ძებნის რეზულტატი:

პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი ევროკავშირის ტრანშზე: გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს, გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო

ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე უარის თქმა ინვესტორებს გარკვეულ კითხვებს გაუჩენდა. ვაზილ ჰუდაკმა Forbes Talks-თან განაცხადა, რომ ამის შესახებ პრემიერს ღიად ესაუბრა. „გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად, ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით”. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ჰუდაკმა ასევე აღნიშნა, რომ სტაბილურობის, გამჭვირვალობის, განჭვრეტადობის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. აქ მოიაზრება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც: „ამდენად, რა თქმა უნდა, ღიად ვესაუბრე პრემიერს, რომ ინვესტორების მხრიდან კითხვის ნიშნები იქნებოდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენად ადგილობრივი სიტუაციისთვის რელევანტურად წარიმართა მთელი პროცესი. ევროკავშირის შიგნითაც გვაქვს პოლონეთის მაგალითი. სულ ახლახან საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რიგ შემთხვევებში პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია - ეს გადაწყვეტილება არ მოსწონთ ბრიუსელში, ევროკომისიაში. ამდენად მსგავსი შემთხვევები ხდება არამხოლოდ საქართველოში, ევროკავშირის გარეთ არამედ, ევროკავშირის შიგნითაც. ამდენად, მე არ მინდა განვსაჯო რამდენად სწორი ან არასწორი გადაწყვეტილება იყო ეს გადაწყვეტილება - ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ინვესტორებმა მიიღეს გარკვეული არასტაბილურობის მანიშნებელი იყო. ამდენად ჩემი რჩევა პრემიერის მიმართ იყო, რომ ინვესტორებისთვის მკაფიოდ განემარტა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რომ მას უარყოფითი გავლენა არ ექნება სასამართლოს დამოუკიდებლობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ჰუდაკმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება და ამის მიზეზად საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.

ყირგიზეთის პრეზიდენტი აშშ-ის ბაზის აღდგენაზე: არ გვინდა, კატა-თაგვობანა ვითამაშოთ გავლენიან ქვეყნებთან, ჩვენს ტერიტორიაზე ორი ბაზის განთავსების გზით

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა ქვეყანაში აშშ-ის ბაზის განთავსების იდეა უარყო და განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი ყირგიზეთს „კატა-თაგვობანას“ თამაშის პოზიციაში ჩააყენებს ვაშინგტონსა და რუსეთთან მისი ურთიერთობების თვალსაზრისით. ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც პასუხები გასცა სახელმწიფო და კერძო მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და დამოუკიდებელი ბლოგერების შეკითხვებს. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო ავრცელებს. კითხვას, რომელიც ეხებოდა შვიდი წლის განმავლობაში პირველად ყირგიზეთში აშშ-ის ბაზის აღდგენას, ჯაფაროვმა უპასუხა, რომ ჩუის რეგიონში უკვე მოქმედებს რუსეთის ბაზა. „ჩვენთვის ერთი უცხოური ბაზაც საკმარისი იქნება. არ გვინდა, კატა-თაგვობანა ვითამაშოთ გავლენიან ქვეყნებთან, ჩვენს ტერიტორიაზე ორი ბაზის განთავსების გზით“, - განაცხადა ჯაფაროვმა. 2001 წლის დეკემბერში ბიშკეკის მანასის აეროპორტში გაიხსნა აშშ-ის საჰაერო ბაზა, რომლის მიზანი ავღანეთში განთავსებული საერთაშორისო ძალების და კონტრტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერა იყო. თუმცა ბაზაზე აშშ-ის ოპერაციები 2014 წელს, როცა ყირგიზეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ვაშინგტონი ობიექტიდან უნდა გასულიყო, შეწყდა. ამ ნაბიჯს ბიშკეკის მხრიდან რუსეთისთვის ჟესტად განიხილავდნენ.

ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები. „ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს მივეცი შესაბამისი ბრძანება და ვუთხარი, რა უნდა გაკეთდეს: ეს 10 ელჩი ერთდროულად უნდა გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად. თქვენ ამ საკითხს დაუყოვნებლივ გადაჭრით“, - განაცხადა ერდოღანმა. აშშ-ის, გერმანიისა და საფრანგეთის საელჩოებს, თეთრ სახლსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანკარაში მის საელჩოს არ მიუღია ინფორმაცია თურქეთის ხელისუფლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. „გვსურს, თურქეთს მოვუწოდოთ, დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები და კანონის უზენაესობა, რისთვისაც მან იკისრა ვალდებულება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“, - განაცხადეს უწყებაში. ოსმან კავალა ოთხი წელია, ციხეშია, ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება და 2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტა და მისი „სწრაფი გათავისუფლება“.

არჩევნებამდე 6 თვით ადრე, უნგრეთში, ვიქტორ ორბანმა და ოპოზიციამ მხარდამჭერებისთვის ფართომასშტაბიანი შეკრება მოაწყვეს

პირველად, 2010 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვიქტორ ორბანი 2022 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაუპირისპირდება ოპოზიციური პარტიების ალიანსს. არჩევნები 2022 წლის აპრილში გაიმართება, საარჩევნო კამპანიისას კი, მხარეებმა დღეს ჩაატარეს მხარდამჭერებთან ფართომასშტაბიანი აქცია-შეკრება. ორბანმა ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს უთხრა, რომ ვაშინგტონი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი ცდილობდნენ თავიანთი ხალხის, უნგრეთის მემარცხენე ოპოზიციის არჩევას მათი ფულის, მედიისა და ქსელების გამოყენებით. „უნგრელები გადაწყვეტენ საკუთარ ბედს“, - განაცხადა ორბანმა. პარალელურად, ოპოზიციის შეკრებაზე მარკი-ზეიმ აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, მისი მთავრობა შეიმუშავებს ახალ კონსტიტუციას, შეაჩერებს კორუფციას, შემოიღებს ევროს და უზრუნველყოფს მედიის თავისუფლებას. „ექვსპარტიულ ალიანსს ხელმძღვანელობს პიტერ მარკი-ზაი, 49 წლის კათოლიკე კონსერვატორი, შვიდი შვილის მამა და პატარა ქალაქის მერი, რომელიც, როგორც ჩანს, განასახიერებს ტრადიციულ ღირებულებებს, რომლებსაც ორბანი საჯაროდ იცავს და განიხილება როგორც ძლიერი მეტოქე“, - წერს Reuters-ი. „ეს რეჟიმი მორალურად გაუსაძლისი გახდა. იმ იმპულსმა, რომელიც ახლა გვაქვს, 2022 წლის აპრილამდე უნდა მიგვიყვანოს“, - განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ორბანის პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური ალიანსი თანაბარ მხადრაჭერას ინარჩუნებენ, თუმცა ამავე დროს არის გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობა მეოთხედს შეადგენს. Reuters-ი წერს, რომ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ 1956 წლის აჯანყების წლისთავი, რომელსაც დედაქალაქში ღონისძიებები მიეძღვნა, ორბანმა პლატფორმად გამოიყენა მისი დღის წესრიგისთვის, რადგან მისი პარტია Fidesz-ი აძლიერებს თავის წინასაარჩევნო კამპანიას. ცნობისთვის, უნგრეთში ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება და საპროტესტო გამოსვლები 1956 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტის ქუჩებში უნგრეთის უშიშროების ძალებთან და საბჭოთა ჯარებთან შეტაკებებში გადაიზარდა. 1956 წლის 4 ნოემბერს, საბჭოთა არმიამ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. (23 ოქტომბერი - 11 ნოემბერ) უნგრეთის რევოლუცია საბჭოთა კავშირმა სამხედრო ინტერვენციით ჩაახშო. ქვეყანაში 30,000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი და 1,000-ზე მეტი ტანკი შევიდა. აჯანყებას 2,500-ზე მეტი უნგრელის, სამხედრო და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეეწირა, 750 საბჭოთა ჯარისკაცი დაიღუპა, უნგრეთის 200 000 მოქალაქე კი ლტოლვილად იქცა. ორბანის მთავრობა და მისი მთავარი მოკავშირე პოლონეთი დაუპირისპირდნენ ბრიუსელს, მედიის თავისუფლებასთან, კანონის უზენაესობასთან და ლგბტ უფლებებთან დაკავშირებით, ამავე დროს, მთავრობა აცხადებს, რომ უნგრეთის ინტერესია, დარჩეს ევროკავშირის ძლიერი წევრი. „ბრიუსელი ჩვენ და პოლონელებს როგორც მტრებს გვექცევა. დროა, ბრიუსელში გააცნობიერონ, რომ კომუნისტებმაც კი ვერ დაგვამარცხეს”, - უთხრა ორბანმა მხარდამჭერებს, რომლებსაც ეროვნულ დროშასთან ერთად ეჭირათ ბანერები ლოზუნგებით, „ბრიუსელი დიქტატურას უდრის“.

მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა

სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა. ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი“,- ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. გაჩერებულია შემდეგი მიმართულებები: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და ზუგდიდი-თბილისი. „ სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება. პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ გადარჩენილი კაცი კლინიკიდან გაწერეს

დღეს, 23 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. 37 წლის კაცმა, რომელიც ჯერ რეანიმაციაში იყო, კლინიკაში 15 დღე გაატარა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ექიმი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება, ყოველ წუთს დამძიმდეს, კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში“, განუცხადა ექსპრეზიდენტის ექიმმა მედიას, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს დღესაც ჩაუტარდა კვლევები და ის პრობლემები, რაც მას გუშინ ჰქონდა, გამოსწორდა, თუმცა „შესაძლოა, ახალი პრობლემებიც დაემატოს“. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. დღეს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ექიმები შევიდნენ. ისინი რუსთავის ციხეში რამდენიმე საათი იმყოფებოდნენ, თუმცა მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაყვანას ამ დროისთვის არ საჭიროებს, თუმცა სააკაშვილის და ასევე მისი პოზიციაა, რომ ციხის საავადმყოფოში გადაყვანა „მკვლელობის ტოლფასია“. „კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ სააკაშვილი, საჭიროების შემთხვევაში, გადაიყვანონ მაღალი კლასის საავადმყოფოში", - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. იუსტიციის მინისტრის განმარტებით კი, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა. „ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე“, - აცხადენს მინისტრი. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საქმეს, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ადვოკატებს 20 ოქტომბერს გადაეცათ საქმის მასალები, რომლებსაც თანდართული აქვს როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, ასევე არაერთი სხვა ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც „მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს და ამ საქმეში ფიგურანტი სხვა პირების მონაწილეობას“. „ბოლო პერიოდში, გამოძიების პროცესშივე საქმის მასალების გასაჯაროების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რაც უკვე საგანგაშო ტენდენციაზე მიუთითებს. საქართველოს პროკურატურა ამ მიმართულებით, ევროპული და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს“, - ნათქვამია განცხადებაში. პროკურატურის განცხადებას უპასუხა ადვოკატმა. „საქმის მასალების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისას ამოღებულია ტელეფონი და ეს ტელეფონი დაიმტვრა, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამის მიუხედავად, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, რაც წარადგინა, მისი ტელეფონით არის ეს ვიდეომასალა და მიხეილ სააკაშვილის მიერაა გადაღებული, რაც უთითებს ერთადერთ რამეზე, თუ ასეა ნამდვილად, ეს არის უბრალოდ დანაშაული. დალუქული ტელეფონიდან, როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა ტელეკომპანია „იმედში“, ბუნებრივია, არ არსებობს ამის ლეგიტიმური გზა და ცალსახად შეიძლება, ერთადერთი შეფასება გავაკეთოთ - ეს არის დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. რაც შეეხევა ჰოსპიტალიზაციის საკითხს. მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში არ მოხდება. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება დაემატა, სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები. ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

შსს-ს თქმით, განსაკუთრებული მობილიზაცია არ ხდება და „თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურად ემზადებიან“, სუს-ი კი სპეცრაზმის გადაადგილებას უარყოფს

„შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რაც შეეხება თემას, პოლიციელთა გადაადგილება უკავშირდება თუ არა აჭარაში დაკავშირებულ აქციას, განვმარტავთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქალაქში, ან რეგიონში იგეგმება მისი გამართვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყოველთვის მობილიზებული არიან“, - აცხადებენ შსს-ში. თავის მხრივ, სუს-ი აცხადებს, რომ სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. სუს-იც მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია. მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ოსტინის ევროპული ტურნე: ბაიდენის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა ევროპული ტურნე ბელგიაში ვიზიტით დაასრულა. შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბოლო გაჩერება ბრიუსელი იყო, სადაც NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მანამდე ის სტუმრობდა საქართველოს, უკრაინას და რუმინეთს. Europetime-მა უფრო დეტალური ინფორმაცია ლოიდ ოსტინის ევროპული ტურნეს შესახებ სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის NATO-ს და თავდაცვის დეპარტამენტის ცნობებზე დაყრდნობით შეკრიბა. ალიანსის ცნობით, გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპიძლა, მადლობა გადაუხადა მისი ლიდერობისთვის და შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულების გამო NATO-სადმი. ამასთან, განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ალიანსის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ბრიუსელში ლოიდ ოსტინის ვიზიტი თავდაცვის დეპარტამენტმა შეაჯამა „თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მინისტერიალზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა NATO-ს სამხედრო ადაპტაციის კუთხით პროგრესს და იმის უზრუნველყოფას, რომ ალიანსი მზადაა, მომავალში უპასუხოს გამოწვევებს. მან დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება NATO-ს მიმართ და ხაზი გაუსვა მის როლს, როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. "ამ ვიზიტმა დაასრულა მდივან ოსტინის რეგიონული მოგზაურობა, რომელმაც შესაძლებლობა მისცა მას, განეხილა უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც ორმხრივი ინტერესის საგანია და ევროპაში თავდაცვის სფეროში ურთიერთობებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების საფუძველი“, - აღნიშნავს თავდაცვის დეპარტამენტი. NATO-ს 11 მოკავშირის თავდაცვის მინისტრებმა, მათ შორის ლოიდ ოსტინმა სამი მრავალეროვნული მაღალი ხილვადობის პროექტი (CBRN) (ქბრბ) უსაფრთხოების აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. შესაბამის დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა. CBRN თავდაცვის ობიექტების ქსელის პროექტის ცხრა მონაწილე იმუშავებს ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, გაიზიარონ და გამოიყენონ ეროვნული CBRN თავდაცვითი საშუალებები, როგორიცაა, სასწავლო ადგილები და ბიოლოგიური ლაბორატორიები, რათა გაიზიარონ ერთმანეთის შესაძლებლობები. ეს შეთანხმება გააუმჯობესებს მონაწილეთა მზადყოფნას მომავალი CBRN გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. მონაწილე მოკავშირეები არიან ბელგია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ნიდერლანდები, პოლონეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. მოკავშირეებმა ასევე განიხილეს NATO-ს რეაგირება რუსეთის სარაკეტო სისტემების მზარდი საფრთხეების მიმართ. მინისტრებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ავღანეთში NATO-ს ჩართულობის დროს მიღებულ გაკვეთილებზე და ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწევების შენარჩუნების შესახებ. „რა თქმა უნდა, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა შავ ზღვაში, რადგანაც შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს NATO-სთვის. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი არიან, შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ორი ძალიან ახლო პარტნიორი, საქართველო და უკრაინა, ჩვენ ვნახეთ ყირიმის უკანონო ანექსია და რუსეთის აგრესიული ქცევა შავ ზღვაში. ასე რომ, ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა რეგიონში, ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაზე და მუდმივად ვაფასებთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, ნაწილობრივ ყოფნის გაზრდით, მაგრამ ასევე, საჭიროების შემთხვევაში ძალების სწრაფად განლაგების შესაძლებლობის გაზრდით. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი მზადყოფნა", - განაცხადა სტოლტენბერგმა. ვიზიტი რუმინეთში თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, მდივანმა ლოიდ ჯეი ოსტინმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და თავდავის მინისტრ ნიკოლაე ჩიუკასთან შეხვედრაზე დაადასტურა აშშ-ის ერთგულება აშშ-რუმინეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ და აღიარა რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის გაზიარების კუთხით. „ლიდერებმა აღნიშნეს 10 წლის იუბილე როგორც ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ერთობლივი დეკლარაციის, ისე ორმხრივი ბალისტიკური სარაკეტო თავდაცვის შესახებ შეთანხმების". ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია მდივანმა ასევე განიხილა რუსეთის მავნე ქმედება შავი ზღვის რეგიონში, შავი ზღვის რეგიონულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის თანამშრომლობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალი გამოწვევები. მინისტრმა ჩიუკამ და მდივანმა ოსტინმა ვრცლად ისაუბრეს თავდაცვის მოდერნიზაციის შესახებ. ისინი შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი 10-წლიანი საგზაო რუკის განხორციელება ამ მიზნის მისაღწევად მთავარია. მდივანმა რუმინეთში ვიზიტი დაასრულა შავი ზღვის სანაპიროს მახლობლად მდებარე მიხაილ კოგალნიცეანუს საჰაერო ბაზაზე განლაგებულ აშშ-ის როტაციულ ძალებთან შეხვედრით. მან მადლობა გადაუხადა ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს თავდადებისთვის და ჩვენს რუმინელ მოკავშირეებთან მუშაობისთვის, რათა დაეხმარონ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე შეკავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“. ვიზიტი უკრაინაში თავდაცვის მდივან ლოიდ ჯეი ოსტინის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მდივან ანდრი ტარანთან, ლიდერებმა დაადასტურეს აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის პარტნიორობის სიძლიერე და მდივანი უკრაინას დაჰპირდა აშშ-ის მხარდაჭერას სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს მთელი რიგი უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები რუსეთის მხრიდან, აღმოსავლეთ უკრაინასა და ოკუპირებულ ყირიმში, ისევე როგორც ჩინეთის მავნე გავლენა რეგიონში. „მდივანმა ოსტინმა დაადასტურა აშშ-ის ერთგულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ძალებს მათ შორის უკრაინის საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერების მცდელობების ჩათვლით და წაახალისა გაღრმავებული რეგიონული თანამშრომლობა შავი ზღვის მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის. მდივანმა ოსტინმა მოუწოდა უკრაინას, შეინარჩუნოს პროგრესი თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმებში, რათა წინ წაწიოს მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ და მინისტრმა ტარანმა მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, მხარდაჭერისა და უკრაინის თავდაცვის რეფორმის დღის წესრიგისადმი ერთგულებისთვის. მდივანმა ოსტინმა და მინისტრმა ტარანმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ახლახან ხელმოწერილი, აშშ-უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩო, რომელიც ასახავს ორმხრივ პრიორიტეტებს და აძლიერებს სტრატეგიულ თავდაცვის პარტნიორობას“. ვიზიტი საქართველოში აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრით დაიწყო და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობით დაასრულა. თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ ინიციატივა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლას შეუწყობს ხელს. "ეს მემორანდუმი აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ასევე წაიკითხეთ: პენტაგონი: ლოიდ ოსტინმა საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა ამასთან, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა რუსეთს შეახსენა, რომ აშშ გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის მხრიდან სხვადასხვა მექანიზმით შავ ზღვაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს. "სიმბოლურია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა სწორედ NATO-ს უახლოეს პარტნიორ სახელმწიფოებში, საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ალიანსის წევრ, რუმინეთში ვიზიტი გადაწყვიტა", - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი სიგნალი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ის ფოკუსირებულია შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, უკრაინასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეჩერებაზე. "გასათვალისწინებელია, რომ რუმინეთი ამერიკული ბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსების თვალსაზრისით, აშშ-სთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ვიმედოვნებ, მდივანი ოსტინი ასევე ეწვევა NATO-ს წევრ თურქეთს, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი კი Europetime-თან აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშკარა სიგნალია იმისა, რომ აშშ საქართველოს, მომავალში, NATO-ს წევრობის გზაზე მყოფ სახელმწიფოდ განიხილავს. გობლი სრულიად იზიარებს თავდაცვის მდივნის მოსაზრებას, რომ მოსკოვი უბრალოდ ცდილობს, გამოიყენოს სიტუაცია ახალი მოქმდების ადგილის შესაქმნელად, სადაც მას შეუძლია, სცადოს სხვებზე წეზოლის მოხდენა, ვიდრე შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. შეგახსენებთ, ისტორიაში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს აქამდე ორჯერ სტუმრობდა. პირველად დონალდ რამსფელდი, 41-ე პრეზიდენტის, ბუშის ადმინისტრაციის დროს და მეორედ - ჩაკ ჰეგელი, 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციიდან. დონალდ რამსფელდი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა, მათ შორის 2001 წლის დეკემბერშიც, რომლის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საქართველოში „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამას“, რომლისთვისაც აშშ-მ 64 მლნ გამოყო.

მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია

"როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია@, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი. "თუ ახალი ძალები წამოვლენ წინ და ამ შემთხვევაში ადვილი იქნება კოალიციაზე საუბარი, მაგრამ როცა წარსულის უმძიმესი ცოდვების გარდა დღევანდელი ცოდვებით დამძიმებული პოლიტიკური პარტია გყავს მთავარ ოპონენტად, ეს მოცემულობა უნდა შეიცვალოს და მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე. ეს არის ჩემი გულწრფელი დამოკიდებულება - არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანამ წააგოს „ნაცმოძრაობასთან“ რომელიმე რაიონში. პირველ ტურში კახა კალაძემ ყველა დეტალთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და მას არც აკრიტიკებდნენ. არ შედიოდნენ ამ თემებში, იმიტომ, რომ არ აწყობდათ. ახლა ჩვენ ამას დავამატეთ საკმაოდ ნეგატიური კამპანია, რომ თუ ვინმეს პოლიტიკური მეხსიერება ღალატობს, მასაც უნდა შევახსენოთ, ეს ადამიანები ვინ არიან და როგორ ალაგებენ ისიც „გაღმა შედავების“ პრინციპს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის ზედიზედ მეხუთედ გახდა

ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ალექსი დავითაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის ზედიზედ მეხუთედ გახდა. ოქროს მედალი მან ამჯერად პორტუგალიაში მოიპოვა, სადაც +100კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. ალექსი დავითაშვილმა გამარჯვება ფინალში ამერიკელ ჰეკტორ ნეგრონის დამარცხებით მოიპოვა.

ავსტრია აუცრელი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას გეგმავს

ავსტრიის კანცლერის, ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, მათთვის, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ექნებათ გაკეთებული, შეზღუდვები დაწესდება. ამ დროისთვის, ავსტრიაში კოვიდსაწინააღდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 62.2%. Euronews-ის ცნობით, ავსტრიის მთავრობამ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის სწრაფი ზრდის გამო გეგმავს. ბოლო თვეების განმავლობაში, ავსტრიაში, ვაქცინაციის ტემპმა იკლ რეგულაციების თანხმად, აუცრელ ადამიანებს შეეზღუდებათ რესტორნებსა და სასტუმროებში შესვლა. შალენბერგის განმარტებით, ეპიდვითარების კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ აუცრელებს სახლებიდან გასვლის უფლება მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მიეცეთ. ბოლო ერთ კვირაში, ქვეყანაში ვირუსი 20 408 ადამიანს დაუდასტურდა.

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა. ამ მიმართულებით რეისები ხაზის დაზიანებამ გამოიწვია. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110-კილოვატიანი ხაზი გაწყდა და რკინიგზის საკონტაქტო ხაზს დაეცა. ამის გამო გაჩერდა ოთხი მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და​ ზუგდიდი-თბილისი. „სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლების მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და თანმიმდევრულად განახლდება მოძრაობა. ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით ორი საათი დასჭირდება. პარალელურად, კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. „ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ვითხოვთ“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერმა Europetime-ს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები. ამავე თემაზე ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპის ქვეყნები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. ”სუფთა ენერგიაზე სწრაფი გადასვლა ევროკავშირს უფრო დამოუკიდებელ გლობალურ მოთამაშეს გახდის", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენმა. საგარო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ეკონომიკის გაჯანსაღება შეაფერხოს. როგორც ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის განცხადებით, ევროკავშირი და რუსეთი ენერგორესურების საკითხში ურთიერთდამოკიდებული არიან, რადგან რუსეთის ბიუჯეტი ევროპაში გაყიდული ბუნებრივი აირისა და საწვავის ხარჯზე მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს. „რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს, აფერხებს ეკონომიკის აღდგენას და ძირს უთხრის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მწვანე ენერგიაზე გადასვლის პოლიტიკურ და სოციალურ მხარდაჭერას. ეს ასევე ზრდის ჩვენს დაუცველობას მესამე ქვეყნებთან ურთიერთობებში“, – წერს ჟოზეფ ბორელი, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში მართავს ოფიციალურ შეხვედრებს. ბორელის თქმით, ევროპის სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ქვანახშირის შემთხვევაში დამოკიდებულება 70%-ს შეადგენს, ბუნებრივი აირის 90 პროცენტი და ნავთობის 97 პროცენტი მესამე ქვეყნებიდანაა იმპორტირებული. სწორედ ამიტომ ევროკავშირისთვის განახლებად და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ფაზაში ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება მნიშვნელოვანია.

51 511 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 3 436 ახალი ინფიცირებული და 43 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19-ით 43 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 041 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 957 პირი. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც, 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 490 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პაციენტი, 957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 44 513 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაში. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 23 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი.ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 487 ადამიანი.

ჯანდაცვის მინისტრი: დამატებითი შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს. მინისტრის თქმით, შემდეგი კვირის ბოლოს, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდება. „ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 511 საიდანაც, 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 490 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პაციენტი. 44 513 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი. ამირან გამყრელიძე: მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება

ამირან გამყრელიძე: მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება

"იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა", - ამის შესახებ აავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“,-ის ეთერში განაცხადა. გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში აქტიური შემთხვევა არის 51 ათასი და ჯანდაცვის სისტემას უკვე სერიოზულად ეტყობა ზეწოლა. "დღევანდელი მონაცემებით, საიმედო პროგნოზი არ არის. იზრდება სტაციონარში ავადმყოფთა რაოდენობა, იზრდება მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ასევე, ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტთა რაოდენობა. ჩვენ დეკემბერში, პიკზე, გვქონდა 33-34 ათასი აქტიური შემთხვევა, აგვისტოს პიკზე გვქონდა 63 ათასი, მაგრამ, შორს აღარ არის ეს მაჩვენებელი. თუ ყოველდღე 4-5 ათასი ახალი შემთხვევა იქნა ქვეყანაში, ჩვენ ძალიან სწრაფად მივალთ უკვე იმ ლიმიტამდე, რასაც ჯანდაცვის სისტემას შეუძლია გაუძლოს,"-აცხადებს ამირან გამყრელიძე. ჯანდაცვის მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს. მინისტრის თქმით, შემდეგი კვირის ბოლოს, ინფიცირების დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდება. „ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1,32-ია. ერთი კვირის წინ, ეს მაჩვენებელი იყო 1,72. ვინაიდან ვხედავთ, რომ კოეფიციენტმა დაიწია, ჩნდება მოლოდინი, რომ, აბსოლუტურ რიცხვში, შემდეგი კვირის ბოლოს, დაბალი მაჩვენებლები გვექნება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს“, - აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 511 საიდანაც, 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 490 ინფიცირებული, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პაციენტი. 44 513 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაში გადის. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 692 240 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 630 961, გარდაიცვალა 9 742 პაციენტი.

მეთიუ ბრაიზა: ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებაზე მიუთითებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილება, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს ელჩები, თურქეთის მთავრობაში განხეთქილებას ასახავს. Europetime-თან საუბრისას, მეთიუ ბრაიზა ამ დაპირისპირების ერთ-ერთ ბოლო გამოვლინებად თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას მიიჩნევს. კერძოდ, ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, ახლა ერდოღანი მთავრობაში არსებული ორი ბანაკიდან იღებს რჩევებს, ერთი, რომელიც ეწინააღმდეგება ურთიერთობების გაუმჯობესებას განსაკუთრებით აშშ-სთან და მეორე, რომელსაც ამ ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი აქვს. ამასთან, მეთიუ ბრაიზას აზრით, არიან ისეთებიც, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით, ხშირად კი, რუსეთისკენ იყურებოდეს. „მოდით, გავყვეთ დეტალურად, რა თქვა თურქეთის მთავრობამ. პრეზიდენტი ერდოღანი აკეთებს განცხადებას, რომ ავალებს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩავუშოღლუს, გამოაცხადოს ელჩები, მათ შორის აშშ-ის ელჩი პერსონა ნონ გრატად. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა მოაგვაროს ეს სიტუაცია. პრეზიდენტმა ერდოღანმა არ მოითხოვა მათი გაძევება. თავის მხრივ, აშშ-ის საელჩო კომენტარისგან თავს იკავებს. რა შეიძლება ითქვას? შესაძლოა, ელჩები არ გააძევონ, მაგრამ პრეზიდენტი ერდოღანი მათ უბრალოდ პერსონა ნონ გრატად აცხადებდა, რაც ქვეყნისთვის არასასურველ პიროვნებას ნიშნავს. ცალკე პროცედურაა მათი გაძევება. ასე რომ, ისინი შეიძლება კვლავ დარჩნენ ქვეყანაში. თუ გავიხსენებთ თურქეთის ურთიერთობას მის მოკავშირეებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, 10 დასავლური ქვეყნის ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება ჯერ კიდევ უპრეცედენტო მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ეს ასახავს თურქეთის მთავრობაში არსებულ განხეთქილებას, კერძოდ მათ შორის, ვისაც სურს ურთიერთობების გაუმჯობესება, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და მათ, ვისაც ამის სურვილი არ აქვს. და მათ, ვინც შესაძლოა, სხვა მიმართულებით იყურებოდეს, ხშირად - რუსეთისკენ", - აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე. მეთიუ ბრაიზა მიიჩნევს, რომ ეს განხეთქულება გამჟღავნდა, მაგალითად, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო სისტემის შეძენის დროს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, მაშინ, ზოგიერთი, თურქეთის მთავრობაში თვლიდა, რომ ეს იქნებოდა შეცდომა და ჰგავდა თურქეთის მოძრაობას რუსეთის მიმართულებით, ზოგი კი ამას მხარს უჭერდა. თავად პრეზიდენტმა ერდოღანმა კი, როგორც ცნობილია, აღნიშნული, რუსული სარაკეტო სისტემის შეძენა არჩია, რითაც გამოიწვია სანქციები და სასჯელი შეერთებული შტატების მხრიდან, როდესაც ვაშინგტონმა თურქეთი გაიყვანა F-35 რეაქტიული პროგრამიდან. „თურქეთმა მიმართა შეერთებულ შტატებს მისი არსებული საბრძოლო თვითმფრინავების მოდერნიზაციის მიზნით, რადგან NATO მოკავშირე ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი საჰაერო ძალები F-35 თვითმფრინავების შესყიდვის ჩაშლის შემდეგ, აცხადებენ საკითხთან დაკავშირებული წყაროები. მაგრამ ბოლო კვირებში გავრცელდა ხმები, რაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სიმართლეც იყოს. კერძოდ, თურქეთს და შეერთებულ შტატებს სერიოზული კონსულტაციები აქვთ ამ განხეთქილების დასაძლევად. ეს დავა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა და გამოწვევა აშშ-თურქეთის ურთიერთობებში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, თურქეთმა შეიძინოს F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები აშშ-სგან. ეს ჩანს კიდეც აშშ-სა და თურქეთს შორის დავის განმუხტვის გზად“, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო ის მიუთითებს, რომ თურქეთის მთავრობაში, გარკვეულ, მაღალ წრეებს არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება, აქედან გამომდინარე, ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსანი თურქეთის პრეზიდენტს მიმართავს: „მე მინდა ვუთხრა ბატონ პრეზიდენტს, როდესაც აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა გადადგეს ეს გაბედული ნაბიჯი ოსმან კავალას გათავისუფლების მოთხოვნით, თქვენ უნდა აჩვენოთ მათ, რომ ახლა თურქეთი არ აპირებს ვითარების დაძაბვას. მე არ ვცდილობ, სურათი წარმოვაჩინო როგორც - აშშ რუსეთისა და თურქეთის წინააღმდეგ. რასაც მე ვამბობ, ისაა რომ, თურქეთის მთავრობის შიგნით, წინააღმდეგობრივი რაღაცები ხდება, რაც აჩვენებს ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს აშშ-სთან და ურთიერთობების გაუმჯობესების - ევროპასთან. აშშ-ს ელჩის და სხვების პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება კი, სრულიად ეწინააღმდეგება ნორმალიზების გზას. უბრალოდ, პრეზიდენტი ერდოღანი რჩევებს იღებს ორი, განსხვავებული ბანაკიდან. აშშ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალურ რელსებზე დაბრუნების პერსპექტივა ბუნდოვანი გახდება, თუ თურქეთი ელჩს გაიწვევს, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია თუ გადაწყვეტს, თურქეთს მიჰყიდოს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები, კონგრესისთვის წარმოუდგენელი იქნება, მხარი დაუჭიროს ამ წინადადებას თურქეთის პოლიტიკური გადაწყვეტილების ფონზე. თავის მხრივ, ამას ამბოხების ეფექტი მოჰყვება თავად თურქეთის მთავრობაში, რომელიც იტყვის, თუ არ მოგვყიდით F-16-ს, არჩევანს რუსეთის შემოთავაზებაზე გავაკეთებთ, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს“, - მიიჩნევს მეთიუ ბრაიზა. შეგახსენებთ, აშშ ელჩის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების საკითხზე თურქეთისგან განმარტებებს ითხოვს. სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან გააკეთა კომენტარი თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი, რომელთა შორის ასევე არის აშშ-ის ელჩი. სახელმწიფო დეპარტამენტი თურქეთისგან გადაწყვეტილებაში სიცხადის შეტანას და განმარტებებს ითხოვს. დეპარტამენტი ახლა დიპლომატიურ არხებს იყენებს, რომ ანკარისგან ვითარებაში გასარკვევად პასუხი მიიღოს. „ჩვენ ვიცით ამ ცნობების შესახებ და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ვითხოვთ“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამეტის პრესსპიკერმა Europetime-ს. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უბრძანა, დასავლეთის ქვეყნების 10 ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს. ეს ეხებათ ელჩებს, რომლებიც მოითხოვდნენ თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას გათავისუფლებას. მაგალითად, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩები.

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას

"მე, როგორც საკოორდინაციოსაბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. „მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაი, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მომხრე ვიქნებოდი აცრების გასააქტიურებლად სხვადასხვა შემზღუდველი თუ წამახალისებელი ღონისძიების. სოფლებში რომ დავდივართ, გვეუბნებიან, თუ იქნება სავალდებულო, ავიცრები, თუ არადა, არა. იმავეს გვეუბნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ნოემბერში ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. ერთი მხრივ, გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო ვაქცინაცია, მეორე მხრივ კი არაპირდაპირი, ე.წ. ირიბი მანდატორიზმი, როდესაც აუცრელ ადამიანებს ექნებათ ბარიერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას. ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი ბერკეტია და მას ბევრი ქვეყანა იყენებს აცრების გასააქტიურებლად და რაღაც ეტაპის შემდეგ შემოაქვს ეს მექანიზმი. მოსახლეობის 35-37 %-ზე შეიძლება ავიდეთ ნებაყოფლობითი ვაქცინაციით, მაგრამ შემდგომი გაზრდა უკვე რთული იქნება თუ სხვა ტიპის მექანიზმები არ ჩაერთვება. რატომ არ გადავდგით ეს ნაბიჯი აქამდე? ყველაფერს თავის დრო და ფაზები აქვს განვითარების. მოგეხსენებათ, სავალდებულო აცრა რთულად გადასაწყვეტი საკითხია და ძირითადად აცრების დიდ კამპანიებში ეყრდნობა პირველ ეტაპზე აქტიურ კომუნიკაციას და ნებაყოფლობითობას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ყველა ქვეყანას მოუწია ამ სავალდებულობის პირდაპირი თუ ირიბი მექანიზმების შემოტანა. ზოგისთვის ეს იყო მაშინ, როცა მიაღწიეს მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაციას, დასავლეთის ქვეყნებში როცა მიაღწიეს 50-55 %, ჩვენთან კი როგორც ჩანს ეს ზღვარი არის 35-37 % ფარგლებში. ნებაყოფლობითობით მოსახლეობის ამაზე დიდი ნაწილის აცრა გაგვიჭირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძე: მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა და ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა იზრდება 51 511 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა, 3 436 ახალი ინფიცირებული და 43 გარდაცვლილი