ძებნის რეზულტატი:

სამხედრო ანალიტიკოსი: ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება, აუცილებელია საზღვაო თავდაცვის გაძლიერება

"ბათუმის პორტი რომ ჩაგვიკეტონ, ჩათვალეთ, მთელი საქართველოს ეკონომიკა იკეტება. მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლების დაცვის გაძლიერება, რომელიც არის დესანტსაშიში", - ამის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ირაკლი ალადაშვილმა Europetime-ს აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის შეფასებისას განაცხადა. როგორც სახმედრო ანალიტიკოსი Euroepetime-თან საუბრისას განმარტავს, 1993 წელს აფხაზეთის ომში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსული დესანტის გადმოსხმის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ სანაპირო დაცვის გაძლიერება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთის. "ჩვენთვის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხელახლა შექმნა რთულია, რომელიც 2008 წლის შემდეგ გავაუქმეთ და გავაერთიანეთ შსს-ს სანაპირო დაცვასთან. ფლოტს ვერ შევინახავდით. ომის დროსაც გამოჩნდა, რომ ვერ გამოვიყენეთ და ვერ გამოვიყენებდით. საჭიროა ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერება. მოწინაღმდეგის საზღვაო დესანტისგან დასაცავად, ასევე პორტების ბლოკირებისგან დასაცავად. თუ ჩვენ ვაძლიერებთ ტანკსაწინაღმდეგო თავდაცვის საშუალებებს, იგივე ჯაველინების შეძენის სახით და იგივე საფრანგეთისგან საზენიტო მისტრალების შესყიდვით, ასევე ლოგიკური იქნება ხომალდსაწინააღმდეგო სანაპირო დაცვის გაძლიერება. სანაპირო დაცვას პატარა კატარღების ტყვიამფრქვევებით ვერ შევძლებთ. აქ არის საუბარი მართვად ხომალდსაწინაღდეგო რაკეტების შეძენის საჭიროებაზე, მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, მაგრამ შუძლიათ, 100-300 კილომეტრამდე მანძილზე მოწინაღმდეგის ხომალდის დაზიანდება. ამას აკეთებს უკვე უკრაინა, თავისი ნეპტუნის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსების წარმოებით. ესტონეთმა ისრაელთან გააფორმა ხელშეკრულება თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო სისტემას ყიდულობს. იგივეს აკეთებს, ლიეტუვა, ლარვია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამივე ქვეყანა NATO-ს წევრი ქვეყნები არიან. მათ იციან, რა არის საზღვაო დესანტის საფრთხე", - განმარტავს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის "არსენალის" მთავარი რედაქტორი და ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი. მისი თქმით, ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფარგლებში საქართველო აშშ-ს შორის კონკრეტული შეთანხმებაც გაფორმდა, თუმცა ვიზიტის მთავარი თემა მაინც შავი ზღვის აკვატორიაა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინიციატივით, აშშ-ს და საქართველოს შორის ახალი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას“ ითვალისწინებს. ანალიტიკოსი მოიაზრებს რომ ეს შეთანხმება საქართველოს საზღვაო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასაც გულისხმობს. აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად ლოიდ ოსტინი 3+3 ფორმატზე: ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს, რუსეთმა პატივის უნდა სცეს 2008 წლის შეთანხმებას ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული ავიაგამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა

შავი ზღვის თავზე „სუ-39“-ის ტიპის ორი რუსული გამანადგურებელი B-1B-ის ტიპის ორ ამერიკულ სტარტეგიულ ბომბდამშენს აედევნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რუსულმა გამანადგურებელებმა თვალი მიადევნეს, რომ ამერიკულ სამხედრო თვითმფრინავებს რუსეთის საზღვარი არ დაერღვიათ. ამერიკული ბომბდამშენების უკან მოტრიალების შემდეგ, რუსული თვითმფრინავები ბაზირების აეროდრომზე დაბრუნდნენ', - აღნიშნულია განცხაებში. Reuters-ის ცნობით, შავი ზღვის თავზე მომხდარი ინციდენტი რეგიონში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტის ფონზე მოხდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართვეოსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, რუმინეთში გაიმგზავრა. ვიზიტის მთავარი თმა კი შავი ზღვის აკვატორიის უსართხოებაა. ლოიდ ოსტინი: აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მის მიერ სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს აშშ და საქართველო შეთანხმებას გააფორმებენ, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად

გოგელიას კლინიკაში 35 მოქალაქეს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს, სავარაუდოდ C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აცრისას მოითხოვეს ენახათ ვაქცინის შეფუთვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდნენ. დაზარალებულების თქმით, გრიპის საწინააღდეგო ვაქცინით აცრისთვის, კლინიკას 75 ლარი გადაუხადეს. მომხდარზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია. გარდა იმისა, რომ კლინიკას იმუნიზაციის ნებართვა არ ჰქონდა, ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს ე.წ ვაქცინაცია ჩაუტარა, ერთი წლის წინ გაყალბებული სერთიფიკატით საქმიანობდა და ამის გამო პირობითი სასჯელიც მიიღო. გოგე ფაქტის შესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, პრეპარატი რომლის ინექციაც დაახლოებით 35 ადამიანს გაუკეთეს ექსპერტიზაზე გადაიგზავნება.

აშშ: მოუთმენლად ველით საქართველოსთან მტკიცე ურთიერთობის განვითარებას, მათ შორის წვრთნებით, რაც აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს

სამხედრო ანალიტიკურმა პორტალმა Defencenews აშშ-ის თავდაცვის მდივნის ევროპულ ტურნეს, და უფრო კონკრეტულად, ჯერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სტატია მიუძღვნა. სტატიის მიხედვით, ლოიდ ჯეი ოსტინმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეგრძელებინათ სამხედრო წვრთნები შავი ზღვის რეგიონის მოკავშირისთვის, რათა თავის მხრივ დაემტკიცებინა აღმოსავლეთის ფლანგზე, რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი მოკავშირეების მხარდაჭერა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. „ერთი რამ, რისი თქმაც მკაფიოდ მსურს, ისაა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და მის ძალისხმევას, გააფართოოს მისი გავლენები შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენებით და მავნე ქმედებებით”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა „ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია იმისთვის, რომ სრულად გავაცნობიეროთ ის ხედვა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ - ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, - დაამატა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა. შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო. კერძოდ, 18 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. დოკუმენტი - GDDEI, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) შეცვლის. დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს იქნება მრავალწლიანი ინვესტიცია, მასში კონკრეტული დრო აღნიშნული არ არის, თუმცა წინა პროგრამა (GDRP), რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში სრულდება. უფრო კონკრეტულად, რა წერია დოკუმენტში, Europetime-მა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობ ინიციატივას გადახედა და გთავაზობთ მის შინაარსს. საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი ინიციატივა „აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში ახალი ფაზაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) შემდგომ მოდერნიზაციას და განვითარებას უსაფრთხოების საერთო ინტერესების მხარდასაჭერად. GDDEI აჩვენებს შეერთებული შტატების უწყვეტ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. GDDEI არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური, ორმხრივი ძალისხმევა, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება მტკიცე ურთიერთობა სამხედრო სფეროში. GDDEI ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ორგანიზაციულ ცვლილებებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროში ინსტიტუციურ შესაძლებლობებს შექმნის. მეორე კომპონენტი ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის წვრთნასა და ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში მონაწილეობაზე. GDDEI ემყარება GDRP– ის ფარგლებში შემაკავებელი და ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შედეგად მიღწეულ პროგრესს, რაც ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთანამშრომლობას და ინსტიტუციური რეფორმისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას. საქართველოს მთავრობის მედეგობის უნარი, რომლის მხარდაჭერასაც GDDEI ცდილობს, მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სხვა სამინისტროებს შორის. შეერთებული შტატები კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ, რომ ქვეყანამ დაიცვას თავი და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას, გემების ვიზიტებს და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და NATO-ს ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში. აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ხანგრძლივი და პროდუქტიული სამხედრო ურთიერთობა აქვს. ერთობლივმა სწავლებამ განაპირობა ჩვენი ძლიერი და სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნა უზრუნველყო. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, რათა განვავითაროთ ჩვენი მტკიცე ურთიერთობა წვრთნებით, რაც აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს მტკიცე უსაფრთხოების გარემოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში. ცნობისთვის, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს შემდეგ, უკრაინას ეწვია, რუმინეთში ვიზიტის შემდეგ კი, ტურნეს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს.

ელჩი: მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით დონდუას ცნობით, მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან. როგორც დავით დონდუა აცხადებს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გაიმართოს, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტი დაიწყო. კახა კუჭავა ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც,დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციასთან. „ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და გადაადგილების დეტალური მარშრუტი გაასაჯაროვა

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და გადაადგილების დეტალური მარშრუტი გაასაჯაროვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. ამ გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები. ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, ე.ც.-ს სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დაუმძიმა, ხოლო გ.ნ.-ს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა. აქვე, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებულია კიდევ ორი პირი - შ.წ. და ზ.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. ამ გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა შპს ,IKA TRANS-ის საკუთრებაში არსებული SCANIA-ს ფირმის ე.ც.-ს მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება - ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. აღნიშნული ტრაილერი ჯერ ხიდზე შეჩერდა, რის შემდეგაც ე.ც.-მ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, 01:47:27 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ე.ც.-მ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49:37 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ე.ც.-ს დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით.აღნიშნულის შემდეგ, 01:50:52 საათზე ე.ც.-მ ნელი სვლით და ჩართული საავარიო შუქსიგნალიზაციით გააგრძელა გზა გასასვლელისკენ, თუმცა 01:53:06 საათზე კიდევ შეჩერდა გზაში, გადავიდა ტრაილერის უკანა კართან, შეამოწმა სწორად ჰქონდა თუ არა დაკეტილი კარი, დაბრუნდა სატვირთო ავტომანქანის საჭესთან და გააგრძელა გზა. ტრაილერი 02:08:30 საათზე მივიდა გეზთან, სადაც ელოდებოდნენ შ.წ და ზ.წ. მათი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით. 02:15 საათიდან 02:20 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, ხოლო ე.ც.-მ ტრაილერი დააყენა გეზის ტერიტორიაზე. 03:13:35 საათზე ე.ც. ფეხით გავიდა გეზის ტერიტორიდან და ჩაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილი, შ.წ., ზ.წ. და წავიდნენ აბაშის მიმართულებით. იმავე დღეს, დაახლოებით 04:03 საათზე, ისინი ჩავიდნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ სახლში.29 სექტემბერს, დღის საათებში, ე.ც. დაუკავშირდა მის მეგობარს გ.ნ.-ს და სთხოვა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მისი ავტომანქანის ვეტშემოწმებაში დახმარება. გ.ნ. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, 29 სექტემბერს, 16:43 საათიდან 17:50 საათამდე დროის პერიოდში, ფოთი-ხობი-სენაკის გავლით გადაადგილდა აბაშის მიმართულებით და გაჩერდა. პარალელურად, ე.ც. და მიხეილ სააკაშვილი თეთრი ფერის „FORD“-ის ფირმის TRANSIT-ის მოდელის მიკროავტობუსით, 18:34 საათიდან 20:51 საათამდე დროის პერიოდში, აბაშის რაიონის სოფელ ტყვირიდან ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით გაემართნენ ბათუმის მიმართულებით, ხოლო იმავე ტრანსპორტით ბათუმიდან აბაშის მიმართულებით დაბრუნდნენ 20:35 საათიდან 22:48 საათამდე დროის პერიოდში. 29 სექტემბერს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში მიხეილ სააკაშვილი და ე.ც. გადასხდნენ სოფელ ტყვირის ტერიტორიაზე გაჩერებულ „SCANIA“-ს ფირმის მისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ასევე იმყოფებოდა გ.ნ. და დაიწყეს მოძრაობა თბილისის მიმართულებით. ზემოაღნიშნული პირები თერჯოლა-არგვეთა-ზესტაფონი-სურამი-ხაშური-გორი-მცხეთის გავლით გადაადგილდნენ თბილისის მიმართულებით და ქ.თბილისში, ერწოს ქუჩაზე მდებარე ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან დაახლოებით 04:25-04:30 საათზე მივიდნენ. ე.ც.-ს საცხოვრებელ ბინასთან აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ე.ც., რომლებიც დაბინავდნენ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო გ.ნ.-მ გააგრძელა გზა და დაახლოებით 05:24 საათიდან 05:28 საათამდე პერიოდში, კახეთის გზატკეცილის გავლით მივიდა თბილისის გეზ-ში, სადაც გადმოცალა ტრაილერიდან დატვირთული პროდუქტები და 14:39 საათზე ავტომანქანა გააჩერა თბილისში, ო.ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ტრაილერების სადგომზე. სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ე.ც. საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. დადგენილია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის და გადაადგილების ზუსტი მარშრუტი, შესწავლილია 112-ს სათვალთვალო კამერების ასეულობით ვიდეოჩანაწერი, ასევე, კერძო კომპანიების სათვალთვალო კამერები. გამოკითხულია საქმესთან კავშირში მყოფი 69 პირი, გამოთხოვილი და შესწავლილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების მობილურ ტელეფონებზე მომსახურე ანძების და მათი ადგილმდებარეობის, დაფარვის ზონის და რადიუსის შესახებ ინფორმაციები. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს მეშვეობით უკრაინის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გადაგზავნილია შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები; საქმეზე ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და ამავე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებზე დანიშნულია 4 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე ამოღებულ ბრალდებულ ე.ც.-ს კუთვნილ SCANIA- ფირმის სატვირთო ავტომანქანაზე დანიშნულია ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აცხადებენ პროკურატურაში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ოთხი ადამიანია დაკავებული.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ტრაილერის მძღოლ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა არამარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, 01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა. "ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სწორედ ამ გარემოების გამო დაუმძიმდა ელგუჯა ცომაიას ბრალი. მის გარდა დაკავებულები არიან მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები და ტრაილერის კიდევ ერთი მძღოლი გიორგი ნარიმანიძე. სამივე მათგანს ბრალი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყნებეული. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია პირველ ოქტომბერს დააკავეს. მაშინ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

პარტიებმა „დროამ“ და „ლელომ“ დღეს კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პარტიებმა „დროამ“ და „ლელომ“ დღეს კოალიციური თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ერთი, ისე მეორე პატიის ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი პარტიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. როგორც ხელმოწერის ცერემონიამდე „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ორპარტიული გაერთიანება იქნება იმის გარანტი, რომ ქვეყანა მომავალში კოალიციურად იმართებოდეს. „ჩვენი მიზნები და ამოცანები ძალიან ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენ ვიქნებით ის პლატფორმა, რომელიც ერთპარტიულობის დამთავრების და ჟანსაღი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება. დიახ, იქნება გარანტი, რომელიც არავის მისცემს ერთპარტიული მმართველობის საშუალებას. ძალიან მიხარია, რომ ხელს ვაწერთ ამ დოკუმენტს, რომელიც იქნება გარდამტეხი დოკუმენტი, რომ პარტია „დროას“ და „ლელოს“ შემოუერთდნენ არა მხოლოდ ადამიანები სხვა პარტიებიდან, არამედ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიულები, მაგრამ ფიქრობენ, რომ სწორედ ასეთი გაერთიანება და გარანტია იქნება იმის საფუძველი, საწინდარი, რომ ქვეყანა კოალიციურად იმართებოდეს, იმართებოდეს მრავალპარტიულად და დავიწყოთ სერიოზულად, ძალიან სწრაფად ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა. მინდა, გითხრათ, რომ 10 დღეში არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება მისაღები, 20 ქალაქში არის რიგგარეშე არჩევნები და ეს იქნება შემოტრიალების წერტილი. თუ ჩვენ ყველანი ერთად მივხვდებით, რომ კოალიციას, მრავალფეროვნებას არ აქვს ალტერნატივა, სხვისი აზრის გაზიარებას და მერე სახელმწიფოებრივად ამის გადათარგმნას არ აქვს ალტერნატივა, მაშინ ეს არის ის მომენტი, როცა ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მოვიდეს არჩევნებზე და ერთპარტიულ მმართველობას, რომელმაც ქვეყნა მიიყვანა უკიდურეს გასაჭირამდე, დაუპირისპიროს კოალიციური მმართველობა“, – განცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევებში , დედაქალაქში პარტია "ლელოს" ხმების 3.63% აქვს მიღებული. ელენე ხოშტარია – დროა“ -ს - 2.15%.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ​NATO-სთვის რჩება ღირებულ პარტნიორად, გავაგრძელებთ მუშაობას, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება

გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის სპეციალურმა წამომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა დღეს, საქართველოში 2 დღიანი ვიზიტი დაასრულა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება NATO-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს NATO და ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ ქვეყნებთან რეგიონში. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება.

პრემიერი: ფოტიგას და კუბილიუსის ჭკუაზე ვერ ვივლით, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს

„ვერ ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერ ანა ფოტიგასი, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს“, - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარების განცხადების კომენტირებისას, როდესაც ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა. მისი თქმით, ეს ადამიანები მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. „ევროპარლამენტში 700 დეპუტატია. ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუაზე ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. საქართველოში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს ყველამ კარგად უნდა გაითვალისწინოს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რამდენიმე ევროპარლამენტარს სააკაშვილთან პირადი მეგობრობა აკავშირებს. რატომ ბედავენ ამდენს?! სააკაშვილს დღეს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. კაცი ქვეყანაში მალულად შემოვიდა - ამაზე უფრო მეტად სამარცხვინო რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც 9 წელი ქვეყნის პრეზიდენტი იყო?! რა თქმა უნდა, ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა. რა თქმა უნდა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე ეს რამდენიმე ევროპარლამენტარს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე დეპუტატი, საქართველოში კანონის უზენაესობის შესახებ გაჩენილ კითხვებთნ დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ამირან გამყრელიძე მიუთითებს, რა თავისებურება აღმოაჩნდა „დელტა“ შტამს, რომელიც რეინფიცირებას უკავშირდება

ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 9.11% ლუგარის ლაბორატორიაში ახალი შემთხვევების სერიოზული დაკვირვება მიმდინარეობს, განაცხადა დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „იმ შემთხვევაში, თუ პაციენტებში რამე არატიპური კლინიკური გამოვლინება დაფიქსირდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული ყველა შემთხვევა ჯერჯერობით „დელტა“ შტამია. თუმცა, სწორედ „დელტა“ შტამს აღმოაჩნდა სერიოზული თავისებურებები, უფრო აგრესიულია, ახალგაზრდა ასაკსაც ეხება და რაც მთავარია ამ შტამს რეინფიცირების დიდი პოტენციალი აღმოაჩნდა. ამიტომაა, რომ რეინფიცირების შემთხვევები ქვეყანაში გაზრდილია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად, ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42.

ხავიერ კოლომინამ საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. ტექსტი მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა. საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, პარლამენტის წევრებთან. როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად, ასევე ვეწვიე „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. ამავე თემაზე ხავიერ კოლომინა: NATO-ს სურს, რომ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან

ჩრდილოეთ მაკედონიაში გერმანული კომპანია 415 მეგავატიან ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანული განახლებადი ენერგიის კომპანია WPD-ი 500 მილიონი ევროს (580 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ Associated Press-ი იუწყება. პრემიერ -მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ დაგეგმილი 415 მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტი არის ყველაზე დიდი გერმანული ინვესტიცია ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ მაკედონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ყოფილი იუგოსლავიისგან, 1991 წელს. ქარის ელექტროსადგური ელექტროენერგიას 290,000 ოჯახს მიაწვდის. WPD-ი მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს.

ნიკა მელია დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება

ნიკა მელია დედაქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს აღარ დაიკავებს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას აღარ ვაპირებ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის წევრობის კანდიდატების წარდგენისას. „თუ ორი ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას დავიკავებ, გულახდილი არ ვიქნები ამომრჩეველთან. ვიდრე დედაქალაქის მერი ვიქნები, ორ თანამდებობას არ დავიკავებ“, - განაცხადა ნიკა მელიამ და დაამატა, რომ პარტიის, შესაბამისად, გუნდის წევრად რჩება. „არ მგონია სწორი, იყო 1.5 მლნ-იანი ქალაქის მერი და დღის განმავლობაში ერთი მხრივ, მთავრობის სხდომას, დღის სხვა ნაწილში კი პარტიაში თათბირს ატარებდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა, რომლითაც თბილისის მთავრობა მისი გამარჯვების შემთხვევაში დაკომპლექტდება. მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“. „ადამიანი, რომლის თბილისელების გვერდში დგომა, მე, როგორც ამ ქალაქში დაბადებულ ერთ ადამიანს, მაძლიერებს“, - განაცხადა მელიამ ხაზარაძის წარდგენისას. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა პროფესიონალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მერიაში მუშაობს, ადგილს შეინარჩუნებს. ნიკა მელიას თქმით, ისტორიაში პირველად, თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში იქნება კოალიციური გუნდი. თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მონაწილეობენ. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 19; „ნაციონალური მოძრაობა“ - 13; „საქართველოსთვის“ - 4; „ლელო“ - 2; ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 1. 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში. ამასთან, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში.

იენს სტოლტენბერგი: NATO წუხს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომელიც არ უწყობს ხელს დიალოგსა და ურთიერთგაგებას

NATO წუხს რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომელიც არ უწყობს ხელს დიალოგსა და ურთიერთგაგებას, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს და რუსეთს შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, ალიანსს კვლავ სჭირდება რუსეთთან დიალოგი. „ჩვენთვის ეს რეალურად არ არის იმის არგუმენტი, რომ დიალოგის წინააღმდეგ გამოვიდეთ“, - განაცხადა NATO-სგენერალურმა მდივანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი NATO-სთან თავისი წარმომადგენლობის მუშაობას აჩერებს. ლავროვის თქმით, მოსკოვში მუშაობას წყვეტს NATO-ს საინფორმაციო ბიუროც. "NATO-სთან რუსეთის წარმომადგენლობა სავარაუდოდ პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს მუშაობას. NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია ბელგიის სამეფოში რუსეთის საელჩოს მეშვეობით განხორციელდება", - აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მოსკოვმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შმდეგ მიიღო რაც NATO-მ რუსეთის დელეგაციის რვა თანამშრომლი გააძევა. NATO-მ ბრიუსელში რუსეთის მისიის რვა წევრს აკრედიტაცია გაუუქმა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიზეზად სხვადასხვა ქვეყანაში ჩადენილი "მტრული საქმიანობა“ დაახელა.როგორც NATO-ში აცხადებენ, აღნიშნული პირები, ფარულად, დაზვერვის ოფიცრებად მუშაობდნენ.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა. პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“. მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. ამავე თემაზე: პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და გადაადგილების დეტალური მარშრუტი გაასაჯაროვა

ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნა Twitter-ზე. პოლონელი პოლიტიკოსი წერს, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის. "როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ, დღეს, შესწორებების ინიცირება გავაკეთე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის წლიურ ანგარიშში. მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის", - აღნიშნავს ევროდეპუტატი. მის ამ ტექსტს წინ უძღვის საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ ევროპარლამენტარების, მათ შორის ანა ფოტიგას ჭკუაძე ვერ ივლის და ის არაფერს ნიშნავს მისთვის და ქვეყნისთვის.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრებ 1000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება

ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი ეწვივნენ ადგილობრივ რესტორანს, სადაც ახლახან ხუთი, სმენის არმქონე ახალგაზრდა დასაქმდა. მათ ეს შესაძლებლობა ევროკავშირის Skills4Jobs პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ბათუმის დასაქმების ფორუმის დახმარებით მიეცათ. ვიზიტის ფარგლებში, ლორენს მერედიტი და კარლ ჰარცელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ ზენითსაც ესტუმრნენ. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში და ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) თანამშრომლობით, ევროკავშირი, ზენითის მსგავს სოფლად მცხოვრებ 1,000 თემს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომაში დაეხმარება. დირექტორი მერედიტი და ელჩი ჰარცელი შეხვდნენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და პროექტის ინიციატორს და დაგეგმილი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.

ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერი გვიან ღამით, ორხევის ხიდთან დააზიანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაცმ და მიმდინარეობს გამოძიება. თავად ოპოზიციურ პარტიაში მომხდარს გუშინდელ პრეზენტაციას და „მმართველი პარტიის გაღიაზიანებას“ უკავშირებენ. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა. მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.