ძებნის რეზულტატი:
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 6017 პირი. გუშინ საქართველოში 20 166 ტესტი ჩატარდა.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით. მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს. აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად და უწყებიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის. შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე ჩატარდება.
შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შსს „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნით გადაკეტვა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამავე თემაზე: ნიკა მელია: ხვალ, ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე
ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განუცხადა, რომ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, სასამართლო გაუქმებულია. „ჯერ კიდევ შაბათს იცოდა სასამართლომ, რომ თურმე პენიტენციური სამსახური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე, მაშინ, როდესაც ყოველ წუთას ვსაუბრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები უნდა შედგეს და მას უნდა მიეცეს სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა - პენიტენციურ სამსახურს პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და სასამართლოც ალბათ ტექნიკურ მიზეზს იტყვის, რომ კანცელარიაში იყო და არ იცოდნენ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო სისტემა არ არსებობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ამავე თემაზე: პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა
საქსტატი: ოქტომბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი თითქმის 8 ლარით გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 224.2 ლარი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან - პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის სექტემბერში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 216.3 ლარი იყო, ოქტომბერში კი, ეს მაჩვენებელი შვიდი ლარითა და 90 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 224.2 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში 6.9 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.5 ლარს შეადგენს. მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). საქსტატში აღნიშნავენ, რომ ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიაზე „საქართველოს მეფეები“ მუშაობას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ცნობით, მიზანი ნუმიზმატური მიმართულების განვითარებს და საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაა. ეროვნული ბანკი დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის თემებზე მონეტების რეალიზაციას იწყებს. დავითის და თამარის მონეტები ლიეტუვის ზარაფხანაში მოიჭრა - ვერცხლის მონეტები - 3000-იანი, ხოლო ოქროს მონეტები - 500-იანი ტირაჟით. ვერცხლის მონეტების ფასი 110 ლარია, ოქროს მონეტების - 1500 ლარი. დავითის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 16 ნოემბერს, 10:00 საათიდან. დავითის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 22 ნოემბერს, 10:00 საათიდან. თამარის ოქროს მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 3 დეკემბერს 10:00 საათიდან. თამარის ვერცხლის მონეტის გაყიდვა დაიწყება 2021 წლის 8 დეკემბრის, 10:00 საათიდან.
ეკონომიკის მინისტრი: მთავარი ამოცანაა, ENKA-სთან შეთანხმება ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე მოხდეს
„ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, ინვესტორ კომპანია Enka-ს და ქართულ მხარეს შორის ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს პერიოდში, შეხვედრები კიდევ გაიმართება. „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მიიღწეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე. ამავე თემაზე: ნამახვანჰესი აღარ აშენდება. Enka Renewables-ი სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს
ნათია თურნავა: ეჭვი არ გვეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება
ეკონომიკის მინისტრს ეჭვი არ ეპარება, რომ 2021 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც 10 თვის საგარეო ვაჭრობის წინასწარი შედეგები შეაფასა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 31,4%-ით არის გაზრდილი. ნათია თურნავას განცხადებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბერში ექსპორტის ზრდამ იმპორტის ზრდას გადააჭარბა. „ექსპორტის ზრდა არის დიდი შემომტანია ეკონომიკურ ზრდაში და ეჭვი არ გვეპარება, რომ წლევანდელი წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდება. აქვე ვიტყვი, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა გადავწყვიტეთ და უკან მოვიტოვეთ, მაგრამ ეს არის ძალიან საფუძველი იმისა, რომ მივაღწიოთ სიღარიბის დაძლევას და მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ ჩვენი პროგრამების მეშვეობით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, ოქტომბერში საქართველომ ექსპორტით $411 მლნ მიიღო, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული თანხაა. დღესვე, მინისტრს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს მის გუშინდელ განცხადებაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში სიღარიბე ისტორიულ მინიმუმს აღწევს. „ინფლაცია პრობლემაა და ამაზე საუბარს არ გავურბუვართ, თუმცა უნდა ითქვას, რომ პირველ რიგში, პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა. რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს ელემენტალური სტატისტიკაა, 2005, 2006, 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა, მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007 წელს, ორნიშნაც იყო, სიღარიბე ლამის 40%-ს აღწევდა, 2018, 2019 და 2020 წლებში სიღარიბის დონე იყო 19, 20, 21 %, თავად ხედავთ, რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით. ზრდა გახდა არამარტო ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი: ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ
"ინფლაცია არის პრობლემა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და არ გავურბივართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პანდემიამ დატოვა ეს პრობლემა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მუშაობს, რომ ქვეყანაში სიღარიბის პრობლემა მოგვარდეს. "რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა. 2005-2006-2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და თუ არ ვცდები, 2007 წელს ორიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-40%-ს აღწევდა. 2018-2019 და 2020 წელს პანდემიის მიუხედავად, სიღარიბის დონე იგივე მაჩვენებელზე იყო. ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური იმისთვის, რომ ზრდის სიკეთე მთლიანად მოსახლეობას მოხმარდეს. როგორ ხდება ეს? გვაქვს მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ის, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნეს პროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა, თორემ ის, რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და ამის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა თურნავამ.
ორი ძლიერი მიწისძვრა ირანში: ერთი გარდაცვლილი და 100-მდე დაშავებული
ირანში ორი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. დაიღუპა 22 წლის კაცი, რომელიც ელექტრო ბოძის ჩამოვარდნამ იმსხვერპლა. მათგან 10 ჰოსპიტალიზებულია. კვირას, ორი ძლიერი მიწისძვრა ირანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ ბანდარ აბასთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,3 და 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. ორი მიწისძვრა ერთი წუთის ინტერვალით მოხდა. მედიის ცნობით, ხალხი პანიკამ მოიცვა და ქუჩაში გავიდა. ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ვითარების შესწავლის ბრძანება გასცა.
"ნაციონალური მოძრაობა" შს სამინისტროს განცხადებას პასუხობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პარტიის მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. „2021 წლის 14 ნოემბერს, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. აღნიშნული განცხადებაში არასწორად არის განმარტებული საქართველოს კანონმდებლობის ნორმები, რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას. საქართველოს კონოსტიტუციიის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, “ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსნებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე. წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება. კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა,”- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყება მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს. მათი განმარტებით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ლივერპულში, საავადმყოფოსთან ტაქსი აფეთქდა. ვიდეო
ლივერპულში, ქალთა საავადმყოფოსთან მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. კერძოდ, აფეთქდა ტაქსი, რომელსაც ერთი მგზავრი გადაჰყავდა. მგზავრი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძღოლის მდგომარეობა სტაბილურია. სამი ადამიანი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. „ლივერპულის ქალთა ჰოსპიტალი“ ევროპის უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა და ყოველწლიურად 50 000-მდე პაციენტს ემსახურება.
საქსტატი - 2020 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8 პროცენტით შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 266.7 მლნ ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით, 6.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო დეფლატორის პროცენტულმა ცვლილებამ 7.3 პროცენტი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი – 14.8 პროცენტი და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 11.7 პროცენტი. შემდგომ პოზიციებს იკავებს – 10.7 პროცენტით დამამუშავებელი მრეწველობა, 8.7 პროცენტით მშენებლობა, 8.3 პროცენტით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა, 7.5 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, 6.1 პროცენტით ტრანსპორტი და დასაწყობება, 5.1 პროცენტით საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და 4.9 პროცენტით განათლება. ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: 8.1-პროცენტიანი ზრდა იყო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის, ხოლო 8.6-პროცენტიანი განათლების მიმართულებით; სამთო-მოპოვებითი მრეწველობა 12.4 პროცენტით გაიზარდა, 2.3 პროცენტით სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა – სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები 2.8 პროცენტით გაიზარდა, ინფორმაცია და კომუნიკაცია კი 2.6 პროცენტით. კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-44.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-23.0 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-7.1 პროცენტი), მშენებლობა (-8.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-4.7 პროცენტი).
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვისთვის, საქართველოსა და სერბეთისთვის
დღეს ევროკავშირი მოლდოვასთვის, საქართველოსა და სერბეთისთვის კოვიდსერტიფიკატებზე გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. „კარგი ამბავი მაქვს, რაც ეხება კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას - დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ კოვიდსერტიფიკატებზე მოლდოვისთვის, საქართველოსა და სერბეთისთვის. შედეგად, მოგზაურობა უფრო მარტივი იქნება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროპელ მოქალაქეებსაც შეეძლებათ მოგზაურობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, დავეხმაროთ ბელარუს ხალხს და ამასთან დაკავშირებით მქონდა საუბარი ოპოზიციის ლიდერ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება.
დიდი ბრიტანეთის გენერალი: რუსეთთან ომისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახლა რუსეთი დიდი საფრთხეა აღმოსავლეთ ევროპაში
გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების გენერლის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სამხედროები რუსეთთან ომისთვის მზად უნდა იყვნენ. ამავე დროს, ნიკ კარტერი არ ფიქრობს, რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან ომი სურს. გენერალმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა უფრო დიდი საფრთხეა აღმოსავლეთ ევროპაში, ვიდრე რვა წლის წინ. გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასევე შეეხო პოლონეთსა და რუსეთის მოკავშირე ბელორუსის საზღვარზე დაძაბულობას და უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის თავმოყრას. „რუსეთი გლობალურ სტრატეგიულ კონტექსტს ალბათ განიხილავს როგორც უწყვეტ ბრძოლას, რომელშიც, ვფიქრობ, ისინი თავისი მიზნის მისაღწევად ეროვნული ძალის ინსტრუმენტს გამოიყენებენ. მაგრამ ამით [რუსებს] ცხელი ომის დაწყება არ სურთ“, - აღნიშნავს ნიკ კარტერი. „დიდი ალბათობით, ბელარუსის, ასევე უკრაინის საზღვარზე სიტუაცია შესაძლოა, იყოს ყურადღების გაფანტვის მცდელობა, რასაც წლების განმავლობაში აკეთებდნენ“, - დაამატა ნიკ კარტერმა. 10 ნოემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოებს. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსი „ჰიბრიდულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა. ევროკავშირის მხრიდან სანქციების გაფართოების შემთხვევაში კი, რუსეთის ახლო მოკავშირე, პრეზიდენტი ლუკაშენკო ევროკავშირს ევროპაში გაზის ტრანზიტის გადაკეტვით ემუქრება. ბელარუსს რუსეთი მხარს უჭერს. 10 ნოემბერს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა Ту-22М3-ის კლასის ბომბდამშენებმა საჰაერო პატრულირება ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაიწყეს. გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, დმიტრი პოლიანსკი, აცხადებს, რომ ბომბდამშენების გაგზავნა, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ევროპულ მონაკვეთზე დამატებითი სამხედრო რესურსის თავმოყრაზე პასუხია. თავის მხრივ, ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ფრენები ერთობლივი საწვრთნელი მისიების ფარგლებში რეგულარულად განხორციელდება. როგორიც NATO-ს პოზიცია, ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 12 ნოემბერს მიიღო განცხადება, რომელშიც გმობს ხელოვნურად შექმნილ კრიზისს და მის, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის წინააღმდეგ. NATO-ს მოკავშირეები მოუწოდებენ ბელარუსს, შეწყვიტოს ეს ქმედებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაიცვას საერთაშორისო სამართალი. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში, NATO-ს ოფიციალური პირი მიგრანტთა ხელოვნურ კრიზისზე პასუხისმგებლობას ბელარუსს აკისრებს. NATO-ს შეფასებით, ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება უკანონო, მიუღებელი და არაჰუმანურია. „NATO-ს ელჩებმა ამ კვირაში განიხილეს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არსებული ვითარება. NATO-ს მოკავშირეები პოლონეთის მიმართ სრულ სოლიდარობას გამოხატავენ. ალიანსი ასევე დგას სხვა მოკავშირეების გვერდით, რომლებზეც გავლენა მოახდინა ბელარუსის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციამ. ბელარუსს ეკისრება პასუხისმგებლობა კრიზისზე და ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების, როგორც „ჰიბრიდული ტაქტიკის“ ნაწილად გამოყენება არაჰუმანური, უკანონო და მიუღებელია. NATO სიტუაციის ახლოდან მონიტორინგს განაგრძობს. გენერალური მდივანი ამ საკითხზე მჭიდრო კავშირშია მოკავშირე მთავრობებთან. NATO მზადაა, შემდგომი დახმარება გაუწიოს ჩვენს მოკავშირეებს და განამტკიცოს თავდაცვა და უსაფრთხოება რეგიონში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ჯო ბაიდენი: ჩვენი შეშფოთება რუსეთსა და ბელარუსს გავაცანით ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია
მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლე: სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას
"სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც მან განმარტა, სასამართლო პროცესები ციხეში მასაც ჩაუტარებია, თუმცა, ამისთვის საკმარისი საფუძველი და აუცილებლობა უნდა არსებობდეს. „დაცვის მხარის მოლოდინი, რომ სასამართლო პროცესების პენიტენციურში ჩატარებას აპირებს, რომ თითქოს, ფარსში მონაწილეობს, ამას აქვე დავუსვამ წერტილს - სასამართლო არ გეგმავს პროცესების ციხეში გაგრძელებას და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს! მოგეხსენებათ, პენიტენციურშიც შეიძლება ჩატარდეს პროცესები, კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას იძლევა, მეც მქონია სხდომა ციხეში, მაგრამ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა იყოს და აუცილებლობა. როგორც წესი, ეს ბრალდებულის იმგვარი მდგომარეობაა, რაც ეტაპირების საშუალებას არ აძლევს, მაგრამ ბრალდებული ითხოვს ამას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მდგომარეობა, გაცხადებული ინფორმაციით არის მძიმე, მაგრამ ბრალდებული არ ითხოვს ამას. ბუნებრივია, მის გარეშე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დისტანციურ ფორმას, დაცვის მხარის მხრიდან არ მომისმენია ამაზე ინფორმაცია, თუ მოგვაწვდით ამ ინფორმაციას მოხარული ვიქნები",- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.
თბილისში, 16 ნოემბრის საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში, 16 ნოემბრის საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 15 ნოემბერს შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. დღის ბოლოდან ხვალ დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა +13, +15 გრადუსი იქნება. 16 ნოემბერს დღისით იწვიმებს, ხოლო გვიან საღამოდან 17 ნოემბრის დილამდე მცირე თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს. 15 ნოემბერს, საქართველოში შენარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსი იქნება. დღის ბოლოდან 16 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოშიც ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 17-18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში 17 ნოემბერს მოიღრუბლება, აცივდება, ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, ღამით უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +3, +8 გრადუსამდე დაიკლებს. 18 ნოემბერს გამოიდარებს, ტემპერატურა +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ში ახლა არ გვაქვს კონსენსუსი, რომ უკრაინა წევრად მივიწვიოთ
NATO უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების უჩვეულო მოძრაობას ყურადღებით აკვირდება. ამ თემაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა Axios-სთან ინტერვიუში ისაუბრა. თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინში, რას გააკეთებს NATO, ეს შეკითხვა დაუსვა მას ჟურნალისტმა, რაზეც იენს სტოლტენბერგმა შემდეგი პასუხი გასცა: „მე ახლახან შევხვდი უკრაინის პრეზიდენტს, მე დავაფიქსირე ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგის თქმით, მან იცის, რომ უკრაინის ლიდერს უფრო მეტი სურს. „ის აფასებს NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერას, მაგრამ კიდევ გეუბნებით, მას სურს რაღაც უფრო მეტი, სრულფასოვანი წევრობა“, - დაამატა სტოლტენბერგმა. ჟურნალისტმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას (ვოლოდიმირ ზელენსკის) რუსეთის წინააღმდეგ მეტი დაცვა სურს და მათ ჰქონდათ გაწევრიანების შესახებ დაპირება ჯერ კიდევ 2008 წელს. „NATO-ს წევრი რომ გახდე, მის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. ჩვენ მათ ვეხმარებით მოდერნიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ 30 ქვეყანა უნდა შეთანხდეს, ჩვენ არ გვაქვს კონენსუსი NATO-ში ახლა, რომ უკრაინა ალიანსის წევრად მივიწვიოთ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ალიანსის გერენალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები იმედგაცრუებულები არიან NATO-ს 2008 წლის დაპირების გამო, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი გახდება, თუმცა ამავე დროს განაცხადა, რომ ალიანსის წევრობის მიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას 30-ვე წევრი ქვეყანა უჭერს მხარს. სტოლტენბერგმა ამავე დროს განაცხადა, რომ წევრობა მიღწევადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ოცდაათივე წევრი ქვეყანა უჭერს მხარს. ალიანსის გენერალურ მდივანთან ინტერვიუს თემა ასევე იყო თურქეთი. კვლავ მიიჩნევს თუ არა NATO-ს წევრ ქვეყანას თურქეთს დემოკრატიულ მთავრობად. მიმართა მას ჟურნალისტმა. „არჩევნები აქვთ“, - უპასუხა NATO-ს გენმდივანმა. „ოპოზიციამ ახლახან სტამბოლში არჩევნების მოგება შეძლო.... რამდენიმე მოკავშირემ გამოთქვა შეშფოთება თურქეთთან დაკავშირებით“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები მსვლელობას მართავენ
„ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მეტრო "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ისინი თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამასთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.
ნიკოლ ფაშინიანმა თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაშინიანმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ინციდენტის გამო, თავდაცვის მინისტრ არშაკ კარაპეტიანს თანამდებობიდან ათავისუფლებს, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის მოხდა სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროების შეჭრა, „ინციდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის ერთ-ერთ აღმოსავლეთ მონაკვეთზე მოხდა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ვიცე-პრემიერი სურენ პაპიკიანი წარადგინა.