ძებნის რეზულტატი:
ალეკ ბოლდუინი: სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად
ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე კომენტარს აკეთებს. „სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში. BBC-ის ცნობით, ფილმის სარეკვიზიტო იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. დაღუპული ოპერატორი ქალია. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები არკვევენ, ვინ შეცვალა ყალბი ტყვიები ნამდვილი მასრებით. ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ. გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა
გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტი ფასიანი
გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტი ფასიანი, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს. „არა, ფასიანი ჯერჯერობით არ გახდება, მერე ვნახოთ. ორნაირი რეაგირება შეიძლება, მოახდინოს სახელმწიფომ - გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. ეს განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ვაქცინაციის მაჩვენებლის კლება სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო, მანამდე აცრის ყოველდღიური რაოდენობა 30 000-ს აღწევდა. შეგახენებთ, Astrazeneca-ს ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია. პირველი ნოემბრიდან, იმ ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ ამ ვაქცინის პირველი დოზა, ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინით Pfizeri-ით, Sinopharm-ით ან Sinovac-ით ვაქცინაცია შეეძლებათ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა. ამავე თემაზე: თენგიზ ცერცვაძე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები
პრემიერის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი: საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველი, ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია. ამის შესახებ მან Forbes Talks-თან ისაუბრა. „ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობასა და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში, განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, - განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა.
„დელტა პლუსი“ - კორონავირუსის შტამი, რომელიც შეიძლება, ჩვეულებრივ „დელტაზე“ მეტად გადამდები აღმოჩნდეს
გაერთიანებული სამეფოს ექსპერტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციური ფორმა, რომელსაც ზოგი „დელტა პლუსს“ უწოდებს, შეიძლება, უფრო მარტივად გავრცელდეს, ვიდრე ჩვეულებრივი „დელტა“ ვარიანტი. თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს შტამი იწვევს დაავადების უფრო გართულებულ ფორმას. ამასთან, მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებული ვაქცინები მაინც კარგად უნდა მუშაობდნენ კოვიდინფექციისგან დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ „დელტა“ დიდ ბრიტანეთში ყველაზე მეტად არის გავრცელებული. „დელტა პლუსის“ შემთხვევები იზრდება. უახლესი ოფიციალური მონაცემების თანახმად, Covid19-ის შემთხვევების 6% სწორედ ამ ტიპისაა. „თუმცა, „დელტასგან“ განსხვავებით, ის ჯერ კიდევ არ განიხილება „შეშფოთების ვარიანტად“ - ყველაზე მაღალი კატეგორია, რომელიც ენიჭება ვარიანტებს რისკის დონის მიხედვით. მსოფლიოში კორონავირუსის ათასობით სხვადასხვა სახეობა ან ვარიანტი არსებობს. ვირუსები მუდამ მუტაციას განიცდიან, ამიტომ, გასაკვირი არ არის ახალი ვერსიების გამოჩენა“, - წერს BBC. „არ არსებობს ვარაუდი, რომ ვაქცინის განახლება საჭირო იქნება ვირუსის რომელიმე არსებული ვარიანტისგან თავის დასაცავად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციები ერთნაირია ყველა ამჟამინდელი ვარიანტისთვის. ჩაიტარეთ ვაქცინაცია და მათთვის, ვისაც ამის უფლება აქვს, მიმართეთ მესამე, გამაძლიერებელ დოზას. განაგრძეთ სიფრთხილე. ატარეთ ნიღაბი ხალხმრავალ ადგილებში და ხალხთან შეხვედრისას გახსენით ფანჯრები და კარი ოთახის ვენტილაციისთვის. თუ სიმპტომები გაქვთ, გაიკეთეთ PCR ტესტი და იზოლირდით სახლში, ვიდრე არ მიიღებთ უარყოფით პასუხს“, - აცხადებს ჯენი ჰარისი დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი.
კოსოვომ რუსი დიპლომატები გააძევა
კოსოვომ ორი რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას", განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევ მცდელობაში დაადანაშაულა. იტყობინება Euronews-ი. ვიოსა ოსმანიმ განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ სთხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, გამოაცხადოს კოსოვოში რუსეთის ფედერაციის სამეკავშირეო ოფისის ორი თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“. მან გადაწყვეტილება დაუკავშირა სავარაუდო „მავნე საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას და კოსოვოს კონსტიტუციურ წესრიგს“. ოსმანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
ექიმის ცნობით, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს გადასხმა გაუკეთდა. „გადასხმა ჩატარდა კარგად. დამეხმარნენ ციხის ექიმები, ასევე რეანომობილის ბრიგადა. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ეს პროცედურა ჩატარდა საველე მდგომარეობაში. ეს სამედიცინო ოთახი არ არის ამისთვის განსაზღვრული. ამიტომ საჭირო არის მისი მკურნალობა საავადმყოფოში. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს სამოქალაქო საავადმყოფოში. არ შეიძლება ამის გაკეთება ციხის საავადმყოფოში. დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი და ერთ-ერთი პარამეტრი არ იყო კარგი. დღეს კრიზისი გადავიარეთ. ხვალ შეიძლება ჰოსპიტალიზაცია. ახლა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიასთან. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
ევროკავშირი: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო, სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება
21-22 ოქტომბერს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართა, რომლის შემდეგაც ევროპულმა საბჭომ დასკვნითი დოკუმენტი მიიღო. მასში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო, სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება. ამასთან, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპელმა ლიდერებმა ასევე განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხი. გარდა ამისა, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. დოკუმენტში, ენერგეტიკულ საკითხზეც არის საუბარი. კერძოდ, ენერგორესურსებზე ფასების ბოლოდროინდელ მატებასა და ამ ზრდის გავლენაზე მოქალაქეებსა და ბიზნესზე, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში არიან. „ევროპული საბჭო იწვევს კომისიას, შეისწავლოს გაზისა და ელექტროენერგიის ბაზრების ფუნქციონირება, ასევე ევროკავშირის „ემისიების სავაჭრო სისტემის“ ბაზრის მუშაობა ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების ევროპული ორგანოს დახმარებით. ამის შემდეგ, კომისია შეაფასებს, მოითხოვს თუ არა გარკვეული სავაჭრო მოქმედებები შემდგომ რეგულირებას. წევრმა სახელმწიფოებმა და კომისიამ სასწრაფო რეჟიმში უნდა გამოიყენონ ე.წ. ზომების პაკეტი, რათა უზრუნველყონ მოკლევადიანი დახმარება ყველაზე დაუცველი მომხმარებლებისთვის და მხარი დაუჭირონ ევროპულ კომპანიებს, წევრ სახელმწიფოებში არსებული სიტუაციების მრავალფეროვნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით; კომისიამ და საბჭომ სწრაფ რეჟიმში განიხილონ საშუალო და გრძელვადიანი მისაღები ზომები, რომლებიც ხელს შუწყობენ ენერგოპროდუქტების მიღებას ოჯახებისთვის და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ ფასად, რაც გაზრდის ევროკავშირის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობას და შიდა ენერგეტიკულ ბაზარს, ასევე უზრუნველყოფს მიწოდებისა და მხარდაჭერის უსაფრთხოებას კლიმატურ ნეიტრალიტეტზე გადასვლით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. მისივე თანახმად, ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა შეისწავლოს, თუ როგორ დააჩქაროს ინვესტიციები ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, მისი ამჟამინდელი კაპიტალის ფარგლებში, მომავალი შეფერხების რისკების შემცირებისა და ევროპის გლობალური კავშირის ამბიციების შესასრულებლად.
საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, 7 დღის - 9,09%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 051 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 436 PCR ტესტით. თბილისში გამოვლენილია 1 462 შემთხვევა, აჭარა - 119, იმერეთი - 876, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 300, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 734, მცხეთა-მთიანეთი - 123, სამცხე-ჯავახეთი - 107, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 63. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 52 601 საიდანაც, 5 925 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 186, აჭარაში - 510, იმერეთში - 1 286. ამ ეტაპზე 1 425 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 498, აჭარაში - 128, იმერეთში - 458. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 304 ადამიანი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 35, იმერეთში - 30.• 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 554 - თბილისში, 224 - აჭარაში. 45 683 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 3. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 22 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 248 ადამიანი.
BBC: ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო
იარაღი, რომლიდანაც ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, მსახიობს რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო, ამის შესახებ BBC სასამართლოს ჩანაწერებზე დაყრდნობით იუწყება. ამავე ჩანაწერების მიხედვით, რეჟისორის ასისტენტმა არ იცოდა, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია იყო. „მან ის მსახიობს მიაწოდა და თქვა: „ცივი იარაღი!“ - ეს არის ტერმინი, რომელიც მიანიშნებს, რომ იარაღში ნამდვილი ტყვია არ დევს“, - წერს BBC. ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, დაიჭრა ფილმის რეჟისორი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე გუშინ პირველად ისაუბრა. „სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, - ნათქვამია ალეკ ბოლდუინის Twitter-ზე გათანვსებულ განცხადებაში.
ზაზა უჯმაჯურიძე: დანიაში პანდემია საერთოდ აღარ იგრძნობა
დანია იმ ქვეყნების რიგებშია, სადაც მოსახლეობის 90% სრულად არის აცრილი და სექტემბერში პირველი სახელმწიფო იყო ევროპაში, რომელმაც აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა მოხსნა, როდესაც 70% სრულად ვაქცინირებული აღრიცხა. ადამიანები ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ნიღბებისა და სადეზინფექციო ხსნარების გარეშე. ერთადერთი ბერკეტი, რასაც ეს ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების ყოველდღიურად დაბალი მაჩვენებლის ფონზე იყენებს, ისევ ვაქცინაციაა, თუმცა დანიაში უკვე აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია მესამე დოზებზე და ელიან, რომ ის გრიპის ვირუსის მსგავსად, მუდმივად იქნება საჭირო. უფრო ვრცლად იმაზე, თუ როგორ მოახერხა დანიამ COVID19-ის მართვა და როგორია ცხოვრება გლობალური პანდემიის პირობებში „პანდემიის გარეშე“, Europetime კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოლოგს, სხივურ თერაპევტს ზაზა უჯმაჯურიძეს ესაუბრა. ზაზა უჯმაჯურიძე: დანიაში რეალურად, საერთოდ აღარ იგრძნობა, რომ პანდემიაა. პირბადეც აღარ გვიკეთია და არც ხელის დეზინფიცირებაა საჭირო, თუმცა მე მაინც ვიყენებ ხსნარს, რადგან სადმე როცა შედიხარ, პატივისცემას და პასუხისმგებლობას გამოხატავ. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, შევდივართ მაღაზიაში, რესტორანში, კაფეში. ადრე თუ სამ კაცზე მეტი არ შეიძლებოდა მაღაზიებში, ახლა არავითარი შეზღუდვა აღარ არის, მათ შორის არც ტრანსპორტში. სერიოზული ავადობა აღარ არის, საავადმყოფოები კოვიდინფიცირებული პაციენტებით დატვირთული არ არის. ყოველდღიურ მონაცემებს თუ გადავხედავთ, მაგალითად, გუშინ, კოვიდინფექციით არავინ გარდაცვლილა და გრაფაში ეწერა - 0. 1250 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი დღის წინ, ორი ადამიანი გარდაიცვალა და 1247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილების რაოდენობა არის - 0, 1, 2, 3, 4. ეს თემა აღარც კი შუქდება პრესაში. ამ დონეზე ვართ, 2700-ზეც არ არის ასული საერთო გარდაცვლილების რიცხვი. _შეზღუდვების მოხსნა როგორ აისახა გავრცელებაზე? რიცხვი იმატებს და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ყველაფერი გაიხსნა და გასაგებია, რომ ასეთ დროს მობილობა მაღალია. მოიმატა მეორედ აცრილთა ინფიცირების რიცხვმაც, ამიტომ დავიწყეთ უკვე მესამე აცრა, მაგრამ მთავარია, რომ საავადმყოფოები, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები არ არის გადატვირთული. როცა მოჰყავდათ არგუმენტი, რომ გრიპითაც ამდენი ადამიანი იღუპება, ახლა გაცილებით ნაკლები იღუპება, ვიდრე გრიპით. გრიპი შეიძლება, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს ლეტალური, მაგრამ საზოგადოებაში ეს არ იგრძნობოდა და ამაზე არავინ საუბრობდა. დაახლოებით, ასეთი რაღაც ხდება კოვიდის შემთხვევაში, არის, თუმცა უკანა პლანზეა გადასული. _აცრილების მართვის პროტოკოლი როგორია? თუ აცრილი ხარ, ტესტიც კი აღარ გჭირდება, ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია მიმდინარეობს. მაგალითად, ჩემმა კოლეგამ გუშინ მითხრა, რომ მთელ ოჯახშია გავრცელებული ვირუსი, მათ შორის პატარებში, 10 და 6 წლის ბავშვებში, თუმცა თავად იზოლაციაში არ მიდის, რადგან გადამდები არ არის, ბავშვებმა კი სავარაუდოდ, სკოლიდან მოიტანეს ვირუსი. ჩემს კოლეგას ტესტიც კი არ მოსთხოვეს, ორჯერ აცრილია და აღარც სჭირდება. ეს მოსალოდნელიც იყო, რომ რაღაც პერიოდში, შესაძლოა, მესამე და მეოთხე აცრა დაგვჭირდეს, როგორც სეზონური გრიპის დროს, ამას უნდა შევეგუოთ. ეს აცრების არაეფექტურობაზე კი არ მიუთითებს, თავისი კონდიციები აქვს მას. _ზოგადი რეკომენდაციები როგორია მთავრობის მხრიდან მოსახლეობისადმი? ახლა სულ სხვა საკითხებით არიან დაკავებულები. არანაირი პროტოკოლი არ არის. რა თქმა უნდა, ხდება მონიტორინგი, მესამე აცრები ფართოვდება, მეც მომივიდა მოწვევა, სხვები უკვე აიცრნენ და ასე შემდეგ. ჯგუფების მიხედვით აიცრებიან. არის ცენტრები, სადაც აცრები მიმდინარეობს. არის ტესტირების ცენტრებიც, შემთხვევები როცა იზრდება, ბუნებრივია, მეტი ადამიანი იტარებს ტესტს. ალბათ, დანიაში იქნება 2-3 განყოფილება, სადაც კოვიდინფიცირებულ პაციენტებს იღებენ, თუ მათთვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ასევე არიან ზემდგომი ორგანოები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებენ. ცოტა სავალალო სიტუაციია პატარა ჯგუფში, ბავშვებში, ახალგაზრდებში, რომლებიც არ იცრებიან. ზოგი ძალიან პატარაა, როგორც გრიპი და ადენოვირუსი გადადის, ასევე გადავა ეს ვირუსიც და სწორედ ისინი ხდებიან გადამტანები. ახალგაზრდებში გადაინაცვლა ვირუსმა და შემთხვევებიც მათ ხარჯზე მატულობს. რამდენიმე თვეა, 12 წლიდან იცრებიან. თუმცა არის საუბარი, რომ პატარების აცრაც დაიწყოს. 2021 წლის განმავლობაში სიკვდილიანობა 70+ ასაკში იყო. ძირითადი იარაღი არის აცრები, პანდემიას ვაჩერებთ და აცრები გავრცელების მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას იძლევა, თან ნორმალური ცხოვრების საშუალებას გვაძლევს, შეზღუდვებით ნორმალურად ვერ ვცხოვრობთ. _სხვადასხვა კვლევა ქვეყნდება ვაქცინირებულთა გარდაცვალების მიზეზებზე, მაგალითად, იტალიის შემთხვევაში მათი ასაკი ძირითადად 85-ია, ასევე, მათ შორის არიან მძიმედ დაავადებულები, თქვენი პრაქტიკა რას აჩვენებს? აცრები კარგად მოქმედებს იმ ადამიანში, რომელიც ჯანმრთელია და კარგი იმუნური გამოხაძილია. ბუნებრივია, რაც უფრო მოხუცია ადამიანი და რაც უფრო მეტი თანხმლები დაავადება აქვს, ან ხანმოკლე იქნება მისი იმუნური პასუხი ან სუსტი, ან ორივე ერთად. ამიტომ, მესამე აცრა მაღალი რისკ-ჯგუფის ვაქცინაციით დავიწყეთ. ჩემმა ბევრმა პაციენტმა უკვე გაიკეთა მესამე აცრა. სხვათა შორის, ქიმიის და სხივური თერაპიის ფონზე. ის რომ, მაგალითად, შეცდომაა ასეთი მიდგომა, რომ ჯერ ქიმია დაამთავრო და მერე გაიკეთო აცრა, რადგან ზუსტად მაშინ ხარ ყველაზე კარგი სამიზნე ვირუსისსთვის და ამ დროს არის საჭირო აცრა. ასევე შეცდომაა ჯანმრთელი, ახალგაზრდა ადამიანების მიდგომა, რომ მე ჩემი იმუნიტეტის მჯერა, ეს შეიძლება საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს, არ შეიძლება ამ ვირუსთან ხუმრობა. ამიტომ, არ უნდა გავრისკოთ და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ. ახლობელი მიყვებოდა, რომელიც არ იყო აცრილი, როგორი ჯოჯოხეთი გამოიარა. ეს სჯობს თუ ერთი აცრა, რომელსაც შეიძლება პატარა შეწითლება და შეშუპება მოჰყვეს ნანემსარზე?! სად არის ლოგიკა?! _მთავარი რჩევა რა იქნებოდა საქართველოში მცხოვრებთათვის, სადაც აცრის დაბალი მაჩვენებელია? ხშირად მაკრიტიკებენ, რატომ მომყავს დანიის მაგალითი და ცუდი მაგალითი რატომ უნდა მოვიყვანო?! მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და დანიის მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავდება, როცა არსებობს აცრები, უნდა ავიცრათ, ეს არის უპირველესი იარაღი პანდემიასთან საბრძოლველად და ეს არის ფაქტი. სტატისტიკით დასტურდება, რომ აცრილებში კოვიდინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობა 20-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე აუცრელებში. ერთადერთი რაც არის სწორი, ეს არის აცრა და აქ კონტრარგუმენტები უსუსურია.
აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში ორ ახალ დოკუმენტს გააფორმებენ
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოსკოვში 9 ნოემბერს ორი ახალი დოკუმენტი გაფორმდება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დოკუმენტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით მოაწერენ ხელს. პირველი დოკუმენტი აზერბაიჯანი-სომხეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმინაცია-დემარკაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მეორე - საკომუნიკაციო დერეფნის, ასევე აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის გზის გახსნას. დოკუმენტები აზერბაიჯანის, რუსეთისა და სომხეთის ვიცე-პრემიერების შეხვედრისას შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა.
მეხანძრე-მაშველები დაჯილდოვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო ჩატარებულ საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, ასევე, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განხორცილებული სამაშველო ოპერაციისთვის მეხანძრე-მაშველებს უწყებრივი მედლები - „მამაცობისთვის“ გადაეცათ. დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ბაზაზე გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებმა, მეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. იოსებ ჭელიძემ და თემურ მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და 10 მეხანძრე-მაშველს, მინისტრის სახელით, უწყებრივი მედლები გადასცეს.8 ოქტომბერს, ბათუმში საცხოვრებელი სახლის ნგრევის გამო მიმდინარე საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 426 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული, რომელთაც 29 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წარმართეს სამაშველო ოპერაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ყველა მათგანი კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის, მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წახალისდა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო
თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი აცხადებს. მისივე თქმით, შესაბამისი ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია.; ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-მ თურქეთს F-35-ის პროგრამაში ინვესტიციების ნაცვლად F-16 ტიპის გამანადგურებლები შესთავაზა. Reuters-ის ცნობით, როგორც ერდოღანი აცხადებს, თურქეთს კვლავ სურს, „F-35“-ის პროგრამაში მონაწილეობა და მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა მიაჩნია რომ აშშ-ის მიერ შეთავაზებული F-16-ების შეძენა ქვეყნის საჰაერო დაცვის პოტენციალს მნიშნელოვნად გააძლიერებს. F-35-ის 100 ავიაგამანადგურებლის შესაძენად, თურქეთმა აშშ-ს 1,4 მილიარდ დოლარის ინვესტიცია გადაურიცხა, თუმცა აშშ-მ თურქეთი F-35-ის პროგრამიდან მას შემდეგ გაიყვანა, რაც ოფიციალურმა ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო სისტემები შეიძინა. აშშ არაერთხელ დაემუქრა თურქეთს სანქციებით, თუ კვლავ შეისყიდიდა რუსული წარმოების იარაღს, თუმცა ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემების შეძენას კვლავ გეგმავს.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ. ასეთი რამ არ არსებობს - ეს ყველა შემთხვევაში რაღაც ვირუსია, რომელიც არის გადამდები
„ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ. ასეთი რამ არ არსებობს - ეს ყველა შემთხვევაში რაღაც ვირუსია, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს“, - ინფექციონისტი და კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საკმაოდ ხშირია, როდესაც სწრაფი და PCR ტესტის დროს პასუხები არასწორია. ინფექციონისტის განცხადებით, ხველების, სურდოს შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდა თუ არა მას ტესტირებით კოვიდინფექცია, ასეთი ადამიანი სხვებს უნდა მოერიდოს. „ხშირია არამხოლოდ პირველ ეტაპზე, არამედ ზოგადად - ანტიგენ ნეგატიური და PCR-ნეგატიური პაციენტებიც კი ძალიან ბევრია, ამიტომ, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მიუხედავად იმისა, დაუდასტურდება თუ არა კოვიდი ლაბორატორიულად, ის მაინც უნდა ეცადოს, რომ მოერიდოს სხვებს, თუნდაც იმიტომ, რომ თუ სიმპტომები აქვს, ე.ი. რომელიღაც რესპირაციული ინფექცია მაინც აქვს. ადამიანები თავს იმშვიდებენ, რომ გაცივდნენ და ამიტომ აქვთ სიმპტომები. ასეთი რაღაც არ არსებობს - გაციება ყველა შემთხვევაში არის რომელიმე ვირუსი, რომელიც არის გადამდები და უქმნის სხვებს საფრთხეს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა „დღის კურიერში“.
შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი გადასცა
აშშ-ის მიერ გამყოფილი სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი უკრაინაშია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. საუბარია $60 მილიონის ღირებულების დახმარების უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაზე, რომელიც მოიცავს სამხედრო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო და მაღალი სიზუსტის იარაღს, სამედიცინო აღჭურვილობას და სხვა მასალებს. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოსოვი, სამედიცინო ძალების მეთაური ბრიგადის გენერალი ტეტიანა ოსტაშჩენკო და გენერალური შტაბის მთავარი ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი მიკოლა შევცოვი იმყოფებოდნენ ბორისპოლის აეროპორტში სატვირთო თვითმფრინავის დასახვედრად. აშშ-ის საელჩოს თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბრიტანი სტიუარტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით დგას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში რუსეთთან დაპირისპირების ფონზე. მისი თქმით, შეერთებული შტატები ეხმარება უკრაინას შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, რაც მოიცავს ლოგისტიკურ დახმარებას და წვრთნას - როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულს და აშშ-ს სურს, დაინახოს უკრაინა NATO-სკენ მიმავალ გზაზე, როგორც მშვიდობიანი და თავისუფალი ქვეყანა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ევროპაში გაზის კრიზისი რუსეთის მიერ არის „ორკესტრირებული“
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროპაში გაზის კრიზისი რუსეთის მიერ არის „ორკესტრირებული“ და ენერგომომარაგებას შანტაჟისთვის იყენებს. ამის შესახებ ზელენსკიმ AFP-ს განუცხადა. „ჩვენ ვართ ხელოვნური კრიზისის მოწმენი, რომელსაც აქვს მკაფიო მიზანი - აიძულოს ევროპა, დათმოს თავისი ღირებულებები“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ეს აგრესია ევროკავშირის წევრების კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს. ზელენსკის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ უკრაინასთან რუსული შანტაჟის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა მსგავსი შანტაჟი უკრაინის წინააღმდეგ. „ახლა ევროპის ჯერია, გაეცნონ გაზის ომის კონცეფციას“, - დაამატა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავე თემაზე ენერგოკრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა
გრიგოლ ვაშაძე პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა
პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. „ყველა პარტიის წევრობაზე თუ საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. შეხვედრის დეტალებზე მას მედიასთან არ უსაუბრია. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.
ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა
„კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში იგრძნობა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდვითარებას სრულად აკონტროლებს და საწოლფონდს მართავს. „ამ დროისთვის კოვიდპაციენტებისთვის ადგილები არის, ვინაიდან რამდენიმე რეგიონი, სადაც გვაქვს კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა, ეს არის ქვემო ქართლი, კახეთი და სამცხე-ჯავახეთი, დანარჩენ რეგიონებში ზრდა არ შეინიშნება. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, მაღალი იყო აქტივობა რთველიდან და იმ საველე სამუშაოდან გამომდინარე, რომელიც ჩაატარა მოსახლეობამ. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ ეპიდსიტუაციას, ასევე ვმართავთ საწოლფონდსაც. პაციენტების უსაფრთხოებას არანაირი წინაღობა არ აქვს. ვთვლი, რომ ეს ტალღა, რომელიც რეალურად არის მეოთხე ტალღის გაგრძელება და არანაირად არ გახლავთ მეხუთე ტალღა, იმ შესაფერის პირობებში დაიძლევა, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვატარებთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. საქართველოში კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, 7 დღის - 9,09%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %. სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. 22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქუთაისში ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, რომ ამ ქალაქში მალე დაიწყება ელექტრო ავტომობილების გამოშვება. მისი თქმით, ახალ ინვესტორთან მოლაპარაკებები დაწყებულია. „დაახლოებით 2 წლის წინ იყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ელექტრომობილების წარმოებას, გვყავდა ძალიან სერიოზული ინვესტორი, შემდეგ პანდემიამ შეაფერხა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში ამ პროექტის განხორციელებამ გადაიწია. მინდა, ვაცნობო ქუთაისელებს, რომ ჩემი დავალებით, ჩვენ უკვე განვაახლეთ, დავიწყეთ ახალი მოლაპარაკებები ინვესტორ კომპანიასთან, ქარხნის დიდი ნაწილი ჩამოტანილია ადგილზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე, იმისთვის, რომ ქუთაისს დავუბრუნოთ ერთ-ერთი მთავარი ისტორიული მისია. აქ ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ ელექტრო ავტომობილების გამოშვებასაც, ამისთვის მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ. 2019 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა ამოქმედდებოდა, ექსპორტზე ევროკავშირში კი 2020 წელს გავიდოდა. კომპანია „აიგრუპს“ 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე 24 თვის ვადაში უნდა აეშენებინა ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო. მემორანდუმს ხელი 2019 წლის მაისში მოეწერა. იმჟამინდელი გეგმით, ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი უნდა დასაქმდეს და საწარმოს ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში არანაკლებ 5000 ელექტრომობილი უნდა დამზადდეს. კომპანია „აიგრუპმა" გასული წლის ივლისში განაცხადა, რომ პანდემიიდან შექმნილი გამომდინარე შეიქმნა ლოგისტიკური შეფერხებები, კომპანის გეგმები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით კი, გადაიხედა.
პრემიერი: მე, როგორც პრემიერმა, ყველაფერი გავაკეთე, რომ დროულად შემომეტანა ხალხისთვის ვაქცინები
„მე, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენი ხალხისთვის დროულად შემომეტანა ვაქცინები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან. „დავინიშნე რა, პირადად მე ვიყავი ჩართული და შემოვიტანეთ მილიონიბით ვაქცინა ყველანაირი - „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა“. ყველანაირი ვაქცინა შემოვიტანეთ. ახლაც დავამატეთ, 1-ელ ოქტომბერს შემოვიტანეთ ვაქცინები, დამატებით „სინოფარმი“. პირადად ვიყავი ჩართული ამ კამპანიაშიც, ვაქცინაციის პროცესშიც, მთავრობის წევრებთან ერთად, ყველანი ჩართულები ვიყავით. პირადად მივეცი მაგალითი, როდესაც კოვიდ გადატანილმა ავიცერი 2-ჯერ „ფაიზერით“, ჩემი ოჯახის წევრები, ყველა აცრილია. ამას გარდა, ჩვენ გვქონდა ძალიან „აგრესიული“, შეიძლება ასეც ითქვას, აქტიური ვაქცინაციის კამპანია. შევძელით 2 მლნ. აცრის გაკეთება - მილიონი ადამიანი ავცერით. ეს არის ის, რაც შევძელით და დავარწმუნეთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ეს არის აუცილებელი. ახლა პროცესი გრძელდება. რომ იცოდეთ, ეს არ ხდება მხოლოდ ჩვენთან, ევროპის ქვეყნებში და მათ შორის, ამერიკაშიც, არიან ანტივაქსერები, რომლებსაც არ სჯერათ უბრალოდ ამ ვაქცინის ეფექტიანობის. ამ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მცდარი აზრი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, მათ შორის, ოპოზიციამაც უნდა გააკეთოს ჩვენთან ერთად, ნორმალურ ოპოზიციას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, დესტრუქციული ძალები ამ პროცესში ჩაერთვებიან. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოში დღეს კორონავირუსი, 4 467 ადამიანს დაუდასტურდა, 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,51%, ბოლო 14 დღის - 8,94%, 7 დღის - 9,09%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 688 804 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 626 478, გარდაიცვალა 9 699 პაციენტი. 23 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 943 743 აცრა, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 022 128 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %. სრულად ვაქცინირებულია 921 000 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.2%. 22 ოქტომბერს აიცრა 5 469 ადამიანი.