ძებნის რეზულტატი:

კარლ ჰარცელმა და ლორენს მერედიტმა ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელმა დირექტორმა ბათუმში, ჩამონგრეულ კორპუსთან ყვავილები მიიტანეს. კარლ ჰარცელი და ლორენს მერედიტი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მივიდნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორთან ერთად, დელეგაცია ეწვევა ბათუმის პორტს, სადაც შედგება ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის პირველი სტრატეგიის პრეზენტაცია. სტუმრები ასევე დაათვალიერებენ პორტს. დღის ბოლოს გაიმართება ღონისძიება „შავი ზღვა – საუბრები კავშირების განმტკიცებაზე“. შედგება პანელური დისკუსია ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და მსოფლიო ბანკის (WB), ასევე ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა მეწარმეების მონაწილეობით. დისკუსია დაეფუძნება ევროკავშირის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას საქართველოსთვის და შეეხება ტრანსპორტთან, ციფრულ კომუნიკაციებთან და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს. კოვიდშეზღუდვების გამო, ღონისძიება ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“, ღონისძიებას, რომელსაც მონაწილეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან, გადაიცემა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook გვერდის საშუალებით. ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თენგიზ ცერცვაძე: შესაძლოა, კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, წინ რთული პერიოდი გველოდება, რამაც შესაძლოა, კლინიკურ სექტორზე სერიოზული გავლენა იქონიოს. თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ეპიდვითარება არის ძალიან შემაშფოთებელი და საგანგაშო. „5 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღე, ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კატასტროფულად დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და ძალიან დაბალია პირბადეების გამოყენების პროცენტი. ამაზე უფრო ცუდ მოცემულობას, იმისთვის რომ მეხუთე ტალღა იყოს ძალიან მძიმე, ადამიანი უბრალოდ ვერ მოიფიქრებს. ჯერჯერობით, ამ რაოდენობის ავადმყოფებისთვის გარდაცვალების ძალიან დაბალ რიცხვს ვინარჩუნებთ. ასეთი ტემპით რომ გაიზარდოს ავადმყოფების რაოდენობა, უსაზღვრო არაფერია და რაღაც მომენტში, შესაძლოა, კლინიკური სექტორიც დადგეს ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე“, - თენგიზ ცერცვაძემ. გუშინ, 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42.

კორონავირუსი 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 411 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 896 პაციენტი. 29 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის - 8.83% ხოლო 7 დღის - 9.05%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181-მდე. თბილისში გამოვლენილია 1 456 შემთხვევა, აჭარა - 111, იმერეთი - 827, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 347, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 348, კახეთი - 696, მცხეთა-მთიანეთი - 104, სამცხე-ჯავახეთი - 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 48. აქტიური შემთხვევა 48 358, საიდანაც 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 057, აჭარაში - 501, იმერეთში - 1 288. მძიმე პაციენტი: 1 367 პირი, მათ შორის, თბილისში - 451, აჭარაში - 115, იმერეთში - 460. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 289 ადამიანი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 28, იმერეთში - 29. 1 012 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 271 - აჭარაში. 41 621 ადამიანი სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 48, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.

თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს

ბოლო 10 დღეში, პოლიციამ თბილისში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა, მათ შორის 3, დაკავებულია ფონიჭალის დასახლებაში. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი"და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას და მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი - კვლევა

არავაქცინირებულების რეინფიცირება ყოველ 16 თვეში ერთხელ არის მოსალოდნელი. ამას ინგლისში, იელის სამედიცინო სასწავლებლის ანალიზზე დაყრდობით აცხადებენ. იელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ გააანალიზა მონაცემები ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ, რათა შეეფასებინა, თუ რამდენად ხშირად შეიძლება, დაინფიცირდნენ არავაქცინირებულები ხელახლა. კვლევამ დაადგინა, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი გარკვეულწილად, ხანმოკლეა. 2020 წლის ივლისსა და 2021 წლის სექტემბერს შორის პერიოდში დაინფიცირებული 20 262 ბრიტანელიდან 296 იყო რეინფიცირებული. ეს რისკი გაზრდილია „დელტა“ შტამის გავრცელების შემდეგ.

FDA-მ Moderna-ს და Johnson&Johnson-ის ვაქცინების შერეული გამაძლიერებელი დოზების გამოყენება დაუშვა

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Moderna Inc (MRNA.O) და Johnson & Johnson-ის (JNJ.N) კოვივაქცინების შერეული, გამაძლიერებელი დოზების გამოყენებას ავტორიზაცია მიანიჭა. კერძოდ, FDA აძლევს შესაძლებლბას მოქალაქეებს, ბუსტერ დოზად გამოიყენონ პირველად მიღებული დოზისგან განსხვავებული ვაქცინა. Moderna- ს ვაქცინის მიმღებ 65 წელს გადაცილებულებს შეუძლიათ, გაიკეთონ მესამე დოზა, ისევე როგორც 18 წლის და ასევე, უფროს მოზარდებს, რომლებსაც აქვთ კოვიდით ინფიცირების მაღალი რისკი.

პროკურატურა იუწყება, რომ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

პროკურატურის განცხადებით, გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გაიხსნა. კერძოდ, უწყების ცნობით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. გერმანული მხარის ჩართულობით და ევროჯასთის მხარდაჭერით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ღონისძიება ერთდროულად ორ ქვეყანაში, ათეულობით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ ღონისძიებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 110 თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა; ამოღებულია 100-ზე მეტი ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულადი თანხა. გამოვითხოვეთ ელექტრონული ინფორმაცია ათეულობით ობიექტიდან; განხორციელდა არაერთი საპროცესო მოქმედება - ყადაღა დაედო დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ ქონებებს, ავტომანქანებს, საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად თანხებს, სხვადასხვა კომპანიების წილებს. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ: 2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს ექვსი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. ოპერატორებად უცხო ენის მცოდნე პირების დასაქმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.ე.წ. ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი ფუნქციონირებისთვის შეიქმნა ათეულობით ელექტრონული სავაჭრო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა მომხმარებლისგან თაღლითურად მოპოვებული თანხების განთავსებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშებზე.ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ცრუ სატელეფონო ნომრების გამოყენებით უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით. ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფულადი თანხები, საბანკო ტრანზაქციების მეშვეობით თავსდებოდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხოეთში დაფუძნებული კომპანიების ანგარიშებზე, საიდანაც ფიქტიური დანიშნულებით, თითქოსდა გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე.აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული 9,490,991 ევროს, 716 642 აშშ დოლარის და 218 000 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ჯგუფის 7 წევრი. ექვს მათგანს წარედგინათ ბრალდება თაღლითობისთვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია მის მიმართ საექსტრადაციო პატიმრობის გამოყენების მიზნით.გამოძიება, გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირების და მხილების მიზნით. საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს რა საკუთარ პატივისცემას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების, გერმანიის პოლიციის ატაშეს, ბამბერგის პროკურატურის და ბავარიის სახელმწიფო პოლიციის მიმართ, გამოთქვამს ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღდეგ ბრძოლაში სამომავლო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კარლ ჰარცელი: ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და  საქართველოსთან დაკავშირებით

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას, ფუნდამენტური უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, მთავარია ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც მათ შორის გულისხმობს პატიმრის უფლებებსა და პირობებს, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ელჩს ამ საქმის ირგვლივ ევროპარლამენტარების შეფასებებსა და მასზე მთავრობის რეაქციაზე ჰკითხეს. მან უპასუხა, რომ ევროკავშირის მოლოდინია, ასეთი პროცესები კანონის უზენაესობის ფარგლებში განიხილებოდეს. „როგორც ყოველთვის ჩვენ კომენტარს არ ვაკეთებთ ინდივიდუალურ წერილებთან დაკავშირებით ისევე, როგორც კომენტარებს კომენტარების შესახებ. ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპარლამენტის მუშაობაში და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც საქართველოსთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის საკითხს, ევროკავშირის მიდგომაა, რომ ეს უნდა განიხილებოდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში, გამჭვირვალედ. ასევე მივყვებით ისეთი ინსტიტუციების რჩევას, როგორიცაა სახალხო დამცველი, ვინც არის ასეთ საკითხებთან დაკავშირებით ძირითადი ინსტიტუცია. მთავარია ის, რომ ფუნდამენტური უფლებები უნდა იყოს დაცული, სამართლებრივი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, კანონის უზენაესობის შესაბამისად“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს ბათუმში. ამავე თემაზე: ანა ფოტიგა: მტკიცედ ვუჭერ მხარს ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის

ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების მეორე ტურისთვის 4 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს არჩევნების მეორე ტურისთვის 4 ევროპარლამენტარისგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა. ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის დამკვირვებლები საქართველოში რჩებიან და პირველის მსგავსად, მეორე ტურსაც დააკვირდებიან. „ჩვენ დავაფიქსირეთ გარკვეული დადებითი მოვლენები, რაც წინა არჩევნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობთ, გაძლიერდა სამართლებრივი ჩარჩო, მათ შორის საარჩევნო რეფორმით, რაც მოჰყვა 19 აპრილის შეთანხმებას. ჩვენ ასევე ვნახეთ კარგი და მშვიდი გარემო არჩევნების დღეს. იმედი გვაქვს, რომ მეორე ტური ამაზე იქნება დაფუძნებული. ამასთან, ჩვენ დავინახეთ ხარვეზები არჩევნების პირველი ტურის დროს, საუბარია დაშინებაზე, ამომრჩევლების მოსყიდვასა და პოლიტიკოსებზე ზეწოლის განხორციელებაზე, ასევე - არათანაბარი პირობები ჩვენი მტკიცე გზავნილია და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემებისგან ბევრი გამოსწორდება მეორე ტურამდე და იმედი გვაქვს, რომ ის არ იქცევა ნორმად საქართველოში არჩევნებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ამავე თემაზე: ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები

მმართველი გუნდი ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენას ფარსს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ „ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუება“. „ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. „მათ ჰგონიათ, რომ ისევე, როგორც ატყუებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სამწუხაროდ და საუბედუროდ, თავიანთი პროპაგანდისტული მანქანებით, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, დაეჯერებინა ის ფარსი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არც ერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძისა, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი. ნებისმიერ ბიზნესმენს ჰკითხეთ, მამუკა ხაზარაძე იყო ჩვეულებრივი შემსრულებელი მძიმე ფინანსური დანაშაულებისა. აქედან გამომდინარე, ეს ფარსი, რომელიც ვიხილეთ, არის „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია, რა კომენტარი შეიძლება ამაზე გავაკეთო, გარდა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ისინი სასტიკად დამარცხდებიან ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „ისინი საკუთარ თავს ატყუებენ, აჯერებენ და შემდეგ ცდილობენ, ერთგვარი განცდა შექმნან, მათ შორის უცხოელების თვალში, რომ რაღაც კოალიციური მთავრობის ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და ცხადია ყველასთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „ძალიან დიდი სასაცილო იყო, რომ ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებად, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ. გუშინდელი კოალიცია არის ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობა - დაშლილი და შეერთებული“, - განაცხადა ჟურნალისტებთან მოქმედმა მერმა და კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, კახა კალაძემ. ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა. მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანონ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, არ დათანხმდებიან საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას, რაზეც 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. ადვოკატის თქმით, არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში 20 ოქტომბერს დაასახელა კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოათავსებენ. „თუ დადგება საჭიროება, მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, იგი ჰოსპიტალიზებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ამ დაწესებულებას შეუძლია, მოშიმშილე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მზადაა ჰოსპიტალში გადასაყვანად, მაგრამ მისი პირადი ექიმის განცხადებით, „ეს ხვალ და ზეგ არ მოხდება“. დღესვე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მივა, რომელმაც მისი შესაძლო ჰოსპიტალიზაციის საკითხი უნდა განიხილოს. ნიკოლოზ ყიფშიძე იმ სამედიცინო კონსილიუმის წევრებსაც მიმართავს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უწევენ მონიტორინგს, შეისწავლონ გლდანში მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო შესაძლებლობები. ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

იტალიაში ჩატარებულმა კვლევამ კოვიდვაქცინირებულთა გარდაცვალების მიზეზები გამოავლინა

იტალიაში ჩატარებული კვლევით, ვაქცინირებულებში გარდაცვილთა შორის უმეტესად ხანდაზმულები და დაავადების მქონე ადამიანები არიან. ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანების საშუალო ასაკი, რომლებიც გარდაიცვალნენ ვაქცინაციის მიუხედავად, 85 წელი იყო. მათ საშუალოდ ხუთი ძირითადი დაავადება ჰქონდათ. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი მათ შორის, ვინც არ იყო ვაქცინირებული, 78 წელია. აღმოჩნდა, რომ აცრილთა შორის გარდაცვალების მიზეზი ხშირ შემთხვევაში გულის პრობლემები, დემენცია და კიბოა. პირველი თებერვლიდან 5 ოქტომბრამდე ჩატარებულმა ანალიზმა შეისწავლა სამედიცინო ჩანაწერები 671 არავაქცინირებულსა და 171 სრულად აცრილში.

ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ გრიპის ვაქცინის ნაცვლად, პაციენტები გოგელიას კლინიკაში C ვიტამინით აცრეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის გოგელიას კლინიკაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შემთხვევას. მინისტრის განცხადებით, მოკვლევის პროცესს საკმაოდ მასშტაბური სამუშაო სჭირდება. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დადასტურებულია, გრიპის ვაქცინის ნაცვლად გოგელიას კლინიკაში პაციენტები C ვიტამინით აცრეს. მისივე თქმით, C ვიტამინის შემთხვევაში, ადამიანებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა მათ მაინც შესაბამისი მეთვალყურეობა გაეწევათ. „გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, დოკუმენტები გადაიგზავნება შესაბამისს უწყებებში. მოკვლევა დაიწყო გუშინ, ეს არის საკმაოდ მასშტაბური სამუშაო, ჩვენ გვინდა, რომ ჩავიდეთ ყველა დეტალში. გაყალბებული სერტიფიკატები, რომლებიც ამოღებულია, რა თქმა უნდა, გადაგზავნილია პროკურატურაში და მათი მხრიდან უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან ყალბ სერტიფიკატზე სამინისტროს ვერ ექნება რეაგირება, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ნამდვილი სერტიფიკატების შეჩერება, ისიც გარკვეული წესებით, რომელიც დადგენილია სამინისტროსთვის. ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოვიკითხავთ, C ვიტამინის შემთხვევაში, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოხდება მათი გამოკითხვა და შესაბამისი მონიტორინგი. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ იყო გადაგზავნილი პროკურატურაში, ჩვენ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება. რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ აქ გარკვეულწილად ვართ შეზღუდულები, რადგან რეგულირების სააგენტოს არ აქვს მანდატი, გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ჩვენ ველოდებით პარლამენტს, რათა მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს მანდატი, რომ არამხოლოდ ამბულატორიები, არამედ კლინიკებიც შეამოწმოს შესაბამისად, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ასევე მნიშვნელოვანია, შეიცვალოს გარკვეული წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების დონეზე და მოხდეს განსაზღვრა მათი საჭიროების, სამუშაოს აღწერილობის დეტალური შესწავლა. მხოლოდ რეგულირების სააგენტოსა და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა და ოპერირების ნების დართვა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ, რომლის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს. მინისტრი კახეთში იმყოფება, სადაც იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, კახეთის რეგიონის ორ სოფელში - მანავსა და პატარძეულში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად დაახლოებით 35 ადამიანს C ვიტამინი გაუკეთეს. მოქალაქეებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, რომ მათ აცრისას მოითხოვეს, ენახათ ვაქცინის შეფუთვა, რაზეც უარი მიიღეს, რადგან გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინს უკეთებდნენ. დაზარალებულების თქმით, გრიპის საწინააღდეგო ვაქცინით აცრისთვის, კლინიკას 75 ლარი გადაუხადეს. გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

იუსტიციის მინისტრი: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. მინისტრის განცხადებით, ეს წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების ნაწილს. ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად. სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დაუშვებლად ცნო. სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონში აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. ინფორმაციისთვის, რუსეთის კოორდინაციით 2008-2009 წლებში საქართველოს წინააღმდეგ 3300-ზე მეტი საჩივარი შევიდა, თუმცა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და სამართლებრივი პოზიციების საფუძველზე 2800-მდე საჩივარი უკვე ამოირიცხა, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, რადგან ევროპულ სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომელიც საქართველოს მიერ ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევას დაადასტურებდა. აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში. გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო ამ საქმეში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ამავე თემაზე სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე

ღორის თირკმელი ადამიანში პირველად წარმატებით გადანერგეს

ღორის თირკმელი პირველად წარმატებით გადანერგეს ადამიანში. The economst-ის ცნობით, ექსპერიმენტული ოპერაცია ოჯახის თანხმობით ჩაუტარდა პაციენტს, რომელსაც ტვინის სიკვდილი ჰქონდა დაფიქსირებული. ოპერაცია ნიუ-იორკის საავადმყოფოში NYW Langone Health. „როდესაც ჩვენ ვამბობთ - „წარმატებით“, ის მხოლოდ 54 საათის განმავლობაში შემოწმდა პაციენტზე, რომელიც უკვე იყო მკვდარი. ტრანსპლანტაციის ჯგუფმა დაინახა, რომ თირკმელი დაკავშირებული იყო და ნორმალურად ფუნქციონირებდა. ტექნიკურად, ეს ცნობილია როგორც ქსენოტრანსპლანტაცია, ანუ ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა ერთი სახეობიდან მეორეზე. 17 ადამიანი იღუპება დღეში ტრანსპლანტაციის მოლოდინში, აშშ -ში“, - ამბობს პროფესორი დორი სეგევი. „ეს არის უზარმაზარი მიღწევა“, განუცხადა მან New York Times-ს.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით შეიქმნა. „საფინანსო განვითარების კორპორაცია (DFC) აშშ-ის მთავრობის ინსტიტუტია, რომელმაც სიამაყით დააფინანსა საქართველოში ამერიკელების მიერ მართული პირველი საავადმყოფო - „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ (AHT). ეს ჰოსპიტალი გააძლიერებს ჯანდაცვის მომსახურების სფეროს საქართველოში, მათ შორის კარდიოლოგიის, ნევროლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით. ყოველწლიურად, AHT 220,000 პაციენტს მოემსახურება, მათ შორის ბევრს, ვინც სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას ამჯობინებდა. ამასთანავე, AHT საქართველოში ასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ეს პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის ერთგულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ხალხის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისადმი“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ტექსტში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ 25 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული, ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 183-საწოლია განთავსებული. მინისტრ ნათია თურნავას თქმით, მისასალმებელია, რომ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ შექმნისთვის განხორციელებული ინვესტიციის დიდი ნაწილი - დაახლოებით 18 მილიონი დოლარი აშშ-ის მთავრობამ, კერძოდ საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი აცხადებს, რომ თანამდებობას პროტესტის ნიშნად ტოვებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს წალენჯიხის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დეტექტივების განყოფილების უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებული პოლიციელები არიან ღირსეული ადამიანები და პოსტს პროტესტის ნიშნად ტოვებს. „მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო. ჩემი პროტესტი გამოიწვია დღეს მომხდარმა ფაქტმა, კერძოდ პოლიციის თანამშომლის დაკავებამ, რომელთანაც მიმუშავია და ვახასიათებ კარგ პოლიციელად. აღნიშნული ფაქტის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება. არ შემეძლო, კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიცილების მიმართ ასეთ ქმედებაზე და მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო თანამდებობა“, - განაცხადა რევაზ ლაზიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს. მისივე ცნობით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. ფაქტს გამოეხმაურა პრემიერი. „პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, რა თქმა უნდა, ყველა კანონდარღვევაზე აკეთებენ რეაგირებას, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი იყო ყოფილი პოლიციელი, თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის, თუ ვინმე რაიმე დანაშაულს სჩადის, ყველა აგებს პასუხს“, - განაცხადა თემის კომენტირებისას ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც პოლიციელები, ისე ჯარისკაცები ატარებენ მუნდირს, რომელიც ღირსეულად უნდა დაიცვან. „ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას, ჯარს, მათ შორის ყოფილებს, ყველა იმ ღირსეულ ოფიცერს, რომელიც ღირსეულად ატარებს თავის მუნდირს. მე მქონდა შემდეგი პოლიტიკა, ვიყავი რა შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ თავდაცვის მინისტრი, ყოველთვის ვეუბნებოდი შემდეგს ჩვენს ოფიცრებს - თქვენ გაცვიათ მუნდირი და ამ მუნდირს სჭირდება ღირსეული ტარება. ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია. რაც მალე მოხდება ლუსტრაცია და აირჩევენ პარტიულ საქმიანობას, მით უკეთესი ჩვენთვის, გაიწმინდება ჩვენი პოლიცია ასეთი ფსევდო ოფიცრებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შსს-ს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც სხვა თემას ეძღვნებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

სასამართლომ 5 ივლისის აქციაზე, მედიის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული 27 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისის აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა გაიმართა. მოსამართლემ 27 ბრალდებულის საქმე განიხილა. ასევე, გაიმართა იმ სამი ბრალდებულის საქმის განხილვა, რომლებიც საქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ თავდასხმაში არიან ბრალდებულები. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადასინჯა და ყველა მათგანი პატიმრობაში დატოვა. 5 ივლისს, ჰომოფობიურ აქციაზე, დილის 11:00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფის წევრები მიზანმიმართულად ესხმოდნენ თავს ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ფოტოგრაფებს - ყველას, ვინც მედიის წარმომადგენლად აღიქმებოდა. ამ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე თბილისის ცენტრალურ უბნებში იძალადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოთვლით, ამ დროს ქუჩაში 10 ათასამდე მოქალაქე იყო შეკრებული და მუშაობდა 3,4 ათასამდე პოლიციელი.

მაღაზიები, რესტორნები და სასტუმროები უვნებელ პროდუქტს აღარ გადაყრიან

რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს. პარალელურად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქციაა მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს. კომიტეტის ცნობით, შეიქმნება ერთიანი სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.

ორთქლის გაჟონვის შმდეგ, რუსეთში ბირთვული ელექტროსადგური ქსელიდან გამორთეს

რუსეთში, როსტოვის რეგიონში მდებარე ბირთვული ელექტროსადგური ქსელიდან გამორთეს მას შემდეგ, რაც ორთქლის გაჟონვა აღმოაჩინეს. ინციდენტის მიუხედავად, რუსეთის ჯანდაცვის მარეგულირებელმა „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ ელექტროსადგურში რადიაციის დონე ნორმალურია. სახელმწიფო ბირთვული სააგენტოს, „როსატომის“ შვილობილი კომპანიის, „როსენერგოატომის" მტკიცებით, ბირთვული ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკი ქსელიდან თბომექანიკური მოწყობილობის რემონტისთვის გათიშეს. მანამდე როსტოვის ატომურ ელექტროსადგურში, შედუღებულ მილში მუშებმა 18-მილიმეტრიანი ნაპრალი იპოვეს , რომელიც ტენიანობისა და ორთქლის დონის კონტროლისთვის გამოიყენება. „როსენერგოატომმა“ განაცხადა, რომ მილი არ შეიცავს რადიაციას. ოთხბლოკიანი ატომური ელექტროსადგური რეგიონის დედაქალაქ როსტოვიდან 250 კილომეტრზე მდებარეობს.