ძებნის რეზულტატი:
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
თბილისში მცხოვრებ 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საცხოვრებელი ფართები გადაეცემა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტი, მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც სრულდება. „დღეს 32 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა ფართები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში - ისანში, ნაძალადევში, მთაწმინდასა და გლდანში. ეს იმ სახლების დაკანონებაა, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში, შვილებითა და შვილიშვილებით ცხოვრობენ, მათ თაობები გაზარდეს და გარკვეული მიზეზების გამო, დაკანონებას ვერ ახორციელებდნენ. ეს ვერ შეეხება იმ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიწას მიიტაცებს, იტყვის ჩემიაო და დაკანონებას მოგვთხოვს. ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. რაც ჩვენი დაპირება იყო, მას ვასრულებთ და ბოლომდე გვერდით დავუდგებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოზარ სუბარის მიერ გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა, თითქოს, ის წინასაარჩევნო პერიოდში, აფრიკის დასახლების მცხოვრებლებს იმ ტერიტორიის დაკანონებას ჰპირდებოდა, სადაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა. „გუშინ სოზარ სუბარის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია მოჰყვა და კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო - ის, რაზეც სოზარ სუბარი საუბარობს, ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო 2017 წელს, რასაც, რა თქმა უნდა, ვასრულებთ და მომავალშიც ბოლომდე მივყვებით. ჩვენი დაპირება, რაზეც სოზარ სუბარი საუბრობდა, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ
B კატეგორიის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით საქმიანობა 2022 წლამდე შეეძლებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილება არსებული პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო მიიღეს. „B კატეგორიაში, ჩვენ, მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს მივეცით ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს იყო დროში შეზღუდული. ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე. ახლა ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, რომ ეს უფლება 1 წლით გავუხანგრძლივოთ. B კატეგორიის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს, კიდევ ერთი წლის ვადით 2022 წლამდე, ექნებათ შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერისა და თანადგომის თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ტაქსების რეფორმა განახორციელა. რეფორმის შედეგად ტაქსები ორ კატეგორიად დაიყო. A კატეგორიის ტაქსი არის თეთრი ფერის, სპეციალური მანათობლით გადაადგილდება ქალაქში და მგზავრის აყვანა შეუძლია როგორც ქუჩიდან, ისე ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით; B კატეგორიის ტაქსის არ აქვს ფერის შეზღუდვა და მუშაობს მხოლოდ ონლაინ გამოძახების სერვისით.
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს
„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ წევრებმა პარლამენტს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართეს „დღეს საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრები, რომლებიც ძალით იქნენ ცნობილი პარლამენტის წევრებად, უკვე პირადი განცხადებებით შედიან პარლამენტში. ამით დასრულდება პარლამენტის ერთპარტიულ პარლამენტად ფორმირების პროცესი და უკვე ჯერი იქნება პარლამენტზე, მიიღოს გადაწყვეტიელება ჩვენთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. შემდგომ უკვე საბოლოოდ გაფორმდება ერთპარტიულ პარლამენტად. სულ ყველა ვართ 36“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ის კრიტერიუმები, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან პირველ რიგში. გამყრელიძის თქმით, თავიდან შეფასდა, თუ როგორია ქვეყანაში ცივი ჯაჭვის სისტემა, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, კი რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, შესაძლებელია სწრაფად დაინერგოს ქვეყანაში. „ვაქცინაცია სამმა ქვეყანამ დაიწყო, ალბათ, მალე დაიწყებს გერმანია და რამდენიმე დიდი ქვეყანა, სადაც თავად ამ ქვეყნებში ხდება ვაქცინების წარმოება. ჯერჯერობით ვაქცინაცია მხოლოდ ერთი ვაქცინით დაიწყო. დასავლეთი მაქვს მხედველობაში, რადგან ვაქცინაცია დაწყებულია ასევე რუსული წარმოების ვაქცინით რუსეთში და ჩინური წარმოების ვაქცინით ჩინეთში. დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ დაწყებულია დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება შესაბამისი ცივი ჯაჭვი. ჩვენთან, დაავადების კონტროლის ცენტრში უკვე მუშაობს ჯგუფი, ასეევე ჩამოყალიბებულია საკოორდინაციო საბჭოსთან შესაბამისი ინტერსექტორალური კომისია. ჯგუფმა უკვე შეიმუშავა კრიტერიუმები, რა ჯგუფები უნდა აიცრან პირველ რიგში. ასევე შეიმუშავა ეგრეთ წოდებული, სერვისების მიწოდების კრიტერიუმების, ასევე ხელმეორედ შეფასდა ქვეყანაში არსებული ცივი ჯაჭვის სისტემა, რა გვაქვს. ჩვენ გვავქვს კარგად გამართული ორიდან რვა გრადუსამდე ცივი ჯაჭვის სისტემა. არაფრის დამატება არ გვჭირდება და თავისუფლად შეგვიძლია, „ასტრაზენეკას“ ან სხვა ტიპის ვაქცინები, რომლებიც არ საჭიროებენ დაბალ ტემპერატურას, სწრაფად დავნერგოთ ქვეყანაში. ასევე, არის ამისთვის შესაბამისად მომზადებული შტაფი, რომელიც მოგეხსენებათ, რუტინულ ვაქცინაციას აწარმოებს. რაც შეეხება „მოდერნას“ ვაქცინას, რომელიც არის მინუც 20 გრადუსზე, ასევე მინუს 20 გრადუსზე ჩვენი მუნიციპალიტეტების დონემდე გვავქვს სამაცივრე მოწყობილობები მინუს 20გრადუსიანი, სადაც შეგვიძლია, თავისუფლად „მოდერნას დანერგვა“. რაც შეეხება ცივ ჯაჭვს „ფაიზერთან“ დაკავშირებით, სადაც მინუს 70-80 გრადუსი გჭირდება, ასეთი 40-მდე მაცივარი გვაქვს ქვეყანაში, შესყიდვის პროცესშია კიდევ რამდენიმე ასეთი მაცივარი და ჩვენ ამ სისტემიების გამართვაც შეგვეძლება, თუ „ფაიზერის“ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი დიდ ქალაქებში და შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინის იმპლემნენტაცია. შესაბამისად, ამ ორ ვაქცინაზე საჭირო იქნება ადამიანების დამატებით გადამზადება. ასევე, ქვეყანაში სერიოზულად ფუქნქციონირებს იმუნიზაციის მოდული, რადგან ყველა ვაქცინირებული ადამიანი შეყვანილი უნდა იქნას ელექტრონულად, ერთიანი კამპანიური წესით როდესაც ერთ და ორ თვეში დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანი უნდა აიცრას, ამას კამპანია დასჭირდება და არ იქნება ისეთი, როგორსაც ვაწარმოებთ რუტინულ ვაქცინაციას. მაგრამ ამისთვის ეს ჯგუფი სერიოზულად მუშაობს. ალბათ ამ წლის ბოლოს ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის დანერგვის გეგმის პრეზენტაცია იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული, არ გვინდა დიდი დღესასწაულები - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, შობა-ახალი წელი ბევრად „მოკრძალებულად გადაიტანონ“, რადგან ქვეყანაში მიღწეული სტაბილიზაცია 2-3 დღეში წყალში არ ჩაიყაროს. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არ უნდა გამეორდეს ის, რაც „შავ პარასკევს“ მოხდა. "მიუხედავად სტაბილიზაციისაა, ამ შეზღუდვების ფონზე კლების დინამიკის, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ გთხოვთ, მოსახლეობას ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები. არ გვინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ხალხმრავალი წვეულებები. წელს ვიყოთ ბევრად მოკრძალებული. იმიტომ რომ საქმე სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს - პანდემიაა! ხაზს ვუსვამ, არის სტაბილიზაცია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება, 2-3 დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ მოხდა იგივე რაც „შავ პარასკევს“ იყო. ამიტომ თხოვნაა, წლევანდელი შობა-ახალი წელი მოკრძალებულად უნდა გადავიტანოთ", - განცხადა გამყრელიძემ.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც სახლები დაუნგრიეს, გამგეობა დაეხმარება
სამგორის რაიონის გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა - ამის შესახებ სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განაცხადა. კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ. "კონკრეტულად, ვისაც დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. განაცხადის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. ვინც სოციალურად შეჭირვებულია და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება ინიდივიდუალურად შემოაქვს განცხადება, ამ განცხადების საფუძველზე ვიწყებთ განხილვას. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის სამგორის რაიონში. უნდა იყოს სამგორის მცხოვრები, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ არ არის სამგორში ჩაწერილი, სხვაგან ხომ იქნება ჩაწერილი", - განაცხადა კახა სამხარაძემ.
დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით - კელი დეგნანი
„დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა. ელჩმა აღნიშნა, რომ ქართველი ჯარისკაცები ამაყად დგანან შეერთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში. "დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას. მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა ვალდებულებისადმი, რომ ეს ვეტერანები არ უნდა იქნენ მივიწყებული და რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ მათი სატარებელი არ არის. ეს დინამიური წამოწყებები ქართველ ხალხსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს უჩვენებს, რომ მათი მსახურება, ვინც ქვეყანას ემსახურა ერთობლივი პასუხისმგებლობაა" - ელჩი დეგნანი
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა
საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი დარეგისტრირდა. პარლამენტის ადამიანი უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, კანონპროექტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან იმ პირთა განთავისუფლებას ითვალისწინებს, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. მისივე განმარტებით, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. „ამნისტიის წარმოდგენილი ინიციატივა გულისხმობს რამდენიმე პრინციპულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც: 1. იმ დანაშაულების შემთხვევაში, რომელიც მითითებულია კანონპროექტში და, რომელიც დაკავშირებულია დაზარალებულისთვის ქონებრივი ზიანის მიყენებასთან, ასეთ შემთხვევაში სასჯელისგან განთავისუფლებისთვის სავალდებულო წინაპირობა იქნება ზიანის ანაზღაურება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - დაზარალებულის თანხმობა; 2. ცალკეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია წინაპირობად ასევე ნასამართლობის არქონა. 3. გათვალისწინებულია აგრეთვე ხანდაზმული, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე შეფარდებული სისხლის სამართლის ჯარიმისგან პირთა გათავისუფლება. წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამ საკანონმდებლო პროექტის ინიცირებით, ჩვენ ვხსნით კონსულტაციებს დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის მიმდინარეობის პროცესშიც შესაძლებელი იქნება განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა მისაღები კანონის საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად“, - აღნიშნა სარჯველაძემ. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ინიციატივა ასევე ეხება ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა და იმ ადამიანებს, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. „საგანგებოდ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ჩვენ არ დაგვიწყებია ის ადამიანები, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა და რომლებიც 15, 20 და ზოგიერთი მათგანი 25 წელია, რაც სასჯელს იხდის საპატიმროებში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა (და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღეისათვის ასეთი სამი პირი იხდის სასჯელს საქართველოს საპატიმროებში), სასჯელის სახე გარდაექმნათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად, რომელიც განისაზღვრება 20 წლით და ამის შემდგომ მათ ექნებათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გაუმჯობესებული, შედარებით შეღავათიანი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა. რაც შეეხება სხვა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს, რომელთაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლები აღკვეთა, მათთან მიმართებაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა სასჯელის შეცვლის, შემსუბუქების საკმაოდ არამკაფიო დებულებებს შეიცავს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს აგრეთვე უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას. ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით. რასაკვირველია, ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება დაზარალებული მხარის უფლებებიც. კანონპროექტთან დაკავშირებით ოფიციალური პროცედურები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მას იხილავს საზოგადოება. როგორც აღინიშნა, ეს ინიციატივა წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად. დიდი იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების პროცესში შევძლებთ, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული საზოგადოების უსაფრთხოებისა თუ სისხლის სამართლის პოლიტიკის სხვა მნიშვნელოვანი პრინციპები, რათა ამით შესაძლებელი გახდეს, რომ შევძლოთ სისხლის სამართლის ასევე ფუნდამენტური პრინციპის – ჰუმანიზმის აქტის განხორციელება ამ გზით, როგორც ეს წარმოდგენილია განსახილველი კანონპროექტით“, – განაცხადა სარჯველაძემ, რომლის განმარტებითაც, ამნისტიის კანონპროექტი სავარუდოდ, ასეულობით პატიმარს შეეხება.
არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით - ირანის პრეზიდენტი
არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰასან როუჰანის თქმით, აშშ-ში ყველაზე ურჩი და კანონის დამრღვევი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც მორალურ და ადამიანურ პრინციპებს მოკლებულია. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ამერიკელი ხალხის ხმა არის ხელშეკრულების ერთგულება და არა ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხის ნება შესრულდება. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, - აღნიშნა როუჰანმა. როგორც ცნობილია, ირანი აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა 2018 წლიდან, როდესაც ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეთანხმებაში დაბრუნდება და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი შეასრულებს მის პირობებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.
მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას - კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას არ გეგმავს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე. მან ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია, რომ დრო იწურება და წარმატების მისაღწევად, მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებაა საჭირო. "გუშინდელი საუბრის შემდეგ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მანდატებზე უარის თქმაზე დრო იწურება. ჩვენ შევდივართ პროცესში, რომელსაც მივყავართ გარკვეულ ლოგიკამდე, თუ რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს იმას, რომ მივდივართ თამაშის დასრულებამდე. ვაგრძელებთ ძალისხმევას სხვადასხვა მხარესთან მოლაპარაკებებზე, ვნახოთ თუ მივალთ შეთანხმებამდე. მე მჯერა, რომ საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელსაც შეუძლია ფუნქციონირება და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. იქნება ეს კოვიდ 19-ის საკითხი თუ სხვა. ბევრი სიახლე არ მაქვს. მე არ დავიწყებ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას. თითოეული მათგანი თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ახლა ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. გუშინ "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრის თემა იყო დიალოგი და შემდეგი ნაბიჯები. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის იქნება შესაძლო მეხუთე რაუნდი. იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ, მე ვისურვებდი, რომ მენახა მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება. მე არ ვფიქრობ, რომ საკითხი დახურულია. ჩვენ გვჯერა რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
„სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება
ცნობილია „სისხლის სამართლის კოდექსის“ ის კონკრეტული მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხება. კერძოდ, “ამნისტიის შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 2201 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული. - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; - უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს. ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს
"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს. „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, პარლამენტში პოლიტიკის კეთებისთვის სივრცე არ დატოვა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს ნაბიჯი გადავდგათ იმის იმედით, რომ იქნებ ვიღაცას გონება გაუნათდეს და ერთი მილიონი ადამიანის არჩევანი ჰაერში არ დატოვოს. თუ შეთანხმება შედგება, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, პარლამენტში დაბრუნება არ არის თვითმიზანი, მთავარია, სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის და დღეს, იმ რეალობაში, რაც „ქართულმა ოცნება“ შექმნა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა. რა თქმა უნდა, ბრძოლას გავაგრძელებთ, ჩვენ მანდატებისთვის არ ვიბრძოდით, ჩვენ ვიბრძოდით უკეთესი საქართველოს იდეისთვის“, - განაცხადა პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ. იგივე განაცხადით უკვე მიმართეს პარლამენტს მოძრაობის "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრებმა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს წარედგინება, რომელიც დაუყოვნებლივ გადასცემს მას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თავის მხრივ, კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს რვა და არაუგვიანეს 15 დღისა, ამზადებს შესაბამის დასკვნას. ამასთან, პროცედურით, პარლამენტის წევრს უფლება აქვს, უფლებამოსილების მოხსნის შესახებ განცხადება გამოითხოვოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში და განაგრძოს თავისი უფლებამოსილების განხორციელება.
ღია სივრცეში, პირბადის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა 20 ლარი იქნება
პანდემიის დროს, ღია სივრცეში, პირბადის წესის დარღვევისთვის, ჯარიმა 20 ლარი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ აისახება, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინა. პირბადის ტარების წესს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო დაადგენს. მოქმედი კანონი, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის წესის დარღვევაზე ითვალისწინებს.
FDA-მ სახლის პირობებში გასაკეთებელი Covid-19-ის ტესტი დაამტკიცა
აშშ-ის მარეგულირებლების გადაწყვეტილებით, ბაზარზე კორონავირუსის ტესტი გამოჩნდება, რომელიც საშუალებას მისცეს ნებისმიერ ადამიანს COVID19-ის ტესტი ჩაიტაროს სახლის პირობებში - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. კორონავირუსის ახალი ტესტი ნესტოების ნაცხიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალას შეამოწმებს ვირუსის ცილებზე და ტესტის შედეგებს მომხმარებელს 15 წუთში ამცნობს. სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა საკმაოდ მწვავე კრიტიკა, რომელიც მოუწოდება FDA-ს, რაც შეიძლება მალე დაემტკიცებინათ სახლის პირობებში გასაკეთებელი ტესტები. აღმოსავლეთ ბრიზბენში დაფუძნებული კომპანიის, Ellume-ის ტესტი, საწყის ეტაპზე შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება, მისი ფასი 30 დოლარი იქნება და აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცემა. FDA კომისარმა სტივენ ჰანმა, სამშაბათს პროდუქტის ავტორიზაციას უწოდა Covid19-ის დიაგნოსტიკური ტესტირების მნიშვნელოვანი ნაბიჯი". მიუხედავად იმისა, რომ Ellume-ს პროდუქტი არ არის ისეთივე ზუსტი, როგორც ლაბორატორიული ტესტი, „ის ფაქტი, რომ ის შეიძლება გამოვიყენოთ სახლში და სწრაფად დააბრუნოს შედეგი, ნიშნავს, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პანდემიის საპასუხოდ“, - განაცხადა FDA-ს კომისარმა.
მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა
81 წლის ასაკში, მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა. რუსლან მიქაბერიძე საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო. სხვადასხვა წლებში, მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში მუშაობდა. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს მრავალი კინოროლი. მას ასევე გამოცემული აქვს რამდენიმე პოეტური კრებული.
მომხარებლების მონაცემების უნებართვო შეგროვებისთვის ავსტრალია Facebook-ს უჩივის
მომხმარებლების მონაცემების უნებართვოდ შენახვის გამო, ავსტრალიის მარეგულირებლები Facebook-ის დაჯარიმებას მოითხოვენ. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ავსტრალიის კონკურენციისა და მომხმარებელთა კომისიის თქმით, ისინი ითხოვენ სოციალური მედიის გიგანტისგან კომპენსაციას, რადგან Facebook-ი საკუთარ კომპანიას ასაღებს როგორც უსაფრთხო ვირტუალურ პლატფორმას, სინამდვილეში კი, მოქალაქეების მონაცემებს უნებართვოდ ინახავს“. facebook-ისთვის მსგავსი ბრალდება უცხო არ არის. გასულ წელს კომპანიას მსგავსი პრობლემა აშშ-ის მარეგულირებლებთანაც ჰქონდა. მაშინ საქმის განხილვა სენატამდეც კი მივიდა. კომპანიის სპიკერის თქმით, კომპანია „განიხილავს ACCC - ის (ავსტრალიის კონკურენციის სააგენტო) საჩივრებს და განაგრძობს საკუთარი პოზიციის დაცვას“. ავსტრალიას Facebook-ის გარდა, Google-თან აქვს სადავო საქმეები, რომელიც ასევე დაკავშირებულია მომხმარებლების მონაცმების „არასწორი“ გზით შენახვასთან. აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის სარჩელისგან განსხვავებით, ავსტრალიის სარჩელმა შესაძლოა, კომპანია აიძულოს მომხარებლებთან კომუნიკაციის პრინციპები შეცვალოს.
ქუთაისში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა
ქუთაისში კოვიდინფექციით ექიმი გარდაიცვალა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უროლოგად მუშაობდა. ის COVID-19-ით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. მისი კოლეგების ცნობით, ესაკიას თანმდევი დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. ბოლო კვირების განმავლობაში ქუთაისში, Сovid-19-ის დიაგნოზით რამდენიმე ექიმი გარდაიცვალა.
რას ითვალისწინებს რეზოლუცია, რომელსაც პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ მიიღებს
მეათე მოწვევის პარლამენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ 14-პუნქტიან რეზოლუციას მიიღებს, რომელიც ბიუროს, სავარაუდოდ, 21 დეკემბრის სხდომაზე წარედგინება. პარლამენტი შემდეგი შინაარსის რეზოლუციის მიღებას აპირებს. “საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს; ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით; ხელმძღვანელობს საქართველოს მოსახლეობის ნებით და საგარეო-პოლიტიკური კურსით, რომელიც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით; ითვალისწინებს რა “საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ 2013 წლის 7 მარტის და „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ 2016 წლის 29 დეკემბრის საქართველოს პარლამენტის ერთხმად მიღებულ რეზოლუციებში ასახულ ძირითად მიდგომებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა; აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს და ეწინააღმდეგება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფას; აღიარებს რა დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებებად; აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს: 1) საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. 2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, გააგრძელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ნატოსთან თავსებადობის სრულყოფას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად. 3) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების და დღის წესრიგის დროულ და ქმედით განხორციელებას და საქართველოს ევროკავშირთან თანმიმდევრულ ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობაზე. ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პლატფორმას თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. საქართველო, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, განამტკიცებს ტრადიციულ მეგობარ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნებთან - პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისათვის ზრუნვას. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გამოყენება და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა, აგრეთვე ევროპასთან კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაფართოება. 4) საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა, თავდაცვისა და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება და საქართველოში ამერიკული ინვესტიციის მოზიდვა. 5) ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, მეზობლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველო მიისწრაფვის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია თურქეთთან და აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე რუმინეთთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება. 6) საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია, ოკუპირებული რეგიონების ე.წ „დამოუკიდებლობის“ აღიარების უკან გაწვევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობა და რუსეთიდან მომდინარე კონვენციური და ჰიბრიდული საფრთხეების მინიმუმამდე შემცირება. 7) საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და კორეასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. 8) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას. 9) საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. 10) საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას. 11) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას. 12) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას. 13) საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით. 14) საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.
დიდ ბრიტანეთში 140 000-მდე ადამიანი Covid-19-ის ვაქცინით აიცრა
აცრების დაწყებიდან პირველ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 140,000-მდე ბირტანელი აიცრა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს. ვაქცინის საკითხებში მინისტრმა, ნადიმ ზაჰავმა განაცხადა, რომ ინგლისში 108,000 ადამიანს გაუკეთდა ვაქცინა, შოტლანდიაში -18,000, უელსში - 7,897 და ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 4,000 ადამიანი აიცრა. ჯამში, შვიდი დღის განმავლობაში, 137 897 ადამიანი აიცრა. ვაქცინაციის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 50 საავადმყოფოში დაიწყო და მომავალი კვირიდან ოჯახის ექიმებსა და მოხუცთა თავშესაფრებსაც დაურიგდება. დიდი ბრიტანეთს მარაგში აქვს 357 მილიონი დოზა.შვიდ მომწოდებელ კომპანიასთან, მათ შორის Pfizer-BioNTech-თან თანამშრომლობს და რამდენიმე კომპანიისგან მოწოდებული ინექციის კომბინირებულად გამოყენებას გეგმავს.
საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი ჰყავს
საპენსიო სააგენტოს დირექტორად გიორგი დანელია დაინიშნა. სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. სააგენტოს ცნობით, გიორგი დანელია ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ფლობს. ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით მაგისტრის წოდება მიიღო მაგდებურგის უნივერსიტეტში. აქვს, საფინანსო სექტორში საინვესტიციო პროექტების მართვის რვაწლიანი სამუშაო გამოცდილება. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, „საპარტნიორო ფონდში“ მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე მათ შორის: საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორად და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ საინვესტიციო მიმართულებით. საინვესტიციო დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში, ორ მილიარდ დოლარზე დიდი პორტფელის მართვის გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე სს მუშაობდა, საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაიში“ რეპორტინგის ოფიცერის და საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. გიორგი დანელია დღესაც ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის CFA ინსტიტუციის მონაწილე, ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტში. „ მე დღეს შემოვუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და ჩვენი ამოცანაა სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. საპენსიო სქემა მოგეხსენებათ, რომ არის გრძელვადიანი დივიდენდი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მან მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, - აცხადებს გიორგი დანელია. 2020 წლის 10 აგვისტოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობის სურვილი 88 კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რეზიუმეები შეფასდა და მიღებული რეზიუმეებიდან, ვაკანსიით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭომ 5 კანდიდატი შეარჩია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ, არჩევანი გიორგი დანელიაზე შეჩერდა და 15 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს დირექტორად 5 წლის ვადით ოფიციალურად დაინიშნა.