ძებნის რეზულტატი:
ევროკავშირი ევროკომისიას მოუწოდებს, მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის მუშაობა დააჩქაროს
ევროკავშირის საბჭო ევროკომისიას მოუწოდებს, მესამე ქვეყნებთან კოვიდსერტიფიკატების ორმხრივი აღიარებისთვის მუშაობა დააჩქაროს. ევროკავშირის აღნიშნული მოთხოვნის შესახებ, ვროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეშია ნათქვამი. "ევროპული ქვეყების გაერთიანება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საბჭო წევრ ქვეყნებს ევროკავშირის შიგნით თავისუფალი მიმოსვლისა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებით, ევროკავშირი უფრო აქტიურად შეებრძოლება კორონავირუსის შესახებ ყალბ ახალ ამბებს", - ნათქვამია კომუნიკეში. ევროპელმა მაღალჩინოსნებმა განაცხადეს ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, ევროკავშირში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის წარმატების შესახებ. ამავე დროს აღნიშნეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდვითარება კვლავ რთული რჩება, მათ შორის ლატვია და რუმინეთი დასახელდა.
კახა კუჭავა: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანის გზაზე საბერძნეთისგან ვიღებთ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოს დენდიასს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული არჩევანის გზაზე, საბერძნეთისგან ვიღებთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მომავალ ვიზიტზე, რომელიც საქართველოში ნოემბერში გაიმართება და იმ გეგმებზე, რომლებზეც ორი ქვეყანა სტრატეგიულად გააგრძელებს მუშაობას. საბერძნეთში საქართველოს ძალიან დიდი დიასპორა ცხოვრობს და ამ საკითხებსაც შევეხეთ. პოლიტიკურ ნაწილში, მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ მოგვესმინა საბერძნეთიდან“, - აღნიშნა კახა კუჭავამ. კახა კუჭავა ათენში, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან გამართა. საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც,დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციასთან. „ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. ელჩი: მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან
ჯანმო: COVID19 -ს მსოფლიოში 80 000-180 000-მდე ჯანდაცვის სფეროსა და მზრუნველობის სახლების მუშაკი ემსხვერპლა
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს მსოფლიოში, დაახლოებით, 80 000-180 000-მდე ჯანდაცვის სფეროსა და მზრუნველობის სახლების მუშაკი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცი ავრცელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიაში პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს უნდა მიენიჭოთ. მისი თქმით, იმაში, რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ჯანდაცვის მუშაკი აუცრელია, ის ქვეყნები და კომპანიები არიან დამნაშავეები, რომლებიც ვაქცინების გლობალურად განაწილებას აკონტროლებენ. „მონაცემები აჩვენებს, რომ საშუალოდ, ყოველ ხუთ ჯანდაცვის მუშაკს შორის ორი სრულად არის ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, ეს საშუალო მაჩვენებელი ნიღბავს უზარმაზარ განსხვავებებს სხვადასხვა რეგიონებს შორის. აფრიკაში ყოველ ათ ჯანდაცვის მუშაკზე ერთზე ნაკლები სრულად ვაქცინირებული პირი მოდის, მაშინ, როცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების 80%-ი სრულადაა ვაქცინირებული,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში 30 დღით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მთავრობა აღნიშნული ინიციატივის დასამტკიცებლად პარლამენტს მიმართავს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიზეზი "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადის ამოწურვა გახდა. ახალი კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის, რადგან მხარეები მისაღებ ფასზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ. კონტრაქტის განახლებამდე, მოლდოვა იძულებულია რუსული გაზი დაახლოებით 4-ჯერ უფრო ძვირად შეიძინოს. ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში მოლდოვას 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოსკოვში „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავრობის ცნობით, მოლდოვის გაზის ბაზარზე დაახლოებით 16 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის დეფიციტია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს. „შეთანხმების მიღწევას თუ ვერ შევძლებთ, სხვა ზომებს მივმართავთ, რათა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა გავრილიცამ. საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს. ამის შესახებ, ბორელის პირად ბლოგზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს. რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს. 13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარყო ბრალდება, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. პუტინმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში. ანდრიუს კუბილიუსი: მოლდოვა ევროპის იმედია ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აშშ-მა მოლდოვას სამხედრო ტექნიკა გადასცა
სამინისტრო: COVID19 მასწავლებლების 1,1%-ს და მოსწავლეების – 0,5%-ს დაუდასტურდა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია
"კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1,1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,5%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია", - ამის შესახებ განათლების სამინისტროში განაცხადეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. როგორც უწყებაში აცხადებენ, ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. განათლების სამინისტროს ცნობით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 219 სკოლა და ცალკეული 493 კლასი. "კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69,3%. სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკჯგუფში მყოფი 89 მასწავლებელი. სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით ვაქცინირებული სკოლის პერსონალი ყოველ 14 დღეში ერთხელ PCR მეთოდით იტესტება, ხოლო არასრულად ვაქცინირებული ან აუცრელი პირები – ყოველ 7 დღეში ერთხელ ანტიგენის სწრაფი ტესტით. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. თავის მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციების დაცვასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ."- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესპანურ მხარესთან ესპანეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერის საკითხები განიხილა
საქართველოს საგარეო სამქეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტიდი სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება და შეხევდრებს მართავს ესპანეთის სხვადასხვა რეგიონში ადგილზე მცხოვრები თანამემამულეების საკითხებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ვლადიმერ კონსტანტინიდმა შეხვედრა გამართა ქ. ალიკანტეს მერთან ლელოს გონსალეს სერნასთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქ.ალიკანტეს მერთან ესპანეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის საკითხები განიხილა "შეხვედრაზე საუბარი შეეხო უცხოეთში, კერძოდ ესპანეთის სამეფოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერას, როგორც სხვადასხვა პროექტების განხორციელების კუთხით, ასევე ადგილობრივ დონეზე მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ალიკანტეს მერს იმ პროექტებისთვის რასაც მერია ახორციელებს ქართული დიასპორისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს თანამემამულეებს თავისი საქმიანობის განხორციელების და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ქ.ალიკნატეს განვითარების და ინოვაციების ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ხუან იგნასიო ტორრეგროსასთან, სადაც მხარეებმა განიხილეს ცენტრის მიერ, ინოვაციური და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებული პროექტების, მათ შორის სტარტაპების კუთხით, საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხი. ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხევდრებს გამართავს ასევე ქ. ბარსელონაში. ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოს დელეგაციასთან ერთად შეხვდება ესპანეთის სამეფოში მცხოვრებ ქართულ დიასპორას. აღსანიშნავია, რომ ვიზიტი ხორციელდება მიგრაციის განვითარების პოლიტიკის საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან გამართავენ ესპანეთის მიგრაციის კანონმდებლობის შესახებ გზამკვლევის პრეზენტაციას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სუს-ის უფროსმა ირანის ელჩთან საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აქბარ ყასემი ალიაბადის შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელეს. „შეხვედრაზე გრიგოლ ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ უამრავი გამოწვევის ფონზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში
UNICEF-ი შიშობს, რომ საქართველოში ბავშვები სასოფლო სამეურნეო შრომაში ზედმეტად არიან ჩართულნი და მათი უფლებები ირღვევა
„UNICEF-ი სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე ბავშვები მასობრივად არიან ჩართული და არის გარკვეული შიში, რომ არ არის დაცული მათი მუშაობის პირობები", - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დღეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. "ჩვენმა კომიტეტმა UNICEF-ის ანგარიში და რეკომენდაციები დეტალურად განიხილა, რის შემდეგ შრომის კოდექსში სათანადოდ დარეგულირდა ბავშვების შრომის პირობები და უფლებები. თუმცა რა თქმა უნდა, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას ყურადღება და თვალყურის მიდევნება სჭირდება, მათ შორის, ისეთ მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა შრომით პირობებთან დაკავშირებით, სადაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ბავშვების შრომა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად გააგრძელებენ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება ბავშვების შრომის მასობრივი გამოყენება, მეორეს მხრივ გაააქტიურებენ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, შრომის ინსპექციასთან, რათა ბავშვების შრომით პირობებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიენიჭოს. შეხვედრაზე ყურადღება ორგანიზმში ტყვიის მატების პრობლემატიკასაც დაეთმო. „ეს თემა ჯერ კიდევ მაშინ შევისწავლეთ, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ვხელმძღვანელობდი და შესაბამისი მოკვლევაც ჩავატარეთ, რაშიც UNICEF-საც დიდი წვლილი მიუძღვის. მათივე დახმარებით, ტყვიის წარმოშობის წყაროების დეტალურად მოკვლევის მიზნით, საქართველოს შესაბამისი ლაბორატორიაც გადმოეცა. ახლა შევთანხმდით, რომ პარლამენტის ფარგლებში მოსმენას ჩავატარებთ საპარლამენტო თემატური მოკვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელშიც აუცილებლად ჩაერთვება ასევე იუნისეფი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს რეკომენდაციების აღსრულებაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება
თურქეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამხედრო-საჰაერო საწარმოს დაარსების საკითხი განიხილება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ აზარაშვილმა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ოღლიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის დელეგაციას, კომპანია „თუსაშის“ აღმასრულებელ დირექტორს თემელ კოტილოვს და ვიცე-პრეზიდენტს ავიაციის დარგში ატილა დოგანს უმასპინძლეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო – თურქეთს შორის თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, რაც მიზნად ისახავს ერთობლივი საწარმოს დაარსებას და სამხედრო-საჰაერო მრეწველობის განვითარებას. შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა სს „თამ“ თბილავიამშენის ტერიტორიაზე საფრენი აპარატების სამწყობრო საწარმო დაათვალიერეს, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად საფრენი აპარატების აღდგენა, რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია მიმდინარეობს.
ჯანმოს ექსპერტები საქართველოში იმყოფებიან
საქართველო ჯანმოს ექსპერტებს მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სადაც 2 ძირითად საკითხზე ისაუბრეს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის რეგიონალიზაციის საკითხი და მნიშვნელობა, ს/ჯ ცენტრების როლი და ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში, ასევე ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარება საზჯანდაცვის სპეციალისტებზე აქცენტით. შეხვედრაზე ცენტრის ხელმძღვანელობამ ექსპერტებს გაუზიარა ამ სისტემების ინტეგრაციასა და შესაძლო რეფორმაციაზე საკუთარი ხედვები. აგრეთვე, ჯანმოს ექსპერტებს წარედგინათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემაში მომუშავე ადამიანური რესუსის მომავალი უწყვეტი პროფესიული განვითარების შესახებ მოკლე ანგარიში, რომლის საფუძველზე შესაბამისი დარგის ექსპერტები ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-სთან ერთად იმუშავებენ უპგ სამოდელო სისტემის შექმნაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
თბილისში, მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა
თბილისში, მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მშენებარე კორპუსში მოხდა. ახალგაზრდა კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ვლადიმერ პუტინი: დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინის სამხედრო განვითარება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, გახდება თუ არა უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო. „NATO-ში უკრაინის ოფიციალურად გაწევრიანება შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ამ ტერიტორიის სამხედრო განვითარება უკვე მიმდინარეობს. ეს კი საფრთხეს უქმნის რუსეთს,“- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სოჭში ჟურნალისტებთან საუბრის დროს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა. მისი თქმით, რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება აშშ-ის ეროვნული ინტერესია. აღსანიშნავია რომ 21-22 ოქტომბრის NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე მთავარ გამოწვევად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეები განიხილეს. "შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წარმომადგენლობა გაზარდა. "შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან, სამი ქვეყანა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უკვე ალიანსის წევრები არიან, ასევე ამ რეგიონში არის ორი ძალიან ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, ასევე მუდმივად ვაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ნაწილობრივ წარმომადგენლობის გაზრდით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობის გაზრდით. ეს არის ის, რისთვისაც გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი დონის მზადყოფნა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
Reuters-ი რუსული ვაქცინა ევროკავშირისგან ავტორიზაციას წელს ვერ მიიღებს
ევროკავშირის წამლების მარეგულირებელი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაწყვეტს, რუსული Sputnik V-ის დამტკიცებას სულ მცირე 2022 წლის პირველ კვარტალამდე, რადგან განხილვისთვის საჭირო ზოგიერთი მონაცემი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. EMA-მ რუსული ვაქცინის მონაცემების ოფიციალური გაცნობა მარტში დაიწყო და მოსალოდნელი იყო, რომ მაისში ან ივნისში მიიღებდა გადაწყვეტილებას. ეს ვაქცინა რუსეთში აქტიურად გამოიყენება და მისი შექმნელები აცხადებენ, რომ მათი პრეპატარი 97%-ით ეფექტიანია კოვიდინფექციის წინააღმდეგ. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით იყო ტექნიკური პრობლემა და ახლა ამის მოგვარება მიმდინარეობს ევროპის მარეგულირებელთან. ვაქცინა არც ჯანმოს უღიარებია.
ბოლო 10 დღეში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 6 837 იყო
22 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 938 274 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 020 110 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.9 %. სრულად ვაქცინირებულია 917 638 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.1% 21 ოქტომბერს აიცრა 5 309 ადამიანი. 20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი. 19 ოქტომბერს - 5 543, 18 ოქტომბერს - 6 203, 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი - 2265 დაფიქსირდა. 16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა. ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, 21 ოქტომბერს, კახეთში 100 წლის ქალი აიცრა. შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა. ამავე თემაზე: რატომ იკლო ვაქცინაციის მაჩვენებელმა საქართველოში
NATO ახალ ფონდს ქმნის, რომელიც ალიანსის მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინოვაციების შექმნას დააფინანსებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 17 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები NATO-ს ახალი საინოვაციო ფონდის დაარსებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის შეთანხმებას მოკავშირეებმა ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე მოაწერეს ხელი. NATO-ს განცხადებით, მრავალეროვანი ფონდი დაეხმარება ალიანსს შეინარჩუნოს თავისი ტექნოლოგიური უპირატესობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირების გზით. ფონდი ასევე ხელს შეუწყობს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ნოვატორებთან. „ბრიუსელის სამიტზე, ნატო-ს ლიდერებმა ჩვენი ალიანსის გაძლიერების ვალდებულება აიღეს, მათ შორის ტრანსატლანტიკური ინოვაციების განვითარებით და დაცვით. დღეს ჩვენ ვასრულებთ ამ ვალდებულებას, ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას სწრაფად ცვალებად მსოფლიოში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს საინოვაციო ფონდის შექმნის შეთანხმებას ხელი მოაწერეს ბელგიამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, უნგრეთმა, იტალიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ და დიდმა ბრიტანეთმა.
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი: გლობალური დათბობა გეოპოლიტიკურ დაძაბულობას გაზრდის
ავღანეთი, ინდოეთი და პაკისტანი იმ 11 ქვეყანას შორის არიან, რომლებიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური კრიზისებზე რეაგირების უნარის თვალსაზრისით, „უაღრესად დაუცველთა“ სიაში მოხვდნენ. იტყობინება Reuters-ი. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის პროგნოზით, გლობალური დათბობა გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკებს გაზრდის მიმდინარე პერიოდიდან 2040 წლამდე მონაკვეთში. ასეთ ქვეყნებად ჩამოთვლილია ავღანეთი, ინდოეთი, პაკისტანი, მიანმარი, ერაყი, ჩრდილოეთ კორეა, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, ნიკარაგუა და კოლუმბია. სიცხე, გვალვა, წყლის ხელმისაწვდომობა და არაეფექტური მთავრობა ავღანეთში ვითარებას განსაკუთრებულად შემაშფოთებელს ხდის. წყლის საკითხზე დავები ასევე არის ცხელი წერტილი ინდოეთსა და დანარჩენ სამხრეთ აზიაში.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს. ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის რანგში ბოლოჯერ დაესწრო ევროკავშირის სამიტს. „ევროპული საბჭო ანგელას გარეშე ჰგავს რომს, ვატიკანის გარეშე, ან პარიზს ეიფელის კოშკის გარეშე. ჩვენ დაგვაკლდება თქვენი სიბრძნე, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში“, – ასე შეაფასა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ანგელა მერკელის საქმიანობა. პრეზიდენტმა მიშელმა ანგელა მერკელს ასევე „ევროპული პროექტის კომპასი და შუქურა“ უწოდა. მერკელი გერმანიის მთავრობას 16 წელი მეთაურობდა. მერკელს კანცლერის პოსტზე სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი ჩაანაცვლებს. სოციალ-დემოკრატებმა 2021 წლის, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობა დააგროვეს.
NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა
NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა, რომელზეც ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალზე შეთანხმდნენ. ხელოვნური ინტელექტი არის ერთ-ერთი იმ შვიდი ტექნოლოგიური სფეროდან, რომელსაც NATO-ს მოკავშირეებმა პრიორიტეტი მიანიჭეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით. მათ შორისაა კვანტური ტექნოლოგიები, მონაცემები და გამოთვლები, ავტონომია, ბიოტექნოლოგია და ადამიანის შესაძლებლობები, ჰიპერბგერითი ტექნოლოგიები და სივრცე. „ყველა ამ ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებს შორის, ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი ყველაზე გავრცელებულია. რთული გამოწვევების გადასაჭრელად, NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა ასევე დაამტკიცეს პირველი პოლიტიკა მონაცემთა ექსპლუატაციაში. სამომავლოდ, ალიანსი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას მისი სამი ძირითადი ამოცანის მხარდასაჭერად. ჩრდილო ატლანტიკური თავდაცვის ინოვაციების პროგრამის (DIANA) ფარგლებში, ეროვნული ხელოვნური ინტელექტის ტესტირების ცენტრებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ NATO-ს (AI) ამბიციას. NATO და მოკავშირეები ასევე ჩაატარებენ რეგულარულ მაღალი დონის დიალოგებს, ჩაერთვებიან ტექნოლოგიურ კომპანიებში სტრატეგიულ პოლიტიკურ დონეზე, რათა იყვნენ ინფორმირებულნი და შექმნან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, შექმნან ხელოვნური ინტელექტიდან გამომდინარე შესაძლებლობები და რისკები. გარდა ამისა, NATO დარჩება ტრანსატლანტიკურ ფორუმად AI თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს და ამავე დროს დაიცავს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ მისი მავნე გამოყენებისგან. ზოგიერთმა სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორმა შესაძლოა, ასევე გამოიყენონ დეზინფორმაციის შესაძლებლობები მოკავშირე საზოგადოებებში, AI-ის სამხედრო გამოყენების მიმართ საზოგადოების უნდობლობის შექმნით. მოკავშირეები შეეცდებიან, თავიდან აიცილონ და დაუპირისპირდნენ ნებისმიერ ასეთ ძალისხმევას და გამოიყენონ სტრატეგიული კომუნიკაციები, საჭიროების შემთხვევაში. NATO მხარს დაუჭერს მოკავშირეებს საჭიროებისამებრ. მოკავშირეთა ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლობით გამოყენების უზრუნველსაყოფად, NATO შესაბამისი პრინციპებით იმოქმედებს. ეს პრინციპები გავრცელდება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. შესაბამისად, მოკავშირეები და NATO ამ პრინციპებს გამოიყენებენ განვითარების ყველა მიმართულებით“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.
NATO-ს 15 მოკავშირე სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს
15 მოკავშირე სახმელეთო და საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებს. NATO-ს 15 მოკავშირის თავდაცვის მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ეთგულება, განავითარონ, შეიძინონ და მიაწოდონ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, რომლებიც დაიცავენ მოკავშირეთა პერსონალს, აღჭურვილობას და ობიექტებს საჰაერო საფრთხისგან. ამის შესახებ NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტში აღნიშნული. „მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის გაზრდით, ჩვენი შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესებითა და გამოწვევებზე რეაგირებით, ტრანსატლანტიკურ რეგიონს უფრო უსაფრთხოს და უფრო მომზადებულს ვაქცევთ ნებისმიერი საფრთხის წინაშე“, - განაცხადა გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯეოანამ ხელმოწერის ღონისძიებაზე. ეს პროექტი მიზნად ისახავს მოკავშირეთა ძალების რაკეტების, საარტილერიო და ნაღმტყორცნების საფრთხისგან დაცვის შესაძლებლობების განვითარებას და მიწოდებას. ამ პროექტის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პოტენციურ გადაწყვეტილებებზე, ინოვაციური მიდგომების საშუალებით, როგორიცაა პირდაპირი, ენერგიაზე დაფუძნებული შესაძლებლობები. ექვსმა მოკავშირემ - დანია, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ, წამოიწყეს ახალი ინიციატივა, რათა საერთო ჯამში, შეიძინონ და განავითარონ სარდლობისა და კონტროლის შესაძლებლობები ბატალიონისა და ბრიგადის დონეზე, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვისთვის (GBAD C2 Layer). მრავალეროვნული მიდგომა შეამცირებს გამოყენებული სისტემების მრავალფეროვნებას და ამავდროულად გაზრდის მოკავშირეებს შორის თავსებადობას და NATO-ს GBAD ძალების ოპერატიული მზადყოფნა. NATO-მ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სტრატეგია პირველად გამოაქვეყნა.
თენგიზ ცერცვაძე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი თუ შენარჩუნდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 000, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას. „პირადად მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა დადის კარდაკარ, არსად, არცერთ ქვეყანაში ეს არ კეთდება და ცდილობს, დაარწმუნოს ვაქცინაციაში. მიუხედავად ამისა, ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა დღიური რაოდენობა არის 4-5 ათასი, რაც არის კატასტროფა. აქედანაც ძირითადად მეორადი აცრებია. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და, საბოლოო ჯამში, ქვეყანას. თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. გარდა ამისა, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა, როგორც ჩანს, საშინელი გავლენა მოახდინა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა. შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა.