აფასებს. „მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. ამასთან, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად. „ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით. ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. ცნობისთვის, 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
შარლ მიშელი საციცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ახლა საქართველო სიღრმისეულ რეფორმებს დაუბრუნდეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. როგორც Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში წერია, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის ყურადღება სიღრმისეულ რეფორმებს დაუბრუნდეს. „ვაფასებ ყველა ქართველს, რომლებმაც ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში არჩევანი დააფიქსირეს. სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია, რომ ახლა ქვეყნის ყურადღება დაუბრუნდეს სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს, როგორც ეს გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროში", - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში. ცნობისთვის, მმართველ პარტიას 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად აქვს გამოცხადებული. ამავე თემაზე: ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა
„ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ დაძაბულ გარემოშიც კი სურს დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც 2 ოქტომბრის კენჭისყრა შეაფასა. ჩეხი პოლიტიკოსი არჩევნებს კოლეგებთან ერთად აკვირდებოდა. „როგორც დაკვირვების შედეგად შევამჩნიეთ, შაბათის არჩევნები ძირითადად კარგად ადმინისტრირებული და მშვიდი იყო. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს ამ არჩევნებისადმი ასეთი მიდგომისთვის. მათ აჩვენეს, რომ დაძაბულ ატმოსფეროშიც კი სურთ, თავიანთი დემოკრატიული უფლებების მშვიდობიანად გამოხატვა. ჩვენ ვგმობთ წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ სიტუაციას. საკუთარი თვალით ვნახეთ ძალადობის წამქეზებელი რეკლამა, მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა კანდიდატის წინააღმდეგ ზეწოლასა და მმართველი და სხვა პარტიების კამპანიის დაფინანსების დისპროპორციულობაზე. თუმცა მჯერა, ახლა ყველა პარტია დაიწყებს ფოკუსირებას იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლებიც პარტნიორებს, მათ შორის ევროკავშირს, ასევე მოქალაქეებს მისცეს. ჩვენ მას ყურადღებით დავაკვირდებით“, - განუცხადა Europetime-ს ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ. ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი). ამავე თემაზე: ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი: მოვუწოდებ ყველა პარტიას, ODIHR-ის დოკუმენტიდან დებულებები არ გამოარჩიონ და მასზე ყურადღება სერიოზულად გაამახვილონ ექსკლუზივი: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: ევროკავშირის დაფინანსება პოლიტიკური წინაპირობების შესრულებით იყო განპირობებული ექსკლუზივი: მარკეტა გრეგოროვა: მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო ექსკლუზიური ინტერვიუ: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს
Facebook-ი ჩაირთო
Facebook-მა აღდგენა დაიწყო. სოცქსელი მომხმარებელთა ნაწილისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ქსელური ხარვეზი დაახლოებით 6-საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოფხვრა. სიციალური ქსელი, ყველა თავისი პროდუქტით, მათ შორის WhatsApp -ის ჩათვლით, გათიშული იყო.
სენატორი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებით იმედგაცრუებულია
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარებულ თვთმმართველობის არჩევნებით იმედგაცრუებულია. „ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად უკანდახევაა 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო. საქართველოს მთავრობამ, რომელიც არჩევნების მეორე ტურს მართავს, უნდა მოაგვაროს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობები იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებიან. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, - წერს სენატორი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ახლოს აკვირდება და ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. იუწყება Reuters-ი. „ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად”, - განაცხადა ნედ პრაისმა გამართულ ბრიფინგზე.
მარკ ცუკერბერგმა Facebook-ის მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა
Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა სოციალური ქსელის გათიშვის გამო ბოდიში მოიხადა. „Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის - ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს მარკ ცუკერბერგი. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ქსელური ხარვეზი დაახლოებით 6-საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოფხვრა. სიციალური ქსელი, ყველა თავისი პროდუქტით, მათ შორის WhatsApp -ის ჩათვლით, გათიშული იყო. Bloomberg-ის ცნობით, Facebook-ის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე საათში 5.43%-ით შემცირდა. კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა კი 7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.
კორონავირუსი 2800 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, კოვიდინფიცირების 2800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 679 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 554 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 125 PCR ტესტით. თბილისში გამოვლენილია 882 შემთხვევა, აჭარა - 103, იმერეთი - 572, ქვემო ქართლი - 174, შიდა ქართლი - 153, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 260, კახეთი - 409, მცხეთა-მთიანეთი - 77, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 44. 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.51%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5.16%. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 621 420-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 110 პირი ემსხვერპლა. აქტიური შემთხვევა 19 131, საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 406, აჭარაში - 351, იმერეთში - 897. 947მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 339, აჭარაში - 108, იმერეთში - 270. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 260, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 33, იმერეთში - 26. 597 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 293 - თბილისში, 166 - აჭარაში. 14 509 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 084 ადამიანი.
პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში კახა კუჭავა, კიევში, ბაბინ იარის, უკრაინაში ჰოლოკოსტის ყველაზე მძიმე გამოვლინების მსხვერპლთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ ისრაელისა და გერმანიის პრეზიდენტები, ავსტრიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთის, სლოვაკეთისა და პოლონეთის პარლამენტების თავმჯდომარეები. 2021 წელს ამ ტრაგედიის 80 წლისთავი აღინიშნება.
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც ადგილზე დასაქმებული 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. შსს-ში განცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის: მე პუტინის პირადი პატიმარი ვარ, ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას
„ძალიან ამაღელვებელი იყო თქვენი სიტყვები, რომელიც არის მაღალი კლასის ნამდვილი სახელმწიფო მოხელის გამოხმაურება საქართველოში ჩემს უკანონო დაკავებასა და დაპატიმრებაზე გაყალბებული ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც რუსეთის გარდა მსოფლიოში არავინ აღიარებს“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში საუბრობს, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს. „საქართველო არის ჩემი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ მე ასევე მიყვარს უკრაინა - ჩემი მეორე სამშობლო, სადაც გავატარე ჩემი ცხოვრების მრავალი წელი, სადაც მყავს ოჯახი და მეგობრები და ძალიან ვაფასებ უკრაინის მოქალაქეობას. მთელი ცხოვრება ვიამაყებ იმით, რომ მქონდა შესაძლებლობა, შემეტანა მოკრძალებული წვლილი თქვენ მიერ გატარებულ ისტორიულ ცვლილებებსა და რეფორმებში. ვინაიდან, ფაქტობრივად ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ძალიან ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას უკრაინის, მთელი რეგიონისა და იმპერიის ყველა პატიმრის დაცვასთან დაკავშირებით“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შავ ზღვაში NATO-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და NATO-ს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. სწავლება NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა. „ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი „სოხუმი“ და NATO-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია). სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და NATO-ს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. NATO-ს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია“, - აცხადებენ შსს-ში.
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება. კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა, რომლის პირველი სხდომაც პირველ ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით. პრემია გაიცემა 3 წელიწადში ერთხელ, არა უმეტეს ხუთისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი. პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები და ნაწარმოებები მიიღება ელექტრონულად 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან - 29 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@president.gov.ge, ხოლო ის ნაწარმოები, რომელიც თავისი მოცულობის ან სპეციფიკის გათვალისწინებით შეუძლებელია წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფორმით, მიიღებ მატერიალურად ელექტრონული განაცხადის გადმოგზავნის შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თბილისი, ათონელის ქ. N25, საფოსტო ინდექსი - 0114“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსისძირითადი პირობები
კვების ობიექტების მუშაობა გახანგრძლივდა
კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდა, იხსნება კონცერტების და ფესტივალების ჩატარებაზე შეზღუდვა, მათი ჩატარება რეგულაციების დაცვით შეიძლება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გახდა ცნობილი. ახალი გადაწყვეტილება ხვალიდან შევა ძალაში. „საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ. იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ. 25 აგვისტოდან, კვების ობიექტები 22:00 საათამდე მუშაობდნენ. ამავე თემაზე: რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი: ვაქცინირებულ თანამშრომელს ხელფასის დანამატს ვაძლევთ
საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება
9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% დაიშვება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საფეხბურთო მატჩზე მაყურებლის 33% სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით დაიშვება. საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის ოქტომბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 9 ოქტომბერს ეროვნული გუნდი ბათუმის ახალ სტადიონზე საბერძნეთს დაუპირისპირდება. მეორე მატჩი 12 ოქტომბერს, სტუმრად პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ შედგება.
ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა განცხადება გაავრცელა
თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა. ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.