ძებნის რეზულტატი:
ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, კახეთში 100 წლის ქალი აიცრა
შიდა ქართლის შემდეგ, ვაქცინაციის მარათონი კახეთში გრძელდება. აცრის კაბინეტი სოფლებში თავად აკითხავს მოსახლეობას. ვაქცინაციის პროცესს ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაეცნენ. სოფელ მანავში COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინით ათეულობით ადამიანი აიცრა, მათ შორის იყო ორსული და 100 წლის ქალი. „ვაქცინაციის მარათონს კახეთში ვაგრძელებთ. ჩვენ ის სოფლები შევარჩიეთ, სადაც ვაქცინაციის ტემპი დაბალია. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ჩართულობა, რათა მოქალაქეებს სწორი ინფორმაცია მიაწოდონ. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმდინარე პროცესს მუდმივ მონიტორინგს გაუკეთებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაქცინაციის მარათონი დადებით შედეგებს გამოიღებს და ვაქცინაციის ტემპი კიდევ უფრო მოიმატებს“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. COVID-19-ის საწინაღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს, სოფლიდან გაუსვლელად, ადგილზე, რეგისტრაციის გარეშე, სპეციალურად გამოყოფილ მოძრავ ამბულატორიაში შეუძლიათ. „ვაქცინაციის ტემპი იმატებს. მარათონის ფარგლებში , პირველ დღეს 120 , გუშინ კი 300 ადამიანი აიცრა. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასოფლო დასახლებაში მარათონი კარგ შედეგს გამოიღებს, თუმცა ეს ყველაფერი შემდგომშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. აქ ძალიან გამოცდილი ექიმები და ექთნები არიან. მოგეხსენებათ, რომ კახეთში შემთხვევების მატებაა და ამ პროცესს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია გააჩერებს“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. პროექტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ინიციატივით ხორციელდება. მარათონში მონაწილეობას იღებენ სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ. პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების სააგენტო (UNDP).
პრეზიდენტი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა, მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე" – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს. „საქმეებში „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. იუსტიციის მინისტრი: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა, მასზე კიდევ ერთი ზეწოლის განხორციელებას ნიშნავს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გლდანის ციხის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის გადაყვანა, რომელიმე კლინიკის ნაცვლად, ექსპრეზიდენტზე კიდევ ერთი სახის ზეწოლის განხორციელებას ნიშნავს. ამის შესახებ დიმიტრი საძაგლიშვილმა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, მხოლოდ სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი. ადვოკატის თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას, როცა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არც ერთ კერძო კლინიკაში. „ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჰოსპიტალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განცხადება. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ჩვენ მანამდე მოვისმინეთ ასევე იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ შეასრულებდა სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდება არცერთ კერძო კლინიკაში, არამედ მოხდება მე-18 დაწესებულებაში. ეს არის გლდანის ციხეში, - აღნიშნავს საძაგლიშვილი და განაგრძობს, - ჯერ ერთი, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც დაამარცხა კრიმინალი, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმა“ - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. შეგახენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე დათანხმდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა. „გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო.
კორონავირუსის გამო მოსკოვში ლოკდაუნი წესდება
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, კოვიდპანდემიის გამო, 28 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი ლოკდაუნი წესდება. ამის შესახებ რუსულ მედიას მოსკოვის მერმა სერგეი სობინინმა განუცხადა. რუსეთის დედაქალაქის მერის განცხადებით, "ლოქდაუნის" პერიოდში იკეტება სკოლები და საბავშო ბაღები, ასევე ყველა მაღაზია, გარდა იმ მაღაზიებისა, სადაც ძირითადი მოხმარების პროდუქტები იყიდება. მისივე თქმით, ბარები და რესტორნები ღია დარჩება, მაგრამ მხოლოდ გატანისა და მიტანის მომსახურებით მუშაობის უფლება ექნებათ. შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში, პირველად, ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება. ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირების და გარდაცვალების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გამოვლინდა დაინფიცირების 36 339 შემთხვევა და ვირუსს კიდევ 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
ამერიკის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განცხადა. ოსტის თქმით, შავი ზღის აკვატორია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების კრიტიკული ნაწილია. "შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების კავშირი და მათი თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს საკითხებია. როდესაც რუსეთი რეგიონის მილიტარიზებას ცდილობს, შავი ზღვის მოსაზღვრე ქვეყნებმა ერთობლივად უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები. რეგიონში არსებობს რუსული აგრესიის საფრთხე და ამის მტკიცებულება საქართველოსა და უკრაინის ნაწილების გაგრძელებული ოკუპაციაა. ამასთან, პროვოკაციული ნაბიჯები და მილიტარიზების მცდელობაც შავი ზღვის რეგიონში აშკარად იგრძნობა.", - აცხადებს ოსტინი. ლოიდ ოსტინი რუმინეთში ჩასვლამდე საქართველოსა და უკრაინაში იმყოფებოდა და მათი სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებებიც გააკეთა. რუმინეთის შემდეგ კი, ლოიდ ოსტინი ბრიუსელში ჩავიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას
"სტრასბურგის სასამართლოს განჩინებებში მკაფიოდ არის ასახული, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ იბომბებოდა და საქართველოს ხელისუფლება მოკლებული იყო ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას" – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია ნათქვამი, რომლითაც უწყება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებებს ეხმაურება. " სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებები, რუსეთ-საქართველოს ომის საქმესთან დაკავშირებით იმავე სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიციას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას მის ხელთ არსებული დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების განუზომელი ძალისხმევის შედეგია, წარმოადგენს მძლავრ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში. იუსტიციის მინისტრი: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა
ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს
ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. ამის შესახებ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „ მდგომარეობა არ ვიცი. შევდივარ, რომ ვნახო და გადავხედო ანალიზებს. მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს. ეს გავიგე მე დღეს დილას, გუშინ არ ვუყურებდი ტელევიზორს. თუმცა, მანამდე მე გავიგე სხვა პოზიცია ჯანდაცვის მინისტრისგან, რომელმაც მითხრა, რომ მომაწვდის იმ საავადმყოფოების სიას, რომლებშიც შეიძლება, მოათავსონ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“. შეგახენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე დათანხმდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ
ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შემდეგ: აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად
"აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად"- ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინამ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ twitter-ზე დაწერა. "გუშინ დავემშვიდობე საქართველოს, პრემიერ-მინისტრთან შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ. აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად. მალე დავბრუნდები",- წერს ხავიერ კოლომინა, რომელიც ჯეიმს აპატურაის ადგილზე სექტემბერში დაინიშნა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. ტექსტი მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განათავსა. "საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მქონდა შესანიშნავი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, პარლამენტის წევრებთან. როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ერთად, ასევე ვეწვიე „ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს“, რამაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. NATO საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია", - აცხადებს კოლომინა, რომელიც საქართველოს ბრიუსელში დაგეგმილ თავდაცვის მინისტერიალამდე ეწვია. "გავაგრძელებთ მუშაობას, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უპირველეს ყოვლისა, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ საქართველო რჩება NATO-სთვის ძალიან ახლო და ძალიან ღირებულ პარტნიორად. ჩემი სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა ძალიან გამოცდილი დიპლომატია, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ მუშაობს NATO და ასევე, როგორ შეგვიძლია პარტნიორობის გაძლიერება საქართველოსთან, როგორ ვიმუშაოთ მჭიდროდ ქვეყნებთან რეგიონში. მე მას ვიცნობ, როგორც ძალიან მცოდნე დიპლომატს, რომელსაც შეუძლია იმ ძალისხმევის მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო ახორციელებს ამ რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერება, თუ როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. მე ველოდები ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან მუშაობას ამის გასაკეთებლად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში 21-22 ოქტომბერს გაიმართება. ხავიერ კოლომინა: NATO-ს სურს, რომ ჰქონდეს ყოვლისმომცველი ურთიერთობა საქართველოსთან
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვა NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ამ რეგიონში ჩვენი წარმომადგენლობა გავზარდეთ
"შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა", – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი წარმომადგენლობა გაზარდა. "შავი ზღვის ექვსი ქვეყნიდან, სამი ქვეყანა, თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი უკვე ალიანსის წევრები არიან, ასევე ამ რეგიონში არის ორი ძალიან ახლო პარტნიორი საქართველო და უკრაინა. ჩვენ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ვიხილეთ რუსეთის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში. გავზარდეთ ჩვენი წარმომადგენლობა ამ რეგიონში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, ასევე მუდმივად ვაფასებთ, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, ნაწილობრივ წარმომადგენლობის გაზრდით, ასევე საჭიროების შემთხვევაში, ძალების სწრაფად განთავსების შესაძლებლობის გაზრდით. ეს არის ის, რისთვისაც გვჭირდება ჩვენი ძალების მაღალი დონის მზადყოფნა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს რუსეთთან ურთიერთობის დონემ კიდევ უფრო დაბლა დაიწია მორიგი დაპირისპირების შემდეგ, რის შედეგადაც NATO-ში კრემლის წარგზავნილებს აკრედიტაცია ჩამოერთვათ, მოსკოვში კი დაიხურა ჩრდილოატლანტიკური კავშირის ოფისი. რამდენიმე კვირის წინ NATO-მ ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ექვსი აკრედიტებული წარმომადგენელი გააძევა. ალიანსის აღნიშნული გადაწყვეტილების საპსაუხოდ რუსეთმა NATO-ს რუსეთში თავისი წარმომადგენლობის დახურვა მოსთხოვა. „ჩვენ ჯერაც მოგვეპოვება გზები და არხები რუსეთთან კომუნიკაციისთვის, მაგრამ დასანანია რუსეთის გადაწყვეტილება მოსკოვში ნატოს ორი ოფისის დახურვის თაობაზე, ასევე ნატოში მისი მისიის შეჩერება,“ - აცხადებს სტოლტენბერგმა. 21-22 ოქტომბერს, ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები შეხვედრა მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვის ახალ გეგმას განიხილავენ, რომლის მთავარი მიზანი ნებისმიერ ფრონტზე რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან დაცვა იქნება. "ამერიკის ხმის" განმარტებით, მიუხედავად ჩინეთის მზარდი როლისა, როგორც ჩანს, ალიანსის ძირითადი ფოკუსი რუსეთზე იქნება მიმართული. კონფიდენციალური სტრატეგია მიზნად ისახავს ბალტიის და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბირთვულ იარაღს, კომპიუტერული ქსელების გატეხვას და კოსმოსიდან თავდასხმებს. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქით, თავდაცვის ახალი გეგმა "ითვალისწინებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს და იმას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ". შეგახსენებთ, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა ეწვია. ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შემდეგ: აუცილებლად განვაგრძობთ გზების ძიებას NATO-ს ჩართულობის გასაძლიერებლად
დონალდ ტრამპი ახალ სოციალურ ქსელს ქმნის
ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი ახალი სოციალური პლატფორმის წარდგენას აპირებს. აპლიკაცია სახელად "სიმართლე" (TRUTH) ქვია. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მის მიერ დაფუძნებული ახალი სოციალური ქსელი facebook-ის და twitter-ის მსგავს ტექნოლოგიურ გიგანტებს "წინ აღუდგება". აღსანიშნავია რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი twitter-ის და facebook-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა. ახალ პლატფორმას "ტრამპ მედიისა" და "ტექნოლოჯი გრუპის" შერწყმის შედეგად წარმოქმნილი კომპანია შექმნის.
პენიტენციური სამსახური განმარტავს, როგორ მოახერხა სააკაშვილმა მოქალაქეებისთვის მისალმება
დღეს, მედიასაშუალებებით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმყოფება იმ საკანში, სადაც თავდაპირველად მოთავსდა. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი; კერძოდ, „№12 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №526 ბრძანების 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. დღეს მედიით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის ერთ-ერთი ფანჯრიდან გზაზე მდგომ აქციის მონაწილეებს ესალმება.
დავით სერგეენკო: ვაქცინაციის კამპანია ანტივაქსერული კამპანიის ორგანიზების მეათედით მაინც რომ იყოს ორგანიზებული, ასეთი სიტუაცია არ გვექნებოდა
"ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება, რადგან დაგვიანებული ნაბიჯები გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დეპუტატმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს თქმით, ანტივაქსერების მოძრაობა საქართველოში წარმოუდგენლად ორგანიზებულია. ამის მეათედი ორგანიზებული რომ იყოს ვაქცინაციის კამპანია, ახლა უკვე პრობლემა დახურული იქნებოდა. "მერამდენე ტალღაა, ამის თვლას აზრი არ აქვს, რადგან სახეზეა მონაცემების გაუარესების ტენდენცია სახეზეა. ახლა რაც მიდის ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანია, მას ჯერადობით აკლია როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კომპონენტი. ეს უნდა იყოს ბევრად უფრო სისტემური კამპანია, თუნდაც როგორც წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც წალეკილი აქვს საინფორმაციო სივრცე. ხშირად ადამიანები კითხულობენ, ვინ არის პასუხისმგებელი. ჩვენ ვერ ვხედავთ ვირუსს, მაგრამ ვართ საომარ მდგომარეობაში და საომარი მოქმედებების დროს უბრალოდ არ შეიძლება დამნაშავეების ძებნა. მთელი რესურსი უნდა იყოს მიმართული ბრძოლისკენ. დაგვიანებული ნაბიჯები, რა თქმა უნდა, გვაქვს - დასახული გეგმა იყო წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია და ახლა არის ამის ნახევარი. დარჩენილი ორი თვე არ გვაძლევს იმის იმედს, რომ ეს გეგმა შესრულდება. ასე რომ, დიახ, ვაქცინაციის გეგმა ვერ სრულდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 20 ოქტომბერს მხოლოდ 5 194 ადამიანი აიცრა. უკვე ერთი თვეა აცრის დღიური მაჩვენებლი 5000-ს არ აცდენილა. ახლა ვაქცინაციის კამპანიაში რაოდენობრივი კომპონენტის გაზრდას აზრი არ აქვს. 10 ბილბორდი იქნება, 100 თუ 1000, 300 საეთერო წუთი იქნება კლიპების თუ 3000, უბრალოდ არაფერს შეცვლის", - განაცხადა "პალიტრანიუსის" ეთერში დავით სერგეენკომ. სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 % სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.0%
გადასაღებ მოედანზე ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა
გადასაღებ მოედანზე, ჰოლივუდელი მსახიობის, ალეკ ბოლდუინის მიერ ნასროლ ტყვიას ოპერატორი ემსხვერპლა. დაჭრილია ფილმის რეჟსორიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. BBC-ის ცნობით, ფილმის სარეკვიზიტო იარაღში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდა. დაღუპული ოპერატორი ქალია. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დაღუპული გალინა ჰაჩინსი წარმოშობით უკრაინიდანაა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები არკვევენ ვინ შეცვალა ყალბი ტყვიები ნამდვილი მასრებით. ფილმის რეჟისორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა. მომხდართან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ.
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის, 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა გაასაღა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.
ინფიცირების 4 155 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 40 გარდაცვლილი და 1 427 მძიმე პაციენტი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი, 40 გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 684 337-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 624 688-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი ემსხვერპლა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.32%, ბოლო 14 დღის - 8.89%, 7 დღის - 8.99%. ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 352 შემთხვევა, აჭარა - 143, იმერეთი - 777, ქვემო ქართლი - 287, შიდა ქართლი - 306, გურია - 95, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 299, კახეთი - 669, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი - 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 36. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 966, საიდანაც: 5 895 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 427, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 302. 1 003 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 43 068 პაციენტი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 263 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 38 268 ადამიანი.
ჯო ბაიდენი: თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, აშშ დაიცავს მას
"აშშ დაიცავს ტაივანს, თუ მას ჩინეთი დაესხმება თავს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ვაშინგტონი ვალდებულია, დაიცვას ტაივანი. ტაივანის ხელისუფლება ჩინეთისგან მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეზე ხშირად საუბრობს. ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. პეკინში არაერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანის ძალის გამოყენებით დაბრუნებას არ გამორიცხავენ. აღსანიშნავია, რომ აშშ ტაივანის დაცვის საკითხზე დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. სტრატეგიული გაურკვევლობის პოლიტიკას მიჰყვებოდა. BBC-ის ცნობით,ბაიდენის აღნიშნული განცხადება ტაივანთან დაკავშირებით, აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებაზე მიანიშნებს. ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
ლორენს მერედიტი: ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავეხმაროთ
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში, რათა ხელი შევუწყო ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საზოგადოებისთვის ფართოდ წარდგენას“, - აცხადებს ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში, ლორენს მერედიტი. მისი თქმით, საქართველოს დასახმარებლად მუშაობა სამომავლოდაც აქტიურად გაგრძელდება. „მომდევნო წლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს, რათა მიიღონ წვდომა მაღალი ხარისხის ინტერნეტკავშირებზე, განვამტკიცოთ კავშირები შავი ზღვის საშუალებით, ხელი შევუწყოთ ბიზნესს კოვიდ-19-ის შემდგომ საქმიანობის აღდგენაში და უზრუნველყოთ, რომ ქვეყანაში ადამიანებმა ისუნთქონ სუფთა ჰაერი“ - აღნიშნავს ლორენს მერედიტი. 20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე. 20-21 ოქტომბერს, ლორენს მერედიტი, ევროკომისიის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში და კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშრის ელჩი, საქართველოს რეგიონებისთვის ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად იმერეთსა და აჭარას ესტუმრნენ. ვიზიტი შედგა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის კონტექსტში, განსაკუთრებული აქცენტებით შავი ზღვით კავშირების განმტკიცების საკითხებზე. ვიზიტი ბათუმის პორტში გაგრძელდა, სადაც თამარ იოსელიანმა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ევროკავშრის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს პირველი საზღვაო სტრატეგია წარადგინა. პორტის ობიექტების დათვალიერებისას, ლორენს მერედიტმა და კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მოსალოდნელ შედეგებს შავი ზღვის სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით. ორდღიანი პროგრამა დასრულდა ღონისძიებით „შავი ზღვა - საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“, რომელიც პირველად ჩატარდა. პანელურ დისკუსიაზე, დირექტორმა მერედიტმა და ელჩმა ჰარცელმა, აგრეთვე ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა, ადგილობრივ ახალგაზრდებთან და მეწარმეებთან ერთად, ისაუბრეს საკუთარ ხედვებზე შავი ზღვის მომავალთან დაკავშირებით. დისკუსია წარიმართა საქართველოში ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის გარშემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო, ციფრულ და გარემოსდაცვით საკითხებს. კოვიდ-19-ის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა. მას მონაწილეთა მცირე რაოდენობა ესწრებოდა.
Reuters-ი კონგოს პარლამენტის შენობაში დემონსტრანტი სკოლის ასობით მოსწავლე შეიჭრა
Reuters-ის ცნობით, კონგოს პარლამენტის შენობაში სკოლის ასობით მოსწავლე შეიჭრა.საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრილ მოსწავლეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი შეხდა და სახლებში დაუბრუნებისკენ მოუწოდა. სააგენტო ცნობით, მოსწავლეები გაფიცული მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას მიოთხოვდნენ. „ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები. ადგილობრივი პროფკავშირი მთავრობას მოუწოდებს, ნუ აქცევს სკოლებს პოლიტიკური თამაშების ნაწილად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მასწავლებლები ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 4 ოქტომბრიდან გაფიცული არიან, კონგოს მთავრობის მტკიცებით, პედაგოგების გაფიცვის ორგანიზებას ის რელიგიური ჯგუფები უწევენ, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ. .
95 წლის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ღამე კლინიკაში გაატარა
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, 95 წლის ელისაბედ მეორემ, მრავალი წლის შემდეგ პირველად, ღამე კლინიკაში გაატარა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, 18 ოქტომბერს დედოფალმა უინძორის სასახლეში მილიარდერ ბიზნესლიდერებს უმასპინძლა "სასმელმების თანხმებით". შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ბრიფინგი გამართა მწვანე ინვესტიციების თაობაზე. ღონისძიებაზე დედოფალი სრულიად ჯანსაღად გამოიყურებოდა. სამეფო კარის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციის დედოფალი კლინიკაში „წინასწარი გამოკვლევის“ მიზნით იმყოფებოდა. მათი ცნობით, დედოფალი კარგ განწყობაზეა და ის უინძორის სასახლეში დაბრუნდა. კლინიკაში მოთავსების გამო ელისაბედ მეორემ ირლანდიაში ვიზიტი გადადო. მოგვანებით, სასახლეში განაცხადეს, რომ დედოფალს დასვენება ურჩიეს და მისი საავადმყოფოში მოთავსება არ უკავშირდება COVID 19 -ს. როიტერსი სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დედოფალმა ღამე, ლონდონის ცენტრში მდებარე მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამედიცინო ცენტრში გაატარა. დედოფალი ელისაბედს მომავალ წელს ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრuლდება, ის ცნობია კარგი ჯანმრთელობით. ელისაბედ მეორე კლინკაში ბოლოს 2013 წელს გასტროენტერიტის სინპტომებით იმყოფებოდა.
მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო მსოფლიო მასშტაბით, 21-ე ადგილზეა
მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ქვეყნებისა და მსოფლიო ბანკის წევრი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია, მსოფლიო მასშტაბით კი, 21-ე ადგილს იკავებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა. როგორც ჭეიშვილი აცხადებს, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია რვა ადგილით გაიუმჯობესა და შეფასების 100%-იანი სკალით 62% აიღო, რაც ისტორიულად მაქსიმალური შედეგია. „ეს წარმატება საქართველოს მთავრობის ეფექტური საქმიანობის შედეგია. საუბარია, განსაკუთრებით ორ ინდიკატორზე – სახელმწიფო სერვისების გაცემას და ანტიკორფუციულ რეფორმებზე“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. მინისტრის მოადგილის თქმით, „სერვისების დახვეწა და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა ყოველდღიური პროცესია, ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით კი, გაიზარდა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა და დაიხვეწა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა“. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ამ კურსის ერთგულნი და გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსის მონაცემით, საქართველო ლიდერია შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში, მსოფლიო მასშტაბით კი, უსწრებს გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, კანადას, ნიდერლანდებს, ავსტრალიას, იტალიას, პორტუგალიას, ნორვეგიას, შვედეთს, ისრაელს, სინგაპურს, სამხრეთ კორეას და ა.შ. მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა „SolAbility“-მ გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ ხუთი ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება. რეიტინგის განმსაზღვრელი ფაქტორებია: თანმიმდევრული მმართველობა (კრიტერიუმები: სახელმწიფო სერვისები, განათლების ბიუჯეტი, სამხედრო ხარჯები), ინფრასტრუქტურა (კრიტერიუმები: ინვესტიციები, გზები და რკინიგზა, საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა), ბიზნესგარემო (კრიტერიუმები: ბიზნესის კეთების სიმარტივე, ბიზნესის რეგისტრაცია, სექტორული განვითარება), კორუფცია (კრიტერიუმები: კორუფციის ინდექსი, მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია), ფინანსური სტაბილურობა (კრიტერიუმები: ფინანსური მდგრადობა, ფინანსური შოკების გავლენა, ფინანსური რეგულაცია). მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი მსოფლიო ბანკის, გაერო-ს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს ეფუძნება.