ძებნის რეზულტატი:
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
ედუარდ სააკაშვილი, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში. ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექსპრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ. ის მიიჩნევს, რომ რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. „მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე. როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს. მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ. მე პირადად დავრჩი გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმართ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ, ის რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა. ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.
მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ახლოსაა
საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს. მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ თითქმის 3 დღეა, საწოლიდან ვერ დგება. „ჩემო თავდადებულო გმირო მეგობრებო, დიდი მადლობა იმისათვის, რომ მიუხედავად დაშინებისა, რომელიც არ შეწყვეტილა ტელევიზიით, მიუხედავად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მთელი მათი ძალის გამოყვანისა, სამუშაო დღეს ამდენი გამოხვედით და ასეთი სულისკვეთებით. 3 დღეა თითქმის არ ავმდგარვარ საწოლიდან და თქვენი ასეთი მძლავრი სოლიდარობის აქციის შემყურე, თქვენი შეძახილების განსაკუთრებით „საქართველო, საქართველო" გამგონე (რა თქმა უნდა, მადლობელი ვიყავი ჩემი სახელის სკანდირებაზეც), ისეთი ენერგია მომეცა, რომ საკანში ადგილს ვერ ვპოულობ და ერთი კუთხიდან მეორეში დავდივარ. დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ გამარჯვება სულ ახლოსაა. დიდება თავისუფლებას!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში, რომელიც მისივე Facebook-ზე ვრცელდება. ამავე თემაზე: პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა
მიხეილ სააკაშვილის კოვიდტესტის პასუხი ცნობილია
მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. „საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, ჩატარებული PCR ტესტის შედეგად, COVID19 არ დაუდასტურდა. ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილს, პრევენციის მიზნით, PCR ტესტირება დღეს, 15 ნოემბერს ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 14 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომ გლდანის სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან, სადაც ასევე იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე კორონავირუსის დადასტურების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შემდეგ, #18 დაწესებულების დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, 13 ნოემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და ის ლოგინიდან ვეღარ დგება.
ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროდეპუტატების დაინტერესების საგანს ამჯერად საქართველოში სახალხო დამცველის აპარატის როლი წარმოადგენს. ,,ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქართულ საზოგადოებაში. ქალბატონი ნინო ლომჯარია და მისი ოფისი იმსახურებენ შექებას. თავდასხმები მათი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ყოველთვის შეშფოთებას იწვევს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის“ , - აღნიშნულია განცხადებაში. მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის გაცხადებებს ეცნობიან, მოვლენების განვითარებას მონიტორინგს უწევენ და ელიან, რომ მისი უფლებები დაცული იქნება. „ქალბატონი ნინო ლომჯარია, 2017 წლიდან, ძალისხმევას არ იშურებს და სამაგალითოდ ასრულებს თავის მოვალეობას ადამიანის უფლებების დასაცავად, კარგი მმართველობის შესანარჩუნებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად საქართველოში. სწორედ ეს პრინციპებია ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების ბირთვი. თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს დამოუკიდებლობას ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში. წერილის ავტორები მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს, რომელიც მათი შეფასებით, საკუთარი მოვალეობების შესრულებით საქართველოს დასავლური გზის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ნდობითაც სარგებლობს. ,,ეჭვგარეშეა, მათ უნდა აქებდნენ და არა აკრიტიკებდნენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისადმი ერთგულებისთვის“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები. კელი დეგნანი: სახალხო დამცველის ინსტიტუტი კრიტიკის ნაცვლად ქებას იმსახურებს თეა წულუკიანი: სახალხო დამცველი არ არის თავისუფალი პოლიტიკისგან. კეთილშობილური საქციელია, რომ ჩვენ ვენდეთ ნინო ლომჯარიას ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი და იმავე დღის წესრიგი აქვთ
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი მულტიფუნქციურ კლინიკაშია
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნავს არაერთი პროფილის პერსონალი და არაერთი კონკრეტული ექიმი, მათ შორის სხვადასხვა ბრიგადიდან მივლენილი. მდინარაძის თქმით, ჯერჯერობით ვერცერთმა ადამიანმა ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, რა საჭიროება არსებობს დღეს სამედიცინო თვალსაზრისით, რა სერვისის გაწევის საჭიროებაა, რის გამოც უნდა გადავიდეს მულტიფუნქციურ კლინიკაში. „გვესმის მოწოდებები, რომ მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაიყვანეთ, ის არის მულტიფუნქციურ კლინიკაში. ასევე - რომ გადაიყვანეთ საავადმყოფოში, ის არის საავადმყოფოში. ისე ხმოვანდება მათი „ფეიკ“ მესიჯები თითქოს ის არ არის საავადმყოფოში. კატე სჭირდება? - არის. შესაძლოა, დასჭირდეს და შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს რაღაც დასჭირდეს, ამაზე პასუხისმგებლობას ყოველთვის იღებს მკურნალი ექიმი ან ორგანო. ექიმები და პირადი ექიმი არის იქ და მაინცდამაინც კონსილიუმი არ არის საჭირო. როგორც ვიცი კონსილიუმი დასჭირდა იმიტომ, რომ ის იყო ციხის ისეთ დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამედიცინო, დღეს ის არის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. 13 ნოემბერს, მისმა პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა და ის ლოგინიდან ვერ დგება. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოექცეს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, საერთაშორისო სტანდარტების თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად Amnesty International-ი მიხეილ სააკაშვილზე: არამხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა მედიცინის სფეროს წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მრავალფუნქციურ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ
ზუგდიდში საკრებულოს ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო
ზუგდიდში, ახლად არჩეული საკრებულოს ხუთმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მაია კალანდიამ, ირაკლი სორდიამ, ხათუნა შამუგიამ, დარიკო არქანიმა და მალხაზ ჯალაღონიამ სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოითხოვეს. დღესვე შიმშილობა რუსთავის საკრებულოს 6-მა დეპუტატმა დაიწყო. ანალოგიური მოთხოვნით, 14 ნოემბერს, შიმშილობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოაცხადა. იმავე დღეს, პროტესტის ამავე ფორმას პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გია ბარამიძემ მიმართა. მე-14 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში ასევე შიმშილობს ელენე ხოშტარია. ამასთან, 13 ნოემბერს, „გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრმა, იმედა კლიდაშვილმა სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მოშიმშილე ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანის ციხის საავამყოფოში. ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ სააკაშვილი შიმშილობას დათქმების გარეშე შეწყვეტს.
რა საკითხები განიხილა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ დავით ზალკანიანთან შეხვედრაზე
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან გამართულ შეხვედრაზე წერს. როგორც ირკვევა, მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. „დღეს შევხდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. გავცვალეთ მოსაზრებები, რათა წინ წავიწიოთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ასევე განვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება“, - წერს ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე.
ბათუმში, ერთ-ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ
ბათუმში, რურუას ქუჩაზე ერთი კორპუსის ფასადზე ბათქაში ჩამოიშალა - ოჯახები სასტუმროებში გადაჰყავთ, ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განუცხადა. „ამ სახლზე დეტალური კვლევა არ არის ჩატარებულ. 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ 250 განცხადებაა შემოსული, მათ შორის ამ კორპუსიდანაც. ყველაზე გვქონდა რეაგირება, ჩატარდა ვიზუალური დათვალიერება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, როდესაც სიღრმისეული კვლევა ჩატარდება, გადაწყდება რა უნდა ვუყოთ კორპუსს. 10 დღის წინ ინფრასტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ და ვიზუალურად დაათვალიერეს. სიღრმისეული კვლევა კორპუსი უფრო ხანგრძლივ დროს მოითხოვს. შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ჩამოვლენ მათი ექსპერტები ამ კორპუსების შესაფასებლად. ეს დროში გაწელილი პროცესი იქნება“. უკვე თითქმის ერთი საათია, ბათუმში, რურუას ქუჩის # 1 მცხოვრებლები ქუჩაში საპროტესტო აქციას მართავენ. ბათუმის მერიის წარმომადგენლები ამ წუთებში [11:00] ადგენენ იმ ოჯახების სიას ვისაც სასტუმროებში გადაიყვანენ. კორპუსის ზოგიერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ არ აპირებენ სასტუმროში გადასვლას და ეზოში, ავტომანქანაში გაათევენ ღამეს. სხვები კი აცხადებენ, რომ მიიღეს მერიის შეთავაზება და სასტუმროებში გადადიან. წყარო - „ბათუმელები“
რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ და მისმა თურქმა კოლეგამ სედატ ონალმა სამხრეთ კავკასიაში 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. „ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის კონტექსტში აღინიშნა რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის სამმხრივი შეთანხმებების თანმიმდევრული შესრულების მნიშვნელობა და ხაზგასმით აღინიშნა სამხრეთ კავკასიაში „3+3“ (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო პლუს რუსეთი, თურქეთი, ირანი)“ საკონსულტაციო მექანიზმის უახლოეს მომავალში ამოქმედების საკითხი. მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა ცენტრალურ აზიაში არსებულ ვითარებაზე, ავღანეთში ბოლო მოვლენების გათვალისწინებითაც. დაფიქსირდა რუსეთსა და თურქეთს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის სტაბილური განვითარება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში. მარია ზახაროვა: დროა, 3+3 ფორმატი პრაქტიკაში განხორციელების ეტაპზე გადავიდეს შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ „მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
Reuters-ი: ბულგარეთში, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა, ცენტრისტულმა პარტიამ გაიმარჯვა
ბულგარეთში წელს მესამე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, ორი მეწარმის მიერ შექმნილი ახალი ცენტრისტური პარტია (25,5%) ლიდერობს. Reuters-ი წერს, რომ ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში თვეობით გაგრძელებული პოლიტიკური ჩიხის დასრულების იმედები გაძლიერდა. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მომავალი პარლამენტი კიდევ უფრო ფრაგმენტული იქნება, ვიდრე აპრილსა და ივლისში, სადაც წარმოდგენილი იქნება შვიდი პარტია. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ არჩევნებში ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო მონაწილეობა გართულებული ეპიდვითარებისა და ამომრჩევლის მხრიდან სკეპტიკური განწყობის ფონზე. მეორე ადგილზეა პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვის მემარჯვენე-ცენტრისტული GERB პარტია ხმების 22,2%-ით. მისი ათწლეულის მმართველობა აპრილის არჩევნებით, საზოგადოების აღშფოთების ფონზე, იმის გამო დასრულდა, რომ მან კორუფცია ვერ შეაჩერა. ანალიტიკოსები კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად რთულ მოლაპარაკებებს ელიან. ცნობისთვის, ბულგარეთში ასევე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც რუმენ რადევმა, ბორისოვის მკაცრმა კრიტიკოსმა, ხმების 49,4% მოიპოვა. მედია: ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი იმარჯვებს
მაკრონი პუტინთან სატელეფონო საუბრისას: საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისის დეესკალაციის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ მაკრონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადეს. „საფრანგეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს, მზად ვართ, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნავს მაკრონის წარმომადგენელი. „ამ სატელეფონო ზარის მიზანი იყო ამ კრიზისის დასრულება იყო”, - განუცხადა მაკრონის მრჩეველმა ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გამართული საუბრის შემდეგ, რომელიც დაახლოებით საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. მაკრონმა ასევე განუცხადა პუტინს მისი ძლიერი შეშფოთების შესახებ უკრაინის საზღვრებთან არსებული სიტუაციის გამო, როდესაც NATO ამბობს, რომ რუსული ჯარების დიდი და უჩვეულო კონცენტრაციაა. საფრანგეთის ლიდერმა პუტინს უთხრა, რომ საფრანგეთი მზადაა, დაიცვას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, მესამე პრეზიდენტთან არ შეუშვეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მას დღეს მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება არ მიეცა. როგორც ექიმი აცხადებს, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, ამის მიზეზი მისთვის უცნობია. “5 წუთის წინ შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება. მიზეზს არ მეუბნებიან. უკვე შეიძლება ეჭვები გამიჩნდეს. გუშინ ჩემი ვიზიტის შემდეგ, ისევ უნდა შევსულიყავი კონსილიუმთან ერთად, რადგან ბატონი პრეზიდენტი ზუსტად 5 წუთით ვნახე. მას ვუთხარი, რომ გავიდოდი და კონსილიუმთან ერთად შევიდოდი, მაგრამ, როგორც ნახეთ, ეს არ მოხდა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
რატი ბრეგაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებას
"სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციას", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ სამკურნალო დაწესებულებას სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთლობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია. „პატიმარ სააკაშვილთან და მის ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო და მკაფიოდ განვმარტო, რა პირობებში იხდის სასჯელს მსჯავრდებული. პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრის მომენტიდან არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო. მისი ყველა სამედიცინო საჭიროება არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი უკვე 46-დღეა შიმშილობს.
ყველა უკრაინელი, ვინც კოვიდვაქცინით აიცრა, თანხას მიიღებს
ყველა უკრაინელს, ვინც კოვიდვაქცინით აიცრა, ფული დაერიცხება. საუბარია 1000 გრივნაზე (38 აშშ დოლარი). ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინელებს ფულის გამოყენება სპორტული კლუბის წევრობის, კინოს, თეატრის ან მუზეუმის ბილეთების, მატარებლის ან თვითმფრინავის ბილეთის ( უკრაინის შიგნით მოგზაურობისთვის), შესაძენად შეეძლებათ. უკრაინას ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროპაში და პანდემიის ყველაზე რთულ ფაზას ებრძვის, სიკვდილიანობამ გასულ კვირას 833-ს მიაღწია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, უკრაინელების მხოლოდ 28 პროცენტია სრულად აცრილი.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 204 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 785 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 83 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 562 627 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 509 181, გარდაიცვალა 7732 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი, ბოლო 14 დღის - 9.85%, 7 დღის - 9.25%. 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა - 210, იმერეთი - 1 008, ქვემო ქართლი - 308, შიდა ქართლი - 435, გურია - 148, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 443, კახეთი - 384, მცხეთა-მთიანეთი - 168, სამცხე-ჯავახეთი - 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75. აქტიური შემთხვევა - 52 765, საიდანაც: 6 718 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 626, აჭარაში - 564, იმერეთში - 1 395. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 634, აჭარაში - 127, იმერეთში - 524. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 371 ადამიანი, მათგან თბილისში - 215, აჭარაში - 37, იმერეთში - 31. 1 156 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 763 - თბილისში, 235 - აჭარაში. 44 891 სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 70 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 70, ხოლო აჭარაში - 0. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 15 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46 100 ადამიანი. ცნობისთვის, 9 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსით 6 021 ადამიანი დაინფიცირდა, 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. 10 ნოემბერს: 5 751 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 78 პაციენტი გარდაიცვალა. 11 ნოემბერს: ინფიცირების 4563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი. 12 ნოემბერს: 4445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი. 13 ნოემბერს: ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 78 პაციენტი. 14 ნოემბერს: 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 81 პაციენტი გარდაიცვალა. 15 ნოემბერს: 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 82 პაციენტი გარდაიცვალა.
უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს
უკრაინის სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ჩამოვიდა, გლდანის მე-18 დაწესებულებაში შესვლაზე უარი უთხრეს. დენისოვას განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მხრიდან უარის თქმაზე ოფიციალური განმარტება ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით, აპირებს, რომ ციხის ხელმძღვანელობას შეხვდეს. „გავიგეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ნახვაზე უარი გვითხრეს. ამზადებენ ოფიციალურ პასუხს და გვეცოდინება უარის მიზეზი. მაინც მოვედით, მინდა შევხვდე ამ დაწესებულების დირექტორს. ვიცი, რომ დირექტორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ვიღაც ხომ ასრულებს მის მოვალეობას“, - აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილთან პირადი ექიმი შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა
იუსიტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მისი პირადი ექიმი გუშინ შესაძლოა იმიტომ არ შეუშვეს, რომ პატიმარს ეძინა. ამის შესახებ ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. "გუშინ გვიანობამდე პარლამენტის წევრები ჰყავდათ სტუმრად შესაძლებელია, ამის მერე უბრალოდ პატიმარს ეძინა. მას ჰყავდა სტუმრად დეპუტატები, რომელებიც ძალიან გვიან გამოვიდნენ", - განაცხადა მინისტრმა. ამასთან, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ შეუშვეს პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტთან კონსილიუმი. ბრეგაძის განცხადებით, დაკავების მომენტიდან “არ ყოფილა შემთხვევა”, როცა სააკაშვილს რაიმე ტიპის სამედიცინო მომსახურება დასჭირდა და პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული მომსახურების მიწოდება ვერ შეძლო. მისივე თქმით, ამიერიდან ექიმები საზოგადოებას ყოველდღიურად მიაწვდიან ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ასევე იუსტიციის მინისტრმა უკრაინის სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მათ არ აქვთ პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება.
რატი ბრეგაძე: თუკი ვინმეს აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ
„სტრასბურგის სასამართლოს პირობადებული მოწოდება არ ჰქონია გაკეთებული, სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და თქვენ როგორ შეკითხვას სვამთ: „თქვენ ხელს აწერთ მის მკვლელობაზე?“, - არავის მკვლელობაზე არ ვაწერ ხელს, ღმერთმა დამიფაროს! რას ნიშნავს მკვლელობაზე აწერ ხელს...“, - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა უწყებაში გამართულ პრესკონეფერნციაზე დასმულ შეკითხვას. რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობაზე. „ყოვლად დაუშვებელია მსგავსი შეკითხვის დასმა, ეს თქვენი ნარატივი კი არ არის, ეს არის ის, რასაც ავრცელებენ შეგნებულად, რომ თითქოსდა ჩვენ მიზანმიმართულად ვკლავთ. ეს არის ყოვლად დაუშვებელი. თუკი ვინმეს აინტერესებს მისი ჯანმრთელობა, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ და სახელმწიფო. ეს სახელმწიფო ზრუნავს ყველა ადამიანის ჯანმრთელობაზე და მით უმეტეს პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი. ახლა, ვინც თქვენ გეუბნებათ, რომ ეს შეკითხვა დასვათ, სწორედ მას ვეკითხები: რატომ მოუწოდებდით, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა თქვენი პირდაპირი ეთერიდან, იქნებ ამაზე გასცეთ საზოგადოებას პასუხი. ერთხელ მაინც თუ მოუწოდეთ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა? ნახეთ, რას მოუწოდებენ, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. ერთხელ მაინც მოუწოდეთ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს? არა! სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს საზოგადოებამ. ჩვენი მიზანი არის აბსოლუტურად კეთილშობილური და ამას ამტკიცებს ფაქტი - ჩვენ მოვუწოდებთ და თხოვნით მივმართავთ ყველა მოშიმშილეს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ბუნებრივია, ამას გვავალებს ჩვენ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობა. მსგავსი კითხვის დასმა არის ყოვლად დაუშვებელი, იმიტომ, რომ ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რისი უფლებაც, ბუნებრივია, თქვენ გაქვთ, მაგრამ ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე: პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა. ამასთან, მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ „პოლიტიკური მიზნებისათვის საქართველოს შიდა მდგომარეობა ადვილად არავის უნდა გამოაყენებინონ“. „ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ ის, რომ სააკაშვილი არ სცემს პატივს იმ ქვეყანას, რომლის პრეზიდენტიც იყო, ეს არ უნდა გახდეს წესი და რიგი, ანუ საქართველო ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პოლიტიკური მიზნებისათვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც გაიაროს. შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან. ამავე თემაზე: უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს იუსტიციის მინისტრი: საქართველოს კანონმდებლობით მათ არ აქვთ პატიმართან უკრაინის სახალხო დამცველის შესვლის ვალდებულება
ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური საქართველოშია
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდალი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უმასპინძლა. „ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკულ მხარეს განგრძობითი, მრავალმხრივი და მზარდი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად, რაც ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს თავდაცვის ძალებში მიმდინარე და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები. დღესვე, გენერალ-მაიორი დევიდ ტაბორი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. მხარეებმა ყურადღება საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, ევროპაში აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდაჭერა, ერთობლივი სწავლებები და აქტივობები საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.