ძებნის რეზულტატი:
35 მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერების ოფშორულ ანგარიშებთან კავშირები გამოაშკარავდა - „პანდორას დოკუმენტები“
გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) 91 ქვეყანაში, მოქმედი და ყოფილი მსოფლიო ლიდერის ოფშორულ ანგარიშებთან კავშირების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამის შესახებ BBC იტყობინება. „პანდორას დოკუმენტების“ თანახმად, ოფშორული კომპანიების ფაილებში დაახლოებით 35 ახლანდელი და ყოფილი ლიდერი, 300-ზე მეტი საჯარო მოხელე ფიგურირებს. დოკუმენტის თანახმად, იორდანიის მეფემ ფარულად დააგროვა ქონება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ში, რაშიც 100 მილიონზე მეტი დოლარი დაეხარჯა. მასში ასევე საუბარია, თუ როგორ დაზოგეს გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ტონი ბლერმა და მისმა მეუღლემ 312,000 ფუნტი სტერლინგი ლონდონის ოფისის შეძენისას. წყვილმა შეიძინა ოფშორული ფირმა, რომელიც შენობას ფლობდა. ფაილები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მონაკოს საიდუმლო აქტივებთან აკავშირებს და ასევე აჩვენებს, რომ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ოფშორული ანგარიშების გამოყენებით 22 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება შეიძინა საფრანგეთში, კანის მახლობლად. დოკუმენტების თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფშორულ კომპანიაში თავისი 25%-იანი წილი ახლო მეგობარს გადასცა, რომელიც ახლა პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად მუშაობს. ზოგიერთ ფიგურას ეს ფაიულები ბრალს დებს კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოვლინებაა, თუ რამდენად გამოჩენილი და მდიდარი ადამიანები ყიდულობენ ფარულად ქონებას დიდ ბრიტანეთში. დოკუმენტები 95,000 ოფშორული ფირმის მფლობელებს ავლენს, რაც ხაზს უსვამს გაერთიანებული სამეფოს მთავრობის წარუმატებლობას, ოფშორული ქონების მესაკუთრეთა რეესტრის დანერგვის მიუხედავად - იმ შეშფოთების ფონზე, როდესაც ქონების მყიდველები შესაძლოა, მალავდნენ ფულის გათეთრების საქმიანობას. „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი, რომლებსაც ადანაშულებენ საკუთარი ქვეყნის ძარცვაში, ამის ერთ-ერთი მაგალითია. კერძოდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალიევები და მათი ახლო თანამშრომლები ფარულად მონაწილეობდნენ დიდ ბრიტანეთში ქონების გარიგებებში, რომლის ღირებულებაც 400 მილიონ ფუნტზე მეტ ფუნტს შეადგენს“, - წერს BBC. გარდა ამისა, გამომძიებელ ჟურნალისტთან მასალები საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციასაც მოიცავს. დოკუმენტის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა, 1998-2016 წლებში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, 12 კომპანია დააარსა, „მის კომპანიებსა და განხორციელებულ ოპერაციებზე ინფორმაცია მწირია“. ამასთან, დოკუმენტების თანახმად: კომპანია Silverpot Holdings-ი ბიძინა ივანიშვილმა საბროკერო ანგარიშის დახმარებით, საჯაროდ აღნუსხული კომპანიების კონტროლისთვის დააფუძნა. რაც შეეხება კიდევ ერთ კომპანიას, Brighton Corporate ვალად აღებული სააქციო კაპიტალით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გარკვეული ობიექტების, მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურებისა და სასტუმროების დასაფინანსებლად შეიქმნა. საერთაშორისო გამოძიებაში 600-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ 11 მილიონზე მეტი კონფიდენციალური დოკუმენტი მოიპოვეს.
კოვიდვაქცინით 3 ოქტომბერს 4 124 ადამიანი აიცრა
გასულ 24 საათში, კოვიდვაქცინით 4 124 ადამიანი აიცრა, რაც მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია. პირველ ოქტომბერს ვაქცინაცია 8 326 ადამიანმა, 2 ოქტომბერს კი 5 159-მა ჩაიტარა ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპმა შემცირება 16 სექტემბრიდან დაიწყო, როცა დღიური მაჩვენებელი განახევრდა, როცა დღიურად 30 000 მდე ადამიანი იცრებოდა. ამავე თემაზე: რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში
დავით ზალკალიანი: გამორიცხული არ არის სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარიც უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ზალკალიანი აღნიშნულ ვარაუდს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების საფუძველზე გამოთქვამს. „ალბათ, ყურადღებას მიაქცევდით პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო - მგონი, მანაც მედიით შეიტყო მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის დატოვების შესახებ. არ არის გამორიცხული, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული და უკრაინის საზღვარი უკანონოდ ჰქონდეს გადაკვეთილი. ეს ჩემი პირადი ვარაუდია. უკრაინის ხელისუფლების უფლება და მოვალეობაა, იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეზე, მაგრამ ეს განსხვავებულ შემთხვევაა, რადგან უკრაინის მოქალაქეობამდე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი იყო. ექსპრეზიდენტს მსჯავრი და ბრალი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს წარდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრება, როგორც ჩვენს კანონმდებლობას შეესაბამება. მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები დაცული იქნება“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამგზავრების შესახებ არაფერი იცოდა და მისი გადაწყვეტილება არასწორი იყო ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. „დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გახდება ცნობილი. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი უკვე ცნობილია და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. ამასთან, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. „ბრალდების მხარემ დასაბუთებულად წარადგინა შუამდგომლობა ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნა ემყარებოდა კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა ბრალდებულს პატიმრობა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გერმანიის ელჩი არჩევნებზე: არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა 2 ოქტომბრის არჩევნები Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაფასა. მისი თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება. „მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთული იყო, კონკურენცია გაეწიათ უფრო დიდ და არსებულ პარტიებთან და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს ჰუბერტ ქნირში. გერმანიის ელჩმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“. კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება. „ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც დღეს ისევ იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს. ჰუბერტ ქნირშთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: გერმანიის ელჩი: არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე
თეა წულუკიანი: ქუთაისი, ქართული კულტურის აკვანი, კაციჭამიების და მილიციელების ხელში არ უნდა ჩავარდეს
ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდა მმართველი ძალის ამომრჩეველს, რომ „ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით. მისი საქმიანობა ორგანიზებულად შეაფასა საერთაშორისო დამკვირვებელმა - ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს. ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მეორე ტურში გამარჯვება პრობლემა არ იქნება. „რა თქმა უნდა, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასდროს ჰყოლია და ნურავის ეწყინება. სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულია ქართულ პოლიტიკაში ქალი კანდიდატი, როგორიც არის ნინო ლაცაბიძე. ასევე - ზუგდიდშიც“, - აღნიშნა წულუკიანმა. „მინდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას არჩევნების საერთაშორისო შეფასებები მივუსამძიმრო“, - მიმართა წულუკიანმა ოპონენტებს. მისივე თქმით, „არეულობისა და რევოლუციის სცენარი ჩაფლავებულია, დესტრუქციული ოპოზიციის დამნაშავე ბელადი კი ციხეშია“. „მავანი ფიქრობდა, რომ დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა - მათ ანგარიშზე კიდევ ერთი იმედგაცრუებაა. სად არის საპროტესტო აქციები და რევოლუცია? რატომ არის დღეს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი? რიგგარეშე არჩევნები არ არის, ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია, „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, გისამძიმრებთ“, - დაამატა წულუკიანმა. ცნობისთვის, 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტურია ქუთაისშიც, სადაც მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძე 43,35 %-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,49 %-ით.
ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელი: 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში
2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში. ამის შესახებ ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის (CLRAE) დელეგაციის ხელმძღვანელის დევიდ ერეის შეფასებას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს და იუწყება, რომ დელეგაციამ არჩევნების დაკვირვების მისია დაასრულა. დევიდ ერეიმ ხაზი გაუსვა ქვეყანაში უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს, ასევე კამპანიის დროს აგრესიის, სიძულვილის ენისა და ყალბი ამბების ზრდას სოციალურ მედიაში. „ამ პოლარიზაციამ მოახდინა უარყოფითი გავლენა ადგილობრივ დემოკრატიაზე, რაც ფაქტობრივად, საერთო პოლიტიკური ვითარების მძევალი გახდა. ამ ფონზე, ეს კენჭისყრა იყო დაკარგული შესაძლებლობა ადგილობრივი დემოკრატიისთვის საქართველოში“, - განაცხადა დევიდ ერეიმ. ევროსაბჭოს პრესრელიზში მითითებულია, რომ არათანაბარი პირობები, ზეწოლა ამომრჩევლებზე და ამომრჩევლის მოსყიდვა იყო ამ არჩევნების კიდევ ერთი მახასიათებელი, რამაც კონგრესის დელეგაციის შეშფოთება გამოიწვია. მისივე თანახმად, საერთო ჯამში, არჩევნების დღე იყო მშვიდი, მოწესრიგებული, გამჭვირვალე და კარგად ორგანიზებული. გარდა ზოგიერთი შეუსაბამობისა, განსაკუთრებით, საარჩევნო კაბინების მოწყობასთან დაკავშირებით, კონგრესის დამკვირვებლებმა კენჭისყრის პროცედურების დროს ვერ შეამჩნიეს მნიშვნელოვანი ხარვეზები. კონგრესის ზოგიერთმა დამკვირვებელმა ასევე აღნიშნა ახალი რეგულაციის დარღვევა საარჩევნო უბნების გარშემო 100 მეტრის პერიმეტრზე. საქართველოს ხელისუფლების მოწვევის შემდეგ, კონგრესმა საარჩევნო სადამკვირვებლო მისია 2021 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გამოგზავნა და დააკვირდა 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს, ეუთო/ODIHR- თან და ევროპარლამენტთან ერთად. კონგრესის მისია შედგებოდა 18 წევრისგან, რომლებიც ევროსაბჭოს 15 ქვეყანას წარმოადგენდნენ. მისია აკვირდებოდა არჩევნებს საქართველოს 9 რეგიონში და სულ 120 - მდე საარჩევნო უბანს ეწვია გახსნიდან დახურვამდე. დელეგაციამ თბილისში ვიზიტისას შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების, არასამთავრობოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებთან. კონგრესის ანგარიში წარმოდგენილი იქნება მომდევნო მონიტორინგის კომიტეტზე და კონგრესის პლენარული სხდომის დროს, 2022 წლის მარტში მიიღება. ამავე თემაზე: ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები აშშ-ის საელჩო: არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა საარჩევნო გარემო დაშინების და მოსყიდვის შესახებ საჩივრებმა დააზიანა ევროკავშირი 2 ოქტომბრის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს ექსკლუზივი: გერმანიის ელჩი არჩევნებზე: არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება
ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს
ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს, მათგან ერთი აფეთქდა. სახლის მეპატრონე ბიზნესმენი ემზარ მამედოვია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, სხვისი ქონების დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აჭარაში მცხოვრებმა ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი მოიგო
25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი მოიგო. ხათუნა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს, ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე ოპერატორად მუშაობს. “გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა , მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, მე არასდროს არაფერს მოვიგებდი. სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის - ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, - ამბობს ხათუნა მელიქიშვილი. ბოლო 24 საათში, მხოლოდ 4 124 ადამიანი აიცრა. საქართველოში სულ ჩატარდა 1 818 258 დოზა აცრა. დღეს, 30 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარადიაცვალა. ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინფიცირების 867 ახალი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის 17 858 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. 962 მძიმე პაციენტია. 4 133 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი.
რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება
რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მხარდამჭერების აქცია - თავისუფლება მიშას იმართება. ტერიტორიაზე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ქუთაისის მერობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის წერილი წაუკითხა. „მადლობა ჩემო დებო და ძმებო. მესმის თქვენი ხმა საპყრობილეში და ბრძოლის სურვილს მიათმაგებს, "ვაწვებით" გამარჯვებამდე“, - მიმართავს მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს. ექსპრეზიდენტმა დაკავების შემდეგ, ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ამავე თემაზე: თეა წულუკიანი: სააკაშვილის ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, სამართლებრივი უაზრობაა პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კიდევ ორი პირი დააკავეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია
მეორე ტურში სად რა შანსები აქვს ოპოზიციას და რომელ ქალაქებში დაკარგა საკრებულოს უმრავლესობა ხელისუფლებამ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბერს, მერების არჩევნებში, 64 თვითმმართველი ქალაქიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. ნაციონალური მოძრაობიდან მეორე ტურში გადასვლა 17 კანდიდატმა შეძლო. მეორე ადგილზე მხოლოდ ცაგერში გავიდა გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატი ბესარიონ ბენდელიანი და ასევე, ორ ქალაქში — თიანეთსა და ოზურგეთში — „ოცნებას“ დაუპირისპირდებიან დამოუკიდებელი კანდიდატები თამაზ მეჭიაური და კონსტანტინე შარაშიძე. პირველი ტური "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო შემდეგ ქალაქებში ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, წალენჯიხაში. კანდიდატების ხმებს შორის 1%-ზე ოდნავ მეტი ან ნაკლები სხვაობა დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში: რუსთავი, ხელვაჩაური, სენაკი, ბათუმი. 5 პროცენტის ფარგლებშია სხვაობა მარტვილში, წყალტუბოსა და წალენჯიხაში. როგრც ცნობილია, დანარჩენი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა, მეორე ტურში, "ნაციონალურ მოძრაობას" დაუჭერენ მხარს. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნები ისმის გიორგი გახარიას პარტიის პოზიციაზე. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს რომ გახარია და მისი გუნდი ოპოზიციას დაუჭერს მხარს და მისი ამომრჩევლის ნაწილის ხმები, "ნაციონალური მოძრაობის" კადიდატების ხმებს დაემატება. რამდენიმე ქალაქში სწორედ გახარიას პარტიის ხმები გადაწყვეტს ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარე. ყოფილი პრემიერის პარტიამ პროპორციულ არჩევნებში, 7.8% დააგროვა. 1 37 414 ხმა, დანარჩენმა პარტიებმა კი ორ პროცენტზე ნაკლები აიღეს. თუმცა რამდენად მისაღებია "ნაციონალური მოძრაობა" გიორგი გახარიას 100 ათასამდე მხარდამჭერისთვის, კითხვის ნიშნები ისმის, რადგან ექსპერტების ნაწილი ფიქრობს რომ მისი ძირითადი ამომრჩეველი "ქართული ოცნების" ყოფილი ამომრჩეველია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს. სად მოიგო ოპოზიციამ და ვის რამდენი დეპუტატი ეყოლება თვითმმართველი ქალაქების საკრებულებში ცესკოს წინასწარი შედეგებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას“ 46.68 პროცენტი (822 669 ხმა) აქვს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 30.7 პროცენტი (541 069 ხმა). თბილისი რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს. თბილიის საკრებულოში 6 პარტია მოხვდა. "ქართული ოცნება“ - 40.3% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 27.97%„გახარია-საქართველოსთვის“ - 8.85%„ლელო“-3.63%„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 3.3%„ანა დოლიძე - ხალხისთვის“- 2,57%. აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს „ნაციონალური მოძრაობა“, რვას სხვა პარტიები. მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ბათუმის და ზუგდიდის საკრებულოებში. ბათუმი პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“ 35 წევრიან ბათუმის საკრებულოში ოპოზიურ პარტიებს 19 წევრი ეყოლება, აქედან 15 დეპუტატი გართიანებულ ოპოზიციას "ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის, 3 გიორგი გახარიას პარტიას 1 კი ლელოს. „ქართულ ოცნებას“ 16 დეპუტატი ეყოლება. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში. ზუგდიდი მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა ზუგდიდშიც. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საკრებულოში, პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ – 13 წევრს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 3 წევრს. ზუგდიდის საკრებულო 45 წევრისგან შედგება, მათგან 30 წევრი შევა პროპორციული სიით და 15 წევრი მაჟორიტარული სიით. რაც შეეხება მაჟორიტარებს, 15 სამაჟორიტარო ოლში 10 ოლქი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს და 6 ოლქი „ქართული ოცნების“ წევრებმა. გაერთიანებული ოპოზიციას, "ნაციონალურ მოძრაობას" 45 წევრიან ზუგიდის საკრებულოში 24 დეპუტატი ეყოლება. გიორგი გახარიას პარტიას 3 დეპუტატი. "ქართულ ოცნებას 19 დეპუტატი. რუსთავი 35 წევრიან რუსთავის საკრებულოში "ნაციონალურ მოძრაობას" 16 დეპუტატი ეყოლება, “ქართულ ოცნებას” — 15, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კი 3 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი . ერთ ოლქში კი მეორე ტური გაიმართება, სადაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუპირისპირდება. წალენჯიხა 27 წევრიან წალენჯიხის საკრებულოში 5 მაჟორიტარის ბედი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. მეორე ტურში. აღნიშნული 5 ვაკანტური ადგილის გარდა, 22 მანდატიდან 13 ოპოზიციამ მოიპოვა. აქედან 8 მანდატი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო. გახარიას პარტიამ - 4, ხოლო "ლელომ" -1. სანამ ხუთი მაჟორიტარული ოლქსი მეორე ტურის შედგები გახდება ცნობილი,წალენჯიხის საკრებულოში “ქართული ოცნებას” მხოლოდ 9 დეპუტატი ეყოლება. საქართველოს თვითმმართველ ქალაქში მერობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: თბილისი: კახა კალაძე - ქართული ოცნება - 44.97%, ნიკა მელია - ნაციონალური მოძრაობა - 33.98, ქუთაისი: ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა - 43.35%, იოსებ ხახალეიშვილი - ქართული ოცნება - 41.49% რუსთავი: ნინო ლაცაბიძე - ქართული ოცნება - 44.83%, დავით კირკიტაძე - ნაციონალური მოძრაობა - 43.53% ფოთი: ბექა ვაჭარაძე - ქართული ოცნება - 46.86%, გიგი უგულავა - ნაციონალური მოძრაობა - 38.09% ბათუმი: გიორგი კირთაძე - ნაციონალური მოძრაობა - 41.97%, არჩილ ჩიქოვანი - ქართული ოცნება - 41.08% ზუგდიდი: ნაციონალური მოძრაობა, ანზორ მელია - 23 930 ხმა (46,88%); ქართული ოცნება, მამუკა წოწერია - 21 007 ხმა (41,15%). ლელო მერობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ბრიფინგზე ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მეორე ტური დაინიშნება სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში. სენაკში მმართველი პარტიის კანდიდატ ვახტანგ გადელიას ხმათა 41.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ კობა ნაყოფიას 40.23 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური. მარტვილში, „ქართული ოცნების“ კანდიდატ თორნიკე ჯანაშიას 42.41 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ თეიმურაზ ჯანაშიას 37.92 პროცენტი. ხობშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატ დავით ბუკიას 46.56 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ბესიკ შენგელიას 35.24 პროცენტი. ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ანზორ მელიას ხმათა 46.88 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ მამუკა წოწერიას 41.62 პროცენტი. შესაბამისად, დაინიშნება მეორე ტური. მეორე ტური იქნება წალენჯიხაშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას ხმათა 41.02 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 37.17 პროცენტი. ჩხოროწყუში მმართველი პარტიის კანდიდატ დათო გოგუას ხმათა 46.53 პროცენტი აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ბადრი ქარჩავას 34.9 პროცენტი. შესაბამისად, გაიმართება მეორე ტური. მეორე ტური იქნება ფოთშიც, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს 47.58 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი უგულავას – 37.73 პროცენტი. მეორე ტური გაიმართება ასევე გურიაში, ოზურგეთში, სადაც „ქართული ოცნების“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმათა 42.03 პროცენტი აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძეს 28.53 პროცენტი. მეორე ტური გაიმართება თელავშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ლევან ანდრიაშვილს ხმათა 47.18 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ბოტკოველს 44.96 პროცენტი. თიანეთის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ლევან წიკლაურს ხმათა 43.19 პროცენტი აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური საქართველოსთვის“ კანდიდატ თამაზ მეჭიაურს 30.09 პროცენტი. შიდა ქართლიდან მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში ხაშურსა და ქარელში გაიმართება. ქარელშიც, „ქართული ოცნების“ კანდიდატ ზაზა გულიაშვილს ხმათა 45.77 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკოლოზ ახალკაცს 33.59 პროცენტი/ რაც შეეხება ხაშურს, სადაც ასევე მეორე ტური გაიმართება, აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ თენგიზ ჩიტიაშვილს 44.29 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ იოსებ ბუაძეს 35.53 პროცენტი. მეორე ტური სავარაუდოა ცაგერშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ გიორგი ნემსაძეს ხმათა 49.34 პროცენტი აქვს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ კანდიდატ ბესარიონ ბენდელიანს 35.02 პროცენტი. რაც შეეხება ბაღდათს, ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატ კახა ენუქიძეს ხმათა 49.52 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი რობაქიძეს – 36.19 პროცენტი. შესაბამისად, სავარაუდოა მეორე ტური. წყალტუბოში, მმართველი პარტიის კანდიდატ გენადი ბალანჩივაძეს ხმათა 46.83 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ზაზა მეტრეველს 43.02 პროცენტი. მეორე ტური იქნება ხელვაჩაურშიც, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატ ზაზა დიასამიძეს 42.9 პროცენტი აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მიშა ობოლაძეს 41.18 პროცენტი.
ქუთაისში, აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა. ადგილობრივი რადიოს, “ძველი ქალაქის” თანახმად, მომხდარი შემთხვევა ბუნებრივი აირის დაგროვებას უკავშირდება. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. “ძველი ქალაქის” მიხედვით, ჩამონგრეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
ირაკლი კობახიძე: მომდევნო 3 წლის განმავლობაში ქვეყანაზე მშვიდად ვიზრუნებთ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგიდან პარტიების მანდატებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად ქმნის მყარ უმრავლესობას თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. გამონაკლისია რამდენიმე საკრებულო. „თუმცა, საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა ამ საკრებულოებშიც არ გაგვიჭირდება“, - დაამატა კობახიძემ. „მეორე ტურში, 20-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებაში დარწმუნებული ვართ. შესაბამისად, ჩვენ გავაუმჯობესებთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგსაც კი, სადაც მაშინ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ მერის არჩევნები. მას შემდეგ, რაც მეორე ტურშიც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვეცემა ქვეყანაზე მშვიდად ზრუნვის შესაძლებლობა, რასაც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენებთ. „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია მისი კრიმინალი ლიდერი კი ციხეში იხდის დამსახურებულ სასჯელს. ეს მოცემულობა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, 2024 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის თვისებრივი გაჯანსაღებისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.
უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის მიერ ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე უკრაინაში გამოძიება დაიწყო
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინაში, სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინაში მის მიმართ სისსხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს: „ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“. „ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“, - აღნიშნა წულუკიანმა. „არავითარი სურვილი არ გვაქვს, უკრაინაში მოიხადოს სასჯელი, არავითანი მიზანშეწონილობა ამის არ არსებობს“, - დაამატაკულტურის მინისტრმა. ამავე თემაზე: პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს
ჰუბერტ ქნირში: კოალიციური მთავრობის წევრები გერმანიიდან საქართველოში, ევროინტეგრაციისადმი მხარდამჭერი ძლიერი გზავნილებით ჩამოვლენ
Europetime-მა საქართელოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან ექსკლუზიურ ინტერვიუ ჩაწერა. 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების გარდა, ელჩმა Europetime-ის შეკითხვებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასა და გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზეც უპასუხა. ელჩის თქმით, არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება. „ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებები. ისინი აკვირდებოდნენ მოწესრიგებულ და კარგად ორგანიზებულ კენჭისყრის დღეებს კანონიერი მოთხოვნების შესაბამისად. მეორე მხრივ, მათ შენიშნეს არათანაბარი საასპარეზო პირობები წინასაარჩევნო პერიოდში. ასევე, მცირე და ახალი პარტიებისთვის ძალიან რთულია, კონკურენცია გაუწიონ უფრო დიდ და არსებულ პარტიებს და მათ ამის შესახებ შეჯამებაც გააკეთეს. ასე რომ, ეს არის საკითხები, რომლებიც მომავალში გადასაწყვეტი რჩება“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი. ჰუბერტ ქნირშმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „რთული ამოცანა იტვირთეს“ და „ასე მოწესრიგებულად ჩაატარეს არჩევნები“. კითხვაზე, რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ ეს არის ერთი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, დარჩენილი გადასაჭრელი საკითხები კი ყველას ამოცანად რჩება. „ეს არჩევნები არის ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ეს არის არჩევნები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების შედეგად გაუმჯობესებული კანონმდებლობის დაცვით ტარდება, მაგრამ ის ასევე აჩვენებს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მოსაგვარებელი და ეს რჩება ყველას ამოცანად, მათ შორის პარლამენტისთვის, მთავრობისთვის და განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიებისთვის - მათი კონკურენციისა და ურთიერთქმედებისას არამხოლოდ არჩევნების დროს, არამედ შემდეგი არჩევნების წინ, რომელიც იწყება“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europetime-ს. რაც შეეხება გერმანიის არჩევნებს და მის გავლენას საქართველოზე, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა. „ჩვენ ვაკვირდებით კოალიციის შექმნის პროცესს. ყველა მხარემ, რომელიც გერმანიაში მთავრობის შესაქმნელად გაერთიანდება, ევროინტეგრაციისადმი ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა, რაც იყო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს მოიცავს ევროკავშირის ურთიერთობას თავის აღმოსავლელ მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან. მე მოუთმენლად ველი გერმანიის პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტებს და ისინი თავად ჩამოიტანენ ამ გზავნილებს“, - განაცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ასევე, ინტერვიუს თემა იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, შესაძლო საფრთხეები და მის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა. ჰუბერტ ქნირშის თქმით, ეს არის საკითხი, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან. „ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით. ბოლო დროს, გერმანიაში, თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების რიცხვი გაიზარდა. ისინი კვლავ აკვირდებიან ამ საკითხს და განიხილავენ საქართველოს მთავრობასთან, ეს არის მუდმივი პროცესი “, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
პრემიერმა და თურქეთის თავდაცვის მინისტრმა საფრთხეების შეკავების საკითხსა და ამ კუთხით მოკავშირეებისა და მეგობრების აქტიურ როლზე იმსჯელეს
მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარს შორის შეხვედრისას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს. „აღინიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში თურქეთის მხრიდან გაწეულმა პრაქტიკულმა დახმარებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში. ყურადღება გამახვილდა მრავალეროვნული ერთობლივი სამხედრო წვრთნების როლზე თავდაცვის მექანიზმების განმტკიცებისა და საფრთხეების შეკავების უზრუნველყოფასა და მათში მოკავშირეებისა და მეგობრების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე თურქეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დაცვით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში გადაწყვეტას და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თბილისშია
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რეგიონის უსაფრთხოებისა და ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე. ასევე, ხაზი გაესვა თანამშრომლობას სამხედრო განათლების სფეროში და არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაუდასტურა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ხაზი გაესვა აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მაგისტრალების მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობაზე სამმხრივ ფორმატში, რომელიც უნიკალურ რეგიონულ მექანიზმს წარმოადგენს და იძლევა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობას, უმაღლესი თანამდებობის პირთა, საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრებისა და სხვა უწყებების დონეზე. პრემიერ-მინისტრი მიესალმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2021 წლის გეგმას, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი დაესწრნენ.
საქართველში NATO-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გაიმართება
7-8 ოქტომბერს საქართველო მეოთხედ მასპინძლობს NATO-ს სამხედრო კომიტეტს ახალი თავმჯდომარის ადმირალ ბაუერის მეთაურობით. თავდაცვის სამინისტოს შეფასებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ვიზიტის ფარგლებში NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნობიან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ერთობლივ სხდომაზე თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესზე, NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პრიორიტეტებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პოლიტიკაზე იმსჯელებენ. დაგეგმილია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრებენ. NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრებიან, სადაც NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნობიან.
პროკურატურა: 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს
საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება. სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კიდევ ორი პირი დააკავეს
ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს
საქართველოში აკრედიტებული ელჩები აცხადებენ, რომ მინისტრთან შეხვედრისას, სატელეფონო მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური კორპუსის სახელით გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ელჩების წარმომადგენლობითი ჯგუფი შეხვდა ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. „შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახან გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს უწყებაში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში წმიდა საყდრის ნუნციოსთან, ჟოზე აველინო ბეტანკურთან, საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ, კარლ ჰარცელთან, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, კელი დეგნანთან და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, იმამურა აკირასთან. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფარულ ჩანაწერებს. „საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების დაინტერესება და მკაფიო პოზიცია, დადგინდეს სიმართლე გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ, რისთვისაც საქართველოს პროკურატურამ მყისიერად დაიწყო საპროცესო მოქმედებები. დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის გულისხმობს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. აღინიშნა, რომ საგამოძიებო ორგანომ, საპროცესო მოქმედებების დაწყებისთანავე სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, შესაბამისად შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზაობა, რომ საქართველო ღიაა, დამატებით მიიღოს სამართლებრივი დახმარება სხვა დაინტერესებული საერთაშორისო პარტნიორებისგან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა და დადასტურდა, რომ სახელმწიფო ერთგულად იცავს საერთაშორისო ვალდებულების, მათ შორის დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 და 1963 წლების კონვენციების პრინციპებს. თავის მხრივ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პატივისცემა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მიმართ“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.